იოანე კლემაქსი

ღირსი იოანე სინელი კიბე ანუ კლემაქსი – სიტყვა 27, სულისა და ხორცის წმიდად დაყუდების შესახებ

ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი

 

სიტყვა 27, სულისა და ხორცის წმიდად დაყუდების შესახებ

 

  1. რადგანაც არაწმიდა ვნებებს დავემონეთ და დავემორჩილეთ, ამიტომ ნაკლებად ვიცით მზაკვრობა და მოხერხებულობა იმ ბოროტი სულებისა, რომლებიც საბრალო სულს ეუფლებიან; მაგრამ არიან ისეთები, ვინც სულიწმიდის მიერ, რომელმაც იხნსა ისინი ამ უწმინდურთაგან, იციან მათი ხერხები; რადგანაც სულ სხვაა, როდესაც ვინმე ტკივილსა და სნეულების გადატანით იგრძნობს ჯანმრთელობის მთელ სიხარულს და სულ სხვაა, როდესაც ვინმე ჯანმრთელობის სიხარულით შეიცნობს და წარმოიდგენს ავადმყოფობის მთელ სატანჯველს.

ახლა, ჩვენი უძლურების გამო, დაყუდების შესახებ თქვენთან საუბარი გვაშინებს, რადგანაც ვიცით, რომ როგორც ძაღლი ცდილობს ტაბლიდან პურის გატაცებას და მის შეჭმას, ასევე დგას ეშმაკი მორჩილი და კეთილი ძმების კრებულში და ცდილობს, რომ დაყუდების მიზეზით წარიტაცოს მათგან სული – მარტო მყოფი, შემწის გარეშე დარჩენილი ჩაიგდოს ხელში და შეჭამოს იგი; სწორედ ამის გამო, რომ ჩვენი სიტყვა მიზეზად არ ქცეოდა მას, ვინც მიზეზს ეძებს, აქამდე საჭიროდ არ მივიჩნიე მეთქვა რაიმე ცათა მეუფის მებრძოლ მხედართა დამშვიდებისა და დაყუდების შესახებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ვინც კეთილად იბრძვის, მათთვის სიმშვიდისა და დაყუდების გვირგვინია გამზადებული; ახლა კი, თუ გსურს ცოტაოდენი ვთქვათ დაყუდების შესახებ, რათა არ დავამწუხროთ ვინმე იმის გამოისობით, რომ სხვა საგნებზე საუბრისას ამ თემას გვერდი ავუარეთ.

  1. ხორცის დაყუდება ხორციელი გრძნობებისა და ჩვევების მოწესრიგებაა; სულიერი დაყუდება კი – გულის ზრახვების მოწესრიგება და გონების წარუტაცებელი მდგომარეობა.

  2. დაყუდების მოყვარეს აქვს მეტად მხნე და ვაჟკაცური ზრახვა, რომელიც მტკიცედ დგას მისი გულის კართან და მოახლოებულ აზრებს ან განდევნის, ან – იქვე კლავს.

  3. ვინც გულისხმიერებით აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, მან კარგად იცის ზემოთქმულის შესახებ, ხოლო მას ვინც დაყუდების საქმეში ჯერ ჩვილია, ეს სიკეთე ჯერაც არ უგემია და ვერც შეუცვნია.

  4. სულიერად განბრძნობილ დაყუდებულს სიტყვიერი განსწავლა აღარ ჭირდება, რადგან საკუთარი სიტყვით იგი განანათლებს საქმეებსაც.

  5. დაყუდების დასაწყისი ამგვარია: მოღვაწე გონების შემაშფოთებელ ქვეყნიურ ხმაურსა და შფოთს უნდა გაურბოდეს; დასასრულს კი მას აღარ უნდა აშინებდეს, რომ ერის ხმაური უშფოთველობას დაურღვევს, არამედ მათდამი სრულიად უვნებლად უნდა იმყოფებოდეს.

  6. დაყუდებული, რომელიც ხორციელად ტოვებს სენაკს, მაგრამ საუბარს თავს არიდებს, მეტად კრძალულია და სიყვარულის სახლად გადაიქცევა; ის, ვისაც საერთოდ მრავალმეტყველება არ სჩევია, მრისხანებაშიც თავშეკავებულია. ამის საპირირსპირო კი თავისთავად ცხადია.

  7. დაყუდებული ის არის, ვინც უხორცო და უხილავ გონებას ნივთიერ სახლში გამოკეტავს: ეს ღვაწლი მართლაც რომ იშვიათი და განსაცვიფრებელია.

  8. მარგალიტს მარგალიტის მაძიებელნი ეძებენ, ხოლო უხილავ მარგალიტს დაყუდებულის გონება ეძებს.

  9. ამ სწავლას თუ უარყოფ, ჩანს დაყუდების აზრს ჯერაც ვერ ჩაწვდომიხარ.

  10. მარტომყოფი მონაზონი* სულ სხვაა და სხვა მონაზვნებთან ერთად მყოფი – სხვა; რადგან მარტომყოფელ მონაზონს დიდი სიფრთხილე და სრულიად წარუტაცებელი გონება სჭირდება.

  11. სხვებთან ერთად მყოფს ხშირად მოყვასი ეხმარება, ხოლო მარტომყოფს – ანგელოზი.

  12. ანგელოზთა გონიერი ზეციური ძალები შეეწევა დაყუდებულს და მასთან იმყოფება; ხოლო მათ წინააღმდგომებზე სჯობს, საერთოდ არაფერი ვთქვა.

  13. ღრმაა საღმრთო საქმეთა უფსკრული, ხოლო დაყუდებულის გონება მასში მყოფობს.

