Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

სავედრებელი პარაკლისი პატივად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა „ყოველთა დედოფალი – პანტანასა“

პანტანასა

პანტანასა

ამ ხატის წინაშე განსაკუთრებულად ევედრებიან დედა ღვთისმშობელს

ეშმაკის მანქანების და ჯადოქრობისაგან განთავისუფლებასა

და სიმსივნითა და სულის დამღუპველ ვნებებით შეპყრობილთა განკურნებას! 

 

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის ). დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. (3-გზის)

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმაი 4

გვაცხოვნენ ჩუენ, ყოველთა დედოფალო, მადლისა შენისა მეძიებელნი სურვილითა, და ყოველთა სნეულებათა და ვნებათაგან გამოგვიხსენ მოლტოლვილნი სიხარულისმომნიჭებელისა ხატისა მომართ შენისა, ხოლო სამწყსოი შენი, ყოვლითურთ შენდა მსასოებელი, დაიცევ ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან.

დიდებაი… (იგივე)  აწდა…

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: აღვაღებ პირსა ჩემსა, რაითა აღივსოს სულითა და აღმოთქუას დიდებაი დედისა და დედოფლისაი, და სიხარულითა ვუგალობდე სასწაულთა შენთა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

მოვედით მორწმუნენო, და შეუვრდეთ მოწყალესა დედასა და ყოველთა დედოფალსა „პანტანასას“, რამეთუ უმეტეის სასოებისა ნუგეშინისცემს და კურნებს ყოველთა მწუხარეთა და სნეულთა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვითარცა მაცხოვნებელი წყაროი, ცუარსა მას ნუგეშისასა გარდამოუდინებს წმიდაი ხატი ეგე შენი ღირსებით თაყუანისმცემელთა მისთა და ასუმევს მათ წყალსა ცხორებისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მცნობნი ურიცხუთა საკვირველებათა შენთა, ჰოი, ყოველთა დედოფალო `პანტანასა~, სურვილითა შეგიტკბობთ და გევედრებით, რაითა გვიხსნნე ჩუენ ყოველთა სენთა და ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი, რამეთუ მოჰმადლე შენ სოფელსა საღმრთოი ყრმაი, ქალწული მარიამი, რომელ ყოველთა ტომთაგან აღირჩიე საცხოვნებელად კაცთა ნათესავისა.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ცხოველო და უშურველო წყაროო მგალობელთა შენთაო, სულითა განამტკიცე გუნდი მოსავთა შენთაი, და ღირს ჰყავ გვირგვინსა დიდებისასა ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

საწუთოისა ცხორებისა ნაღველსა და ღელვათა მრავალსახეთა დაატკბობ დედობრივითა მეოხებითა შენითა, უბიწოო, და განსაცდელსა შინა მოგვივლენ შეწევნასა ხატისა მიერ შენისა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, რომელნი შეუვრდებით სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა „პანტანასას“, და გევედრებით: უსძლოო დედოფალო, დაგვიფარენ ყოველთა ძვირთა და ურვათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მხურვალესა შემწესა გევედრებით, ყოველთა დედოფალო, ნათესავთა და მოყუასთა ჩუენთათვის, რაითა უკურნებელთა სენთაგან განჰკურნო, (სახელები) და მიჰმადლო შუებაი და ლხინებაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, ყოველთა დედოფალო, დაგვიფარენ ჩუენ პატიოსანითა ომოფორითა შენითა, და ბნელნი იგი ღრუბელნი ურვათა ჩუენთანი განაქარვე ნათლისმფენელთა სხივთა მიერ მადლისა შენისაისა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

ვითარცა ხარი შენ სასოი და მფარველი ჩუენი შემდგომად ღმრთისა, ეგრეთცა სასწაულთმოქმედი ხატი ესე შენი „ყოველთა დედოფალი – პანტანასა“ გუაქუს ჩუენ, ვითარ უსასყიდლოი მკურნალი სულთა და ხორცთაი, და გევედრებით: შეგვეწიე ვნებათა და ბოროტთა განსაცდელთა შინა დანთქმულთა, და გვიხსენ ყოველთა ძვირთა და სალმობათაგან.

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ოდეს ჭაბუკი ვინმე, დანთქმული წყუდიადსა შინა გრძნებისასა, მიიწია ვატოპედისა სავანესა, შევრდომითა თაყუანისცა წმიდასა ხატსა შენსა „პანტანასას“, და გამოჰკრთა რაი მისგან ელვაი ნათლისაი, ვითარცა უსულოი, ქუე-დააკუეთა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

გულისხმა-ყო ჭაბუკმან, ბოროტისაგან შეპყრობილმან, ვითარმედ ძალი შენი სძლევს უკეთურებათა მტერისათა, და აქებდა შენ მიერ გამოუთქუმელად შობილსა ძესა და ღმერთსა ყოველთასა, მას ევედრე, აწ ჩუენცა დაგვიცვას და განგვარინოს მანქანებათაგან ეშმაკისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საშინელი ძლიერებაი ხატისა შენისაი აჩუენე რაი კაცსა მას ვნებულსა, ცოდვანი თვისნი მსწრაფლ შეინანა, და დემკვიდრა ვატოპედისა მონასტერსა, რაითა ლოცვითა და ღუაწლითა განიწმიდოს თავი თვისი მწიკულისაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, სიყრმითგანვე აღზრდილო ტაძარსა შინა, აწ ჩუენცა ღირს-გვყავ ტაძარსა შინა ღმრთისასა წმიდათა საიდუმლოთა ზიარებისა, საკურნებელად სულთა ჩუენთა, და ჟამსა აღსასრულისასა განგვიხუენ ჩუენ ბჭენი სასუფეველისანი და წარგვიძეღუ ზეციერსა ტაძარსა ძისა შენისასა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შეძრწუნდებიან ყოველნი ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა, რამეთუ შეიწყნარე მუცელსა შენსა ღმერთი ყოველთაი, უქორწინებელო სძალო, და შევ უჟამოი ძეი, რომელმან ყოველთა მგალობელთა შენთა მოგუმადლე მშვიდობაი.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

იხარებდენ მამანი გამობრწყინებასა წმიდისა ხატისა შენისასა, რამეთუ ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო შეწევნისათვის შეცთომილთა და ვნებულთა, აწ ჩუენცა განგვარინე ყოვლისაგან საფრხისა და გვიხსენ ცოდვათაგან.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

აღასრულებდი რაი ნიშთა და კურნებათა ხატისა მიერ შენისა, გულისხმა-ყვეს სავანისა მის მოსაგრეთა, ვითარმედ ხარი შენ მკურნალი დიდი, მფარველი მტკიცეი და ზედამხედველი მათთვის, რომელნი სასოებენ შეწევნასა შენსა და მადლობენ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდაი და ელვარექმნილი ხატი შენი განითქუა რაი ყოველსა ქუეყანასა, მრავალნი მიივლტოდენ ხილვად მისდა, და ეძიებდენ შენგან დაცვასა და წყალობასა, აწ ჩუენცა მოგვანიჭე მადლი, და კურთხევაი, და წარგვიმართე გზისა მიმართ ცხორებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ყოვლადქებულო დედოფალო, ცისკარო, შენ მიერ სულთა ჩუენთათვის აღმობრწყინებულისა ნათლისა მიმართ წარმმართებელო, რომელმან შევ მზეი სიმართლისაი ქრისტე, სიხარული და ხსნაი სოფლისაი.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მოვედით, ღმრთივგანბრძნობილნო, აღვასრულოთ ღმრთეებრივი და ყოვლადპატიოსანი ესე დღესასწაული ღმრთისმშობლისაი, აღვიტყუელნეთ და ვადიდოთ მისგან შობილი ღმერთი.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

განდიდნა რაი ხატი ეგე უძლურთა კურნებითა და განწირულთა აღდგინებითა, მეფენი და მთავარნი ერთა თანა მიისწრაფდენ ხილვად მისდა, და მოიღებდენ აღსრულებასა კეთილთა თხოვათასა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ხედვიდეს რაი მამანი სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა, განამრავლეს პირნი მისნი, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლონი მკურნალნი ყოველთა მათდა შევრდომილთა და მადლობდენ უფალსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ყოვლად დიდებული „პანტანასა“ მიანიჭებს მოსავთა მისთა ნუგეშისცემასა, ეგრეთცა წმიდანი პირნი მისნი სიტკბოებითა შენითა აღმოგვიცენებენ სულთა და ხორცთა კურნებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, ტრედო წმიდაო, და კრაო უბიწოო, გამოუთქუმელად მშობელო საღმრთოისა მის ტარიგისა და მწყემსისაო, ყოველთა ანგელოსთა წესთა უმაღლესო, ევედრე ჩვენთვის ღმრთეებრივსა ძესა შენსა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                

გუნდი: ამინ.

