ახალი აღთქმა
თავები 22–24
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
მათეს
1და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა:
2ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.
3და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.
4კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.
5ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა.
6ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს.
7ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.
8მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.
9წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.
10და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.
11ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.
12და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.
13მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
14რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი.
15მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას.
16და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა.
17აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა?
18გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?
19მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.
20ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი?
21ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
22და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
23მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას
24და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა.
25იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა.
26ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე.
27ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.
28აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?
29მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ,
30რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა.
31ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს:
32მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ.
33და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.
34ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად.
35და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:
36მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა?
უდიდესი მცნება
37ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
38ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.
39და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
40ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
41შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ
42და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.
43ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს:
44ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?
45უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?
46და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.
მათეს
1მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა
2და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.
4რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.
5და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი.
6უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელსა შორის
7და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი!
8ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.
9და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა.
10ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე.
11ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ.
12ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
13ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი სასჯელი.
14ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად.
15ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა.
16ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს.
17ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას?
18და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს.
19ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას?
20რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა.
21და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა.
22და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.
23ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად.
24წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ!
25ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.
26ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა.
27ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.
28ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა.
29ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა,
30და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.
31ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი.
32და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.
33გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა?
34ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად,
35რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.
36ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
37იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ!
38აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.
39რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მათეს
1და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა.
2ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
3და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?
4მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ,
5რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ.
6და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.
7რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად.
8ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.
9მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს.
10და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას.
11და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა.
12და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ.
13ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
14და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული.
15რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ.
16მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად.
17და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა.
18და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.
19ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა!
20არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა.
21რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს.
22და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი.
23მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ.
24რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა.
25აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ.
26უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ.
27რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
28რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.
29ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.
30და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
31და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა.
32ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
33ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.
34ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.
35ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
36ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან.
37ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
38რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად,
39და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ.
40მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს.
41ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს.
42იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.
43ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.
44ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.
45ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა.
46ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.
47ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
48ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად,
49და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,
50მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის,
51და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.