სავედრებელი პარაკლისი
ღირსისა მამისა ჩუენისა
გრიგოლ ხანძთელისა
მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ. მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი I
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვის საღმრთოითა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქ-მყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა და გვიხსნენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრისტეანენი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ტროპარი II
აღმობრწყინდი, ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა, და შეჭურვილმან მადლითა სულისა წმიდისაითა აღმართენ უდაბნოსა შინა კლარჯეთისასა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და საცხონებელად სულთა მრავალთა, მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, აწ ჩუენცა მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა და გვითხოვე მადლი და წყალობაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენ და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქებით შევამკობთ ღუაწლთა შენთა საკვირველთა და მადლსა და დიდებასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმანცა მოგავლინა მწყსად ერისა ჩუენისა, და სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შენ უღელი ქრისტესი აღიღე ქედსა ზედა, მამაო, და ახოვანებითა ზედა დასხმანი მტერთანი შემუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, აწ ჩუენცა შეგვეწიე და ყოველთა ძვირთაგან დაგვიფარე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შესავედრებელ გვექმენ ჩუენ და ძალ-მწე, ჰოი, ღუაწლისა მძლეო მხნეო მოღუაწეო, რამეთუ ზღუდედ მოცემულ ხარ შენ ერისათვის ჩუენისა, მტკიცედ და მტერთა ბრძოლისაგან შეუხებელ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღმოსცენდი რაი მშობელთაგან წარჩინებულთა, ახოვანო, სიყრმითგან იქმენ სამკვიდრებელ ღმრთისა, და აღიწიე თავსა სრულებათასა, აწ ჩუენცა მოგუმადლე განმართებაი ცოდვილისა ცხორებისა ჩუენისა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეიმოსე სამღდელოი სამოსელი სიმართლისაი და მადლისაი, და სიმდაბლე გექმნა რაი წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, ყოველივე დიდებაი ქუეყანისაი დაუტევე, ღმრთისმოყუარეო გრიგოლ, შებმა უყავ ღუაწლსა ძნელსა და ფიცხელსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოსწრაფე იყავ ღმრთისა მიერ აღძრვითა, და სამთა მოსაგრეთა თანა მიიწიე უდაბნოდ კლარჯეთისად, რაითა მარადის მსახურებდე ღმერთსა. მას ევედრე აწ, რაითა მოგვცეს ძალი და სიმტკიცე წინააღდგომად და სიტყვის-გებად ყოველთა მტერთა მისთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მტერთა ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და ღირს-მყვენ მორწმუნენი შენდობასა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 8.
ჯუარისა აღმღებელმან ცხორებაი შენი ღმრთისმსახურებითა წარმართე და დაემკვიდრე რაი სანახებსა მას კლარჯეთისასა, ჯერ-ჩინებითა შენითა და შეწევნითა საღმრთოითა აღაშენე ხანძთაი და შატბერდი შესაკრებელად სულთა ღმრთის-მოყუარეთა და უქმი უდაბნოი ქალაქ-ყვენ მონაზონთა სიმრავლითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, ღმერთშემოსილო გრიგოლ, და სიღრმესა უმეცრებისასა დანთქმულნი ნათლად აღმოგიყვანენ სწავლითა შენითა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჩვეულებისა თვისისაებრ აღეგზო რაი ეშმაკი წყობად შენდა, განათლებულმან მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, ვნებათა ზედა სულისა განმხრწნელთასა მოიღენ ძლევანი.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოგემადლა, ნეტარო, ზესთა სიტყვისა სიბრძნე და მრავალბრწყინვალე წინასწარ ცნობაი და სამღდელოითა შუამდგომელობითა შენითა განსდევნიდი ბოროტისა გარე-მოდგომასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მწყემსი მღვიძარე, სამწყსოსა შენსა ასწავებდი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა. აწ ჩუენცა წარგვიმართე ჭეშმარიტებისა მიმართ, რაითა განვისვენოთ ბოროტისაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად ყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ესმათ რაი უდაბნოისმოყუარეთა ანგელოზებრი ცხორებაი შენი, მოისწრაფდეს ხილვად სიწმიდისა შენისა, და გიხილეს რაი, საკვირველი ეგე მოღვაწე, აღძრნეს მსახურებად ღმრთისა, მას ევედრე, რაითა განგვარინოს ყოველსა სიცბილსა ეშმაკისასა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ენამან შენმან ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაი ჩუენი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა გულნი უმეცართანი და მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად, აწ ჩუენცა შეგვეწიე და ნათლად აღმოგვიყვანენ დანთქმულნი სიღრმესა უმეცრებისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მსგავსად მზისა განბრწყინდა ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, მადლითა მით საღმრთოითა, რომლისა მიერ განსდიდდი კიდეთა ქართლისათა, და მრავალნი აღძარ ბაძვად სიწმიდისა შენისა და დიდებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელმან დაუმკვიდრე კურთხევაი სახლსა გაბრიელ მთავრისასა, და მხურვალე შუამდგომელად გამოუჩნდი ღმრთისა მიმართ, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, მართლ-აღმსაარებელთა აღამაღლოს გვირგვინი და მშვიდობაი მოჰმადლოს ერსა ჩუენსა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარ სამოელ, მხილველ-იქმენ სულითა, და მეფეთაცა შეჭურვიდი რაი სწავლათა შენთა მიერ, იღუწიდი მათთვის სულიერად წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენთვისცა ოხად ნუ დასცხრები, მოგუანიჭოს სიბრძნე კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა შენ მიერ განმხნობილი მეფე აშოტ მძლე ექმნა აგარიანთა და `სამეფოი ქართლისაი~ კუალად აღადგინა, ეგრეთცა სიმხნე და მძლეველობაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინე და დახსენ ზახებაი ურიცხვთა მტერთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან სჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი. ხმაი 2
უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვისცა საღმრთოისა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.
იკოსი
ჭეშმარიტად გამოსჩნდი რაი მწყემსად საკვირველად, სამწყსოი შენი მოზღუდე მოციქულთა და მამათა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა, და განამდიდრენ რაი სწავლითა საღმრთოითა, ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაი ზეცათა შინა, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო, და საუკუნესა სუფევასა ღირს-იქმენ დამკვიდრებად.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი ლუკასი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ – არს ცათა შინა.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ჰოი, მწყემსო კეთილო და ხანძთისა დიდებაო, ვითარცა საღმრთოსა მოშურნესა და შემწესა დიდსა აღგძრავთ შენ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა შეუძრველად დაიცვას ეკლესიათაი, და ერი შენი, წილხუდომილი ღმრთისმშობლისაი იხსნნეს მძლავრებისაგან მტერისა, გარე-მოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა, ყოველსა სოფელსა მისცეს მშვიდობაი და დიდი წყალობაი მგალობელთა შენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, და წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთის-კაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანე და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ-მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საიდუმლოთა საღმრთოთა შესწირევდი, ვითარცა მღდელი, მობაძავი მხსნელისაი, და ეშმაკნი დასწუენ ცეცხლებრ სახუმილითა ლოცვათა შენთაითა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უფალმან მოგცა ძალი სულთა ზედა ბოროტთა და განასხემდი მათგან, რომელთაცა სტანჯვიდეს, და განთავისუფლებულნი ღაღადებდეს: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზარი ახდათ მადლთაგან სიწმიდისა შენისა და დიდებულებისაგან პირისა შენისა, მეფეთა და ყოველთა ერთა, და მადლობითა უგალობდენ ღმერთსა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გუეყავ მარადის.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განეფინა რაი მადლი ბაგეთა შენთა, ნეტარო, ღმრთისმსახურებაი განამდიდრენ გალობითა და შესხმითა წმიდათაისა, და წიგნნი სულიერნი დაუუნჯენ ეკლესიათა ჩუენთა, განსამტკიცებელად მართლისა სარწმუნოებისა და წინდად უკუდავებისა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა გამოუჩნდი შენ ხელმწიფეთა, საკვირველი ეგე დიდებული მამაი, და შეზღუდენ ღირსებითა და სიმართლითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვიმრავლნე ერის-მძღუარნი, ღმრთისმოშიშნი და კაცთმოყუარენი, რაითა ზრუნვიდენ ერისათვის და ადიდებდენ ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან არად შერაცხენ ქადებაი უკეთურისა მის ცქირისაი და საღმრთოითა შურისგებითა მოაშთვე მგელ-ღმრთისმსახური იგი მბრძოლი ეკლესიისაი, აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტესითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენი, არამედ ქრისტე ღმერთი სჯულისმდებელი, ღმრთისმშობელო, რომელი იგი უსჯულომან ერმან ჯუარს აცუა ხსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უბიწოებითა განჰვლე რაი საწუთოი, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, ზეგარდამო გესმა ხმაი საწადელი: მეუფე ცათაი ქრისტე გიწოდდა სასუფეველსა თვისსა, და მიხუედ რაი სიხარულით, დაემკვიდრე ნათელსა მას სამარადისოსა, რომლისაცა გსუროდა,
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელი ეგე ვითარცა საღმრთოი საუნჯე გპოვა ივერთა ეკლესიამან და სიხარულითა შეგიწყნარა, აწ გევედრებით, განაბრძვნე ერი ჩუენი, რაითა განვერნეთ ყოველთა ცნობის მიმხდელთა და წარწყმედელთა მათ ვნებათა და უკეთურებათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიმრავლე მონაზონთაი წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო, და ღაღადებს შენდა მომართ, ყოვლად ნეტარო მამაო გრიგოლ, რაითა უფალსა შეაწყნარო, და იხსნა სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი სჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
დაღაცა-თუ სანახებნი კლარჯეთისანი დადუმებულ-არს, წმიდაო, აწ იქადის ხანძთაი და შატბერდი შენთა შრომათათვის მათ შორის აღსრულებულთა, და ჩუენცა გულსმოდგინედ მოვისწრაფით სავანეთა შენთა, აწ დარღვეულთა და დაკნინებულთა, რაითა არა ხოლოი ვილოცოთ, არამედ მუნცა დავემკვიდროთ, და მარადის ვმსახურებდეთ პატიოსანთა ძუალთა შენთა საყოფელსა.
ეჰა, ვითარ დიდებულ არს სახსენებელი შენი, რამეთუ დიდებულად შეამკევ ივერთა ეკლესიაი სასწაულთა და ნიშთა საკვირველთა აღსრულებითა და ცხორებისა ბრწყინვალებითა, აწ მვედრებელთა შენთა წყალობითა მოგუხედენ და ერი ჩუენი შეჭურვე ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა.
მეტყუელებდი რაი დიდებასა ღმრთისასა, უაღრეს რიტორთასა, საფუძველი მტკიცე დაუდევ საღმრთოისა ცხორებისა მოსურნეთა და სახე კეთილისაი ექმენი თვისტომთა შენთა. შეიწირე აწ გულს-მოდგინებაი ჩემი, ნეტარო გრიგოლ, და შეგვაწყნარე უფალსა სახიერსა, რაითა დახსნას სენი იგი სოდომელთაი და სალმობასა გომორელთასა განგვარინოს მეოხებითა შენითა.
ვაი, ერსა ზედა ჩუენსა მოწევნულსა განსაცდელთა – დავმდაბლდით და განვიბნინენით ყოველსა ქუეყანასა, ხოლო მძლავრნი იგი მთავარნი და წარმართთა გუნდნი, ბოროტად შეთქუმულ-არიან სამწყსოსა შენსა ზედა, გარნა აწ ევედრე ღმერთსა, რაითა რისხვითა განჰკუეთდეს და უკუნ-აქცევდეს უკეთურსა კრებულსა მათსა.
ვითარცა ძუელად ითხოვე ერისა შენისათვის გამოხსნაი ყოველთა ჭირთა და ღელვათაგან, ეგრეთცა გვითხოვე ქრისტეს მიერ გამოხსნაი ყოველთა უცხო თესლთაგან, ქუეყანასა ჩუენსა შემოხიზნულთა, რომელთა არა იციან ხელმწიფებაი მისი, და შერისხუაი და დამხობაი შინაგანმცემთა მათ ერისათა, რომელნი კადნიერად განსყიდიან მიწა-წყალსა ჩუენსა, მამა-პაპათა სისხლითა განპოხებულსა.
ჰოი, ღუაწლსა შინა სახელოვანო მამაო გრიგოლ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ. დიდებაი…
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აწდა…
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ნათელ-ცისკროვნო ვარსკულავო უდაბნოისაო, და დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა სავანეთაო, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო და სიხარულო ეკლესიათაო, თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო და წინამძღუარო მონაზონთაო, მღდელთა სიქადულო, მთავართა დიდებაო და მხედართა ძლიერებაო, ხელმწიფეთა თუალუხვავად მამხილებელო და კუერთხითა სწავლისაითა განმსწავლელო, დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა სავანეთაო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო გრიგოლ ხანძთელო!
ჰოი, ივერთა ეკლესიისა მნათობო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო, ყოვლად ნეტარო მამაო და წმიდაო მოღუაწეო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ ხანძთელო! ქრისტეს მოძღურებისა განმტკიცებითა შემწედ უძლეველად და სუეტად გამოსჩნდი ივერთა ეკლესიისად და წინამბრძოლად სარწმუნოებისად, და სრულ-ჰყავ რაი სრბაი შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, შეწევნითა საღმრთოითა ჰკურნებ სენთა და მრავალსახეთა სალმობათა და მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა, ამისთვისცა აწ ჩუენცა გუაქუს მეოხებაი შენი ქრისტეს მიმართ, რაითა მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და ღირს-გვყოს წინასწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს მეფე, სარწმუნოი და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაითამცა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლის წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ხოლო კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი დაიცვენ მეოხებითა შენითა.
ჰოი, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტეს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მამათაო, საკვირველმოქმედო მამაო ჩუენო გრიგოლ ხანძთელო, შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათაისა და მოღვაწებრივითა კადნიერებითა ევედრე ღმერთსა, რაითა მოგუანიჭოს მრავალ-ჟამ კეთილ-სუფევით ცხორებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მადლითა და ლოცვითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
ჰოი, სასწაულთმოქმედო მამაო გრიგოლ, რომელმან დააცხრვენ აღძრვაი ვნებათაი და ჭირთაი, სენთა აღტეხაი და ეშმაკისა საფრხეთა კუეთებაი ვედრებითა შენითა, აწ ხატსა შენსა შევრდომილნი ტკბილთა ოხათა შენთა მიერ დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთა საფრხისაგან, და ცხორებაი ჩუენი წარმართე კეთილად.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა ამბორის-მყოფელთა ყოვლად პატიოსნისა ხატისა ღირსისა გრიგოლისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა