მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო! არა ღირს ვარ მე,
რაითამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხვიდე (მათ. 8, 8).
რა გასაოცარი, წრფელი, ღრმა სიმდაბლე გამოაჩინა, მართლ-მადიდებელნო ძმანო ჩემნო, ასისთავმან კაპერნაუმისამან. თუმცა იცოდა, რომ უფალი იესო ქრისტე იყო მოწყალე და თავმდაბალი, და არა თუ მის სახლში, არამედ უღარიბესთა კაცთა ეწვეოდა, გარნა ისეთი თავმდაბალი იყო, რომ შეეშინდა მას თვისი უღირსებისა, და როდესაც იესო ქრისტემ უბრძანა: მე მოვიდე შენს სახლში და განვკურნო მონა შენი, – მან მოახსენა: უფალო, არა ღირს ვარ, რაითამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხვიდე; არამედ სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი იგი ჩემიო. ამის მსგავსითა სიმდაბლითა იყვნენ შემკულნი, ძმანო ქრისტიანენო, უდიდესნი წმიდათა შორის: მოსე, დავით, პავლე. საღმრთო წერილი იტყვის, რომ თვით ზეციურნი ანგელოსნი არიან მშვიდნი და თავ-მდაბალნი. იგივე სათნოება არის უდიდესი და უსაჭიროესი ყოველთა ქრისტიანეთათვის, რომელთ ჰსურთ შესვლა სასუფეველსა შინა ღვთისასა. ეს სათნოება, როგორც იტყვის წმინდა მამა ამბროსი მედიოლანელი, არის სამკაული ყოველთა სხვათა სათნოებათა. როგორც გონიერი სახლის მშენებელი ეძებს მაგარსა საძირკველსა, და ვიდრემდის არ ჰნახავს კლდეს, არ დაიწყებს სახლის შენებას, მზგავსადვე კაცმა, რომელსაც ჰსურს აშენება თვისისა სულიერისა სახლისა, სიმდაბლეზე უნდა აღაშენოს იგი. სიმდაბლე ის არის კაცის ცხონებისათვის, რაიცა ფესვი მცენარისათვის. თუ ფესვი მრთელი და მაგარი აქვს მცენარეს, იგი არ დასჭკნება, თუ გინდ მრავალ-გზის მოჰკაფონ მისნი რტონი, მაინც ახალთა გამოიღებს. მზგავსადვე, თუ მტკიცე სიმდაბლე არის კაცის სულში, იგი კაცი არ წაჰრწყმდება, თუ გინდ მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი ეწიონ მას. ვერაფერი ვერ გაუსწორდება სიმდაბლეს, იტყვის იოანე ოქროპირი. იგი არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც ისწავლა სიმდაბლე, მან მხოლოდ ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი.
სიმდაბლე არის სარწმუნო მცველი ყოველთა სათნოებათა. წარმატება სათნოებათა შინა არის წარმატება სიმდაბლესა შინა. წინააღმდეგ ამისა, რაი არიან ყოველნი სხვანი სათნოებანი გარეშე სიმდაბლისა? მტვერი, რომელსა წარიტაცებს პირველი შებერვა ამპარტავნებისა. გარეშე სიმდაბლისა ამაოა ყოველი სულიერი შრომა: არ არის არცა სიყვარული ღვთისა და კაცისა, არცა სიწმინდე გულისა, არცა მოთმინება, ერთის სიტყვით, არცა ერთი ღვთის წინაშე ღირსება. ვინც დაჰკარგა სიმდაბლე, მან დაჰკარგა ყოველიფერი, თუგინდ სხვაფერ კი სრული კაცი იყოს და დაახლოებული ღვთისადმი. შეაერთეთ ლოცვა, მარხვა, სიწმინდე; თუ სიმდაბლე დააკლდა, ყოველივე იგინი მალე განქარდებიან. თვით ზეციერნი ანგელოსნი დაეცნენ და შთაცვივდნენ ჯოჯოხეთს, ოდესცა სიმდაბლით დაჰკარგეს. ვის უყურებს ღმერთი? – მხოლოდ მდაბალთა, ღვთის მოშიშთა, რომელნი ძრწიან სიტყვისაგან მისისა, იტყვის ისაია წინასწარმეტყველი.
რაიცა აქამომდე ვსთქვით, ეს ყოველი, ძმანო ქრისტიანენო, არა ჩვენი საუბედუროდ, აწინდელთა ქრისტიანეთა შორის ფრიად მცირენი არიან მცოდნენი და მქონენი ჭეშმარიტისა სიმდაბლისა. გარეგანი შეხედულობა, მიხვრა-მოხვრა, უბნობა კი მრავალთა აქვს ვითომც მდაბალი, გარნა გულში არა აქვსთ ჭეშმარიტი სიმდაბლე. ზოგიერთი აწინდელი ქრისტიანე ფეხების ქვეშ დაგეგება, კრავისაებრ მშიდად გამოაჩენს თავის თავს, გარნა, თუ რამე პირ-უთნეველი სიმართლე გაიგონა შენგან, თუ რამე, მოვალეობისამებრ შენისა, ამხილე მას და აყვედრე, მაშინ კი, დაუკვირდი, რანაირად აღიძრება მისი ამპარტავნება! ან, თუ ვინმე აქე პირში, თუ გინდ სრულიად არ იყოს ღირსი ქებისა, შეჰხედე, რანაირად იამება და დაგიჯერებს კიდეც. ნამდვილად თავ-მდაბალ კაცს ქება ეწყინება და შეაწუხებს, ხოლო მხილება იამება და დაგიჯერებს. მართლა თავმდაბალი კაცი სხვას არავის განიკითხავს და თავის თავს კი განიკითხავს, ამტყუნებს და სჯის. თუ რამე კეთილი არის მის შორის და ღირსი ქებისა, იმას სრულიად არ ჰხედავს, და თუ რამე ნაკლულევანება აქვს და ცუდი თვისება, იმისგან სცხვენია და იტანჯება. თუ რამე უბედურება ეწვია – იტყვის, ღირსი ვარო ამისა, ჩემის ცოდვით დამემართაო; თუ ბედნიერება მიიღო – ღმერთმან მომცაო, რათა ამით მე მოქცევა და მადლობის შეწირვა მასწავლოსო. ნუ ჰფიქრობთ, ვინმემ მოიპოვოს წარმატება სხვასა რომელსამე საქმეში, იტყვის წინად ხსენებული ამბროსი მედიოლანელი, თუ არ შეიძინა პირველად სიმდაბლე.
სიტყვები იყო, არამედ სიტყვა იოანნე ოქროპირისა. იგინი ცხადად გამოჰხატავენ, რა მნიშვნელობა აქვს სიმდაბლეს ქრისტიანული ცხოვრებისათვის. რა საშუალებით უნდა შეიძინოს კაცმა ქრისტიანული, ღრმა სიმდაბლე? წმინდა მამანი, გამოცდილნი ყოველთა სათნოებათა შინა და უმეტესად სიმდაბლესა შინა, გვასწავლიან, რომ პირველი საშუალება შეძინებად სიმდაბლისა არის ხშირად დაფიქრება, მარადის წარმოდგენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მისთა თვისებათა. თვით იგი უფალი გვიხმობს ჩვენ: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. თუ ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა, ხატი მონისა მიიღო, მოითმინა ქვეყანაზე ყოველგვარი მწუხარება და დამდაბლება, განკიცხვა, ნერწყვა, გვემა-ჯვარცმა, სიკვდილი, ჩვენ კი, – მიწა და ნაცარი, – როგორ არ უნდა ვიყოთ მდაბალნი, რით უნდა ვიყოთ ამპარტავანნი? საუბედუროდ, ხშირად მოხდება, რომ კაცი გულდიდია მით, რაიცა მას არ ეკუთვნის, რაც სხვისგან სამოწყალოდ მიუღია, ან თავის თავს შეადარებს მათ, რომელნიც მასზე უარესნი არიან და მით გულდიდობს. რაიცა ვართ – ღვთისაგან ვართ, რაც გვაქვს – ღვთისაგან ანუ სხვათა კაცთაგან გვაქვს. მაშ რისთვის-ღა უნდა ვიყოთ გულდიდი! შენზე უმჯობესს კაცს უნდა შეამსგავსო შენი თავი და არა შენზედ უარესს. თუ კარგად გამოიკვლევ, რა გაკლია შენ, იმით ვეღარ იქმნები გულდიდი, რაიცა გაქვს.
თუ მართლა გსურს შენ, ძმაო ჩემო, იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე, ესე იგი თავმდაბალი კაცი, ერთ რჩევას მოგცემ მე, და თუ დამიჯერებ და კარგად აასრულებ, უთუოდ შეგეძინება ღვთისაგან მადლი სიმდაბლისა. ყოველ დღე დილით და საღამოს ყოველი შენი ლოცვა გაათავე ამ სიტყვებით: გლახაკ, დავრდომილ ვარი მე! ღმერთო შემეწიე მე! იცით, ვინ ლოცულობდა ასე? მეფე, წინასწარმეტყველი, ღვთის სულით სავსე დავით. თუ იგი ასე თავ-მდაბალი იყო, ასე ლოცულობდა, შენ ვინ ხარ, საბრალოვ! შენ უფრო ხშირად, ყოველს წამს უნდა განიმეორო ეს ლოცვა. ამინ.