სახარების სარჩევი

ახალი აღთქმა

იოანეს სახარება

თავები 16–18

წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია

16

იოანეს

თავი 16

1ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.

2კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.

3და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე.

4არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.

5ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ?

6არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი.

7არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.

8და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს:

9ცოდვისათჳს ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ;

10ხოლო სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე;

11ხოლო სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს.

12ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტჳრთვად.

13ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ.

14მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.

15ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.

16მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა.

17ჰრქუეს უკუე მოწაფეთა მისთა ურთიერთას: რაჲ არს, რომელსა-ესე მეტყჳს ჩუენ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, და რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა?

18და იტყოდეს უკუე: რაჲ არს ესე „მცირედ“? არა უწყით, რასა იტყჳს.

19გულისჴმა-ყო იესუ, რამეთუ უნდა კითხვის, და ჰრქუა მათ: ამისთჳს გამოეძიებთა ურთიერთას, რამეთუ ვთქუ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედ, და მიხილოთ მე?

20ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს.

21დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა.

22ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.

23და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.

24აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს.

25ამას იგავით გეტყოდე თქუენ. ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ.

26მას დღესა შინა ითხოოთ სახელითა ჩემითა, და არა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთჳს.

27რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ.

28გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა.

29ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: აჰა აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ.

30და აწ უწყით ჩუენ, რამეთუ ყოველივე იცი და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე. ამის გამო გურწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოხუედ.

31მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ სამე გრწამს?

32აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თჳსად ადგილად და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, არმედ მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს.

33ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.


17

იოანეს

თავი 17

1ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.

2ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

3და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.

4მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.

5და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.

6გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს.

7და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს.

8რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.

9მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.

10და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.

11და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.

12ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.

13ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.

14მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან.

15არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან.

16სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.

17წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს.

18ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად.

19და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით.

20და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;

21რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

22და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.

23მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.

24მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.

25მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

26და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.


18

იოანეს

თავი 18

1ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი.

2იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით.

3ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა.

4ხოლო იესუ იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?

5მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა.

6და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.

7მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა.

8ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ.

9რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.

10ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ.

11ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?

12ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი.

13და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ.

14ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.

15მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა.

16ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.

17ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ.

18დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა.

19ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.

20მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე.

21რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ.

22და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა?

23ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ?

24და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა.

25ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვარ.

26ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან – ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა?

27და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.

28და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი.

29გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა?

30მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.

31ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ.

32რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ.

33კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?

34ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?

35მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს?

36მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.

37ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ.

38ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა.

39ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?

40კუალად უკუე ღაღატ-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი.

გააზიარეთ:

Like this: