გამოცხადებაჲ იოვანესი 7–9

სარჩევი

ახალი აღთქმა

გამოცხადებაჲ იოვანესი

თავები 7–9

თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა

7

გამოცხადებაჲ

თავი 7

1და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.

2და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ:

3ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა.

4და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა:

5თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი,

6თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი,

7თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი,

8თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ.

9და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები.

10და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა.

11და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა

12და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

13და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან?

14და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა.

15ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის.

16არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე,

17რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.


8

გამოცხადებაჲ

თავი 8

1და რაჟამს აღაღო მეშჳდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა.

2და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.

3და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა.

4და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა.

5და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ.

6და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად.

7და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი, შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველივე თივაჲ ნედლი დაჲწუა.

8და მეორემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა და, ვითარცა მთაჲ დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა სისხლ,

9და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაჲ განიხრწნა.

10და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა.

11და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს.

12და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე.

13და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად!


9

გამოცხადებაჲ

თავი 9

1და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ.

2და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა.

3და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა.

4და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა.

5და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა.

6და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი.

7და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი.

8და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს.

9და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ, და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად.

10და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თუე.

11და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ.

12ერთი იგი ვაებაჲ წარჴდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა.

13მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა,

14რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა.

15და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთჳს და დღისა და თჳსა და წელიწადისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ.

16და რიცხჳ მჴედრობათაჲ მათ ცხენთაჲ ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხჳ მათი.

17და ესრეთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა; და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბის სახენი; და თავნი ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაჲ.

18სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაჲ – ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბისა, რომელ-იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა.

19რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი ცხენთაჲ მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ.

20და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად.

21და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.