✝ წმინდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული ქალკედონელი
16 (29) სექტემბერი / 11 (24) ივლისი
ქრისტეს ეკლესიას ბევრი ადრეული ქრისტიანი მოწამე ჰყავს, მათგან რამდენიმე მათგანი გამორჩეულია და მათ შორის პირველ ადგილზეა წმინდა დიდმოწამე ევფემია, რომელიც გარდა სიცოცხლეში მოწამეობისა, ღმერთმა ღირს-ყო, რომ სიკვდილის შემდეგაც კიდევ ერთხელ საჯაროდ დაემოწმებია და ეღიარებია მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდე და ჭეშმარიტება იმ სასწაულით, რომლითაც ბოლო მოუღო მონოფიზიტთა მძვინვარებას და მრავალი განამტკიცა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა. ამ ქალაქში წარმართული ღმერთის – არესის ტაძარი იყო აღმართული, სადაც მისივე კერპი დაებრძანებინათ. პროკონსულმა განიზრახა, არესის პატივსაცემად დღესასწაული გაემართა და მეფის სახელით გარეშემო სოფელ-ქალაქებში ბრძანებები დააგზავნა და ყველას ავალდებულებდა ქალკედონში წარმართულ დღესასწაულზე სამსხვერპლო ცხოველები მიეყვანა ბრძანების გამოცემიდან მეცხრე დღეს და არესისათვის მსხვერპლად შეეწირა. პროკონსული საზარელ ტანჯვა-წამებას უქადდა იმათ, ვინც არ დაემორჩილებოდა.
ამ დღეს ქალკედონს უამრავი ხალხი მიაწყდა და საზეიმო რიტუალიც დაიწყო. უსულო კერპთან ურიცხვი ხარი და ცხვარი მოასხეს და მსხვერპლად დაუკლეს არესის ქანდაკებაში ჩაბუდებულ დემონს.
იმ არემარეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა, ამ საზარელ აქტში მონაწილეობაზე უარი თქვეს და მათი მოძულე, სასტიკი კონსულის რისხვისაგან თავის ასარიდებლად იქაურობას გაერიდნენ, საიდუმლო ადგილებში იკრიბებოდენ სალოცავად.
როდესაც პროკონსულის ბრძანებით იწყეს მოძიება დღესასწაულისა და მსხვერპლშეწირვის უგულვებელმყოფელთა, აღმოჩნდა, რომ ასეთები მხოლოდ ქრისტიანები იყვნენ, რადგან დემონისათვის ღვთაებრივი პატივის მიგებას მკრეხელობად თვლიდნენ. ქრისტიანთა ურჩობით გაცოფებულმა პროკონსულმა მათი პოვნა ბრძანა.
ერთ-ერთ ასეთ ადგილას ორმოცდაცხრა ქრისტიანს შეეფარებინა თავი და ლოცულობდა, მათ შორის გახლდათ კეთილმსახური მშობლების – სენატორ ფილოფრონესა და თეოდოსიას ასული, ულამაზესი და ღვთისმოსავი ქალწული ეფემია. მმართველმა მათი შეპყრობა და სამსჯავროზე წარდგენა ბრძანა, და როდესაც იარაღასხმული მცველები ქრისტეს პირმეტყველი სამწყსოს დასარბევად გაეშურნენ, სახლს ალყა შემოარტყეს, რომ არავინ გაქცეოდათ, კარი შეამტვრიეს, და სათითაოდ გამოითრიეს ქრისტიანები, შემდეგ კი დამცირებულნი და აბუჩად აგდებულნი მიჰგვარეს მბრძანებელს. ისინი კი მორჩილ ცხოვართა მსგავსად წარუდგნენ მმართველს და ქრისტეს გულისთვის სისხლის დასათხევად მზად იყვნენ.
სამსჯავროზზე მმართველმა იკითხა: – ეს თქვენა ხართ, მეფისა და ჩვენს ბრძანებას რომ ეწინააღმდეგებით, რითაც დიდი ღმერთის – არესის პატივსაცემად აღსრულებულ მსხვერპლშეწირვას შეურაცხყოფთ? – მეფისა და შენი ბრძანების მორჩილად აღსრულება, თუ იგი ზეციურ ხელმწიფეს არ ეწინააღმდეგება, უყოყმანოდ გვმართებს, თუ იმას გვიბრძანებდნენ, რაც ჩვენთვის ნებადართულია, მაშინ დაგყვებოდით და ვიტყოდით: "მიეცით კეისარსა კეისრისაი და ღმრთისაი ღმერთსა" (მთ. 22,21), ხოლო რადგან ღვთის საწინააღმდეგოს გვიბრძანებ, ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად ქმნილის თაყვანისცემას გვთხოვ და ეშმაკისათვის მსხვერპლშეწირვას გვაიძულებ, ურჩობა კი არა, წინააღმდეგობაც გვმართებს. თქვენს ბრძანებას ვერ დავმორჩილდებით, ჩვენ ხომ ცათა შინა მყოფი ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებად ვიწოდებითო. პროკონსულმა ჯერ ცბიერებით სცადა მათი მოხიბლვა – უხვი ძღვენი და პატივი შესთავაზა და ამით სურდა ჭეშმარიტი გზიდან მათი განდრეკა და სულის წარმწყმედ კერპთაყვანისმცემლობაში შთაგდება, შემდეგ კი საშინელი სასჯელითაც ემუქრებოდა. ქრისტიანებმა კი ამაზე მიუგეს: ეგ დაპირებული ნიჭები და პატივი დიდი ხანია მოგვიძულებია და ზეციური სიკეთენი მოგვიხვეჭია, რადგან ყოველივე მიწიერი დროსა და ცვალებას ექვემდებარება, ზეციური კი მარადიული და უცვლელია. შენი დანაპირები ტანჯვა-წამება კი ვერ გვაშინებს, რადგან გვსურს დავითმინოთ, რათა ჩვენს შორის განცხადდეს ღვთის ძალა, რითაც თქვენი საძაგელი ღმერთების უსუსურობას შეიტყობთ და სირცხვილეულ იქნებით.
მაშინ გულბოროტმა პროკონსულმა მათი წამება ბრძანა… და გარდა წყურვილისა და შიმშილისა, ყოველდღიურად ახალ და უფრო მძიმე სატანჯველს შეამთხვევდნენ, რასაც წმინდანები 19 დღე დაითმენდნენ. მათ შორის იყო წმინდა ქალწული ეფემიაც, სრულიად ნორჩი და მშვენიერი, რომელსაც დანარჩენნი განამხნევებდნენ: ქალწულო, ზეციური სიძისათვის იღვაწე, რომ ვნებანი დაითმინო, და მას სათნო-ეყო, რათა გონიერი ქალწულების მსგავსად შეხვდე.
მეოცე დღეს სამსჯავროზე წარდგომილ ქრისტეანებს პროკონსულმა უთხრა: – იქნებ ტანჯვამ გონს მოგაგოთ და ჩემს ბრძანებას დაემორჩილოთო, რაზეც მათ მიუგეს: პროკონსულო, იმედი ნუ გექნება, რომ ჭეშმარტების ღალატს გვაიძულებ, დედამიწაზე – მთათა, ცაში კი – ვარსკვლავთა გადანაცვლება უფრო შესაძლებელია, ვიდრე – უფლისაგან ჩვენი განდგომაო. ქრისტიანთა სიმტკიცით გაცოფებულმა პროკონსულმა მათი ხანგრძლივი გვემა ბრძანა, და როდესაც სახეში ცემით მიზანს რომ ვერ მიაღწია, მათი მეფე დიოკლეტიანესთან წარგზავნა გადაწყვიტა, და მანამდე დილეგში ჩამწყვდევა მიუსაჯა.
მოწამეები რომ გაჰყავდათ, პროკონსულმა მათ შორის ეფემიას მოჰკრა თვალი. ვარსკვლავებშემორტყმული მთვარესავით ანათებდა მარტვილებს შორის მისი ნორჩი, უმშვენიერესი სახე. მგელი რომ ცხვარს გამოსტაცებს ფარას, ისე გამოჰგლიჯა მტარვალმა იგი ქრისტეს სამწყსოს. ქალწულმა ცისკენ აღაპყრო ხელები და ღმერთს შესთხოვა: არ დამიტევო, ჩემო საყვარელო სიძევ, იესო ქრისტე, შენ გესავ. მხეცებს ნუ მიუგდებ ჩემს სულს. შენ შეგიყვარა ჩემმა სულმა, შენი წმინდა სახელი აღიარა. ნუ გაახარებ მასზე მტერს, განმამტკიცე შენი უძლური მხევალი, რომ უსჯულოებაში არ ჩავვარდეო.
რა ხერხი აღარ იხმარა მტარვალმა, ეფემია რომ გადაებირებინა. ალერსიანად ესაუბრებოდა, საჩუქრებს ჩუქნიდა, ათასგვარ სიკეთეს პირდებოდა მისი ქალწულებრივი გულის მოსანადირებლად, მაგრამ ვერაფერს გახდა. ეფემია მტკიცედ იდგა თავისაზე: `ქრისტეანთა მტარვალო და სისხლისმსმელო, ნუ გეგონება, რომ შენი ცბიერი სიტყვით ჩემს ცთუნებას, და უწმინდურების წყვდიადს მაზიარებ. ქალი კი ვარ, სხეულით – უძლური, მაგრამ გული მაინც შენზე მტკიცე მაქვს, რადგან ჩემი რწმენა შენს უწმინდურებასა და ცბიერებას აღემატება. თანაც, ჩემმა ღმერთმა იმაზე მეტი გონება მომმადლა, ვიდრე თქვენს წარმართ, მჭევრმეტყველ ორატორთ, თავი ბრძენნი რომ ჰქონიათ, თუმცა სიბრიყვითა და უმეცრებით ყოველ სულდგმულს აღემატებით, რადგან ეშმაკის გამღმერთებელთ ჭეშმარიტი ღმერთი ვერ შეგიცვნიათ, ამიტომაც ვერ მაცთუნებ, როგორც უწინ ევა აცთუნა გველმა. წუთისოფელს, რომელიც ასერიგ მწარეა ჩემთვის, სიამოვნებით დავთმობდი ქრისტესთვის… რაოდენ დიდიც უნდა იყოს შენი შემოტევა, მაინც გავიმარჯვებ, „რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების…" (2 კორ. 12, 9). ვსასოებ, რომ ქრისტე შემეწევა და არ დამიტევებს, ვიდრე ასპიტის შხამიან და ამპარტავან თავს დედაკაცის ფეხით არ გათელავს…~
ქალწულის კადნიერი და პირდაპირი პასუხით უარესად განრისხებულმა და შეურაცხყოფილმა პროკონსულმა ფარისევლობას თავი ანება და გაშმაგებულმა ბორბლის მომზადება, ზედ უამრავი ლესული დანის მიმაგრება, და ეფემიას მასზე მიბმა ბრძანა. ნეტარმა ქალწულმა ჯვრის ნიში გამოისახა, და როდესაც დატრიალებული ბორბალი მის სხეულს ფლეთდა, იგი გულში უფალს ევედრებოდა: უფალო, იესო ქრისტე, წყაროო სიცოცხლისა და ნათელო სულისა ჩემისა, შენდა მსასოებელთა და მვედრებელთათვის ხსნის მომნიჭებელო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე, რომ ყოველმა იხილოს, რომ შენ ხარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და სასო შენდა მსასოებელთა, „რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა" (ფს. 90,9). ბორბალი მეყსეულად გაჩერდა, ხოლო პროკონსულის ხელქვეითნი კი – მოცელილებივით დაეცნენ, რადგან ზეცით ღვთის ანგელოსი გარდამოხდა, ღერძი დალეწა, ქალწული გაათავისუფლა და წყლულნი გაუმრთელა… წმიდა ეფემია საღსალამათი ჩამოვიდა ბორბლიდან, ღმერთს მადლობა შესწირა და მისი ყოვლისშემძლე ძალა განადიდა.
ამ უდიდესმა სასწაულმა პროკონსული და ყველა იქ მყოფნი ფრიად გააოცა, თუმცა, სადაც ბოროტება სულიერ თვალებს აბრმავებს, იქ არც ასეთ დიდ სასწაულს ძალუძს აუხილოს თვალი. სულიერად ბრმებმა ვერ შეუძლეს, გულისხმა-ეყოთ ჭეშმარიტი ღვთის ძლიერება: „სმენით გესმასყე და არა გულისხმა-ჰყოთ, და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქა გული ერისა ამის". და ჯადოქრობას მიაწერეს ეს საოცარი სასწაული.
შემდეგ პროკონსულმა დიდ ღუმელში ცეცხლი დაანთებინა და შიგ ეფემიას შეგდება ბრძანა, მან კი ნივთიერ ცეცხლს – უფლისადმი სიყვარულის ცეცხლი დაუპირისპირა და ღაღადებდა: „წმინდა არს ღმერთი დამკიდრებული მაღალთა შინა და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის (ეს. 33,5; ფს. 137,6)". იგი მხურვალედ ევედრა შემოქმედს: „ვითარცა სამნი ბაბილონელნი ყრმანი უწმინდესი სჯულის ერთგულებისთვის ცეცხლისაგან ანგელოსის მიერ დაიფარე და ზეციური ცვარით დანამე, ეგრეთვე მეც შემეწიე, შენს მხევალს, რადგან მეც შენს განსადიდებლად ცეცხლში უნდა ვევნო, უფალო!. ლოცვა დაასრულა თუ არა, პირჯვარი გადაისახა, თითქოს იარაღი აისხაო და მშვიდად ელოდა ცეცხლში შეგდებას. მოწამეს ორი მეომარი მიუახლოვდა – ვიქტორი და სოსთენი, რადგან პროკონსულის ბრძანების აღსრულება მათ ჰქონდათ დავალებული. ღუმელთან მისულებმა ცეცხლში ღვთის ანგელოზები იხილეს. ისინი ალს ანელებდნენ და მეომრებს ქრისტეს სასძლოსთან მიკარებას უკრძალავდნენ.
ამ სასწაულის ხილვამ ნაბრძანების შესრულება გადააფიქრებინა მხედრებს. მათ განკარგულების აღსრულებაზე უარი განაცხადეს, ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს და უთხრეს პროკონსულის: ჩვენ ვერ გავბედავთ, უწმინდური ხელები შევახოთ ამ წმიდა ქალწულს და ცეცხლში ჩავაგდოთ, რადგან ისეთი საოცარი სასწაული ვიხილეთ, შენ რომ არ გიხილავს და გვიჯობს შენი მრისხანება დავიტეხოთ თავს, თუნდ სიკვდილით დაგვსაჯო, ვიდრე იმ ნათელშემოსილ კაცებს აღვუდგეთ წინ, ცეცხლის ალიდან რომ გვემუქრებიანო.
