დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა მინასი სასწაულთმოქმედისა
PDF ვერსია დასაბეჭდათ: დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდმოწამისა მინასი სასწაულთმოქმედისა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
კონდაკი 1
ქებით შეგამკობთ, ვითარცა ქრისტეს ახოვანსა მხედარსა და მხნესა მოწამესა, და გევედრებით: შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა წმიდა ჰყოს გულისსიტყუაი და სული ჩუენი, ნეტარო, და განსდევნოს წყუდიადი ცოდვათა და ვნებათა ჩუენთა, რაითა ვიხსნეთ ეშმაკის მახეთაგან და სავსენი მადლიერებითა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა: გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
იკოსი 1
მრჩობლი ღუაწლი აღასრულე ქუეყანასა ზედა ქრისტეისთვის, წმიდაო მინა, – ანგელოზებრივი – უდაბნოსა შინა, და მარტვილებრივი – სისხლთა დათხევითა, და მრჩობლთაცა გვირგვინთა ღირს იქმენ რაი მოღებად ღმრთისაგან, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, წარჰმართოს ცხორებაი ჩუენი მცნებათა მიმართ მისთა, რაითა ყოველთა სათნოებათა შინა წარვემატოთ და ღირს ვიქმნნეთ შეწირვად შენდა გალობისა:
გიხაროდენ, ნათელო შარავანდედო სიმართლისა მზისაო;
გიხაროდენ, მჭურეტელო სამბრწყინვალისა ღმრთისა დიდებისაო;
გიხაროდენ, მისგან მომღებელო დიდმოწამისა გვირგვინისაო;
გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოისა მხედრობისაო;
გიხაროდენ, მაჩვენებელო ღმრთისმოსავობისა ხატისაო;
გიხაროდენ, მოშურნეობითა დამცველო მართლსარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, უხრწნელთა ნაწილთა შენთა მიერ განმასულნელებელო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, რჩეულო სამკაულო ქრისტეს წმიდისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 2
უნაყოფოი დედაი შენი მხურვალედ ევედრებოდა რაი შვილიერებასა ღმრთისმშობელსა, „ამინ“ – ის დამოწმებითა ემცნო აღსრულებაი თხოვისა თვისისაი წინაშე ხატისა მისისა მდგომარესა, და აუწყა რაი მეუღლესა თვისსა, ეტყოდა სარწმუნოებითა: „აღსრულდეს ნებაი ღმრთისა“, და მიეცათ რაი ძეი, სახელგდვეს მინა, პატივსაცემად „ამინ–ისა“ და არცაღა დასცხრებოდენ ქებად, და დიდებად და ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 2
იყავ რაი ნათესავით და ტომით ეგვიპტელი, ქრისტეანეთა მშობელთა მიერ აღიზარდე ღმრთისმოსავობითა, და შემდგომად გარდაცვალებისა მათისა, ჯერეთცა ყრმაი არა მიიდრიკე უსჯულოებისადმი, და სიჭაბუკესა შინა იწყე რაი მსახურებაი ლაშქარსა ჰრომისასა, მოიზღუდე რაი თავი თვისი ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა, და არა დასცხრებოდი დიდებად ღმრთისა, აწ ჩუენცა გვიმეოხე მისა მიმართ, რაითა დაამშვიდოს სოფლის ღელვათაგან შერყეულნი გულნი ჩუენნი, და აღგვძრას გალობად სიწმიდისა შენისა:
გიხაროდენ, მხედრობითსა შინა წყობასა გამოცდილო;
გიხაროდენ, ცხორებისა შენისა სიწმიდითა განმლეველო;
გიხაროდენ, ლოცვითა მხურვალიტა საღმრთოდ შეჭურვილო;
გიხაროდენ, მარხვითა და მღვიძარებითა განწმედილო;
გიხაროდენ, მაღალსა ნებასა უფლისასა უზაკველითა გონებითა მინდობილო;
გიხაროდენ, ერთგულებითა მისითა და ჭეშმარიტებითა შემოსილო;
გიხაროდენ, მართლითა მსჯავრითა შემკობილო;
გიხაროდენ, სათნოებისა სრულსა საზომსა მიწევნულო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 3
ხედვიდი რაი წარმართობისა ამაღლებასა ქალაქსა შინა შენსა, არცაღა გეწადა მსახურებაი უღმრთოთა ხელისუფალთაი, და ჭარმაგობასა მიწევნულმან ქრისტეისთვის დაუტევე რაი პატივი მხედრობისაი, განხვედ უდაბნოსა და მახლობელად მკვიდრნიცა განანათლენ ქადაგებითა, გარნა ქრისტემან უწყოდა სიმტკიცეი გონებისა შენისაი და ზეგარდამო გიბრძანა სარწმუნოებისა მისისა აღსარებაი წინაშე მეკერპეთა, დაბნელებულთა ცოდვითა და სავსეთა ცთომითა ეშმაკთა მონებისაგან, რაითა უქადაგო ჭეშმარიტებაი და აღძრა წარმართნი დიდებად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 3
ნებსით თვისით მიისწრაფდი რაი ღუაწლთა მიმართ მსგავსად მხსნელისა შენისა, მიხვედ ქალაქსა მას, სადაცა მსახურებდი მრავალსა წელსა, და მკვიდრნი მისნი დღესასწაულობდენ რაი პატივსაცემად „ღმერთთა“ თვისთა, უგუნურებაი მათი ამხილე საკერპოსა მას ტაძარსა, და უშიშად უქადაგებდი ყოველთა ერთსა ჭეშმარიტსა ღმერთსა, მას ევედრე, რაითა მართლ–სარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს და ღირს გვყოს გალობად შენდა:
გიხაროდენ, ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა გულისა შენისა კეთილად განმწმედელო;
გიხაროდენ, ქრისტეისგან უშიშად მხილებისა კადნიერებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, კეთილისა განზრახვისა გულსა შინა შენსა დამდებელო;
გიხაროდენ, ჯუარისა მისისა მხართა შენთა ზედა აღმღებელო;
გიხაროდენ, ეშმაკის ცთუნებათა ლოცვითა განმდევნელო;
გიხაროდენ, სწავლათა ზეცისათა გამომთქუმელო;
გიხაროდენ, კერპთა სიგლახაკისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, მრავალღმრთეებისა საცთურისა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 4
სიკუდილისაგან ცხორებად საუკუნოდ აღმოუწოდე რაი წარმართთა, ხედვიდენ ღმერთთა მათთა დამცრობასა, და განძვინვებულნი გგუემდენ და წარგადგინეს რაი წინაშე ქალაქის მთავრისა, მრისხანედ გკითხვიდა ვინაობასა შენსა, წმიდაო, და ქრისტეანედ სახელსდებდი რაი თავსა თვისსა, უსჯულოებაი მათი ამხილე, და უშიშად ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 4
მაშინ გიცნეს შენ, ახოვანო, ვითარცა მხედარი ლაშქრისა მათისაი, და აუწყეს რაი პიროსსა, შენცა ეტყოდი, წმიდაო მინა, თუ რაისათვის დაუტევე მხედრობაი, და ყოველთა მოუწოდდი დიდებად საუკუნოისა მეუფისა, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაითა აღანთოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი და აღგვძრას ქებად და შესხმად სიმხნისა შენისა და სიწმიდისა:
გიხაროდენ, საღმრთოითა გამოცხადებითა განმტკიცებულო;
გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოებისა მხნედ აღმსარებელო;
გიხაროდენ, მისთვის ყუედრებისა და კიცხევისა დამთმენელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა შეუბღალველად დამცველო;
გიხაროდენ, საკერპოთა ველურობისა კადნიერად დამხსნელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, უღმრთოებასა შინა დანთქმულთა სულთა შესამეცნებელად ღმრთისა აღმომწოდებელო;
გიხაროდენ, ვნებათაგან დაბრმობილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 5
ჰოი, დიდებული სიმხნეი შენი, ახოვანო, რამეთუ წარგადგინეს რაი სამსჯავროსა, პირველ ლიქნითა ეწადა მონადირებაი გულისა შენისაი მთავარსა, და ვერცაღა მოგაქცია რაი კერპთმსახურებასა ზედა, ჰგონებდა მოდრეკასა შენსა ტანჯვითა, და უბრძანა რაი მტარვალთა უწყალოდ გუემაი შენი ხარის ძარღვითა, მტკიცედ დეგ ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა, და ადიდებდი მას, ვითარცა ღუაწლისდამდებელსა შენსა: ალილუია.
იკოსი 5
გულისწყრომითა აღივსო მსაჯული იგი, და ბრძანა რაი ძელსა ზედა დაკიდებაი შენი ფერხითა, რკინის ფოცხითა ხუეტდენ ხორცთა შენთა, და მსგავსად პავლე მოციქულისა ღაღად–ყავ: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?“, და არა გარდახედ სჯულისაგან შენისა, აწ ჩუენცა დაგვიფარე სულთა წარმწყმედელისაგან საცთურისა, და ღირს გვყავ გალობად შენდა „გიხაროდენისა“:
გიხაროდენ, საღმრთოითა მოშურნეობითა უღმრთოთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, წარმართთა უსჯულოებისა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სჯულისა ახოვნებითა დამცველო;
გიხაროდენ, მისთვის დილეგისა წყუდიადისა თავს–მდებელო;
გიხაროდენ, დაუთმენელთა ტანჯუთა სიმხნითა დამთმენელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა მათ საშუებლად შემრაცხველო;
გიხაროდენ, ბოროტ–მადიდებელთა კადნიერებისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისა ვაზისა დამნერგველო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 6
ღუაწლით–შემოსილმან სიმხნემან შენმან უფროის განარისხა მთავარი იგი და ბრძანა რაი ტანჯვაი შენი და აღჭრაი ტყავისაი, უშიშად ღაღად–ყავ: „განვიძარცვავ სამოსსა ტყავისასა და შევიმოს ქიტონსა ცხორებისასა“, და იწყეს რაი მოწვაი ხორცისა შენისაი სანთლებითა, შეურყეველად დაითმენდი მწარესა სალმობასა, და მიუგებდი: `არა მეშინის თქუნგან, რომელთა ძალგიძთ მოწყვიედაი ხორცისაი, ხოლო სულისა ვერ ხელ–გეწიფებით მოკლვად~, და მადლობდი უფალსა, განმამტკიცებელსა შენსა: ალილუია.
იკოსი 6
ვერა დაითმინა რაი შენგან გამოსრულნი სიტყუანი სიბრძნისანი მთავარმან, განკვირვებულნი გკითხვიდა, თუ ვითარ განისწავლე მხედარი ეგე საღმრთოსა მას სჯულსა შინა, და შენცა მიუგე სიტყუანი ქრისტეისნი: „წინაშე მთავართა და მეფეთა წარდგომილნი ნუ ჰზრუნავთ, თუ ვითარ იტყოდეთ, რამეთუ მოგეცეს თქუენ სიტყვისგებაი მას ჟამსა შინა“, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, რაითა მოგვმადლოს სიბრძნეი, და ძალი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, და ღირს გვყოს შეწირვად შენდა სამადლობელისა:
გიხაროდენ, საუნჯეო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, მესაიდუმლეო ღმრთის მხილველობისაო;
გიხაროდენ, მქადაგებელო ქრისტეს, ხორცითა მოსრულისა ღმრთისა ძისა სახარებისაო;
გიხაროდენ, მხნედ განმბასრველო კაცთა ხელოვანებითა შეთხზულისა სჯულისაო;
გიხაროდენ, შეურაცხმყოფელო რკინისა სიმახვილისა და ცეცხლისა სიმხურვალისაო;
გიხაროდენ, ახოვნად დამთმენელო ასოთა შენთა დაბძარვისაო;
გიხაროდენ, ტყუეობასა შინა დამმარხველო სულისა აზნაურებისაო;
გიხაროდენ, ას–წილად აღმაორძინებელო შენდა მოცემულისა ტალანტისაო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 7
რისხვითა აღაგზო უსჯულოი იგი სიმტკიცემან შენმან, და ღაღადყო: „დაუტევე, მინა, უქმად მეტყველებაი და აღირჩიე ცხორებაი ანუ სიკუდილი ქრისტეისთვის“, და შენცა უშიშად მიუგებდი: „მე ქრისტიანე ვიყავ, ვარ და ვიქნები მარადის, და ვერა მძლევთ წამებითა, რამეთუ მწე არს ჩემი ზეცათა მეუფისა მხედრობაი“, და აქებდი ღმრთეებასა მისსა: ალილუია.