კონდაკი

წარდგომილნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, ლმობიერითა გულითა გიგალობთ შენ, ღმრთისმშობელო, და გევედრებით: დაგვიცევ ჩუენ საფარველითა მადლისა შენისაითა და გვიხსენ სნეულებათა და ჭირთაგან, რაითა ყოველნი სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, მსწრაფლშემწეო და მკურნალო მოსავთა შენთაო!

იკოსი

ანგელოზი მდგომარეი წინაშე პირსა ღმრთისასა ზეცითგან გარდამოხდა და გიხაროდენი უგალობა რაი ყოველთა დედოფალსა, ღმრთისამაუწყებელითა ხმითა უღაღადა: გიხაროდენ, აღსრულებაო საღმრთოისა განგებულებისაო; გიხაროდენ, წყაროო დაუშრეტელო სიხარულისაო და ცუარო მადლისაო; გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა დამხსნელო და დამნთქუმელო ყოველთა ვნებათაო; გიხაროდენ, ყუდროო ნავთასაყუდელო, შემწყნარებელო ტვირთმძიმეთა და მაშურალთაო; გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, მსწრაფლშემწეო და მკურნალო მოსავთა შენთაო!

მღდელი: მოხედენ. სიბრძნით. წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.

დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მოჰმადლე რაი წმიდაი ხატი შენი „პანტანასა“ ათონსა, წყალობისა მისისა შარავანდედითა განათლებულნი ღმრთისმოშიშებითა მივაგებთ პატივსა, ვითარცა სასოსა და ნუგეშინისმცემელსა ჩუენსა და გევედრებით: ყოველთა დედოფალო, მოჰმადლე მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა ძლევაი ურიცხუთა მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი ქრისტეის ღმრთისაგან, და წყალობაი ყოველთა მორწმუნეთა.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ჯუარისა ნინოისა და ჯუარისა მცხეთისაითა; ზეგარდამოქსოვილისა უფლის კუართისა და ღმრთივბრწინვალისა სუეტისა ცხოველისაითა მირონმდინარისა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისა, და წმიდისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარე, ეკატერინე და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედისა ხატისა `პანტანასა~ – ყოველთა დედოფლისაითა~ და ყოველთა წმიდათა და სიწმიდეთა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.        

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: არაი მსახურეს ქმნილებასა უფროის შემოქმედისა ღმრთივგანბრძნობილთა ყრმათა, არამედ ახოვანებითა დათრგუნეს შინებაი ცეცხლითა და სახარულევანნი გალობდენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ვითარცა ხარი შენ სიხარული მთაწმინდელთა, და ნუგეში და სიქადული ვატოპედისა სავანისაი, ეგრეთცა განჰბანე გულნი ჩუენნი ნაკადულთა მიერ მადლისაითა, რომელთა გარდამოგვიდინებ წმიდათა პირთაგან ხატისა შენისაისა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

ეჰა, ვითარ საკვირველ არს ძალი სასწაულთა შენთაი, რომელთა ცხადად იქმ წმიდათა ხატთა მიერ შენთა, რამეთუ მრავალთა ექმენ შემწე ჭირთა და სნეულებათა შინა, და ყოველნი მადლიერებითა გაქებენ და ადიდებენ ქრისტესა, ძესა შენსა და ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფრიად შეიყუარეს რაი მამათა ჩუენთა „პანტანასა“, ევედრენ ვატოპედისა იღუმენსა, მოანიჭოს წმიდაი პირი მისი სამწყსოსა ივერთა ეკლესიისასა, რაითა მარადის იყოს მსწრაფლ-შემწეი და მკურნალი ყოველთა სნეულთა და დავრდომილთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მხოლოო ქმრისა გამოუცდელო ქალწულო მარიამ, უქორწინებელად დაიტიე რაი გარე-შეუწერელი ღმერთი წიაღსა შენსა, გაბრიელ მთავარანგელოსისა თანა გიღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ღმრთისმოსავნი ყრმანი სახუმილსა შინა იხსნა ღმერთმან, რომელ შობად იყო ღმრთისმშობელისაგან, აკურთხევდით უფალსა ყოველნი საქმენი მისნი და უგალობდით მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

მსგავსად ღმრთივმავალისა ვარსკულავისა მოევლინა რაი შუენიერი პირი ხატისა შენისაი ტფილისსა, მამანი სამწყსოთა თანა მიეგებნეს სასოებითა, და გალობითა დააბრძანეს ქეთევან წამებულის ტაძარსა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

საცნაურად განბრწყინდა ქუეყანასა ჩუენსა დიდებული „პანტანასა“, და იქმნა რაი უძლურთათვის, ვითარცა საუნჯეი მადლისაი, აწ განწმიდე მწიკულნი ცოდვათა ჩუენთა და გვიხსენ მძვინვარე სენთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიყუარულითა აღგიმართეს რაი სავანეი მთასა მას ზედა ზაჰესისასა, ვითარცა ახალი მეტეორა, – სახელსა ზედა „პანტანასა – ყოველთა დედოფლისა“, ხატი ეგე დააბრძანეს ტაძარსა, და ყოველნი გევედრებიან შეწევნასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მიძინებასა სოფელი არაი დაუტევე, ღმრთისმშობელო, არამედ მარადის ჩუენ თანა ჰგიებ და მდიდრად გვიწყაროებ სიმხნევესა და ნუგეშსა, რომელნი სახებასა შენსა ამბორს უყოფთ და უგალობთ და ვადიდებთ ღმრთეებრივსა ძესა შენსა.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: იშუებდით ნაშობნი ქუეყანისანი, და იხარებდით ყოველნი უსხეულონი ზეცისანი, რომელნი პატივის-ჰსცემთ წმიდასა ამას დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა და ხმობდით ღაღადებით: გიხაროდენ, ყოველთა დედოფალო, უბიწოო და მარადის ქალწულო.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

უნათლეს მზისა ბრწყინავს რაი წმიდაი ხატი ესე შენი სასწაულთა ელვითა, კრძალვითა გმსახურებენ მონაზონნი, და მღდელთა თანა პარაკლისითა და გალობითა გავედრებენ რაი ვნებულთა, მარადის ისმენ ლოცვასა მათსა და აღხოც სენთა და სალმობათა.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ყოველთაო, დაგვიცვენ და დაგვიფარენ ჩუენ.

აჩუენე რაი მსწრაფლი იგი შეწევნაი შენი ვითარცა სავანესა მას შინა მოღუაწეთა, ეგრეთვე მუნ ლოცვად მოსწრაფეთა, წლითი-წლად აღასრულებენ ხსენებასა ხატისა შენისასა, უბიწოო, და ღმრთისმსახურებითა ჯეროვანითა ადიდებენ სახიერებასა შენსა და სიწმიდესა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუტეოთ აწ, ქართველნო, მწუხარებაი, ვითარმედ ხატი ესე ყოველთა დედოფლისაი, რომელსა მარადის ჭურეტენ მონაზონნი ათონისნი, გამოჩნდების ხსნად ერისა ჩუენისა მძვინვარეთა სენთაგან და ყოვლისაგან ჭირისა, და შევუვრდეთ მფარველობასა მისსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გნატრიან შენ ყოველნი ნათესავნი ქრისტეანეთანი, რამეთუ მოხედა უფალმან სიმდაბლესა შენსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და ყო რაი შენ თანა დიდებული ძლიერმან, განიხარა სულმან შენმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა შენისა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღვდელმან აკმიოს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, სავანესა მას ყოველთა დედოფლისასა, რაითა ღირს ვიქმნნეთ ჩუენცა შევრდომად კურთხეულისა ამის საუნჯისა, და მის მიერ მადლისა მიმღებელნი უფალსა შევსწირვიდეთ დიდებასა და ქებასა.

