Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

28 მაისი. ღირსი პიროს ბრეთელი (VI)

პიროს ბრეთელი

ღისრი პიროს ბრეთელი

15 მაისი (28 მაისი)

 

ტროპარი:
მოციქულებრივი სრბაი აღასრულე, მო-რაი-ხვედ ქუეყანასა ჩუენსა, ღმრთეებრივო ხატო სინანულისაო და შემომკრებელო გარემო შენსა მეძიებელთა საღმრთოისა მადლისათაო, რომელმან ღუაწლითა შენითა განაბრწყინვე ერი ქართველთაი, ღირსო მამაო პიროს ბრეთელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. ჩამოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად და დააარსა ქართლში ბრეთის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია.

წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. აქ იგი ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა მის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული.

როგორც ცნობილია, VI საუკუნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ “ასურელი მამები” – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეული მოღვაწეების ცხოვრების წიგნები დაიწერა. ზოგიერთ მათგანში წარმოდგენილია ასურელი მამების სახელთა ნუსხა, სადაც მოიხსენიება მამა პიროსიც, ერთგან მხოლოდ სახელით, ხოლო მეორეგან მისი მოღვაწეობის ადგილიც მითითებულია – პიროს ბრეთელი.

ბრეთელები პიროსის საფლავს მთავარი ეკლესიის ცენტრში თვლიან, სადაც ერთ საფეხურად ამაღლებული საკურთხევლის წინ მდებარეობს დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა. დღეს არსებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებიდანაა. მისი ჩრდილოეთ მინაშენი თავდაპირველად დამოუკიდებელ მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანებით ერთიან ნაგებობად იქცა.

 

2005 წლის, წმინდა სინოდის განჩინებით, დაწესდა წმინდა პიროს ბრეთელის ხსენების დღე – 15 მაისი (ძვ. სტ.), 28 მაისი (ახ. სტ.).

Exit mobile version