პეტრე-პავლობის მარხვა
პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.
ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – შვიდი დღე.
სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი:
“სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმინდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმ. მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია.
მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახ. სტილით – 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს კი წმინდა ეკლესია იხსენებს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედეს ძეს, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მატეს იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს, იგივე თადეოზს, სვიმონ მოშურნესა და მატათას. ამავე დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ მრავალდღიან მარხვას ძველად “ერგასის შემდგომს” ანუ სულთმოფენობის, აღდგომის ორმოცდამეათე დღის შემდგომს უწოდებდნენ. იგი ჯერ კიდევ თვით მოციქულებს დაუწესებიათ.
სულთმოფენობის შემდგომ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის. ისინი ურიცხვ სასწაულებს აღასრულებდნენ. სნეულებს ხელის შეხებით კურნავდნენ. აგრეთვე სცხებდნენ წმინდა ზეთს, რის შემდეგაც მორწმუნე ადამიანი განიკურნებოდა სნეულებისგან და მრავალი ავადმყოფობისგან. წმინდა მოციქულები არამარტო სიტყვით მოძღვრავდნენ ადამიანებს, არამედ უმთავრესად საქმით აღასრულებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას.
პეტრე მოციქულს თვით მაცხოვარმა უწოდა კლდე და აღუთქვა ამ კლდეზე ეკლესიის აშენება. კლდე თვით მოციქულ პეტრეს სარწმუნოება იყო. სწორედ კლდესავით შეუვალი და მყარი იყო მოციქული პეტრე. მართალია, მან უფალი სამგზის უარყო, მაგრამ პეტრე ამავდროულად მაცხოვრის მხურვალე სიყვარულის გამო ადამიანური ბუნებით საკუთარ თავში დაჯერებული აღმოჩნდა, მაცხოვარს ის არავის დაანებებდა და ვინც ხელს აღმართავდა მაცხოვარზე მას თავად პეტრე გაუსწორდებოდა. აქედან გამომდინარე, მაცხოვარმა ბრწყინვალე მაგალითი მოგვცა იმის შესახებ, რომ საკუთარი ძალით ადამიანი უძლურია, თუ არ ახლავს მას უფლისგან კურთხევა. ასეთი საქმე რაგინდ სიყვარულით იყოს წამოწყებული, ყოველთვის ცუდად დამთავრდება.
პეტრე მოციქული ამის შემდეგ ღრმა სინანულმა შეიპყრო. ის გამცემი იუდასავით კი არ მოიქცა და თავი კი არ ჩამოიხრჩო, არამედ გადგა ცალკე და მწარედ ტიროდა. ეს სინანული მას ცხოვრების ბოლომდე არ განელებია. მას ცრემლისგან ღაწვზე ღარი გაუჩნდა და ამიტომაც ხატებზე ის ცრემლით დაღარული გამოისახება.
პავლე მოციქული სიყვარულის ზღვა არის. ყოველი მისი ეპისტოლე (წერილი), ცხადად მეტყველებს მის დიდ სიყვარულზე ღვთისა და ადამიანების მიმართ. ვერცერთმა საღმრთო მწერალმა ისე ვერ გადმოსცა და აღწერა თუ რა ძალა აქვს ქრისტესმიერ სიყვარულს, როგორც მან. თუ სიყვარული არ გაქვს, წერს წმინდა მოციქული პავლე, “რაგინდ ვწინასწარმეტყველებდეთ და ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება ვიცოდეთ, რწმენაც რომ გვქონდეს იმ ზომის, რომ მთა ვაბრუნოთ და გადავიდეს თავის ადგილიდან, ამას თუ სიყვარული არ ახლავს, ანგელოზთა ენაზეც რომ ვლაპარაკობდეთ, ფასი არ ექნება არაფერს”.
ეს არის უმთავრესი ღირსება წმინდა მოციქულთა პეტრესი და პავლესი.
სხვა უფრო დიდ ღირებულებებთან ერთად, რომლებიც ნათელი მაგალითია ადამიანის, რომელიც დამოწაფებია უფალს და საღმრთო გზაზე სურს იაროს. ამის გამოა, რომ წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სულთმოფენობის დღესასწაულის შემდგომ მათი ხსენება დააწესა და მარხვა დაადგინა. ეს მოხდა ესპანეთის 517 წლისა და ტრულის (სვეტს ნიშნავს) 582 წლის საეკლესიო კრებაზე.
თავდაპირველად პეტრე-პავლობოის მარხვა მხოლოდ ერთ კვირას გასტანდა. მერე კი, როდესაც მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე უნდა ემარხულათ. პეტრე-პავლობის მარხვას თვით მოციქულთა განწესებასაც იხსენიებს. “სულთმოფენობის” შემდგომ ერთი შვიდეული იზეიმეთ და ამის შემდეგ იმარხულეთო. როგორც წმ. ეკლესიის მამები ამბობენ, ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებაში, – ორმოცდღიან მარხვაში, ასევე ბედნიერგვყო თავისი ბრწყინვალე აღდგომით, ამაღლებით და სულთმოფენობით. ხოლო ამ მხიარულ დღეთა საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს.
ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XI ს.) მიუთითებს რომ, პეტრე-პავლობის დღესაწაულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც ვალდებულნი არიან იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან (ეკლესიიდან).
კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VIს.) საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიბიკონებში.
პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული კი ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება, ასე რომ, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის მაქსიმუმ 6 კვირა გასტანს, მინიმუმ – 7 დღე.
პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა. ჩვენთან, საქართველოში, მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ მისი ლოცვა-კურთხევით პეტრე-პავლობის წმ. მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.
მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო მარხვის შემსუბუქება, კურთხევას იღებს მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ იმ გაუგებრობას, თვითნებურ მარხვას რომ სდევს ხოლმე თან.
ქეთი ჭელიძე