  14. სამოსლით ცურვას ხიფათი მოსდევს და არც ვნებული ადამიანის ღვთისმეტყველება დამთავრდება მშვიდობიანად.

  15. დაყუდებულის სხეული სენაკშია გამომწყვდეული, მისი გონება – ამ სხეულში, თავად მასში კი გულისხმიერების სახლია აგებული.

  16. ვისაც რაიმე ვნება აქვს და დაყუდებას შეუდგება, იმ კაცს ჰგავს, ნავიდან შუაგულ ზღვაში რომ ხტება, ხელთ მხოლოდ პატარა ფიცარი უპყრია და ხელის მოუსმელად სურს ნაპირამდე გაცურვა.

  17. მათთვის, ვინც ვნებებს ებრძვიან, დროულად დაყუდება სასარგებლოა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წინამძღვარი ჰყავთ. რდგანაც განმარტოებული ცხოვრება ანგელოზებრივ სიმტკიცეს მოითხოვს.

  18. ჩემი სიტყვები ჭეშმარიტ დაყუდებულებს ეხება; მათ, ვინც სულითაც და ხორცითაც დაყუდებულია.

  19. მოწყინებაში მყოფი დაყუდებული ტყუის და მინიშნებებით აიძულებს ადამიანებს, რომ მის დაყუდებას ხელი შეუშალონ.

  20. ასეთები, როდესაც სენაკს დატოვებენ, ამას ეშმაკს აბრალებენ და ვერ ხვედებიან, რომ საკუთარ თავებს ეშმაკად აქცევენ.

  21. ვნახე ისეთი დაყუდებულები, რომელთაც ღვთის სიყვარულით აღგზნებული სურვილი აღისრულეს და ცეცხლით – ცეცხლი, ტრფიალებით – ტრფიალება და სურვილით სურვილი შვეს.

  22. დაყუდებული ქვეყანაზე მყოფი ანგელოზის ჭეშმარიტი სახეა, საღმრთო სურვილის ქარტიაზე ხელწერილით მან საკუთარი ლოცვა სიზარმაცისა და მოწყინებისაგან გაათავისუფლა.

  23. დაყუდებული ის არის, ვინც გულწრფელად ღაღადებს: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო“.

  24. დაყუდებული ის არის, ვინც თქვა: – მე მძინავს, მაგრამ გული ჩემი მღვიძარეა.

  25. საყვარელო, სენაკის კარი დაუკეტე საკუთარ სხეულს; ბაგე დუმილისათვის დაგმანე; ხოლო სულის შინაგანი კარი დახშე ბოროტ სულთათვის.

  26. სიჩუმე და შუადღის ზღვის სიმხურვალე გამოცდის მეზღვაურის მოთმინებას, ხოლო ცხოვრებისეულ სახმართა ნაკლებობა – დაყუდებულისას.

  27. როდესაც მეზღვაურს მოსწყინდება, წყალში ცურვას იწყებს, ხოლო დაყუდებული მოწყინებისაგან ხალხმრავლობას ეძებს.

  28. ეშმაკების ხმაურის ნუ შეგაშინებს, რადგანაც გლოვისთვის უცხოა ამაო შიში, მას ვერც ოცნება შეაძრწუნებს.

  29. ვინც გონიერი, ჭეშმარიტი ლოცვა ისწავლა, იგი პირისიპირ ესაუბრება უფალს, როგორც ის კაცი მეფეს ყურში რომ ჩასჩურჩულებს, ხოლო იგი, ვინც მხოლოდ სიტყვით, ხორციელად ლოცულობს იმ კაცს ემსგავსება, მხოლოდ მთავართა თანდასწრებით რომ წარსდგება მეფის წინაშე; ის კი, ვინც ერისკაცთა შორის იმყოფება, ჰგავს ადამიანს, რომელიც მხოლოდ სახალხო ამბოხების ჟამს ევედრება მეფეს.

  30. თუ ლოცვის ხელოვნება პირადი გამოცდილებით შეგიცვნია, ჩემი ნათქვამი შენთვის გასაგები იქნება.

  31. თუ შეგიძლია, საკუთარ ზრახვებს მცველად დაუდექი და მაშინ ნახავ ვინ, როდის და საიდან შედის შენს ვენახში მოსაპარად.

  32. როდესაც ეს დარაჯობა და თვალყურის დევნება მოგქანცავს, ადექ და ილოცე და შემდეგ საქმეს ისევ მხნედ შეუდექ.

  33. ერთ გამოცდილ და გონიერ მუშაკს სურდა, ამ საგნის შესახებ, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, ცოტაოდენი რამ ეთქვა, მაგრამ შიშობდა, რომ მას ვისაც ამ საქმეზე შედგომა გულმოდგინედ სურდა, მისი სიტყვები სიზარმაცის გამო დააბრკოლებდა.

  34. ვინც ასეთი სიფრთხილითა და გულმოდგინებით განსჯის დაყუდების ღვაწლს, ეშმაკების მრისხანებას იწვევს იგი, რადგან მასავით ვერავინ გააცხადებს ეშმაკების მთელ სისაძაგლეს.

  35. ვინც დაყუდებაში სრულყოფილებამდე მივიდა, მას საიდუმლოთა სიღრმე აქვს შეცნობილი, მაგრამ აქამდე ვერ მივიდოდა, ჯერ ღელვა და ამბოხი და ქარიშხლების სიმძიმე რომ არ გადაეტანა.

  36. ამ ნათქვამს ამოწმებს პავლე მოციქული, რადგანაც, თუ იგი სამოთხემდე – ანუ დაყუდებამდე არ იქნებოდა აღტაცებული, ვერასოდეს მოისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს.

  37. დაყუდებულის ყურს ღვთისაგან საოცარი რამ განეცხადება; ამიტომაა, რომ ყოვლადბრძენი დაყუდება ამბობს იობის მიერ: „ნუუკუე ყურთა ჩემთა შეიწყნარონ ღმრთისაგან საკვირველება“.

  38. დაყუდებული ის არის, ვინც იმის შიშით, რომ ღვთის სიტკბოება არ მოაკლდეს, ადამინებს ისევე გაურბის – ყოველგვარი სიძულვილის გარეშე, – როგორც მცონარა და სულმოკლე ეტანება ადამიანებს.

  39. „წარვედ და“ განაბნიე (რადგანაც აქ სიტყვა „განყიდე“ დროს გულისმხმობს) „მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“, რათა ისინი ლოცვებით შეეწიონ შენს მიერ სრული უშფოთველობის (დაყუდების) მოხვეჭას და „აღიღე ჯვარი შენი“ მორჩილებისა, საკუთარი ნების უარყოფის სიმძიმე იტვირთე და შემდეგ „მოვედ და შემომიდეგ მე“ ნეტარ დაყუდებით და უხილავ ძალთა საქმეებსა და მოქალაქეობას გასწავლი.

  40. ზეციური ძალები ვერ ძღებიან შემოქმედის დიდებითა და გალობით უკუნითი უკუნისამდე, ვერც დაყუდების ზეცაში მყოფნი გაძღებიან დამდაბლების დიდებით.

  41. უხორცო ძალები ხორცისათვის არას ზრუნავენ; არც ეს ხორციელი უხორცოები ზრუნავენ რაიმეს ქვეყნიური საჭიროებისათვის.

  42. ანგელოზთა შორის არ არსებობს გემოთმოყვარეობა, არც დაყუდებულები განიცდიან რაიმე გულისთქმას კაცობრივის მიმართ, ან – ხორციელი განსვენებისათვის.

  43. ზეციურ ძალებს არ ადარდებთ ფული და მოსახვეჭელი, ხოლო ამათ – ეშმაკთა უკეთურება და ბრძოლები

  44. ზეციურებს ქმნილ არსებათა მიმართ სურვილები არ გააჩნიათ, არც ამათ აქვთ გრძნობადის ხილვის სურვილი.

  45. ანგელოზები გამუდმებით ღვთისადმი სიყვარულში წარემატებიან, ხოლო ესენი გამუდმებით წარემატებიან მათ მიბაძვაში.

  46. პირველთა წარმართებისა და მცდელობისა მთელი სიმდიდრე სრულიად აშკარაა; ასევე აშკარაა მეორეთა მცდელობა ზეცად აღსავლისათვის.

  47. არ დაცხრებიან ზეციური ძალები, ვიდრემდე სერაფიმთა სიმაღლეს არ მიაღწევენ, არც ესენი – ვიდრემდე ანგელოზებად არ იქმნებიან.

  48. ნეტარია იგი, ვისაც ამ სიმაღლემდე მიღწევის იმედი აქვს; სამგზის სანატრელია ის, ვინც მიახლოებულია მასთან და ანგელოზია ის ვინც მას მისწვდა.

 

სხვადასხვა სახის დაყუდებისათვის

  1. ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერი მეცნიერებისა და ხელოვნების მკვლევართათვის არსებობს ცოდნის სხვადასხვა საფეხური და ასევე – სხვადასხვა განზრახვა. რადგანაც სრულყოფილებას ყველა ვერ ფლობს. ზოგი – მცდელობის, ხოლო ზოგი ბუნებრივი ძალების სიმცირის გამო. ზოგიერთი დაყუდებას, ან უკეთ რომ რომ ვთქვათ, ამ უფსკრულს და მორევს მიმართავს ენის შეუკავებლობის ან ცუდი ხორციელი ჩვევების აღმოსაფხვრელად. სხვები – იმისათვის, რომ მრისხანენი არიან და საერო ცხოვრების შუაგულში ეს საბრალოები გულისწყრომას ვერ ამარცხებენ; სხვებმა თვითურჯულობისა და ამპარტავნების გამო ისურვეს ამ ზღვაში შეცურვა; სხევბმა იმისთვის, რომ საგანთა შორის ყოფნისას საგნების ტყვეობას თავი ვერ დააღწიეს; სხვები იმისთვის მოვიდნენ, რომ მარტოობის საშუალებით გულმოდგინება შეიძინონ; სხვებმა ეს გზა იმისთვის აირჩიეს, რომ საკუთარი თავი მალულად ტანჯონ ცოდვებისათვის. სხვებმა ამ გზას იმისთვის მიმართეს, რომ კაცთაგან დიდება მიიღონ; და ბოლოს, არიან ასეთებიც (და როდესაც ქვეყანაზე ძე კაცისა მოვა, სწორედ იგი აღმოაჩენს მათ); რომლებიც ღვთის სიყვარულით შევიდნენ დაყუდების ასპარეზზე, მაგრამ იქ შესვლამდე არ განეშორენ მოწყინებას, რადგანაც ამ ვნებასთან თანაცხოვრება დაყუდებისას სიძვად ითვლება.

  2. იმ მცირეოდენი გონიერების წყალობით, რომელიც მე, როგორც გამოუცდელ არქიტექტორს მომეცა, გამოვთვალე კიბე; ახლა კი ყველამ მონახოს, თუ ამ დაყუდების კიბის რომელ საფეხურზეა მისი ადგილი.

  3. პირველი საფეხური თვითრჯულობისათვის არის; მეორე – კაცთა ქება-დიდებისათვის; მესამე – ენის უძლურებისათვის; მეოთხე – გულისწყრომის მომძლავრებისათვის; მეექვსე – საკუთარი თავის სატანჯველად; მეშვიდე – გულმოდგინეობის შესაძენად; მერვე – მოშურნეობაზე მოშურნეობის დასართველად.

  4. ამ რვა საფეხურიდან დაყუდების პირველი შვიდი სახეობა ამ ცხოვრების შვიდეულის სახეა; ზოგი მათგანი კეთილია, ზოგი კი – სრულიად უნაყოფო; ხოლო მერვე, მომავალი – მერვე საუკუნის მომასწავებელია.

  5. მარტოდ მყოფო მონაზონო, დააკვირდი რომელ დროს რომელი მხეცი გიტევს; ამას თუ არ იზამ, მათთვის შესაფერისი მახეების დაგებას ვერ შეძლებ;

  6. თუკი მოწყინება სრულიად განეშორა, მაშინ ხელსაქმის აუცილებლობას ვეღარ იგრძნობ, მაგრამ თუ ის ისევ გესხმის თავს, არ ვიცი დაყუდებას როგორღა შეძლებ.

  7. რატომ მოხდა, რომ წმიდა ტაბენესელთაგან იმდენი მნათობი არ გამობრწყინდა, რამდენიც – სკიტელთაგან, ვინც ამას ჩაწვდება, დაე, თავისით მიხვდეს, რადგანაც მე ამის თქმა არ შემიძლია და არც მსურს.

  8. დაყუდების სირღმეში ყოფნისას ისინი ვნებებს ავიწროვებენ; ზოგი გალობით იქმს ამას; ზოგი – განუწყვეტელი ფსალმუნებით; ზოგიერთი – ლოცვაზე დგომით; ზოგიერთნი ჭვრეტას არიან მიცემულნი; ეს ღვაწლი კიბის საფეხურებად განვლაგე და ვისაც ღვთისაგან გულისხმისყოფა მიუღია დაე, ჩაწვდეს ამას.

  9. არიან ზარმაცი სულები, რომლებიც თანაცხოვრებულთა მონასტერში შესვლისას იქ საკუთარი სიზარმაცისათვის კარგ პირობებს ნახულობენ; ამგვარად ისინი სრულ დაღუპვამდე მიდიან; მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ძმათა შორის ცხოვრების საშუალებით სიზარმაცისგან თავისუფლდებიან; ამგვარი რამ მარტო ზარმაცებსა და დაუდევრებს კი არ მოსვლიათ, არამედ – გულმოდგინეებსაც.

  10. იგივე შეიძლება, დაყუდებულ მეუდაბნოეთა შესახებაც ითქვას. უდაბნოს მრავალი გამოცდილი მიუღია და შემდეგ განუშორებია იგი – როგორც გამოუცდელი, უმხილებია მისი გემოთმოყვარეობა, რომელშიც ეს ადამიანი თვითრჯულობის გამო ჩავარდა; მაგრამ მასვე (უდაბნოს) მიუღია ზოგიერთი ნაკლებად გამოცდილი და ის მხურვალე და მოშურნე ადამიანად უქცევია; მასში შიში და საკუთარ ცოდვათა ტვირთზე პასუხისმგებლობის გრძნობა დაუნერგავს.

  11. დაე, ნურავინ, ვინც გულისწყრომისაგან და ქედმაღლობისაგან, ორგულობისა და ავმეხსიერებისგან ძლეულია, ნუ გაბედავს და დაყუდების კვალსაც კი ნუ დაუწყებს ძებნას: შესაძლებელია, ამის გამო იგი ჭკუიდან შეცდეს; ხოლო მან ვინც ყველა ამ ზემოჩამოთვლილი ვნებისაგან თავისუფალია, აირჩიოს უმჯობესი; თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს მანაც ვერ შეძლოს.

  12. ვინც დაყუდების საქმეს ჯეროვნად აღასრულებს, ამ ნიშნებით შეიცნობა: დაუძინებელი გონება, წმიდა გული, ღვთის მიმართ სწრაფვა, საუკუნო ტანჯვის წარმოდგენა, სიკვდილის სიახლოვის ხსოვნა, გაუძღომლად ლოცვა, დაუძინებელი დაცვა თავისა, სიძვის მოკვდინება, ცუდი სიყვარულის არცოდნა, სიკვდილი სოფლისათვის, ნაყროვანების სიძულვილი, ღვთისმეტყველების დაწყება, განსჯის წყარო, ცრემლთან დამეგობრება, მრავალმეტყველების მოკვდინება და სხვა მრავალი ამის მსგავსი, რაც ხალხმრავლობასთან შეუთავსებელია. ხოლო, ვინც ჯეროვნად არ აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, ისიც იცნობა გარკვეული ნიშნებით; ესენია: მრსიხანების მოზღვავება, ავმეხისერების შეკრება, სიყვარულის განქარვება, ქედმაღლობის შემატება; ამის შემდგომზე* კი დავმდუმდები.

  13. რადგანაც დაყუდებულებზე ჩამოვარდა სიტყვა, კარგია, თუ ჭეშმარიტი მორჩილების შესახებაც ვიტყვი. თუ როგორია მათი სახე და როგორ უნდა ვინცოთ ისინი; მით უმეტეს, რომ საუბარს სწორედ მათ შესახებ განვაგრძნობ.

  14. ვინც რჯულის დაცვით, ჯეროვნად და კეთილად აღარსრულებენ მორჩიელბას, წმიდა მამათა სიტყვით, მათი ცნობა ასე შეიძლება: ახლადმოსულთა შორის სიმდაბლის ყოველდღიური მატება, გულისწყრომის შეძულება, სიბნელის გაუჩინარება, ვნებათაგან გამოხსნა, სიძულვილისაგან გათავისუფლება, მხილების შედეგად სიძვის ვნებისაგან გათავისუფლება, მოწყინების არცოდნა, გულმოდგინების გამრავლება, გულმოწყალების მოხვეჭა, ამპარტავნებისაგან განრიდება; აი, ის წარმატებები, რომლებიც იმასხურებენ, რომ მათ ყველა ეძებდეს, თუმცა მათ მოხვეჭას ცოტა თუ ახერხებს.

  15. თუკი წყაროს წყალი დამშრალია, მას წყაროს ვეღარ ვუწოდებთ; დანარჩენს კი ვინც გონიერია ის მიხვდეს.

  16. სული, რომელიც უფლისადმი დადებულ აღთქმას არღვევს, ბილწავს საკუთარ თავს და მისი სიბილწიდან ეს საქმეები გამომდინარეობენ სიკვდილის დავიწყება, მუცლის გაუმაძღრობა, თვალდაუჭერელობა, ამპრტავნების აღორძინება, ძილით გაუმაძღარობა, გულფიცხელობა, რომელსაც ღვთის შიშის არქონა მოსდევს, რაც ყოველგვარი დაცემისა და ვნების დედაა.

  17. დაყუდებულს, რვიდან ხუთი ვნება ებრძვის, ხოლო – მორჩილებაში მყოფთ – სამი*.

  18. იმ დაყუდებულს, რომელსაც მოწყინების ვნება ებრძვის, ძალიან გაუჭირდება, რადგანაც ჭვრეტისა და ლოცვისათვის განკუთვნილ დროს ამ ბრძოლაში კარგავს.

  19. ერთხელ ჩემს სენაკში ყოფნა მომწყინდა და სულმოკლეობამ შემიპყრო, იმდენად, რომ მის დატოვებას ვაპირებდი, ის იყო უნდა გამოვსულიყავი, რომ ვიღაც კაცები მოვიდნენ და ჩემი დაყუდებული ცხოვრების გამო ქება დამიწყეს, მაშინათვე მოწყინების ვნება პატივმოყვარეობამ განდევნა და გამიკვირდა, თუ ყველა სხვა ეშმაკს როგორ ამარცხებს პატივმოყვარების სამრქიანი ეშმაკი.

  20. გამუდმებულად უნდა გრძნობდე შენი გონების მუდმივ თანამგზავრებს; მის მიდრეკას, აღმაფრენას, გადახრასა და შეცვალებას; და კარგად აკვირდებოდე, როგორ და რომელ მხარეს მიგდრეკენ ეს მოძრაობები; ვინც სულიწმიდის მიერ უშფოთველობა მოიპოვა, ჩემს ნათქვამს ის გაიგებს.

  21. დაყუდების საქმე უპირველეს ყოვლისა ყოველგვარი საჭირო და არასაჭირო საზრუნავის უგულებელყოფას მოითხოვს; რადგანაც, ვინც პირველს გაუღებს კარს, მას მეორეც შეიპყრობს; ხოლო დაყუდების მეორე უმნიშნვნელოვანესი საქმე არის ყოველგვარი სიზარმაცისაგან თავისუფალი ლოცვა; მესამე კი – გულის სიფრთხილის დაცვა.

  22. როგორც ანბანის უმეცარისთვის შეუძლებელია წიგნის კითხვა, ასევე მისთვის, ვინც პირველს არ შეიძენს, შემდგომი ორის მოპოვებაა შეუძლებელია.

  23. *როდესაც ამ სამი ღვაწლთაგან საშუალოს აღვასრულებდი, ჭვრეტის საშუალო საფეხურზე ვიდექი და ანგელოზი უფლისა განმანათლებდა, ხოლო უმეტესი გამოცხადება მწყუროდა და კვლავ, იმავე საფეხურზე მყოფმა ვკითხე მას: „როგორი იყო უფალი მანამდე, ვიდრე კაცის ხილულ სახეს მიიღებდა“? მაგრამ ზეციურ ძალთა მთავარმა ვერ შეძლო ამ საქმეში ჩემი განსწავლა; მას ამის ნება არ ჰქონდა ბოძებული; შემდეგ ვევედრე მას, ეუწყებინა ჩემთვის, თუ როგორ მდგომარეობაშია იგი ამჟამად; – „მისთვის თვისობრივში…“ – მომიგო მან. მე კვლავ ვკითხე: – „რაგვარია მისი დგომა და ჯდომა მარჯვენით მამისა“? მან მიპასუხა: – „შეუძლებელია, ვინმეს სმენამ ეს გონიერი საიდუმლონი შეიწყნაროს“. მე ვევედრებოდი მას იქამდე მივეყვანე, სადამდეც სურვილი მეზიდებოდა, მაგრამ მან მითხრა: „ამის დრო ჯერ არ მოსულა, რადგანაც შენში ჯერ კიდევ მცირეა ცეცხლი უხრწნელებისა“. ამასთანგ არ შემიძლია, ვთქვა, სხეულში ვიყავი, თუ – სხეულის გარეთ, როდესაც ყოველივე ეს აღესრულა.

  24. ძალიან ძნელია, განადგო შუადღის ძილი, განსაკუთრებით – ზაფხულში, ამიტომ ასეთ დროს კარგია ხელსაქმე.

  25. ვნახე მოწყინების ეშმაკი, რომელიც უსწრებდა და წინ მიუძღოდა სიძვის ეშმაკს, რათა დაეუძლურებინა ხორცი, ძილში დაენთქა და ამგვარად მოევლინა დაყუდებულთათვის ყოველგვარი სიბილწე.

  26. თუ წინ აღუდგები, შენთან ბრძოლას გააძლიერებენ, რათა ფარ-ხმალი დაყარო და იფიქრო – მათთან მაინც ვერაფერს გავხდებიო და დაყუდების ღვაწლზე, როგორც შენთვის სრულიად უნაყოფოზე, უარი თქვა; მაგრამ ეშმაკებზე გამარჯვებას არაფერი ადასტურებს იმგვარად, როგორც მათი მხრიდან მძვინვარე ბრძოლის გაძლიერება.

  27. სენაკიდან გასვლისას ძლიერ დაიცავი ის, რაც იქ ყოფნისას შეკრიბე, რადგანაც როდესაც კარებს აღებ, დამწყვდეული ფრინველები გაფრინდებიან და შენი დაყუდება უშედეგოდ დარჩება.

  28. პატარა ბეწვი ამღვრევს თვალს, ხოლო მცირეოდენი საზრუნავი კი დაყუდებას ამღვრევს; რადგნაც დაყუდება გონების მოკრბა და ყოველგვარი ცხონებისათვის არასაჭირო საზრუნავის მოკვეთაა.

  29. ვისაც ჭეშმარიტი დაყუდების ღვაწლი მოუპოვებია, ის არც საკუთარი ხორცისთვის ზრუნავს, რადგან არ არის სიცრუე მასთან, ვისაც მან აღუთქვა.

  30. ვისაც საკუთარი გონების უფლის წინაშე წმიდად წარდგინება სურს და ამავდორულად საზრუნავს იმრავლებს, იმ კაცს ჰგავს, ვინც ფეხები მაგრად შეიკრა და სწრაფად სირბილი სურს.

  31. ზოგიერთი ამბობს, რომ ყოველგვარი ფილოსოფიის სწავლა ძნელიაო და ამიტომ მცირედ არიან სწავლულნი; მე კი ვიტყვი, რომ კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, ვინც ჭეშმარიტი დაყუდების საღვთო სიბრძნე იცის.

  32. ვისაც ჯეროვნად არ შეუცნია ღმერთი, ის დაყუდების საქმეში სრულიად გამოუცდელია და მრავალი განსაცდელი დაატყდება თავს.

  33. გამოუცდელებს უჭირთ დაყუდება; რადგანაც რაკი ღვთის სიტკბოების გემო არ უხილავთ, მოწყინებით, გონების წარტაცებითა და სხვადასხვაგვარი ფიქრებით ატარებენ მთელ დროს.

  34. ვისაც* ლოცვის მთელი სიკეთე უნახავს, ხალხის სიმრავლეს გაურბის, როგორც კანჯარი, რადგან გაველურებულ კანჯარს ლოცვის მეტი სხვა რა განკურნავს?!

  35. ვნებით შეპყრობილი უდაბნოში მათი გამოძიებითაა გართული; როგორც მოგვითხრობდა ამის შესახებ წმიდა ბერი – გიორგი არსელაელი, რომელსაც შენი პატიოსნებაც იცნობს. იგი ჩემს სიგლახაკეს დაყუდების საქმეში განსწავლიდა და მეუბნებოდა: შევნიშნე, რომ პატივმოყვარებისა და სიძვის ეშმაკები განთიადისას მოდიან ჩემთან; შუადღისას – მოწყინების, მწუხარებისა და მრისხანებისა; ხოლო მწუხრისას მოვლენ ხოლმე სიბინძურისმოყვარე ნაყროვანების ეშმაკები.

  36. გლახაკი მოწაფე საზრუნავით შეპყრობილ დაყუდებულზე უპირატესია.

  37. თუ ვინმე დაყუდებული ყოველდღიურად არ წარემატება, უნდა იცოდეთ: ის ან დაყუდების საქმეს არ აღასრულებს, ან – ამპარტავნება ღუპავს.

  38. დაყუდება განუწყვეტლად ღვთის წინაშე დგომა და მისი მსახურებაა.

  39. უფალი იესო ქრისტეს ხსენება სუნთქვასავით განუშორებელი იყოს შენგან და დაყუდების კეთილ შედეგს მაშინ შეიცნობ.

  40. მოწაფის დაცემა მისი ნებით ხდება; ხოლო დაყუდებულისა – ლოცვასთან განშორებით.

  41. თუკი სტუმრის მოსვლა გახარებს, უნდა იცოდე, რომ მოწყინებას მისცემიხარ და არა – ღვთის მსახურებას.

  42. ლოცვის მაგალითად გყავდეს სახარებისეული ქვრივი, რომელსაც მევალე ავიწროვებდა, ხოლო დაყუდების მაგალითია დიდი და ანგელოზთასწორის დაყუდებული არსენი.

  43. მარტოდ მყოფო, გაიხსენე ამ დაყუდებული ანგელოზის საქმეები და ნახე, რომ ხშირად იგი უკან აბრუნებდა მიმსვლელებს, რათა უფრო მნიშვნელოვანი რამ არ დაეღუპა.

  44. ვიხილე ეშმაკები, რომლებიც უდებ და მოხეტიალე ბერებს დაყუდებულ მოღვაწეებთან აგზავნიდნენ, რათა ეს სათნოების მუშაკები მცირეოდენად მაინც დაებრკოლებინათ.

  45. ეს იცოდე, ჭეშმარიტო დაყუდებულო და ნუ შეგრცხვება ამ უდებთა მხილება, რათა ისინი ამგვარ ხეტიალს დაეხსნენ.

  46. მაგრამ უფრთხილდი, რომ ზემოთქმულის მიზეზით ის სულიც არ დააბრკოლო ტყუილუბრალოდ, რომელიც შენთან ნამდვილად მწყურვალე მოვა და დარწყულებას ითხოვს; ასე რომ, საჭიროა ყველაფერს განსჯის სანთელი გინათებდეს.

  47. დაყუდებულის და საერთოდ ყველა მონაზვნის ცხოვრება სინდისისა და გონების მიხედვით უნდა წარიმართოს.

  48. ვინც წესიერად იმყოფება, ის ყოველგვარ საქმეს, ფიქრსა და მოძრაობას ღვთის ნებით და ღვთისათვის, სულიერი გრძნობების მიხედვით წარმართავს; ისე მოქმედებს, თითქოს ღვთის პირის წინაშე იმყოფებოდეს. თუკი ასე არ არის, ჩანს, სათნოებათა კანონებით ჯერაც არ ცხოვრობს.

  49. წინასწარმეტყველი ამბობს: „აღვაღო იგავით პირი ჩემი“. მე კი ვიტყოდი: ლოცვით აღვამაღლებ ნებასა ჩემსა ღვთისა მიმართ და მისგან მივიღო სავსება.

  50. სარწმუნოება ლოცვის ფრთებია და თუ ისინი არ ექნება, უკანვე დაგვიბრუნდება.

  51. სარწმუნეობა სულის ერთგული ზედგომაა, როდესაც მას წინააღმდგომი ქარიც კი ვერ არყევს;

  52. მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს რაღაცის გაკეთება შეუძლია, არამედ იგი, ვისაც სწამს, რომ უეჭველად მიეცემა, რასაც ითხოვს.

  53. სარწმუნოება აღასრულებს ისეთ საქმეებს, რომელთა აღსრუელბის იმედიც კი არ არსებობდა და ეს ავაზაკმა აჩვენა.

  54. სარწმუნოების დედა შრომა და მართალი გულია; რადგანაც პირველი ერთგულს გახდის კაცს, მეორე კი თხოვას საქმით აღასრულებს.

  55. დაყუდებულთა დედა სარწმუნოებაა, რადგანაც, თუკი არ სწამს, რანაირად დაეყუდება სიმართლით.

  56. ვინც დილეგში ბორკილდადებულია, მსაჯულის შიში აძრწუნებს, ხოლო, ვინც სენაკში დაყუდებულია, მას უფლის შიში განლევს.

  57. პირველს სასამართლო იმდენად არ აშინებს, ამდენადაც მეორეს – ქრისტეს სამსჯავრო.

  58. ჰოი საყვარელო, დაყუდებისას ღვთის დიდი შიში იქონიე, რადგან მოწყინებას მასავით ვერაფერი განდევნის.

  59. საპყრობილეში მყოფი ბრალდებული ელის, როდის მოვა მოსამართლე; ხოლო დაყუდებული – როდის მოვა სიკვდილი.

  60. პირველი მათგანი მწუხარებითაა მოცული; მეორე კი – ცრემლის წყაროთი.

  61. თუ მოთმინების კვერთხს მოიპოვებ, მოწყინების ეშმაკები განგეშორებიან.

  62. მოთმინება სულის ძარღვი და ძალაა, რომელსაც ვერ დასცემს ჭირი და ბრძოლები.

  63. მომთმენი მოღვაწე არ ეცემა და რომც დაეცეს, ამითაც იმარჯვებს.

  64. მოთმინება ყოველდღიურ განსაცდელთა მოლოდინია.

  65. მოთმინება თავის მართლების უარყოფა და საკუთარი თავისადმი ყურადღებაა.

  66. როგორც ჩვენი ბუნებისათვის საჭმელია აუცილებელი, ასევე ჭირდება დაყუდებულს მოთმინება.

  67. მეორე ამათგანი გვირგვინთა მოგების მიზეზია, ხოლო პირველი – ხშირად ვნებების მიზეზი გამხდარა.

  68. მონაზონი სიკვდილამდე და დამარხვამდე მკვდარია და მისი საფლავი მისივე სენაკია.

  69. მოთმინებას იმედი და გლოვა შობს, რადგანაც იგი, ვინც ამ ორის გარეშე არსებობს, მოწყინების მონაა.

  70. ქრისტეს მხედარს აუცილებლად უნდა ეუწყოს, თუ რომელი მტერი განდევნოს შორიდანვე და რომელი – ახლოს მოუშვას და ხელდახელ შეებას.

  71. ზოგჯერ ბრძოლას გვირგვინი მოაქვს; ხოლო ბრძოლისაგან განრიდება ადამიანს გამოცდილებას მოაკლებს.

  72. სიტყვით ყველა ამ წესს ვერ ვისწავლით, რადგანაც ყველა ჩვენთაგანს ერთი და იგივე ჩვევები არა აქვს და არც ერთნაერი ბრძოლები გვიწევს.

  73. ერთ ვნებას* გამუდმებით ადევნე თვალი, რადგან ის დაუცხრომელად გებრძვის: ზიხარ, დადიხარ, დგახარ, წევხარ, ლუცულობ თუ გძინავს.

  74. ყველა დაყუდებული ერთი და იმავე სიტყვებით როდი წვრთნის საკუთარ თავს; ზოგიერთს ეს აქვს განსასწავლად: „წინასწარ ვხედავ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის“; სხვები – „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენნი“; სხვებს „იღვიძებდით და ილოცევდით“; სხვები იხსენებენ ამას: „განმზადენ საქმენი შენნი დღისა მისთვის სიკვდილისა“; სხვები ამას: „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან“; სხვები: „არა ღირს არიან ვნებანი ესე ამის ჟამისანი მერმისა მისთვის დიდებისა“; სხვები კი ამ სიტყვების იგონებენ: „ნუ უკუე წარსადმე-გიტაცნეს და არავინ იყო მხსნელ თქუენდა“; ყველა მათგანი რბის, მაგრამ ამთგან მხოლოდ ერთი მიიღებს უშრომელად გვირგვინს*.

  75. ვინც სისრულის გზაზე სწორად მიდის, იგი არა მარტო მღვიძარებისას, ძილშიც კი თავის საქმეს აკეთებს; ამიტომაა, რომ ზოგიერთი ძილშიც კი ებრძვის და ამარცხებს ეშმაკებს.

  76. ნუ ელოდები სტუმრებს და მათ მისაღებად ნუ მოემზადები, რადგანაც დაყუდებულის ცხოვრების წესი უბრალო და ძალდაუტანებელი უნდა იყოს.

  77. ვერავინ შეძლებს, დაყუდების კოშკი აღმართოს, თუ მანამდე არ დაჯდა და არ გამოიანგარიშა, აქვს თუ არა საკმარისი მასალა ამ მშენებლობისათვის. ისე ნუ იზამს, რომ საძირკვლის ჩაყრის შემდეგ მტრების დასაცინი და სხვა კეთილ მუშაკთა დამაბრკოლებელი გახდე.

  78. დაყუდებისას კეთილად გამოიკვლიე შენში შემოსული სიტკბოება, რომ ის ადამიანთა სულების მზაკვარი მკვლელის მიერ არ იყო მოწამლული.

  79. ღამის განმავლობაში ძირითადი დრო ლოცვას დაუთმე ად მხოლოდ მცირეოდენი – ფსალმუნებას; დღისით კი შენი ძალების მიხედვით მოიქეც.

  80. წიგნის კითხვა მცირედ როდი მოკრებს და ანათებს გონებას, რადგნაც იქ სულიწმიდის სიტყვებია და მის მკითხველს განამტკიცებენ.

  81. სათნოებებისა და ვნებების შესახებ იკითხე და – ისეთები, რაც შენს ცხოვრებას რამეს შემატებენ, რათა კეთილად შეიკრიბო გონებაში.

  82. მაგრამ ცხონების სიტყვები უმეტესად შრომაში ეძებე და არა – წიგნებში.

  83. ვიდრე დიდ სისრულეს არ მოიხვეჭ, ნუ წაიკითხავ არამართლმადიდებლურ წიგნებს, რადგანაც ისინი სიბნელითაა აღსავსე და აბნელებენ გონებით შემცდართ.*

  84. ღვინის ერთი თასი საკმარისია, რომ ამ ღვინის გემო გაიგო, ასევე, ბრძენი მოძღვრისათვის ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ დაყუდებულის ყოველგვარი შინაგანი საქმე შეიტყოს.

  85. მთელი შენი ძალებით ებრძოლე პატივმოყვარეობას, რადგან მასზე მეტად გონებას ვერაფერი მიიტაცებს.

  86. როდესაც სენაკიდან გახვალ, საკუთარ ენას უფრთხილდი, რადგანაც ის უცებ განაბნევს დიდი შრომით მოპოვებულს.

  87. უბრალო ცხოვრებით იცხოვრე, რადგანაც ისე არაფერი შეურაცხჰყოფს დაყუდებას, როგორც – ცნობისმოყვარეობა.

  88. შენთან მომსვლელებს ყველაფერი მიეცი, ხორციელი იქნება ის, თუ – სულიერი.

  89. თუ ჩვენზე ბრძენი იქნება მომსვლელი, ჩვენი სიბრძნე დუმილით განვუცხადოთ მას; თუკი სულიერი საზომით ჩვენი თანასწორია, ზომიერად გავაღოთ კარი ჩვენი საუბრისა; საერთოდ კი ჯობს, რომ ყველა ჩვენზე აღმატებულად შევრაცხოთ.

  90. მეფის ძალა ხალხისა და განძის სიმრავლეა; ხოლო დაყუდებუთა ძალა – განუწყვეტელი ლოცვა.

  91. ერთი შეხედვით სარწმუნოების სიმბოლოში ერთმანეთს უპირისპირდება ერთი მხრივ, წმიდა, დაუბადებელი და თაყვანისაცემელი სამების აღსარება და მეორე მხრივ – წმიდა სამების ერთ-ერთი პირის განხორციელება; რადგანაც ის, რაც პირველ შემთხვევაში მრავლობითად ითქმის, აქ ითქმის მხოლობითად. რადგანაც იქ სამ გვამსა და ერთ ბუნებას ვამბობთ, აქ კი – ერთ გვამსა და ორ ბუნებას; სწორედ ასევე, სრულიად სხვადასხვაგვარია საქმე დაყუდებისა და საქმე მორჩილებისა.

  92. წმიდა წინასწარმეტყველი და წმიდა მოციქული ამბობენ: „ვინ ცნა გონებაი უფლისა“ მე კი ვიტყვი: ვინ შეიცნობს ჭეშმარიტად სულითა და ზორცით დაყუდებული კაცის გონებას, ძალითა უფლისათა, რომელი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეფის ძლიერებას მისი სიმდიდრე და ქვეშევრდომთა სიმრავლე წარმოადგენს; ასევე დაყუდებულის ძლიერებას შეადგენს სიუხვე ლოცვისა.

 

 

https://iveron.ca/ioane-sineli-klemaqsi/

 

Feasts and Holidays