ღმრთისმშობლის ხატი ეკონომისა, ათონის დიდი ლავრა

დაუჯდომელი საგალობელი ღმრთისმშობლის ხატისა „ეკონომისასი“ ანუ „მაშენებელისა“

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

კონდაკი 1

გამოუთქუმელსა დედობრივსა მოწყალებასა შენსა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი, შესხმით შევამკობთ დიდებულსა ამას ხატსა შენსა „ეკონომოსად“ წოდებულსა, და გევედრებით: ნუ განგვაშორებ საფარველსა შენსა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა შენდა მომართ დაგვიძს სასოებაი ჩუენი და არა დავსცხრებით გალობად შენდა: გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

იკოსი 1

ანგელოზთა დასნი ცათა შინა და ათონისა მთისა მონაზონნი ქუეყანასა ზედა დაუცხრომელად უგალობენ ყოვლად დიდებულსა ხატსა ამას შენსა, რომელი ბრწყინავს ურიცხუთა საკვირველებათა მიერ და ყოველთა მისდამი შევრდომილთა აღავსებს მადლითა, აწცა ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩუენსა და მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა შეწევნითა შენითა ვიქადდეთ და გაქებდეთ სურვილითა:

გიხაროდენ, გამოუთქუმელად მშობელო კაცთა მხსნელისაო;

გიხაროდენ, საფუძველო საღმრთოისა სჯულისაო;

გიხაროდენ, ცხოველსმყოფელო წყაროო დაულევნელისა მადლისაო;

გიხაროდენ, მყუდროო ნავთ-საყუდელო და მეოხო ყოვლისა სოფლისაო;

გიხაროდენ, წინამბრძოლო და მფარველო ათონის დიდისა ლავრისაო;

გიხაროდენ, წმიდისა მთისა იღუმენიავ და შემწეო ბერ-მონაზონთა კრებულისაო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 2

წინა-განგებითა ღმრთისაითა შენდა წილხვდომილი მთაი ათონისაი დაადგინე რაი სამკვიდრებელად ბერთა, მფარველობაი აღუთქვი პირველთა მათ მეუდაბნოეთა, დედოფალო, და დამკვიდრდა რაი ათანასე ბერი წმიდასა მთასა ზედა, იყო ყოვლითურთ უცხოი კაცობრივისაგან დიდებისა, და იღუწიდა რაი სიმდაბლითა, მრავალნი აღძრა ქებად შენდა, და გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 2

ფრიად განითქუა რაი სიწმიდეი ბერისა მის და ძალი საკვირველებათაი, მრავალნი მიიღებდენ წმიდათა ლოცვათა მისთა, და იქმნებოდენ რაი მონაზონ, დაუცხრომელად იღუწიდენ და ადიდებდენ ღმერთსა, რომელმანცა მოსცა მათ ესევითარი წინამძღუარი და მამაი, და საღმრთოთა მათ საქმეთა მოსწრაფენი გმადლობდენ შენ, ღმრთისმშობელო, და გნატრიდენ წადიერად:

გიხაროდენ, სხივცისკროვანო მზეო, მორწმუნეთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სიყუარულისა გამომავლინებელო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სიწმიდისა განმავრცობელო;

გიხაროდენ, რწმენით შევრდომილთა განმამტკიცებელო;

გიხაროდენ, ვნებათა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, დედობრივითა მეოხებითა მრავალთა მწყალობელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 3

იწყეს რაი მოსაგრეთა მისლვად და განმრავლებად, აღაშენა სენაკნი და ეკლესიაი ღირსმან ათანასი, და კეთილად განაგებდა სამწყსოსა თვისსა, გარნა მიიწია სიყმილი წმიდასა მთასა ზედა, და ვერა წინაღუდგენ რაი ძმანი იგი იწროებასა, განივლტეს ათონითგან, და ღირსიცა იგი წარემართა რაი განგებულებითა საღმრთოითა, ცრემლთა დათხევითა გევედრებოდა შეწევნასა და ადიდებდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

ზეგარდამო მსმენელმან ლოცვისამან, სიტკბოებითა მოხედე რაი ნეტარსა მას, ქალწულო, წინა შეემთხვიე უდაბურსა მას ტყესა შინა და რქვი: „სადა არს სარწმუნოებაი შენი, მოღვაწეო? უკეთუ საზრდელისათვის დაუტევებ სავანესა მას, რომელსაცა ელის განდიდებაი ყოველსა ქუეყანასა ზედა“, და უბრძანე რაი უკუქცევაი, აღუთქვი შეწევნაი და მეურვეობაი სავანისაი, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეგვიწყალე ჟამსა შეჭირვებისასა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და ჯერისაებრ ვაქებდეთ სახიერებასა შენსა:

გიხაროდენ, ვნებათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისაითა აღმხელელო;

გიხაროდენ, უძლურთა განმაძლიერებელო და განრღვეულთა აღმადგინებელო;

გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველო;

გიხაროდენ, სინანულისა შემწირველო და ცოდვათა აღმხოცველო;

გიხაროდენ, მდაბალთა ამამაღლებელო და მზვაობართა დამცემელო;

გიხაროდენ, ცეცხლისაგან დამცველო და მწუხარებათა დამხსნელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 4

ჰგონებდა რაი ბერი იგი ზაკუვასა მას ეშმაკისასა, გკითხვიდა ვინაობასა შენსა, და ეტყოდი: „მე დედაი ვარ უფლისა შენისაი“, და უბრძანე, რაითა კუერთხი სცეს კლდესა, და აღმოსცენდა რაი წყაროი სიტყვითა შენითა, დედოფალო, ეწადა შევრდომაი შენდა, გარნა უჩინოი იქმენ მეყსეულად, და განკვირვებული გმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 4

სიხარულითა აღავსო ბერი იგი დიდებულებამან აღთქუმისა შენისამან, დედოფალო, და უფროის განცვიფრდა, იხილა რაი ბეღელი იგი სავსეი პურითა, და აჰა, სხუანიცა ძმანი უკუნ-იქცენ, და გმადლობდენ მფარველობისათვის მათისა, აწ ჩუენცა აღგვიხილნე თუალნი სულიერნი, რომელნი ესე წარდგომილ ვართ წინაშე ხატისა შენისა, რაითა არა ვიქცეოდეთ უღმრთოთა წესისაებრ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, ყოვლისა კეთილისა მიზეზო და საღმრთოისა სიხარულისა მომცემელო;

გიხაროდენ, მშობელო, შეცთომილთა მომძიებელო და დაცემულთა აღმმართებელო;

გიხაროდენ, ათონასე ათონელისათვის მოწყალებათა აღთქუმისა დამდებელო;

გიხაროდენ, ბერისა მის და ყოვლისა საძმოისა სიყმილისაგან დამცველო;

გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან განმარინებელო;

გიხაროდენ, წყევისა დამხსნელო და კურთხევისა მომნიჭებელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 5

ვითარცა აღუთქვი ღირსსა ათანასის, ყოვლადწმიდაო, თვით მოენიჭე ეკონომისად და მმართებლად სავანესა მისსა, და ჭირთა და იწროებათა შინა მრავალგზის აჩვენე ძალი შეწევნისა შენისაი, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეგვიწყნარე, და უხუად განგვიმრავლე ნაყოფი ცხორებისაი, რაითა გარე-შეუწერელი წმიდაი სამებაი ვიცნათ ჭეშმარიტებითა და ღაღად-ვჰყოთ: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა“: ალილუია.

იკოსი 5

საკვირველთა მათ ნიშ-სასწაულთა შენთა მქადაგებელ იქმნა რაი ღირსი ათანასი, წმიდაი ხატი შენი გამოსახეს შემდგომთა მისთა მოწესეთა, ვითარცა ნიში უხილავად მუნ მყოფობისა შენისაი, რაითა წინაშე მისსა მუხლთდრეკითა შევრდომილნი გევედრებოდენ ხსნასა და შეწევნასა, და ლხინებისა მიმღებელნი გმადლობდენ შენ, დედოფალო, და აქებდენ დედობრივსა გულმოწყალებასა შენსა:

გიხაროდენ, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მოძულეთა მამხილებელო;

გიხაროდენ, საღმრთოისა ბრძანებისა ურჩ-ქმნილთა გონიერ-მყოფელო;

გიხაროდენ, დაუშრეტელო სანთელო, ბნელსა შინა მსხდომარეთა და უსასოთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, შენდამი შევედრებულთა საპყრობილეთა და საკრველთაგან განმათავისუფლებელო;

გიხაროდენ, დაშრეტილთა თუალთა აღმხელელო და მწუხარეთა ტანჯვისა აღმასუბუქებელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 6

სათნო იჩინე რაი განმგებლობაი დიდისა ლავრისაი, ქალწულო, თავს-იდევ ყოველი ზრუნვაი მისთვის, ვითარცა მეურვემან, და ზეთი, იფქლი და საზრდელი მრავალგზის განუმრავლენ მკვიდრთა მისთა, რომელთაცა გამოგსახეს საყდარსა ზედა მჯდომარეი ღმრთეებრივითა ყრმითა, და გარემოი შენსა ათორმეტნი წმიდანი სასოებითა თაყუანის-გცემენ, და ადიდებენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

მოუკლებელად შეეწეოდი რაი განსაცდელთა მიერ გარე-შეცულთა, დედოფალო, „ეკონომისა“ უწოდეს ხატსა შენსა, და შეწევნასა ევედრებოდენ რაი მას ზედა გამოსახულთა ათანასე ათონელსა და მიქაელ სინაიდელსა, მხურვალედ შეუვრდებოდენ იოანე ნათლისმცემელსა და სიმეონ ღმრთისმიმრქმელსა, ვინაიცა მთავარანგელოზთა თანა სასოებითა თაყუანის-გცემენ, უბიწოო, და დიდმოწამეთა – გიორგისა და დემეტრეისა თანა ქებით შეამკობდენ პირველმოწამესა სტეფანესა, და ჰნატრიდენ რაი ღუაწლსა კეთილმსახურთა მათ მეფეთა – იოანე ციმისხისა და ნიკიფორე ფოკაისასა, გიგალობდენ და გნატრიდენ შენ, ვითარცა უზესთაესსა განმგებელსა:

გიხაროდენ, მთაწმინდის უდაბნოსა შინა სულიერისა სამოთხისა დამნერგველო;

გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა მოღუაწეთა მიერ სამწყსოისა შენისა კეთილად დამწყსველო;

გიხაროდენ, წმიდისა მის მთის საღმრთოითა ზრახვითა მომლოცველთა მწყალობელო;

გიხაროდენ, სულის ცხონებისა მნებებელთა თანამბრძოლო და მფარველო;

გიხაროდენ, ურწმუნო კაცთა სარწმუნოებად მომაქცეველო;

გიხაროდენ, სასოებითა შევრდომილთა მიურულებელო მცველო და ზედამდგომელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 7

კეთილად მსახურებითა ზესთა საკვირველისა მის ხატისა შენისაითა განსცხრებოდენ მამანი ლავრისანი, დედოფალო, და სიხარულითა აღვსილნი იქადოდენ, ვითარცა მქონებელნი საუნჯისაი, და შენცა აღხოცდი მჭმუნვარებასა მათსა, რომელნი შენ მიერ სასოებდენ ნუგეშინისცემასა, და უგალობდენ ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

ვითარცა ბრწყინვალეი სამკაული, მიანიჭე რაი ხატი თვისი ძუელთა მათ მოსაგრეთა ათონისათა, განაწესეს დღესასწაული მისი ღირსისა ათანასეს ხსენებასა, და ყოველნი მისდა შევრდომილნი, მხურვალედ ითხოვდენ რაი მადლსა და კურთხევასა, შენცა იფარვიდი მათ და აღუსრულებდი კეთილთა სათხოვართა, რაისთვისცა „მაშენებელსა“ გიწოდდენ შენ, ღმრთისა დედაო, და მოგიძღუნიდენ სამადლობელსა გალობასა:

გიხაროდენ, ხატო საკვირველო, დიდებითა საღმრთოითა გაბრწყინვებულო;

გიხაროდენ, მრავალთა შეჭირვებულისა ცხორებისა განმმართებელო;

გიხაროდენ, სულთა და ხორცთა სიყმილისა დამხსნელო;

გიხაროდენ, ყოველსა ქუეყანასა შარავანდედისა განმფენელო;

გიხაროდენ, პირთა მიერ ხატისა შენისაითა ყოვლისა სოფლისა განმაშუენებელო;

გიხაროდენ, ხედვითა ბრწყინვალისა ხატოვნებისა შენისაითა ჩუენ ყოველთა დამატკბობელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, ღმრთისმშობელო, ცხორებისა ჩუენისა კეთილად განმგებელო!

კონდაკი 8

ვითარცა ხარი შენ მწეი ჭირვეულთაი და წყაროი კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთვე საკვირველთმოქმედსა მას ხატსა შენსა აქუს მადლი შეწევნისაი ძისა მიერ შენისა, და აწ ჩუენცა, მხედველნი მადლისანი, რომელი მოგვეფინება წმიდათაგან პირთა მისთა, განვსცხრებით სიხარულითა და ვადიდებთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

ურიცხუთა სასწაულთა მიერ ბრწყინავს ყოვლად პატიოსანი ხატი ეგე შენი ათანასეს დიდსა ლავრასა, და მის მიერ ახარებ რაი მწუხარეთა და ნუგეშინისცემ უპოვართა და გლახაკთა, აწ ჩუენცა ვისწრაფვით შეწირვად ვედრებათა ჩუენთა, რაითა მშვიდობითა განგვარინო სოფლისა ღელვათაგან, და წყალობაი უშურველად აღმოგვიცენო ყოველთა მოსავთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;

გიხაროდენ, მაშვრალთა განმსუენებელო და ჩაგრულთა მწყალობელო;

გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მსაჯულთა მარცხვენელო;

გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მხედრობათა მაკურთხეველო;

გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და მშიერთა გამომზრდელო;

გიხაროდენ, ყოვლისაგან მანქანებისა საეშმაკოისა გამომხსნელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 9

ფრიად განითქუა რაი საკვირველი ეგე ძლიერებაი და მაკურნებელი ძალი ცხოველსმყოფელისა მის წყაროისა, ჟამსა შეჭირვებისასა მრავალნი მიისწრაფდენ სუმად მისა, და მხურვალედ გევედრებოდენ რაი შეწევნასა, არცა-ვის დაუტევებდი შეუწევნელად, და მოიღებდენ რაი ხსნასა და ლხინებასა, გმადლობდენ შენ, უბიწოო, და ადიდებდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

ხედვიდენ რაი მამანი კურნებათა, რომელთაცა აღასრულებდი ადგილსა მას გამოცხადებისა შენისასა, აღაგეს მუნ მცირეი ტაძარი „ცხოველსმყოფელისა წყაროისა“, და გამოსახეს ხატსა ზედა, თუ ვითარ გამოეცხადე ათანასე ბერსა, და დააბრძანეს რაი ტაძარსა, ვიდრე აქამომდე მომლოცველნი დიდისა ლავრისანი მიივლტიან მუნ სასოებითა, რაითა იხუმიონ წმიდაი წყალი იგი, და გალობითა შეუვრდენ ხატსა მას შენსა, ცხორებისა და ხსნისა მომცემელსა:

გიხაროდენ, საკვირველთმოქმედისა მის ხატისა მიერ შენისა დედობრივისა სიტკბოებისა მარადის აღმომადინებელო;

გიხაროდენ, სიყუარულითა შენდამი შემოწირულისა ლოცვისა მოწყალებითა მიმღებელო;

გიხაროდენ, ვნებულთა ნუგეშინისმცემელო და უძლურთათვის სიმრთელისა მიმცემელო;

გიხაროდენ, მოწყლულთა და განრღვეულთათვის კურნებისა მიმნიჭებელო;

გიხაროდენ, დაღრეკილთა და მკელობელთა მავლინებელო;

გიხაროდენ, უნაყოფოთათვის შვილიერებისა აღმდგენელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 10

ეჰა, საკვირველი სახიერებაი შენი, დედოფალო, რამეთუ დაუშრეტელთა სხივთა მიერ მადლისა შენისათა განსდევნი რაი წყუდიადსა მას უსჯულოებისა და უმეცრებისასა, აწ ჩუენცა ხელთა შენთა შევვედრებთ ყოველსა ცხორებასა ჩუენსა, რაითა განაგო იგი ნებისაებრ შენისა, და გვიხსნა ყოვლისაგან იწროებისა და კუეთებისა, რომელნი ხატსა მას შენსა მხურვალედ შევიტკბობთ და მადლსა და დიდებასა შევსწირავთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10

ვუწყით რაი მოწყალებათა შენთა სიმრავლეი, ღმრთისმშობელო, ვღაღადებთ წადიერად: ვითარცა ხარი შენ მცველი და შუამდგომელი ხატისა მიმართ შენისა შევრდომილთა, ეგრეთვე აწ მრავალთა პირთა მიერ ხატისაითა კუალად იქმ სასწაულთა მრავალფერთა – სნეულთა ჰკურნებ, სულთა არაწმიდათა განსდევნი და იცევ შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, სასწაულთა ცნობათა უაღრესთა ძალითა მაღლისაითა განცხადებულად მომნიჭებელო;

გიხაროდენ, შეცდომილთა ქრისტეს სარწმუნოებად მომაქცეველო;

გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა საჭურველო და ბოროტმადიდებელთა ზრახვათა განმდევნელო;

გიხაროდენ, ერთგულთა გონებისა განმაბრძნობელო;

გიხაროდენ, უდაბნოთა და ქუაბთა შინა მოსაგრეთა განმამხნობელო;

გიხაროდენ, ეშმაკთა ძალისა შემმუსრველო და ხელთაგან მისთა გამომხსნელო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 11

საკვირველად ბრწყინავს რაი წმიდაი ხატი შენი ათონითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა, ჩუენცა სასოებაი დაგვიძს შენდამი მსგავსად მკვიდრთა მისთა, და გევედრებით, ვითარცა წილხვედრნი შენნი, დაგვიფარე დაგლახაკებისაგან და წარწყმედისა, რაითა სავსენი მადლიერებითა არა დავდუმნეთ ქებად შენდა და გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 11

ყოვლად დიდებული ხატი შენი ზღუდედ დაურღვეველად გვაქუს რაი მორწმუნეთა, არა ხოლო თუ შენ, დედოფალო, არამედ მასზედა გამოსახულნი ანგელოზნიცა წმიდათა მამათა და მოწამეთა თანა ყოველთა ვედრებისა მათისაებრ მიჰმადლებენ კეთილთა სათხოვართა, და აჰა, საზეპუროი ერი ჩუენი კუალად მოუცავს განსაცდელთა და ჭირთა სიმრავლესა, და უწყი რაი შეჭირვებაი ჩუენი, გვიხსენ მძლავრებისაგან ურიცხუთა მტერთა და ორგულთაისა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და გნატრიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, დიდებაო და სამკაულო ათონის მოწესეთა ბერთაო;

გიხაროდენ, მტკიცეო ზღუდეო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;

გიხაროდენ. მეფეთა და მთავართა ძლევაო და უძლეველო საჭურველო მხედართაო;

გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო და სასოებაო ყოველთა ტვირთმძიმეთაო;

გიხაროდენ, შესავედრებელო ჩუენო და მეოხო მარადის მოსავთა შენთაო;

გიხაროდენ, შემწეო და თანამბრძოლო მართლმორწმუნეთაო;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 12

წმიდაი ხატი ესე შენი მოგვიგიეს რაი საკრველად სიმტკიცისად, გქადაგებთ შენ, ვითარცა ტკბილსა განსასუენებელსა დამაშვრალთა და ტვირთმძიმეთასა, და გევედრებით, დედოფალო, წარგვიმართე გზასა მას კეთილსა და უცთომელსა, რაითა სინანულმან ჩუენმან განსაცდელი იგი დაქცევისაი დახსნას, მსგავსად ნინეველთაისა, და ქრისტეის მცნებათა დამცველნი არცაღა დავსცხრეთ ქებად და დიდებად მისა: ალილუია.

იკოსი 12

ვითარცა ხარი შენ მიურულებელი მცველი და იღუმენი წილხვედრისა შენისა – ათონისა, და კეთილად განმგებელი ათანასეს დიდისა ლავრისა, რომელთაცა მიჰმადლე „ეკონომისად“ წოდებული ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა, აწ ჩუენცა გარდამოგვივლინე მადლმოსილი შეწევნაი შენი, დედოფალო, და დაეც მხდომნი და წინააღმდგომნი ქრისტეანობისა, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფარე ყოვლისაგან წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, და მკვიდრნი მისნი ყოვლისაგან ძვირისხილვისა, რაითა უვნებელად დაცულნი ვიქადდეთ და გნატრიდეთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, მხოლოო დედაო ჯოჯოხეთისა შემმუსრველისაო, რომელმანცა ქუეყანისანი ზეცისა უსხეულოთა შეაერთენ;

გიხაროდენ, ხატო საკვირველო, რამეთუ უმცხინვარეს მზისთუალისა წარმოუჩნდი ათონსა, ხელთა ზედა დედობრივთა მტვირთველი, ქრისტეის, სოფლისა შემოქმედისა;

გიხაროდენ, რამეთუ ყოველმან ათონმან დაიუნჯა წმიდაი ხატი შენი, ვითარცა განმგებელი დიდისა ლავრისაი;

გიხაროდენ, კიბეო ზეცად აღმართებულო, რამეთუ „ეკონომისად“ წოდებული ხატი შენი ქუეყანით ზეცად მიგვზიდავს;

გიხაროდენ, ტკბილო და სახიერო ნუგეშო ჩუენო, რამეთუ ხატი ეგე შენი იქმნა სნეულთა და უძლურთათვის, ვითარცა წყაროი უკუდავებისაი;

გიხაროდენ, მადლთა და წყალობათა საღმრთოთა საუნჯეო, რამეთუ შენდა მომართ მოლტოლვილ ვართ, ვითარ დღეკეთილობათა შინა, ეგრეთვე იწროებათა შინა ცხორებისათა;

გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო დედაო ჩუენო, კეთილად განმგებელო ცხორებისა ჩუენისაო!

კონდაკი 13

ჰოი, ზესთა საკვირველო და დიდებულო ღმრთისმშობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ! მიითუალე გალობანი ესე ჩუენნი, რომელთაცა შენდა შევწირავთ სასოებითა და საცთურებასა და ჭირთა სახუმილსა შინა ჩუენცა გუასხურე ცუარი მადლისა შენისაი, რაითა ჟამსა მას განსჯისასა დაუსჯელად დაცულნი, მარადის ვიშუებდეთ ძალთა თანა ზეცისათა და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის; შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინიმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხოვრებაო და ყოველთა ქრისტიანეთა შემწეო და შესავედრებელო!

ჰოი, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო „ეკონომისა“, დედაო იღუმენია ათონის სავანეთაო, მიითუალე აწ ლოცვაი ჩუენი და შესწირე ღმერთსა, რაითა გარე-მომზღუდოს ჩუენ ცოდვათაგან და დაგვიცვას ჟამსა ურვისა და შეჭირვებისასა, ხოლო მონაზონთა უკანაისკნელისა ამის ჟამისათა გარდამოუვლინოს სიმხნეი სულისაი და სიწმიდეი გულისაი, რაითა უგულისხმოებითა ცხორებისაითა არა ემსგავსონ კაცთა მათ ერისაგანთა, და არცა სრულიად დაინთქნეს გულნი მათნი ამაოებასა შინა ამა სოფლისასა, ვითარ წინასწარმეტყველეს მამათა, არამედ უვნებელად დაიცვას ყოველნი და წარმართოს ხსნისა მიმართ. ყოვლადძლიერითა მადლითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი), დღეგრძელობითა დაიფარე მწყსად ერისა ჩუენისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა და სიწმიდითა. განანათლე ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, და ყოველნი მოწესენი ეკლესიათანი, რომელნი სიმდაბლისა ცხორებითა იქცევიან, და ქრისტეის მოყუარენი ერისკაცნი დაიცევ ოხითა შენითა.

ჰოი, ღმრთივსახიერო დედაო ჩუენო, ქალწულო ღმრთისმშობელო, აწ თანა-შემწე ექმენ წილხვდომილსა ერსა შენსა მადლითა მით ხატისა შენისა – „ეკონომისად“ წოდებულისაითა, და დაიცევ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ხოლო ჩუენ მომზღუდველ გვექმენ ვნებათაგან და ნუგეშინისმცემელ ჭირთა და იწროებათა შინა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და მომავალსაცა მას საუკუნესა ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა ნათელსა შინა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, რომელსა შუენის დიდებაი და ძლიერებაი თანა მამითა, და ყოვლადწმიდითა სულითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა