ლოცვა გარდაცვლილთა

ლოცვა მიცვალებულთათვის

ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის

მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი. იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.

 

როგორ უნდა ვილოცოთ მიცვალებულთათვის

ტრადიცია მიცვალებულთა მოხსენებისა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის, როდესაც იუდა მაკაბელმა იდუმიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახოცილ მებრძოლთა განსაწმედელად მსხვერპლი შეაწირინა იერუსალიმში.

ახალ აღთქმაში მიცვალებულთა ლიტურგიული მოხსენება ყველაზე ადრე დაფიქსირებულია წმ. იაკობ მოციქულის ჟამისწირვაში.

ამ ტრადიციას ასახავს ქართული სუფრაც: ჩვენ სადღეგრძელოში ვიხსენებთ გარდაცვლილ ადამიანებს და მათ სახელზე მივიღებთ ხოლმე ღვინოში ჩაწობილ პურს, რაც სიმბოლურად მიცვალებულის ზიარებას ნიშნავს. ზოგჯერ კი ჭიქიდან ღვინოს პურზე ან მიწაზე დავღვრით ხოლმე. ესეც სიმბოლურია, და მიცვალებულისათვის ცოდვათა მიტევებას ნიშნავს, ისევე, როგორც ჯვარცმისას მაცხოვრის სისხლი დაიღვარა მიწაზე, გაჟონა და დაეწვეთა ჯვრის ქვეშ დასაფლავებული ადამის თავის ქალას და განწმინდა იგი პირველი ცოდვისაგან.

ა) პანაშვიდი

ახლადშესვენებულს ეკლესიაში უნდა გადავუხადოთ პანაშვიდი:

პირველ დღეს ­ როცა გარდაიცვლება;

მე-3 დღეს ­ როდესაც პირველად წარდგება უფალთან;

მე-9 დღეს ­ როდესაც მეორედ წარდგება უფალთან;

მე-40 დღეს ­ როცა ის პირად სამსჯავროზეა.

და ამის შემდეგ გარდაცვალების ყოველ წლისთავსა და დაბადების დღეზე.

გარდა ამისა, როგორც საზოგადო ლოცვების განხილვისას აღვნიშნეთ, ეკლესიაში წლის განსაკუთრებულ დღეებში დანიშნულია საზოგადო პანაშვიდები (ეს დღეები ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდარში, ან შევიტყოთ ეკლესიაში), რომელსაც უნდა დაესწროს ჭირისუფალი.

კარგი იქნება, თუ მეორმოცე დღისათვის შევუკვეთავთ წირვას მიცვალებულის სახელზე, რომელსაც დაესწრებიან ოჯახის წევრები და მიიღებენ წმინდა ზიარებას შესაბამისად მომზადებულნი. ამის შემდეგ სასურველია დროდადრო კიდევ შევუკვეთოთ წირვები. ძველი ტრადიციით მიცვალებულისთვის შვიდი წირვა სრულდება.

ბ) წესის აგება

გასვენების დღეს მიცვალებულს წესი უნდა ავუგოთ; წესის აგებას ასრულებს მღვდელი ან ოჯახში ცხედართან, ან ეკლესიაში.

თუ განსვენების დღეს რაიმე მიზეზით წესის აგება არ ხერხდება, შეიძლება შესრულდეს ადრეც. აგრეთვე, ამ ლოცვის შესრულება შეიძლება ძველი მიცვალებულისთვისაც, რომელსაც თავის დროზე წესი არ აუგეს.

სასურველია ოთახში მიცვალებული ისე იყოს დასვენებული, რომ აღმოსავლეთს უყურებდეს (თუ ფართობი საშუალებას გვაძლევს). მას თავთან უნდა ედგას ნაკურთხი  წყალი, ხორბალი და ენთოს კანდელი (კანდელი არის მცირე ზომის ჭურჭელი ზეთით, რომელშიც ჩადებულია ბამბის პატრუქი. იგი შეიძლება შეიძინოთ ეკლესიაში ან დავამზადოთ სახლში). მიცვალებულთან შეიძლება ენთოს სანთელიც.

გ) ფსალმუნების კითხვა

მიცვალებულთათვის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც უნდა ილოცონ. ყველაზე კარგი, ტრადიციული ფორმა არის საგალობლების კითხვა წმ. დავით წინასწარმეტყველის “ფსალმუნებიდან”, რომელიც იყიდება ეკლესიაში. წიგნი სანიშნით მიცვალებულთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს, რომ ყველა მსურველს შეეძლოს წაკითხვა, რაც მიცვალებულის სულს დიდ შემწეობას უწევს.

ავიღებთ წიგნს, გავაგრძელებთ კითხვას დანიშნული ადგილიდან. წავიკითხავთ სადამდეც შევძლებთ, დავნიშნავთ და დავდებთ თავის ადგილზე, რომ შემდეგ სხვა მსურველმაც წაიკითხოს. გასვენებამდე რაც მეტჯერ მოესწრება წიგნის ბოლომდე წაკითხვა, მით უკეთესი.

ძველად ფსალმუნებს შეუწყვეტლად უკითხავდნენ მიცვალებულს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. აქედან მოდის დღემდე შემორჩენილი ტრადიცია ცხედართან ღამისთევისა. ასე, რომ თუ ჭირისუფლები მიცვალებულს ღამეს უთევენ, სასურველია რიგრიგობით ფსალმუნების კითხვა.

დ) მიცვალებულის მოხსენება საზოგადო ლოცვის დროს

მიცვალებულის სული, გარდა საკურივ მისთვის მიძღვნილი ლოცვისა, შეიძლება მოვიხსენოთ საზოგადო ლოცვაშიც.

მოხსენება კვეთაში. მეტად მნიშვნელოვანია მოხსენება მღვდლის მიერ წირვის დროს. წირვის დაწყებამდე დილით ან წინა საღამოს ეკლესიაში უნდა შევიძინოთ საგანგებოდ გამომცხვარი მცირე ზომის პური _ სეფისკვერი; შემდეგ ფურცელზე დავწეროთ “გარდაცვლილნი” და ჩამოვწეროთ ახლობელ მიცვალებულთა სახელები.

(ტრადიციულად მიცვალებულისათვის შევიძენთ ხოლმე ჯვრის გამოსახულებიან, ხოლო ცოცხალი ადამიანის მოსახსენებლად _ ყოვლადწმინდა სამების ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებიან სეფისკვერს. ერთი სეფისკვერი შეიძლება შეიგზავნოს ერთი ან რამდენიმე ადამიანისათვის). სეფისკვერსა და მოსახსენიებელ ფურცელს დავტოვებთ შესაბამის ადგილზე, საიდანაც მნათე შეიტანს საკურთხეველში. მღვდელი წირვის დროს ამ სეფისკვერიდან მოხსენებულთა სახელებზე ლახვრით ამოკვეთს მცირე ზომის ნაწილებს, შეწირავს მსხვერპლად და წირვის ბოლოს ჩაუშვებს წმ. ბარძიმში.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებულის მოხსენება კვეთაში არ შეიძლება:

  1. თუ ადამიანი არ იყო მონათლული მართლმადიდებლურად;

  2. თუ იგი სიცოცხლის ბოლომდე გმობდა ღმერთს;

  3. თუ თავისი სიცოცხლე შეგნებულად დაამთავრა თვითმკვლელობით.

თუ რა ვიღონოთ ასეთი მიცვალებულისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოძღვართან უნდა გავარკვიოთ.

ე) ორმოცდღიანი მოსახსენებელი

ეკლესიაში არსებობს ტრადიცია მიცვალებულის მოხსენებისა კვეთაში ორმოცი დღის განმავლობაში. ტაძრებში, სადაც წირვა ყოველდღე მიმდინარეობს (სიონი, ანჩისხატი, ქაშუეთი, სვეტიცხოველი, ალ. ნეველის სახელობის რუსული ეკლესია), ჭირისუფლის თხოვნით მიცვალებულს იხსენებენ კვეთაში ყოველდღე ორმოცი დღის მანძილზე.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიცვალებულის 40 დღიანი მოხსენება დიდი მარხვის პერიოდში.

ვ) მოხსენება საზოგადო პანაშვიდზე

როგორც ადრე აღვნიშნეთ, მიცვალებული შეიძლება მოვიხსენოთ საზოგადო პანაშვიდზე. ამისათვის ფურცელზე დაწერილი სახელი უნდა მივაწოდოთ მღვდელს.

მიცვალებული შეიძლება მოვიხსენოთ აგრეთვე პირადად, დილის ლოცვების შესრულებისას შესაბამის ადგილას.

ზ) სანთლის დანთება

მიცვალებულის მოხსენების ერთ-ერთი ფორმაა სანთლის დანთება, რისთვისაც ეკლესიაში გამოყოფილია კუთხე მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით.

სანთლის დანთება გარდაცვლილი ადამიანისათვის შეიძლება სახლშიც, ხატებთან ან მის სახელზე გაწყობილ სუფრაზე.

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი,  „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა“, თბილისი, 1998 წ.