სახარების სარჩევი

ახალი აღთქმა

იოანეს სახარება

თავები 7–9

წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია

7

იოანეს

თავი 7

1ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.

2ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ.

3ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ.

4რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.

5რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.

6ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს.

7ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან.

8თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს.

9ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას.

10და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად.

11ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?

12და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა.

13და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.

14და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა.

15უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად?

16მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ.

17უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ.

18რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.

19ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?

20მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?

21მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკჳრს.

22ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან.

23უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა?

24ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ.

25იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?

26აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე?

27არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს.

28ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით.

29ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.

30ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.

31და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა?

32და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი.

33და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა.

34მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად.

35იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა?

36რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?

37და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ.

38და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი.

39ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ.

40მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყუაჲ ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი.

41სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე?

42არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე?

43და განწვალებაჲ იყო მისთჳს ერსა შორის.

44და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა.

45მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი?

46მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი.

47მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: თქუენცა ნუუკუე შე-ვე-ცთომილ ხართა?

48ნუუკუე მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენაა მისი ანუ ფარისეველთა?

49არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, დაწყეულ არიან.

50ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი:

51ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?

52მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს.

53და წარვიდა კაცად-კაცადი სახიდ თჳსად. † orthodoxy.ge † წმიდა წერილი – სახარებაჲ იოვანესი


8

იოანეს

თავი 8

1ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა.

2და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.

3ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს

4და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა.

5და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ?

6ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.

7და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა.

8და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა.

9ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის.

10ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ?

11ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ.

12მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ.

13ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ.

14მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ.

15თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი.

16უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

17რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.

18მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

19ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.

20ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.

21მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.

22იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?

23და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ.

24გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.

25ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ.

26მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა.

27ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.

28მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ.

29და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.

30ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.

31და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.

32და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.

33მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?

34მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.

35და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.

36უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.

37უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის.

38მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.

39მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.

40ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.

41ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი.

42ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.

43რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად.

44თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.

45ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი.

46ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი?

47რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.

48მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა?

49მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.

50ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის.

51ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.

52ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.

53ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?

54მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.

55და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.

56აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.

57ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?

58ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.

59აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.


9

იოანეს

თავი 9

1და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან.

2ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?

3ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა.

4და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.

5ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.

6და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა

7და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.

8ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?

9სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.

10ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი?

11მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ.

12ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი.

13იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი.

14მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო.

15კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.

16იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის.

17ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს.

18არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა,

19ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი, რომელისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს?

20მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა.

21ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ.

22ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი.

23ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.

24მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.

25ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.

26მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?

27მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?

28ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ.

29უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.

30მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი.

31ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან.

32საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი.

33უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ.

34მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე.

35ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ?

36მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი?

37ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს.

38ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.

39და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ.

40ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?

41ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.

გააზიარეთ:

Like this: