პარაკლისი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა „გერონტისად“ წოდებულისა
მღდელი: კურთხეულ არს–ი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 4
მოწყალებისა ზეთისა მაწყაროებელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო „გერონტისა“, ტანჯულთა შემწეო და მხოლოო სასოო ცოდვილთაო, ურვათა და ჭირთა შინა ნუგეშინისმცემელო, და სიხარულო ქურივ–ობოლთა და შეუწევნელთაო, აწ ჩუენცა უვნებელად დაგვიცევ საფარველსა ქუეშე შენსა და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ტროპარი, ხმაი 4
ვითარცა ვარსკულავი ყოვლადელვარეი, ესრეთ გაბრწყინდა სასწაულთა მიერ ხატი შენი „გერონტისა“, და შარავანდედითა მით მადლისა და გულმოწყალებისა შენისაითა განანათლა რაი მყოფნი წყუდიადსა შინა უმეცრებისა და ურვათასა, აწ ჩუენცა მოგუმადლე, უბიწოო ქალწულო, გათავისუფლებაი სენთა და ვნებათაგან.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4
ძლისპირი: აღვაღებ პირსა ჩემსა, რაითა აღივსოს სულითა და აღმოთქუას დიდებაი დედისა და დედოფლისაი, და სიხარულითა უგალობდე სასწაულთა შენთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მაღალთა შინა მარადის განდიდებულმან, დედოფალო, სათნო–იჩინე ქუეყანასაცა ზედა განდიდებაი სახელისა შენისაი, წმიდისა ხატისა შენისა მადლითა. ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
სიმტკიცითა განდიდნა მარჯუენეი შენი, დედოფალო, მხსნელ ექმენ რაი ჭირვეულთა, აწ არა განგვაშორო ღმრთეებრივი მფარველობაი შენი ხატსა შენსა შევრდომილთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
სასოებაო მორწმუნეთაო და მწეო ყოველთა ურვეულთაო, ევედრე ძესა შენსა, რაითა წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილნი განარინოს ყოველთა განსაცდელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყაროდ ცხოველსმყოფელად და ყოვლად–მაკურნებელად გიცნობთ შენ, ჰოი, სძალო ღმრთისაო „გერონტისა“, რამეთუ სიმრთელესა მიჰმადლებ მოსავთა შენთა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, ყოვლისა ქუეყნისა სიხარულისა აღმომაცენებელო, უბიწოო დედაო ღმრთისაო, რამეთუ შესწირავ ღმერთსა ჩუენთვის ლოცვასა შენსა, და აღასრულებ კეთილთა ვედრებათა ჩუენთა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ნათელო ჭეშმარიტო, ქრისტე, მომმადლე მე განათლებაი სულისა და გონებისაი, რაითა სამადლობელსა აღვსწერდე ყოვლადწმიდისა დედისა მომართ შენისა, და დიდსა მას გულმოწყალებასა მისსა მონათა მომართ შენთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მოაკუდინებს და ცხოველს–ყოფს შენ მიერ უფალი, დედაო ცხორებისაო, რამეთუ აღასრულებს ვედრებათა შენდამო მლოცველთასა, და ვნებათა ხრწნილებისაგან აღადგინებს ყოვლადძლიერითა შუამდგომელობითა შენითა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
დასაბამი ქრისტეს სასწაულთაი ხარი შენ, ყოვლადსაკვირველო ქალწულო, და ოდეს მეფემან ალექსი კომნენოსმან ხატი შენი შესწირა ათონსა, მის მიერ აღასრულებდი კურნებათა და მრავალთა აღძრვიდი ვედრებად შენდა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ილოცვიდენ რაი ძმანი წინაშე ხატისა შენისა, არცა ვის დაუტევებდი თვინიერ შეწევნისა, და გამოითხოვეს რაი კურთხევაი შენგან შენებისათვის მონასტრისა, სამ–გზის უჩინოი იქმნა სიწმიდეი იგი, და პოვეს კლდესა ზედა – კიდესა მას ზღვისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მაშინ გულისხმა–ყვეს წმიდაი ნებაი შენი, უბიწოო, ვითარმედ გეწადა მუნ დაარსებაი სავანისაი, და აღასრულეს რაი წადიერებითა, მფარველ იქმენ მკვიდრთა მისთა, და ჭირთაგან განმარინებელ წმიდისა მის ხატისა შენისა მიმართ მილტოლვილთა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უვნებელობისა ყუდროებისა მიმართ წარმიმართე, ღმრთისმშობელო, ბოროტთა სიღრმესა დანთქუმულსა ამას, და არა მიმიშვა მე წარწყმედად, მოქენეი წყალობისა შენისაი, რამეთუ იხსნებიან მორწმუნენი მფარველობითა შენითა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის, ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… ¬აწდა…
წარდგომაი; ხმაი 2
ყოველი ქუეყანაი ადიდებს მადლმოსილებასა და ძალსა შენსა, ჰოი, წმიდაო დედოფალო „გერონტისა“, და ჩუენცა გვესმა რაი შენ მიერ აღსრულებულნი კურნებანი და სასწაულნი, მხურვალითა ლოცვითა შეგივრდებით, რაითა უვნებელად დაგვიცვა ყოველთა საფრხეთაგან და გვიხსნა ყოველთა ჭირთა, იწროებათა და ძვირთაგან.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: იესო, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
წმიდაი ხატი იგი შენი იქმნა რაი მცველი ვითარცა პანტოკრატორის სავანისა, ეგრეთცა ყოვლისა ათონისაი, მორჩილებისა და სიმდაბლისა მიმართ მოუწოდდი მონაზონთა, და იყავ განმამტკიცებელი და შემწეი მათი ლოცვასა და მარხვასა შინა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ენება რაი ზიარებაი ქრისტეს საიდუმლოთაი სიკუდილისა სარეცელსა ზედა მდებარესა სავანისა იღუმენსა, არა ესწრაფოდა მღდელი იგი ლოცვისა აღვლენასა, და ესმა ხმაი ხატისაგან შენისა: „ნუღარა ჰყოვნი, აღასრულე თხოვაი წინამძღვრისაი“.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მღდელი იგი მიეახლა რაი მხცოვანსა მას იღუმენსა, ბრძანებისაებრ შენისა აზიარა სისხლსა და ხორცსა ქრისტეისსა, და იგი გულითა იხარებდა, და გმადლობდა შენ, ვითარცა მრავალმოწყალესა დედასა და დედოფალსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იხილეს რაი ზრუნვაი შენი იღუმენისათვის, ყოვლად დიდებულსა მას ხატსა შენსა უწოდეს „გერონტისა“, ვითარცა მფარველსა მხცოვანთასა, და დააბრძანეს სუეტსა მას ზედა ტაძრისასა, რაითა ყოველთა მოიღონ კურნებაი სულისა და ხორცისაი.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სენთაგან შეჭირვებულნი და საცთურთაგან ძლეულნი ამა ყოველსა განგვარინე, ღმრთისა მშობელო, და ჟამსა ჩუენისა განსლვისასა ნუ მისცემ ფლობად სულთა ჩუენთა წინააღმდგომთა, რაითა მარადის უგალობდეთ დიდებულებასა შენსა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შეძრწუნდებიან ყოველნი ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა, რამეთუ შეიწყნარე მუცელსა შენსა ღმერთი ყოველთაი, უქორწინებელო სძალო, და შევ უჟამოი ძეი, რომელმან ყოველთა მგალობელთა შენთა მოგუმადლე მშვიდობაი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
იხარებდენ სავანისა მკვიდრი გამობრწყინებასა წმიდისა ხატისა შენისასა, და არა ხოლო თუ მათ, არამედ ერისკაცთაცა შეეწეოდი ჟამსა მას ხორცთაგან განსვლისასა, და ყოველნი განცვიფრებულნი გმადლობდენ შენ, და აქებდენ ღმერთსა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ოდეს სიყმილი მიიწია ათონსა, განაძლიერა ლოცვანი თვისნი წინამძღვარმან წინაშე ხატისა მის შენისა, რამეთუ შთავარდენ ძმანი იწროებასა შინა, და ივლტოდენ რაი სავანითგან, ლოცვად და მარხვად მოუწოდა ყოველთა დაშთომილთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
შენზედა დადვეს რაი სასოებაი თვისი მონაზონთა, არა უგულებელ–ყავ ლოცვანი მათნი, ქრისტეს დედაო, და ჭურჭელნი აღავსე რაი ზეთითა, მოსახსენებლად სასწაულისა მის, ჭური ზეთისაი დამოკიდეს წინაშე ხატსა მას შენსა საკვირველსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო განძლიერებისათვის მოწესეთა, და შეწევნაი შენი, ყოვლადქებულო „გერონტისა“, ვითარცა ზეთი მოწყალებისაი, უხუად მიემადლებოდა მისდა შევრდომილთა, აწ ჩუენცა გვიხსენ ჟამსა მას შეჭირვებისასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაი–მოსწავებულ იქმენ ძუელ–ოდესმე შეცვრეულითა საწმისითა, შეამცვრიე ცუარითა მადლისაითა განმხმარი ქუეყანაი გულისა ჩემისაი და ნაყოფიერ–ყავ კეთილითა სიტყვითა და საქმითა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მოვედით, ღმრთივგანბრძნობილნო, აღვასრულოთ ღმრთეებრივი და ყოვლადპატიოსანი ესე დღესასწაული ღმრთისმშობლისაი, აღვიტყუელნეთ და ვადიდოთ მისგან შობილი ღმერთი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
საკვირველად იხსენ რაი საძმოი სავანისაი სიყმილისაგან, მერმეცა მრავალგზის აჩვენე მათ ძალი ხატისა შენისაი, და სიყუარულითა შეიტკბობდენ, ვითარცა მცველსა და წინამძღვარსა თვისსა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ზედა დაესხნეს რაი ავაზაკნი სავანესა, ერთი იგი განიზრახავდა დამუსრვასა ხატისა შენისასა, გარნა გამოხდა მისგან მეყსა შინა ალი ცეცხლისაი, და დაბრმა რაი კაცი იგი, შეძრწუნებულმან შთასთხინა ჭასა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
გულისხმა–ყო რაი ცოდვაი თვისი ავაზაკმან, ჟამსა სიკუდილისასა ევედრა ნათესავთა თვისთა, რაითა საყოფელი ხატისა შენისაი მიუთხრან სავანისა მკვიდრთა, და პოეს რაი სიწმიდეი ეგე შენი, დედოფალო, ადიდებდენ ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ლიტანიითა დააბრძანეს რაი სასწაულთმოქმედი ხატი ეგე შენი სუეტსა მას ზედა ეკლესიისასა, სიხარულითა ღაღადყვეს ძმათა: კურთხეულ არს მოსლვაი შენი, წმიდაო „გერონტისა“ შემდგომად ოთხმეოცისა წლისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, ხელმწიფებრივო საფარველო ყოვლისა სოფლისაო, ყოველთა ჭირთაგან დაიცევ პატივისმცემელნი შენნი და უძლეველითა ძლიერებითა შენითა ძლევაი მიჰმადლე ქრისტეანობისა მტერთა ზედა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12–გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმა 8
ვითარცა სარწმუნოებითა შევრდომილნი „გერონტისად“ წოდებულსა ხატსა შენსა განერებიან მწუხარებათა და ურვათაგან, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვათავისუფლე ბოროტთა მათ გარემოდგომილებათაგან, საწუთოთა და საუკუნოთა, რაითა გიღაღადოთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო, ყოველთა ჭირთაგან განმარინებელო ჩუენო!
იკოსი
შენ მიერ, ყოვლადმოწყალეო ქალწულო, ძვირთაგან განთავისუფლდებიან სარწმუნოებითა მოვლტოლვილნი წმიდისა ხატისა მომართ შენისა, რომლისა მიერ კურნებ სნეულთა და უძლურებათაგან აღადგინებ დავრდომილთა, ხოლო ურვეულთა მიანიჭებ განუქარვებელსა სიხარულსა და აღძრავ დიდებად ღმრთისა.
მღდელი: მოხედენ. სიბრძნით.
წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.
მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
სახარებაი ლუკასი
მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა–ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახიდ თვისად.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ვსასოებთ რაი მოწყალებასა შენსა, ყოვლადწმიდაო, სიყუარულითა თაყუანის–ვჰსცემთ საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა „გერონტისას“ და გევედრებით: წყალობად მოსდრიკე ტკბილი უფალი – იესუ ქრისტე, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოგვივლინე ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსნითა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა; წმიდისა დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისათა გიორგისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, და ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა , პოჩაევოს სავანესა შინა მოღვაწეთა იღუმენისა იობისა და ამფილოქი აღმსარებელისაითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა; (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაითა; ძლიერებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლის ხატისა „გერონტისაისა“, და ყოველთა სიწმიდეთა შენთაითა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: არაი მსახურეს ქმნილებასა უფროის შემოქმედისა ღმრთივგანბრძნობილთა ყრმათა, არამედ ახოვანებითა დათრგუნეს შინებაი ცეცხლითა და სახარულევანნი გალობდენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ხედვიდენ რაი მოწესენი აღურაცხელთა სასწაულთა და კურნებათა, მადლითა ხატისა შენისაითა აღსრულებულთა, განამრავლეს პირნი მისნი და განავრცეს, ვითარცა საბერძნეთსა, ეგრეთცა ყოველთა ერთა შორის მართლაღმსაარებელთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მადლითა ელვარე–ქმნილი ხატი ეგე შენი „გერონტისა“ განითქუა რაი ყოველსა ქუეყანასა, ვიხარებთ მონიჭებისათვის ჩუენდა პატიოსანთა პირთა მისთა და გევედრებით: ჟამსა სიკუდილისასა ჩუენცა წარმოგვიდეგ და განგვარინე ეშმაკთაგან, მეძიებელთა შთანთქმისა ჩუენისათა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
საკვირველად ბრწყინავს რაი საკვირველთმოქმედი ხატი შენი „გერონტისა“ წმიდისაგან მთისა, აწ ჩუენცა თაყუანის–ვჰსცემთ შუენიერთა პირთა მისთა და გევედრებით: დედობრივითა მოწყალებითა მოგუაქციენ გზათაგან წარმწყმედელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მხურვალემან მეოხმან ცოდვილთა და მდაბალთამან, და აღმმართებელმან დაცემულთამან, წმიდაო „გერონტისა“, გვიხსენ ყოველთა უსჯულოებათა და ცოდვათაგან, რომელნი ამბორს გიყოფთ სიხარულით და ვადიდებთ ღმერთსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გევედრებით შენ, დედოფალო, ვითარცა დედასა ყოველთა მეუფეთა მეუფისასა: უმუსრველ სიმტკიცედ ექმენ და ყოველი კეთილი მიჰმადლე ქუეყანასა და ერსა ჩუენსა, და ქრისტეისმოყუარესა მხედრობასა, რომელნი ღმერთსა უგალობენ: მამათა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ღმრთისმოსავნი ყრმანი სახუმილსა შინა იხსნა ღმერთმან, რომელ შობად იყო ღმრთისმშობელისაგან, აკურთხევდით უფალსა ყოველნი საქმენი მისნი და უგალობდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა ძუელ–ოდესმე ჰკურნებდი მრავალთა ეშმაკეულთა და სნეულთა ძლიერებითა ხატისა ამის შენისაითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვათავისუფლე ყოველთა სენთა და მახეთაგან ბოროტისათა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა მრავალგზის იხსენ სავანისა მკვიდრნი ყოვლისაგან ვნებისა, ეგრეთვე აწ დაიცევ მამული ჩუენი ძმათა შორის ბრძოლისაგან, და ყოველნი ქუეყანანი ქრისტეანეთანი მხდომთა და წინააღმდგომთაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა საძმოი სავანისაი, ცეცხლსა შინა უვნებელად დაცული ღმერთსა უგალობდა, ეგრეთვე აწ ხატსა შენსა შევრდომილნი ყოველთა სტიხიათაგან დაგვიფარე და აღგვძარ დიდებად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ხატისა შენისა მიერ აღადგენდი ვნებულთა და დაცემულთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა საცთურსა განგვარინე და წარგვიმართე გზისა მიმართ საუკუნოისა ცხორებისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ვითარცა გედეონ განამხნო ანგელოზმან საძლეველად მადიანელთათა, ესრეთვე შენი მაქებელნიცა განგვამხნე, ღმრთისმშობელო, შემუსრვად კადნიერებისა უხილავთა და ხილულთა მტერთაისა.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: იშუებდით ნაშობნი ქუეყანისანი, და იხარებდით ყოველნი უსხეულონი ზეცისანი, რომელნი პატივის–ჰსცემთ წმიდასა ამას დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა და ხმობდით ღაღადებით: გიხაროდენ, ყოველთა დედოფალო, უბიწოო და მარადის ქალწულო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
შენ მიერ აღამაღლა რაი ძემან შენმან რქაი ხსნისა ჩუენისაი, ღმრთისმშობელო, აწ ჩუენცა განგვამტკიცნე, რაითა სიწმიდითა და სიმართლითა ვმსახუროთ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და გვიხსენ ცოდვათა შინა დანთქმისაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ყოველსა ქუეყანასა აღიძრვიან მორწმუნენი, ყოვლადწმიდაო მარიამ, და მოევლტიან საკვირველთმოქმედსა ამას ხატსა შენსა „გერონტისას“, რომლისა მიერ მოიხილავ ურვეულთა, და ხსნასა მოუვლენ ყოველთა შევედრებულთა შენდა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მოიხილენ სულთქუმათა და ლოცვათა ჩუენთა ზედა, ჰოი, კურთხეულო დედოფალო, და არა დაგვიტევო შეუწევნელნი ესე საცთურთა შინა, არამედ მლოცველ გვექმენ წინაშე უფლისა, რაითა ბრალთა ჩუენთაგან განგვწმიდოს და განგვარინოს ყოვლისა საფრხისაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰოი, დედოფალო ყოვლადმოწყალეო, არა მოაკლო მფარველობაი წმიდასა მთასა შენსა ათონსა, და მამულსა ჩუენსა ივერიას, არამედ ყოველნი მართლმადიდებელნი მოიხილენ მადლითა შენითა და წილხვედრნი შენნი იხსენ ყოველთა ძვირთა და საცთურთაგან.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
შუამდგომელსა ჩუენსა შევჰვედრებთ თავთა ჩუენთა, ღმრთისა სიტყუაო, დედასა შენსა, რომლისა მიერ განკაცენ ხსნისათვის ჩუენისა, ლოცვითა მისითა შეგვიწყალენ, და მოგვიტევენ შენდა მომართ შემცოდეთა ამათ, ძვირუხსენებელო, და მოსავნი შენნი იხსენ ჭირთაგან.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს: მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
რომელმან ენამან შეუძლოს ჯეროვნად ქებაი ყოვლისამძლეველისა ძლიერებისა შენისაი, ღმრთისმშობელო ქალწულო! რამეთუ თვით ხატიცა პირისა შენისაი ცეცხლებრ შესწვავს ბოროტებისა სულთა, ხოლო ერთა შენთა ჰკურნებს და განამხიარულებს, რომელსა კრძალვითა ამბორს–უყოფთ და თაყუანის–ვჰსცემთ სარწმუნოებითა.
ქებით შეგამკობთ შენ, ყოვლადწმიდაო დედაო, რომელსა გაქუს წარმოუცალიერებელი საუნჯეი წყალობათაი, და საფარველად და ჭირთაგან განმარინებელად მოჰმადლე რაი წმიდაი ხატი შენი პანტოკრატორისა სავანესა, აწ წმიდათა პირთა მიერ მისთა დააცხრობ სნეულებათა, განაყენებ ვნებათა, და მსწრაფლ აღადგინენ სალმობისა სარეცელთაგან ყოველთა უძლურთა, მოსავთა შენთა.
რომელმან ენამან შეუძლოს ჯეროვნად ქებაი ყოვლისამძლეველისა ძლიერებისა შენისაი, ღმრთისმშობელო ქალწულო! რამეთუ თვით ხატიცა პირისა შენისაი ცეცხლებრ შესწვავს ბოროტებისა სულთა, ხოლო ერთა შენთა ჰკურნებს და განამხიარულებს, რომელსა კრძალვითა ამბორს–უყოფთ და თაყუანის–ვჰსცემთ სარწმუნოებითა.
შეურვებულნი ესე მზაკუვარებათაგან უხილავისა და ხილულისა მტერისათა შეუვრდებით ყოვლად დიდებულთა პირთა ხატისა შენისათა, რომელთა მიერ გარდამოავლინებ მადლსა უშურველად, ღმრთისმშობელო, და გევედრებით: ჰყავ ჩუენთანა სიმრავლისაებრ წყალობათა შენთათა, რაითა სირცხვილეულ–ყოს ძალნი ბნელეთისანი ძემან შენმან, და დახსნეს ძალი ყოველთა ბოროტის–მოქმედთა ჩუენთა.
უშურველად გარდამოავლენ რაი ჩუენ ზედა წყალობასა შენსა სასწაულთმოქმედითა ხატითა ამით შენითა, ყოვლადწმიდაო დედოფალო, სათნო–იჩინე და სიმრთელეი მიჰმადლე ფიცხელთა სენთაგან ტანჯულთა და მკურნალთაგან დატევებულთა, (სახელები), რაითა სიხარულითა გმადლობდენ შენ, ღმრთისმშობელო, და ადიდებდენ ღმერთსა.
ვითარცა ხარი შენ სასოებაი ყოველთა მორწმუნეთაი, უბიწოო, ეგრეთცა ნუ უგულებელ–გვყოფ ხატსა შენსა შევრდომილთა, რომელნი გევედრებით უვნებელად დაცვასა უკანაისკნელსა ამას ჟამსა მოძალებულთა უსჯულოებათაგან, რაითა არა ახაროს ბოროტმან ეშმაკმან ღმრთისმბრძოლნი და ურწმუნონი ჩუენ ზედა, არამედ ურთიერთ–სიყუარულითა და მშვიდობითა ვცხონდებოდეთ, და სულითა და ჭეშმარიტებითა ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედოფალო ჩუენო, წმიდაო ღმრთისმშობელო „გერონტისა“, ეკლესიასა შინა წყალობისა განმამრავლებელო და მადლითა შენითა პანტოკრატორის სავანისა აღმავსებელო; ნიშ-სასწაულთა სიმრავლითა ათონის წმიდისა მთისა განმაშუენებელო და ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო და მადლმოსილისა კურთხევისა მომნიჭებელო!
ჰოი, სძალო ღმრთისაო მარიამ, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო „გერონტისა“, ვუწყით რაი გულმოწყალებაი შენი საკვირველი, კრძალვითა შეგივრდებით და გევედრებით, ღმრთივმონიჭებულითა ძლიერებითა შენითა დახსენ ბოროტნი ზრახვანი მწვალებელთა და ქრისტეს მტერთა და დასთრგუნე სილაღეი ურიცხუთა მბრძოლთა და მაჭირვებელთა ჩუენთა, გარე-მოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ბარბაროზთაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლე და მოგუმადლე მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მოყუასისა და მამულისაი. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. განაძლიერე ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, დედათა შორის სანატრელო, დედოფალო ჩუენო, ღმრთისმშობელო, წმიდაი და საკრველთმოქმედი ხატი ეგე შენი – „გერონტისა“, მარადის გარდამოუვლენს რაი წყალობათა მორწმუნეთა, აწ ჩუენცა გამოგვითხოვე წყალობაი ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისაგან, რაითა უსაზღვროითა მოწყალებითა თვისითა მოხედოს წილხვდომილსა ერსა შენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და გარე–მოზღუდოს ყოვლისა კრულებისა, ზედამოსვლისა და ცილისწამებისაგან. სნეულნი განკურნოს, ურვეულთა ნუგეშინისცეს, შეცთომილნი გულისხმიერ-ჰყოს, ჩვილნი დაიფაროს, და მიდგომილთა შეეწიოს, რაითა კეთილად შვან ნაყოფი მუცლისა თვისისაი, ჭაბუკნი აღზარდოს და განსწავლოს, მეუღლენი დაიფაროს და დამოძღუროს, მოხუცებულნი განამტკიცოს, ხოლო გულ-ფიცხელთა შვილთა, რომელნი უგულებელს-ყოფენ მშობელთა თვისთა, რისხვითა შეაგონოს, და ყოველთა მოგვცეს სიმტკიცეი სარწმუნოებისაი, რაითა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა სიწმიდითა და ღმრთისმოსავობითა ვსცხონდებოდეთ და მარადის შენთანა ვადიდებდეთ მას თანა მამით, და სული წმიდურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცავს…
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცუაი მთხვევასა ზედა ხატისასა:
წმიდაი და სასწაულთმოქმედი ხატი ესე შენი „გერონტისა“ მოგვანიჭე რაი დამხსნელად ჭირთა და სნეულებათგან, აჰა, ვნებათა და დაუსრულებელთა ხდომათაგან განკაფულნი მხურვალედ შეგვედრებთ სულთა და ხორცთა ჩუენთა და გულთაცა, რაითა განაბნიო წყუდიადი შეცოდებათა ჩუენთაი, დედოფალო, და საფარველსა ქუეშე შენსა დაცულნი არა წარვწყმდეთ უწყალოდ და უნანელად.
დედოფალო ჩემო სახიერო, სასოო ჩემო ღმრთისმშობელო, ობოლთა მოყუარეო და ყარიბთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო, შემეწიე მე, ვითარცა უძლურსა, რამეთუ არა მივის სხუაი შემწეი, თვინიერ შენსა, რამეთუ შენ მცავ მე და მიფარავ მე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
რედაქტორი: ნონა ნამგალაძე