✝ წმიდა ლევკი აღმსარებელი, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი (V)
20 ივნისი – ძველი სტილით / 3 ივლისი – ახალი სტილით
ერმის მონასტრის ბერები ეპისკოპოსს დაჟინებით სთხოვდნენ, წმიდანი სავანის იღუმენად დაედგინა. მოსაგრეს თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ ეპისკოპოსის ნებას წინ ვერ აღუდგა. ჯერ მას მღვდლად დაასხეს ხელი, შემდეგ კი წინამძღვრადაც აკურთხეს.
ამ დროიდან მოყოლებული ლევკიმ კიდევ უფრო გააძლიერა ღვაწლი, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა.
ამასობაში მოწამეობრივად აღესრულა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპე და მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები – ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები – ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: „თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს“. წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს – იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
