Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სავედრებელი პარაკლისი უფლის მირქმა-მიგებებისა

მირქმა

სავედრებელი პარაკლისი უფლის და მაცხოვრისა ჩუენისა

იესო ქრისტეს მირქმისა ანუ მიგებებისა

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

გუნდი: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 3

ქალწულისაგან ხორცთშესხმული სიხარულითა შეგიწყნარა დიდებულმან სვიმეონ, ქრისტე ღმერთო, და გიღაღადებდა: აწ განმიტევე  მონაი შენი, მეუფეო, ხოლო ანნა, ღირსი წინაისწარმეტყველი, სიწმიდითა ცხორებული, აღსარებასა და გალობასა შესწირავდა შენდა, რომელთა თანა ჩუენცა გიღაღადებთ: დიდებაი შენდა, ყოვლად ძლიერო, რომელმან ჩუენთვის ყოველივე თავს-იდევ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ტროპარი, ხმაი 1

გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისაი, ქრისტე ღმერთი ჩუენი; იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა ზედა განმათავისუფლებელი სულთა ჩუენთაი, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: უქმი ქუეყანაი, სამკვიდრებელ ზღუათაი იხილა მზემან პირველ, რაჟამს აზღუდნეს ღელვანი და შეჰყინდეს ორკერძოვე, და ერი ღმრთისაი წიაღსრული სიხარულით ღაღადებდა: უგალობდეთ უფალსა, რომელიცა დიდებულ არს.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

აღივსო ცაი და ქუეყანაი ნათლითა, გიხილეს რაი შემოქმედი ყრმად ჩჩვილად, რომელი იყავ პირველ ჟამთა თანამოსაყდრე მამისა დაუსაბამოისაი, და თავს იდევ ჩუენთვის სიმდაბლით დამორჩილებაი სჯულისაი, რაითა გიგალობდეთ, რომელიცა დიდებულ ხარ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

კეთილად ცხორებითა გამოაჩინა რაი თავი თვისი ტაძრად ღმრთისა, ზეცით უწყებულ იყო სვიმეონ მღდელმოძღვარი – არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდის არა იხილოს ცხებული უფლისაი, და უგალობდეს მას, რომელიცა დიდებულ არს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უწყებულ იქმნა რაი სულითა, საღმრთოი ეგე მღდელი სიონდ მიიწია, და აჰა, შევიდა რაი მარიამცა ტაძარსა, მიხედნა სვიმეონ ხელთა მისთა ზედა ჩჩვილებრ ტვირთულსა ღმერთსა, და უგალობდა მას, რომელიცა დიდებულ არს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიბრძნით დამყარებული ცაი და ქუეყანაი იხარებს და იშუებს დღეს, რაჟამს შემოქმედი მათი წიაღთაგან საღმრთოთა გარდამოხდა და ქალწულის ტვირთული სვიმეონ მკლავთა ზედა მიიქუა – ღმერთი ყოველთაი.

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ღმერთო, დაამტკიცე ეკლესიაი შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

დიდ არს განხორციელებისა შენისა საიდუმლოი, მხსნელო, რამეთუ მოხვედ ცხორებად წყალობით კაცთა ნათესავთათვის, და ყოველსავე სრულყოფ, ვითარცა უფალი შჯულისა და მადლისაი.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ნათლისაგან მამისა ქუეყანად მოივლინე რაი ანგელოზთა მეუფე, მიგიყვანეს ტაძრად ქალწულმან და იოსებმან, და ორნი გურიტნი შეწირნეს შენთვის უფალსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ეჰა, დიდებული საკვირველი, რამეთუ წმიდაი გურიტი და ტარიგი შეუგინებელი ტარიგსა და მწყემსსა შესწირავს ეკლესიასა.

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დამბადებელი, რაჟამს განგებით ჩჩვილ იქმნა, ბუნებაიცა, ქუეყანისაგან შობილი განაღმრთო მან და მამასა წარუდგინა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი, ხმაი 4

მთასა ზედა სინასა ძუელად იხილა მოსე ზურგით ღმერთი, და წულილსა საღმრთოსა ხმასა ღირს-იქმნა სმენად, ნისლსა შინა და ნიავ-ქარსა, ხოლო აწ სვიმეონ მოხუცებული უზესთაეს მოსესა ღმრთისმხილველ იქმნა, და მამისა თანამფლობელი სიტყუაი განკაცებული მკლავთა ზედა მიიქუა მეორმეოცესა მას დღესა შობითგან ქალწულისა, ოდეს მიიყვანეს ტაძრად, და აკურთხევდა რაი მართალი იგი, ნათლად წარმართთა ჯუარი და აღდგომაი მისი დიდებული წინაითვე ქადაგა და სიხარულითა ისწრაფდა რაი აქაისა არსებისაგან ცხორებისა მიმართ საუკუნოსა, ღაღადებდა: აწ განმიტევე მონაი შენი, მეუფეო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან აღმობრწყინდა მზე სიმართლისაი, ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ჰოი, უბიწოო ქალწულო ღმრთისმშობელო, რომელი წმიდათა ხელთა შენთა ზედა ტვირთული მიიყუანე ტაძარსა, რაითა მიქუმულ იქნეს ჩუენ მიერ და საცხორებელად და სიხარულად ყოვლისა სოფლისა. ამისთვის გაქებთ და გადიდებთ, რამეთუ ხარი შენ კარავი ღმრთისაი, კაცთაგან ღმერთ-სიტყვისა მიერ წინაითვე აღრჩეული, რომლისაგან ღმერთი ჩუენ თანა დაემკვიდრა, რაითა ვიქმნეთ ერად მისად. აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისსა, რაითა წილხვედრი ერი შენი ქართველთაი იხსნნეს მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთაისა და გარდახდომისაგან სჯულისა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, ცანი კეთილთა შენთა დაფარნეს, რაჟამს კიდობნისა მისგან სიწმიდისაით მოხუედი სოფლად, სიმდაბლით ჩუენთვის, და ვითარცა ჩჩვილი გიხილეს შენ, ღმერთი ყოველთა დაბადებულთაი, აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფე შჯულისაი და უფალი ხორცთშესხმული ქალწულისაგან გიხილა რაი სვიმეონ, წინა-მოგეგება ჩვილებრ მჯდომარესა ხელთა ზედა მისთა, და სიხარულითა ღაღად-ყო: აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ეტყოდა უქორწინებელი ქალწული მართალსა სვიმეონსა: ჰოი, ცხებულო სულისაგან სიტყვისათვის საღმრთოისა, აწ ჩჩვილქმნული მიიქუ სიხარულით მკლავთა შენთა ზედა – ქრისტე მეუფე, და ღაღად-ყავ: აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განბრწყინდა გონებითა სვიმეონ და ეტყოდა ღმრთისმშობელსა – გიხაროდენ შენ, რომელსა გიტვირთავს ცეცხლი ღმრთაებისაი, ხოლო მე მეშინის მიქუმად მკლავთა ჩემთა ზედა, მიწისაგანსა, რამეთუ ესე არს ჩუენთვის განკაცებული მეუფე და უფალი ანგელოზთაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ისრაელთა დიდებაი და წარმართთა ნათელი აღთქუმული სულისა მიერ, რომელსა მოუწოდე, წინაისწარმეტყველო, და განჭაბუკებად სიბერესა მიიქუ აწ სჯულისმდებელი და თქუ: აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა.

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ჩუენებით ესაია იხილა რაი უფალი, საყდართა მჯდომარე და გარეშეცული ანგელოზთა მიერ, ღაღადყო: ჰოი, ვაი, უბადრუკსა, რამეთუ ვიხილე ღმერთი ხორცითა, ნათელი ბრწყინვალე და მთავარი მშვიდობისაი.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

