კვირიკე და ივლიტა

დაუჯდომელი საგალობელი წმიდათა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის ). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო… ფს. 50

კონდაკი 1

ქებით შეგამკობთ რჩეულთა მონათა ზეციერისა მეუფისასა, წარდგომილთა წინაშე ღმრთისა და გევედრებით: გვიმეოხეთ წინაშე მისა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოველთაგან განსაცდელთა, სულიერთა და ხორციელთა, და ცოდვათა შენდობაი მოგვმადლოს მოსავთა თქუენთა და მგალობელთა: გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

იკოსი 1

გუნდნი ზეცისა ძალთანი იხარებდენ და განკვირვებულ-იყვნენ ღუაწლითა შენითა, რამეთუ მამაკაცებრითა ახოვანებითა განაქიქე უსჯულონი და ძისა შენისა თანა აღირაცხე რაი ახოვანთა მათ ბანაკთა ქრისტეის მოწამეთასა, გაქუთ აწ კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, აღაგზოს გულთა შინა ჩუენთა ცეცხლი საღმრთოისა მოშურნეობისაი და მოგუანიჭოს სული სიწმიდისა და კაცთმოყუარებისაი, რაითა კეთილად ვმსახურებდეთ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და არცაღა დავსცხრეთ გალობად თქუენდა:

გიხაროდენ, დედა-შვილობისა მადლითა შეერთებულნო;

გიხაროდენ, სიყუარულითა საღმრთოითა შემტკიცებულნო;

გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ქუეყნიერთა სიტკბოებათა მომძულებელნო;

გიხაროდენ, უფროის თაფლისა წმიდათა მცნებათა მისთა შემყვარებელნო;

გიხაროდენ, მოწამეობითისა ღუაწლისა მომმუშაკებელნო;

გიხაროდენ, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლ-შემწენო;

გიხაროდენ, სანატრელნო და კურთხევითა სახსენებელნო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 2

ხედვიდი რაი, წმიდაო, თუ ვითარ სრვიდა ქრისტეანეთა სელევკიასა მთავარი ალექსანდრე, მოიხსენე სიტყუანი წერილისანი: „ოდეს გდევნიდენ ქალაქსა ამას შინა, ივლტოლეთ სხუასა“, და ჩჩვილითა ყრმითა იკონიითგან განივლტე, ვითარცა მწირი, და ტარსუსა მიწევნული ქადაგებდი ქრისტესა ღმერთად ჭეშმარიტად და აქებდი მას დაუცხრომელად: ალილუია.

იკოსი 2

ესმა რაი ღმრთისმბრძოლსა მას მთავარსა ქრისტეანეთა  განმრავლებაი ტარსუსა, დაჯდა მუნ საყდარსა სამსჯავროისასა, და წარგადგინეს რაი წინაშე მისა, ხელთა ზედა გეპყრა ძეი შენი, ივლიტა სანატრელო, და სიმხნითა შეხვედ ასპარეზსა მას ძლევისასა, აწ ჩუენცა განგვიცოცხლე სახე სულიერისა ღონისაი, რაითა წინა აღუდგეთ ყოველსა სიცბილსა ეშმაკისასა, და გნატრიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, სახლისაგან ჰრომთა მეფეთაისა აღმოცენებულო;

გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და უფლისაგან განბრძნობილო;

გიხაროდენ, ძალითა ჯუარცმულისაითა განმხნობილო;

გიხაროდენ, სულითა ძლიერითა განბრწყინვებულო;

გიხაროდენ, ტარიგო ღმრთისაო, კუალსა კეთილისა მწყემსისასა შედგომილო;

გიხაროდენ, მოწყალებითა და სიმშვიდითა შემკულო;

გიხაროდენ, სასოებითა საუფლოითა და მამაცებრითა სიმხნითა შეჭურვილო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 3

უშიშად წარსდეგ რაი წინაშე მძლავრისა, აღგითქუმიდა სიმდიდრეთა და საშუებელთა, უკუეთუ უზორვიდი კერპთა უსულოთა, და უკუეთუ არა ჰყო ესე – მიგცემდა მწარესა გუემასა და სატანჯველთა, ხოლო შენ მოელოდი რაი საშუებელსა დაულევნელსა, ნეტარო ივლიტა, ჭეშმარიტსა აღსარებასა მსხუერპლად შესწირვიდი, და აქებდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

ხსნაი გეწადა რაი სულისა შენისაი, ივლიტა სანატრელო, ღაღადებდი და უშიშად აღიარებდი: „არა უვარ-გყო შენ, სიძეო ჩუენო ქრისტე, წინაშე კაცთა“, და კადნიერად ეტყოდი მზაკუვარსა მას მთავარსა: „მე ქრისტეანე ვარ, და მამული ჩემი – სასუფეველი არს ქრისტეს ღმრთისა ჩემისაი“, აწ ჩუენცა მოგვანიჭე გულისხმისყოფაი კეთილისა და ბოროტისაი, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და ღირს-ვიქმნეთ შეწირვად შენდა ქებისა:

გიხაროდენ, ქრისტეისთვის თავდადებულო და ჯუარითა მისითა მოქადულო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სიბრძნისა მქადაგებელო;

გიხაროდენ, ძლიერებითა სულისაითა დედაკაცებრივისა უძლურებისა დამფარველო;

გიხაროდენ, ღმრთისმოძულეთა სილაღისა დამამდაბლებელო;

გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა სწავლებათა დამამხობელო;

გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, ენითა ცეცხლისაითა მრავალშეთხზულთა სიცრუვეთა დამწველო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 4

დაბრმობილ იყო რაი უღმრთოი იგი მთავარი სულისა თუალითა, ჰგონებდა ძლევასა შენსა, ნეტარო, და უბრძანა რაი გუემაი შენი შოლტითა, წარგტაცა ძეი შენი ხელთაგან, წმიდაო, და  ამბორს-უყოფდა და შეიტკბობდა ლმობიერ-ქმნილი შუენიერებითა მისითა, გარნა იგი ტირილითა ესწრაფდა განრინებასა ხელთაგან მისთა და ხმობდა: „მე ქრისტეანე ვარ, განმიტევე მე დედისა თანა ჩემისა!“ და ადიდებდა ქრისტესა: ალილუია.

იკოსი 4

იწყეს რაი დაბძარვაი ხორცთა შენთაი მტარვალთა, შეძრწუნებული ყრმაი გხედვიდა საყვარელსა დედასა თვისსა, ყოვლად შებღალულსა ნაგუემთა მიერ და შეღებილსა სისხლითა, და ფრცხილებითა განაპობდა პირსა უსჯულოისა მის მთავრისასა, ვინაიცა დააკუეთა იგი უმოწყალოდ და აღსავალთაგან დაგორვებულსა წიხნიდა რაი ფერხითა, მეყსეულად აღმოუტევა სული თვისი ნეტარმან და ღირს იქმნა სასუფეველისა, რომელი აღუთქუა ქრისტემან ღმერთმან ნებისმყოფელთა თვისთა, მას ევედრეთ ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მოსავთა თქუენთა და მგალობელთა:

გიხაროდენ, წმიდანო სათნო-მყოფელნო ღმრთისანო;

გიხაროდენ, მხნედ განმბასრველნო კაცთა ხელოვანებითა შეთხზულისა შჯულისანო;

გიხაროდენ, მტვირთველნო მძვინვარისა მის განსაცდელისანო;

გიხაროდენ, ძეგლნო სარწმუნოებისანო;

გიხაროდენ, ბეჭედნო სიმტკიცისანო;

გიხაროდენ, კეთილ-სურნელნო ყუავილნო სამოთხისანო;

გიხაროდენ, შუენიერნო სამკაულნო ქრისტეს ეკლესიისანო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 5

სანთელ ხარ წმიდისა ეკლესიისა, ქრისტეს მადლისა უნივთოითა ნათლითა მოტყინარეი, თანა წარიყუანებდი რაი სამსჯავროსა მას ძესა შენსა, ვითარცა საქორწინეისა გვირგვინისა მიმართ, და სამისა წლისა ყრმაი არა ეკრძალა რაი უწყალოსა მას მტარვალსა, ჰასაკითა მცირემან აღასრულა ღვაწლი დიდი და კრებულსა მას მარტვილთაისა შერთული შენთანა უგალობს ზეცათა მეუფესა და დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.

იკოსი 5

დაღაცა-თუ ვერა ხედვიდი საყვარელსა ძესა შენსა, სანატრელო, ლოცვითა განიმხნობდი თავსა, და იტყოდი: „მე ქრისტეანე ვარ, და არა თაყუანის-ვსცემ კერპთა მათ მტყუართა“, ხოლო იხილე რაი უსულოდ დავრდომილი ყრმაი, მადლობდი ღმერთსა, რამეთუ უწინარეს შენსა აღიწია ნათელსა შინა დიდებისა მისისასა, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისა, რაითა შეგვინდოს ყოველნი ცოდვანი და უსჯულოებანნი ჩუენნი, და ღირს-გვყოს ქებად და გალობად სიწმიდისა შენისა:

გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოებისა ნათლისა გულსა შინა შენთა მატარებელო;

გიხაროდენ, დიდთა პატივთა და ქადებათა არარად შემრაცხველო;

გიხაროდენ, თავისა თვისისა ქრისტეანედ უშიშად მწოდებელო;

გიხაროდენ, უძლეველისა სიმამაცისა მომხუეჭელო;

გიხაროდენ, სიყუარულისათვის ღმრთისა თავისა განმწირველო;

გიხაროდენ, მისთვის ღელვათა მრავალსახეთა თავს-მდებელო;

გიხაროდენ, კერპთმსახურებისა წყუდიადისა მამხილებელო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 6

ჰხედვიდა რაი თავსა თვისსა, მცირისა მის ყრმისაგან დამდაბლებულსა, აღივსო ალექსანდრე სირცხვილითა, და განგიმზადებდა საფრხესა, რაითა დაგაბრკოლოს გზისაგან ჭეშმარიტისა, გარნა შენ ეგზებოდი მართლითა სარწმუნოებითა, ვითარცა ოქროი პატიოსანი, და მიგცა რაი ბრძმედთა მათ შინა წამებისათა, ღმრთისა მიმართ აღვიმსთვე გონებითა, დიდებულო ივლიტა, და უგალობდი მას სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.

იკოსი 6

მაშინ უფროის განრისხდა მსაჯული იგი უმსჯავროი, და უბრძანა გუემაი შენი არგნებითა, და შთასხმაი აღდუღებულისა ფისისაი წყლულებათა შინა შენთა, გარნა შენ ახოვანებითა დაითმენდი ფიცხელთა მათ სატანჯველთა და უშიშად ადიდებდი ღმერთსა, მას ევედრე, აწ ჩუენცა დაგვიცვას უძლურებათაგან, ღმერთშემოსილო ივლიტა, და სინანულისა მიმართ წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:

გიხაროდენ, ჭურჭელო, ქრისტეს მადლისა მიერ აღრჩეულო;

გიხაროდენ, მოთმინებითა შენითა მტარვალთა განმაცვიფრებელო;

გიხაროდენ, სივერაგისა მათისა უძლურად გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, ლამპარო ბრწყინვალეო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა ანგელოზთა და კაცთა განმაკვირვებელო;

გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა შინა განმსწავლელო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 7

ხედვიდა რაი უძლეველსა სიმხნესა შენსა, ნეტარო, აღეტყინა კაცი იგი მძვინვარეი რისხვითა, და ბრძანა დამოკიდებაი შენი ძელსა ზედა და ფოცხითა რკინისაითა ხუეტაი გუერდთა შენთაი, გარნა არცა ხმასა და სულთქუმასა აღმოუტევებდი, ღმერთშემოსილო ივლიტა, არამედ ზეცად მიმართ აღაპყრობდი თუალთა შენთა და ქრისტესა უგალობდი განმაძლიერებელსა: ალილუია.