იკოსი 7
ვერა მიდრიკა გული შენი ჭეშმარიტებისაგან მთავარმან, და ეწადა განტევებაი შენი მცირე ჟამითა, რაითა ნებსით განუდგე ქრისტესა ღმერთსა, გარნა შენ, მხედრად მისად აღუარებდი თავსა თვისსა, და ეშმაკად სახელ–სდებდი რაი კერპთა, მტკიცედ აღუთქუამდი, ვითარმედ არაოდეს შესწირვიდი მათ მსხუერპლსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, რაითა მოგვანიჭოს ძლევაი ყოველთა მტერთა და საცთურთა ზედა, და აღგვძრას გალობად შენდა:
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაითა ხორციელთა სატანჯუელთა მხნედ თავსმდებელო;
გიხაროდენ, მისთვის მრავალფერთა გუემათა და წყლულებათა ახოვნად დამთმენელო;
გიხაროდენ, უაღრეს რიტორთაისა მეტყველო;
გიხაროდენ, ღმრთივსულიერთა წერილთა მქადაგებელო;
გიხაროდენ, დაფარულთა საიდუმლოთა განმმარტებელო;
გიხაროდენ, ბრძნადმეტყუელებითა შენითა ყოველთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმბრძოლთა სილაღისა დამამხობელო;
გიხაროდენ, ყოველთა ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 8
ვერცაღა განაქარვა რაი მგზებარებაი შენი ტანჯვითა, ახოვანო, უბრძანა მოკუდინებაი შენი მთავარმან, და ლოცვითა წარუპყარ რაი ქედი თვისი მახვილსა, წარგკვეთა წმიდაი თავი მტარვალმან, და წმიდაი ნეშტი შენი შთააგდო რაი ცეცხლსა, ძუალნი შენნი მოკრიბნეს მორწმუნეთა და შემურეს რაი ნელსაცხებელითა, დაკრძალეს ფარულად და დიდებასა აღუვლენდენ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 8
ზეგარდამოითა წოდებითა დაჰბეჭდე რაი სარწმუნოებაი შენი მოწამეობისა ღუაწლითა, პოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და შეგრთო რაი კრებულსა მას მარტვილთასა, მოგანიჭა ძალი მოსავთა შენთა შეწევნისაი, ხოლო წმიდაი ნეშტი შენი წარიღო დამან შენმან ეგვიპტესა, და მიუბოძა რაი ალექსანდრიისა მწყემსმთავარსა, დასრულდა რაი დევნაი, ზეგარდამო ეუწყა წმიდასა ათანასეს, ალექსანდრიისა პატრიარქსა, რაითა უდაბნოსა წარიღოს ლუსკუმაი შენი ვეცხლისაი, და დადგა რაი აქლემი ადგილსა ერთსა, გულისხმაყვეს ნებაი ღმრთისა და დაგკრძალეს გალობითა:
გიხაროდენ, ბრწყინვალედ სრულ–მყოფელო უძლეველისა სრბისა შენისაო;
გიხაროდენ, ზუარაკო, ქრისტეისთვის დამთხეველო სისხლისაო;
გიხაროდენ, მსხუერპლად სათნოდ ღმრთისად შემწირველო სულისა თვისისაო;
გიხაროდენ, მომღებელო სასწაულთა და კურნებათა ძალისაო;
გიხაროდენ, მორწმუნეთათვის გარდამომავლინებელო შენისა მოწყალისა შუამდგომლობისაო;
გიხაროდენ, ცხორებისათვის ჩუენისა მეოხო წინაშე ზეციერისა საყდრისაო;
გიხაროდენ, აღმხოცველო ყოვლისა ჭირისა და ურვისაო;
გიხაროდენ, მსწრაფლ გამომაჩინებელო უჩინოდ–ქმნილისაო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 9
დავიწყებულ იქმნა რაი საფლავი შენი, წმიდაო, მახლობლად მისა კაცი ერთი მწყსიდა ცხოვართა თვისთა, და დიოდა რაი მუნ მცირეი წყაროი, სნეული კრავი მისი შთავარდა ტბორსა და განიკურნა, ხოლო განცვიფრებულმან მწყემსმან აღრია წყალი მიწასა და წაცხებითა მისითა კურნავდა რაი ცხოვართა და კაცთა, ესმა მეფესა კონსტანტინე დიდსა და წარმოგზავნა ასული თვისი, რამეთუ სნეულ იყო, და იგიცა განიკურნა რაი საკვირველად, პოვა მან საფლავი შენი საღმრთოითა ხილვითა და აქებდა ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.
იკოსი 9
ესმა რაი საკვირველნი იგი კურნებანი და პოვნაი სამარხისა შენისაი მეფესა, შუენიერი ტაძარი აღაშენა მას ზედა, და მარადის მას შინა იყოფოდი რაი უხილავად, მხურვალე შემწედ გამოუჩნდი ოქროისათვის მოკუდინებულსა ვაჭარსა, მოისწრაფდა რაი თაყუანის–საცემად ნაწილთა შენთა, და აღადგინე საკვირველად, ხოლო ვეცხლისმოყუარეი მკულელი მისი ამხილე და აღძარ სინანულად, ეგრეთვე აწ ანგელოზთა მიერ განდევნე ჩუენგან ყოველი ბოროტი და ღირს გვყავ გალობად შენდა:
გიხაროდენ, ეკლესიისა მიერ აღრაცხულო შორის დიდმოწამეთაო;
გიხაროდენ, წყალობათა შენთა სიტკბოებითა აღმავსებელო მორწმუნეთაო;
გიხაროდენ, აღმსარებლობისა ღუაწლსა შინა განმამტკიცებელო მრავალთაო;
გიხაროდენ, სრულიად აღმხოცველო სულთა წყლულებათაო;
გიხაროდენ, განმკურვნელო ხორცთა უკურნებელთა სალმობათაო;
გიხაროდენ, შემწეო დედათაო და შვილიერმყოფელო ბერწთაო;
გიხაროდენ, სიბილწისა და მანკიერებისაგან დამხსნელო ყრმათაო;
გიხაროდენ, აღმადგინებელო დავრდომილთა და საპყართაო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 10
ვაქებთ რაი სასწაულთა შენთა, წმიდაო მინა, მოვიხსენებთ ღმრთისმოყუარესა სოფიას, მიისწრაფდა რაი ტაძარსა შენსა, რამეთუ მისთვის პატივისაი ახდაი ეწადა მხედარსა, გარნა წარიტაცა იგი აღბორგებულმან ცხენმან, და დააგდო რაი წინაშე ტაძრისა შენისა, აღიარა ბოროტი განზრახვაი თვისი, და სინანულითა შეუვრდა საფლავსა შენსა, სადაცა უტყვი იგი და მკელობელი გევედრებოდენ შეწევნასა, და გამოეცხადე რაი კაცსა მას მკელობელსა, განკურნე უტყვისა ქალისა თანა საკვირველად, და მადლიერებითა გნატრიდენ და აქებდენ ზეცათა მეუფესა: ალილუია.
იკოსი 10
ოდეს იხილა სასწაული შენი ვინმე ჰურიამან, ამხილე რაი ქრისტეანე მეგობარი მისი, რომელსაცა ეწადა მიტაცებაი ოქროისა მისისა, შეიწყნარა ქრისტეს სარწმუნოებაი, და სიყუარული მისი აღმობრწყინდა რაი გულსა შინა მისსა, მიიღო ნათლისღებაი, ხოლო უგუნურმან ქრისტეანემან, სინანულისა მიერ ცოდვათა ლხინებაი, აწ ჩუენცა ვსასოებთ შეწევნასა შენსა, რამეთუ არცა ვის განუტევებ შეუწევნელად, და აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:
გიხაროდენ, უძლურთა უღონოებისა მტვირთველო;
გიხაროდენ, უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;
გიხაროდენ, მიმძლავრებულთა მადლმოსილო შუამდგომელო და განწირულთა მფარველო;
გიხაროდენ, საზრდელო სიმართლისა მწყურნებთაო და გლახაკთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათვის თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ბოროტისამოქმედთა სინანულად მომაქცეველო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მოღუაწეთა სამკაულო და კეთილად განკრძალულთა მღდელთა შემყვარებელო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 11
ფრიად განითქუა რაი ღუაწლი შენი, ვითარცა ქრისტეს დიდებულისა მხედრისა და მარტვილისაი, მრავალთა ქალაქთა და დაბებთა აღაშენეს ტაძარნი და მონასტერნი სახელსა ზედა შენსა, და შეამკვეს რაი ხატთა შენთა მიერ და სიწმიდეთა, ურიცხვი ერი და სიმრავლეი მხედართაი შეგივრდებიან, ვითარცა მფარველსა მათსა, და აჰა, აწ ჩუენცა შეგვედრებთ საყუარელსა მამულსა ჩუენსა, რაითა ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნეთა დაგვიცვა მკვიდრნი მისნი, და აღგვძრა ქებად შენდა და გალობად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 11
დიდებულისა სასწაულისა ნათლითა განანათლე გული ევტროპეისი, ვეცხლისმოყუარებითა დაბნელებული, ეწადა რაი სახლსა თვისსა დატევებაი ლანგრისა, ტაძარსა შენსა შესაწირად სახელდებულისა, და განრეცხდა რაი მსახური მისი გემბანისა კიდესა, აღმოიმართე შენ წყლისა სიღრმისაგან, წმიდაო მინა, და ჭურჭელი იგი წარსტაცე რაი მსახურსა, შთავარდა იგი ზღუასა, და ტირილითა ევედრებოდა რაი ევტროპი უფალსა და ითხოვდა გუამისა მისისა გამოჩინებასა, ჰოი, საკვირველი, იხილა იგი შენ მიერ სიკუდილისაგან გამოხსნილი ზღვის ნაპირსა, ხელთა შინა ლანგრითა, და შეინანა რაი ცოდვაი თვისი, მადლიერებითა გნატრიდა:
გიხაროდენ, საჩინოო მოღუაწეო ქრისტეის ღმრთისაო, მადლისა მისისა შენ შორის დამტევნელო;
გიხაროდენ, სასწაულთა შენთა ღუარითა მორწმუნეთა დამარწყულებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა გზასა მას საღმრთოთა მცნებათასა წარმმართებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს მცნებათა ნათლითა კერპთმსახურებისა წყუდიადისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მრავალთა სულთა წარწყმედისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, განწირულთა სასოო და ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, ზღუასა შინა და ხმელთა ზედა განსაცდელთაგან დამცველო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოისა ცხორებისასა მშვიდობითა შემყუანებელო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 12
ოდეს განიზრახეს ჰერაკლიონისა მკვიდრთა თურქთა ქრისტიანეთაი აღწყვედაი ტაძარსა შენსა, სისხლისა წყურილითა აღგზებულნი გარე–მოეწყუნენ აღდგომისა ღამესა, გარნა გამოჩნდი შენ, ახოვანი ეგე მხედარი ზე–აღმართულითა მახვილითა და განხდიდი რაი შეძრწუნებულთა უსჯულოთა, მიერითგან პატივსა გცემდენ შენ, წმიდაო, და მოგართუმევდენ ძღუენსა, ხოლო ქრისტეანეთა შეგრაცხეს მფარველად ქალაქისა, და მადლიერებისა შენდა შემწირველნი აქებდენ ღმერთსა, განმადიდებელსა შენსა: ალილუია.
