Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

დაუჯდომელი საგალობელი ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა „ყოველთა დედოფლისა“ – „პანტანასად“ სახელდებულისა

პანტანასა

ამ ხატის წინაშე განსაკუთრებულად ევედრებიან დედა ღვთისმშობელს

ეშმაკის მანქანების და ჯადოქრობისაგან განთავისუფლებასა

და სიმსივნითა და სულის დამღუპველ ვნებებით შეპყრობილთა განკურნებას! 

 

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის ).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

დედობრივსა მადლსა შენსა შევრდომილნი თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა `პანტანასას~, და გევედრებით, ყოველთა დედოფალო: ნუ განგვაშორებ წყალობასა შენსა, არამედ კეთილად განაგე ცხორებაი ჩუენი და გვიხსენ ყოველთა სნეულებათა და ჭირთაგან, რომელთა ესე შენდამი დაგვიძს სასოებაი ჩუენი და აღმოვთქუამთ ქებულებათა შენთა: გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

იკოსი 1

ყოველნი ძალნი ზეცისანი და ვატოპედისა სავანისა მონაზონნი მოუკლებელად უგალობენ წმიდასა ხატსა შენსა „პანტანასას“, რომელი ბრწყინავს საკვირველებათა მიერ, ხოლო ჩუენ შეუვრდებით პატიოსანთა პირთა მისთა, და მხურვალედ ვითხოვთ შენგან კურნებასა და სარწმუნოებასა შინა განმტკიცებასა, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და გაქებდეთ წადიერად:

გიხაროდენ, წყაროო ცხოველო, სასიკუდინეთა ცოდვათაგან განმბანელო;

გიხაროდენ, ცუარო, უძლურთა მცხინვარებისა განმაგრილებელო;

გიხაროდენ, ვნებათა არმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;

გიხაროდენ, უკურნებელთა წყლულებათა აღმხოცველო;

გიხაროდენ, ეშმაკის მანქანებათაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ურვეულთა შემწეო და ნუგეშინისმცემელო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 2

სასწაულთა მიერ ელვარობს წმიდაი ხატი შენი „პანტანასა“, უპყრიეს რაი ვატოპედისა სავანესა შესავედრებელად და მფარველად უძლეველად, და ყოველნი მისდა შევრდომილნი იხსნებიან რაი ყოველთა ვნებათაგან, მადლობისა შენდა შემწირველნი ქებასა შეგასხამენ და ადიდებენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2

ჰოი, საკვირველი და მიუწდომელი ძლიერებაი ხატისა ამის შენისა, რომელ გამოაჩინე, დედოფალო, ოდეს მიეახლა მას ჭაბუკი ვინმე – დანთქმული წყუდიადსა  შინა გრძნებისასა, და გამოხდა რაი ელვაი ნათლისაი თუალთაგან შენთა, მეყსა შინა უღირსი იგი, ვითარცა მკუდარი ქვე დააკუეთა, აწ ჩუენცა გვასწავე ჭეშმარიტი სინანული და განგვარინე მზაკუვარებათაგან ეშმაკთაისა, რაითა ღირსებითა და სიწმიდითა ვიდოდეთ და გნატრიდეთ წადიერად:

გიხაროდენ, შენდამი შემოწირული ლოცვისა მოწყალებითა მიმღებელო;

გიხაროდენ, ბოროტთა სულთა მაოტებელო;

გიხაროდენ, ეშმაკის ძალისა შემმუსრველო;

გიხაროდენ, ხელთაგან მისთა განმარინებელო;

გიხაროდენ, ცოდვით დაბნელებულთა გულთა განმანათლებულო;

გიხაროდენ, საღმრთოისა ბრძანებისა ურჩ-ქმნილთა გონიერ-მყოფელო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 3

აჩუენე რაი საკვირველი ძალი ეგე შენი ბოროტად შეპყრობილსა მას ჭაბუკსა, მსწრაფლ შეინანა მან ცოდვანი თვისნი, სძალო ღმრთისაო მარიამ, და ყოვლისა სასოებისა შენზედა დამდებელი დაემკვიდრა ათონსა, რაითა მარადის თაყუანსა სცემდეს წმიდასა ხატსა შენსა, ვითარცა მიზეზსა ხსნისა თვისისასა, და ადიდებდეს შენ მიერ განკაცებულსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

ფრიად განაბრწყინე დიდებაი ქრისტეისი, უბიწოო, არცხვინე რაი ეშმაკთა ყოველთა სახილველად, და გულისხმაყვეს მამათა, ვითარმედ ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო შეწევნისათვის ეშმაკეულთა და ვნებულთა, და ხატსა შენსა უწოდდენ „პანტანასას – ყოველთა დედოფალსა“, აწ ჩუენცა ნუ განგვაშორებ მაცხოვნებელსა მადლსა შენსა, რაითა სულითა და ხორცითა ავღორძინდეთ და არცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა:

გიხაროდენ, დედაო სახიერო, წარწყმედულთა მეძიებელო;

გიხაროდენ, ბოროტად სლვისაგან მომდრეკელო;

გიხაროდენ, შეცდომილთა ქრისტეს სარწმუნოებად მომაქცეველო;

გიხაროდენ, ბრალთა ჩუენთა სიტკბოებითა შემნდობელო;

გიხაროდენ, მონანულთა შემწყნარებელო;

გიხაროდენ, გრძნეულთა უგულისხმოებისა დამშრეტელო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 4

ვითარცა ხარი შენ შემწეი და მფარველი მორწმუნეთაი შემდგომად ღმრთისა, წმიდასა ხატსაცა ამას შენსა აქუს მადლი სულთა და ხორცთა კურნებისაი ძისა მიერ შენისა, და რომელნი შეუვრდებოდენ ღაღადებით: „შეგვიწყალენ ჩუენ, ყოველთა დედოფალო“, მოიღებდენ ლხინებასა და აქებდენ მხსნელსა და მაცხოვარსა სოფლისასა: ალილუია.

იკოსი 4

ხედვიდენ რაი მონაზონნი სასწაულთა მათ, ცნობათა უაღრესთა, აღსრულებულთა წმიდისაგან ხატისა შენისა, სულითა იხარებდენ და ღაღადებდენ: „დაგვიცევ ჩუენ, დედოფალო, და გვიხსენ ყოველთა ურვათაგან“, ეგრეთვე აწ განსაცდელთაგან გარე-შეცულნი გევედრებით: დახსენ ბოროტნი განზრახვანი მწვალებელთა და ქრისტეს მტერთა და მშვიდობაი მოგვეც ყოველთა მოსავთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, სხივცისკროვანო მზეო, მორწმუნეთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, ღმრთეებრივისა სიწმიდისა განმავრცობელო;

გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა და მოღუაწეთა განმამხნობელო;

გიხაროდენ, ბიწთა სულისათა განმწმედელო;

გიხაროდენ, ცხორებისა კარისა განმღებელო;

გიხაროდენ, ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა გამომხსნელო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 5

სიხარულითა დიდითა იშუებდა საძმოი ვატოპედისაი, რამეთუ ექმნა წმიდაი ხატი შენი „პანტანასა“ სიქადულად და მფარველად სავანესა მათსა და განაწესეს რაი დღესასწაული მისი, სიხარულითა გნატრიდენ შენ, დედოფალო, და ქრისტესა – ძესა შენსა აქებდენ, ვითარცა ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 5

სხივთა მადლისა შენისასა მიჰფენდი რაი ათონსა, კრებულნი მამათანი და სამწყსონი მათნი ლოცვად მოვიდოდენ და სასოებითა შევრდომილნი ეძიებდენ შენგან მადლსა და კურნებასა, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეუვრდებით მფარველობასა შენსა, ჰოი, ყოველთა დედოფალო, და მოგიძღუნით შესხმასა ამას და გალობასა:

გიხაროდენ, მთაწმინდის უდაბნოსა შინა სულიერისა სამოთხისა დამნერგველო;

გიხაროდენ, ზოგად-ცხორებულთა სავანეთა ღმრთეებრივითა საფარველითა დამფარველო;

გიხაროდენ, ძმათა შორის მტერობისა დამხსნელო;

გიხაროდენ, ვნებათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისათა აღმხელელო;

გიხაროდენ, უძლურთა განმაძლიერებელო;

გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 6

დიდებულებამან ხატისა შენისამან, ყოვლადწმიდაო, მრავალნი აღძრა თაყუანისცემად და შევრდომად მისდა, და მხურვალედ გევედრებოდენ რაი კურნებასა – ბრმანი აღიხილვიდენ, ყრუთა ესმოდა, მკელობელნი ვიდოდენ, და სიკუდიდ განწირულნი იკურნებოდენ ყოველთა სახილველად, რაისთვისცა სიხარულითა გმადლობდენ შენ, უბიწოო, და აქებდენ ძესა შენსა, ყოვლად ძლიერსა და უძლეველსა: ალილუია.

იკოსი 6

წმიდაი ხატი შენი „პანტანასა“ განითქუა რაი საკვირველთმოქმედებითა, მიისწრაფდენ ყოვლით ქუეყანით კაცნი შევრდომად მისდა, და გევედრებოდენ რაი ხსნასა და ლხინებასა, მსწრაფლ მოიღებდენ შენ მიერ აღსრულებასა კეთილთა თხოვათასა, ხოლო რომელნი არაწმიდათა სულთაგან შეპყრობილნი, გათავისუფლდებოდენ, ყოვლად მოწყალეო დედაო, და გაქებდენ შენ, ვითარცა ყოველთა დედოფალსა:

გიხაროდენ, პატიოსანითა საფარველითა შენითა ყოვლისაგან ბოროტისა დამფარველო;

გიხაროდენ, მოწყურებულთა სულთა უხრწნელებისა წყაროითა დამაურწყებელო;

გიხაროდენ, წყლულებათა დამაცხრომელო;

გიხაროდენ, მშიერთა დამაპურებელო;

გიხაროდენ, მდაბალთა ამამაღლებელო და მზვაობართა დამცემელო;

გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 7

წმიდისაგან ხატისა შენისა მომდინარე მადლი ყოველთა აღძრვიდა რაი თაყუანისცემად მისდა, განამრავლეს მამათა შუენიერნი პირნი მისნი, დედოფალო, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლონი მკურნალნი სულთა და ხორცთაი, და მფარველობასა მათსა შევრდომილთა მარადის მწე-ექმნები და აღძრავ გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 7

ვითარცა მკვიდრნი ათონისანი განშუენდებიან მადლითა მით წმიდისა ხატისა შენისაითა, ეგრეთცა მდინარესა საკვირველებათასა აღმოაცენებ წმიდათა პირთა მიერ მისთა ყოველთა შორის მართლმადიდებელთა, და მხურვალედ თაყუანისმცემელთა ასხურებ რაი ცუართა მადლისა შენისათა, მსწრაფლ მოიღებენ კურნებასა, და არცაღა დასცხრებიან შეწირვად მადლობისა და ქებისა:

გიხაროდენ, მაკურნებელო სალბუნო, აღმასუბუქებელო სალმობათაო;

გიხაროდენ, ათონითგან განმფენელო დაულევნელთა მადლთაო;

გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო დამწუხრებულთა დედათაო;

გიხაროდენ, დაურღვეველო ზღუდეო ქურივთა და ობოლთაო;

გიხაროდენ, მშვიდო ნავთაყუდელო, შემწყნარებელო ბოროტად ღელვა-გვემულთაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ-შემწეო და მკურნალო ყოველთა მოსავთა შენთაო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 8

განთქმულ იქმნა რაი წმიდაი და სასწაულთმოქმედი ხატი შენი „პანტანასა“ ერთა შორის ღმრთისათა, ფრიად შეიყუარეს მამათა ჩუენთა, და განიზრახეს რაი განმრავლებაი მადლისაი, ევედრენ ვატოპედისა იღუმენსა, მოანიჭოს „პირი“ მისი სამწყსოსა ივერთა ეკლესიისასა, რაითა ღირს ვიქმნნეთ შევრდომად კურთხეულისა საუნჯისა და მადლობად და ქებად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა: ალილუია.

იკოსი 8

აჰა, ესერა ღმრთივ-შუენიერი პირი „ყოველთა დედოფლისაი“ კრძალვითა გამოსახეს რაი ათონსა, დიდითა პატივითა მოაბრძანეს ტფილისსა, და სამღდელოთა და ერთა ლიტანიითა და გალობითა დაასვენეს ტაძარსა ქეთევან წამებულისასა, რაითა იყოს შემწე უძლურთა და განსაცდელთა შინა მყოფთა, და სასოებითა მისდა შევრდომილნი არცაღა დასცხრებოდენ შესხმად და გალობად შენდა:

გიხაროდენ, სულიერო ტაძარო ღმრთისა დიდებისაო;

გიხაროდენ, მიზეზო კაცთა ცხორებისაო და თავო ყოვლისა სიხარულისაო;

გიხაროდენ, ცხოველსმყოფელო წყაროო დაულევნელისა მადლისაო;

გიხაროდენ, ხატებაო ზეციერისა სიწმიდისა და სახიერებისაო;

გიხაროდენ, საკვირველთა მიერ კურნებათა აღმავსებელო ქუეყანისა ჩუენისაო;

გიხაროდენ, შემწეო ბერ-მონაზონათა კრებულისაო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 9

ფრიად განაშუენე რაი ივერიაი ახლად-დაწერილისა ხატისა შენისა მოვლინებითა, იგიცა იქმნა უძლურთათვის, ვითარცა წყაროი უკუდავებისაი, და სიყუარულითა აღუშენეს რაი სავანეი მთასა ზედა, ვითარცა ახალი მეტეორა, სახელსა ზედა „პანტანასა – ყოველთა დედოფლისა“, მრავალსახეთა სენთაგან შეპყრობილნი უმეტეის სასოებისა მოიღებენ მის მიერ წყალობასა, და მადლობისა შენდა შემწირველნი ადიდებენ ყოვლად მოწყალესა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

ვითარცა ვატოპედელნი მამანი განსცხრებიან ხატისა შენისა კეთილად მსახურებითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა მოვისწრაფვით ზაჰესის დედათა სავანესა, და თაყუნის-ვჰსცემთ რაი საუნჯესა მას ყოველთა კეთილთასა და უკურნებელთა სენთა აღმხოცველსა, ვითხოვთ შენ მიერ სიმრთელესა და ხსნასა უხილავთა და ხილულთა მტერთაგან, რაითა უვნებელად დაცულნი სულითა ვიხარებდეთ და გნატრიდეთ წადიერად:

გიხაროდენ, საკვირველად აღმადგინებელო მკურნალთაგან დატევებულთაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ აღმხოცველო უკურნებელთა სენთაო;

გიხაროდენ, ხელისაღმპყრობელო მაშურალთაო;

გიხაროდენ, მხცოვანთა განმამხნობელო და განმაბრძნობელო ჭაბუკთაო;

გიხაროდენ, სულიერო საჭურველო ყოველთა მართლმორწმუნეთაო;

გიხაროდენ, განმდევნელო ბოროტმადიდებელთა ზრახვათაო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 10

სიტკბოებითა მოხედე რაი კუართისა შენისა მტვირთველსა ერსა ჩუენსა, საკვირველთმოქმედი ხატი შენი „პანტანასა“ მოგვიბოძე განსარინებელად ყოველთა სავნებელთაგან, და მის მიერ ჰკურნებ რაი სნეულთა, ეშმაკთა განიოტებ და იცევ მხურვალედ შევედრებულთა შენდა, საკვირველსა შეწევნასა შენსა აქებენ, ქრისტეს დედაო, სანატრელო, და მადლსა და დიდებასა მისცემენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10

ვითარცა  ბრწყინვალესა ლამპარსა სასოებისასა ესრეთ გიცნობთ შენ, ჰოი, სახიერო დედაო ჩუენო, რამეთუ კეთილსახელოვანი ხატი ეგე შენი „პანტანასა“ სენთა და განსაცდელთაგან იხსნის სარწმუნოებით მისდა შევრდომილთა და უშურველად გარდამოგვივლენს კურთხევასა და დიდსა წყალობასა, რაითა ღირსებითა და სიწმიდითა ვიდოდეთ გზასა მას ცხორებისასა და მოგიძღუნიდეთ სამადლობელსა გალობასა:

გიხაროდენ, ხედვითა ბრწყინვალისა ხატო-ვნებისა შენისაითა ყოველთა დამატკბობელო;

გიხაროდენ, ამა საუკუნისა უგუნურისა სიბრძნისა მარცხვენელო;

გიხაროდენ, მით დაბრმობილთა წრფელისა გზისა მიმართ წარმმართებელო;

გიხაროდენ, მომთვრალეობისა ვნებითა შეპყრობილთა განმკურვნელო;

გიხაროდენ, ბანგითა ცნობამიღებულთა განმაფხიზლებელო;

გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 11

უწყით რაი მოწყალებათა შენთა სიმრავლეი, გევედრებით სასოებითა მეოხებისა შენისაითა: აწ ჩუენცა შეგვიწყალენ და გვაკურთხენ, ყოველთა დედოფალო, და მოგუანიჭე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი, ხოლო მამული ჩუენი შეუხებელად დაიცევ ზედა დასხმისაგან მტერისა, და  დაეც მხდომნი და წინააღმდგომნი წმიდისა ეკლესიისა ჩუენისა, რაითა სიყუარულითა და მშვიდობით ვცხონდებოდეთ და მარადის ვაქებდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

დედობრივითა მით კადნიერებითა აღასრულებ რაი სულთა და ხორცთა კურნებასა ხატისა მიერ შენისა, აწ ჩუენცა ვიხარებთ და მისა მიმართ მივისწრაფვით, ვითარცა ნავთსაყუდელისა მიმართ კეთილისა, რაითა ვნებათა ჩუენთა ღელვანი დააყუდნო და სოფლისა შფოთითა ყოვლითურთ დანთქუმულნი ღირს-გვყნე ჯერისაებრ შეწირვად შენდა გალობისა:

გიხაროდენ, მეორე მაყუალო შეუწველო, საღმრთოისა ცეცხლისა შემწყნარებელო;

გიხაროდენ, მხურვალედ მვედრებელთა შენდა მსწრაფლ-შემსმენელო;

გიხაროდენ, მოსავთა შენთა მშვიდობითა და სიმტკიცითა გარე-შემზღუდველო;

გიხაროდენ, გულთა შინა ჩუენთა საღმრთოისა შურისა და კრძალულებისა შთამნერგველო;

გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა ზეციერითა სიტკბოებითა შემცვალებელო;

გიხაროდენ, ბუნებითა მრავალმოწყალისა ღმრთისა ჩუენზედა მოწყალე-მყოფელო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 12

მრავალნი უცხონი და საკვირველნი სასწაულნი ქმნა წმიდამან ხატმან შენმან, ჰოი, ყოვლადუბიწოო ღმრთისმშობელო, მოგვეც რაი მფარველად და გამომხსნელად ფიცხელთა სენთა და ვნებათაგან, და წარდგომილნი წინაშე მისსა, გევედრებით წადიერებითა, რაითა შუებაი და სიმრთელეი მოგვანიჭო და აღგვძრა ქებად შენდა და გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

მხედველნი დიდისა მის მადლისა, რომელი მოგვეფინება შენ მიერ, ჰოი, ყოველთა დედოფალო, სიხარულითა განვსცხრებით და გევედრებით: რომელი ეგე საფარველითა თვისითა იცავ შენდა შევრდომილთა, და იხსნი ყოველთა ძვირთა და სენთაგან, აწ ჩუენცა ყოველთა ვნებათაგან დაგვიფარე და ღირს-გვყავ გალობად შენდა სიხარულითა:

გიხაროდენ, მიზეზო ყოვლისა კეთილისაო;

გიხაროდენ, მომცემელო საღმრთოისა სიხარულისაო;

გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ხსნისა მეძიებელთათვის მაჩუენებელო გზისაო;

გიხაროდენ, მსწრაფლ მაოტებელო უხილავთა მტერთა ბანაკისაო;

გიხაროდენ, დამშრეტელო ჩუენზედა სამართლად აღძრულისა ღმრთისა რისხვისაო;

გიხაროდენ, ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეულთა ქართველთათვის მომცემელო ნუგეშისაო;

გიხაროდენ, დედაო და დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო!

კონდაკი 13

ჰოი, სასოო და სიქადულო ჩუენო „პანტანასა – ყოველთა დედოფალო“, აწ შეიწყნარენ სამადლობელნი შესხმანი ესე ჩუენნი, და გარემომზღუდენ ყოვლისაგან ჭირისა და სალმობისა, ხოლო მძაფრთა სენთაგან გვემულთა და არაწმიდა სულთაგან შეპყრობილთა (სახელები) მიჰმადლე უხვი საბოძვარი წყაროისაგან ულევისა მადლისა შენისა, რაითა ყოველნი გულითა ვიხარებდეთ და ვაქებდეთ ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ: იკოსი 1 და კონდაკი 1

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, ყოვლად-მოწყალეო ღმრთისმშობელო! წმიდაი ხატი შენი `ყოველთა დედოფალი – „პანტანასა“, გვივის ჩუენ, ვითარცა სახიერი მკურნალი სულთა და ხორცთაი, და ხელაპყრობით გევედრებით წინაშე მისა: ისმინე აწ მხურვალეი ვედრებაი ჩუენი, და ყოველნი მისდა შევრდომილნი დაგვიფარენ ქუეშე საფარველსა მოწყალებისა შენისასა.

ჰოი, დედაო და დედოფალო ყოველთაო, სძალო ღმრთისაო მარიამ! წყალობასა შენსა შევედრებულნი მოვევლტით ხატსა შენსა „პანტანასას“, რომელ მოგვიღებიეს ათონითგან, და გევედრებით: განპყარ კურნებისა მომნიჭებელნი ხელნი შენნი და სიხარული და სიმრთელეი მიანიჭე ეშმაკთა და უკურნებელთა სენთა მიერ გვემულთა, უძლურნი განაძლიერენ, დავრდომილნი აღადგინენ და მოთმინებაი მიჰმადლე მძვინვარეთა ჭირთაგან ძლეულთა; სასოდ შეუორგულებელად ექნენ უსასოთა და მწუხარებისა წყუდიადსა შინა დანთქმულთა სულთა აღმოუბრწყინვე გამოუთქუმელი ნათელი ღმრთეებისაი და აღავსე შუებითა; სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, გულნი ბოროტნი მოამდოვრენ, კაცთმოყუარებაი განაძლიერე და ყოველნი აღგვავსენ სიყუარულითა და სარწმუნოებითა, ხოლო გონებანი და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხენ, რაითა დაუცადებელად იქმოდენ ნებასა მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტეის ღმრთისასა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია; განანათლენ ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულო ქალწულო, ყოვლად-უბიწოო დედაო ღმრთისაო, მხურვალედ შევრდომილნი წმიდასა ამას ხატსა შენსა, „ყოველთა დედოფალსა“, დიდებისმეტყუელებითა გაქებთ შენ, და გევედრებით: ვითარცა გაქუს ხელმწიფებაი განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაითა, ეგრეთვე აწ მოხედე მწუხარებათა, გარე-მოდგომილთა ჩუენდა, და ევედრე ყოვლადმოწყალესა ძესა შენსა და ღმერთსა, რაითა მოანიჭოს ქუეყანასა ჩუენსა მშვიდობაი და დაიცვას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვათაგან მტერთასა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგვმადლოს ზრახვათა სიწმიდეი, ყოვლად წარმწყმედელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი და დახსნაი მახეთაგან ბოროტისა; ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი და დამკვიდრებაი ზეცისა იერუსალეიმსა, რაითა შენთანა ვადიდებდეთ მას, რომელსა შუენის დიდებაი და პატივი, მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ავტორ-შემდგენელი თინათინ მჭედლიშვილი

 

 

 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ყოველთა დედოფალი“ – „პანტანასა“-ს გარდამოცემანი

ხსენება 31(ძვ.სტ 18) აგვისტო; 3 (ძვ.სტ. 21 აგვისტო) სექტემბერი

 

საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვათოპედის სავანეში დასვენებულია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „ყოველთა დედოფლად“ („პანტანასსა“) წოდებული ხატი, რომელსაც სხვა დავადებებთან ერთად ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებასა და ჯადოსნობისგან გათავისუფლებას შესთხოვენ. XVII ს-ის ხატი დაბრძანებულია მთავარი ტაძრის აღსავლის კართან და ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმიდისაგან. ამ ხატთან ლოცვით, ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნვის შემთხვევები ხშირია.

ხატზე გამოსახულია მეწამულ სამოსში სამეფო ტახტზე დაბრძანებული ქალწული მარიამი, რომელსაც ხელთ ყრმა იესო უპყრია. იესოს მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, მარჯვენა კი მაკურთხებელად აქვს დახრილი. ხატი ღვთისმშობლის გამოსახვის ისეთ იკონოგრაფიულ ხერხს მიეკუთვნება, რომელსაც პანაქრანტას (ბერძნულად უწმინდესს უწოდებენ). ამ სახის ხატებს სხვაგვარად `ყოვლადმოწყალეს” უწოდებენ. პანაქრანტას ხატების საერთო ნიშანს წარმოადგენს ტახტზე დაბრძანებული მარიამი, ყრმა იესოსთან ერთად, სადაც ტახტრევანი ღვთისმშობლის სრულყოფილებისა და ზეციური დიდების სიმბოლოა.

ვათოპედის მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე, ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წ.წ. დააარსა სამმა წარჩინებულმა ადამიანმა – ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. წმ. ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045 წ.) ვათოპედს მეორე ადგილი ეჭირა წმ. მთის მონასტერში, რომელიც დღემდე შეინარჩუნა. XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონიც თავიდან ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდენ, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი.

სერბი მეფის სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობებს შორის, რომელებიც მან XIVს-ში მონასტერს მიუძღვნა, მოიხსენიება სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს. ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს – კატალონელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების შემდგომ აყვავებას არ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველებად მოევლინნენ დასავლელი მბრძანებლები. ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV ს-ის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია.

X ს-ში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი – ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში გადაღებეს) მიეკუთვნება XIV საუკუნეს. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 – გარეთ. მათგან 5 – მიშენებულია ტაძარზე. მონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989 წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას.

მონასტრის საგანძურში პანტანასას გარდა დავანებულია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები: ყოველთა დედოფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. აქ ინახება უამრავი მშვენიერი შესამოსელი და წმინდა ჭურჭელი, ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი. ასევე დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარუსის მახლობლად.

პანტანასა ხატის შესახებ ასეთი გარდამოცემაა შემონახული: თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიახლოებია, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს, ბერების წინაშე სინანულის ცრემლებით მოუნანიებია დანაშაული – ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და ჯადოქრობასა და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ ერთიანად შესცვალა მისი ცხოვრება და იგი ღვთისმოსავი გახდა, რის შემდეგაც, ის ათონის წმინდა მთაზე დასახლდა. იმის მერე აკვირდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ხატი საოცარ ზეგავლენას ახდენდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე, მათ შორის, მათზე, ვისაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. კიბოს, როგორც დაავადებას, უძველესი ისტორია აქვს. გარეგნულად კიბორჩხალას წააგავს, სწორედ ამ მსგავსების გამო, ჰიპოკრატემ მას „კარცინომა“ (ტერმინების „კიბორჩხალა“ და „სიმსივნე“ სინთეზი) უწოდა.

ძველ ქართულ წყაროებში ამ დაავადებას „კირჩხიბს“ უწოდებენ. მაგალითად, X საუკუნის უნიკალურ ნაშრომში „უსწორო კარაბადინი“ ეს სნეულება სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი. შეიძლება სიმსივნის სახელწოდებაც „კიბო” აქედან მოდის. სხვა წყაროების მიხედვით კი კიბოს „კაეშანსა“ და „არამს“ უწოდებდნენ. აქედან მოდის გამოთქმაც, არმად შეგერგოსო.

ეს დაავადება პირველად, ძვ.წ.აღ-მდე, 1600 წელს, ეგვიპტურ პაპირუსზეა აღწერილი. ნაშრომში მითითებულია, რომ კიბოს რამდენიმე სახეა ცნობილი და რომ მისგან განკურნება შეუძლებელია. ძვ.წ.აღ პირველ საუკუნეში რომაელმა ექიმმა ავლიუს კორნელიუს ცელსიუსმა გადაწყვიტა, რომ საწყის სტადიაზე კიბოს მკურნალობა ქირურგიული გზით არის საჭირო, ხოლო ბოლო სტადიაზე საერთოდ, არ ღირს ჩარევა. კიბო ახლაც უკურნებელ დაავადებად მიიჩნევა და ყოველწლიურად უამრავი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამიტომ, მათ მხოლოდ სასწაულის იმედი აქვთ და ამ დაავადების სასწაულებრივი განკურნება არაერთხელ მომხდარა. მათ შორის ღვთისმშობლის მიმართ გულმხურვალე ლოცვის შედეგად. XVII ს-ში, მას შემდეგ, რაც `ყოველთა დედოფლის” მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ შეიტყვეს, დაიწყეს ხატის ზუსტი ასლების დაწერა და მისი სხვა სავანეებში დაბრძანება. ამასობაში „პანტანასამ“ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალმა და მრავალი ადამიანი უმძიმესი დაავადებისგან ამ ხატის მეშვეობით განიკურნა. თავად სახელწოდება „ყოველთა დედოფალი“ საუბრობს ხატის ყოვლისმომცველ ძალაზე. ღვთისმშობლის ამ ხატს გააჩნია უძლიერესი მაკურნებელი საწყისი.

ხატის სხვადასხვა ასლი არსებობს, რომელთაგან ერთი საბერძნეთის უძველეს ქალაქ კავალასთვის შეიქმნა. ხმამ ხატის მიერ ბოროტ ძალთაგან განკურნვნის შესახებ რუსეთამდეც მიაღწია. წმინდა იოანე კრონშტადტელის მოწყალების საზოგადოების თხოვნით (საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში) და მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევით, ყოველთა დედოფლის ხატის ასლი რუსეთისთვისაც შეიქმნა. 1995 წელს ის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს. იმავე წლის შემოდგომაზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი იყო დაბრძანებული, ნელსურნელებით აივსო. ამჯერად ეს ხატი მოსკოვში, ყოველთა წმინდათა ტაძარშია.

ამ სასწაულთმოქმედი ხატის კიდევ ერთი ასლი საქართველოში 2003 წლის 3 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და ავჭალის წმინდა ქეთევანის ტაძარში დააბრძანეს, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდებოდა – მრევლი მას სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განკურნებას შესთხოვდა. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის კვირაში ორჯერ-ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიდა. მამა გიორგის თქმით – „ხატმა უამრავ უძლურ ადამიანს ნუგეშინი სცა, სნეული ადამიანები ფეხზე დააყენა და ბევრს პროგრესირებადი დაავადებები შეუჩერა. ასეთი ფაქტები უამრავია და მადლობა ღმერთს, რომ ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოშია“.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე – ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ყოველთა დედოფალი პანტანასას“ სახელობის დედათა მონასტერი „ახალი მეტეორა ყოველთა დედოფლის სავანე”. მამა გიორგის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: – „2000 წელს, ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას, ვატოპედის მონასტერში გვითხრეს, რომ „პანტანასას ღვთისმშობლის“ ხატს დიდი სასწაულები ჰქონდა მოხდენილი. სურვილი, რომ ამ ხატის ასლი საქართველოშიც ყოფილიყო მას შემდეგ გამიღრმავდა, რაც ჩვენი მრევლის წევრი ონკოლოგიური დაავადებით დასნეულდა. მას კურთხევა მივეცი დასნეულებული ადამიანები ენახა და ხელმოწერები მოეგროვებინა. დაახლოებით 2000 ხელმოწერა მოგროვდა, მასში ჩართული იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს როგორც ავადმყოფები, ასევე ექიმები, თანამშრომლები. შედგა სპეციალური წერილი. მაშინ ქორეპისკოპოსის მოვალეობას მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ასრულებდა. მეუფეს ვთხოვეთ და მისი კურთხევით ეს წერილი ვატოპედში გაიგზავნა, ვითხოვდით რომ საქართველოსთვის დაწერილიყო და ავჭალაში, ქეთევან წამებული ეკლესიაში ჩამობრძანებულიყო „ყოველთა დედოფლის-პანტანასას“ ორიგინალის ასლი. მთაზე მეორედ მომიწია გამგზავრება, წერილი პირადად ვატოპედის იღუმენს, მამა ეფრემს გადავეცი, რომელიც დაგვპირდა რომ ამ თემას აუცილებლად განიხილავდნენ და პასუხს შეგვატყობინებდნენ~. საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.

ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს, თუმცა როცა შესაწირი თანხის ოდენობა შევიტყვეთ, ძალიან შევწუხდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა მდიდარი კვიპროსელი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებს განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან განსაკურნებელ მადლსო.

ტაძარში, სადაც „პანტანასას“ ხატია დაბრძანებული, კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 14 საათზე მისივე სახელობის ეკლესიაში აღევლინება საჯანმრთელო პარაკლისები მძიმე სენით დაავადებულთა საკეთილდღეოდ. უსასყიდლოდ გაიცემა ღვთისმშობლის კანდელიდან ამოღებული ზეთი. მართლაც, ღვთის რწმენით და გულწრფელი ლოცვით, სასწაულები ხდება. „ყოველთა დედოფლის-პანტანასას“ სასწაულთმოქმედი ხატის ძალით ადამიანები მძიმე სენისგან თავისუფლდებიან. სავანეში მიაქვთ მადლიერების წერილები, რომელთაც ვატოპედის მონასტერში გზავნიან. ისინი, პანტანასას ხატთან დაკავშირებით დიდი წიგნის გამოშვებას აპირებენ. მამა გიორგი რაზმაძის კურთხევით მისი მრევლის წევრმა, ოპერატორმა ბესარიონს გაფრინდაშვილმა გადაიღო ფილმი პანტანასას ხატის როგორც ორიგინალზე, ისე საქართველოში ჩამობრძანებულ მის ასლზე.

„პანტანასად“ წოდებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი შეეწიოს სრულიად საქართველოს! ამინ!

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

Exit mobile version