იოანე სინელის – კლემაქსის ცხოვრება
(კიბის აღმწერელი, VI-VII)
(აღწერილი რაითელი მონაზვნის დანიელის მიერ)
12 აპრილი (გრეგორიანული კალენდარი)
30 მარტი (იულიუსის კალენდარი)
ან დიდმარხვის მეოთხე კვირა.
საყვარელო ძმებო, რადგან დანამდვილებით არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუ რომელ ქალაქში დაიბადა და აღიზარდა ღვთისმსახურების ეს ახოვანი მხედარი, ვიდრე მოღვაწეობის სარბიელზე გამოვიდოდა; ხოლო ქალაქი, სადაც ამჟამად იმყოფება ყოვლადქებული მამა და უკვდავების ნეტარებით ხარობს, არაა ჩემთვის უცნობი; ის ახლა იმ ქალაქში იმყოფება, რომლის ბინადრებზეც ეკლესიის ხმამაღალი საყვირი, პავლე, ამბობს, რომ მათი „მოქალაქობაჲ ცათა შინა არს“ (ფილ. 3. 20).
იქ იმყოფება იგი, სანატრელი, და განუძღომელი სიკეთით ხარობს, უხილავსა და გონებით მიუწვდომელ სიკეთეს განიცდის, საკუთარი ოფლით დამსახურებული სასყიდელი მოჰფენია და გაწეული შრომისთვის ზეციურ სასუფეველში დიდება მიუღია. იმათთან არის და უკუნისამდე იყოს, რომელთა ფეხი „დადგა სიწრფოებით“ (შდრ. ფსალმ. 25. 12). ხოლო თუ როგორ დამკვიდრდა ხორციელი უხორცოთა შორის, გიამბობთ:
ხორციელად თექვსმეტი წლის იყო სანატრელი მამა, თუმცა გონებით ათასი წლის გახლდათ, როცა დიდ მღვდელთმოძღვარს საკუთარი ნებით შესწირა თავი: ხორცი სინას მთაზე მიართვა მსხვერპლად, ხოლო სული – ზეციურ მთაზე.
ამგვარად, უცხოობაში ყოფნით, რომელიც არის სათნოებათა წინამძღვარი, მან ძირიანად აღმოფხვრა კადნიერების ვნება, მოიპოვა მშვენიერი თავმდაბლობა და განდევნა ურჩობისა და თავნებობის მაცდური ვნება; ვინაიდან სულიერ მოძღვარს მოუდრიკა ქედი ამა ცხოვრების სასტიკი ზღვის შრომისა და მღელვარების გარეშე გადალახვის მიზნით.
ის ისე დაემორჩილა თავის მოძღვარს, თითქოს უტყვი ყოფილიყო და არანაირი ნება ჰქონოდა. საკვირველი იყო, რომ თავად ფილოსოფიის მცოდნე გახლდათ და ხორციელად უსწავლელ ადამიანს დაემოწაფა. მან ზეციური გონებითა და თავმდაბლობით განდევნა ფილოსოფოსობის სიამაყე. მოძღვრის სახელი, რომელმაც ის აღკვეცა, მარტვირი გახლდათ. ეს უკანასკნელი წმიდა მამა ანტონის უდაბნოს სიღრმეში, მეწამული ზღვის მახლობლად ცხოვრობდა. იმხანად მონასტერს თავს დაესხნენ შორიახლო მთებში დამკვიდრებული წარმართები, ააოხრეს იქაურობა და ექვსი მამა მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთს კონონი ერქვა. მას დაფარულის ცნობისა და წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა.
მამა მარტვირიმ მათი გვამები წაიღო და გამოქვაბულში დამარხა. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ლოდებით ამოქოლა, კირით შელესა და ზედ წმიდანთა სახელები დააწერა. ორი დღის შემდეგ მათი საფლავების სანახავად წავიდა, ვაითუ, მხეცმა გამოთხაროსო. წარწერა ხელუხლებელი დახვდა. საფლავების მიმათითებელი ნიშანიც უცვლელად იყო. მაშინ მან გამოქვაბული გახსნა და გვამების წამოსაღებად შიგნით შევიდა, მაგრამ ორი ცხედარი ვეღარ იპოვა. ღვთის ბრძანებით ამბა კონონისა და კიდევ ერთი დიდი ძმის ცხედრები გადაბრძანებულიყო იქ, სადაც ღმერთს სწადდა. ჩვენ კი კვლავ ჩვენს სათქმელს დავუბრუნდეთ.
როცა ნეტარი მამა იოანე მონაზვნად აღიკვეცა, თექვსმეტი წლის იყო. მამა მარტვირიმ ის ერთ კურთხეულ ბერთან, იოანესთან წაიყვანა, რომელიც გარე უდაბნოში ცხოვრობდა თავის მოწაფესთან, სტეფანესთან, ერთად.
ბერი მათ დანახვაზე წამოდგა, პატარა თასში წყალი ჩაასხა, მოწაფეს ფეხები დაბანა და ხელზე ემთხვია, ხოლო მოძღვარს ფეხები არ დაბანა. ეს რომ სტეფანემ, ბერის მოწაფემ, იხილა, დაბრკოლდა.
ამბა მარტვირისა და მისი მოწაფის წასვლის შემდეგ იოანე ბერი, რომელიც დაფარულს სცნობდა, მიხვდა, რომ მოწაფე დაბრკოლებული იყო და ჰკითხა: „რამ დაგაბრკოლა, შვილო? სიმართლეს გეუბნები, ყრმას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ იგი სინას მთის იღუმენია და ფეხები იღუმენს დავბანე.“ როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა, ორმოცდასამი წლის შემდეგ ეს ყრმა სინას მთის იღუმენი გახდა. მის შესახებ არა მარტო ამ ბერმა იწინაწარმეტყველა, არამედ ევსტრატი მარტოდმყოფმაც, რომელიც კელიიდან არ გამოდიოდა მას შემდეგ, რაც სინას იღუმენმა მამა ანასტასიმ მონაზვნად აღკვეცა. მან მოძღვართან ერთად წმიდა მთიდან ჩამომავალი ყმაწვილი დაინახა, უხმო მამა მარტვირსა და ყრმას და ბერს ჰკითხა: „მამაო, მითხარი, ვინ არის ეს ყრმა, ან ვინ აღკვეცა ის მონაზვნად?“ მამა მარტვირიმ უპასუხა: „შენი მონა და ჩემი მოწაფეა, მამაო.“ წმიდა მამა ევსტრატიმ უთხრა: „ნეტარ ხარ შენ, მამაო მარტვირი! წავიდეს ვინმე მამა ანასტასისთან, სინელ იღუმენთან და უთხრას, რომ დღეს სინას მთის იღუმენი აღიკვეცა!“ მართლაც, როგორც წმიდა მამებმა იწინასწარმეტყველეს ჩვენი ნეტარი მამის, კურთხეული იოანეს შესახებ, ისე აღსრულდა. ის იყო შემკული ყოველგვარი სათნოებით, რისთვისაც სინას მთის მამებმა მეორე მოსე უწოდეს.
როცა ნეტარი თვრამეტი წლის გახდა, თავისი მოძღვარი და მასწავლებელი, როგორც მეოხი და მვედრებელი, ზეციურ მეუფესთან მიავლინა, ხოლო თვითონ უდაბნოში საბრძოლველად გავიდა. საჭურვლად ხელთ ჰქონდა ლოცვა და ასე შეუდგა დაყუდებულ მოღვაწეობას დიდი მონასტრიდან ხუთი მილის მოშორებით. საცხოვრებელი აიშენა იმ ადგილას, რომელსაც თულისი ეწოდება, და მარადის ღვთისადმი სიყვარულის მძაფრი ცეცხლით ანთებულმა, ყოველგვარი სულმოკლეობის გარეშე იქ გაატარა ორმოცი წელი. ვის შეუძლია მის მიერ გაწეული ღვაწლის სიტყვებით გადმოცემა ან ვინ შეძლებს გამოთქვას ყველა ის სათნო საქმე, რომელსაც ფარულად აღასრულებდა. ჭამდა იმდენად მცირედს, რამდენიც არსებობისთვის იყო აუცილებელი, ნაკლულოვანებით მძლავრ მუცელს ამშევდა და აღვირს ასხამდა. უდაბნოში ყოფნითა და ადამიანის უნახაობით მან სრულიად დაშრიტა ვნებათა ცეცხლი და ნაცრად და მტვრად აქცია ისინი.
ხოლო კერპთმსახურებას (რომელიც ვერცხლისა და ოქროს სიყვარულია) ღვთის იმედითა და უპოვარებით მამაცურად სძლია; სულიერი სისუსტეები სიკვდილის ხსენებით უჩინოჰყო, ხოლო ნათესავებისა და სხვა ამსოფლიური საქმეების სიყვარული უნივთო და საუკუნო სიკეთის ხსენებით განდევნა.
გულისწყრომა კი მას ადრევე მოეკლა მორჩილების მახვილით. თავის გამოჩენისა და დიდებისმოყვარეობის ვნებათა ქსელი დაყუდებითა და დუმილით შემუსრა. ვის ძალუძს მისი თავმდაბლობის ზუსტად გამოთქმა ან მისი სიწმინდის სრულად გადმოცემა, რაც მორჩილების ბესელიელმა დაიწყო, ხოლო თავისი მოსვლით აღასრულა ზეციური იერუსალიმის უფალმა, ვის გარეშეც ეშმაკი თავისი მზაკვარი მხედრობით ვერ დაემხობა.
სად მივუჩინო ადგილი მისი ცრემლების წყაროს ჩვენ მიერ დაწნულ გვირგვინში? ბევრს როდი ჰქონია იგი! დღემდე არსებობს ის ფარული სენაკი, კლდეში ნაკვეთი პატარა გამოქვაბული, რომელიც მისივე სენაკიდან ცოტა მოშორებით მდებარეობდა და სადაც ადამიანის ხმა არ აღწევდა, მაგრამ ზეცას დაახლოებოდა ხმამაღალი გოდების გამო და მისი ლოცვა ღვთის ყურთასმენას სწვდებოდა. მისი ცრემლები უფრო მხურვალე იყო, ვიდრე ის ცრემლები, მახვილით დაჭრილებს, ცეცხლში დამწვრებსა და თვალდათხრილებს რომ სდით. იმდენი ხანი ეძინა, რომ გადამეტებულ უძილობას გონებისთვის არ ევნო. ძილის წინ ბევრს ლოცულობდა და წიგნებს წერდა, რადგან ეს ჰქონდა საქმედ და მოწყენილობის დასაძლევად.
მთელი მისი ცხოვრება იყო ლოცვა და ღვთისადმი უზომო ტრფიალება, რადგან დღე და ღამე მას ხედავდა ქალწულებით განწმენდილ სულის სარკეში და ვერ ძღებოდა ამ სარკეში ცქერით. ამის გამო ერთმა ძმამ, სახელად მოსემ, საღვთო შური აიღო: მისგან რომ ჭეშმარიტად ღვთიური სიბრძნე ესწავლა, დამოწაფება და მსახურების ნებართვა სთხოვა, და თხოვნის შესასრულებლად მრავალი შუამავალი მიუგზავნა.
ღმერთშემოსილმა მამამ ვედრება ისმინა და ყოველივე სიკეთეს ასწავლიდა მას. ერთ დღეს მან ძმა მოსეს მწვანილისთვის საბოსტნედ მცირეოდენი მიწის დამუშავება უბრძანა. ისიც გაემართა მითითებული ადგილისკენ და ბრძანების შესრულებას შეუდგა.
შუადღისას, როცა ძლიერ დაცხა, მოსემ დიდი ლოდის ქვეშ შეაფარა თავი და დაიძინა. ხოლო ღმერთმა, რომელსაც არც ერთი თავისი მონის შეწუხება არ სურს, მის დასახმარებლად ისწრაფა: როცა ნეტარი იოანე სენაკში ლოცულობდა, ჩაეთვლიმა და იხილა მშვენიერი შესახედაობის მღვდელი, რომელიც აღვიძებდა და ძილის გამო საყვედურობდა: „ჰოი, იოანე, რა უდარდელად გძინავს და ამ დროს შენი მოწაფე, მოსე გასაჭირშია!“ იგი მყისვე გამოფხიზლდა და მოწაფისთვის ილოცა. საღამო ჟამს, როცა მოწაფე დაბრუნდა, ნეტარმა ჰკითხა: „შვილო, რაიმე გასაჭირი ხომ არ შეგემთხვა?“ ხოლო მან უპასუხა: „დიდი ლოდი უნდა დამცემოდა, მამაო, რადგან მის ქვეშ მეძინა, მაგრამ შენი ხმა მომესმა, თითქოს მეძახდი. როგორც კი იმ ადგილიდან გამოვიქეცი, მაშინვე დიდი ლოდი ჩამოვარდა.“ ხოლო მან, გონებით მდაბალმა, არაფერი უამბო ხილვის შესახებ, არამედ ფარულად, სულიერად უგალობდა და ადიდებდა სახიერ ღმერთს.
ნეტარი მამა იყო სიკეთის მაგალითი და სულიერ სნეულებათა მკურნალი. ამიტომ ერთხელ მასთან მივიდა ვინმე მონაზონი, სახელად ისააკი, რომელიც ხორციელ ვნებებს შეეპყრო და ბრძოლა აღარ შესწევდა. მივიდა ის ღმერთშემოსილ მამასთან და ცრემლითა და ტირილით უამბო ბრძოლების შესახებ. ნეტარი გააკვირვა მისმა სარწმუნოებამ და უთხრა: „საყვარელო, ორივემ ვილოცოთ!“ ლოცვა რომ დაასრულეს და ისააკმა მუხლი მოიდრიკა, მაშინ დავითის სიტყვისამებრ ღმერთმა აღასრულა „ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ“ (ფსალმ. 144. 19) და გველი ლოცვით განიდევნა. სნეულმა ნახა, რომ განიკურნა, ღვთის მადიდებელთა განმადიდებელ ღმერთს სამადლობელი აღუვლინა და მკურნალ ნეტარ მამას თაყვანისცა.
ზოგიერთმა შურით შეპყრობილმა კაცმა კი მას მრავლისმეტყველი და ამაყი უწოდა. ეს უკანასკნელნი მან საქმით განსწავლა: რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ წმიდა მამას ყოველივე შეეძლო მისი განმაძლიერებელი ქრისტეს შემწეობით (შდრ. ფილიპ. 4. 13), ერთი წლის განმავლობაში დადუმდა და აღარავის ასწავლიდა. მანამდე კი მასთან, როგორც მკურნალთან, ყველა მიდიოდა და ნათლდებოდა.
ის დუმდა იმ დრომდე, სანამ თავად ცილისმწამებლები არ შეევედრნენ და უთხრეს, რომ სულთა სასარგებლო წყარო დამწყდარიყო და მრავალი ადამიანი იღუპებოდა. ის იძულებით კვლავ უმრავლესობას დაემორჩილა და ძველებურად ყველას ასწავლიდა და განანათლებდა.
ამგვარად, ყველა ხედავდა მისი სათნოებების სიმრავლესა და სწავლების სიღრმეს. ორმოცწლიანი დაყუდების შემდეგ, როგორც ახალი მოსე, სინელმა მონაზვნებმა ის აიძულეს, ძმების წინამძღვარი გამხდარიყო და ეს ბრწყინვალე სანთელი წინამძღვრობის სასანთლეზე აამაღლეს. და მართლაც, არ შემცდარან, ვინც მას მეორე მოსე უწოდა, რადგან ისიც უხილავ ნისლში შევიდა მთაზე, ღვთისგან დაწერილი მცნებები მიიღო, ღვთის სიტყვისთვის აღაღო პირი, მიიღო სული და აღმოთქვა კეთილი სიტყვა, უფრო სწორად, გულის საუნჯიდან ამომავლი სიტყვები.
ასე განვლო მან თავისი წმიდა ცხოვრება იმ ჭეშმარიტ ისრაიტელთა წინამძღვრობაში, რომლებიც მონაზვნები არიან და მიიცვალა ღვთის მიმართ ცათა სასუფეველში. მხოლოდ ერთი რამით არ ჰგავდა იგი მოსეს: წმიდა მამა მოსეს მიწიერ იერუსალიმში შეუსვლელობის მსგავსად ზეციურ იერუსალიმში შეუსვლელობით კი არ დასჯილა, არამედ იმავე დიდ მოსესთან ერთად ზეციურ იერუსალიმს მიაღწია. მისი სათნოებების მოწმეა მრავალი ადამიანი, რომლებიც ცხონდნენ და კვლავაც ცხონდებიან მისი საღმრთო სიტყვებით, და რომლებსაც ის უხილავთ და იცნობდნენ. ნეტარის სიბრძნისა და ცხოვრების მოწმეა მამა დავით განშორებული. ასევე მოწმეა ნეტარი იოანე, ჩვენი – რაითელთა – მწყემსი, რომელმაც ღმერთშემოსილს მონაზვნებისთვის სწავლების დაწერა სთხოვა. ისიც, ახალი ღვთისმხილველი, გონებით ჩვენთან ჩამოვიდა სინას მთიდან და ღვთივდაწერილი ფიცრები გვიჩვენა, რომლებზეც გარედან საქმეთა შესახებ სწავლება ეწერა, ხოლო შიგნიდან – სწავლება ჭვრეტაზე ღვთის სადიდებლად, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.