Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

საგალობელი კანონი წმიდისა კვიპრიანესი და იუსტინასი ერისკაცთათვის

კვიპრიანე და იუსტინა

საგალობელი კანონი

წმიდისა მღდელმოწამისა კვიპრიანესი და

წმიდისა ღირსმოწამისა იუსტინასი

 

ჯადოქრობის წინააღმდეგ საგალობელი კანონი.

 

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ტროპარი, ხმაი 4

საღმრთოისა ქუხილისა საყვირო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო ეშმაკთაო, სამებისა მსახურო, დიდო მღდელთმთავარო კვიპრიანე, რომელი იუსტინას თანა ქალწულისა დაიკალ, ვითარცა კრავი, და შეიწირე მსხუერპლად წინაშე ღმრთისა, მას ევედრეთ აწ, მარტვილნო, ხსნად ჩუენდა მტერისა მახეთაგან და მზაკუვარებათაგან ეშმაკისა.  დიდებაი… (იგივე) აწდა..

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: ზღვისა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაი, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაი უდაბნოს დასცა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ინება რაი უფალმან ხსნაი ყოველთა მორწმუნეთაი, მოგვანიჭა წმიდაი ესე კვიპრიანე იუსტინას თანა, ვითარცა შემწენი და მფარველნი ჩუენნი ბოროტთა სულთა მანქანებათაგან.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან ღრმად განსწავლული მოგუთა მიერ მსახურებასა შინა ეშმაკთასა, კვიპრიანე, ქურუმად დადგინებულ იქმენ ანტიოქიასა, და მრავალთა შეამთხვევდი სიძვასა და კერპთმსახურებასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბოროტად შეპყრობილსა ცოდვათა მიერ, გაქუნდა კადნიერებაი და ძალი წინაშე ეშმაკთასა, რაითა შეჰგრძნებდე ერსა, კვიპრიანე, და აცთუნებდე სადიდებელად ჯოჯოხეთისა მის მთავრისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობასა ქალწულებითა ეგე შენ და თავად შემოქმედი ყოველთაი და უფალი საკვირველად მოგვივლინე ხორცითა, ყოვლადწმიდაო, მარადის ქალწულო დედაო.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: იხარებს ეკლესიაი შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოი ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განხურდა რაი ვნებითა საეშმაკოითა ჭაბუკი აღლადოსი იუსტინას მიმართ ქალწულისა, წარგზავნე ბოროტნი სულნი ცთუნებად მისა, გარნა განხადნა მხურვალითა ლოცვითა და მარხვითა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

კუალად მიავლინენ რაი ეშმაკნი მრავლითა გრძნებითა, ვერცაღა დაეც ქალწული იგი მწვირითა მით ვნებისაითა, და წარუგზავნე რაი ეშმაკთმთავარი, კვიპრიანე, აოტა იგიცა ძალითა ჯუარისაითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ხედვიდი რაი ძრწოლასა ეშმაკთასა წინაშე ჯუარცმულისა, გუ-ლისხმა-ყავ, ვითარმედ ძალი მისი სძლევს ყოველთა უკეთურებათა მტერისათა, და აღიარე შემოქმედად და ღმრთად ჭეშმარიტად.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ გევედრებით, დედაო ღმრთისაო, ლოცვითა მღდელმოწამისა კვიპრიანეისა და იუსტინა ქალწულისაითა მარადის განგუარინე საცთურისაგან ბოროტისა და მაუწყე გზაი კეთილად მსახურებისაი.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და აღხოცენ უსჯულოებანი ჩუენნი!

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ღმრთივდაცული ერი ჩუენი, მთავრობაი და მხედრობაი მისი! უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი) და ყოველნი სამღვდელონი წესნი; სულიერი მამაი, მოძღუარი ჩემი (სახელი); მშობელნი და სახლეულნი ჩემნი (სახელები); მეგობარნი და მოყუასნი ჩემნი (სახელები) და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, შეუნდვენ მათ ყოველნი ცოდვანი მათნი, ნებითნი და უნებლიეთნი, მიანიჭე მათ მშვიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასსა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა ბოროტნი წყლულებანი განკურნე და სულისა ჩუენისა სნეულებანი.    

წარდგომაი, ხმაი 8

განეშორე რაი მსახურებასა ეშმაკთასა, ნიშითა ჯუარისაითა დაიცევ თავი ხდომისაგან მათისა, და ლოცვათა შინა ცრემლთა დამთხეველი ევედრებოდი ღმერთსა მიტევებისათვის ცოდვათასა, ხოლო მიიღე რაი შეწყნარებაი სინანულითა დიდითა, დიდებულად იცუალე ღმრთეებრივითა ნათლისღებითა, და ვითარცა ჭეშმარიტი მსახური ქრისტეის ღმრთისაი, მრავალთა მოაქცევდი და გამოიტაცებდი პირისაგან ეშმაკისა, რაისთვისცა გმადლობდენ შენ, წმიდაო, და ადიდებდენ ღმერთსა, მას ევედრე, წმიდაო მღვდელმოწამეო კვიპრიანე, რაითა მლხინებელ გუექმნეს ცოდვათა ჩუენთა და აღამაღლოს რქაი მორწმუნეთა მართლმადიდებელთაი.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იხილა რაი ეკლესიამან მზეი სიმართლისაი ჯუარსა ზედა ამაღლებულად, დადგა იგიცა წესსა ზედა თვისსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეუდეგ რაი მაცხოვარსა კაცთასა, ჰბაძვიდი ქალწულსა იუსტინას კეთილ-მსახურებითა, ყოველსა-ვე ჰყოფდი სადიდებელად ღმრთისა. მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა მზაკუვარებისაგან ეშმაკისა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განაბრძნო რაი გონებაი შენი უფალმან, მიისწრაფე ტაძარსა, და ითხოვე რაი ნათლისღებაი მღდლისგან, არა რწმენა მოქცევაი შენი, კვიპრიანე, და წიგნნი გრძნებისანი დასწუენ წინაშე მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჰხედვიდა რაი შეემუსრვილებასა გულისა შენისასა, ნათელს გცა შენ ანთიმოზ მღდელთმთავარმან, და დაგადგინა რაი მკითხველად ტაძარსა შინა, გულსმოდგინედ იღუწიდი სათნო-ყოფად ღმრთისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მშობელო დაუვალისა მზისაო, ქალწულო მარიამ, მეოხებითა სანატრელთა ამათ მოწამეთაითა შეიწრებასა მწარესა მიცემულნი დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემთ შენ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამო ჰხედვიდა ქრისტე სათნოებათა და ღუაწლთა შენთა, და მოგცა რაი სიმხნეი საკვირველი, მძლე-ექმენ გუნდსა ეშმაკთასა, ნეტარო იუსტინა, და მთავარი მათი შეურაცხ-ჰყავ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შენ მიერ იცნა ღმერთი, ღირსო იუსტინა, და შენ მიერ განეღო კვიპრიანეს კარი ზეცათა სასუფეველისაი, აწ განხსნაი ცოდვათა საკრველთაგან გვითხოვე და გვიხსენ საუკუნეთაგან სატანჯველთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაწინდულ იყავ რაი ქრისტეის მიერ, ჰოი, იუსტინა, არაი შეამწი-კულე შენ ტაძარი ხორცთაი, რამეთუ გული გითქმიდა შედგომასა ასპარეზსა მას მონაზვნურისა ღუაწლისასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გონებაი კაცთაი და ანგელოსთაი ვერ შემძლებელ არს გამოთქუმად ყოვლადდიდებულისა და გამოუთქუმელისა შობისა შენისა, ყოვლადწმიდაო.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გალობით ხმითა სიხარულისაითა გაქებს შენ ეკლესიაი შენი, ქრისტე, განწმიდნა რაი იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰხედვიდა რაი მღდელი სინანულსა შენსა, ღირსო, დიაკვნად განგაწესა, და პირველ დემონთა მსახური, შეერთე ჭეშმარიტთა მსახურთა ღმრთისათა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეიმოსე რაი მღდელობაი, ვითარცა სამოსელი მადლისაი, კერპთა ეშმაკად სახელ-სდებდი და ყოველთა ღმრთისა მიმართ მოუწოდდი, ასწავებდი რაი მართლაღსარებასა სარწმუნოებისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღუაწლითა დიდითა აღასრულებდი რაი ღმრთისმსახურებასა, აღიწიე თავსა სრულებათასა, და იქმენ რაი მწყემსმთავარ, უპირველეს მღდელთა ჰმოძღურიდი და ასწავებდი სამწყსოისათვის მღვიძარებასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განაპე საკრველნი ცოდვათა ჩემთანი, სძალო ღმრთისაო, ცხორებისა სჯულითა ცოდვისა სჯულისათვის თავისუფლებისა მიმმადლებელო, რომელმან შევ მეუფე სჯულისაი.

კონდაკი, ხმაი 1

ხელოვნებისა მისგან მოგვობისა მოისწრაფე შენ, ღმრთივგონიერო, საღმრთოისა მეცნიერებისა მიმართ, და აჩუენე სოფელსა სიბრძნეი შენი, ყოვლად ბრძენო, და პატივისმცემელთა შენთა კურნებასა მიანიჭებ, კვიპრიანე იუსტინას თანა, მეოხ გვეყვენით წინაშე კაცთმოყუარისა მეუფისა, რაითა ვედრებითა თქუენითა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი წმიდისა იუსტინაისი

ყოვლადვე ღმრთისადა განკუთნვილ იყავ რაი, ნეტარო იუსტინა, პატიოსანი ქალწულებაი დაიმარხე უვნებელად, და შეიცან გზაი ცხორებისაი, რომელი მიიყვანებს სახლსა ღმრთისასა, და შეუდეგ რაი ღვაწლსა მას მონაზვნებისასა, განმტკიცებული ჭეშმარიტებითა და შეჭურვილი ძალითა ჯუარისაითა ნუგეშსა და კურნებათა მიჰმადლებდი სნეულთა და ბოროტ სულთაგან შეპყრობილთა.

იკოსი

აწ გარდამომივლინე კურნებანი შენნი, ნეტარო, და მადლითა შენითა განკურნე გული ჩემი, დასნეულებული ცოდვისა ხრწნილებითა, რაითა აღგივლენდე ქებისა გალობასა შემწიკულებულითა ბაგითა ჩემითა და ვადიდებდე ვნებათა შენთა, რომელ დაითმინე, მღდელმოწამეო კვიპრიანე იუსტინას თანა ქალწულისა, და კეთილითა და ნეტარითა სინანულითა მიეახლენით რაი უფალსა, აღხედით კიბესა მას ცადაღმყუანებელსა განმტკიცებულნი მარჯუენითა მისითა და დაუცხრომელად ევედრებით ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის, შეითხინეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

თანა-მბრძოლ გექმნა რაი იუსტინა, დაადგინე იღუმენად დედათა სავანისა, და მრავალთა მოაქცევდით და გამოიტაცებდით პირისაგან ეშმაკისა, აწ აღაგზეთ გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი და გვიხსენით გრძნებისაგან და კრულებისა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იხილა რაი ეშმაკმან მოქცევაი წარმართთაი, აღძრნა მრავალნი წინააღმდგომად შენდა, და ამცნეს მთავარსა, თუ ვითარ შეურაცხყოფდით ღმერთთა მათთა და გამოაჩინებდით საცინელად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იუსტინას თანა შეგიპყრეს და წარგადგინეს რაი წინაშე მთავრისა, შეაჩვენებდით კერპთა უსულოთა და უშიშად აღიარებდით ქრისტესა ღმერთად, მას ევედრეთ, წარგვიმართოს გზასა მას მცნებათა თვისთასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზეციერნი დასნი და უხორცოთა კრებულნი უგალობენ შენგან შობილსა, ღმრთისმშობელო, მხმობელნი: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ხელთა განპყრობითა დანიელ მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა და სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განჰკვირდა რაი მძლავრი იგი სიმხნესა შენსა, პირველ ლიქნითა გაიძულებდა შთავრდომად კერპთ-მსახურებისა საცთურსა, და მერმე უბრძანა რაი დამოკიდებაი შენი ძელსა ზედა, ხორცნი შენნი ფოცხითა ხუეტეს, კვიპრიანე, და ღირსი იუსტინა გვემეს შოლტითა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეგაყენეს რაი საპყრობილეს, გამოგიბრწყინდა შენ ნათელი ბრწყინვალეი, დედაო, და ნუგეშინისცემულ იქმენ მადლითა ღმრთისაითა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაითა მოგვანიჭოს ჩუენ კურთხევაი თვისი ზეციერი ყოველსა კეთილსა საქმესა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შთაგთხინეს რაი ორნივე აღდუღებულსა მას ფისსა, ნეტარნო, ჯუარი ქრისტეისი წინა-წარიძღუანეთ, და დაშთით უვნებელად, ხოლო ეწადა რაი დამცრობაი თქუენი ქურუმსა ათანასეს, სახელითა ცრუ ღმერთისაითა ცეცხლსა შესრული მეყსეულად დაიწვა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ანგელოსთა თანა იხარებენ შობისა შენისათვის ყოველნი, რომელნი სარწმუნოებითა გიხმობენ შენ ღმრთისმშობლად, ყოვლადწმიდაო, რამეთუ მეუფეი და მაცხოვარი გვიშევ ჩუენ, რომელსა ვუგალობთ: ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდეთ უფალსა.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო, გამოუკვეთელო, ქალწულო, ქრისტე – შემაერთებელი ბუნებათაი. ამისთვისცა სიხარულით ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა გულისხმა-ყვეს ნიში ეგე ღმრთისაი უგუნურთა, და განაჩინეს რაი დაკლვაი თქუენი, ნეტარნო, განმხნდა მხედარი თეოქტისტე, და ქრისტეს ღმრთად აღმსაარებელი მოიკლა უწინარეს თქუენსა.

წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე და ღირსმოწამეო  იუსტინა ქალწულო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შიშნეულ იყავ, კვიპრიანე, რაითა არა შეორგულდეს იუსტინა, გარნა პირველ იგი მოუდრეკდა თავსა მახვილსა, და შენცა დაგკლეს რაი მსგავსად სამსხუერპლოისა ზუარაკისა, აღმაღლდით ხორცთაგან ღმრთისა სასურველისა თქუენისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გუამნი თქუენნი, მიცემული მხეცთათვის შესაჭმელად, წარიპარეს მორწმუნეთა, და წარიხუნეს რაი ჰრომედ ლუსკუმითა, დასხნეს ეკლესიასა შინა, და ყოველნი განიკურნებოდეს სენთა და ვნებათაგან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაშე ძისა შენისა, ქალწულო, ჰღაღადებს სისხლი წმიდათა ამათ მოწამეთა, შეისმინე ოხაი მათი და ევედრე მაცხოვარსა ჩუენსა, რაითა გვიხსნნეს მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთასა და გარდახდომისაგან სჯულისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

შთასრული ეგე ქუესკნელსა ბოროტებისასა, აღხედ უზესთაესსა მწუერვალსა სათნოებისასა და გეწადა რაი ხსნაი წარწყმედულთაი, ნეტარო, ლხინებასა მიჰმადლებდი ბოროტ სულთაგან შეპყრობილთა, და ვნებულთა ჰკურნებდი ძალითა ღმრთისაითა, მას ევედრე ხსნად ჩუენდა გრძნეულთა მიერ წამლვისაგან და მძლავრებისაგან ბოროტთა სულთაისა.

ჯუარითა ქრისტეისითა განპებულსა საცთურსა შინა საეშმაკოსა განხვედი წარუწყმედელად, და იუსტინას თანა აღიბეჭდე რაი მოწამეობრივითა ღუაწლითა, მძლედ გამოჰსჩნდით წინაშე ღმრთისა, და მიიღეთ რაი აღნათქუამიცა, ახალ ბრძენ მკურნალად გამოუჩნდით სოფელსა, ბოროტთა სულთა, ვითარცა კუამლსა განაქარვებთ საღმრთოითა ძალითა და მეყუსეულად განაშორებთ მრავალგვემულთა.

აჰა, წმიდანი ნაწილნი თქუენნი წყაროი არს კურნებისაი, და ლარნაკი წმიდათა მათ ძუალთა თქუენთაი, სანატრელნო, მდინარეი ნიშთა საკვირველთა, რომელსაცა შევრდომილნი გათავისუფლდებიან ყოველთა სენთაგან, და იხსნებიან მანქანებათაგან ეშმაკთასა.

აღგიარებთ შენ ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, მღდელმოწამეო კვიპრიანე იუსტინას თანა ქალწულისა, და გევედრებით: შეგვაწყნარეთ მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაითა ოხითა თქუენითა დაგვიფაროს ჩუენ ყოველთა ვნებათაგან და ღირს გვყოს გალობად წმიდისა სამებისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

სავედრებელი ლოცვაი

წმიდისა მღვდელმოწამისა კვიპრიანეისა მიმართ

ჰოი, წმიდაო სათნო-მყოფელო ღმრთისაო კვიპრიანე, მსწრაფლშემწეო და მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, შეიწირე ჩუენ უღირსთაგან მდაბალი ქებაი ესე და გვითხოე ქრისტე ღმრთისაგან უძლურებთა შინა განმტკიცებაი, სნეულებათა შინა კურნებაი, ურვათა შინა ნუგეშინისცემაი და კეთილად მომადლებაი ყოვლისა, რაიცა კეთილადსახმარ არს ჩუენთვის ქუეყნიერსაცა ამას ცხორებასა შინა და მომავალსაცა შინა საუკუნესა, აღავლინე ღმრთისა მიმართ მრავლისაშემძლებელი ლოცვაი შენი, რაითა მოგვზღუდოს შეცოდებათაგან ჩუენთა, გვასწაოს ჭეშმარიტი სინანული და განგვარინოს ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, და გამოგვიხსნას ყოველთა მაჭირვებელთაგან ჩუენთა.

ჰოი, წმიდაო მღდელმოწამეო კვიპრიანე, თანამბრძოლ გვექმენ ჩუენ მარადის წინააღმდგომ ყოველთა მტერთა, ხილულთა და უხილავთა; ცდუნებათა შინა სიმტკიცეი და სიბრძნეი მოგუმადლე და ჟამსა აღსასრულისა ჩუენისასა გვექმენ ჩუენ განმარინებელ ბოროტთა მათ ჰაერის მცველთაგან, რაითა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწიოთ მაღალსა მას იერუსალეიმსა და ზეცისა სასუფეველსა შინა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვაი ჯადოქრობისა წინააღმდეგ

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მომზღუდე მე წმიდათა ანგელოსთა შენთა მიერ ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსანისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; წმიდისა წესთმთავარისა მიქაელისა და სხუათა უხორცოთა ზეციერთა ძალთა მიერ; ლოცვითა წმიდისა მოციქულისა, წინამორბედისა და უფლისა ნათლისმცემელისა იოანეისითა; წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყუელისაითა; მღდელმოწამისა კვიპრიანეისა და ქალწულმოწამისა იუსტინეისითა; ლოცვითა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა, წმიდისა ნიკოლოზისა, განმანათლებელისა და საკვირველმოქმედისაითა, და მღდელმოწამისა წმიდისა ლეონ განმანათლებლისაითა, კატანის ეპისკოპოსისა; ლოცვითა წმიდათა პატრიარქთა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა, და ყოველთა წმიდათა მოწამეთაითა; ლოცვითა წმიდათა მართალთა მშობელთა ღმრთისათა, იოაკიმ და ანაისითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შემეწიე მე უღირსსა ამას მონასა შენსა  (სახელი) და განმარინე ყოველთა მანქანებათაგან მტერისაისა და ყოვლისა ბოროტისაგან: ჯადოქრობისა, გრძნებისა, მჩხიბაობისა და ვერაგ-ობისაგან ბოროტთა კაცთაისა, რაითა ვერა შეუძლონ მათ შემთხუევად ჩემდა რაისამე ძვირისა.

ჰოი, უფალო, ნათლითა ბრწყინვალებისა შენისაითა მფარვიდე მე ცისკარსა და შუვა-დღესა, მწუხრისა ჟამსა და ძილსა შინა, ძლიერებითა მადლისა შენისაისა უკუნ-აქციე და განარინე ჩემგან ყოველი ბოროტი უსჯულოებაი, რომელ აღძრულ-იქმნეს წინააღმდგომ ჩემდა შთაგონებითა ბოროტისა ეშმაკისაისა, ხოლო რომელიცა-იგი ბოროტებაი განზრახულ არს ჩემთვის, ანუ ქმნულ არს, მსწრაფლ უკუნ-მიაქციე ქუესკნელსა, რამეთუ შენი არს მეუფებაი, ძალი და დიდებაი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა კვიპრიანესი

მხოლოდ მოძღვრის კურთხევით

აღუვლენთ რაი უფალსა ლოცვასა ამას წმიდისა მოწამისა კვიპრიანეისსა, დღითა გინა ღამითა, გინა რომელსაცა ჟამსა ვსდგეთ ლოცვად, მსწრაფლ განითხინონ ყოველნი წინააღმდგომნი ძალნი დიდებისაგან ღმრთისა ცხოველისა.

წმიდაი ესე მოწამეი, ყოვლითა სულითა ილოცვიდა რაი ღმრთისა მიმართ, იტყოდა: `უფალო ღმერთო, წმიდაო და ძლიერო, მეუფეო მეუფეთაო, შეისმინე აწ ლოცვაი მონისა შენისა კვიპრიანეისი.

წინაშე შენსა წარსდგებიან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზთანი და მთავარანგელოზთანი, შენ უწყნი დაფარულნი გულისანი მონისა შენისა (სახელი), მოიხილე იგი, უფალო, ვითარცა პავლეი კრულებასა შინა და თეკლა ცეცხლსა შინა, ხოლო მე ესრეთ შევძლო შეცნობაი შენი, რამეთუ ყოველთა ცოდვილთა გარდავემატე უსჯულებითა. შენნია ღრუბელნი, და ცაი არა მოსცემს წვიმასა ხეთა წალკოტისათა, რაითა გამოიღონ ნაყოფნი; მიდგომილთა დედათა შობად არა მიუშვებ და მუცელუქმთა არცა მისცემ  მუცლად ღებად; სჭურეტ დასხმასა ვენახისასა და არა იღუაწებ მისთვის; მორჩი ვერღარა აღყუავილდის და ვერცაღა ხუვილი აღორძნდის; ვაზმან ტევანნი ვერღარა გამოიღის და არცა მხეცნი ჰშობნ; შერისხვითა შენითა ვერცა თევზნი ცურვიდენ, და ვერცაღა მფრინველნი ჰფრინვიდენ; ესრეთ აჩუენე ძალი შენი დღეთა მათ შინა ელია წინაისწარ-მეტყუელისათა.

გევედრები შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შეჰრისხენ ყოველნი მზაკუვარნი ეშმაკნი, რომელნი ცოდვად მისდრეკენ კაცსა და ბოროტსა ჰყოფენ მას ზედა და ყოველნი გრძნეულებანი მათნი დახსენ ძლიერებითა შენითა!

აწ გევედრები შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, რომელმან სათნო-იჩინე ჩემ უღირსისა ღირსად-ყოფაი და წმიდისა სამწყსოისა შენისა თანა შერაცხვაი, რაითა აღუსრულო თხოვაი მისი ყოველსა კაცსა, რომელსაცა აქუნდეს ლოცვაი ესე თვის თანა, ანუ სახლსა შინა თვისსა.

ყოვლადწმიდითა დიდებითა შენითა, რომლითა მოწყალე იქმენ ჩემ ზედა და არა ინებე წარწყმედაი ჩემი უსჯულოებათა შინა ჩემთასა, განარინე და იხსენ ყოველი კაცი, რომელმანცა აღავლინოს ლოცვაი ესე შენდა მომართ. რომელნი მერყევ არიან სარწმუნოებასა შინა, განამტკიცენ! უძლურნი სულითა განაძლიერენ! სასო-მიხდილნი გულისხმიერ ჰყვენ და ნუცა-ვის განაგდებ წმიდისა სახელისა შენისა მომართ მოლტოლვილსა.

სასოებითა შეგივრდები შენ, უფალო, და ვევედრები წმიდასა სახელსა შენსა: ყოველსა სახლსა შინა და ყოველსა ადგილსა, ხოლო უფროისად კი უკუეთუ მართლმადიდებელსა ქრისტეანესა ზედა იყოს გრძნეულებაი ბოროტთა კაცთაგან, ანუ ეშმაკთაგან, წაკითხულ იყოს რაი მას ზედა ანუ სახლსა შინა მისსა ლოცვაი ესე, გათავისუფლდეს იგი ყოვლისაგან კრულებისა, რომელიცა იყოს ბოროტთა სულთაგან – კრულებისაგან შურითა, ბორგნეულობითა, იჭვნეულობითა, სიძულვილითა, ბოროტად გვემულებითა, შიშნეულობითა; გათავისუფლდეს იგი კრულებისაგან, რომელი იყოს წარმართულითა ნაკერპავითა მოწამლვითა და გათავისუფლდეს ყოვლისა სახრვისაგან და წყევისა.

ვისაცა აქუნდეს ლოცვაი ესე სახლსა შინა თვისსა, დაცვულ იყოს ყოველთა ბოროტგანზრახულებათაგან და ყოველთა მანქანებათაგან ეშმაკისა: ბოროტთა და მზაკუვართა კაცთა მიერ წამლვისაგან, და ყოვლისა გრძნეულებისა და ჯადოსნობისაგან; ივლტოდენ მისგან ეშმაკნი და ბოროტნი სულნი უკუნ-მიიქცენ.

უფალო ღმერთო ჩემო, რომელსა გაქუს ხელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, წმიდისათვის სახელისა შენისა და გამოუთქუმელისა სახიერებისათვის ძისა შენისა, უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეისა, შეისმინე ჟამსა ამას უღირსისა მონისა (ანუ მხევლისა) შენისა (სახელი), რომელი აღგივლენს ლოცვასა ამას და მის მიერ განაქარვე ყოველნი მანქანებანი ეშმაკისანი.

ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა, ესრეთ წარწყმდენ ყოველნი შეგრძნებანი, ჯადოქრობანი და შელოცვანი პირისაგან კაცისა, რომელმან აღავლინოს ლოცვაი ესე, რამეთუ ნათელ ჩუენდა არს სახელი ცხორებისმომცემელისა სამებისაი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუაი ღმერთი არა ვიცით; შენდამო გურწმენა, შენ თაყუანის-გცემთ და შენ გევედრებით: დაგვიფარე, მეოხ გუექმენ და დაგვიცევ ბოროტთა კაცთა ყოვლისა მზაკუარებისა, გრძნეულებისა და ჯადოქრობისაგან.

ვითარცა კლდითგან აღმოუცენე შენ ტკბილი წყალი ძეთა მოსეისთა, ღმერთო, უფალო ძალთაო, ესრეთ დასდევ ხელი შენი, აღვსებული სახიერებითა შენითა მონასა (ანუ მხევალსა) შენსა (სახელი) ზედა, და დაიფარე იგი ყოველთა მანქანებათაგან ეშმაკისათა.

აკურთხე, უფალო, სახლი, რომელსაცა შინა იყოს ლოცვაი ესე და ყოველსა პატივისმცემელსა სახელისა ჩემისასა (მღდელმოწამისა კვიპრიანესი) გარდამოუვლინე წყალობაი შენი, დაფარულ ჰყავ ყოვლისაგან გრძნეულებისა, მწეი და მფარველ ექმენ მას, უფალო.

ვითარცა ვერ შემძლებელ არს კაცი დაყენებად ოთხთა მდინარეთა ედემისათა: ფიშონისა, გეონისა, ხიდეკელისა და ფერათისა, ესრეთ ვერ შეუძლოს ვერცა-ვინ გრძნეულმან საეშმაკოთა საქმეთა და ხილვათა ცრუთა წარმოჩენაი წინაშე ლოცვისა ამის წამკითხველისა. შევრისხავ სახელითა ღმრთისა ცხოველისაითა! შემუსრვილ იქმნეს ეშმაკი და განგდებულ იქმნეს ყოველი წინააღმდგომი და ბოროტი ძალი მზაკუვართა კაცთაგან მივლინებული მონასა ზედა ღმრთისასა (სახელი).

ვითარცა განამრავლნე წელიწადნი მეფისა ეზეკიასნი, ესრეთ განამრავლნე დღენი მისნი, რომელსაცა აქუნდეს ლოცვაი ესე: მსახურებითა ანგელოსთაისა; გალობითა სერაბიმთაისა; ხარებითა მთავარანგელოსისა გაბრიელისა მიერ ყოვლადწმიდისა ქალწულისა მარიამისა; უთესლოისა ჩასახვისათვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეისა; დიდებულისა შობისა მისისათვის ბეთლემსა შინა; ათოთხმეტისა ათასისა ყრმისათვის – ჰეროდეის  მიერ მოწყუედილთა; წმიდისა მის ნათლისღებისათვის უფლისა იორდანესა შინა; მარხვისათვის მისისა და განცდისათვის ეშმაკისაგან; უფლისა ჩუენისა საშინელისა მის განმარჯვებისათვის და ძლიერებისათვის საშინელისა სამსჯავროისა მისისა; ყოვლად დიდებულთა მათ სასწაულთა ძლით, რომელნი აღასრულნა უფალმან სოფელსა შინა: კურნებათა და განწმენდისა მიმადლებითა, მკუდართა აღდგინებითა, ეშმაკთა განსხმითა, იერუსალეიმსა შინა დიდებით შესლვისათვის და ღაღადებისათვის ყრმათასა `ოსანნა ძესა დავითისსა~, უფლისა მიერ წმიდათა ვნებათა და ჯუარცმისა და სიკუდილისა დათმენისათვის; მისისა აღდგომისათვის მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს და ზეცად ამაღლებისათვის; ანგელოსთა გალობისათვის სადიდებელად უფლის ამაღლებისა, მარჯუენით მამისა ჯდომითა მისითა ვიდრედმდე მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკუდართა.

მიეც შენ ხელმწიფებაი წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა შენთა, ჰრქვი რაი: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყ-ოს იგი ცათა შინა. ეგრეთცა მოჰმადლე ლოცვისა ამის მიერ განხსნაი ყოვლითა საეშმაკოითა გრძნებითა კრულებისაგან მონასა (ანუ მხევალსა) შენსა (სახელი).

წმიდისათვის სახელისა შენისა შევჰრისხავ და განვასხამ ყოველთა ბოროტთა და მზაკუვართა სულთა, თუალთა ბოროტთა კაცთასა და მათთა საგრძნეულოთა სახრვათა, ჯადოსნობათა, თუალითა გაჩხიბვასა, შეგრძნებასა და ყოველთა გუართა მანქანებათა ეშმაკისათა. გევედრები შენ, მრავალმოწყალეო უფალო, განაშორე ესე ყოველი მონასა შენსა (სახელი), სახლსა მისსა და ყოველსა მონაგებსა მისსა.

ვითარცა განამრავლე სიმდიდრეი მართლისა იობისი, ესრეთ განამრავლე, უფალო საცხოვრებელი მისი, რომელსა აქუნდეს ლოცვაი ესე: შექმნისათვის ადამისა, მსხუერპლისათვის აბელისა, ხარებისათვის იოსებისა, სიწმიდისათვის ენოქისა, ნოეს სიმართლისათვის და კურთხევისათვის, მელქისედეკისგან წარმოთქმულისა; სარწმუნოებისათვის აბრაჰამისა, სიწმიდისათვის იაკობისა, ქადაგებისათვის წინაისწარმეტყუელთაისა, სალოცავისათვის მამათმთავართაისა; სიყრმისათვის მოსეისა, აჰრონისა მღდელობისთვის, ღუაწლისათვის ისუ ნავეს ძისაისა, სიყრმისათვის სამუილისა, ათორმეტთა ტომთათვის ისრა-ელისა, ლოცვითა ელისე წინაისწარმეტყუელისაითა, მარხვისათვის და განბრძნობისათვის დანიელ წინაისწარმეტყუელისა, განსყიდვისათვის იოსებ შუენიერისა, სიბრძნისათვის სოლომონ წინაისწარმეტყუელისა, ძალითა ასსამეოცთა ანგელოსთა, ლოცვითა პატიოსანისა და დიდებულისა წინაისწარმეტყუელისა და ნათლისმცემლისა იოანეისითა და წმიდისა მეორისა კრებისა ასოცთა განმანათლებელთა მამათაისა; ქალწულებისათვის იოანე ღმრთისმეტყუელისა და სისხლისათვის წმიდათა მოწამეთაისა, მოკუდინებისათვის პეტრეისა და პავლეისა; და ლოცვითა წმიდათა მსახურთა და აღმსარებელთა საშინელისა და გამოუთქუმელისა სახელისა მის შენისა წმიდისა, ყოვლადდიდებულისა და ყოვლისამხედველისა ღმრთისა, რომლისა წინაშე წარდგომილ არიან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზთანი და მთავარანგელოზთანი, ლოცვითა მათითა გევედრები შენ, უფალო, სძლიე და განაგდე ყოველი ბოროტებაი და მზაკუვარებაი მონისაგან (ანუ მხევლისაგან) შენისა (სახელი), და დაანთქ ჯოჯოხეთსა.

აღვავლენ ლოცვასა ამას მხოლოისა და უძლეველისა ღმრთისა მიმართ, რაითა დაიფაროს ყოველი მართლმადიდებელი, რომელსაცა აქუნდეს სახლსა შინა თვისსა ლოცვაი ესე, რომელი თარგმანებულ არს სამეოცდაათთორმეტთა ენათა ზედა. დაიხსნეს ამა ლოცვისა მიერ ყოველი მზაკუვარებაი ზღუათა შინა, ანუ გზათა შინა, ანუ წყაროთა შინა, ანუ ჭათა შინა, ანუ ზედასა ზღურბლსა შინა, ანუ ქუედასა ზღურბლსა, წინაით კერძო ანუ უკუნაით კერძო, ანუ კედელსა შინა, ანუ ერდოსა შინა, – ყოველსა ადგილსა დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი ცრუნი ხილვანი და ჩუენებანი, ეშმაკისაგან მოგურილნი, ჟამსა სლვისა და დგომისაცა ჟამსა, მთათა შინა ანუ ქუაბთა შინა, კართა შინა სახლისათა ანუ ქუეყანისა ნაპრალთა შინა, ფესვთა შინა ხისათა ანუ ფოთოლთა შინა, ანუ ყანობირთა შინა, ანუ მტილთა შინა, თივასა შინა, ანუ ბუჩქთა შინა, ღუმელსა შინა, ანუ აბანოსა შინა, დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი შეგრძნებანი ტყავსა ზედა თევზისასა ანუ ხორცსა ზედა მისსა, ტყავსა ზედა გუელისასა, ანუ კაცისა ტყავსა ზედა, ანუ სამკაულთა ზედა, ანუ თავსაბურავთა ზედა, ანუ თუალთა ზედა, ანუ ყურთა ზედა, ანუ თმათა ზედა, ანუ წარბთა ზედა, ანუ ქუე-საგებელსა ზედა, ანუ სამოსელსა ზედა, ანუ დაკუეცილთა ფრჩხილთა ზედა ხელისათა, ანუ დაკუეცილთა ფრჩხილთა ზედა ფერხთასა, ანუ მხურვალესა სისხლსა ზედა, ანუ ყინელსა წყალსა ზედა, დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი მანქანებანი გრძნეულებისანი ტვინსა შინა, ანუ ტვინისა ქუეშე, ბეჭთა შინა, ანუ შორის ბეჭთასა, მკლავთა შინა, ანუ წვივთა შინა, ფერხთა შინა, ანუ ხელთა შინა, მუცელსა შინა, ანუ მუცლისა ქუეშე, ძუალთა შინა, ანუ ძარღუთა შინა, ანუ კუჭსა შინა, ანუ ყოველსა გუამსა შინა, დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი საეშმაკონი შეგრძნებანი ქმნულნი ოქროსა ზედა, ანუ ვეცხლსა ზედა, ანუ სპილენძსა ზედა,  ანუ რკინასა ზედა, ანუ კალასა ზედა, ანუ თაფლსა ზედა, ანუ ცვილსა ზედა, ანუ ღვინოსა ზედა, ანუ ლუდსა ზედა, ანუ პურსა ზედა, ანუ ჭამადთა ზედა, ყოველთა ზედა დახსნილ იქმნნენ!

დაიხსნნენ ყოველნი ბოროტნი გრძნეულებანი ეშმაკისნი ქნულნი წინაღმდგომ კაცისა ქუეწარმავალთა ზედა ზღვისათა ანუ ხმელეთისათა; მფრინვალთა მწერთა ზედა, ანუ პირუტყუთა ზედა, ანუ მფრინველთა, ანუ ვარსკულავთა, ანუ მთვარესა ზედა; წერილთა ზედა, ანუ მელანთა ზედა, ანუ დახატულებასა ზედა კაცისასა ტილოსა ზედა ანუ ქაღალდსა ზედა, ანუ თოჯინათა და გამოქანდაკებულთა  ნივთთა და გამოსახულებათა ზედა – ყოველთა ზედა დახსნილ იქმნნენ!

დევნულ იქმნენ ორნი მზაკუვარნი ნათესავნი, სალამარი და რემიქარი, განგდებულ იქმნენ ელიზდა და ეშმაკი მონისაგან (ანუ მხევლისაგან) ღმრთისა (სახელი), ძლიერებითა პატიოსანისა და ცხოელსმყოფელისა ჯუარისა უფლისაისა და ყოველთა ზეციერთა ძალთაისა, რომელნი წარდგომილ არიან წინაშე მაღლისა და საშინელისა საყდრისა უფლისაისა, ცეცხლითა დაწუან იგინი ქერობინთა და სერაბინთა, საყდართა და ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა.

სამოთხესა შინა მეყსეულად შევიდა ავაზაკი ლოცვითა; ილოცა ისუ ნავეს ძემან და დაადგრა მზეი და მთოვარეი; ლოცვითა დახშნა ყბანი ლომთანი დანიელმან; სამნი ყრმანი – ანანია, აზარია და მისაელი ლოცვითა დაშრეტდენ ალსა ცეცხლისასა სახუმილსა შინა; ესრეთვე გევედრები მე, უფალო, მიჰმადლე კეთილთა თხოვათა აღსრულებაი ყოველსა, რომელმან აღგივლინოს ლოცვაი ესე.

ლოცვითა ვევედრები წმიდასა კრებულსა წინაისწარმეტყუელთასა: ზაქარიას, ოსიას, იესეს, იოველსა; მიქიას, ესაიას, და დანიელსა; იერემიას, ამოსს, სამუელს, ელიას, ელისეს, ნაუმსა და იოანეს – წინაისწარმეტყუელსა, წინამორბედსა და ნათლისმცემელსა უფლისასა; ლოცვითა ვევედრები ოთხთა მახარებელთა: მათეს, მარკოზს, ლუკასა და იოანეს და წმიდათა თავთა მოციქულთასა პეტრესა და პავლესა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა უფლისათა იოაკიმესა და ანასა; წმიდასა მარიამ მაგდალინელსა და წმიდათა მენელსაცხებელეთა დედათა; იოსებ დამწინდველსა და იაკობსა – ძმასა უფლისასა; სვიმეონ ღმრთისმიმრქმელსა და მღდელმოწამესა სვიმეონს – ნათესავსა უფლისასა; ანდრიას, ქრისტეისთვის სალოსსა, ალექსი ღმრთისკაცსა; ღირსსა მამასა ჩუენსა გაბრიელი სალოსსა; იოანე მოწყალესა და ეგნატე ღმერთშემოსილსა; ანანია მღდელმოწამესა და რომანოზ ტკბილადმგალობელსა; მარკოზ ეფესელსა და კირილეს – იერუსალეიმისა პატრიარქსა და ღირსსა ეფრემ ასურსა და მარკოზ მესაფლავესა; მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდსა, გრიგოლ ღმრთისმეტყუელსა და იოანე ოქროპირსა; და წმიდათა შორის მამასა ჩუენსა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსსა და სასწაულთმოქმედსა; წმიდათა დიდმოწამეთა: პარასკევას, ეკატერინეს, ფებრონიას, ბარბარესა, მარინესა, კვირიკესა და დედასა მისსა ივლიტესა, და გიორგისა. ღირსსა დედასა ჩუენსა, მოციქულთა სწორსა ქალწულსა ნინო ქართველთ განმანათლებელსა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფესა მირიანსა და დედოფალსა ნანასა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა, კათოლიკოს-პატრიარქთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისა, ღირსსა მამასა ჩუენსა იოვანე ზედაზნელსა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა; მღდელმოწამესა ნეოფიტე ურბნელსა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველსა, სერაპიონ ზარზმელსა, გრიგოლ ხანძთელსა და საბა იშხნელსა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილსა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთა; და ყოველთა სასწაულთმოქმედთა მამათა: ღირსთა ანტონ, თეოდოსი და ათანასე მოსკოველთა; სერგი და ნიკონ კიევო-პეჩორელთა, ზოსიმე და სავატი როდონეჟელთა, გური და ბარსანუფ სოლოვეცელთა; პახომ, ანტონ და ფეოტოსი ყაზანელთა; პიმენ დიდსა და წმიდასა მამასა ჩუენსა სერაფიმე საროველსა, სამსონ და დანიელ მესუეტეთა, მაქსიმე ბერძენს და მილეტი ათონელსა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენსა, ევსტათი მცხეთელსა, ჰაბო ტფილელსა, ქრისტეფორე გურულსა; წმიდათა დედოფალთა შუშანიკსა და ქეთევანსა; წმიდათა მოწამეთა გარეჯელთა ბერთა და წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა, რომელთაცა სისხლი დასთხიეს შენთვის, ქრისტეის, ღმრთისა ჩუენისათვის, და ვევედრები ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნომყოფელთა შენთა, უფალო, შეიწყალე და აცხოვნე მონაი შენი (სახელი), რაითა არა შეეხოს მას და არცა სახლსა მისსა, არცა ვითარი ბოროტებაი არცა მწუხრსა და არცა განთიადსა, არცა დღითა და არცა ღამითა. დაიცევ იგი, უფალო, ყოველთა ეშმაკთაგან: ჰაერისა, ქუესკნელისა, წყლისა, ტყისა, სახლისა და ყოველთა სხუათა გუართაგან ეშმაკთა და სულთაგან ბოროტთა.

გევედრები შენ, უფალო, წმიდაო სამებაო, რაითა დამტკიცებულ და განჩინებულ იქმნეს ლოცვაი ესე წმიდისა მღვდელმოწამისა კვიპრიანესი წარსაწყმედელად და განსაგდებად ყოვლისა ბოროტისა, ყოვლისა მტერისა და წინააღმდგომ ყოველთა მახეთა ეშმაკისათა, რომელნი შეიპყრობენ კაცთა გრძნებითა და მჩხიბაობითა სადოკისაითა და ნათანიელისაითა, ეფილად წოდებულისა და სამუელის ასულთაისა, რომელნი დახელოვნებულ იყუნენ გრძნეულებასა შინა.

უფლისა სიტყვითა დაემყარა ცაი და ქუეყანაი, და რაიცა არს ცისა ქუეშე, განძებულ იქმნნენ ლოცვისა ამის ძლითა ყოველნი ცრუნი ჩუენებანი მტერისანი და წამლვანი. შეწევნად მოვუხმობ ყოველთა ძალთა ზეცისათა, – წესთ-მთავართა შენთა – მთავარანგელოზთა მიქაელსა და გაბრიელსა, რაფაელსა, ურიელსა, და სელაფიელსა, ეგუდიელსა, ვარახიელსა, იერომიელსა, ტახნილსა და ჩემსა მფარველსა ანგელოზსა, ძლიერებასა პატიოსანისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა შენისასა, და ყოველთა ძალთა და სულთა ზეცისათა.

დაფარულ იყოს, უფალო, მონაი შენი (სახელი) და სირცხვილეულ იქნეს ეშმაკისა მზაკუვარებაი ყოვლითა ძლიერებითა ზეცისაისა, სადიდებელად შენდა, უფალო, შემოქმედისა ჩემისა და სადიდებელად ძისა შენისა, უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, უფალო, ყოვლად-ძლიერო და ყოვლისაშემძლეო, დაიცევ წმიდისა მოწამისა კვიპრიანეის ლოცვისა მიერ მონაი შენი (სახელი).

წარმოვსთქუამთ 3-გზის და 3-გზის მეტანია.

უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და მფარველისა ჩემისა ანგელოზისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი ესე მონაი შენი (სახელი)

წარმოვსთქუამთ 3-გზის და მეტანია.

ყოველნო წმიდანო და მართალნო ღმრთისანო, ევედრენით კაცთმოყუარესა ღმერთსა შეწყალებისათვის მონისა მისისა (სახელი), რაითა დამიცვას მე ყოვლისაგან მტერისა და წინააღმდგომისა.

წარმოვსთქუამთ  (3-გზის და მეტანია) დიდებაი… აწდა…

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა კვიპრიანეისა და ღირსმოწამისა იუსტინა ქალწულისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ხატის მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

გაქებთ თქუენ, საღმრთოსა კვიპრიანეს, და ქალწულსა იუსტინას, რომელმან ბადითა უბიწოებისაითა მოგინადირა და მსახური ეგე ეშმაკისაი მესათხევლე გყო სახარებისაი, და გევედრებით: აწ გაქუთ კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა განაძლიეროს სულნი ჩუენნი, ვინაი ესე ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა თქუენთა, ნეტარნო, და გვიხსნნეს ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა.

დედოფალო, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა, და შეგვიწყალენ სიყუარულისათვის ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ მისი არს დიდებაი, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

 

Exit mobile version