ღირსი იოანე სინელი
კიბე ანუ კლემაქსი
სიტყვა 30, სამი სათნოების – სარწმუნოების, სასოების და სიყვარულის შესახებ
კიბის თავზე იაკობმა რაგვარად გიხილა შენ?! მინდა ვიცოდე, რანაირი იყო ეს ამაღლება კიბისი საფეხურებზე? რას წარმოადგენს თავად სახე კიბისა და მისი საფეხურები? ან – ეს „აღსლვაი“, რომელიც „გულსა შინა თვისსა დაიდვა“ შენი მშვენიერების ერთმა მოტრფიალემ? ან რამდენია რიცხვი მათი? – მინდა გავიგო. რამდენი დრო ჭირდება ამ ზეაღსვლას? მან, ვინც გიხილა შენ და გებრძოდა შენ – შენმა მოყვარულმა იაკობმა, მხოლოდ ერთი რამ გვაუწყა, რომ ამ კიბეზე წინამძღვარნი ანგელოზები არიან.
შემოკლებული დარიგება, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რის შესახებაც ამ წიგნში ვრცლად იყო ნათქვამი.
შევუდგეთ, ძმებო გულმოდგინედ შევუდგეთ ამ კიბის საფეხურებს, გულში ზეაღსვლის სურვილი დავინერგოთ და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა ჩუენისასა“ (ეს. 2,3), მასთან ვინც „განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე“ (ფს. 17,33). გევედრებით, მისკენ ვისწრაფოთ, ვინც იტყვის: ისწრაფოდეთ „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად საზომად ასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“. ქრისტე მოინათლა, როდესაც ხორციელად 30 წლის ასაკში იყო და ამ კიბის ოცდამეათე საფეხურზეა დაბრძანებული, რადგანაც ღმერთი სიყვარულია, რომლის არს გალობა, რომლის არს სიმტკიცე, რომლის არს ძალი, რომელიც ყოველივე მიზეზი კეთილთა არს და იყოს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
http://iveron.ca/ioane-sineli-klemaqsi/
