ახალი აღთქმა
თავები 4–6
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
ლუკას
1ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.
2და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.
3და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ.
4მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
5და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა.
6და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი;
7უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი.
8მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.
9და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,
10რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა.
11ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.
12მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.
13და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე.
14და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
15და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.
16და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ.
17და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:
18სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა,
19და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული.
20და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს.
21და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა.
22და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?
23და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.
24ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა.
25ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა.
26და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა.
27და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური.
28და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე.
29და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი.
30ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.
31და შთავიდა კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაჲსასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.
32და უკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ იგი მისი.
33და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა:
34ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა: გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
35და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არაჲ ავნო მას.
36და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ?
37და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.
38და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთჳს.
39და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
40და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურები თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი.
41და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე.
42და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან.
43ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.
44და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.
ლუკას
1და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.
2და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
3და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
4და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.
5მიუგო სჳმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე.
6და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.
7და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.
8და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო.
9რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.
10ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.
11და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
12და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.
13და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან.
14და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა.
15და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ.
16ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
17და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის-მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა.
18და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა.
19და ვერ პოეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.
20და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!
21და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
22გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?
23რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე?
24არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
25და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.
26განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ დღეს.
27და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე.
28და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას.
29და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი.
30და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?
31მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან.
32არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.
33ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?
34ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?
35ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.
36და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ.
37და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.
38არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.
39და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს.
ლუკას
1და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.
2ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს?
3მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა,
4ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო?
5და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
6და იყო სხუასაცა შაბათსა, და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მისი მარჯუენე განჴმელ ედგა.
7უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკუეთუმცა შაბათსა განკურნა, რაჲთა პოონ, ვითარმცა შეასმინეს იგი.
8ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.
9და იესუ ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყუაჲ: რაჲ ჯერ-არს შაბათსა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისა ყოფაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ მოკლვაჲ?
10და მიხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი, ვითარცა სხუაჲ იგი.
11ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკუეთუმცა უყვეს რაჲ იესუს.
12და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.
13და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა:
14სიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ და იოვანე, ფილიპე და ბართლომე.
15მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე,
16და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ.
17და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,
18რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.
19და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.
ნეტარებანი
20და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;
21ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;
22ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.
23გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
24ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი.
25ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით.
26ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
27არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა.
28და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.
29რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.
30ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.
31და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.
32და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
33და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
34და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი.
35ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა.
36იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.
37ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ.
38მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.
39ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ჴელ-ეწიფებისა ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცჳენ?
40არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი.
41რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა თჳსსა არა განიცდი?
42ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და შენ დჳრესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
43რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.
44რამეთუ თითოეული ხჱ თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი.
45კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ პირნი მისი.
46რაჲსა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვ თქუენ?
47ყოველი რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყვათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს.
48მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
49ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე, და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემაჲ სახლისაჲ მის დიდ.