იკოსი 12
ძლიერ უყუარდი შენ მამასა ნექტარიოსს, ხელი დაასხეს რაი ბერ–დიაკონად ტაძარსა შენსა, შთასრულსა კუნძულსა ეგინას, სადაცა დაამკვიდრა დედათა სავანეი, გამოუჩნდი საკვირველად, და ამცნეს: „კუნძულსა ამას არს ყოველთაგან დატევებული მცირეი ტაძარი წმიდისა მინაისა“, და მოილოცა რაი დედათა თანა, წინაისწარმეტყველა აღორძინებაი სავანისაი, და თქმული მისი აღესრულა რაი შემდგომად ორმეოცისა წლისა, მუნ მოღუაწენი დედანი მარადის გიგალობენ და გაქებენ, ვითარცა მფარველსა თვისსა:
გიხაროდენ, ვნებათა შენთა კეთილ–კრძალულებითა მომხსენებელთა მფარველო;
გიხაროდენ, მსგავსად დავითისა უცხო–თესლთა დამცემელო;
გიხაროდენ, მტერთა ზედა–დასხმისა და სიკუდილისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ბარბაროსთა ბოროტთა ზრახვათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, რამეთუ უმსჯავროდ დევნულსა წმიდასა ნექტარიოსს ნუგეშინისცემდი საუფლოითა ბჭობითა:
გიხაროდენ, რამეთუ გიხილეს დედათა ახოვანი ეგე მხედარი, თანა–მზრახვალი საყუარელისა წინამძღურისა თვისისა;
გიხაროდენ, რამეთუ ჰკითხვიდენ რაი ვინაობასა შენსა წმიდასა ნექტარიოს ეგინელსა, ეტყოდათ: `წმიდაი მინა არს~, და დიდითა სიმდაბლითა თვისითა ევედრებოდა დაფარვასა;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 13
ჰოი, წმიდაო და ყოვლად ქებულო დიდ–მოწამეო მინა, ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, შეიწირე კნინი ესე და უღირსი გალობაი ჩუენი, და მეოხ გუეყავ მისა მიმართ, დააცხროს რისხუაი ცოდვათათვის ჩუენთა, და აღგვაორძინოს სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, რაითა მშვიდობითა და ღმრთისმოსავობითა განვვლოთ დღენი ცხორებისა ჩუენისანი და ზეცისა სავანათა შინა ღირს ვიქმნნეთ ქებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ:
იკოსი 1
მრჩობლი ღუაწლი აღასრულე ქუეყანასა ზედა ქრისტეისთვის, წმიდაო მინა, – ანგელოზებრივი – უდაბნოსა შინა, და მარტვილებრივი – სისხლთა დათხევითა, და მრჩობლთაცა გვირგვინთა ღირს იქმენ რაი მოღებად ღმრთისაგან, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, წარჰმართოს ცხორებაი ჩუენი მცნებათა მიმართ მისთა, რაითა ყოველთა სათნოებათა შინა წარვემატოთ და ღირს ვიქმნნეთ შეწირვად შენდა გალობისა:
გიხაროდენ, ნათელო შარავანდედო სიმართლისა მზისაო;
გიხაროდენ, მჭურეტელო სამბრწყინვალისა ღმრთისა დიდებისაო;
გიხაროდენ, მისგან მომღებელო დიდმოწამისა გვირგვინისაო;
გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოისა მხედრობისაო;
გიხაროდენ, მაჩვენებელო ღმრთისმოსავობისა ხატისაო;
გიხაროდენ, მოშურნეობითა დამცველო მართლსარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, უხრწნელთა ნაწილთა შენთა მიერ განმასულნელებელო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, რჩეულო სამკაულო ქრისტეს წმიდისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
კონდაკი 1
ქებით შეგამკობთ, ვითარცა ქრისტეს ახოვანსა მხედარსა და მხნესა მოწამესა, და გევედრებით: შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა წმიდა ჰყოს გულისსიტყუაი და სული ჩუენი, ნეტარო, და განსდევნოს წყუდიადი ცოდვათა და ვნებათა ჩუენთა, რაითა ვიხსნეთ ეშმაკის მახეთაგან და სავსენი მადლიერებითა ღირს ვიქმნეთ შესხმად და გალობად შენდა: გიხაროდენ, სასწაულთმოქმედო და მსწრაფლშემწეო, დიდმოწამეო მინა!
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო დიდო მოწამეო მინა, რჩეულო ღმრთისაო და მისთვის თავსმდებელო სიკუდილისაო; ეკლესიისა სიმტკიცეო და მფარველო და შემწეო ერთგულთა შვილთა მისთაო; ეგვიპტისა სიქადულო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო; მართლმადიდებელთა მხედართა შემწეო და დამთრგუნველო ბოროტებისაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!
ჰოი, ჭეშმარიტად ნეტარო მოწამეო, ღუაწლისა–მძლეო მინა, ქუეყანასა ზედა ღმრთისმოსავობისა ხატი აჩვენე რაი მორწმუნეთა, მარტვილებრივითა აღსასრულითა შენითა სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცეი დაამოწმე და დიდებისა უხრწნელი გვირგვინი მოიღე რაი ხელთაგან ქრისტეისა, აწ ზეცას იხარებ უხორცოთა და მარტვილთა თანა და გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა, და განგვარინოს ცოდვათა და უძლურებათაგან სულთა და ხორცთაისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი. კეთილმორწმუნენი მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობაი და კეთილისმყოფლნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჰოი, მრავალვნებათა დამთმენელო, ქრისტეს ახოვანო მხედარო და მოწამეო მინა! სრბაი შენი ბრწყინვალედ აღასრულე და ძლევაშემოსილი წარსდეგ რაი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა მეოხ გვექმენ მისა მიმართ, რაითა არა განგვსჯოს უსჯულოებათა ჩუენთაებრ, არამედ დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედა–მოსლვისა, ძმათა–შორის ბრძოლისა, მოულოდებელისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა; მოგვმადლოს ნაყოფიერებაი მიწისაი, ქუეყნისა მშვიდობაი, და ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი, რაითა ჟამსა მას შინა განსჯისასა განგვერნეთ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა და ზეცისა სასუფეველსა შინა შენთანა ვადიდებდეთ მამასა, ძით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდმოწამისა მინაისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა. 2025წ.
წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება.
უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. წარმართი მსაჯულის წინაშე მან გაბედულად განაცხადა – აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველანი უსჯულოებაში მემხილებინეთო. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (+304). უღმრთო ხელისუფალმა მარტვილის წმიდა ნეშტის დაწვა ბრძანა. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, ქრისტიანებმა შეკრიბეს ქრისტეს ახოვანი მხედრის უვნებლად დარჩენილი ნაწილები. მართლმორწმუნეთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეს სიწმიდე დიდმოწამე მინას მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას აგებულ ტაძარში იქნა დაბრძანებული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.