იოანე კლემაქსი

ღირსი იოანე სინელი კიბე ანუ კლემაქსი – სიტყვა 11, მრავლისმეტყველებისა და მდუმარების შესახებ

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

 

სიტყვა 11, მრავლისმეტყველებისა და მდუმარების შესახებ

1. წინა თავში ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მავნე და უბედურების მომტანია მოყვასის განკითხვა. უფრო სწორად, საკუთარ ენას ჩვენივე თავის განსასჯელად და დასასჯელად მოვიხმართ. ეს ერთი შეხედვით სულიერ ადამიანებსაც ახასიათებთ ხოლმე. წესი მოითხოვს, რომ ჩვენ ამ ცოდვის მიზეზი და კარი ვაჩვენოთ, რომლითაც ის ჩვენში შემოდის. უფრო სწორად, რომლითაც იგი გადმოდის ჩვენგან.

2. მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას დაჯდომა და თავის მოწონება სჩვევია.

3. მრავლისმეტყველება უგუნურების ნიშანია, ბოროტის სიტყვის კარი, დაცინვის ხელმძღვანელი, სიცრუის მსახური, გულის ლმობიერების მომსვრელი, მოწყინების მომწოდებელი, სიზმრების მომასწავებელი, გონების განმაბნეველი, გულის დაცვის დამრთგუნველი, წმიდა მხურვალების გამაგრილებელი, ლოცვის დამაბნელებელი.

4. კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღვთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი სამსჯავროს წინასწარგანმცდელი, მაცხოვნებელ მწუხარებაში წარმატების მომტანი, კადნიერების მტერი, უშფოთველი მეუღლე, მასწავლებლობის მოყვარეობის მოწინააღმდეგე, გონიერების გამამრავლებელი, სულიერ ხედვათა შემოქმედი, დაცემის მტერი, უხილავი ამაღლება.

5. ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე – როგორც საჭიროა.

6. მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ.

7. იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას.

8. პეტრე მოციქულმა თქვა სიტყვა და შემდეგ ტიროდა მწარედ, დაავიწყდა წინასწარმეტველის მიერ თქმული: ვსთქუ, ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვსცოდო ენითა ჩემითა (ფს. 38.1) და კიდევ სიტყვები სხვა სიბრძნისა – სჯობს სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდე, ვიდრე ენისგან დაეცე (ზირ. 20.18).

9. მაგრამ არ მსურს, ამაზე ბევრი დავწერო, თუმცა ვნებათა ცბიერება ამას მომიწოდებს. მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: – მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ენა ამ სხეულის ბუნებრივი ნაწილია, რასაც შეაჩვევ, იმის გაკეთებას ითხოვს); ან – როგორც ხშირად მოღვაწეებს ემართებათ ხოლმე – ამპარტავნებისგან, ხშირად კი – ნაყროვნებისგანაც. ამიტომ ხშირად ხდება, რომ, როდესაც ზოგიერთი ძალდატანებითა და იძულებით მუცელს ალაგმავს, ენასა და მრავლისმეტყველებასაც ეშველება ხოლმე.

10. ვინც თავის ამქვეყნიდან გასვლას იხსენებდეს, მან დაამარცხა მრავლისმეტყველება, ხოლო ვინც სულიერი გლოვა მოიპოვა, ის მრავლსიტყვაობას ცეცხლივით გაურბის.

11. დაყუდების მოსურნე გმანავს თავის ბაგეს, ხოლო, ვისაც სენაკიდან გამოსვლა უყვარს, მას იქიდან მრავლისმეტყველების ვნება დევნის.

12. ვინც ციდან გარდამოსული ცეცხლის მხურვალება შეიცნო, ხალხმრავალ შეკრებებს ისე გაურბის, ვით ფუტკარი – კვამლს. რადგან როგორც ფუტკრისთვისაა საძულველი კვამლი, ასევე მათთვის ხალხმრავლობაა აუტანელი.

13. ბევრს არ ძალუძს, საგოზავის გარეშე წყალი გააჩეროს ჭირჭელში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომლესაც ბაგის შეუკავებლობის შეკავება შეუძლია. ღვთის მიერ კი ყველაფერი შესაძლებელია.

მეთერთმეტე საფეხურზე ამსვლელმა და გამარჯვების მომპოვებელმა
ერთი დაკვრით მრავალი ბოროტება დაამარცხოს.