მივისწრაფოთ, ყოველნო ქართლოსიანნო, თაყუანისცემად და შევრდომად ხატისა მის, საკვირველად განთქუმულისა, რამეთუ ყოველთა შევედრებულთა მისდა იცავს საფარველითა თვისითა და დაატკბობს ჭირთა და სენთა სიმწარესა.

უშურველად გარდამოავლენ რაი ჩუენ ზედა წყალობასა შენსა სასწაულთმოქმედითა ხატითა შენითა, სათნო-იჩინე და სიმრთელეი მიჰმადლე ფიცხელთა სენთაგან ტანჯულთა და მკურნალთაგან დატევებულთა, (სახელები), რაითა სიხარულითა გმადლობდენ შენ, ჰოი, ყოველთა დედოფალო, და ადიდებდენ ღმერთსა.

წმიდასა და სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა შევრდომილნი, ღმრთისმშობელო, შენდა შევსწირავთ ვედრებასა, ვითარცა დიდსა მფარველსა და შემწესა შენდა წილხვდომილისა ერისასა, რაითა აწ დაიფარო სამწყსოი შენი, მაჭირვებელთა ვნებათაგან და ეშმაკთა საცთურთაგან.

ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი გადიდებენ შენ, ვითარცა ყოველთა ნათესავთა უზეშთაესსა, ხოლო ჩუენ, მსასოებელნი წმიდისა ამის ხატისა შენისანი, დედად განკაცებულისა უფლისა გქადაგებთ, ყოვლად უბიწოდ, და მართლმადიდებლობითა უღაღადებთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმო-ყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.       

გუნდი: ამინ.   

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, დედათა შორის კურთხეულო, ყოვლად-მოწყალეო ღმრთისმშობელო! წმიდაი ხატი შენი „ყოველთა დედოფალი – პანტანასა“, გვივის ჩუენ, ვითარცა სახიერი მკურნალი სულთა და ხორცთაი, და ხელაპყრობით გევედრებით წინაშე მისა: ისმინე აწ მხურვალეი ვედრებაი ჩუენი, და ყოველნი მისდა შევრდომილნი დაგვიფარენ ქუეშე საფარველსა მოწყალებისა შენისასა.

ჰოი, დედაო და დედოფალო ყოველთაო, სძალო ღმრთისაო მარიამ! წყალობასა შენსა შევედრებულნი მოვევლტით ხატსა შენსა „პანტანასას“, რომელ მოგვიღებიეს ათონითგან, და გევედრებით: განპყარ კურნებისა მომნიჭებელნი ხელნი შენნი და სიხარული და სიმრთელეი მიანიჭე ეშმაკთა და უკურნებელთა სენთა მიერ გვემულთა, უძლურნი განაძლიერენ, დავრდომილნი აღადგინენ და მოთმინებაი მიჰმადლე მძვინვარეთა ჭირთაგან ძლეულთა; სასოდ შეუორგულებელად ექნენ უსასოთა და მწუხარებისა წყვდიდსა შინა დანთქმულთა სულთა აღმოუბრწყინვე გამოუთქუმელი ნათელი ღმრთეებისაი და აღავსე შუებითა; სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, გულნი ბოროტნი მოამდოვრენ, კაცთმოყუარებაი განაძლიერე და ყოველნი აღგვავსენ სიყუარულითა და სარწმუნოებითა, ხოლო გონებანი და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხენ, რაითა დაუცადებელად იქმოდენ ნებასა მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტეის ღმრთისასა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარენ და განაძლიერენ მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი (სახელი); განანათლენ ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ-ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულო ქალწულო, ყოვლად-უბიწოო დედაო ღმრთისაო, მხურვალედ შევრდომილნი წმიდასა ამას ხატსა შენსა „ყოველთა დედოფალსა“, დიდებისმეტყუელებითა გადიდებთ შენ, და გევედრებით: გაქუს რაი ხელმწიფებაი განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისათა, აწ მოხედე მწუხარებათა, გარე-მოდგომილთა ჩუენდა, და ევედრე ყოვლადმოწყალესა ძესა შენსა და ღმერთსა, რაითა მოანიჭოს ქუეყანასა ჩუენსა მშვიდობაი და დაიცვას სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვათაგან მტერთასა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგვმადლოს ზრახვათა სიწმიდეი, ყოვლად წარმწყმედელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი და დახსნაი მახეთაგან ბოროტისა; ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი და დამკვიდრებაი ზეცისა იერუსალეიმსა, რაითა შენთანა ვადიდებდეთ მას, რომელსა შუენის დიდებაი და პატივი, მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).  

გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცოს.   

გუნდი: ამინ.

ერისკაცი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დასდებელი ხატის მთხვევასა ზედა

ყოვლად საკვირველი და მადლმოსილი ხატი შენი „ყოველთა დედოფალი – პანტანასა“, მხსნელად და შესავრდომელად მოჰმადლე რაი ყოველთა მწუხარეთა, მძაფრთა სენთაგან შეპყრობილთა და ეშმაკთა მიერ ბოროტად გუემულთა, აწ ჩუენცა ნუ გვიტევებ შთაფლვად უფსკრულსა უსჯულოებისასა, და გვიხსენ ყოვლისაგან ჭირისა და სულთა და ხორცთა ვნებულებათაგან.

წინაშე ხატისა მის შენისა წარდგომილ ვართ ლმობიერად მორწმუნენი, ჰოი, დედაო, და დედოფალო ყოველთაო, და გევედრებით: ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ განგვკურნე და დახსენ მანქანებაი ეშმაკთაი და წინააღმდგომთა ჩუენთაი.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ყოველთა დედოფალი“ – „პანტანასა“-ს გარდამოცემანი

ხსენება 31(ძვ.სტ 18) აგვისტო; 3 (ძვ.სტ. 21 აგვისტო) სექტემბერი

 

საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვათოპედის სავანეში დასვენებულია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „ყოველთა დედოფლად“ („პანტანასსა“) წოდებული ხატი, რომელსაც სხვა დავადებებთან ერთად ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებასა და ჯადოსნობისგან გათავისუფლებას შესთხოვენ. XVII ს-ის ხატი დაბრძანებულია მთავარი ტაძრის აღსავლის კართან და ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმიდისაგან. ამ ხატთან ლოცვით, ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნვის შემთხვევები ხშირია.

ხატზე გამოსახულია მეწამულ სამოსში სამეფო ტახტზე დაბრძანებული ქალწული მარიამი, რომელსაც ხელთ ყრმა იესო უპყრია. იესოს მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, მარჯვენა კი მაკურთხებელად აქვს დახრილი. ხატი ღვთისმშობლის გამოსახვის ისეთ იკონოგრაფიულ ხერხს მიეკუთვნება, რომელსაც პანაქრანტას (ბერძნულად უწმინდესს უწოდებენ). ამ სახის ხატებს სხვაგვარად `ყოვლადმოწყალეს” უწოდებენ. პანაქრანტას ხატების საერთო ნიშანს წარმოადგენს ტახტზე დაბრძანებული მარიამი, ყრმა იესოსთან ერთად, სადაც ტახტრევანი ღვთისმშობლის სრულყოფილებისა და ზეციური დიდების სიმბოლოა.

ვათოპედის მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე, ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წ.წ. დააარსა სამმა წარჩინებულმა ადამიანმა – ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. წმ. ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045 წ.) ვათოპედს მეორე ადგილი ეჭირა წმ. მთის მონასტერში, რომელიც დღემდე შეინარჩუნა. XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონიც თავიდან ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდენ, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი.

სერბი მეფის სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობებს შორის, რომელებიც მან XIVს-ში მონასტერს მიუძღვნა, მოიხსენიება სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს. ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს – კატალონელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების შემდგომ აყვავებას არ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველებად მოევლინნენ დასავლელი მბრძანებლები. ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV ს-ის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია.

X ს-ში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი – ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში გადაღებეს) მიეკუთვნება XIV საუკუნეს. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 – გარეთ. მათგან 5 – მიშენებულია ტაძარზე. მონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989 წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას.

მონასტრის საგანძურში პანტანასას გარდა დავანებულია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები: ყოველთა დედოფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. აქ ინახება უამრავი მშვენიერი შესამოსელი და წმინდა ჭურჭელი, ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი. ასევე დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარუსის მახლობლად.

პანტანასა ხატის შესახებ ასეთი გარდამოცემაა შემონახული: თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიახლოებია, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს, ბერების წინაშე სინანულის ცრემლებით მოუნანიებია დანაშაული – ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და ჯადოქრობასა და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ ერთიანად შესცვალა მისი ცხოვრება და იგი ღვთისმოსავი გახდა, რის შემდეგაც, ის ათონის წმინდა მთაზე დასახლდა. იმის მერე აკვირდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ხატი საოცარ ზეგავლენას ახდენდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე, მათ შორის, მათზე, ვისაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. კიბოს, როგორც დაავადებას, უძველესი ისტორია აქვს. გარეგნულად კიბორჩხალას წააგავს, სწორედ ამ მსგავსების გამო, ჰიპოკრატემ მას „კარცინომა“ (ტერმინების „კიბორჩხალა“ და „სიმსივნე“ სინთეზი) უწოდა.

ძველ ქართულ წყაროებში ამ დაავადებას „კირჩხიბს“ უწოდებენ. მაგალითად, X საუკუნის უნიკალურ ნაშრომში „უსწორო კარაბადინი“ ეს სნეულება სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი. შეიძლება სიმსივნის სახელწოდებაც „კიბო” აქედან მოდის. სხვა წყაროების მიხედვით კი კიბოს „კაეშანსა“ და „არამს“ უწოდებდნენ. აქედან მოდის გამოთქმაც, არმად შეგერგოსო.

ეს დაავადება პირველად, ძვ.წ.აღ-მდე, 1600 წელს, ეგვიპტურ პაპირუსზეა აღწერილი. ნაშრომში მითითებულია, რომ კიბოს რამდენიმე სახეა ცნობილი და რომ მისგან განკურნება შეუძლებელია. ძვ.წ.აღ პირველ საუკუნეში რომაელმა ექიმმა ავლიუს კორნელიუს ცელსიუსმა გადაწყვიტა, რომ საწყის სტადიაზე კიბოს მკურნალობა ქირურგიული გზით არის საჭირო, ხოლო ბოლო სტადიაზე საერთოდ, არ ღირს ჩარევა. კიბო ახლაც უკურნებელ დაავადებად მიიჩნევა და ყოველწლიურად უამრავი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამიტომ, მათ მხოლოდ სასწაულის იმედი აქვთ და ამ დაავადების სასწაულებრივი განკურნება არაერთხელ მომხდარა. მათ შორის ღვთისმშობლის მიმართ გულმხურვალე ლოცვის შედეგად. XVII ს-ში, მას შემდეგ, რაც `ყოველთა დედოფლის” მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ შეიტყვეს, დაიწყეს ხატის ზუსტი ასლების დაწერა და მისი სხვა სავანეებში დაბრძანება. ამასობაში „პანტანასამ“ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალმა და მრავალი ადამიანი უმძიმესი დაავადებისგან ამ ხატის მეშვეობით განიკურნა. თავად სახელწოდება „ყოველთა დედოფალი“ საუბრობს ხატის ყოვლისმომცველ ძალაზე. ღვთისმშობლის ამ ხატს გააჩნია უძლიერესი მაკურნებელი საწყისი.

ხატის სხვადასხვა ასლი არსებობს, რომელთაგან ერთი საბერძნეთის უძველეს ქალაქ კავალასთვის შეიქმნა. ხმამ ხატის მიერ ბოროტ ძალთაგან განკურნვნის შესახებ რუსეთამდეც მიაღწია. წმინდა იოანე კრონშტადტელის მოწყალების საზოგადოების თხოვნით (საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში) და მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევით, ყოველთა დედოფლის ხატის ასლი რუსეთისთვისაც შეიქმნა. 1995 წელს ის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს. იმავე წლის შემოდგომაზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი იყო დაბრძანებული, ნელსურნელებით აივსო. ამჯერად ეს ხატი მოსკოვში, ყოველთა წმინდათა ტაძარშია.

ამ სასწაულთმოქმედი ხატის კიდევ ერთი ასლი საქართველოში 2003 წლის 3 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და ავჭალის წმინდა ქეთევანის ტაძარში დააბრძანეს, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდებოდა – მრევლი მას სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განკურნებას შესთხოვდა. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის კვირაში ორჯერ-ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიდა. მამა გიორგის თქმით – „ხატმა უამრავ უძლურ ადამიანს ნუგეშინი სცა, სნეული ადამიანები ფეხზე დააყენა და ბევრს პროგრესირებადი დაავადებები შეუჩერა. ასეთი ფაქტები უამრავია და მადლობა ღმერთს, რომ ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოშია“.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე – ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ყოველთა დედოფალი პანტანასას“ სახელობის დედათა მონასტერი „ახალი მეტეორა ყოველთა დედოფლის სავანე”. მამა გიორგის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: – „2000 წელს, ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას, ვატოპედის მონასტერში გვითხრეს, რომ „პანტანასას ღვთისმშობლის“ ხატს დიდი სასწაულები ჰქონდა მოხდენილი. სურვილი, რომ ამ ხატის ასლი საქართველოშიც ყოფილიყო მას შემდეგ გამიღრმავდა, რაც ჩვენი მრევლის წევრი ონკოლოგიური დაავადებით დასნეულდა. მას კურთხევა მივეცი დასნეულებული ადამიანები ენახა და ხელმოწერები მოეგროვებინა. დაახლოებით 2000 ხელმოწერა მოგროვდა, მასში ჩართული იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს როგორც ავადმყოფები, ასევე ექიმები, თანამშრომლები. შედგა სპეციალური წერილი. მაშინ ქორეპისკოპოსის მოვალეობას მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ასრულებდა. მეუფეს ვთხოვეთ და მისი კურთხევით ეს წერილი ვატოპედში გაიგზავნა, ვითხოვდით რომ საქართველოსთვის დაწერილიყო და ავჭალაში, ქეთევან წამებული ეკლესიაში ჩამობრძანებულიყო „ყოველთა დედოფლის-პანტანასას“ ორიგინალის ასლი. მთაზე მეორედ მომიწია გამგზავრება, წერილი პირადად ვატოპედის იღუმენს, მამა ეფრემს გადავეცი, რომელიც დაგვპირდა რომ ამ თემას აუცილებლად განიხილავდნენ და პასუხს შეგვატყობინებდნენ~.

საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.

ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს, თუმცა როცა შესაწირი თანხის ოდენობა შევიტყვეთ, ძალიან შევწუხდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა მდიდარი კვიპროსელი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებს განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან განსაკურნებელ მადლსო.

ტაძარში, სადაც „პანტანასას“ ხატია დაბრძანებული, კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 14 საათზე მისივე სახელობის ეკლესიაში აღევლინება საჯანმრთელო პარაკლისები მძიმე სენით დაავადებულთა საკეთილდღეოდ. უსასყიდლოდ გაიცემა ღვთისმშობლის კანდელიდან ამოღებული ზეთი. მართლაც, ღვთის რწმენით და გულწრფელი ლოცვით, სასწაულები ხდება. „ყოველთა დედოფლის-პანტანასას“ სასწაულთმოქმედი ხატის ძალით ადამიანები მძიმე სენისგან თავისუფლდებიან. სავანეში მიაქვთ მადლიერების წერილები, რომელთაც ვატოპედის მონასტერში გზავნიან. ისინი, პანტანასას ხატთან დაკავშირებით დიდი წიგნის გამოშვებას აპირებენ. მამა გიორგი რაზმაძის კურთხევით მისი მრევლის წევრმა, ოპერატორმა ბესარიონს გაფრინდაშვილმა გადაიღო ფილმი პანტანასას ხატის როგორც ორიგინალზე, ისე საქართველოში ჩამობრძანებულ მის ასლზე.

„პანტანასად“ წოდებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი შეეწიოს სრულიად საქართველოს! ამინ!

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

Exit mobile version