ახალი აღთქმა
თავები 1–3
წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქცია
პეტრეს
თავი 1
1სჳმეონ-პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა.
2მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა!
3რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა;
4რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა.
5და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა – მეცნიერებაჲ,
6და მეცნიერებისა შინა – მარხვაჲ, მარხვასა შინა – მოთმინებაჲ, მოთმინებისა შინა – ღმრთის მსახურებაჲ
7და ღმრთის მსახურებასა შინა – ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა – სიყუარული.
8რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა.
9ხოლო რომელსა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ.
10ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ იგი თქუენი და რჩეულებაჲ; რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე.
11არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა,
12რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა.
13ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა.
14უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე.
15და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვსა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ.
16რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა.
17რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისსა ესევითარისგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
18და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა.
19და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ; რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ, თუ ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა.
20ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების.
21რამეთუ არ ნებითა კაცთაჲთა მო-სადამდე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი.
პეტრეს
თავი 2
1იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა.
2და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის.
3და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა ჰრულის.
4უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად.
5და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვე ნოე, სიმართლისა ქადაგი, დაჰმარხა და წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია.
6და ქალაქები იგი სოდომელთა და გომორეველთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა.
7და მართალი ლოთ, დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მრავალთაგან, იჴსნა.
8რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღედ სული იგი მისი მართალი უშჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა.
9იცის უფალმან ღმრთის მსახურთა მათ განსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს.
10უფროჲს-ღა, რომელნი-იგი კუალსა მას ჴორცთა გულის თქუმისასა სიბილწით შეუდგან და უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, კადნიერნი და თავჴედნი, დიდებათათჳს არა ძრწიან, არამედ ჰგმობენ.
11სადა-ღა ანგელოზნი, რომელნი ძლიერებითა და ძალითა უფროჲს არიან, არა მოაწევენ მათ ზედა საშჯელსა გმობისასა უფლისა მიერ.
12ხოლო ესენი, ვითარცა პირუტყუნი საცხოარნი, შობილნი ბუნებით მოსასრველად და განსარყუნელად, რომელთა-იგი უმეცარ არიან, ჰგმობენ, ხრწნილებასა მათსა შინა განიხრწნენ.
13და მოიღონ სასყიდელი სიცრუისაჲ. გულის თქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღე შუებისაჲ. შეგინებულნი და ბილწნი იშუებენ საცთურსა შინა მათსა და თქუენ თანა-შეგცხრებიან.
14თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა და აცთუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, შვილნი წყევისანი.
15დაუტევეს წრფელი იგი გზაჲ, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა.
16მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ
17ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს.
18რამეთუ გარდარეულად ამაოებისა ზრახვითა მიიზიდვენ გულის თქუმასა ჴორცთა ბილწებისასა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით ლტოლვილ არიან და რომელნი-იგი საცთურსა შინა იქცევიან.
19თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თჳთ მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.
20რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა.
21უმჯობეს იყო მათდა, ეცნავე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა.
22შეემთხჳა მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა.
პეტრეს
თავი 3
1აჰა ესერა, საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა
2მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა.
3ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაჲსკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი
4და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ.
5რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
6რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა.
7ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა.
8ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე.
9არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულ-გრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ.
10ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ.
11რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით.
12და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაიჴსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ.
13ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს.
14ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ, და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისა პოვნად მშჳდობით.
15და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა.
16ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა.
17თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა.
18არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისა დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ.