ღირსი იოანე სინელი
კიბე ანუ კლემაქსი
სიტყვა 27, სულისა და ხორცის წმიდად დაყუდების შესახებ
ახლა, ჩვენი უძლურების გამო, დაყუდების შესახებ თქვენთან საუბარი გვაშინებს, რადგანაც ვიცით, რომ როგორც ძაღლი ცდილობს ტაბლიდან პურის გატაცებას და მის შეჭმას, ასევე დგას ეშმაკი მორჩილი და კეთილი ძმების კრებულში და ცდილობს, რომ დაყუდების მიზეზით წარიტაცოს მათგან სული – მარტო მყოფი, შემწის გარეშე დარჩენილი ჩაიგდოს ხელში და შეჭამოს იგი; სწორედ ამის გამო, რომ ჩვენი სიტყვა მიზეზად არ ქცეოდა მას, ვინც მიზეზს ეძებს, აქამდე საჭიროდ არ მივიჩნიე მეთქვა რაიმე ცათა მეუფის მებრძოლ მხედართა დამშვიდებისა და დაყუდების შესახებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ვინც კეთილად იბრძვის, მათთვის სიმშვიდისა და დაყუდების გვირგვინია გამზადებული; ახლა კი, თუ გსურს ცოტაოდენი ვთქვათ დაყუდების შესახებ, რათა არ დავამწუხროთ ვინმე იმის გამოისობით, რომ სხვა საგნებზე საუბრისას ამ თემას გვერდი ავუარეთ.
სხვადასხვა სახის დაყუდებისათვის
იმ მცირეოდენი გონიერების წყალობით, რომელიც მე, როგორც გამოუცდელ არქიტექტორს მომეცა, გამოვთვალე კიბე; ახლა კი ყველამ მონახოს, თუ ამ დაყუდების კიბის რომელ საფეხურზეა მისი ადგილი.
პირველი საფეხური თვითრჯულობისათვის არის; მეორე – კაცთა ქება-დიდებისათვის; მესამე – ენის უძლურებისათვის; მეოთხე – გულისწყრომის მომძლავრებისათვის; მეექვსე – საკუთარი თავის სატანჯველად; მეშვიდე – გულმოდგინეობის შესაძენად; მერვე – მოშურნეობაზე მოშურნეობის დასართველად.
ამ რვა საფეხურიდან დაყუდების პირველი შვიდი სახეობა ამ ცხოვრების შვიდეულის სახეა; ზოგი მათგანი კეთილია, ზოგი კი – სრულიად უნაყოფო; ხოლო მერვე, მომავალი – მერვე საუკუნის მომასწავებელია.
მარტოდ მყოფო მონაზონო, დააკვირდი რომელ დროს რომელი მხეცი გიტევს; ამას თუ არ იზამ, მათთვის შესაფერისი მახეების დაგებას ვერ შეძლებ;
თუკი მოწყინება სრულიად განეშორა, მაშინ ხელსაქმის აუცილებლობას ვეღარ იგრძნობ, მაგრამ თუ ის ისევ გესხმის თავს, არ ვიცი დაყუდებას როგორღა შეძლებ.
რატომ მოხდა, რომ წმიდა ტაბენესელთაგან იმდენი მნათობი არ გამობრწყინდა, რამდენიც – სკიტელთაგან, ვინც ამას ჩაწვდება, დაე, თავისით მიხვდეს, რადგანაც მე ამის თქმა არ შემიძლია და არც მსურს.
დაყუდების სირღმეში ყოფნისას ისინი ვნებებს ავიწროვებენ; ზოგი გალობით იქმს ამას; ზოგი – განუწყვეტელი ფსალმუნებით; ზოგიერთი – ლოცვაზე დგომით; ზოგიერთნი ჭვრეტას არიან მიცემულნი; ეს ღვაწლი კიბის საფეხურებად განვლაგე და ვისაც ღვთისაგან გულისხმისყოფა მიუღია დაე, ჩაწვდეს ამას.
არიან ზარმაცი სულები, რომლებიც თანაცხოვრებულთა მონასტერში შესვლისას იქ საკუთარი სიზარმაცისათვის კარგ პირობებს ნახულობენ; ამგვარად ისინი სრულ დაღუპვამდე მიდიან; მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ძმათა შორის ცხოვრების საშუალებით სიზარმაცისგან თავისუფლდებიან; ამგვარი რამ მარტო ზარმაცებსა და დაუდევრებს კი არ მოსვლიათ, არამედ – გულმოდგინეებსაც.
იგივე შეიძლება, დაყუდებულ მეუდაბნოეთა შესახებაც ითქვას. უდაბნოს მრავალი გამოცდილი მიუღია და შემდეგ განუშორებია იგი – როგორც გამოუცდელი, უმხილებია მისი გემოთმოყვარეობა, რომელშიც ეს ადამიანი თვითრჯულობის გამო ჩავარდა; მაგრამ მასვე (უდაბნოს) მიუღია ზოგიერთი ნაკლებად გამოცდილი და ის მხურვალე და მოშურნე ადამიანად უქცევია; მასში შიში და საკუთარ ცოდვათა ტვირთზე პასუხისმგებლობის გრძნობა დაუნერგავს.
დაე, ნურავინ, ვინც გულისწყრომისაგან და ქედმაღლობისაგან, ორგულობისა და ავმეხსიერებისგან ძლეულია, ნუ გაბედავს და დაყუდების კვალსაც კი ნუ დაუწყებს ძებნას: შესაძლებელია, ამის გამო იგი ჭკუიდან შეცდეს; ხოლო მან ვინც ყველა ამ ზემოჩამოთვლილი ვნებისაგან თავისუფალია, აირჩიოს უმჯობესი; თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს მანაც ვერ შეძლოს.
ვინც დაყუდების საქმეს ჯეროვნად აღასრულებს, ამ ნიშნებით შეიცნობა: დაუძინებელი გონება, წმიდა გული, ღვთის მიმართ სწრაფვა, საუკუნო ტანჯვის წარმოდგენა, სიკვდილის სიახლოვის ხსოვნა, გაუძღომლად ლოცვა, დაუძინებელი დაცვა თავისა, სიძვის მოკვდინება, ცუდი სიყვარულის არცოდნა, სიკვდილი სოფლისათვის, ნაყროვანების სიძულვილი, ღვთისმეტყველების დაწყება, განსჯის წყარო, ცრემლთან დამეგობრება, მრავალმეტყველების მოკვდინება და სხვა მრავალი ამის მსგავსი, რაც ხალხმრავლობასთან შეუთავსებელია. ხოლო, ვინც ჯეროვნად არ აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, ისიც იცნობა გარკვეული ნიშნებით; ესენია: მრსიხანების მოზღვავება, ავმეხისერების შეკრება, სიყვარულის განქარვება, ქედმაღლობის შემატება; ამის შემდგომზე* კი დავმდუმდები.
რადგანაც დაყუდებულებზე ჩამოვარდა სიტყვა, კარგია, თუ ჭეშმარიტი მორჩილების შესახებაც ვიტყვი. თუ როგორია მათი სახე და როგორ უნდა ვინცოთ ისინი; მით უმეტეს, რომ საუბარს სწორედ მათ შესახებ განვაგრძნობ.
ვინც რჯულის დაცვით, ჯეროვნად და კეთილად აღარსრულებენ მორჩიელბას, წმიდა მამათა სიტყვით, მათი ცნობა ასე შეიძლება: ახლადმოსულთა შორის სიმდაბლის ყოველდღიური მატება, გულისწყრომის შეძულება, სიბნელის გაუჩინარება, ვნებათაგან გამოხსნა, სიძულვილისაგან გათავისუფლება, მხილების შედეგად სიძვის ვნებისაგან გათავისუფლება, მოწყინების არცოდნა, გულმოდგინების გამრავლება, გულმოწყალების მოხვეჭა, ამპარტავნებისაგან განრიდება; აი, ის წარმატებები, რომლებიც იმასხურებენ, რომ მათ ყველა ეძებდეს, თუმცა მათ მოხვეჭას ცოტა თუ ახერხებს.
თუკი წყაროს წყალი დამშრალია, მას წყაროს ვეღარ ვუწოდებთ; დანარჩენს კი ვინც გონიერია ის მიხვდეს.
სული, რომელიც უფლისადმი დადებულ აღთქმას არღვევს, ბილწავს საკუთარ თავს და მისი სიბილწიდან ეს საქმეები გამომდინარეობენ სიკვდილის დავიწყება, მუცლის გაუმაძღრობა, თვალდაუჭერელობა, ამპრტავნების აღორძინება, ძილით გაუმაძღარობა, გულფიცხელობა, რომელსაც ღვთის შიშის არქონა მოსდევს, რაც ყოველგვარი დაცემისა და ვნების დედაა.
დაყუდებულს, რვიდან ხუთი ვნება ებრძვის, ხოლო – მორჩილებაში მყოფთ – სამი*.
იმ დაყუდებულს, რომელსაც მოწყინების ვნება ებრძვის, ძალიან გაუჭირდება, რადგანაც ჭვრეტისა და ლოცვისათვის განკუთვნილ დროს ამ ბრძოლაში კარგავს.
ერთხელ ჩემს სენაკში ყოფნა მომწყინდა და სულმოკლეობამ შემიპყრო, იმდენად, რომ მის დატოვებას ვაპირებდი, ის იყო უნდა გამოვსულიყავი, რომ ვიღაც კაცები მოვიდნენ და ჩემი დაყუდებული ცხოვრების გამო ქება დამიწყეს, მაშინათვე მოწყინების ვნება პატივმოყვარეობამ განდევნა და გამიკვირდა, თუ ყველა სხვა ეშმაკს როგორ ამარცხებს პატივმოყვარების სამრქიანი ეშმაკი.
გამუდმებულად უნდა გრძნობდე შენი გონების მუდმივ თანამგზავრებს; მის მიდრეკას, აღმაფრენას, გადახრასა და შეცვალებას; და კარგად აკვირდებოდე, როგორ და რომელ მხარეს მიგდრეკენ ეს მოძრაობები; ვინც სულიწმიდის მიერ უშფოთველობა მოიპოვა, ჩემს ნათქვამს ის გაიგებს.
დაყუდების საქმე უპირველეს ყოვლისა ყოველგვარი საჭირო და არასაჭირო საზრუნავის უგულებელყოფას მოითხოვს; რადგანაც, ვინც პირველს გაუღებს კარს, მას მეორეც შეიპყრობს; ხოლო დაყუდების მეორე უმნიშნვნელოვანესი საქმე არის ყოველგვარი სიზარმაცისაგან თავისუფალი ლოცვა; მესამე კი – გულის სიფრთხილის დაცვა.
როგორც ანბანის უმეცარისთვის შეუძლებელია წიგნის კითხვა, ასევე მისთვის, ვინც პირველს არ შეიძენს, შემდგომი ორის მოპოვებაა შეუძლებელია.
*როდესაც ამ სამი ღვაწლთაგან საშუალოს აღვასრულებდი, ჭვრეტის საშუალო საფეხურზე ვიდექი და ანგელოზი უფლისა განმანათლებდა, ხოლო უმეტესი გამოცხადება მწყუროდა და კვლავ, იმავე საფეხურზე მყოფმა ვკითხე მას: „როგორი იყო უფალი მანამდე, ვიდრე კაცის ხილულ სახეს მიიღებდა“? მაგრამ ზეციურ ძალთა მთავარმა ვერ შეძლო ამ საქმეში ჩემი განსწავლა; მას ამის ნება არ ჰქონდა ბოძებული; შემდეგ ვევედრე მას, ეუწყებინა ჩემთვის, თუ როგორ მდგომარეობაშია იგი ამჟამად; – „მისთვის თვისობრივში…“ – მომიგო მან. მე კვლავ ვკითხე: – „რაგვარია მისი დგომა და ჯდომა მარჯვენით მამისა“? მან მიპასუხა: – „შეუძლებელია, ვინმეს სმენამ ეს გონიერი საიდუმლონი შეიწყნაროს“. მე ვევედრებოდი მას იქამდე მივეყვანე, სადამდეც სურვილი მეზიდებოდა, მაგრამ მან მითხრა: „ამის დრო ჯერ არ მოსულა, რადგანაც შენში ჯერ კიდევ მცირეა ცეცხლი უხრწნელებისა“. ამასთანგ არ შემიძლია, ვთქვა, სხეულში ვიყავი, თუ – სხეულის გარეთ, როდესაც ყოველივე ეს აღესრულა.
ძალიან ძნელია, განადგო შუადღის ძილი, განსაკუთრებით – ზაფხულში, ამიტომ ასეთ დროს კარგია ხელსაქმე.
ვნახე მოწყინების ეშმაკი, რომელიც უსწრებდა და წინ მიუძღოდა სიძვის ეშმაკს, რათა დაეუძლურებინა ხორცი, ძილში დაენთქა და ამგვარად მოევლინა დაყუდებულთათვის ყოველგვარი სიბილწე.
თუ წინ აღუდგები, შენთან ბრძოლას გააძლიერებენ, რათა ფარ-ხმალი დაყარო და იფიქრო – მათთან მაინც ვერაფერს გავხდებიო და დაყუდების ღვაწლზე, როგორც შენთვის სრულიად უნაყოფოზე, უარი თქვა; მაგრამ ეშმაკებზე გამარჯვებას არაფერი ადასტურებს იმგვარად, როგორც მათი მხრიდან მძვინვარე ბრძოლის გაძლიერება.
სენაკიდან გასვლისას ძლიერ დაიცავი ის, რაც იქ ყოფნისას შეკრიბე, რადგანაც როდესაც კარებს აღებ, დამწყვდეული ფრინველები გაფრინდებიან და შენი დაყუდება უშედეგოდ დარჩება.
პატარა ბეწვი ამღვრევს თვალს, ხოლო მცირეოდენი საზრუნავი კი დაყუდებას ამღვრევს; რადგნაც დაყუდება გონების მოკრბა და ყოველგვარი ცხონებისათვის არასაჭირო საზრუნავის მოკვეთაა.
ვისაც ჭეშმარიტი დაყუდების ღვაწლი მოუპოვებია, ის არც საკუთარი ხორცისთვის ზრუნავს, რადგან არ არის სიცრუე მასთან, ვისაც მან აღუთქვა.
ვისაც საკუთარი გონების უფლის წინაშე წმიდად წარდგინება სურს და ამავდორულად საზრუნავს იმრავლებს, იმ კაცს ჰგავს, ვინც ფეხები მაგრად შეიკრა და სწრაფად სირბილი სურს.
ზოგიერთი ამბობს, რომ ყოველგვარი ფილოსოფიის სწავლა ძნელიაო და ამიტომ მცირედ არიან სწავლულნი; მე კი ვიტყვი, რომ კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, ვინც ჭეშმარიტი დაყუდების საღვთო სიბრძნე იცის.
ვისაც ჯეროვნად არ შეუცნია ღმერთი, ის დაყუდების საქმეში სრულიად გამოუცდელია და მრავალი განსაცდელი დაატყდება თავს.
გამოუცდელებს უჭირთ დაყუდება; რადგანაც რაკი ღვთის სიტკბოების გემო არ უხილავთ, მოწყინებით, გონების წარტაცებითა და სხვადასხვაგვარი ფიქრებით ატარებენ მთელ დროს.
ვისაც* ლოცვის მთელი სიკეთე უნახავს, ხალხის სიმრავლეს გაურბის, როგორც კანჯარი, რადგან გაველურებულ კანჯარს ლოცვის მეტი სხვა რა განკურნავს?!
ვნებით შეპყრობილი უდაბნოში მათი გამოძიებითაა გართული; როგორც მოგვითხრობდა ამის შესახებ წმიდა ბერი – გიორგი არსელაელი, რომელსაც შენი პატიოსნებაც იცნობს. იგი ჩემს სიგლახაკეს დაყუდების საქმეში განსწავლიდა და მეუბნებოდა: შევნიშნე, რომ პატივმოყვარებისა და სიძვის ეშმაკები განთიადისას მოდიან ჩემთან; შუადღისას – მოწყინების, მწუხარებისა და მრისხანებისა; ხოლო მწუხრისას მოვლენ ხოლმე სიბინძურისმოყვარე ნაყროვანების ეშმაკები.
გლახაკი მოწაფე საზრუნავით შეპყრობილ დაყუდებულზე უპირატესია.
თუ ვინმე დაყუდებული ყოველდღიურად არ წარემატება, უნდა იცოდეთ: ის ან დაყუდების საქმეს არ აღასრულებს, ან – ამპარტავნება ღუპავს.
დაყუდება განუწყვეტლად ღვთის წინაშე დგომა და მისი მსახურებაა.
უფალი იესო ქრისტეს ხსენება სუნთქვასავით განუშორებელი იყოს შენგან და დაყუდების კეთილ შედეგს მაშინ შეიცნობ.
მოწაფის დაცემა მისი ნებით ხდება; ხოლო დაყუდებულისა – ლოცვასთან განშორებით.
თუკი სტუმრის მოსვლა გახარებს, უნდა იცოდე, რომ მოწყინებას მისცემიხარ და არა – ღვთის მსახურებას.
ლოცვის მაგალითად გყავდეს სახარებისეული ქვრივი, რომელსაც მევალე ავიწროვებდა, ხოლო დაყუდების მაგალითია დიდი და ანგელოზთასწორის დაყუდებული არსენი.
მარტოდ მყოფო, გაიხსენე ამ დაყუდებული ანგელოზის საქმეები და ნახე, რომ ხშირად იგი უკან აბრუნებდა მიმსვლელებს, რათა უფრო მნიშვნელოვანი რამ არ დაეღუპა.
ვიხილე ეშმაკები, რომლებიც უდებ და მოხეტიალე ბერებს დაყუდებულ მოღვაწეებთან აგზავნიდნენ, რათა ეს სათნოების მუშაკები მცირეოდენად მაინც დაებრკოლებინათ.
ეს იცოდე, ჭეშმარიტო დაყუდებულო და ნუ შეგრცხვება ამ უდებთა მხილება, რათა ისინი ამგვარ ხეტიალს დაეხსნენ.
მაგრამ უფრთხილდი, რომ ზემოთქმულის მიზეზით ის სულიც არ დააბრკოლო ტყუილუბრალოდ, რომელიც შენთან ნამდვილად მწყურვალე მოვა და დარწყულებას ითხოვს; ასე რომ, საჭიროა ყველაფერს განსჯის სანთელი გინათებდეს.
დაყუდებულის და საერთოდ ყველა მონაზვნის ცხოვრება სინდისისა და გონების მიხედვით უნდა წარიმართოს.
ვინც წესიერად იმყოფება, ის ყოველგვარ საქმეს, ფიქრსა და მოძრაობას ღვთის ნებით და ღვთისათვის, სულიერი გრძნობების მიხედვით წარმართავს; ისე მოქმედებს, თითქოს ღვთის პირის წინაშე იმყოფებოდეს. თუკი ასე არ არის, ჩანს, სათნოებათა კანონებით ჯერაც არ ცხოვრობს.
წინასწარმეტყველი ამბობს: „აღვაღო იგავით პირი ჩემი“. მე კი ვიტყოდი: ლოცვით აღვამაღლებ ნებასა ჩემსა ღვთისა მიმართ და მისგან მივიღო სავსება.
სარწმუნოება ლოცვის ფრთებია და თუ ისინი არ ექნება, უკანვე დაგვიბრუნდება.
სარწმუნეობა სულის ერთგული ზედგომაა, როდესაც მას წინააღმდგომი ქარიც კი ვერ არყევს;
მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს რაღაცის გაკეთება შეუძლია, არამედ იგი, ვისაც სწამს, რომ უეჭველად მიეცემა, რასაც ითხოვს.
სარწმუნოება აღასრულებს ისეთ საქმეებს, რომელთა აღსრუელბის იმედიც კი არ არსებობდა და ეს ავაზაკმა აჩვენა.
სარწმუნოების დედა შრომა და მართალი გულია; რადგანაც პირველი ერთგულს გახდის კაცს, მეორე კი თხოვას საქმით აღასრულებს.
დაყუდებულთა დედა სარწმუნოებაა, რადგანაც, თუკი არ სწამს, რანაირად დაეყუდება სიმართლით.
ვინც დილეგში ბორკილდადებულია, მსაჯულის შიში აძრწუნებს, ხოლო, ვინც სენაკში დაყუდებულია, მას უფლის შიში განლევს.
პირველს სასამართლო იმდენად არ აშინებს, ამდენადაც მეორეს – ქრისტეს სამსჯავრო.
ჰოი საყვარელო, დაყუდებისას ღვთის დიდი შიში იქონიე, რადგან მოწყინებას მასავით ვერაფერი განდევნის.
საპყრობილეში მყოფი ბრალდებული ელის, როდის მოვა მოსამართლე; ხოლო დაყუდებული – როდის მოვა სიკვდილი.
პირველი მათგანი მწუხარებითაა მოცული; მეორე კი – ცრემლის წყაროთი.
თუ მოთმინების კვერთხს მოიპოვებ, მოწყინების ეშმაკები განგეშორებიან.
მოთმინება სულის ძარღვი და ძალაა, რომელსაც ვერ დასცემს ჭირი და ბრძოლები.
მომთმენი მოღვაწე არ ეცემა და რომც დაეცეს, ამითაც იმარჯვებს.
მოთმინება ყოველდღიურ განსაცდელთა მოლოდინია.
მოთმინება თავის მართლების უარყოფა და საკუთარი თავისადმი ყურადღებაა.
როგორც ჩვენი ბუნებისათვის საჭმელია აუცილებელი, ასევე ჭირდება დაყუდებულს მოთმინება.
მეორე ამათგანი გვირგვინთა მოგების მიზეზია, ხოლო პირველი – ხშირად ვნებების მიზეზი გამხდარა.
მონაზონი სიკვდილამდე და დამარხვამდე მკვდარია და მისი საფლავი მისივე სენაკია.
მოთმინებას იმედი და გლოვა შობს, რადგანაც იგი, ვინც ამ ორის გარეშე არსებობს, მოწყინების მონაა.
ქრისტეს მხედარს აუცილებლად უნდა ეუწყოს, თუ რომელი მტერი განდევნოს შორიდანვე და რომელი – ახლოს მოუშვას და ხელდახელ შეებას.
ზოგჯერ ბრძოლას გვირგვინი მოაქვს; ხოლო ბრძოლისაგან განრიდება ადამიანს გამოცდილებას მოაკლებს.
სიტყვით ყველა ამ წესს ვერ ვისწავლით, რადგანაც ყველა ჩვენთაგანს ერთი და იგივე ჩვევები არა აქვს და არც ერთნაერი ბრძოლები გვიწევს.
ერთ ვნებას* გამუდმებით ადევნე თვალი, რადგან ის დაუცხრომელად გებრძვის: ზიხარ, დადიხარ, დგახარ, წევხარ, ლუცულობ თუ გძინავს.
ყველა დაყუდებული ერთი და იმავე სიტყვებით როდი წვრთნის საკუთარ თავს; ზოგიერთს ეს აქვს განსასწავლად: „წინასწარ ვხედავ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის“; სხვები – „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენნი“; სხვებს „იღვიძებდით და ილოცევდით“; სხვები იხსენებენ ამას: „განმზადენ საქმენი შენნი დღისა მისთვის სიკვდილისა“; სხვები ამას: „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან“; სხვები: „არა ღირს არიან ვნებანი ესე ამის ჟამისანი მერმისა მისთვის დიდებისა“; სხვები კი ამ სიტყვების იგონებენ: „ნუ უკუე წარსადმე-გიტაცნეს და არავინ იყო მხსნელ თქუენდა“; ყველა მათგანი რბის, მაგრამ ამთგან მხოლოდ ერთი მიიღებს უშრომელად გვირგვინს*.
ვინც სისრულის გზაზე სწორად მიდის, იგი არა მარტო მღვიძარებისას, ძილშიც კი თავის საქმეს აკეთებს; ამიტომაა, რომ ზოგიერთი ძილშიც კი ებრძვის და ამარცხებს ეშმაკებს.
ნუ ელოდები სტუმრებს და მათ მისაღებად ნუ მოემზადები, რადგანაც დაყუდებულის ცხოვრების წესი უბრალო და ძალდაუტანებელი უნდა იყოს.
ვერავინ შეძლებს, დაყუდების კოშკი აღმართოს, თუ მანამდე არ დაჯდა და არ გამოიანგარიშა, აქვს თუ არა საკმარისი მასალა ამ მშენებლობისათვის. ისე ნუ იზამს, რომ საძირკვლის ჩაყრის შემდეგ მტრების დასაცინი და სხვა კეთილ მუშაკთა დამაბრკოლებელი გახდე.
დაყუდებისას კეთილად გამოიკვლიე შენში შემოსული სიტკბოება, რომ ის ადამიანთა სულების მზაკვარი მკვლელის მიერ არ იყო მოწამლული.
ღამის განმავლობაში ძირითადი დრო ლოცვას დაუთმე ად მხოლოდ მცირეოდენი – ფსალმუნებას; დღისით კი შენი ძალების მიხედვით მოიქეც.
წიგნის კითხვა მცირედ როდი მოკრებს და ანათებს გონებას, რადგნაც იქ სულიწმიდის სიტყვებია და მის მკითხველს განამტკიცებენ.
სათნოებებისა და ვნებების შესახებ იკითხე და – ისეთები, რაც შენს ცხოვრებას რამეს შემატებენ, რათა კეთილად შეიკრიბო გონებაში.
მაგრამ ცხონების სიტყვები უმეტესად შრომაში ეძებე და არა – წიგნებში.
ვიდრე დიდ სისრულეს არ მოიხვეჭ, ნუ წაიკითხავ არამართლმადიდებლურ წიგნებს, რადგანაც ისინი სიბნელითაა აღსავსე და აბნელებენ გონებით შემცდართ.*
ღვინის ერთი თასი საკმარისია, რომ ამ ღვინის გემო გაიგო, ასევე, ბრძენი მოძღვრისათვის ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ დაყუდებულის ყოველგვარი შინაგანი საქმე შეიტყოს.
მთელი შენი ძალებით ებრძოლე პატივმოყვარეობას, რადგან მასზე მეტად გონებას ვერაფერი მიიტაცებს.
როდესაც სენაკიდან გახვალ, საკუთარ ენას უფრთხილდი, რადგანაც ის უცებ განაბნევს დიდი შრომით მოპოვებულს.
უბრალო ცხოვრებით იცხოვრე, რადგანაც ისე არაფერი შეურაცხჰყოფს დაყუდებას, როგორც – ცნობისმოყვარეობა.
შენთან მომსვლელებს ყველაფერი მიეცი, ხორციელი იქნება ის, თუ – სულიერი.
თუ ჩვენზე ბრძენი იქნება მომსვლელი, ჩვენი სიბრძნე დუმილით განვუცხადოთ მას; თუკი სულიერი საზომით ჩვენი თანასწორია, ზომიერად გავაღოთ კარი ჩვენი საუბრისა; საერთოდ კი ჯობს, რომ ყველა ჩვენზე აღმატებულად შევრაცხოთ.
მეფის ძალა ხალხისა და განძის სიმრავლეა; ხოლო დაყუდებუთა ძალა – განუწყვეტელი ლოცვა.
ერთი შეხედვით სარწმუნოების სიმბოლოში ერთმანეთს უპირისპირდება ერთი მხრივ, წმიდა, დაუბადებელი და თაყვანისაცემელი სამების აღსარება და მეორე მხრივ – წმიდა სამების ერთ-ერთი პირის განხორციელება; რადგანაც ის, რაც პირველ შემთხვევაში მრავლობითად ითქმის, აქ ითქმის მხოლობითად. რადგანაც იქ სამ გვამსა და ერთ ბუნებას ვამბობთ, აქ კი – ერთ გვამსა და ორ ბუნებას; სწორედ ასევე, სრულიად სხვადასხვაგვარია საქმე დაყუდებისა და საქმე მორჩილებისა.
წმიდა წინასწარმეტყველი და წმიდა მოციქული ამბობენ: „ვინ ცნა გონებაი უფლისა“ მე კი ვიტყვი: ვინ შეიცნობს ჭეშმარიტად სულითა და ზორცით დაყუდებული კაცის გონებას, ძალითა უფლისათა, რომელი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეფის ძლიერებას მისი სიმდიდრე და ქვეშევრდომთა სიმრავლე წარმოადგენს; ასევე დაყუდებულის ძლიერებას შეადგენს სიუხვე ლოცვისა.
http://iveron.ca/ioane-sineli-klemaqsi/