იკოსი 7

ჰგონებდა რაი კერპთა მიმართ მიქცევასა შენსა, წმიდაო, გრქუა ლიქნითა მთავარმან: „შეიწყალე თავი თვისი, რაითა არა მოკუდე ჟამსა სიჭაბუკისა შენისასა“, ხოლო შენ მოლოდებითა საუკუნოისა მის ცხორებისაითა არა ჰრიდებდი ქედფიცხლობასა მისსა და მხნედ ღაღადებდი: „უფალო, დიდებაი ძალსა შენსა“, აწ ჩუენცა ვესავთ მრავალმოწყალებათა მისთა, რაითა ოხითა შენითა მოგუცეს ძლევაი ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა და ღირს გვყოს გალობად შენდა:

გიხაროდენ, ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა ქრისტეის ღმრთისა შემყუარებელო;

გიხაროდენ, მისთვის ჭირთა და გუემათა ახოვნად დამთმენელო;

გიხაროდენ, რკინისა სიმახვილისა და ცეცხლისა სიმხურვალისა არად შემრაცხველო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სარბიელისა კეთილად სრულ-მყოფელო;

გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;

გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;

გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა მოძღურებათაგან მომზღუდველო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 8

გაქუნდა რაი გულსა შინა შენსა სარწმუნოებაი მტკიცეი და შეურყეველი, არღა ეკრძალე უფლისა შენისათვის მძაფრთა მათ სატანჯველთა, რომელნი განმზადნა შენთვის უღმრთომან ალექსანდრე, ყოვლად ნეტარო ივლიტა, და ბრძანა რაი მახვილითა მოკვეთაი თავისა შენისაი, ითხოე ნებაი ლოცვისაი ღმრთისა მიმართ, და განმტკიცებული აქებდი ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 8

უახოვნესი აჩუენე რაი ღუაწლის-მოყუარებაი, მოიწია ჟამი ხორცთაგან განსლვისა შენისაი, და ღაღად-ყავ მუხლდრეკითა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო – იესუ ქრისტე, რამეთუ პირველ მოუწოდე ძესა ჩემსა და მიეც მას საუკუნოი ცხორებაი წმიდათა თანა, აწ შემიწყნარე მეცა, რაითა ბრძენთა მათ ქალწულთა თანა მითუალული შევიდე უხრწნელსა სავანესა შენსა“, ეგრეთვე აწ ჩუენცა შუამდგომელ გვექმენ წინაშე მისა, რაითა ვპოოთ განსუენებაი და შუებაი წარუვალი მოყუარეთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, დიდო შემწეო და მფარველო ქრისტეის სამწყსოთაო;

გიხაროდენ, სულითა ძლიერო, მძლეველო მთავართაო;

გიხაროდენ, მწყალობელო ყოველთა მორწმუნეთაო;

გიხაროდენ, მოღუაწეთა სამკაულო და მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;

გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო დამწუხრებულთა დედათაო;

გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო და მსწრაფლ-შემწეო სიკუდიდ-განწირულთაო;

გიხაროდენ, მოგზაურთა განმამხნობელო და ყუდროო ნავთსაყუდელო ღელვა-გუემულთაო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 9

განასრულე რაი ლოცვაი, ახოვანო, სიხარულითა მოუდრიკე ქედი მახვილსა, და წმიდაი სული შენი შეჰვედრე ქრისტესა ღმერთსა, რომელმანცა შეგრთო დასსა მას მარტვილთასა, და მოგანიჭა მადლი მოსავთა შენთა შეწევნისაი, აწ მოიხილე ჩუენ ზედა სიტკბოებით, რაითა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, არამედ მტკიცედ ვდგეთ გზასა მას ზედა ქრისტეის ღმრთისასა და ვაქებდეთ ძალსა და ძლიერებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 9

სავანეთა შინა თვისთა დაგამკვიდრათ რაი ქრისტემან, გაკურთხათ და გრქუათ: „ერთგულნო მონანო ჩემნო, ვინაიცა მოუწოდოს სახელსა თქუენსა სალმობათა და განსაცდელთა შინა, განრინებულ იქმნეს ყოველთა სენთა და ურვათაგან, და უკუეთუ ვინმე სასიკუდინესა სარეცელსა ზედა გევედროთ მოტევებისათვის ცოდვათა – მივუტევო მას სიყვარულისათვის თქუენისა“, ამისთვისცა ვიხარებთ ყოველნი და  ვღაღადებთ სურვილითა:

გიხაროდენ, მოწამებრივითა სისხლითა განშუენებულნო;

გიხაროდენ, ზეცისა პალატთა შინა დამკვიდრებულნო;

გიხაროდენ, უფლისა მიერ დიდებითა პატივდებულნო;

გიხაროდენ, მის მიერ არაწმიდათა სულთა ზედა ხელმწიფებისა მომღებელნო;

გიხაროდენ, საუკუნოისა სიხარულისა მომგებელნო;

გიხაროდენ, ეშმაკთაგან ბოროტად გუემულთა ცნობად ჭეშმარიტებისა მომაქცეველნო;

გიხაროდენ, ჭირვეულთა და უსასოთა თხოვათა შემწყნარებელნო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 10

ჰოი, უგუნურებაი უსჯულოთა მათ მეკერპეთაი, რამეთუ დაუფლველად დაუტევეს წმიდაი ნეშტი შენი, ივლიტა, და გუამიცა კვირიკესი შენ თანა დასდვეს რაი შესაჭმელად ძაღლთა და მხეცთა, ცუდ-ყო განზრახვაი მათი ღმერთმან და არცა ხორცნი თქუენნი უგულებელს-ყვნა, რამეთუ მწუხრსა ფარულად მოვიდენ ორნი მხევალნი შენნი, და შემურნეს რაი ნელსაცხებლითა, ცრემლთა დინებითა დაფლვიდენ, და უგალობდენ ქრისტესა – ღუაწლისადამდებელსა თქუენსა: ალილუია.

იკოსი 10

არა დაჰფარნა ღმერთმან ახოვანებაი და სიწმიდეი თქუენი, ნეტარნო, რამეთუ მხევალი იგი ერთი მიიწივნა რაი ზეობასა მას კონსტანტინე დიდისასა, მარტვილობაი თქუენი მიუთხრა მორწმუნეთა და აღმოიყვანეს რაი კეთილსულნელნი ნაწილნი თქუენნი, განკვირდენ ფრიად, განხდიდით რაი სენთა და ეშმაკთა, და სამართლად შეგრაცხათ ეკლესიამან დასსა მას წმიდათასა, ამისთვისცა ყოველსა წელსა – დღესა მას ხსენებისა თქუენისასა ლოცვასა აღგივლენთ და აღმოვსთქუამთ ქებულებათა თქუენთა:

გიხაროდენ, ცხოვარნო მეტყუელნო და შესაწირავნო სულიერნო, სიყუარულისათვის ქრისტეისა სისხლისა დამთხეველნო;

გიხაროდენ, უხრწნელთა ნაწილთა თქუენთა მადლითა და ნიშთა სიმრავლითა ყოვლისა სოფლისა განმასულნელებელნო;

გიხაროდენ, საღმრთოისა მოწყალებისა კართა განმხუმელნო;

გიხაროდენ, სნეულთა მსწრაფლ მკურნალნო და ჭირთაგან გამომხსნელნო;

გიხაროდენ, ყოველთა თქუენდა მომწოდებელთა შემწენო და ვნებათაგან განმარინებელნო;

გიხაროდენ, ქურივ-ობოლთა და მწირთა მშვიდობით დამცველნო;

გიხაროდენ, ერთგულთა მეუღლეთა შესავედრებელნო და წყალობისა მომნიჭებელნო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 11

ყოველსა ქუეყანასა განითქუა რაი საკვირველთმოქმედებაი თქუენი, ჰოი, კვირიკე და ივლიტა მოწამენო, ფრიად შეგიყვარეს წინაპართა ჩუენთა, და აღგიგეს რაი ეკლესია-მონასტერნი, ვითარცა შემწეთა უმხურვალესთა, მთასა მას ზედა მაღალსა აღგიშენეს ტაძარი, და იქმნა რაი მთავარი სალოცველი სვანეთისაი, ვიდრე აქამომდე მას შინა დავანებულ არს მრავალი ხატი და სიწმიდეი, და მათ მიერ იდიდება ქრისტე ღმერთი – მაცხოვარი და მხსნელი ჩუენი მორწმუნეთაგან: ალილუია.

იკოსი 11

იხარებს აწ მხარეი ოდიშისაი, ჰოი, კვირიკე სანატრელო, და იქადის ზუგდიდი მწიაღებელი უხრწნელისა ხელისა შენისა, უშურველად აღმოადინებს რაი კურნებასა და მადლსა ჭეშმარიტსა, და სენთა და განსაცდელთა მიერ შეიწრებულთა მიანიჭებს სულთა და ხორცთა ლხინებასა, და აჰა, აწ ჩუენცა სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მსწრაფლ მივემთხვევით სათხოვართა კეთილად აღსრულებასა და სამადლობელოდ მოგიძღუნით სადიდებელსა ამას შესხმასა:

გიხაროდენ, საკვირველებათა ცისკრითა მოსავთა შენთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, საწუთოისა ბნელისაგან დამწუხრებულთა ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, უპოვართა და პყრობილთა შემწეო და ხელისაღმპყრობელო;

გიხაროდენ, დამწუხრებულთა დედათა ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, ყრმათა სიმრთელითა და სიწმიდითა დამფარველო;

გიხაროდენ, ზღუასა შინა და ხმელთა ზედა განსაცდელთა ღელვათაგან დამცველო;

გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძვირთაგან უხილავთა მტერთაისა დამფარველო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 12

ეჰა, კეთილსა ღუაწლსა შენსა, ყოვლად ქებულო კვირიკე, თუ ვითარ ყრმაი მცირეი სძლევდი ძუელსა მას გუელსა – სატანასა და ქრისტეისთვის სიკუდილითა განამხნობდი ახოვანსა დედასა თვისსა, აღესრულა რაი შემდგომად შენსა ქრისტეისთვის სისხლთა დათხევითა, და აწ ერთობითა იხარებთ წინაშე ღმრთისა, და განსაცდელთაგან იხსნით, რომელნი სარწმუნოებითა ითხოვენ თქუენ მიერ შეწევნასა და აქებენ ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 12

სიყუარულითა გნატრით შენ, ჰოი, წმიდაო ყრმაო მოწამეო, რამეთუ ქრისტეს მადლითა განმტკიცებულმან უშიშად აღიარე იგი და მძლე ექმენ რაი ხორცითა ახოვანთა უსჯულოთა, სანატრელი დედაიცა შენი განამტკიცა მან აღსრულებად მარტვილებრივისა ღუაწლისა, და მოგანიჭათ მადლი ტანჯვათა თქუენთა პატივისმცემელთა ხსნისა და დაფარვისაი, აწ ჩუენცა გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოგუმადლოს ძლევაი მტერთა და საცთურთა ზედა და გზასა მას მცნებათა თვისთასა წარგვიმართოს მოსავთა თქუეთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, ელვარებითა ღუაწლთა თქუენთაითა ორთა მნათობთა სამყაროისათა მიმსგავსებულნო;

გიხაროდენ, საუნჯეთაგან სულისა წმიდისათა სულიერთა ნიჭთა უხვად მომმადლებელნო;

გიხაროდენ, ვნებათა არმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელნო;

გიხაროდენ, მცირედმორწმუნეთა სარწმუნოებასა შინა განმამატკიცებელნო;

გიხაროდენ, მხურვალენო მეოხნო ჩუენნო და ღმრთისა მიმართ შუამდგომელნო;

გიხაროდენ, ურვათა და მწუხარებათა შინა ნუგეშინისმცემელნო;

გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთა მიერ სამართლად პატივისცემულნო და მარადჟამს ხსენებულნო;

გიხაროდენ, წმიდანო მოწამენო კვირიკე და ივლიტა, საკვირველთმოქმედნო და მსწრაფლშემწენო!

კონდაკი 13

ჰოი, მრავალტანჯვათა დამთმენელნო დიდებულნო მოწამენო კვირიკე და ივლიტა! შეიწირეთ აწ თქუენდა აღვლენილი გალობაი ესე ჩუენი და მარტვილებრივითა კადნიერებითა გვიხსენით ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ხორციელთა, რაითა ზეცისა სასუფეველისა ღირს-ქმნილნი, მარადის თქუენ თანა ვაქებდეთ და უგალობდეთ ღმერთსა, ყოველთა შემოქმედსა: ალილუია.

 ეს კონდაკი ითქმის 3-გზის; შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ორებაო წმიდაო, მრავალვნებათა დამთმენელნო ქრისტეს მოწამენო, ვარსკულავნო ელვარენო, ეკლესიისა საფუძველსა სიწრფოებითა დამყარებულნო და სოფლისა სასწაულებითა განმანათლებელნო, ღმრთისმოსავთა მეუღლეთა მფარველნო და მცველნო ყრმათა ჩუენთაო; ობოლთა და ქურივთა ხელის-აღმპყრობელნო და მეოხნო ყოველთა უძლურთა, განწირულთა და მხურვალედ მომწოდებელთა თქუენთაო!

ჰოი, კვირიკე ყოვლადნეტარო, სამისა წლისა ყრმაო მოწამეო, დედისა ივლიტას თანა მოგიწოდთ შეწევნად ჩუენდა, რაითა მხურვალითა შუამდგომელობითა თქუენითა ღმრთისა მიმართ განგვარინოთ ყოვლისაგან ურვისა და სალმობისა, და გვითხოოთ მოტევებაი ცოდვათაი, რაითა არა შეპყრობილ ვიქმნეთ მახეთა მიერ ეშმაკისათა და არა შთავვარდეთ საცთურთა შინა, რამეთუ ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა და შთააგდო ჯოჯოხეთსა, ხოლო ჩუენ მოვიხსენებთ რაი წმიდათა მათ ვნებათა თქუენთა, მძლე ექმენით რაი მტერისა ძლიერებასა, გევედრებით: მრავალშემძლებელითა ლოცვითა თქუენითა განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი, ხოლო მოსახელენი და მვედრებელნი თქუენნი გარე-მოზღუდეთ ეშმაკის საცთურთაგან და უვნებელად დაიფარეთ ყოველთაგან სენთა და განსაცდელთა, რაითა ადიდებდენ იესუ ქრისტესა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა და მაცხოვარსა, და ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, და თქუენსა მხურვალესა შუამდგომელობასა.

ჰოი, ბრწყინვალენო და დიდნო სამკაულნო მოწამეთანო, ივლიტა – უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო, და ყრმაო კვირიკე – მტკიცეო სარწმუნოებასა შინა! აწ მოგუხედეთ მოსავთა თქუენთა და იმეოხეთ წინაშე ქრისტეის ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობითა ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი,  და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა დიდებულთა მოწამეთა კვირიკეისა და ივლიტაისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა