Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

თომას კვირა. კვირაცხოვლობა

კვირაცხოვლობა და თომას კვირა

ტროპარი: დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაი აღმობრწყონდა, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომაი, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდთა შენითა წყალობითა.

კონდაკი: გამომეძიებელითა მარჯუენითა გვერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შერახვედ კართა დახშულთა და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ჰყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ქადაგება კვირაცხოვლობას. 2018წ.

ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!

 

გილოცავთ კვირაცხოვლობას. კვირაცხოვლობა არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა. იგი განსაკუთრებული დღეა და მას  უწოდებენ თომას კვირიაკესაც.

სახარებაში ვკითხულობთ, რომ თავიდან, როცა მოციქულებს გამოეცხადა უფალი, იქ თომა არ იყო და თომამ რომ გაიგო, მოციქულებმა იხილეს უფალი, უთხრა მათ: თუ მე თვითონ არ შევეხები თითებით მაცხოვრის ჭრილობებს, ვერ დავიჯერებო.

და აი, აღდგომიდან რვა დღის შემდეგ კვლავ გამოეცხადათ მაცხოვარი და თქვა: ,,მშვიდობა თქვენთანა” შემდეგ კი მიმართა თომას: ,,მოჰყავ თითნი შენნი და შეახენ გვერდსა ჩემსა” და თომა მოციქული დავარდა მუხლებზე და აღმოხდა: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”.

თომა იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა იესო როგორც ღმერთი. და, აი, დღეს, თომას კვირიაკეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი მცველი, საქართველოს მფარველი.

კვირაცხოვლობა პირადად ჩემთვისაც მეტად მნიშვნელოვანია, ამ დღეს მაკურთხეს მღვდლის ხარისხში, როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ მღვდელმონოზონ ილია ჩადუნელს ოქროს ჯვრით და ვანიჭებთ იღუმენის ხარისხს. ასევე ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ხონელიძეებს, აივაზაშვილებს, აივაზიშვილებს, საბაურებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგამრავლოთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული თქვენ და სრულიად საქართველოს.

Exit mobile version