სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა და დიდებულისა
მოციქულისა და მახარებელისა იოვანე ღმრთისმეტყველისა
მღდელი: კურთხეულ არს–ი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი ხმაი 2
ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი, ღმრთისმეტყველო იოვანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ტროპარი
მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო, საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაი მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთაი განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1 უგალობდითსა ხმაი 4
ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმეთა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარეზენთაი, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
თუალით მხილველსა ქრისტეისსა და მიყრდნობილსა მკერდსა მისსა, ძესა ქუხილისასა – იოვანე ღმრთისმეტყუელსა ერთობითა ვაქებდეთ, მორწმუნენო, და ვევედრებოდეთ ხსნასა ყოველთა უხილავთა და ხილულთა მტერთაგან.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქრისტეს ქადაგსა, ქალწულსა ღმრთისმეტყუელსა და მოწაფესა საყუარელსა გიგალობთ შენ, ჰოი, იოანე, და გევედრებით: გვითხოვე მოძღურისა შენისაგან მშვიდობაი ქუეყანისაი და მოტევებაი ცოდვათა ჩუენთაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
პირი შენი, ჰოი, მოციქულო ღირსო, წყაროი არს სიწმიდისა და მართლმადიდებლობისაი, რომლითაცა მოირწყო ეკლესიაი, და გაქუს აწ კადნიერებაი უფლისა მიმართ, ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდოს და წარგვიმართოს ხსნისა მიმართ და ცხორებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიკუდილი და ხრწნილებაი დახსენ ღმრთისა დედაო, ჰშევ რაი წყაროი უხრწნელებისაი, ქრისტე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, რომელმან განაშვენა კაცთა გონებაი შენ მიერ უკუდავებისა სიკეთითა.
გალობაი 3 განძლიერდასა
ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყვარე.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გესმა რაი მოძღურისა შენისა იოვანესაგან: „აჰა ტარიგი ღმრთისაი“, ანდრიას თანა მისდევდი მაცხოვარსა, ვიდოდა რაი ხორციელად შორის ქუეყანისა ნაშობთა და დღესა მას დაადგერით მის თანა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ძმისა შენისა თანა იაკობისა გიხილნა რაი ქრისტემან, იოვანე, ნავსა მას შინა მამისა თქუენისასა, გეტყოდათ: „მწრაფლ შემომიდეგით მე და გყვნე თქუენ მომნადირებელ კაცთა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოგიწოდათ რაი ქრისტემან ძეთა ზებედესთა, მყის დაუტევეთ ნადირობაი თევზთაი ტბასა მას შინა გალილეასა და მხურვალებითა სულთაითა შეუდეგით ხორცითა გამოჩინებულსა ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უქორწინებელო სძალო, რომელმან შევ ღმერთი ხორციელ-ქმნილი, ვნებათა კვეთებითა შერყეული ესე დამამტკიცე, რამეთუ სიმტკიცე ხარ და სასოი სოფლისაი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
წარდგომაი ხმაი 2
გამოგირჩია რაი ქრისტემან მეთევზურთაგან მოწაფედ საყუარლად, სწორად უხორცოთა სიწმიდითა გამოჰბრწყინდი ხორცითა და გონებითა, და იქმენ რაი მეგობარ და საყუარელ მისა, გიწოდა შვილად ქუხილისა, და ღირს გყო, რაითა ჰქუხდე სულისა მიერ მისსა გამოუთქუმელსა და მიუწვდომელსა საღმრთოსა შობასა მამისაგან, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა ზესთა აღამაღლოს ეკლესიაი თვისი და ერი ჩუენი დაამტკიცოს მართლმადიდებლობასა ზედა შეუძრველად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სახსენებელსა შენსა ყოვლად საგალობელსა, შესხმით ვადიდებთ და გაქებთ, ვითარცა მოციქულსა ქრისტეისა, საყუარელსა შორის მოწაფეთასა, რომელმან აღთქუმაი მისი აღასრულე და სხუათა მათ მოციქულთა თანა მიიღე მისგან აღუთქუმაი საყდართა მათ მარჯუენით მისა დაჯდომისა, განსჯად ყოველთა ენათა ნათესავთა ადამეანთასა, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყვანოს ჩუენ უფსკრულთაგან ვნებათასა, და დაგვიფაროს ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უხრწნელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, და მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა, ქალწულო წმიდაო, და გვიხსნენ ყოვლისა ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაი შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოითა ვედრებითა შენითა.
გალობაი 4 უფალო მესმასა
ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქრისტეს თანა დაემკვიდრე რაი სიჭაბუკითგან, სიწმიდეი და ქალწულებაი შენი უბიწოი შეიყუარა, და შეგრაცხა რაი ათთორმეტთა თანა მოციქულთა, წმიდაო, ღირს გყო ხმამაღლად ქადაგებად სახარებასა მისსა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაი პეტრე, არა თვით იკადრა კითხვად, არამედ შენ გაწუევდა, ნეტარო, და მიეყრდნე რაი მკერდსა მისსა: „უფალო, ვინ არს, – ეტყოდი, – რომელი მიგცემს შენ?“, და განმცემელი იგი პურითა მოასწავა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ, ვითარცა-რაი ქალწულსა, ღმრთისმშობელი ქალწული წმიდაი შეგვედრა უფალმან ჯუარსა ზედა ვნებულმან, და ძმად გიწოდა რაი, ღირსო, და ძედ ქალწულისა ღმრთისმშობლისა, შვილებრ მიითუალე და წარიყვანე სახსა თვისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქუეყანად დაუთესველად, ცხორების გამომღებელად, და ღრუბლად სულ-მცირედ მომფენელად ცუარსა მშვიდობისასა, ყოვლადწმიდასა ქალწულსა აღვიარებთ და ვღაღადებთ: ღმრთისა დედაო. დიდებაი ძესა შენსა.
გალობაი 5 ღამითგანსა
ძლისპირი: ვერა იხილონ უღმერთოთა დიდებაი შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა, და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობლად შენდამი, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა მოციქული და მეგობარი ქრისტეისი თვითმხილველ იყავ არა ხოლო თუ ქუეყნიერთა საქმეთა და სასწაულთა მისთა, არამედ ნებსით სიკუდილისა და აღდგომისა, და გაქუს აწ კადნიერებაი დიდი, რაითა გვიხსნნე ჩუენ ყოვლისაგან საცთურისა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ამაღლდა რაი იესუ ზეცად, სული წმიდაი მოგივლინათ ცეცხლისა სახედ უფალმან და იწყეთ რაი ხმობად უცხოთა ენათა, არცხვინეთ ბრძენთა, სძლეთ მეფეთა და ნათელსა ჭეშმარიტებისასა მოაქცევდით წარმართთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წილისყრასა მას მოციქულთასა წილად გხვდა რაი ასიაი, დედასა თვისსა ქრისტემან არგუნა ივერიაი, და წარგიყუანდათ რაი ძეთა ზებედესთა, გამოუჩნდა მაცხოვარი და უბრძანა მის წილ წარგზავნაი ანდრიაისი მოსაქცეველად ქართველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მძლედ გამოაჩინე შენ, ღმრთისმშობელო, გონებაი ჩემი, და დაუმორჩილენ ვნებულნი გულისსიტყუანი და ხორცთა ბრძოლანი, რომელმან ჰშევ თავადი იგი საღმრთო უვნებლობაი.
გალობაი 6 ღაღადყავსა
ძლისპირი: გალობით, ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმდა რაი იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა, წმიდასა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
დამკვიდრდი რაი იერუსალეიმსა ქრისტეს დედისა თანა, ექმენ მას მსახურ უბიწოებით მსგავსად იოსებისა, და ჟამითი ჟამად ასიასა ხვიდოდი აღსასრულებლად მოციქულებრივისა ღუაწლისა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ჟამსა მას ხორცთაგან განსლვისასა უბიწოი დედაი ღმრთისაი მოვლინებასა შენსა ევედრებოდა რაი შობილსა თვისსა, მსწრაფლ მიიწიე საღმრთოითა ეტლითა და შეიტკბე სიყუარულითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მიიძინა რაი ღმრთისმშობელმან, ნეშტსა მისსა წინა-უძღოდი სამოთხისა რტოითა, გაბრიელ მთავარანგელოზისა მიერ მოძღვნილითა, და ანგელოზთა თანა ღაღადებდი მიცვალებისა გალობასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უაღრეს და უზესთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლადღებაი დამბადებელისა, და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომა ქალწულადვე.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კონდაკი ხმაი 4
დიდებულებანი შენნი ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტეისი.
სხუაი კონდაკი
სიმდიდრეი სიბრძნისაი ზეცით მოიღე, ღმრთისმეტყველო, და თაბორსა ზედა გესმა რაი მამისა იგი ხმაი განმაღმრთობელი, საიდუმლოსა მას სერობასა მაცხოვრისა მკერდსა მიყრდნობითა ღირს იქმენ მიწევნად მადლსა სულისასა, და დაგვიწერე შენ წმიდაი სახარებაი, რომლისაგან აღმოვივსებთ დაუწყვედელად მდინარეთა მათ მადლისათა, და ვღაღადებთ: გიხაროდენ, ქრისტეს მოციქულო და მახარებელო იოვანე!
იკოსი ხმაი 8
ვითარცა თუალით-მხილველმან და ქადაგმან და მოწაფემან ქალწულისაგან შობილისა ქრისტეს ღმრთისამან, უხილავად განიცადენ საიდუმლონი ზეცისანი, ცნობაი მათი გამოგვიცხადე და ქუხილისა მსგავსითა მით ენითა შენითა ბრწყინვალედ გვიქადაგენ, ნეტარო, საყუარელო ქრისტეისო: „პირველითგანვე იყო სიტყუაი ღმრთისაი“, და მით განამტკიცენ გონებანი ჩუენნი და ვღაღადებთ: გიხაროდენ, ქრისტეს მოციქულო და მახარებელო იოვანე!
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირს–ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: იოვანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი იოვანესი
(თ.19. 25-27; 21. 24-25)
მას ჟამსა შინა, დგეს ჯუარსა მას თანა იესუისსა დედაი მისი, დაი დედისა მისისაი, მარიამ კლეოპაისი, და მარიამ მაგდალენელი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაი თვისი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თვისსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაი შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თვისთა თანა….. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთვის და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაი მისი. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა დიდებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოვანე ღმრთისმეტყველისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ქრისტეს მიერ იქმენ ორღანოი მადლთა და ჭურ ღმრთისმეტყუელებისაი, და გამოთქვი დიდებაი წმიდისა სამებისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი ჩუენი და მოანიჭოს ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა მართლმადიდებელსა; სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და დიდი წყალობაი სულთა ჩუენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა, და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა ძლევა–შემოსილისა მოწამისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოვანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა, და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, ქვაბთახევსა და აჭარასა შინა უსჯულოთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა – იოვანე და გიორგი–იოვანე ბეთანიელთა, და ექვთიმე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს); და წმიდისა მოციქულისა იოვანე ღმრთისმეტყველისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7 კურთხეულარსა
ძლისპირი: სახუმილსა შინა, აბრაამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
თანაშემწედ გექმნა რაი პროხორე, სამოცდაათთაგანი მოციქული, ასიად წარემართეთ და დანთქუმასა შინა ნავისასა საკვირველად განერეთ რაი სიკუდილსა, ქრისტეს სახელითა ბომონთა დაამხობდი ეფესოსა და აღადგენდი მკუდართა და განრღვეულთა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ლოცვითა დაარღვიე საკერპოი ტაძარი, და ქურუმნი განაყენნე რაი საცთურისაგან, მრავალი ერი მოაქციე, და შეგიპყრა მეფემან, გარნა ვერა გავნო რაი სამსალითა, შთაგაგდო აღდუღებულსა ზეთსა და ძალითა უფლისაითა დაშთი უვნებელად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
პროხორეს თანა ექსორია-გყო რაი მეფემან პატმოს ჭალაკსა, მუნცა ჰქადაგებდით სამებასა ერთღმრთეებად და ჯუარცმულსა ყოველთა მხსნელად, მოაქცევდით და ღმრთისმსახურთა შემატებდით მრავალთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სჯულისა მისგან მონებისა გვიხსნა შობამან შენმან, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ქალწულწებითა შევ განმათავისუფლებელი, კურთხეულ ხარ დედათა შორის, სძალო, ყოვლადწმიდაო.
გალობაი 8 აკურთხევდითსა
ძლისპირი: ყრმანი ბრწყინვალენი სახუმილისაგან პირველად იხსნნა შობამან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ხსნაი ჩუენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღხვედ რაი უდაბურსა მას მთასა პროხორეს თანა, უზმად დაადგერ ათ დღეი მღვიმესა შინა, და ჩუენებასა შინა გაუწყა რაი ღმერთმან: „მე ვარ ანი და ჰოი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს“, მხილველმან გამოუთქმელთა ხილვათამან დაგვიწერე „გამოცხადებაი“.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მეტყველმან ზეცისა საიდუმლოთა აღსწერე რაი სახარებაი უაღრეს ყოველთა ღმრთისმეტყუელებათა, ნესტვითა ენისაითა დასწერე სამნი ებისტოლენი, ჰოი, ქადაგო ღმრთისაო იოვანე, და შეამკე ქრისტეს ეკლესიაი საღმრთოითა მით მოძღურებითა შენითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შემდგომად მეფის სიკუდილისა უკუნ-გაქციეს რაი ეფესოდ ექსორიობისა მისგან, ჰოი, იოვანე, პოვე ტიმოთეი მოკლული წარმართთაგან, და დაგსუეს რაი საყდარსა მისსა, ნეტარო, სამწყსოსა მას კეთილად განაგებდი და ასიისა მკვიდრთა ახარებდი სასუფეველსა ღმრთისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰშევ შენ წმიდაი ყოვლისაგან ბიწისა, იქმენ სამკვიდრებელ ყოვლისა სიწმიდისა და სიტყუაი ყოველთა წმიდა მყოფელი, მამისა თანა დაუსაბამოი უშევ კაცთა, ამისთვის გიგალობთ შენ, ქალწულო, და უფროისად აღგამაღლებთ უკუნისამდე.
გალობაი 9 ადიდებდითსა
ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელი, ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთვის სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მშვიდ და მდაბალ იყავ შენ, ნეტარო, და მოცემულ გაქუნდა რაი ღმრთისა მიერ აღმატებული ნიჭი სიყუარულისაი, მარადის შთააგონებდი მორწმუნეთა ურთიერთსიყუარულსა და მშვიდობასა.
წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მიიწიე რაი მხცოვანებასა დიდსა, უბრძანე საფლავისა განმზადებაი ჯუარისა სახედ მოწაფეთა, და მას შინა შთასრულმან ილოცე, და მშვიდობაი დაუტევე რაი მწუხარეთა, დაგფარეს მიწითა, და გიწოდდენ მწყემსასა, და მწყალობელსა წინაშე ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განაღეს რაი საფლავი შენი, ვერარაი პოვეს მოწაფეთა შენთა, და მოეხსენათ, თუ ვითარ მიუგო მაცხოვარმან პეტრეს: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაი ჩემდა მოსლვადმდე, შენდა რაი არს?“, და განითქუა ზეცად აღტაცებაი შენი, ვითარცა ენუქისა და ელიაისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნაყოფი წმიდაი აღმოსცენდი ქალწულებისა ქუეყანასა, რომლითა ვიზრდებით მორწმუნენი, რომლისა მიერ ვჰგიეთ და ვსცხოვნდებით, ქრისტე, და მშობელსა შენსა ვადიდებთ, ვითარცა ღმრთისმშობელსა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს: ერისკაცი ან წიგნისმკითხველი კითხულობს:
ფრიად გადიდა რაი საკვირველითა მით მიცვალებითა ღმერთმან, წლითი წლად აღმოდიოდა მაკურნებელი მირონი სამარხოით შენით, ვითარცა მტვერი, და განშუენდა რაი ბრწყინვალედ საღმრთოი ეკლესიაი ხსენებასა შენსა, გვიწესს ყოველთა შვილთა თვისთა, რაითა ღუაწლსა მას შენსა ვაქებდეთ, ღმრთისმეტყუელო, და გევედრებოდეთ დაცვასა სულთა და ხორცთა ჩუენთასა.
იქმენ რაი მახარებელ და ქადაგ ჭეშმარიტისა განკაცებისა, ორთაგან ბუნებათა ერთი ძეი და უფალი, ქრისტე, ღმერთი ჩუენი ჰქადაგე, და სიყუარულითა და სიმდაბლითა მორჩილებდი რაი უხუცესთა მათ მოციქულთა, სახედ მორჩილებისა და სიწმიდისა ექმენ მონაზონთა, და გევედრებიან, ვითარცა საკუთარსა მფარველსა თვისსა, რაითა დაიმარხონ სიწმიდეი და კრძალულებაი მადლითა შენითა, და იქმნენ მორჩილ და მოყუარულ კეთილთა წინამძღუართა თვითა.
ვხედავთ რაი წინაისწარ უწყებათა შენთა აღსრულებასა, გაქებთ შენ, ჰოი, სანატრელო იოვანე, ვითარცა სულისა მიერ წმიდისა განბრძნობილსა მოციქულსა ქრისტეისსა, მეორედ მოსლვისა მისისა კაცთა მომართ ქადაგსა სარწმუნოსა და აღგძრავთ მწედ მისა მიმართ, რაითა შეგვჭურვოს ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა ჩუენისა და სიწმიდისათა.
ჰოი, დიდებასა მას პატიოსანსა, რომელსა ღირს იქმენ ზეცად მსრბოლი ეგე მოციქული, რამეთუ წინაისწარ-მომავალ ხარ დიდისა ენუქისა თანა და ელიაისა, ვიდრემდე მეორედ მოსლვასაცა, ანტეს სამხილებელად და ნუგეშინისმცემელად მართლმადიდებელთა, და ნეტარ იქმნეს, რომელმან დაიმარხოს სარწმუნოებაი იესუ ქრისტეისი მათ დღეთა შინა, ამისთვის შეგვაწყნარე სახიერებასა მის, რაითა დაგვიფაროს მანქანებათაგან ეშმაკისა და წარწყმედისაგან სულისა.
მოვედით, მორწმუნენო, ვაქებდეთ, ქრისტეს უზესთაესსა მოწაფესა იოვანეს, ძესა ზებედესსა – ქალწულსა ხორცითა და გონებითა, შვილ-ექმნა რაი დედასა და ქალწულსა ღმრთისმშობელსა, და ვევედროთ მეოხებასა წინაშე მისა, დაიფაროს წილხვედრი ერი თვისი ქართველთაი ანტიქრისტეს საცთურისაგან და მძლავრებისა, რაითა მოციქულთა და ყოველთა წმიდათა თანა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, თავო მოციქულთაო და ხმამაღალო ქადაგო სამებისაო, მკერდსა მაცხოვრისასა სიყუარულითა მიყრდნობილო იოვანე, ურწმუნოთათვის მომმადლებელო სარწმუნოებისაო; სათნოებისა ჭურო და სუეტო ეკლესიისაო; სიწმიდისა უხილავო ზედამდგომელო და სამკვიდრებელო სიბრძნისაო; ცხორებისა ჩუენისა ჭეშმარიტო წინამძღუარო და უძლეველო ზესთამბრძოლო ყოვლისა საქრისტეანოისაო!
ჰოი, სამებისა ქადაგო და ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა მახარებელო, იოვანე ღმრთისმეტყუელო მოციქულო, საყუარელო ქრისტეისო, ვედრებანი ჩუენნი შეიწირე და შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, ერი ჩუენი დაიცვას ზედადასხმისაგან მტერისა და მოგუმადლოს შენებრი სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაი, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, მოციქულო ქალწულო იოანე, ხმატკბილო ორღანოო ღმრთისმეტყველებისაო და სავანეო სამგვამოვანისა ღმრთისაო – მამისა და ძისა და სულისა ყოვლად წმიდისაო, ნუ დასცხრები აწ მეოხებად მისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღუნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ხდომათაგან მტერთაისა, ძმათამკულელთა ბრძოლათაგან, მძლავრებისაგან ანტეისა და სიცბილთაგან მისთა, რაითა განვერნეთ ყოველთა საფრხეთა და შენითა შუამდგომელობითა წარუვალსა მას შუებასა მიმთხუეულნი დაუცხრომელად უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცავს…
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულისა შენისა და მახარებელისა იოვანე ღმრთისმეტყველისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცუაი მთხვევასა ზედა ხატისასა:
დაუსაბამოი შობაი სიტყვისაი ქადაგე რაი, მოციქულო და მახარებელო იოვანე, საიდუმლოი ხორცთა შესხმაი ღმრთისმეტყველე, და ნათელი ბრწყინვალეი სასწაულთა მისთაი და ბრძანებანი და მცნებანი მისნი ღმრთივბრწყინვალედ განჰფინე რაი ყოველსა ქუეყანასა, ეკლესიაი განაშუენე, ვითარცა სძალი, მოძღურებითა შენითა, და აწ ვითარცა სიყუარულისა მოციქულსა გაქუს კადნიერებაი ქრისტეის მიმართ, წყალობაი მოგუმადლოს მოშიშებითა შევრდომილთა წმიდასა ხატსა შენსა და მოგვანიჭოს სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი და მოგვცეს მადლი მოწყალებისაი.
გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტით და გევედრებით: მიმადლებულო ქალწულო, მოციქულთა თანა შეგვეწიე, რაითა სათნო ვეყუნეთ შენგან შობილსა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოყუარეთა თვისთა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა