სახარების სარჩევი

ახალი აღთქმა

მათეს სახარება

თავები 1–3

წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია

1

მათეს

თავი 1

1წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.

2აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;

3ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;

4არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;

5სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;

6იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;

7სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;

8ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;

9იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;

10ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;

11იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.

12შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;

13აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;

14აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ;

15ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;

16იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.

17ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

18ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.

19ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.

20და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.

21შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან.

22ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული:

23აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.

24განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.

25და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ.


2

მათეს

თავი 2

1ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:

2სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.

3ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.

4და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?

5ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ:

6და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.

7მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ.

8და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.

9ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.

10ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.

11და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.

12და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.

13და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.

14ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.

15რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა.

16მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.

17მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:

18ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.

19ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს

20და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.

21ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.

22და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა.

23და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.


3

მათეს

თავი 3

1მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა

2და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.

3რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.

4ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.

5მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ.

6და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.

7და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?

8ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,

9და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.

10რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.

11მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.

12რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.

13მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.

14ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?

15მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას.

16და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.

17და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.