მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ. ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ნაწყვეტი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლიდან“, სადაც აღწერილია როგორ ამარხულებდნენ ბავშვებს:
„უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული, სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა…“
ჩვენი წინაპრების მიბაძვის სურვილი ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არც ზომიერების გრძნობამ უნდა გვიღალატოს. დღეს ბევრი ჩვენგანი ცდილობს გაიმეოროს მათი ღვაწლი. ღმერთმა შეგვაძლებინოს! უთუოდ, ჩვენს შორისაც არიან ამის შემძლებელნი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ეს სურვილი ზედაპირული და ცალმხრივია. ძველი ქრისტიანების მარხვის ასეთი სიმკაცრე მათ შინაგან სულიერ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ჩვენ კი არათუ პირველ ქრისტიანებზე, არამედ ასი წლის წინ მცხოვრებ ჩვენს პაპებზეც კი ბევრად უძლურნი ვართ; მათი ოდენ ზედაპირული მიბაძვა ჩვენს შინაგან და გარეგან მდგომარეობებს შორის დარღვევას იწვევს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. საგულისხმოა, რომ თვით აკაკიც ზემოთმოყვანილ ნაწყვეტში ასეთ მომეტებულ სიმკაცრეს შეცდომად მიიჩნევს.
ასე რომ, თუ, ერთი მხრივ, მარხვისადმი გულგრილობაა დაუშვებელი, მეორე მხრივ, ზედმეტმა სიმკაცრემ სხვა, ვინ იცის, იქნებ უფრო მძიმე განსაცდელი მოგვიმზადოს. ამიტომ ქრისტიანმა ზომიერად უნდა ილოცოს, ზომიერად უნდა იმარხულოს და თუ ცხოვრების წესის გამკაცრება სურს, მოძღვარს უნდა დაეკითხოს.
ეკლესიური წესით მცხოვრები დღევანდელი ჩვენი ქრისტიანებიდან ვისაც შეუძლია, დიდმარხვის პირველ კვირაში ჭამს დღეში ორჯერ უზეთო საჭმელს, ხოლო ვისაც ეს უჭირს – ზეთიანს და დღეში სამჯერ; თუ შეძლებს ასეთმა ადამიანმა სასურველია ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც შეიკავოს თავი ზეთისაგან.
რაც შეეხება ლოცვას, დილითა და საღამოს დამატებით ვკითხულობთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის მოკლე სავედრებელს „უფალო და მეუფეო…“ ოთხი სრული მეტანიით (ტაძარში ეს ლოცვა სრულდება 16 მეტანიით. ამასთან 16-დან 12 არის მცირე მეტანია).
ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II რჩევითა და ლოცვა-კურთხევით ვინც მარხვას ინახავს, სასურველია, მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება, წავიკითხოთ ზიარების ლოცვები და კვირის წირვაზე უზმოდ მივიდეთ; ე.ი. თუ სხვა დროს ზიარების წინ საჭიროა რამოდენიმე დღე მარხვის შენახვა, ახლა ეს პირობა თავისთავად სრულდება, რაც გარკვეულწილად აიოლებს ზიარებისათვის მომზადებას. მეორე მხრივ, თუ ხსნილში წირვა შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს, მარხვაში ეს შესაძლებელია მხოლოდ შაბათსა და კვირას. გარდა ამისა, მათთვის, ვინც შაბათს ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება ეგრეთწოდებული წირვა პირველშეწირულთა ძღვენთა, როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათის ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.
მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი დიდმარხვისა, აგრეთვე „ხორციელის“ შაბათი ანუ „კორკოტობა“ არის მიცვალებულთა მოხსენიების დღეები; ეკლესიებში გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.
უკანასკნელი დღე მკაცრი მარხვისა პირველ კვირაში არის პარასკევი. შაბათს და კვირას მკაცრი მარხვა აღარ შეიძლება. ამ ორ დღეს დასაშვებია ზეთისა და ცოტაოდენი ღვინის მიღებაც.
როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ რაიმე მიზეზით მარხვის შენახვა არ შეუძლია
ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია.
მარხვის შენახვა არაა სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისთვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისათვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არათუ სავალდებულო არ არის, არამედ მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.
როგორც აღვნიშნეთ, დიდი წმიდა მარხვა ყველა სხვა მარხვაზე საძნელოა, მაგრამ შემწეობაც გვეძლევა უფლისაგან.
ღმერთმა მოგვცეს მადლი, გულისხმისყოფა და სულიერი თუ ფიზიკური ძალები, რათა ყოველმა ჩვენგანმა – სრულიად საქართველომ ერთიანი მარხვითა და ლოცვით ვადიდოთ მამა, ძე და სულიწმიდა. ამინ.
ზეთის კურთხევა
დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდჯერ ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.
ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლო, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდნენ ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს: „ უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ ზეთი სახელითა უფლისაჲთა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).
აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.
ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკ. 2, 1-12).
დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფის სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე ადამიანის სულისათვის, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.
სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ამის გამო საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამთ.
სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადსხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.
ღმერთმა განგვკურნოს ჩვენ და სრულიად საქართველო სულიერ და ხორციელ სენთაგან. ამინ
წმ. ანდრია კრიტელის „დიდი კანონი“
წმიდა მამა აბბა დოროთემ კითხვაზე: რატომ გლოვობენ წმინდანები გამუდმებით, ასეთი პასუხი გასცა:
– წმინდანი სინათლისაკენ მავალი ადამიანია, რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ადამიანთა ცოდვებს. ამიტომაც ატარებენ ისინი მთელ ცხოვრებას გლოვაში.
ამავე აზრს გამოხატავს სინანულის კანონის პირველივე ფრაზებიც:
„ვინა ვიწყო მე გლოვად, საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე, გოდებისა ამის“.
და ამას წერდა ანდრია კრიტელი, წმიდა მამა, რომელმაც 14 წლიდან დაიწყო ღვთისმსახურება.
მაინც რა ცოდვებმა დაამძიმა იგი ასე?
ვინ იყო ანდრია კრიტელი?
წმიდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად. იგი იმდენად განსწავლული იყო ამ დროისათვის, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც კი განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აუცილებლად სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.
„ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია“ – ამბობს წმიდა იოანე კრონშტადტელი.
ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ თავიანთ ცოდვებს.
„არაფერი მომიპარავს“, „ისეთი არაფერი ჩამიდენია“, „როგორც ყველა, მეც ისე ვცხოვრობ“, „არავინ მომიკლავს“ – ასე იწყებენ ისინი თავიანთ აღსარებას და ვერც წარმოუდგენიათ თუ სცოდავენ. გვაღიზიანებს, როდესაც გვამხელენ, თავად კი ადვილად განვიკითხავთ, ღმერთიც დავივიწყეთ. განა ეს ცოდვები მოსანანიებელი არ არის?! და თუ არ გვესმის, რატომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი, ვართ კი ქრისტიანები?! რითი ავხსნათ ჩვენი თვითდაჯერებულობა ჩვენს უცოდველობაში, თუ არა გაქვავებული გულით, ჩვენი სულიერი სიკვდილით?!
დიდ მარხვას სულის დღესასწაულსაც უწოდებენ. ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილია სულისაკენ, რომ განკურნოს იგი. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ, ვაიძულოთ თავი, მივუტეოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე.
„არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს: გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვას არცა ერთსა ვის სადა“.
ჰგოდებს ანდრია კრიტელი, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ, რომ არ ვცოდავთ. მოდით დიდ მარხვაში მაინც ჩავუღრმავდეთ სინანულის ამ კანონს. იგი დაგვეხმარება ჩვენი ცოდვების დანახვაში. ასე გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ავუყვეთ სასუფევლისკენ მიმავალ სათნოებათა კიბეს.
ნეკრესელი მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი)
ოთხშაბათის საკითხავი
ხუთშაბათის საკითხავი
წმ. ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი
წმიდა ანდრია კრიტელი ეპისკოპოსი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი დამასკოში დაიბადა. ბავშვობაში, თურმე მას ლაპარაკი არ შეეძლო და მხოლოდ ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარების შემდეგ მიემადლა მეტყველების ნიჭი. თითქოსდა მან ენა იმისთვის ამოიდგა, რომ საოცარად ხატოვანი და საღმრთოდმეტყველი ენით ჭეშმარიტება ეგალობა.
წმ. ანდრია საბაწმიდის ლავრაში მოღვაწეობდა, ბერად იქვე აღიკვეცა, შემდეგ კი, როგორც უაღრესად განსწავლული ღვთისმეტყველი და შესანიშნავი ორატორი, ერეტიკოსებისაგან ჭეშმარიტებას იცავდა. ჰიმნოგრაფმა მღვდელმთავარმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ლიტურგიკულ ჟანრს კანონს. მისი უმნიშვნელოვანესი ქმნილება „სინანულის დიდი კანონი“, სრულად შეეფერება დიდი მარხვის სულს და ამიტომ ეკლესია მას მარხვის დასაწყისშივე აღასრულებს.
წმ. ანდრია კრიტელის სინანულის კანონი ოთხ ნაწილად იყოფა და იკითხება დიდ სერობაზე – დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს. ასევე, მეხუთე კვირის ხუთშაბათს – მთლიანად.
ეს საგალობელი ჩვენს წინაშე განაცხადებს ცოდვის სიმძიმეს და სულს ერთდროულად ავსებს სინანულითა და იმედით. წმ. ანდრია კრიტელის კანონში ბიბლიური სახეები და მოვლენები წარმოდგენილია, როგორც ადამიანის პირადი ცოდვისა და ღვთისგან განდგომის ტრაგედია.
კანონი ცოდვის სიღრმის შეცნობით გამოწვეული გოდებით იწყება: „ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხორებისა ჩემისათა ანუ რომელი დასაბამი ვყო, ქრისტე, გოდებისა ამის?“ (ორშაბათი, გალობა 1)
მართლაც ძნელია, შეუდგე სინანულის ღვაწლს, აქ უმთავრეს სირთულეს ცოდვათა სიმრავლე და სიმძიმე წარმოადგენს. პირველი საქმე აღსარებაა, როცა სული „ხორცთა თანა“ წარსდგება ღვთის წინაშე და დაარღვევს დუმილს – „იჯმენ პირველისა მის უსიტყვებისაგან“ (ორშაბათი, გალობა 1). აქ „უსიტყვებაში“ ისიც იგულისხმება, რომ ცოდვილ ადამიანს ღვთის წინაშე თავის გასამართლებელი სიტყვები არ აქვს, ხოლო მას შემდეგ, რაც სინანულს მოიპოვებს, გარკვეულწილად, სიტყვას მიუგებს შემოქმედს და მის წინაშე აღიარებს ცოდვებს.
ცოდვით დაცემის ისტორია ჩვენი, ადამიანების სულიერი ისტორიაა:
„პირველქმნილ ადამს გარდასვლითა ვებაძვე და ვაგრძენ, სიშიშვლე ჩემი ღვთისაგან და მაღლისა მის მეფობისა და წმიდისა ფუფუნებისა დაცემათა ჩემთათვის“ (ორშაბათი, გალობა 1), ანუ ყოველი კაცი ადამს ჰგავს, იგი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უმეგობრდება ცოდვას და ეცემა. ის ოდესმე მაინც „მიხედავს“ ეშმაკს, ანუ დაემორჩილება მის ნებას და როგორც ოდესღაც პირველქმნილი დედაკაცი, ცოდვით დაეცემა „ჭამადი მაკვდინებელით“. თავად ევა კი, რომელმაც ცნობადის ხის ნაყოფი იხილა, ღვთისშემეცნებისაგან განშორებული ადამიანის ვნებული ხორცის სახეა (ორშაბათი, გალობა 1).
ზოგადად, ორშაბათის კანონის პირველსა და მეორე გალობაში ადამისა და ევას ცოდვით დაცემა და ყოველი კაცის ცხოვრებაში ამ მოვლენების ანარეკლი აისახება.
მეორე გალობა უმეტესად სინანულითა და მიტევების დაუცხრომელი წყურვილითა დატვირთული, ამიტომ აქ ნახსენებია საღვთო ისტორიიდან ცნობილი, უდიდესი დაცემები, რომელიც სინანულითა და ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით აღიხოცა. ამიტომ ხშირად იხსენიება ლოთი, როგორც ცოდვისაგან განრიდებისა და საოცარი გადარჩენის სიმბოლო.
მეოთხე გალობა აღსარებაა. აქ ცოდვათა მრავალგვარობა აშკარავდება, ისინი „გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებით და ჯერჩინებით“ აღესრულება (ორშაბათი, გალობა 4).
აქ თანდათანობით შემოდის ძველი აღთქმის სახეები და ცხადდება თითოეული მათგანის სულიერი მნიშვნელობა. აქვე იხსენიება მამათმთავარი იაკობი, რომლის მიერ ხილული კიბე სულიერ და ცნობიერ სიმაღლეს მოასწავებს. ამ კიბეზე ასვლა მხოლოდ განწმენდილ დ განახლებულ სულს შეუძლია.
იაკობ მამათმთავარის ორი ცოლი ლეა და რაქელი ორ სათნოებას გვასწავლის: ლეა, როგორც მრავალშვილიანი, შრომის სახეა; რაქელი, როგორც ჭირმრავალი, სახეა შემეცნებისა, გონიერებისა (ორშაბათი, გალობა 4).
ბიბლიური ისტორია გრძელდება და იხსენებიან უკვე იაკობის ვაჟები: რეუბენი ცოდვილი სულის ერთ-ერთ დამღუპველ ვნებას ავლენს, ესაა: სხვისი კუთვნილის მითვისების სურვილი. რეუბენმა მანდრაგირის ნაყოფი მიართვა დედას – ლეას, რათა მას რაქელის კუთვნილი მიეთვისებინა.
„მეცა გავყიდე ნაყოფი სიწმიდისა და უბიწოებისა!“ – მწარედ მოთქვამს ცოდვილი კაცი და საკუთარ თავს იოსების გამყიდველ ძმებს ადარებ (ორშაბათი, გალობა 5). იოსების ტანჯვა მღვიმეში მაცხოვრის გამომხსენელი და მაცხოვნებელი ვნების წინასახეა. სული კი ჰგავს იოსების ძმებს, იოსები რომ გაყიდეს.
სამშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ეყრდნობა საღმრთო ისტორიას – დავით წინასწარმეტყველამდე. აქ ორშაბათის პირველი გალობის – ადამისა და ევას თემა გრძელდება და აბელსა და კაენზე გადადის:„მივემსგავსე კაენს მკვლელსა“ და აბელისას „არა მივემსგავსე სიმართლესა და ძღვენი არა მოგართუენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმენდილი, არცა ცხოვრება უბიწო“ (სამშაბათი, გალობა 1).
მონანული კაცი საკუთარი სულის მსგავსებას ნოეს ეპოქის გარყვნილ სულთან, ქამის უსირცხვილობასთან ხედავს და ცდილობს, რომ, ლოთის მსგავსად, „ყოვლისა აღძვრისა ვნებულისაგან“ ილტვოდეს (სამშაბათი, გალობა 3).
აქვე აბრაამის სახე ჩნდება, რომელმაც ღმერთი გონებით იხილა. მის ძეთაგან ერთი განდიდდა, თავადაც მამამთავარი გახდა და შთამომავლობას თორმეტი მამამთავარი მისცა: ეს იყო იაკობი. მეორემ – ესავმა კი გაყიდა„სიკეთენი პირმშოებისანი და მამულისა დიდებისაგან“ განეშორა (სამშაბათი, გალობა 4). ესავი გულისთქმას დამონებული ადამიანის სახეა, ხოლო შემდეგ ხსენებული იობი ის კაცია, ვინც ხორციელი სიმდიდრის სრული ამაოება და ღვთის სიყვარულის ფასი შეიცნო, სწორედ იობის სიმხნე მოუხვეჭს სულს სასუფეველს.
სულმა ხორციელი ზრახვები უნდა მოაკვდინოს, როგორც მოსემ მოკლა ეგვიპტელი და ამის შემდეგ სინანულით სძლია ვნებათა უდაბნოს. სწორედ მოსეს მიბაძვაა აუცილებლი იმისათვის, რომ „მაყულოვანსა შინა ღმრთისგამოცხადებისა ხილვასა“ ეღირსოს სული (სამშაბათი, გალობა 5). იმავე მოსეს მიერ კლდეზე კვერთხის ცემამ და სასმელი წყლის აღმოცენებამ „ცხოველმყოფელი წმიდა გუერდი შენი (ქრისტესი) გამოსახა წინასწარ“ (სამშაბათი, გალობა 6).
ოთხშაბათის პირველი ექვსი გალობა ისევ მოსეს ხუთწიგნეულის თემას განავრცობს, თუმცა ახალი აღთქმის სახეებიც შემოდის და მასთან ერთად იხსენიება ღირსი დედა ცოდვის უსაზღვრო სიღრმიდან სულიერი კიბის უმაღლეს საფეხურზე ამაღლებული – წმიდა მარიამ ეგვიპტელი. ეს შემთხვევითი სულაც არ არის. ღირსი მარიამ ეგვიპტელი ცხონების იმედს უნერგავს ყველას, თვით ყველაზე დამცრობილ და ცოდვით დამძიმებულ სულსაც კი. მისდამი ვედრება ჩაერთვის როგორც ოთხშაბათის, ასევე ხუთშაბათის კანონებს.
მცოდველი სული აქ კაენთან ერთად ლამექთანაც ნახულობს მსგავსებას, სამაგიეროდ, იგი სრულიად განშორებულია სეთის, ენოსის, ნოეს საქმეებს, იგი აღთქმის კიდობნის გარეთ დარჩენილა. ამიტომ ვერ მიიღო სემის კურთხევა და „ვერცა ვრცელნი საზღვარნი იაფეთისაებრ ჰპოვა ქუეყანასა წმიდასა“. რისთვისაც იგი უნდა განეშოროს ქარანს – აბრაამის მსგავსად და მასავით ეძებოს ქვეყანა აღთქმისა. აბრაამმა მამბრეს მუხასთან სამი ანგელოზის – ანუ, ღმერთის სტუმრობით საღმრთო მადლი მიიღო, ხოლო ისააკი ქრისტეს მსხვერპლშეწირვის წინასწარმეტყველად იქცა. ყოველივე ეს არის წინასახე და, ამავე დროს, ცოცხალი მაგალითი გამოხსნისა. ისევე, როგორც მხევალისაგან შობილი ისმაილის განდევნა მიგვანიშნებს საფრთხეზე (ოთხშაბათი, გალობა 3).
ოთხშაბათს, მეოთხე გალობაში უკვე ქრისტეს ჯვარცმა იხსენიება, მაცხოვრის გვერდისაგან გადმომდინარე სისხლი და წყალი, შენდობისა და ცხონების ნიშანია. ღვთის წინაშე წარდგომილი სული აცნობიერებს, რომ„ლამპარი დაშრტდა, ვითარცა უზეთო და სასძლო დაეხშა მირულებულსა“ (ანუ: მთვლემარეთათვის სასუფევლის კარი დაიკეტა), ხოლო შეუნანებელი სული „გარე განაგდეს“ (ოთხშაბათი, გალობა 4).
მეექვსე გალობაში კვლავ ჩნდება ახალი აღთქმის სახეები, აქვე კვლავ იხსენება კიდობანი აღთქმისა, როგორც ქრისტეს ეკლესიის წინასახე, ასევე ამალეკის – ბოროტი მტრის მძლეველი ისუ ნავესი.
ხუთშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ისევ უბრუნდება უძველეს ისტორიას, კაენის ბოროტ საქმეს მიმსგავსებულ კაცის კვლას – ლამექისაგან, ეგვიპტელი აგარისაგან ისმაილის შობას და ბოროტების საპირისპიროდ: იაკობის მიერ ცად აღმართულ კიბეს და მელქისედეკს, როგორც „სჯულიერად ცხოვრების“ მაგალითს. აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ურჯულო ცხოვრების შედეგი, სინანულისაკენ მოქცეული სულისათვის უკვე აღარ უნდა არსებობდეს ძველი ცოდვები და უკან ყურება: „ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუ ხედვითა მართლ-უკუნ, ზარი განგხადენ შენ სახემან სოდომელთამან“ (ხუთშაბათი, გალობა 3).
აქ ჩნდება სამარიტელი დედაკაცის სახეც. დავკარგე ყოველგვარი საღვთო ნიჭი, „ბიწიან-ვყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივ-მეცა; დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთა ვნებათათა და მიწად გამოვაჩინე გონება; განვჰბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან და ვჰსძე მე შიშუელი“. – აი, ცოდვილი სულის ძირითადი საგოდებელი.
ოთხივე დღეს, კანონს ჩაერთვის ერთი და იგივე კონდაკი „სულო ჩემო…“ სადაც კაცი საკუთარ სულს მღვიძარებისა და ღვაწლისაკენ მოუწოდებს კანონის ბოლოს კი წმ. ანდრია კრიტელის ტროპარი იგალობება.
ამგვარად, ოთხი საღამოს განმავლობაში ცხრა კანონი ისევ და ისევ მოგვითხრობს კაცობრიობის სულიერ ისტორიას, რომელიც, ამავდროულად, ჩვენი სულის ისტორიაცაა, თითოეული ადამიანის სული – ერთადერთი და განუმეორებელი – ერთი და იმავე განსაცდელის გზას გადის, ერთი და იმავე არჩევანის წინაშე დგას, იმავე უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს რეალობას ხვდება;
„ცოდვის“ გაგება ბიბლიურ და ქრისტიანულ გარდამოცემაში ფლობს ისეთ სიღრმესა და სისავსეს, რომლის გაგებაც თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია და ამიტომ ცოდვათა აღიარება უაღრესად განსხვავებულია თანამედროვე ქრისტიანული სინამდვილისაგან.
ცოდვა – ესაა ადამიანის უსაზღვრო სულიერი სიმაღლიდან დაცემა, მისი მხრიდან უარის თქმა საკუთარ უმაღლეს მოწოდებაზე. თუმცა ამჟამინდელი სამყარო ღმერთს აშკარად არ უარყოფს, ის უმეტესად მაინც მატერიალურია და ამიტომ ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობიდან გამომდინარე განიხილავს. მასში ცოდვა განიხილება უმთავრესად, როგორც ბუნებრივი სისუსტე, რომელიც საუკეთესო სოციალური და ეკონომიკური ორგანიზების შედეგად აღმოიფხვრება. ამიტომაც ზოგჯერ თანამედროვე ადამიანი თავის ცოდვებს რომც აღიარებდეს, სინანულს არ განიცდის. ის ან ფორმალურად ჩამოთვლის ცოდვებსა და თავის მიერ დარღვეულ წესებს, ან ღვთისმსახურს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრება და რელიგიისგან ერთგვარ თერაპიას, მკურნალობს ითხოვს. მეტად იშვიათია სინანული, რომელიც ადამიანის ცნობიერების სიღრმეებიდან მომდინარეობს.
დიდი კანონის მნიშვნელობა და მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს წინაშე ცოდვა წარმოაჩინოს და სინანულამდე მიგვიყვანოს. კანონი ჩვენში ავლენს ცოდვას, არა ჩამოთვლებითა და აღრიცხვით, არამედ ბიბლიური ისტორიის ღრმა ჭვრეტით, რომელიც ჭეშმარიტად არის ისტორია ცოდვისა, სინანულისა და მიტევებისა. ამ ჭვრეტას სრულიად სხვა სულიერ კულტურასთან მივყავართ. ის გვიბიძგებს, ადამიანის, მისი ცხოვრების, მისი მიზანის, მისი სულიერი მოტივაციის სრულიად განსხვავებული გაგება მივიღოთ. კანონი ჩვენში იმ სულიერ მსოფლშეგრძნებას აღადგენს, რომლის სიღრმეშიც სინანული კვლავ შესაძლებელი ხდება. როდესაც გვესმის, მაგალითად: „ჰოი, უბადრუკო სულო, რასა ემსგავსე პირველსა ევას, რამეთუ მიხედე და იწყალ შენ მწარედ და შეეხე ხესა, და სჭამე ყოვლად-წარმდებად ჭამადი მაკვდინებელი“.
გვესმის, რომ პირველი მსხვერპლშეწირვის ისტორია, რომელიც ასე მოკლედ არის მოხსენებული ბიბლიაში, განგვიცხადებს რაღაც უაღრესად ძირეულს პირადად ჩვენს ცხოვრებაში, თვით ადამიანში. ჩვენ გვესმის, რომ ცოდვა, პირველ ყოვლისა, ეს არის უარი ღვთისთვის ცხოვრებაზე. აქ ვხვდებით, რომ ჩვენი სიყვარული ასცდა უზენაეს არსებას და ეს მიხვედრა საშუალებას გვაძლევს, წარმოვთქვათ თანამედროვე ცხოვრების გამოცდილებისაგან ესოდენ განშორებული სიტყვები, უდიდესი სიმართლით რომ ჟღერს:
„გონება მწარედ წყლულ-არს, ხორცნი დახსნილ და განკაფულ, სნეულ-არს სული, მოუძლურებულ სიტყვა, წარწერილ-არს ცხორება და სიკვდილი კაცთა ზედა…“
იმისათვის, რომ ნამდვილად მოვისმინოთ დიდი კანონი, რა თქმა უნდა, საჭიროა ცოდნა ბიბლიისა და ბიბლიური სახეების მნიშვნელობის გათავისების უნარი. ჩვენს დროში უმრავლესობა მათ მოსაწყენად მიიჩნევს და ცხოვრებასთან ვერ აკავშირებს, ჩვენ ხელახლა უნდა ვისწავლოთ, მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც ის ბიბლიაში განგვეცხადება, ამ ბიბლიურ სამყაროში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ამისათვის არ არსებობს უკეთესი საშუალება, ვიდრე – საეკლესიო ღვთისმსახურება, რომელიც არამარტო გადმოგვცემს ბიბლიურ სწავლებას, არამედ, ცხოვრების ბიბლიურ წესს განგვიცხადებს. აი რატომაა, რომ მარხვის გზა იწყება ამოსავალ წერტილთან: სამყაროს შექმნასთან, ცოდვით დაცემასთან, გამოსყიდვასთან დაბრუნებით, იმ სამყაროში დაბრუნებით, სადაც ყველაფერი ღვთის შესახებ გველაპარაკება, ყველაფერი ღვთის დიდებას ირეკლავს, სადაც ყოველივე, რაც ხდება, ყველა მოვლენა უშუალოდ ღმერთთანაა დაკავშირებული, სადაც ადამიანი თავისი ცხოვრების ჭეშმარიტ საზომს პოულობს და შეუდგება სინანულის გზას.
მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №8, 2006 წ.