განრისხებულმა მტარვალმა გაბედული აღმსარებლები დილეგში ჩააყრევინა და ეფემია ორ სხვა მეომარს – კესარსა და ვარიუსს ჩააგდებია ღუმელში, საიდანაც იმწამსვე ძლიერი ალი გამოვარდა, ეცა მათ და ნაცარტუტად აქცია. ცეცხლმა სხვა მსახურებიც გააქცია. წმინდანი კი თითქოს განათებულ დარბაზში გრილი ნამით იცვარებაო, უვნებელად იდგა და სამი ყრმის საგალობელს გალობდა: „კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა", და სასწაულიც აღსრულდა. ალი არ შეხებია მარტვილს, მის სამოსსაც კი არ მოსდებია, რადგან თავად უხრწნელი სასიძო, უფალი იესო ქრისტე შევიდა ღუმელში იდუმალ და ციური ნამი უწვიმა ქალწულს, რის შემდეგაც ღუმელი ჩაქრა, და წმიდანი სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან. მტარვალმა აღარ იცოდა, რა ეღონა: „ღამით მოვიფიქრებ, რა ვუყო ამ გრძნეულსო", – თქვა და საპყრობილეში ჩააგდო. შემდეგ კი ვიქტორი და სოსთენი მოაყვანინა და რისხვა დაატეხა თავს: მოგკლავთ, თუკი კერპებს არ სცემთ თაყვანსო. – აქამდე ვცდებოდით, არ ვუწყოდით ჭეშმარიტება! – მიუგეს მხედრებმა. – აწ კი ერთი ღმერთი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი შეგვიცვნია. მისი გვწამს და მას ვცემთ თაყვანს. ადრე შენს ღმერთებს მივაგებდით პატივს, არ კი ვუწყოდით, რომ დემონი გვხიბლავდა, ამიერიდან კი უკვე აღარ მოვუყრით მუხლს. შენს ხელშია ჩვენი ხორცი, ხოლო სული კი ღვთის საფარველქვეშაა დაფარული, და რაც გინდა, ის გვიყავიო.
მაშინ მტარვალმა ბრძანა, მხეცებისათვის მიეგდოთ მხედრები დასაგლეჯად. სასიკვდილოდ მიმავალი წმიდანები ღმერთს მხურვალედ ევედრებოდნენ, შეგვიწყალე და მოგვიტევე უმეცრებისას ჩადენილი ცოდვები, და წმიდანებთან დაამკვიდრე ჩვენი სულებიო. უფალმა მათი წრფელი ლოცვა შეისმინა და ციდან მყისვე ღვთაებრივი ხმა მოესმათ, განსასვენებლად რომ უხმობდა ქრისტეს მხედრებს. წმინდა ვიქტორმა და სოსთენმა სიხარულით მიაბარეს ღმერთს თავიანთი სულები. ისე, რომ ნადირები არც კი მიკარებიან მათ სხეულებს. მორწმუნეებმა ჩუმად დაკრძალეს ისინი (+დაახლ. 304). მათი ხსენებაც წმინდა ეფემიას ხსენების დღესაა.
საპყრობილეში ჩაგდებული ეფემია კი ღაღადებდა: „ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა. სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულნი მისნი?" (ფს. 105, 2), რამეთუ მხევალი შენი ღვაწლსა შინა განმაძლიერე, ბორბლიდან უვნებლად გადმომიყვანე მახვილთაგან დამიცევ, ცეცხლსა განმარინე, აწ კი, უფალო, იხსენ სული ჩემი მტერთაგან. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო (ფს. 24,7), არამედ ჩემთვის დაღვრილი შენი უწმინდესი სისხლით განმწმინდე".
მეორე დღეს პროკონსული სამსჯავროზე დაჯდა და წმინდანი მოაყვანინა. გზად იგი ღაღადებდა: „ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ", განგადიდო, შენ, უფალო, ძალო ჩემო! ერთა შორის აღგიარო შენ და ვადიდო შენი სახელი, რამეთუ შენ მხოლო ხარ ჭეშმარიტი ღმერთი და `არა არს სხვაY ღმერთი შენსა გარეშე~.
დიდი დრო შეალია პროკონსულმა წმიდა ეფემიას გამოცდას, მაგრამ ვერასგზით ვერ მოტეხა, ვერ აიძულა, მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის. როცა დარწმუნდა, რომ ვერ მოდრიკა მარტვილის ნება, ბრძანა, ჩამოკიდეთ და ხორცი ალესილი დანებით დაუგლიჯეთო. ამ სატანჯველსაც უვნებლად გადაურჩა ღვთაებრივი ძალით მოსილი ეფემია. მტანჯველებმა ღრმა თხრილი ამოთხარეს, წყლით აავსეს და შიგ ურიცხვი გველი, იქედნე, შხამიანი ქვეწარმავალი, მიწისა თუ წყლის ყველანაირი ქვემძრომი გაუშვეს. მტარვალმა ბრძანა, შიგ ჩაეგდოთ მოწამე. ქალწულმა პირჯვარი გადაისახა და წარმოთქვა: `ნათელო ჩემო, იესო ქრისტე! როგორც იონა დაიფარე ვეშაპის მუცელში, და დანიელი განარიდე ლომის კბილებს, მეც განმარინე ამ სატანჯველს შენი ძლიერი ხელით, რათა ჩემ მიერ განდიდდეს სახელი შენი. ლოცვა დაასრულა თუ არა ქალწულმა, თხრილში თავად ჩახტა. გველები და ქვეწარმავლები მიუახლოვდნენ, მაგრამ არაფერი ავნეს და უვნებლად ამოვიდა.
უღონოქმნილი მტარვალი გონს ვეღარ მოგებულიყო, რაღა ექნა, არ იცოდა, მაგრამ ფარხმალს არ ყრიდა, სურდა, როგორმე მოეკლა ქალწული. იფიქრა, მისი გრძნეულება ეგებ მხოლოდ განცხადებულ საფრთხეებს სძლევს, დამალულ ხაფანგს კი ვეღარ დააღწევს თავსო. ორმოში პირაღმა ჩააწყობინა ალესილი მახვილები, შუბები და დანები, ზემოდან კი ფიჩხი და მიწა მოაყრევინა. მოაყვანინა ეფემია და ხაფანგზე გავლა უბრძანა, მაგრამ იგი მახეზე გადაფრენილი ჩიტივით გადაევლო თხრილს. ხაფანგმა წმიდანს ვერაფერი ავნო, რამდენიმე წარმართი კი იმსხვერპლა. სირცხვილნაჭამ მტარვალს წმიდა წერილის სიტყვები აუხდა: „ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა".
პროკონსული ქალწულის ტკბილი სიტყვით დაყოლიებას კვლავ შეეცადა: – შენს წარმომავლობას ნუ უგულებელ-ყოფ, და ასე ნორჩი თავს სასიკვდილოდ ნუ გასწირავ, თაყვანი ეც დიდ არესსა და კვლავ პატივდებული, ხოტბაშესხმული და მდიდარი შეიქმნებიო! ამას და კიდევ მრავალ ამგვარს ეტყოდა ეფემიას მტარვალი, რის პასუხადაც წმინდანისგან ღიმილს და დაცინვას იღებდა…
მაშინ პროკონსულმა კვლავ მისი წამება ინება და ხელქვეითებს ჯერ ქალწულის ჯოხებით ცემა ბრძანა, შემდეგ კი – მისი გადახერხვა, მაგრამ ხერხმა მის უბიწო სხეულს ვერა ავნო. ვერც გახურებულმა ტაფამ დაწვა, რადგან ქრისტეს სასძლოს უფლის ანგელოსები იცავდნენ. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, იგი ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმინდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, ამა სოფლიდან გაეყვანა. მასზე ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და „კაცობრივ კუალთა მისთა ამბორს – უყოფდეს".
მხოლოდ ერთმა დათვმა გაბედა, ფეხზე ეკბინა, რის შედეგადაც ქალწულს მცირე წყლული დააჩნია და სული განუტევა. ზეგარდამო კი გაისმა: `აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწეო, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი~. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმინდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაკრძალეს. მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ კონსტანტინე დიდმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტის, რომლითაც ქრისტიანობას ისეთივე თავისუფლება მიანიჭა, როგორც სხვა რელიგიებს, ხოლო როდესაც ქრისტიანობა რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი ააგეს, რომელიც ქალკედონის მიტროპოლიტის საკათედრო ტაძრად აკურთხეს. ამ ტაძარში იყო დასვენებული წმინდა ეფემიას უხრწნელი ნეშტი, რომლის მიერაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა – მისი ხსენების დღეს სისხლი ისე სდიოდა, როგორც ჭრილობიდან; წმინდანის სხეული ჩასვენებული იყო ხის კუბოში, რომელიც, თავის მხრივ, მარმარილოს უშველებელ სარკოფაგში მოეთავსებინათ. სარკოფაგს ზემოდან მარმარილოსვე მძიმე ფილა ეხურა. ამ მარმარილოს სარკოფაგს მარცხენა მხარეს ნახვრეტი ჰქონდა, რომელშიც ხელი გაეტეოდა. ღამისთევის ლოცვის შემდეგ, ლიტურგიის დაწყებამდე, ეპისკოპოსი რკინის მაშით შედებდა ამ ნახვრეტში მშრალ ღრუბელს და ისიც უმალვე აივსებოდა წმინდანის სისხლით, რომელიც კეთილსურნელებით მირონს უფრო ჰგავდა და სამკურნალო ძალა ჰქონდა. სისხლი მხოლოდ მისი ხსენების დღეს კი არ მოედინებოდა, არამედ მაშინაც, როცა ტაძარში ვინმე ღვთის სათნო მღვდელმთავარი წირავდა. მრავალს გამოსცხადებია და შესწევია წმინდანი. უამრავი ხალხი ჩამოდიოდა მისგან კურნების მისაღებად, თვით კონსტანტინოპოლიდანაც კი.
ამ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო ქალკედონის კრების სხდომები, რომლის დროსაც ღმერთმა ნეტარი მარტვილი დიდი სასწაულით განაბრწყინა და მართლმადიდებლობაც განამტკიცა. ეს ამბავი ასე მოხდა: ალექსანდრიის პატრიარქმა დიოსკორემ და კონსტანტინოპოლელმა არქიმანდრიტმა ევტიქიმ ხალხში იესო ქრისტეს მგმობი ერესი გაავრცელეს. ისინი ქრისტეს ღვთაებრივსა და კაცობრივ ბუნებას ერთ ბუნებად მოიაზრებდნენ. ამ ერესით მათ მრავალი აცდუნეს. შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად ეფესოში შეიკრიბნენ და კრება გამართეს. თავიანთ ნაყალბევს ჭეშმარიტ მოძღვრებად მიიჩნევდნენ და სხვებისგანაც მოითხოვდნენ ამის აღიარებას.
სწორედ იმხანად გარდაიცვალა იმპერატორი თეოდოსი II და მის მაგივრად ბიზანტიის აღმოსავლეთში მარკიანე გამეფდა. მართლმადიდებელი მამები, რომლებიც კარგად ხედავდნენ მონოფიზიტთა ერესის მძვინვარებას, იმპერატორისა და დედოფალ პულქერიას თაოსნობით შეიკრიბნენ ქალკედონში 451 წელს. კრებას 630 კაცი ესწრებოდა. მათ შორის იყო კონსტანტინოპოლის უწმინდესი პატრიარქი ანატოლი; იერუსალიმის პატრიარქი იუბენალი; რომის პაპის ლეონის წარმომადგენლები – ერესიარქები – ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქები დიოსკურე და მაქსიმე.
ბევრს ეცადნენ ღირსი მამები ერესიარქთა გონს მოყვანას. კამათი დიდხანს გაგრძელდა. მაშინ, კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა ანატოლიმ კრებას შესთავაზა, საეკლესიო განხეთქილების მოგვარება სულიწმიდისთვის მიენდოთ მისი რჩეული ჭურჭლის – ეფემია ყოვლადქებულის მეოხებით, რომლის წმიდა ნეშტთანაც მიმდინარეობდა კამათი. ორივე მხარემ დავწეროთ ჩვენ-ჩვენი მრწამსი და ეს გრაგნილები წმინდა ეფემიას კუბოში ჩავასვენოთ, ვიმარხულოთ, ვილოცოთ, რომ ღმერთმა თავისი წმინდანის საშუალებით ჭეშმარიტი სარწმუნოება გაგვიმჟღავნოსო. ყველას მოეწონა ეს აზრი. ცალკე მართლმადიდებელმა მწყემსმთავრებმა და ცალკე მათმა მოწინააღმდეგეებმა დაწერეს თავიანთი სარწმუნოების აღსარება (მრწამსი) და საკუთარი ბეჭდებით დაბეჭდეს, იმპერატორ მარკიანეს (450-457) თანდასწრებით ნეტარი დიდმოწამის ლუსკუმა გახსნეს და ორივე გრაგნილი მკერდზე დაადეს, შემდეგ კუბო დახურეს და იმპერატორის ბეჭდით დალუქულს ირგვლივ მცველები დაუყენეს. რის შემდეგაც ორივე მხარე გაძლიერებულ მარხვასა და ლოცვას მიეცა. სამი დღის თავზე პატრიარქმა და იმპერატორმა კრების მონაწილეთა თანდასწრებით მოხსნეს კუბოს სამეფო ბეჭედი, ახადეს სახურავი და დაინახეს, რომ გრაგნილი მართლმადიდებლური მრწამსით ეფემიას მარჯვენა ხელში ეპყრა, ერეტიკოსთა ხელნაწერი კი მის ფეხებთან ეგდო. უეცრად ყველას გასაკვირად მან ცოცხალივით ასწია ხელი და უცდომელი მრწამსის შემცველი ნუსხა პატრიარქსა და მეფეს გაუწოდა.
ამ სასწაულის შემდეგ ყველა მართლმადიდებელმა ადიდა უფალი, მრავალი გზააბნეული მონოფიზიტი მოიქცა და დაუბრუნდა მართლმადიდებლობას, მწვალებელთა გაკერპებული ნაწილი კი, ვინც ისევ თავის ბოროტ რწმენაზე დარჩა, კრების მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს და ღვთისმსახურებიდან განაყენეს.
ამ სასწაულის ხსოვნას მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდა ევფემიას პატივსაცემად განსაკუთრებული ზეიმი დააწესა – ხსენება დიდმოწამისა ევფემია ყოვლადპატიოსნისა სასწაულისა, რომლის შემდეგაც დამკვიდრდა მართლმადიდებლობა, რომელიც აღინიშნება 11 (24) ივლისს, რაც ძალზე იშვიათია ლიტურგიულ პრაქტიკაში.
X ს-ის შრომების – კონსტანტინეპოლის ეკლესიის სვინაქსარისა და ბასილი II-ის მინოლოგიის მიერ დასტურდება 451 წელს ქალკედონში, დიდმოწამე ევფემიას ეკლესიაში, კრების მიმდინარეობისას წმ. ეფემიას მიერ აღსრულებული სასწაული, რის გამოც მას ყოვლადქებული და მართლმადიდებლობის განმამტკიცებელი ეწოდა.
გავიდა საუკუნე-ნახევარი და ბიზანტიის ტახტზე კეთილმორწმუნე მავრიკიოსი ავიდა (დ. 539 – გ. 602) ღვთისმოშიში კი იყო მეფე, მაგრამ მაინც შეეჭვდა წმინდა ეფემიას სხეულიდან მომდინარე სისხლის ნამდვილობაში, რატომღაც ნაყალბევი ეგონა. მის ჭეშმარიტობაში რომ დარწმუნებულიყო, წმინდანის ხსენებამდე დიდი ხნით ადრე არა მარტო კუბო, მარმარილოს სარკოფაგში გაკეთებული ნახვრეტიც კი სამეფო ბეჭდით დაბეჭდა, ხოლო დღესასწაულზე მისულმა მოხსნა ბეჭედი და სისხლიც წყაროსავით გადმოედინა. ტაძარი კეთილსურნელებით აივსო. მეფემ შენდობა სთხოვა წმინდანს და მას შემდეგ არასოდეს შერყევია მისი რწმენა.
მეფე ჰერაკლეს ზეობისას (610-641 წ.წ.) ბითვინიის მხარე სპარსელებმა დაარბიეს. მტერმა ქალკედონის საკათედრო ტაძარიც გაძარცვა, სპარსელებმა წმინდა ეფემიას კუბოს გახსნაც სცადეს, მაგრამ სარკოფაგის სახურავს ძვრა ვერ უყვეს. მტრის განდევნის შემდეგ მეფემ წმინდა ეფემიას ნაწილთა კონსტანტინოპოლში გადასვენება გადაწყვიტა და ამისთვის დედაქალაქის ახლოს, იპოდრომთან, წმინდა ეფემიას სახელზე ქალკედონის ტაძრის მსგავსი დიდი ეკლესია ააგო. სარკოფაგი წმინდანის ნეშტითურთ ახალაშენებული ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს, ვითარცა წმინდა ტრაპეზი, და მასზე უსისხლო მსხვერპლს შესწირავდნენ.
716-741 წლებში აღმოსავლეთ ბიზანტიას ღვთის რისხვად ლეონ III ისავრიელი მოევლინა. მან პირველმა დაიწყო ბრძოლა ხატებისა და სიწმინდეთა წინააღმდეგ. პატრიარქი გერმანე ცდილობდა, წინ აღდგომოდა, მაგრამ მან ამ წმინდა კაცს საპატრიარქო საყდარი ჩამოართვა, მის მაგივრად ერეტიკოსი აღასაყდრა, შემდეგ კი მთელ მართლმადიდებელ სამღვდელოებას დაუწყო დევნა. იგი გამოხატავდა პროვინციული არისტოკრატიის ინტერესებს და მმართველობის ცენტრალიზაციისათვის იბრძოდა. მოიგერია არაბთა შემოტევები (717-718, კონსტანტინოპოლთან, ხოლო 740 აკროინოსთან). 726 წელს გამოსცა კანონთა კრებული ეკლოგა. 730 წლის ედიქტით აკრძალა ხატთაყვანისმცემლობა. მისი ბრძანებით წვავდნენ ხატებს, და შეურაცხყოფდნენ წმინდა ნაწილებს.
წმინდა ეფემიას სასწაულების ამბავი რომ ესმოდა, ლეონ ისავრიელს სული შურით ევსებოდა. ცხადად ვერაფერს ბედავდა – ხალხის რისხვის ეშინოდა, ამიტომ შუაღამისას თანამოაზრეებთან ერთად მალულად მიაშურა ტაძარს, და წმინდანის ნაწილების ნაცვლად მათ ვიღაცის დანაცრებული ძვლები ჩააწყობინა. წმინდა ეფემიას ნეშტი კი სამეფო ტაძარში გადაიტანა, სადაც მისი დები და ქალიშვილები ჩუმად საკმეველს უკმევდნენ. მეფემ ეს რომ შეიტყო, განრისხდა და ბრძანა, წმინდანის უხრწნელი სხეული ხის კუბოთი ზღვაში გადაეგდოთ, მერე შეკრიბა ხალხი და განუცხადა: „გაცდუნებდნენ კერპთაყვანისმცემლები, უხრწნელი და სასწაულთმოქმედია ეფემიას სხეული, წადით და ნახეთ, რას ჰგავსო" ბრბო ტაძრისაკენ დაიძრა. ახადეს სარკოფაგს სახურავი და შიგნით დანაცრებული ძვლები დახვდათ, რის შემდეგაც მრავალი მორწმუნე შეცდა. მათ დაივიწყეს ის მრავალი წყალობა, წმინდანის ლოცვით რომ მინიჭებოდათ, და მისი სასწაულები სამღვდელოების სიცრუედ მონათლეს, მარმარილოს სარკოფაგი ტაძრიდან გამოიტანეს და დაამსხვრიეს, თვით ტაძარში სამჭედლო მოაწყვეს, და საკურთხეველი ფეხისალაგად აქციეს.
წმინდანის ნეშტს კი ზღვის ტალღები მიაქანებდა. სწორედ იმ დროს ზღვაში პატარა ხომალდით ორი ძმა, სერგი და სარგონი, გასულიყო. მათ თვალი მოჰკრეს კიდობანს, გემზე აიტანეს, გახსნეს და… იქიდან კეთილსურნელება ამოვარდა. კუბოში ვიღაც უცნობი წმინდანის უხრწნელი სხეული ესვენა. ძმებმა მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს გაემჟღავნებინა, ვისი წმინდა ნაწილების პატრონობის ღირსნი გახადა. მალე ხომალდმა კუნძულ ლემნოსთან ჩაუშვა ღუზა. ამ კუნძულზე განისვენებდა წმინდა გლიკერიას უხრწნელი სხეული. იმავე საღამოს ძმები ხილვის ღირსნი შეიქმნენ: მათი ხომალდისკენ წმინდა გლიკერია მიდიოდა. გემიდან მის შესახვედრად უმშვენიერესი ქალწული გაეშურა. ერთმანეთს ნაზად მოეხვივნენ. `სტუმარმა~ დამხვდურს მიმართა: `გამარჯობა, ქრისტეს მოწამეო, ეფემია ყოვლადქებულო~. პასუხად `მასპინძელმა~ მიუგო: `გაგიმარჯოს, ქრისტეს მოწამეო ნეტარო გლიკერია~. ამის შემდეგ წმინდა გლიკერია კუნძულზე დაბრუნდა, წმინდა ეფემია კი ხომალდზე. ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლა უფრო მეტი სასოებით ეამბორნენ წმინდანის სხეულს, მერე კი სასწრაფოდ აუშვეს იალქნები და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ხომალდი ისევ კუნძულ ლემნოსთან მიიყვანა.
იმავე ღამეს ძმებს წმინდა ეფემია გამოეცხადა და უთხრა: რას დამატარებთ აქეთ-იქით? განა არ მეყო, ქალკედონიდან კონსტანტინოპოლში რომ გადამიტანეს, მერე კი ზღვაში ჩამაგდეს? მე აქედან აღარსად წავალ. ამ კუნძულზე ერთი ქოხი ამიშენეთ და იქ დავსახლდებიო. დაემორჩილნენ ძმები წმინდანის ბრძანებას, ეახლნენ ლემნოსის ეპისკოპოსს და ყოველივე მოუთხრეს. მას ძალიან გაუხარდა წმინდანის მობრძანება, მაგრამ სად მიეჩინა მისთვის ადგილი? ლეონ ისავრიელის შიშით წმ. გლიკერიას ნაწილებიც გადამალული ჰქონდა. ამიტომ ძმებს წმინდანის სახელზე პატარა ტაძარი ააგებინა, რომლის საკურთხეველშიც ჩაფლეს წმინდანის კუბო. ძმებმა გადაწყვიტეს, იქაურობას არც თვითონ გასცლოდნენ და წმინდა ეფემიას მსახურნი ყოფილიყვნენ. იქვე გალიეს ცხოვრება და იქვე აღესრულნენ. სიკვდილის წინ ქვის დაფაზე ამოკვეთეს წმინდა ეფემიას ნაწილთა მოპოვების ამბავი და კუბოსთან შთაფლეს.
გავიდა ხანი, იმ მხარის ეპისკოპოსმა ახალი დიდი ტაძარი ააგო, მაგრამ წმინდა ეფემიამ იქ შებრძანება არ ინება, გამოეცხადა ეპისკოპოსს და უთხრა: ნუ იზამ მაგას, მაღალღირსო მეუფეო, მაინც არ დაგემორჩილები. წადი ჩემს დასთან, მოწამე გლიკერიასთან, და შეევედრე, ამ ახალაშენებულ ტაძარში ინებოს დავანება, მე კი ჯერჯერობით აქ ვიქნები, სანამ ჩემი უკან დაბრუნების ჟამი არ მოაწევსო. სხვა რა გზა ჰქონდა, დამორჩილდა ეპისკოპოსი წმინდანის სურვილს.
741 წელს მოკვდა ლეონ ისავრიელი, და ტახტზე ავიდა მისი ძე კონსტანტინე V კოპრონიმოსი (741-775 წ.წ), რომელმაც მკრეხელობით მამას გადააჭარბა. ღვთის დაშვებით მანაც დიდხანს იმეფა. მის დროს ბიზანტია ძლიერი სამხედრო სახელმწიფო გახდა. კონსტანტინე V-მ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა არაბებზე, და ბულგარელებზე. გააუმჯობესა იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა, და გაზარდა გადასახადები. იგი შემწყნარებლობას იჩენდა მწვალებლობათა მიმართ და 754 წ. საეკლესიო კრებაზე მიაღწია ხატთაყვანისმცემელთა დაგმობას. ებრძოდა ოპოზიციურად განწყობილ ბერ-მონაზვნებს, დახურა მონასტრები და მიითვისა მათი ქონება. მან სამეფო თავის ძეს ლეონ IV-ს დაუტოვა. იგიც ხატმებრძოლი იყო, მაგრამ არა თავისი მამისა და პაპის მსგავსი. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ლეონის ძე კონსტანტინე VI და დედამისი ირინე ავიდნენ, რომლის ბრძანებითაც მოიწვიეს ეკლესიის მამათა VII მსოფლიო კრება (787 წ.), რომელმაც ხატთაყვანისცემა აღადგინა. დედოფლისავე ბრძანებით აღდგა წმინდა ეფემიას სახელობის ეკლესიაც კონსტანტინოპოლში, თვით წმინდა ეფემიას უხრწნელი სხეული კი ბევრი ეძებეს – ხალხს სწამდა, რომ ზღვაში ჩაგდებული სიწმინდე გადარჩა და სადღაც არის დავანებულიო.
ეს ამბავი კი ამგვარად გამჟღავნდა: ვინმე ანასტასი კომიტმა, რომელსაც მემკვიდრეობით ხვდა ის მიწა, სადაც წმინდა ეფემია იყო დაკრძალული, ძველის მაგივრად ახალი დიდი ტაძარი ააშენა. მოხდა ისე, რომ ამ კაცს ცილი დასწამეს და კომიტობის პატივი აჰყარეს. ანასტასიმ საჩივლელად კონსტანტინოპოლს მიაშურა, მაგრამ არავინ მიიკარა. ბოლოს ვიღაცამ ურჩია, ქალკედონის მიტროპოლიტი თუ გიშველისო. მიტროპოლიტმა კი – ეს ჩემს ძალებს აღემატებაო. სასოწარკვეთილი ანასტასი ქალკედონის ქუჩებში მიაბიჯებდა, როცა თვალი მოჰკრა დიდებულ ტაძარს, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა. `ვისი სახელობისაა ეს ტაძარიო?~ – ჰკითხა ეკლესიის მსახურს. წმინდა ეფემიასიო, მიუგეს. ეს რომ გაიგო, ანასტასიმ სიხარულით შესძახა: `ჰოი, წმინდაო ჩემო, ეფემია!~ `რატომ ამბობ ასე?~ – ჰკითხა ეკლესიის მსახურმა. `ჩემს ეზოში არის ტაძარი, სადაც წმინდა ეფემიას ნეშტი ასვენია, ამიტომაც ვეძახი ასეო~, – მიუგო ანასტასიმ. ეკლესიის მსახურმა ეს რომ გაიგო, მოჰკიდა ხელი და მიტროპოლიტთან მიიყვანა. მღვდელმთავარმა ყოველივე დაწვრილებით გამოჰკითხა და სასწრაფოდ პატრიარქისკენ გაეშურა, პატრიარქმა ტარასიმ კი ეს ამბავი იმპერატორს შეატყობინა. სასწრაფოდ შეკაზმეს ხომალდი, ანასტასის კომიტობა დაუბრუნეს და ღირს მამებთან ერთად კუნძულ ლემნოსზე გაამგზავრეს.
ნეტარი მოწამის წმინდა ნეშტის დაბრუნება კონსტანტინოპოლში (დაახლოებით 796 წელს) დიდი ზეიმით აღნიშნეს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ტარასიმ (784-806), დედოფალმა ირინემ (797-804) და მისმა ვაჟმა კონსტანტინე VI-მ (780-797). კუბოს თავსახურავი რომ ახადეს, წმინდანის სხეული ისევ უხრწნელი იყო და კეთილსურნელებას აფრქვევდა. იგი დაასვენეს მისი სახელობის ეკლესიაში. ტაძარი პირველად სავარაუდოდ დაზიანდა 1203 წელს, ხანძრის შედეგად, რომელმაც გაანადგურა კონსტანტინოპოლის იპოდრომი. ხელმეორედ ის ქალაქის ლათინური ოკუპაციის დროს, დაზიანდა, მაგრამ კვლავ აღადგინეს და შეამკეს ფრესკებით (მისი ნანგრევები იხ. ყდის 4 გვ. 1 ფოტო). როგორც ჩანს, ეკლესია დაინგრა 1522 წელს, იბრაჰიმ ფაშას სასახლის მშენებლობის დროს. წმინდა ეფემიას სასწაულმოქმედი ნაწილები გადაასვენეს კონსტანტინეპოლის წმ. გიორგის სახელობის (ბერძნულ) საპატრიარქო ტაძარში (სტამბოლი, ფარანი) და რუსეთში დამზადებული ვერცხლის ლუსკუმით დღემდე ტაძარშია დასვენებული
წმინდა ეფემიას ერთი თანამედროვე სასწაულის შესახებ მოგვითხრობს ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე, რომელიც წმინდა პაისი ბერის სულიერი შვილი იყო. პაისი ბერი თავისი სენაკის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც იგი მამა ათანასემ მოინახულა. ცოტა ხანში ბერმა ჰკითხა: იცი ვინ იჯდა იქ, სადაც ახლა ზიხარ? სკამი სასანთლესთან იდგა, მის ზემოთ კი წმინდა ევფემიას ხატი ეკიდა. არა, გერონდა. როგორ გავიგო, ვინ იჯდა ამ სკამზე? – და ბერმა წმინდა დიდმოწამე ევფემიას გამოჩენის სასწაული უამბო: `ერიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, სადაც მიტროპოლიტთან ერთ საეკლესიო საკითხზე წასულს სუროტის მონასტერში* მაინც რაღაც ეჭვი დამრჩა გულშიო. სამშაბათს, დაახლოებით დილის 10 საათზე, ჩემს კელიაში ვიმყოფებოდი და ჟამნებს ვკითხულობდი. კარზე კაკუნის ხმა მომესმა და ვიღაც ქალის ხმით ამბობს: ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა. – ვიფიქრე: ქალი როგორ აღმოჩნდა მთაწმინდაზე? სწორედ ამ დროს ჩემში ერთგვარი ღმრთაებრივი სიტკბოება ვიგრძენი და ვიკითხე: ვინ არის? – ეფემია, მიპასუხა ქალის ხმამ – გახსენი, მამაო – მე ვიფიქრე, რომ ერთი სტუდენტი გოგონა, რომელიც ვერ მივიღე სუროტიში ყოფნისას და მითხრა რომ მომაკითხავდა სასაუბროდ ათონზე და მეც ხუმრობით ვუთხარო – მოდიო, გაგიჟდა და ათონზე მამაკაცის ტანსაცმლით შემოიპარა. კაკუნი კარზე კვლავ განმეორდა, და ჩემს კითხვაზე თუ ვინ იყო, კვლავ მიპასუხა – ეფემია ვარო. მე კარს კვლავ არ ვაღებ. მესამედ, რომ დააკაკუნა, კარი, რომელსაც ურდული შიგნიდან ჰქონდა გაყრილი, თავისით გაიღო. შემოსასვლელიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. გამოვვარდი ჩემი კელიიდან და ვხედავ ერთ მანდილით შემკულ ქალს. მას ვიღაც მოაცილებდა, რომელიც ლუკა მახარებელს ჰგავდა და გაუჩინარდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იყო საცდური, რადგანაც ქალი არამიწიერ ნათელს ასხივებდა, მიუხედავად ამისა, მაინც შევეკითხე თუ ვინ იყო და მიპასუხა – მე ვარ მოწამე ეფემია. – და რომელი ეფემია?, – დიდმოწამე ევფემია ვარო. მაშინ მისი გამოცდა განვიზრახე და ვუთხარი: თუკი დიდმოწამე ეფემია ხარ, მოდი თაყვანი ვცეთ წმინდა სამებას. რასაც მე გავაკეთებ, შენც იგივე გაიმეორე-თქო. შევედი ეკლესიაში, გავაკეთე მეტანია და თან ვამბობდი: „სახელითა მამისათა", გაიმეორა მეტანიით, გავაგრძელე „და ძისათა" `და ძისათა~, – წარმოთქვა სუსტად, უფრო ხმამაღლა, რომ გავიგო, მივუგე, და მანაც უფრო ხმამაღლა გაიმეორა.
როდესაც წმინდანი ჯერ კიდევ შემოსასვლელში იმყოფებოდა, მეტანიას აკეთებდა პირით არა ეკლესიისაკენ, არამედ ჩემი კელიისაკენ იყო მიბრუნებული. თავდაპირველად ეს მეუცნაურა, მაგრამ შემდგომ გამახსენდა, რომ ყოვლადწმინდა სამების ერთი პატარა ქაღალდის ხატი ჩემი კელიის კარს ზევით ხეზე მქონდა მიწებებული. როდესაც მესამეჯერ თაყვანი ვეცით – „და წმიდისა სულისათა", მივხვდი რომ ეს მართლაც წმინდა ევფემია იყო, და ვუთხარი: „ახლა კი მე შენ გცემ თაყვანს". დავუჩოქე და ფეხებსა და ფეხის თითებზე ვემთხვიე, რადგან სახეზე მისი ამბორი უტიფრობად მივიჩნიე.
ამის შემდეგ წმინდანი პატარა სკამზე ჩამოჯდა, მე კი – პატარა სკივრზე. მან იმ მძიმე გაურკვევლობიდან მიხსნა, რომელიც საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით მქონდა, და მითხრა, რომ მიტროპოლიტს სწორად ვუპასუხე. მანამდეც კი ვიცოდი, რომ არსებობდა ასეთი წმინდანი – დიდმოწამე ეფემია, თუმცა მის ცხოვრებაზე ბევრი არაფერი მსმენოდა. როდესაც იგი თავისი წამების შესახებ მიამბობდა, დიდი მოწიწებით ვუსმენდი, თითქოს ყოველივეს განვიცდიდი და ისე ვხედავდი, როგორც ტელევიზორში და ვკანკალებდი! პა, პა, პა! რაღაც მომენტში კი შევძრწუნდი და ვუთხარი: როგორ გაუძელი ამას? – მან გაიღიმა და მითხრა: მე რომ მცოდნოდა, რა დიდებაც ენიჭებათ მოწამეებს სამოთხეში, მეტსაც დავითმენდიო.
ჩვენ მთელი დღე ერთად გავატარეთ, და როცა დაღამდა, დამემშვიდობა და წავიდა. ამის შემდეგ სამი დღის განმავლობაში არაფრის კეთება აღარ შემეძლო. არც კი ვჭამდი, ვთრთოდი და გამუდმებით ვადიდებდი ღმერთსო. ბერი თავის წერილში აღნიშნავს: მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ვერ შევძლებ გადავიხადო ის დიდი ვალი, რაც წმინდა ეფემიას წინაშე მაქვს. მაშინ, როდესაც ეს წმინდანი თითქმის უცნობი იყო ჩემთვის და ჩემს მიმართ არანაირი მოვალეობა არ გააჩნდა, ასეთი დიდი პატივის ღირსი გამხადაო.
ამ ამბის თხრობისას ბერი პაისი თავმდაბლობით აღნიშნავდა, რომ წმინდა ეფემია მას გამოეცხადა, არა იმიტომ, რომ მე ამის ღირსი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ იმ ხანებში დაკავებული ვიყავი ისეთი საკითხით, რომელსაც კავშირი ჰქონდა ეკლესიის საერთო მდგომარეობასთან და ასევე ორი სხვა მიზეზის გამოც. მას შემდეგ იმ ადგილას, სადაც წმინდანი იჯდა, კედელთან სულ იდგა ის სკამი პატარა სასანთლესთან და წმინდა ეფემიას ქაღალდის ხატიც ეკიდა.
გერონდაზე* დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ აიტანა ესოდენ მცირე ტანის, ნაზმა ქალწულმა ამდენი წამებაო.
ამ ღვთიურ მდგომარეობაში ყოფნისას წმინდანის პატივსაცემად ფსალმუნის საგალობელის მსგავსი ერთი სადიდებელი შეთხზა: `ვითარ ვუგალობოთ და ქება ვუძღვნათ ეფემიას, რომელიც ზეციური საუფლოდან ჩამობრძანდა და კაფსალაში განმარტოებულ, უბადრუკ ბინადარს ეწვია. სამგზის დაკაკუნების შემდეგ კვლავ მეოთხედაც დააკაკუნა, კარი კი სასწაულებრივად თავისთავად გაიღო და შემობრძანდა ზეციური სიდიადით, ქრისტეს დიდმოწამე, ჩვენ ერთად ვეცით თაყვანი წმინდა სამებას. და ასევე ერთი ექსაპოსტილარიონის (ტროპარი, რომელსაც გამთენიისას გალობენ) მსგავსად, რომელიც ასე იწყება: `ქრისტეს სახელოვანო დიდმოწამე ეფემია, ღმრთისმშობლის შემდეგ შენ მიყვარხარ ძალიან~ (ბუნებრივია, მათ ლიტურგიული დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებდა და არც საქვეყნოდ გალობდა).
ჩვეულებისამებრ წმინდა პაისი ბერი კვლავ ჩავიდა სუროტის მონასტერში და სულიერი დედები აზიარა ციურ სიხარულს. მისი დახმარებითა და მითითებებით მათ დაწერეს წმინდანის ხატი, იმ სახით, როგორითაც გერონდას გამოეცხადა.
ბერმა ოსტატურად შეასრულა წმინდანის ხატის ნეგატივი ფოლადის შაბლონზე, რომლის მეშვეობით პატარა დაწნეხილი ხატები შექმნა და წმინდა ეფემიას პატივსაცემად კურთხევის სახით მომლოცველებს ურიგებდა. ამოტვიფრისას გაუჭირდა წმინდანის მარცხენა ხელის თითების გამოსახვა. გავწვალდი მისი ხელის ამოტვიფრვისას, მაგრამ მერე კი ერთი კარგი აზრი გამოვიტანე: იქნებ სწორედ იმიტომ გავწვალდი, რომ საბრალო მეც დავტანჯე [წყარო: მღვდელმონაზონი ისააკი, ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, გვერდები: 224-228. აღდგომის კალივის გამოცემა, კაფსალა მთაწმინდა, 2004.]
წმინდა ეფემია ყოვლადქებულის სახელობის მოქმედი ტაძარი არის სტამბულის აზიურ ნაწილში, ქალკიდონის რაიონში, სადაც წმინდა ეფემიას ის დიდებული ტაძარი სადაც ჩატარდა 451 წ მსოფლიო კრება, 1555 წლამდე განადგურდა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მასში დენთის ქარხანა იყო განთავსებული და ხანძარი გაჩნდა. მის მოსახსენებლად მართლმადიდებელმა ბერძნებმა იმავე რაიონში არსებულ ახლომდებარე მონასტერს უწოდეს წმ. ეფემიას სახელი. 1694 წელს აშენდა ახალი მომცრო ეკლესია წმინდა ეფემიას სახელზე 1832 წ. ამ ტაძრის მთლიანად აღდგენა რუსეთის თანადაფინანსებით მოხდა.
სტამბოლის ევროპულ ნაწილში სულთან აჰმეტის რაიონში, აია სოფიასა და დიდი საიმპერატორო სასახლის მახლობლად მდებარე იპოდრომთან არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს წმ. ეფემიას ბიზანტიური ეკლესია. ის იყო თავდაპირველად ანტიოქეს სასახლე, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა გავლენიანი სპარსელი საჭურისი ანტიოქე. ეკლესიად გადააკეთეს და წმ. ეფემიას სახელზე აკურთხეს VII ს-ში. თუმცა მისი არქიტექტურული მახასიათებლების მიხედვით სავარაუდოდ იგი პირველად გადაკეთდა VI ს-ში (იხ ყდის 4 გვ.)
1939 წელს ადგილზე აღმოჩენილი პირველი ნაშთები იყო ფრესკები კედლის ნაშთებზე, რამაც საშუალება მისცა მისი იდენტიფიცირება წმ. ევფემიას ეკლესიად. 1942 წელს გამოვლინდა ექვსკუთხა დარბაზი ნახევარწრიული პორტიკით, ხოლო 1951-52 წლებში გათხრების შედეგად მიღებული მტკიცებულებებით ვარაუდობენ, რომ იგი აშენდა 429 წლის შემდეგ. ეკლესიას აქვს XIII საუკუნის მეორე ნახევრის თოთხმეტი ფრესკის ციკლი, რომელიც მდებარეობს ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეკლესიის იატაკიც და მიმდებარე სხვა შენობის იატაკიც დაფარული იყო მარმარილოს იატაკით ყვავილოვანი და გეომეტრიული ნიმუშებით. ფრესკული ციკლი ასახავს ევფემია ქალკედონელის ცხოვრებისა და მოწამეობის ეპიზოდებს, – ბორბალზე წამებას, ცეცხლში ჩაგდებას და გარეული მხეცებისსთვის მიგდებას. იგი ძირითადად გამოსახულია როგორც ქალწული მოწამე, რომელიც შემოსილია მაფორიონში და გრძელ ტუნიკაში. გარდა ამისა, გამოსახულია აგრეთვე სებასტიელი ორმოცი მოწამისა და მხედარ-წმინდანების გამოსახულებები. ხოლო ფრესკული სტილი სტილისტური ნიშნით დათარიღებულია 1280-1290 წლებით.
წმინდა ეფემიას ყოვლადქებულის მონასტერი კორფუში (კერკირაში), ერთადერთი მონასტერია საბერძნეთში, რომელიც ეძღვნება ამ უდიდეს წმინდანს. აქ ცხოვრობს ერთადერთი მონაზონი დედა კერკირა, ამ მონასტერში დიდმოწამე ეფემიას წმინდა ნაწილთან ერთად სხვა მრავალი წმინდა ნაწილიც არის დაცული. ეს მონასტერი გამოირჩევა ამ წმინდანის უძველესი ხატების სიმრავლით.
წმინდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის წმინდა ნაწილები საქართველოშიც გვაქვს დაცულნი – ახალქალაქის ეპარქიაში (სხვა 30 წმინდა ნაწილთან ერთად).
წმინდა ეფემიას კათოლიკური ეკლესიებია არის – ხორვატიაში, ქ. როვინაში, სადაც დაბრძანებულია სარკოფაგი წმ. ევფემიას წმ ნაწილებით; იტალიაში – მილანში, სპოლეტოში, ვერონაში, გრადოში (ფრიული-ვენეზია-ჯულია გრადოში.), სადაც ასევე დაბრძანებულია წმ. ეფემიას სარკოფაგი, მისი სახელობის ბაზილიკაში. იტალიაში წმინდა დიდმოწამე ეფემიას სახელი აქვს მინიჭებული ერთ ყურესა და 2 კომუნას სხვადასხვა რეგიონში.
წმინდა ეფემიას კათოლიკური ეკლესიებია ასევე ესპანეთში – ანტეკერაში, კოსუელოში, დელ-არიოში, ბერმეოში – (ბასკეთის ავტ. გაერთიანება) და სხვ. წმინდა ეფემია ასევე ტოპონიმია ესპანეთში – ქალაქსა და მუნიციპალიტეტს (კორდობის პროვინციის ნაწილი), და ანდალუსიის ავტონომიური თემის ნაწილს ჰქვია მისი სახელი. ასევე პორტუგალიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 4 რაიონს.
წმინდა ეფემია ყოვლადქებულის მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ამინ!
რუსულიდან თარგმნა და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა
