იოანე კლემაქსი

ღირსი იოანე სინელი კიბე ანუ კლემაქსი – სიტყვა 21, შიშისათვის

✠

ღირსი იოანე სინელი

✠

კიბე ანუ კლემაქსი

✠

სიტყვა 21, შიშისათვის

  • შიში ამპარტავნული სულის ბავშვური ჩვეულებაა.

  • შიში სარწმუნეობისგან გადახვევაა – მოულოდნელი ჭირის მოლოდინია.

  • მშიშარა უბედურებას წინასწარ წარმოიდგენს.

  • მშიშარა თავის გულს წარმოდგენილი შიშით მუსრავს.

  • შიში იმედს გვიკარგავს.

  • ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის.

  • მგლოვიარე და მგრძნობიარე გულმა შიში საერთოდ არ იცის, ხოლო ამპრტავანი შიშისგან კრთის, რადგან უფალი სამართლიანად მოუვლენს მას ამპარტავნებას, რომ სხვებიც შეშინდნენ და სიმდაბლე ისწავლონ.

  • ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან.

  • სადაც შიში გიპყრობს, იმ ადგილას ღამით მისვლას ნუ დაიზარებ, რადგან თუკი ეშმაკს დაუთმობ, ეს დასაგმობი და ბავშვური თვისება შეგაბერდება.

  • გზას რომ გაუდგები, ლოცვით შეიარაღდი და როდესაც მიხვალ, ხელი აღუპყარ უფალს და ჰგვემე მტერი იესოს ქირსტეს სახელით, რადგან ცის ქვეშ და მიწის პირზე ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს.

  • როდესაც ამ სენისგან გათავისუფლდები, ადიდე მხსნელი, რადგან თუკი მადლობას შესწირავ, საუკუნოდ დაგიცავს იგი.

  • ჩვენი გლოვის შესაბამისად წარიდევნება იგი და როცა გლოვა შემოგვაკლდება, შიში ძლიერდება.

  • „შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეძრწუნდა“ (იობ. 4,15). – ამბობდა ელიფაზი მტრის ამ მზაკვრობის შესახებ და ამასვე ვამბობ მეც.

  • ზოგჯერ ჯერ სულს იპყრობს შიში, ზოგჯერ კი – ჯერ ხორცს, ხოლო მეორეს ამ ვნებას იგი გადასცემს, რომელიც პირველად მიიღებს მას.

  • როდესაც ხორცი შეძრწუნდება და სული კი შიშს არ მიიღებს, მაშინ ამ სენისგან გათავისუფლება ადვილია, მაგრამ თუ ყოველთვის – მოულოდნელ უბედურებასა ოცნებას – შემუსვრილი გულით უშიშრად ვიტვირთავთ და არაფრად ჩავაგდებთ, მაშინ ჭეშმარიტად დაგვიტოვებია შიში.

  • არც ღამის სიბნელე და არც ადგილის უდაბურება არ აძლევს ჩვენზედ ძალას ეშმაკს, არამედ – სულის უნაყოფობა და ზოგჯერ კი ეს ღვთის დაშვებითა და მისი განგებულებით ჩვენს განსასწავლად ხდება.

  • ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია, ხოლო ვისაც მეუფის შიში არა აქვს, მას საუკუთარი ჩრდილიც აშინებს.

  • როდესაც ბოროტი სული ესხმის თავს კაცს, მაშინ მისი ხორცი შიშობს, ხოლო, როდესაც ანგელოზი მიდის მასთან, სული სიმდაბლით ხარობს; ამიტომ, როდესაც ამ საშუალებით შევიცნობთ ღვთის ანგელოზის მოსვლას, უნდა ვიჩქაროთ და სალოცავად წავიდეთ, რადგან კეთილი მცველი მოგვევლინა უფლისაგან, რომლისა არ დიდება აწ და ამრადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.