წიაღთა თვისთა შეგიტკბო რაი სვიმეონმან, მიგიქუა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მკლავთა თვისთა ზედა და გრქუა: აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, მსგავსად სიტყვისა შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ზეშთა საყდართა ემსგავსნეს მკლავნი სვიმეონისნი, რომელთა ზედა ჩჩვილად დაისაყდრე, მეუფეო, და ღმრთეებრ გადიდებდა ყრმად მოქუმულსა, აწ ჩუენცა მოგვანიჭე მისებრ სიმტკიცე სარწმუნოებისაი, და მხნეობაი სულისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სულიწმიდისა მიერ აღვსებულ იქმნა ასული ფანოელისაი ანნა – ქურივი ღმრთივბრწყინვალე, და აღგიარებდა რაი ღმრთად და მაცხოვრად, ყოფადთათვის მადლთა საღმრთოთა აუწყებდა, რომელნი-იგი  მოელოდეს გამოხსნასა იერუსალეემსა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეტყოდა ღმრთისმშობელსა მოხუცებული ღმრთისაი, რაჟამს ესაიას სერაბინისაგან შეეხო ნაკუერცხალი, განწმიდნა, ხოლო შენ მკლავითა, ვითარცა მარწუხითა, გიტვირთავს ღმერთი, ნათელი ბრწყინვალე და მთავარი მშვიდობისაი.

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ხმა-ვჰყავ შენდამი დამძიმებულმან ტვირთითა ცოდვათა ჩემთაითა, შეისმინე ჩემი და წყალობაი ყავ, მაცხოვარო.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

იშევ ხორცითა ჟამიერად, ჟამთა უწინარეს შობილი, და წიაღითა დედისაითა ვითარცა ჩჩვილი ტაძრად მიიგუარე, ქრისტე, და ცათა არა დააკლდი.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ჰოი, უსაზღვროსა სიტკბოებასა შენსა, ქრისტე, რამეთუ ძუელი დღეთაი ნებსით განკაცენ ხორცითა, რაითა ადამ პყრობილებისაგან განუტევო და დაამხო მაცთური მისი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ეჰა, ვითარ სამართლად გვაუწყებს შენთვის მღდელი სვიმეონ: ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებაი ერისა შენისა ისრაელისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აწ განმიტევე მონაი შენი მშვიდობით, ძეო ქალწულისაო, ღმრთისაგან შობილო, მადიდებელად ძალსა შენსა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.              

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. 

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 1

საშოი რაი ქალწულებრივი განსწმიდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშუენოდა, უსწვრე აწცა და მაცხოვნენ ჩუენ, ქრისტე ღმერთო, და დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობაი ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

იკოსი

ღმრთისმშობელსა შეუვრდეთ, რომელთაცა გუსურის ხილვაი ძისა მისისაი, სვიმეონისა მიმართ მიყვანებულისა, რომელსა ხედვიდეს ზეცით უხორცონი, და განკვირვებით იტყოდეს: საკვირველსა ვხედავთ აწ დიდებულსა, მიუწვდომელსა და გამოუთქმელსა, რამეთუ რომელმან-იგი დაჰბადა ადამ – იტვირთვის ვითარცა ჩჩვილი, და დაუტევნელი იგი დატევნულ იქმნების, მკლავთა ზედა მოხუცებულისათა, რომელი-იგი მყოფ არს გარე-შემოუწერელთა მათ წიაღთა მამისა თვისისათა, ნებსით გარე-შეწერილ იქმნების ხორცითა, არა ღმრთთაებითა, მხოლოი კაცთ-მოყვარე.

მღდელი:  მოხედენ. სიბრძნით.

წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: აღმოსთქუა გულმან ჩემმან სიტყუაი კეთილი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                              

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა. 

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა იყო კაცი იერუსალემს, რომლისა სახელი სვიმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაი და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაი იყო მის ზედა. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაი. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუისა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ სჯულისა მისა მიმართ, და ამან მიიქუა იგი მკლავთა თვისთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა: აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა მართლისა სვიმეონისა და წინაისწარმეტყველისა ანნაისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: განეხმიან ბჭენი წმიდისა წმიდათაისა, ტაძარსა შინა ღმრთისასა, და სვიმეონ მართალი შეგიწყნარებს რაი საუკუნეთა ღმერთსა, წამებს შენთვის, ვითარმედ მაცხოვარი ხარი ისრაელისაი, ხოლო ჩუენ მოვისწრაფით ტაძარსა მას, სადაცა გურიტისა წილ თვით წმიდაი ეგე წმიდათაი შეიწირვი და გევედრებით ლმობიერად, რაითა მოჰმადლო სოფელსა მშვიდობაი და ერსა ჩუენსა მტერთა ზედა ძლევაი, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისა შენისაი, და მგალობელთა შენთა კურთხევაი და დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანესი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდისა სვიმეონ მიმრქმელისა და ანნა წინასწარმეტყველისაითა; და ყოველთა წმიდათა შენთაითა; გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.                     

გუნდი: ამინ.

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ღმრთისა სიტყუასა, რომელმანცა ცეცხლსა შინა შეაცურინა სამნი ყრმანი ღმრთისმეტყუელნი, და ქალწულმან შუა, შევამკობდეთ ყოველნი და ესრეთ ვღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

განკვირვებულ იყვნეს იოსებ და ქალწული იგი სიტყუათა ზედა სვიმეონისთა, წინაისწარმეტყუელებითა იტყოდა რაი იესუის ზედა, და აკურთხნა რაი იგინი, ვნებაი შენი აუწყა ღმრთისმშობელსა, ხოლო მან დაიმარხნა სიტყუანი ესე და დაიდვა გულსა თვისსა.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

იხარებს ცაი და ქუეყანაი მოსლვასა შენსა, – ანგელოზნი გალობენ, და მთავარანგელოზნი გადიდებენ, ხედვენ რაი ქერობინთა ზედა მჯდომარესა ღმერთსა, რომელმან ჯერ იჩინა დაჯდომაი მკლავთა ზედა სვიმეონისთა, და ჩჩვილად ხილვაი, ცათა მეუფემან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

არათუ სვიმეონ თვისითა გონებითა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისაითა გეტყოდა: აწ განმათავისუფლე, ქრისტე, რაითა მსწრაფლ წარვიდე ჯოჯოხეთად და ვახარო ადამსა და ევას განხორციელებაი შენი ქალწულისაგან ხსნად სოფლისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეტყოდა მღდელი ღმრთისმშობელსა: სულსაცა შენსა განვიდეს, უბიწოო, მახვილი იგი მწუხარებისაი, რამეთუ იხილო შენ ძე შენი ჯუარსა ზედა დამოკიდებული შეურაცხებითა, რომელსა უღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა, და ალისაგან არა ევნო, და გალობით იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ეჰა სიმდაბლესა მოწყალებისა შენისასა, რამეთუ ღმრთივბრწყინვალე ნათელი წარმართთათვის მოხვედ, უფალო, ღრუბლისაგან სულმცირისა, მზე ეგე სიმართლისაი, აღსრულებად აჩრდილთა და წესთა სჯულისათა, და წარმოჩინებად ახლისა ამის მადლისა.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ოდეს ჰურიათა ჯუარს-გაცუეს, ქრისტე, დაეცა კრებული ურწმუნოთა მათ ჰურიათა, და აღდგა მორწმუნეთა წარმართთაი, ვითარცა პირველვე უღაღადა ქალწულსა სვიმეონმან: `შენგან შობილი ესე სიტყუაი გამოჩნდეს დაცემად და აღდგინებად მრავალთა~,

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ლოდი საკიდური დაიდვა სიონსა შინა: დრკუთა უშჯულოთა ჰურიათა შებრკოლებისაი, ხოლო კლდე სიმტკიცისაი – გამოხსნისაი წარმართთა, რომელნიცა საქმეთა უფლისათა აკურთხევენ და აღამაღლებენ უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ესე არს ღმერთი, სიტყუაი ღმრთისაი, რომელი ჩჩვილ იქმნა დაცემად და აღდგინებად ურწმუნოთა და მორწმუნეთა, ამას უღაღადებდეთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: წერილთა მიერ სჯულისაითა მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირველ საშოისა განმღებელი, წმიდად უფლისა იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშოი ზეცით და ქუეყანით, და სარწმუნოებითა ვადიდებთ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მართვეთა მათ წილ, გურიტისათა წარმოდგეს ორნი მოხუცებულნი – ანნა და სვიმეონ – საღმრთონი წინაისწარმეტყველნი, და ძესა მაღლისასა, ქალწულისაგან შობილსა, გმსახურეს ტაძარსა შინა – ღმრთად და კაცად აღგიარეს და სარწმუნოებითა გადიდეს.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

საღმრთოსა მას ტაძარსა შჯულისაებრ მიყუანებული ქერობინთა მეუფე ძღუენსა ღმრთივშუენიერსა იოსებისა მიერ შეიწყნარებ – ეკლესიასა და წარმართთა ერსა სახედ გურიტთა, და ეგრეთვე ორთა მართვეთა ტრედისათა წილ, – ძუელსა და ახალსა სჯულსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვეძიებდეთ, ჰოი, მორწმუნენო, წადიერად სასუფეველსა, და ვევედრებოდეთ ქრისტესა, მეოხებითა დედისა თვისისაითა წარმართებად ფერხთა ჩუენთა მართლისა თანა სვიმეონისთა, და სიწმიდითა ცხორებულისა მის ქურივისა ანნაისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოხუცებულმან დედაკაცმან უწინასწარმეტყველა ერსა, ტაძარსა მას შინა ღმრთაებისა და კაცებისა გამოჩინებისათვის, და ჩჩვილი რაი გულისხმა-ყო, მშობელსა მისსა ღირსი ნეტარებაი ძღუნად მოგაგება, დედოფალო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

მოხუცებული დღითა და განახლებული სულითა სვიმეონ მღვდელი განტევებასა ითხოვდა და გევედრებოდა რაი, ვითარცა ყოვლისა შემძლებელსა მეუფესა, მშვიდობით განუტევე, და ბრძანებითა შენითა განისვენებს რაი საღმრთოთა მათ სავანეთა, აწ ჩუენთვისცა გევედრება დაუცხრომელად, რაითა ღირს გვყო ცოდვათა მოტევებისა და გვიხსნა ყოველთა წინააღმდგომთა მტერთა და ვნებათაგან.

მოხვედ რაი შემკობად ქუეყანისა, საღმრთოისა დიდებისაგან დაკლებულისა, ქრისტე დამბადებელო, განხსნასა გევედრებოდა სვიმეონ მღდელი მსახურებისაგან ძუელისა მის შჯულისა, და ღირს-ყოფასა მადლისა შენისასა, და აწ ხსენებაი მისი ბრწყინავს უნათლეს მზისა, და განანათლებს ყოველსა სოფელსა და ბნელისაგან იხსნის   ყოველთა მორწმუნეთა.

რომელი იმსახურები ძალთაგან ზეცისათა, ჩუენთვის მოხვედ ქუეყანად, და მიგიქუამდა რაი სვიმეონ მხსნელსა ჩუენსა ჩჩვილებრ წიაღთა თვისთა, ანნა სიწმიდითა ცხორებული გეტყოდა, ქრისტე, დიდებაი მოწყალებასა შენსა, ეგრეთვე აწ ჩუენცა გიგალობთ და გევედრებით:  მოგვეც ძალი, სიბრძნე და სიმტკიცე, რაითა მივემსგავსნეთ მოხუცსა მას კეთილად ცხორებითა, და ანნა ღმრთივგონიერსა ვბაძევდეთ ლოცვითა, მარხვითა და მღვიძარებითა.

შენ, რომელი თავად იყავ ტაძარი ღმრთისადამტევნელი, ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ტაძარსა მიხვედ განსაწმედელად, ქალწული ეგე უბიწოი, რომელსა არა გიხმდა განწმედაი, აღსასრულებელად სჯულისა, რაითა გვასწაო, თუ ვითარ გვმართებს თავთა თვისთა დამარხვაი სიწმიდესა შინა, და მოგუმადლე ჩუენცა, ვითარცა სვიმეონსა, რაითა დაუსჯელად ვიტვირთოთ ძე შენი და ღმერთი ჩუენი გულთა შინა ჩუენთა, და ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა დავიმარხნეთ თავნი თვისნი შიშსა მას შინა ღმრთისასა, და არცაღა დავსცხრეთ ქებად და გალობად მისა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.  

გუნდი: ამინ.     

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, უფალო იესუ ქრისტე, რომელი-ეგე პირველ საუკუნეთა ნათელი ნათლისაგან, ღმრთისაგან მამისა იშევ ძე ღმრთისაი და, სიტყუაი რაი იყავ, ხორცნი შეიმოსენ ქალწულისაგან წმიდისა მარიამისა, და წესისაებრ სჯულისა ორმეოცისა დღისაი ქალწულისა მიერ დედისა ჩჩვილებრ ტაძრად მიიგვარე, რაითა მიგიქუას შენ ყოველმან სოფელმან, და მართლისა სვიმეონისა მიერ მკერდსა ზედა მიქმული მოგვევლინე საცხოვნებელად ყოველთა ნათესავთა ადამისთა, მართლმსაჯულებითა შენითა სამოთხითგან განძებულისა, გარნა თავად მოხუედ და სისხლითა შენითა განბანენ და აღიხუენ ცოდვაი მისი, და შემოსე რაი ქლამიდითა ცხორებისაითა, გლოვაი ჩუენი გარდასცვალე სახარულად, კუალად განგვიხუენ რაი ბჭენი სამოთხისანი, და ვაქებთ გამოუთქუმელსა გარდამოსლვასა შენსა და დიდსა კაცთმოყუარებასა, რომელმან ზეციერი სახარული მოჰმადლე ძუელსა მას დაცემულსა კაცთა ნათესავსა!

ჰოი,  ვითარ საკვირველ არს და უზეშთაეს დიდებული მისლვაი შენი ტაძარსა, და წმიდისა მის მოხუცებულისა მიერ ღმრთეებრივი მიქუმაი შენი, უფალო, რამეთუ ყოვლადბრწყინვალესა დღესა მას აჩვენე კაცთა თავი თვისი, რაითა სვიმეონისა თანა გიხილონ და განგიცადონ ხელითა, და მკერდსა ზედა მიქუმითა შენითა გიცნან გულითა, ვითარცა ღმერთი მოსრული ხორცითა. აწ ჩუენცა მოვიხსენებთ ღმრთეებრივსა მიქუმასა შენსა და გევედრებით: რაითა იოსებისა და ბრძენთა მათ ქალწულთა თანა სარწმუნოებისა, სიყუარულისა და სიწმიდისა მოტყინარითა ლამპრებითა გამოვიდეთ ჩუენცა მოგებებად შენდა, ზეციერისა სიძისა ჩუენისა და მეუფისა, რაითა ვიხილოთ  ღმრთეებრივი პირი შენი თუალთა მიერ სარწმუნოებისაითა, და მიგიქუათ შენ მკლავთა მიერ სულისათა და შეგიწყნაროთ გულთა შინა ჩუენთა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, რაითა იყო შენ ღმერთი ჩუენი, ხოლო ჩუენ – ერი შენი, და საშინელსა მას დღესა მოსლვისა შენისასა, ოდეს ყოველნი წმიდანი შემოკრბენ შეგებებად შენდა ჰაერთა შინა, ჩუენცა ღირს გვყვენ მოგებებად შენდა, რაითა მარადის ვეგნეთ შენ თანა, უფლისა თანა ჩუენისა და დაუცხრომელად გიგალობდეთ: დიდებაი მოწყალებასა შენსა, დიდებაი მეუფებასა შენსა, დიდებაი განგებულებასა შენსა, მხოლოო კაცთმოყუარე, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელი: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გუაკურთხენ. 

მღდელი: ჩამოილოცავს… 

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაითა, მართლისა სვიმეონისა და ანნა წინაისწარმეტყველისა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

მოვედით, მორწმუნენო, დღესასწაულისა მოყუარენო, და ყოველნი ვიხარებდეთ, რამეთუ მოხუცებული შემოქმედსა ყოველთასა, ვითარცა ჩჩვილსა მიიქუამს და ანნა – დღეს წინაისწარმეტყველად გამოსჩნდების, და ქადაგებს განცხადებულად მოსლვასა უფლისასა ჩუენ კაცთა მომართ, რომელნი მოუკლებელად გიგალობთ ქრისტე ღმერთო და გევედრებით: მოგვუმადლე ჩუენ უძლურებათა შინა განმტკიცებაი, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემაი, და მოგვანიჭე  გულისხმისყოფაი კეთილისა და ბოროტისაი.

ზეციერო დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო ქალწულო მარიამ, მეოხებითა ღმრთისმხილველისა სვიმეონისა და ანნა წინაისწარმეტყველისაითა კეთილად წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

 

შედგენილია თინათინ მჭედლიშვილის მიერ

Exit mobile version