ახალი აღთქმა
თავები 22–24
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
ლუკას
1და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.
2და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.
3და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა.
4და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.
5ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.
6და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.
7მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად.
8და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ.
9ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?
10ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს.
11და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?
12და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.
13და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.
14და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.
15და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.
16ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.
17და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა.
18ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს.
19და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა.
20ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული.
21ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა.
22ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!
23და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინ-მე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?
24და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?
25ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველის-მოქმედ ჰრქჳან.
26ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი ვითარცა მსახური.
27ვინ არს უფროჲსი: რომელი ინაჴით-ზის ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელ-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური.
28და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.
29და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან, სასუფეველსა,
30რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.
31და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.
32ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი.
33ხოლო მან თქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილად მისლვად.
34ხოლო თავადმან თქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ-გზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე.
35და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა.
36და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.
37გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.
38ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს.
39და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.
40და მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
41და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის-სატყორცებელ ოდენ და დაიდგა მუჴლნი, ილოცვიდა
42და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!
43და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას.
44და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.
45და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან
46და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
47და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.
48ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?
49იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა?
50და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე.
51მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.
52ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ-მოძღუართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა.
53დღითი-დღე ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა განჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.
54და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.
55და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.
56და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო.
57ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.
58და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ.
59და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს.
60ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა.
61და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე.
62და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.
63ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს.
64და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ.
65და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს.
66და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი, მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა
67და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი;
68და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერაჲვე მომიგოთ მე გინა განმიტეოთ.
69ამიერითგან იყოს ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა.
70და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მათ იესუ: თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მე ვარ.
71და მათ თქუეს: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმის პირისაგან მაგისისა.
ლუკას
1და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.
2და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად.
3და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
4ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა.
5ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.
6ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე?
7და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა.
8ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან.
9და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას.
10დგეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას.
11ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს.
12და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი.
13ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას.
14და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას.
15და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა.
16ვსწავლო იგი და განუტევო.
17რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი.
18ღაღატ-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა,
19რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა.
20კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი.
21ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!
22ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო.
23ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად; და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ-მოძღუართანი.
24მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა
25და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ მისცა ნებასა მათსა.
26და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა.
27და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
28მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.
29რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს
30მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ!
31რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს?
32მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა.
33და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს.
34ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი.
35და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ.
36ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან
37და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი.
38ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.
39ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.
40მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?
41და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა.
42და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.
43ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.
44და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
45და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის.
46და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული.
47და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.
48და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.
49და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.
50და აჰა ესერა კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცის სახიერი და მართალი;
51ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა.
52ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი.
53და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო.
54და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა.
55შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუმასა მისსა.
56და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სულნელი და ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს.
ლუკას
1ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა.
2და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან.
3და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.
4და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.
5და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
6არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას,
7და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.
8და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი.
9და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.
10ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას.
11და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი.
12ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.
13და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს.
14და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა ამისთჳს, რომელი იქმნა.
15და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა.
16ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი.
17და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე?
18მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა?
19და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთვს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტჳთა, მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა;
20ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი.
21ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა.
22არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას
23და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი.
24და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს.
25ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი!
26ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა?
27და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს.
28და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ.
29ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არა დღე. და შევიდა დადგომად მათ თანა.
30და იყო ინაჴით-ჯდომას მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემად მათ.
31ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან.
32და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?
33და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი,
34იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს.
35და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.
36და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
37ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს.
38და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?
39იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.
40და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი.
41და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი?
42ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი.
43და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ
44და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს.
45მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა.
46და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა.
47და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით,
48რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.
49და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.
50და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.
51და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.
52და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა.
53და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ. † orthodoxy.ge † წმიდა წერილი – სახარებაჲ იოვანესი