წმიდანი მეფე კონსტანტინე და დედოფალი ელენე პატიოსანი ჯვრით

სავედრებელი პარაკლისი პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრის ამაღლებისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

✠

ჯვრის თაყუანისცემის ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი, ხმაი 1

განწყობილი სიმრავლეი ანგელოზთაი ძლევისა გალობასა დიდების-მეტყუელებს ნათლითა შემოსილისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა შენისა დღესასწაულსა, ქრისტე, და სიხარულით თაყუანის-სცემს კრებული მოწრმუნეთაი ღმრთივ-ბრწყინვალესა ხილვასა მისსა და ერთა თანა ზეცისათა დაუცხრომელად იტყვიან: დიდებაი ყოვლად ძლიერსა ჯუარსა შენსა, მაცხოვარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: რომელმან აღმომიყვანნა ჩუენ ბჭეთაგან სიკუდილისათა, უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს უკუნისამდე.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

რომელმან დახსნა ამპარტავანებაი მტერისაი და შორის მორწმუნეთა აღამაღლა ჯუარი, უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს უკუნისამდე.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

რომელმან განიპყრნა ხელნი თვისნი ჯუარსა ზედა ნეფსით თუისით, უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ამაღლდა ნიში ჯუარისა შენისაი, უფალო, რომელი მძლე ექმნა პირსა მტერისასა, დაემტკიცა წმიდაი ეკლესიაი და იდიდების სახელი წმიდაი შენი, რამეთუ დიდებით დიდებულ არს უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან სახიერებით ჩუენდა ცხოვრებად აღმოგვიცენა ჯუარი, უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს უკუნისამდე.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: უფლისა მიერ ღმრთისა ჩემისა განძლიერდა გული ჩემი, რამეთუ უძლურთა შეიმოსეს ძალი.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

სძლო ქრისტემან ჯუარითა და მყოფნი ბნელისანი ნათლად აღმოიყვანნა და მას შინა ამაღლდა ჯუარი ძლევის-მყოფელი, კაცთა სიქადული.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

სიმართლით დაამტკიცე ეკლესიაი შენი შორის მორწმუნეთა, უფალო, და მას შინა ამაღლდა ჯუარი ძლევის-მყოფელი, კაცთა სიქადული.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მსოფლიომან ამაღლებამან ცხოველსმყოფელისა ჯუარისა შენისამან, უფალო, ყოველნი კიდენი ქუეყანისანი ქებად შენდა შემოკრიბნა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქერაბინთა ზედა მჯდომარესა, შენგან ხორციელ-ქმნულსა, ევედრე, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რაითა მიხსნნეს ჩუენ განსაცდელისაგან.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა შიოსათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა მათ ქრისტეს მოყუარეთა მხედრობათათვის.

რამეთუ არა მშვილდსა ჩუენსა ვესავთ, არცა მახვილმან ჩუენმან მაცხოვნნეს ჩუენ, უფალო, არამედ შენსა ყოვლად ძლიერსა შეწევნასა ვითხოვთ და ჯუარისა შენისა მსასოებელნი, მტერთა ზედა ჩუენთა აღვიჭურვით და სახელსა შენსა სარწმუნოდ ვხადით და ლმობიერად გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მართლმადიდებელთა შესავედრებელო უფალო, მოავლინე ისარნი შენნი და შეაძრწუნენ მტერნი ჩუენნი, გამოაბრწყინვენ ელვანი და განიოტენ იგინი, მოჰყავ ხელი შენი მაღლით, და დაამონენ იგინი, და ხელთა შინა მორწმუნესა შენსა მხედრობასა და ერსა მოეც, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: რომელი უკუნისამდე ჰგიე, მოწყალეო უფალო, შერისხენ წარმართთა, სამკვიდრებელთა შორის შენსა შემომავალთა, და შემამწიკულებელთა წმიდისა ეკლესიისა შენისათა, სდევნე მათ ნიავქარითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნე იგინი, აღავსე პირი მათი უპატიოებითა, რაითა სირცხვილეულ და კდემულ იქმნენ უკუნითი უკუნისამდე, და რცხვენოდეთ, და ძლიერებითა მსჯავრთა შენთაითა ამპარტავნებაი მათი შეიმუსროს და წმიდაი სახელი შენი იდიდებოდეს ჩუენ შორის, გულსმოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: რაითა უძლეველად და მძლედ ეგოს მარადის ქრისტეს მოძულეთა მტერთა ზედა, მართლმორწმუნე ერი და მხედრობაი ჩუენი, და მშვიდობაი და დიდებაი დაემკვიდროს ქუეყანასა შინა ჩუენსა, და ყოველთა ერთა შორის მართლმადიდებელთა. გულსმოდგინედ გევედრებით, უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: რაითა შეისმინოს ეკლესიათაგან წმიდათა თვისთა ოხრუაი და სულთქუმაი ერთმორწმუნეთა ჩუენთა, წინა-აღმდგომთა მტერთა მიერ დამონებულთა მონათა თვისთა, ჭირთა და ურვათა შინა თვისთა შენდამი მღაღადებელთა, აღმოიყვანე ხრწნილებისაგან ცხორებაი მათი. გულსმოდგინედ გევედრებით, უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

სიხარულითა აღივსნეს მყოფნი იერუსალიმისნი, რაჟამს მოიძია ძელი ცხორებისაი ელენე დედოფალმან, და მაკარი მღვდელმთარისა თანა აღამაღლა რაი ყოველთა სახილველად, სულნელებაი დიდძალი მიეფინებოდა ყოველსა ერსა ზედა, და მადლობით ღაღადებდეს და იტყოდეს შენდამი, ღმერთო, და სიხარულით თაყუანის-სცემდენ პატიოსანსა ჯუარსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჯუარი შენი, უფალო, დღეს უმეტესად ამაღლდების, და ქრისტეს აღდგომაი კუალად განახლდების. ძალი მტერისაი შეიკრვის და სოფელი საცთურისაგან იხსნების და კიდენი ქუეყანისანი იხარებენ დღესასწაულსა პატიოსნისა ჯუარისა შენისასა. მითვე ჯუარითა შეგვიწყალენ და ადგომითა შენითა გუაცხოვნენ ჩუენ.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა სმენაი შენი, უფალო, რამეთუ ამაღლდი ჯუარსა ზედა და ვადიდებთ ძალსა შენსა.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

ჯუარითა დაჰხსენ ცოდვაი, უფალო, და იხსენ ხრწნილებისაგან აღდგომითა შენითა ნათესავი კაცთაი.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

რომელმან მოაკუდინე სიკუდილი ჯუარითა პატიოსნითა და ნათლად აღმოგვიყუანენ ჩუენ, რომელნი ვადიდებთ ძალსა შენსა, უფალო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჯერ-იჩინე აღსლვაი ჯუარსა ზედა, ქრისტე, ცხორებისათვის ჩუენისა და გამოგვიხსნენ ჩუენ წყევისაგან სჯულისა პატიოსნითა სისხლითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილმან ქრისტემან ჯოჯოხეთი წარმოტყუენა და მონებისაგან მტერისა ჩუენ ყოველნი განგუათავისუფლნა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან გამოაბრწყინე ნათელი და განანათლე ცისკარი და გამოაბრწყინე დღეი, დიდებაი, დიდებაი შენდა, იესუ, ძეო ღმრთისაო.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

რომელმან სასოდ ჩუენდა და საძლეველად მტერისა მომეც ჩუენ ჯუარი შენი პატიოსანი, დიდებაი შენდა, იესუ, ძეო ღმრთისაო.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

რომელი ჯუარს-ეცუ, დაეფალ და ჯოჯოხეთი შეჰმუსრე და ასდეგ მესამესა დღესა, დიდებაი, დიდებაი შენდა, იესუ, ძეო ღმრთისაო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რომელმან უხრწნელებაი მოეც ნათესავსა კაცთასა და მოტევებაი ცოდვათაი ჯუარითა პატიოსნითა, დიდებაი, დიდებაი შენდა, იესუ, ძეო ღმრთისაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ანგელოზის ხმითა მოგიხმობთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, — და ვღაღადებთ: გიხაროდენ, მიმადლებულო.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: სიღრმესა ცოდვათა ჩემთასა შთავრდომილ ვარ და ვღაღადებ: უფალო, უფალო, შემეწიე მე.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

რომელმან ქალწული შემდგომად შობისა ქალწულადვე დაიცევ და ჯუარითა ჩუენ განგუათავისუფლენ, უფალო, უფალო, შემეწიენ ჩუენ.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

რომელმან ხელნი თვისნი ჯუარსა ზედა განიპყრენ, ჯოჯოხეთი წარმოსტყუენე, უფალო, უფალო, შემეწიე მე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რომელმან სიკუდილი დასთრგუნე ჯუარითა და აღდგომაი ყოველთა მოგუანიჭე, უფალო, უფალო, შემეწიენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგვაჩინენ, შეგვიწყალენ ჩუენ.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 4

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაი მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს საჭურველი შენი მშვიდობისაი, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.

მღდელმან: მოხედენ. სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 7: იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაი ღვთისა ჩუენისაი.

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ჰქმნა უფალმან.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი იოანესი

მამაო, ადიდე ძე შენი. მოიწია მისა ხმათ ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო. ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთვის იყო ხმაი ესე, არამედ თქუენთვის. აწ არს სასჯელი ამის სოფლისაი, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაი განვარდეს გარე. და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა. ხოლო ამას რაი იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად. მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყვი, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი? ვინ არს ესე ძე კაცისაი? რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაითა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაითა ძე ნათლის იყვნეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მამაო, სიტყუაო და სულო, სამებაო წმიდაო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: რომელმან ხრწნილებაი ჩუენი უხრწნელებად გარდასცვალე და პირველშექმნული ადამ ბჭეთაგან სიკუდილისათა აღმოიყვანე და მოკუდავებაი ჩუენი უკუდავებად გარდასცვალე, დაუცხრომელად თაყუანის-ვჰსცემთ პატიოსანსა ჯუარსა შენსა და გევედრებით: მოჰმადლე სოფელსა მშვიდობაი, სნეულთა განკურნებაი, შეცთომილთა მოქცევაი და ცოდვათა მოტევებაი, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, პეტრეისა და პავლეისითა; ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თომასი, თადეოზისა და მატათაისითა;წმიდათა მოციქულთა სწორთა: ნინო ქართველთ განმანათლებელისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა, სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა,: იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, ექვთიმესი და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: რომელი მთასა ზედა მოსეს თანა ზრახევდი, და სახეი ქალწულისაი მაყულოვანით გამოაჩინე, კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

რომელმან განზრახვით ხელით-წერილი ჩუენი ცოდვაი ჯუარსა შემსჭუალე და მით გარდასვლისაი იგი რისხვაი უხრწნელებით გარდასცვალე, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

პირველშექმნული იგი საშუებელისაგან მიიცვალა, ხოლო ჩუენ ჯუარითა ავაზაკისა თანა მეტყუელად მოგვიწოდე, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

რომელმან ყოვლად მცველი ჯუარი აღამაღლე ჩუენ შორის და მით სოფელი საცთურისაგან იხსენ, ცხორების მომცემელო, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელად შობისა შენისა საიდუმლოი, ქალწულო, მოსეს მაყულოვანმან წინასწარ გამოსახა, და ჩუენ თაყუანის-ვჰსცემთ შენსა ქალწულებასა, ყოვლადწმიდაო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ყოველნი საქმენი ღმრთისანი და ყოველნი დაბადებული აკურთხევდით უფალსა, უგალობდეთ ყოველნი დაბადებულნი და უფროისად აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

დამალული ქუეყანასა დიდი საიდუმლოი, ძლევის-მყოფელი საჭურველი – ჯუარი ცათა შინა გამობრწყინდა. უგალობდეთ ყოველნი დაბადებულნი და უფროისად აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

დღეს ამაღლებასა ცხოველსმყოფელისა ჯუარისასა მორწმუნენი აღვასრულებთ და ვიტყვით: უგალობდეთ ყოველნი დაბადებულნი და უფროისად აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ცხოველსმყოფელმან და უხრწნელმან ნიშმან – ძელმან ჯუარისამან, მეფეთა პყრობაი მოჰმადლა, საცთური დათრგუნა, ყოველნი განგუანათლნა და უფროისად აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უზეშთაესსა ქერუბინთასა და უპატიოსნესსა სერაბინთასა, ხორციელად მშობელსა ღმრთისასა, უგალობდით ყოველნი დაბადებულნი, და უფროისად აღვამაღლებდეთ უკუნისამდე.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ყოველნი ტომნი ქუეყანისანი ნათლისა დედასა აქებდით, რამეთუ მისგან გამომოგვიბრწყინდა მზე სიმართლისაი ქრისტე, და კაცად-კაცადსა მოგუემადლა დიდი წყალობაი.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

ღმრთისა მიერ მოემადლა კადნიერებაი ნეტარსა დედოფალსა და მოიძია ძელი ჯუარისაი და სასწაულითა საცნაურ ყო ჯუარი ქრისტეისი. მოვედით, ერნო, თაყუანის-ვჰსცეთ პატიოსანსა ჯუარსა.

დიდებაი ჯუარსა შენსა, უფალო!

სიხარულით დღესასწაულობს ერი მორწმუნეთა, რამეთუ ქრისტემან აღამაღლა ჯუარი ჩუენ შორის საფარველად, მას თაყუანის-ვსცემდეთ, უკუდავსა მეუფესა, მოსავნი ჯუარისანი, და გალობით ვადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აჩუენა უფალმან მაცხოვარებაი თვისი კაცთა ცხორებისათვის, ვითარ ჯუარითა განგუათავისუფლნა ჩუენ წყევისაგან, ამას თაყუანის-ვსცემდეთ, უკუდავსა მეუფესა, მოსავნი ჯუარისანი, გალობით ვადიდებდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან გამოგვიბრწყინდა ქრისტე, ქალწულო მარიამ, რომელმან ვნებაი ჯუარსა ზედა თავს იდვა და ცოდვანი ჩუენნი ჯუარსა შეჰმშჭუალა და ცხორებაი საუკუნოი ყოველთა მოგუანიჭა.

ღირს არსის ნაცვლად იგალობების:

ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა ჯუარსა უფლისასა.

საიდუმლო სამოთხე ხარ, ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ხოლო ჩუენ, ჯუარითა ცხოვრებაშემოსილნი, ქუეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა ამისთვის აწ აღვამაღლებთ, თაყუანის-ვჰსცემთ და შენ გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ღმრთისმსახურსა მეფესა კონსტანტინეს გამოუჩნდა ნიში ჯუარისა შენისაი, უფალო, და მით სძლო განწყობილსა მას ბანაკსა მტერისასა. შეწევნითა შენითა, უფალო, და გამოჩინებითა პატიოსნისა ჯუარისა შენისაითა დაეცნეს მტერნი მისნი. მითვე ჯუარითა შეგვიწყალენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ცხოველსმყოფელი ჯუარი, შურითა დაფარული იერუსალიმსა, იპოა ელენე დედოფალმან გულსმოდგინედ ძიებითა და მადლით ღმრთისაითა ებისკოპოსისა თანა მაკარისა აღამაღლა ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და სიქადული ბრძოლათა შინა.

წინაწარმეტყუელებაი მოსეისი დღეს აღესრულა, რამეთუ განპყრობითა ხელთაითა ჯუარისა სახედ ამალეკი უკუნ-აქცია, ხოლო აქა დღეს აღმაღლებითა პატიოსნისა ჯუარისაითა დაემტკიცნეს წმიდანი ეკლესიანი. მოვედით, ერნო, თაყუანის-ვჰსცეთ ჯუარსა ქრისტესსა და გალობასა დავითისსა ვიხარებდეთ და ვიტყოდით: შენ გშუენის გალობაი, უფალო, სიონს და შენ მოგეცეს ლოცვაი იერუსალემსა.

მოეც სასწაულად მოშიშთა შენთა, უფალო, ჯუარი შენი პატიოსანი, რომლითა განაქარვე მთავრობაი, ხელმწიფებაი ბნელისაი და აღმომიყვანენ ჩუენ პირველსა მას ნეტარებასა, რომლისათვისცა კაცთმოყუარებისა შენისა განგებულებასა ვღაღადებთ და გევედრებით, რაითა მოგვანიჭო ძლევაი ჯუარითა ქრისტეს მტერთა და მბრძოლთა ზედა.

მოვედით, ერნო, თაყუანის-ვსცეთ ამაღლებასა პატიოსანისა ჯუარისასა, რომელსა ზედა განიპყრნა ხელნი თვისნი მაცხოვარმან, ცოდვანი სოფლისანი აღხოცნა და აღდგომაი ყოველთა მოგუანიჭა, რაითა მარადის ვაკურთხევდეთ და დიდების-მეტყუელებით უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან ერი ესე ჩუენი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

✠

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯუარო უფლისაო, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა სისხლითა განწმედილო და სიკუდილითა მისითა კაცთა საუკუნოისა სიკუდილისაგან გამომხსნელო! შენდა სიმდაბლითა თაყუანის-ვჰსცემთ, სიყუარულითა გიამბორებთ და შენსა ზედა ჯუარცმულისა მიმართ ვედრებასა შევსწირავთ, რაითა განგვკურნოს ჩუენ ძალითა თვისითა ყოველთაგან სენთა, სულიერთა და ხორციელთა, და დაგვიცვას მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, და დაუსჯელად დაგვადგინოს მარჯუენით საყდართა თვისთა.

ჰოი, ყოვლადწმიდაო და ცხოველსმყოფელო ჯუარო უფლისაო! ძუელად ოდესმე იყავ შენ საშინელისა სატანჯველისა საჭურველ, ხოლო აწ ნიშნად ხსნისა ჩუენისა – მარადის პატივცემულო და დიდებულო! ვითარ ღირსად შევძლო მე უღირსმან გალობად შენდა და ვითარ ვიკადრო მოდრეკად მუხლთა გულისა ჩემისათა წინაშე გამომსყიდველისა ჩემისა, აღსარებად ცოდვათა ჩემთა? არამედ მოწყალებამან და გამოუთქმელმან კაცთმოყუარებამან შენსა ზედა ჯუარცმულისამან კადნიერებაი მომანიჭა, რაითა აღვაღო ბაგენი ჩემნი დიდებად შენდა; ამისთვისცა გიღაღადებ შენ: გიხაროდენ, ჯუარო, ქრისტეს ეკლესიისა შუენებაო და საფუძველო, ყოვლისა სოფლისა სიმტკიცეო, ქრისტიანეთა ყოველთა სასოებაო, მეფეთა ძლიერებაო, მორწმუნეთა შესავედრებელო, ანგელოზთა დიდებაო და გალობაო, ეშმაკთა შიშო, წარსაწყმედელო და დევნულებაო, უღმრთოთა და ურწმუნოთა სირცხვილო, მართალთა ნავთსაყუდელო, შეცდომილთა წინამძღუარო, ვნებათაგან შეპყრობილთა სინანულო, გლახაკთა სიმდიდრეო, მენავეთა მესაჭეო, უძლურთა ძალო, ბრძოლათა შინა ძლევაო, ობოლთა ჭეშმარიტო საფარველო, ქურივთა დამცველო, ქალწულთა სიწმიდისა მცველო, უსასოოთა სასოებაო, სნეულთა მკურნალო და მკუდართა აღდგომაო! შენ, წინასახეო სასწაულთმოქმედისა კვერთხისა მოსესისა – ცხოველსმყოფელო წყაროო, რომელი ასმევ მწყურვალთა სულიერსა ცხორებასა და დაატკბობ მწუხარებათა ჩუენთა; შენ ხარ ცხედარი, რომელსაცა ზედა მეუფებრივად განისვენა მესამესა დღესა აღდგომილმან მძლეველმან ჯოჯოხეთისამან. ამისთვისცა განთიად და მწუხრ და შუადღე გადიდებ შენ, სამგზის სანატრელო ჯუარო, და გევედრები ნებსით შენ ზედა ჯუარცმულისა მიმართ, რაითა განანათლოს და განამტკიცოს შენ მიერ გონებაი ჩემი, და აღძრას გულსა ჩემსა წყაროი სრულისა სიყუარულისაი ხოლო ყოველნი საქმენი ჩემნი და გზანი ჩემნი შენ მიერ მოიჩრდილოს, რაითა მარადის ვადიდებდე დამსჭვალულსა შენ ზედა, ცოდვათა ჩემთათვის, უფალსა მაცხოვარსა ჩემსა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი.. აწდა…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

პატიოსნისა ჯუარისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოვლისა ცხორებისა ჩუენისა წინამძღვრად, და ყოვლისა საქმისა ჩუენისა ბეჭედად მოგვიგიეს ჯუარი შენი პატიოსანი, ყოვლადსახიერო მეუფეო, ვინაცა სარწმუნოებით თაყუანის-ვჰსცემთ და სურვილით ამბორს უყოფთ ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა კაცთ-მოყუარე, და გევედრებით მის შორის დამკვიდრებულითა მადლითა შენითა, დაგვიფარენ ყოველთაგან საბრხეთა და განსაცდელთაგან სულიერთა და ხორციელთა, სასოებით მოყუარენი ყოვლადდიდებულისა ჯუარისა შენისანი.

მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, საფარველითა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისათა, თაყუანისმცემელნი და გამომსახუელნი ჯუარისა შენისანი დაგვიფარენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.

გამოკრიბა, დაამუშავა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

პარაკლისის შედგენისას ძირითადად გამოვიყენეთ წეს-განგება, „თთუესა იდ (14) სეკდემბერსა ჯუართა აპყრობაჲ. – „უძველესი იადგარი“. სავედრებელი ლოცვა ითარგმნა სლავურიდან.

„უძველესი იადგარი“, როგორც ერთიანი საწელიწდო საგალობელთა კრებული, VII საუკუნის მიწურულს (დაახლოებით VII საუკუნის მეორე ნახევარში) უკვე ჩამოყალიბებული სახით არსებობდა ქართულ ენაზე. იგი ანონიმური, კრებულური ხასიათის ძეგლია, რის გამოც მასში შემავალ კონკრეტულ საგალობლებს, მათ შორის „თთუესა იდ (14) სეკდემბერსა ჯუართა აპყრობაჲ“-ს (ჯვართამაღლებას), კონკრეტული ერთი ავტორი არ ჰყავს. იგი წარმოადგენს უძველესი იერუსალიმური (პალესტინური) საეკლესიო პრაქტიკის ამსახველ კრებულს, რომელიც ქართულად ითარგმნა და ჩამოყალიბდა V-VIII საუკუნეებში.