მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 7
მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი ძალისაებრ მათისა, გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
დიდებაი… (იგივე) აწდა…
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო… 50 ფს
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1 გუერდი
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ჰრქუა ქრისტემან საყუარელთა თვისთა, სიტყუა ცხორებისაი რაჟამს დაუწინდა თაბორს, სასუფეველი საღმრთოი, გულის ხმა ჰყავთ, ვითარმედ მამაი ჩემ თანა არს, ოდეს მიხილოთ განბრწყინუებულად, მიგალობდით სიხარულით, რომელიცა დიდებულ ვარ.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
მოსე წინაისწარმეტყველმან ზღუასა შინა პირველად, იხილა დიდებაი უფლისაი და ღრუბელსა შინა, სუეტი ცეცხლისაი და ღაღად ჰყო, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაფარულ იყო ხორცთა შინა, ვითარცა კლდესა შინა, და იხილა უხილავი იგი, მოსე მხილუელმან ღმრთისამან და ღაღად ჰყო, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ქრისტე მთასა სინასა, და მთასა თაბორსა, ეჩუენე პირველ მოსეს ნისლსა შინა, ხოლო აქა ნათელსა შინა და ღაღად ჰყო, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ, სიყუარულსა შენსა, თაო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
დიდებაი იგი, რომელი აგრილობდა პირველად, კარავსა მას და მოსეს მსახურსა შენსა ზრახვიდა, იგავი იყო, ფერის ცვალებისა შენისა ელუარისა, ქრისტე ღმერთო, მთასა ზედა თაბორსა.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
აღვიდეს რაი შენ თანა, ძეო ღმრთისაო მხოლოდ შობილო, თავნი იგი მოწაფეთანი მთასა ზედა თაბორსა, და წინაშე შენსა დადგეს მოსე და ელია, ვითარცა, მონანი შენნი სარწმუნონი, მხოლოო კაცთმოყუარე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ქრისტე – უდაბნოს წინა მძღუარი სუეტითა ცეცხლისაითა და ღრუბლითა ისრაელთა, ნათლითა გამოუთქმელითა, დღეს განბრწყინდა მთასა თაბორსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ ღმერთი სრული, ყოვლით კერძო და იქმენ სრულ კაც, და შეიერთე კაცებაი ჩუენი შეურევნელად ღმრთეებასა შენსა, და იპოვე ორი ბუნებაი, რომელიცა იხილეს მოსე და ელია, მთასა ზედა თაბორსა.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ელიასათვის და ყოვლადუსამღდელოესისა (მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი… განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 4; დაუკვირდა იოსებს.
მთასა ზედა თაბორს ფერი იცვალე, იესო, შორის მოსე და ელიაისა ყოვლად ბრძენთა, იაკობ პეტრე და იოანეთურთ, ხოლო პეტრე გულისხმის-მყოფელი ესრეთ გეტყოდა შენ, კეთილ არს ქმნად აქა სამთა ტალავართა, ერთი მოსეს და ერთი ელიას, ხოლო ერთი შენ, მეუფესა ქრისტესა, რომელმანცა მაშინ აღმოუბრწყინვე მათ ნათელი შენი, აწ ბნელი უღმრთოთაი განხადე და განანათლენ სულნი ჩუენნი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
პირველ ჯუარცუმისა შენისა, უფალო, მთაი, ცათა მობაძავი, ღრუბლისა ტალავრითა სავსე იყო. რაჟამს შენ ფერი იცვალე და მამისა მიერ იწამე, მუნ იყო პეტრე იაკობითურთ და იოანე, რომელნიცა თანა-ყოფად იყვნეს ჟამსა მას ვნებისა შენისასა, რაითა იხილონ საკვირველებაი შენი და არა შეორგულდენ ვნებასაცა შენსა, რომელსა ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რაითა მშვიდობით თანა-მავალ მეყოს ჩუენ დიდი წყალობაი შენი..
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: გუამით შენით გამობრწყინდეს ისარნი ნათლისანი, და თავთა მათ წინაისწარმეტყველთა და მოციქულთა ოდეს გიხილეს, შეძრწუნდეს და ღაღადებდეს: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
შენ რომელმან, დაიცევ შეუწველად მაყუალი მოტყინარეი, კუალად აქა, მოსეს უჩუენე ბრწყინვალეი ხატი შენი და ღაღადებდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
დაიფარა მზემან ნათელი ბრწყინვალებისაგან შენისა, ოდეს იგი გიხილა შენ თაბორს ღმრთეებრ ფერისცვალებად, იესო ღმერთო ჩუენო, დიდებაი ძალსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გამოჰბრწყინდი მთასა ზედა თაბორსა ნათელი ჭეშმარიტი საშინელებითა ღმრთეებისა შენისაითა შორის მოციქულთა და აღდგომაი შენი პირველვე აუწყე, რაითა უჩუენო სოფელსა შენი საკვირველთ-მოქმედებაი, ქრისტე ღმერთო, დიდებაი ძალსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცეცხლმან, რომელმან, არა შეწუნა ხორცნი ესე კაცობრივნი, ეჩუენა დღეს, საშინელად მოსეს და ელიას ფერის-ცვალებასა, და მოწაფეთა, ორითა ბუნებითა სრულითა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ნუ სადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ბუნებაი უცვალებელი, შეზავებული კაცთა, მოციქულთა ეჩვენა ნათლითა უსხეულოთა ღმრთეებრ, გამოუთქმელად, და მცხინუარედ განანათლა.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ენაი ესე მეტყველი, ვერ შემძლებელ არს მითხრობად საკვირველებათა შენთა, ქრისტე, ვითარცა ხარ, მფლობელი ცხორებისა და სიკუდილისა, გამოუბრწყინდი მოსეს და ელიას მთასა ზედა თაბორსა, რაითა სწამოს ღმრთეებაი შენი გამოუთქუმელი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ, უფალო, დაბადე ხელითა უხილავითა კაცი ხატად შენდა, და შუენიერებაი პირმშოი გამოაჩინე ქმნულსა შორის შენსა, არათუ იგავით, არამედ თავისა თვისისა მიერ, რომელი ეგე იწოდე ღმერთად და კაცად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეურევნელად შეიერთე, და გამოგვიბრწყინუე ჩუენ ცეცხლი, ღმრთეებისა შემწუელი ცოდუათა, და განმანათლებელი სულთა ჩუენთა და თავნი იგი მოწაფეთა შენთანი ზარ განხდით ჰყუენ მთასა ზედა თაბორსა.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო მაცხოვარო ჩემო.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
აღჰხედ რაი, ქრისტე, მთასა თაბორსა, ფერი იცვალე, და კერპთა საცთური განსდევნე ნათლითა შენითა, ხოლო ჩუენ მოგუხედნე წყალობითა და ერი ჩუენი ჰყავ წილხვედრად ყოვლად წმიდისა დედისა შენისა.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ჰოი, ვითარი სახილავი, უცხოი და საშინელი იხილვა დღეს ზეცით მზე ხილული, და ქუეყანით უსაზღუროი, მთასა ზედა თაბორსა, მზე სიმართლისა განბრწყინდა საკვირველად. აწ დაიცევ ეკლესიაი შენი და მოეც ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
წარხდა სახე სჯულისა, უძლურისაი, და გამოჩნდი რაი ქრისტე, ჭეშმარიტი უფალი, ღაღად ჰყო მოსე თაბორს, რაჟამს იხილა შენი მიუწთომელი და უხილავი ღმრთეებაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სუეტი ცეცხლისაი მოსეს, პირველ სახედ ფერის ცვალებისა, და ღრუბელი ნათლისა, მადლისა წილ სულისა, რომელი აგრილებდა მთასა თაბორსა, მოესწავნეს ღმრთივბრწყინვალედ.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და რაოდენ ძალ ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაი შენი უჩუენე, რაითა რაჟამს იხილონ ჯუარცმაი შენი და გულისხმა-ჰყონ, ვითარმედ ვნებაი იგი ნებსით არს, და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაი მამისაი.
იკოსი
აღდეგით მედგარნო, და ნუ ყოვლადვე დაცემულ ხართ, დამამდაბლებელნო მიწად სულისა ჩემისანო, გულის სიტყუანი აღიპყრენით, და აღფრინდით სიმაღლედ საღმრთოითა აღსლვითა, და მოვედით და მივრბიოდეთ პეტრეს თანა, და ძეთა ზებედესთა, და მათ თანა თაბორს მთად მივისწრაფოთ, და ვიხილოთ მათ თანა დიდებაი ღმრთისა ჩუენისაი, და ხმაი ვისმინოთ, რომელი იგი ესმა მათ ზეცით გარდამო: „ეგე არს ძეი ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“, და ჰქადაგეს ბრწყინვალებაი მამისაი.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომა სახარებისა; ხმა 4: თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.
მუხლი: შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
მას ჟამსა შინა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაი პირისა მისისაი სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალეიმს. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაი-იღვიძეს, იხილეს დიდებაი მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა, – რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. და ხმაი იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. და ესე რაი იყო ხმაი, იპოვა იესუ მარტოი. და მათ დაიდუმეს და არაი ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო იესო ქრისტე, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო,
გერი: ღმრთეებისა შენისა, მაცხოვარ, მცირედი ოდენ ცისკარი განაშიშულე, შენ თანა აღსრულთა მიმართ მთასა ზედა, და დიდებისა შენისა, რომელი არს სოფლისა, ტრფიალ ჰყუენ იგინი, რომლისათვის ხმობდეს განკვირვებით, კეთილ არს ყოფაი აქა ჩუენდა, რომელთა თანა ჩუენცა ფერისცვალებულსა გიგალობთ მაცხოვარსა ქრისტესა უკუნისამდე.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისითა და ჯუარისა მცხეთისაითა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაითა და ღმრთივბრწვინვალისა სუეტისა ცხოველისაითა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა და წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისა და წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისმძლეთა მეფთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ზეგარდამოითა ხმითა, ღრუბლითა ნათლისაითა, მცხინვარებითა შენითა ქრისტე, სუფევდეს მოციქულნი და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
დღეს ეჩუენა მოწაფეთა, მთასა თაბორსა, უხილავი ღმრთეებაი, ხორცთა შინა განბრწყინვებული, და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შეძრწუნდეს და დაჰსცვივეს პირსა ზედა, ბრწყინვალებისაგან ღმრთეებისა შენისა, რაჟამს გიხილეს მოწაფეთა და ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა თუ მადლით იქმენ ძე ღმრთისა, ქრისტე ღმერთო, არამედ პირველ ჟამთასა იყავ ძეი საყუარელი და კაც იქმენ უქცეველად, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდ წილ აღაგზნა სახუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათვის, გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა, ღაღად ჰყო: აკურთხევდით, ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ღრუბელსა შინა საღმრთოსა დიდებულ იქმნა პირი მოსეისი, ხოლო ქრისტემან მეუფემან შეიმოსა საღმრთოი ნათელი, რომელი იგი მხოლოი არს შემოქმედი ნათლისაი და უღაღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ესმა, უფალო, წამებაი მამისაი შენ ზედა მოციქულთა, და ვერ იკადრეს, მიხედვად ბრწყინვალებასა შენსა, რომელი უზესთაეს იყო ბუნებისა კაცთასა, მაშინ დაჰსცვივეს პირსა ზედა თვისსა, ღაღადებდეს და იტყოდეს: აკურთხევდით, ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ ხარ მეუფე მეუფეთა, შუენიერი უფროის ძეთა კაცთასა, და მთავარი მთავართა ძლიერი დიდებული, ნათელსა შინა მყოფი, რომლისაგან შეძრწუნდეს მოციქულნი, მოსეს და ელიას თანა ღაღადებდეს და იტყოდეს: აკურთხევდით, ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დახსნილობისა ზრუნვანი, დაუტევნეს ქუეყანასა ზედა, თავთა მოციქულთა, კაცთმოყვარე, და შეგიდგეს შენ, ვითარცა წინა მძღუარსა მაღლისა მოქალაქობისასა, ამისთვის ჯეროვნად ღირს იქნეს ხილუად და დიდებისა შენისა და ხმა ჰყუეს: აკურთხევდით, ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი, გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნებსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა, მუცელსა ქალწულისასა და განკაცნა, უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის მორწმუნენო, ღმრთისმშობელსა უბიწოსა გალობით ვადიდებდეთ.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
რაითა აჩუენო განცხადებულად, მეორედ მოსლვაი შენი, ვითარმედ შენ ხარ ღმერთი, მდგომარე ღმერთთა შორის, გამობრწყინვებული მთასა ზედა თაბორსა მოწაფეთა თანა და წინაისწარ მეტყველთა მოსეს და ელიას, რომელნი გალობითა გადიდებდეს ქრისტესა. აწ ხორცთა ჩუენთა ბოროტნი წყლულებანი განჰკურნენ და მძაფრნი სნეულებანი სულისა ჩუენისა.
დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
ჰოი, საკვირველი და მიუწდომელი ხილვაი! რამეთუ იხილეს ოდეს წინაწარმეტყუელთა მათ მოციქულთა თანა მთასა თაბორსა უფროის მთისა სინაისა. რამეთუ მუნ ალი იგი ცეცხლისაი, ხოლო აქა ნათელი ღმრთეებისაი. მუნ მაყუალი, ხოლო აქა ღრუბელი. მუნ მოსე შეშინებული, ხოლო აქა თანამდგომარე და ზრახვისა ზიარი. მუნ მონაი დიდებული, ხოლო აქა უფალი დიდებისაი. მუნ სახეი, ხოლო აქა ჭეშმარიტებაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არა იგი, ვითარ მოსე, გარეშე ხოლო ბრწყინვიდა, არამედ ვითარცა ღმერთი ბრწყინვიდი დიდებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ მოსეის პირი გარეშეით ოდენ ცხებულ იყო დიდებითა. ხოლო შენნი ყოველნი ხორცნი ბრწყინვიდეს, იესუ, და დიდებაი ღმრთეებისაი გაგრილობდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნიდამდე, ამინ.
მახარე სიხარულითა შენითა, მხსნელო, და შემცვალე მე ტრფიალებად, ბრწყინვალებისა შენისა, და შეწუენ ცეცხლითა ღმრთეებისა შენისათა ცოდვანი ჩემნი მწიკულევანნი, და აღმავსე მე, სახიერ, სულითა წმიდითა, რაითა თაყუანის-ვჰსცემდე მრჩობლთა მოსლვათა შენთა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელმან აკმიოს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ხედავს დიდებასა შემოქმედისა თვისისასა, დღეს შეიმკვების ღრუბლითა ნათლისაითა და იხარებს ხმითა მამისაითა. დღეს მოსე რჯულისმდებელი გვირგვინოსან იქმნების წამებითა მამისაითა, რამეთუ რომლისათვის-იგი წინა-აუწყა ისრაელსა, ვითარმედ: „წინაიწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ”.
დღეს თავნი იგი მოწაფეთანი აღმაღლდებიან, რამეთუ იხილეს მიუწდომელი დიდებაი. უკუეთუ ქუეყანისა მეფემან უშინაგანეისთა მსახურთა აუწყის საიდუმლოი თვისი და უხარინ, რამეთუ ღირს იქმნეს ცნობად საიდუმლოსა უფლისა თვისისასა, რომლისაი ქერობინთაიცა შეუძლებელ არს თუალთა შედგმაი.
დაიბეჭდა წამებაი იგი სამთა მათ მოციქულთა მოსეის და ელიაის მიერ, რომელ-იგი დგეს, ვითარცა მონანი, წინაშე უფლისა თვისისა. და თითოეული მათი ჰხედვიდა მოყუასსა თვისსა: წინაიწარმეტყუელნი მოციქულთა ჰხედვიდეს და მოციქულნი _ წინაიწარმეტყუელთა. და მოსლვითა მით მათითა იესუისა გულისხმა-ყვეს მოციქულთა, ვითარმედ იესუ არს, რომელმან დაჰფლა მოსე, და იგივე არს, რომელმან ბრძანა და აღიყვანა ელია.
სიხარულითა აღავსენ, ქრისტე, შენნი მოციქულნი, რამეთუ აჩუენე ზეცით მამისა მიერ ერთარსებაი, რომელმან ძედ შენ გწამა. აწ მოგუხედენ მაღლით, მაცხოვარო ჩუენო, და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი.
მოვედით მორწმუნენო მოსწრაფედ, აღვიდეთ მთასა თაბორსა, ცათა მობაძავსა, და სიწმიდითა დავდგეთ ქალაქსა ღმრთისასა, და ვიხილოთ გონიერად, სამებაი ერთ არსებით თაყუანისცემული, რომელსა მოციქულნი გალობით ადიდებენ.
მიეცით, ერნო, დიდებაი ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელმან მთასა ზედა მოციქულთა უჩუენა მერმისა მის ღმრთეებისა თვისისა გამოცხადებაი. და ჩუენ ხელითუქმნელი ხატი თვისი მოგუანიჭა შესავრდომელად და მფარველად უძლეველად.
სამარადისოისა ნათლისა შენისა გამობრწყინებითა მოციქულნი განაკვირვენ და ხმითა მამისაითა ესენი განამტკიცენ სამებასა ერთარსებასა. გაქებენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და ჩუენცა ვუგალობთ უფალსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა, რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლად-ტკბილო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ხატო და ბრწყინვალებაო მამისაო, თანა სწორო სულისა წმიდისაო, სიხარულო წინაიწარმეტყუელთაო და ახლისა ნათლისაგან განმანათლებელო მოწაფეთა შენთაო, სინანულისა შემწირველო ცოდვილთა მოქცეულთაო და გვირგვინო შემამკობელო ყოველთა წმიდათაო, კაცთ-მოყუარებით მაცხოვარო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო და შემწეო სასოებითა მვედრებელთაო!
ჰოი, დამბადებელო ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, კაცთ-მოყუარეო და მრავალ-მოწყალეო, რომელი მჯდომარე ხარ საყდართა მაღალთა დიდებულთა და აღმატებულთა ნებითა მამისაითა და სულისა წმიდისაითა, შემოქმედო ცათა და ქუეყანისა და ზღუათაო, სახიერო ღმერთო ჩუენო, თაბორსა ზედა დიდებითა გაბრწინვებულო, ვითარცა მთასა მას ზედა წმიდასა შეიწყნარე თაყუანისცემაი მოწაფეთა შენთა, ეგრეთვე აწ ნუ უგულებელს-გვყვოფ ჩუენ და ნუცა განმაშორებ მაცხოვარებასა შენსა და წყალობასა, არამედ შემუსრნე გულთა ჩუენთა ამპარტავანებაი, და მოგუმადლე მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემს ჩუენდა. განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ელია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელო და სამონაზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ნათელო მოიწვდომელო, ბრწყინვალებაო მამისა დიდებისაო და ხატო მისისა გვამისაო! რაჟამს მოაწია აღსრულებამ ჟამისა, შენ კაცთა დაცემული მოდგმისადმი გამოუთქმელისა შენისა გულმოწყალებისა გამო, თავი დაიმდაბლე, ხატი მონისა მიიღე და სიმდაბლითა და მორჩილებითა სიკუდილიც იგემე. გარნა უწინარეს ჯვარცმისა და ნებსითი ტანჯვისა შენისა, თაბორის მთასა ზედა ფერი იცვალე ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა წინაშე წმიდათა მოწაფეთა შენთა, რაითა ოდეს ჯუარზე გაკრულსა და სიკუდილისათვის მიცემულსა გიხილავდნენ, ვნებაი შენი ნებსითი და ღმრთეებაი შენი გულისხმაეყოთ. მოგვანიჭე ჩუენცა, ყოველთა მედღესასწაულეთა ყოვლადწმიდისა ხორცისა შენისა ფერისცვალებისა, რაითა წმიდითა გულითა და უბიწო გონებითა აღვიდეთ მთასა ზედა წმიდასა შენსა, საყოფელსა წმიდისა დიდებისა შენისასა, სადა არს გალობაი წმიდათა მედღესასწაულეთა, გალობაი გამოუთქმელი სიხარულისაი, რაითა მათ თანა პირისპირ ვჭრეტდეთ დიდებასა შენსა დაუღამებელსა დღესა შინა სასუფეველსა შენსა და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნომყოფელთა შენთა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა თანდაუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გუნდი: ამინ
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ხმაი 4
იხარებდეს მოციქულნი ხილვასა შენსა, მაცხოვარ, ნათლისა ღმრთეებისა შენისა გამობრწყინებითა და მამისამიერითა ხმითა დამტკიცებულითა რწმენითა, რამეთუ შენ ხარ ძეი ღმრთისაი, რომელმან აურაცხელითა კაცთმოყუარებითა განკაცებულმან აცხოვნე ნათესავი კაცთაი და
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა იოთამ ზედგენისაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
სადღესასწაულო განგებიდან გამოკრიბა
მარიამ გოგიტიძემ
გადაამუშავა და შეავსო
თინათინ მჭედლიშვილმა
