სამასი არაგველი

ღვაწლი და თავდადება კრწანისის ბრძოლაში მოწყვეტილთა წმიდათა სამასთა არაგველთა და სასულიეროთა და საეროთა პირთა, სპარსთა მიერ თბილისში მოკლულთა (1795)

სამასი არაგველი

24 სექტემბერი

(ძვ.სტ. 11 სექტემბერი)

ტროპარი

იყვენით რაი უძლეველ გონებითა და მოუდრეკელ სულითა, ჰოი, წმიდანო სამასნო არაგველნო, დასდეთ თავი მეფისათვის და მამულისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და დაგვამტკიცოს კლდესა მას ზედა მცნებათა თვისთასა.

ტროპარი

ქებით შეგამკობთ უსჯულოთა მიერ ტფილისს ვნებულთა – მხედართა, სამღდელოთა და ერთა, და შემწედ მიგავლენთ წინაშე ღმრთისა, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი, და ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს ზედა მოსლვათაგან მტერისა.

 

 

1794 წელს სპარსეთის ტახტზე მრავალწლიანი, დაუნდობელი შინაომების შემდეგ ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი აღამაჰმადხანი ადის. მან მთელს კავკასიაზე მოინდომა ბატონობა, თუმცა ქართლკახეთის სამეფო და ზოგიერთი სახანო ხელს უშლიდა ამ განზრახვის აღსრულებაში. მან ელჩად ზიათხანი გამოგზავნა  და მეფე ერეკლეს მოსთხოვა, `რათა წარუვლინოს თვალი ძვირფასი ნადირშაისაგან ნაქონი, უკუდგეს რუსეთსა, აღიაროს მფარველად, ვითარცა ძველად, სპარსეთი და მისცეს მძევლები~. შეწუხდა მოხუცი მეფე და კარისკაცებთან ითათბირა. მაშინ მემკვიდრე გიორგიმ შესთავაზა, რომ თვით იგი წარავლინოს ყაენთან წყალობის სათხოვნელად, თავის უფროს ძე დავითთან ერთად, რომელსაც მძეველად დაუტოვებდა ყაენს და ამით ქვეყანას გადარჩენდა, მაგრამ ეს აზრი არ მოეწონა დარეჯან დედოფლს, რომელსაც ეშინოდა, რომ უფლისწული გიორგი `სპარსთა ჯარითა არ გამეფდეს მამამისის სიცოცხლეშივეო და მეფეს უარი ათქმევინა. ასევე სხვებმაც არ მოიწონეს ეს აზრი, როგორც წინააღმდეგი რუსეთთან დადებული ტრაქტატისა. მეფემ ყაენის ელჩს განუცხადა: „მრავალჯერ ვართ მოტყუებული სპარსთაგანსარწმუნოება ჩვენი ვერ დაგვაკავშირებს სპარსეთსა; მიმიცია სიტყვა და წერილითი პირობა ვიყო კავშირითა მტკიცითა შეკრული რუსეთისა ხელმწიფესთან, რომელიც არის ერთისა სარწმუნოებისა ჩემთან მექონი, ერთისა ეკკლესიისა შვილი, ერთისა ხმითა მქადაგებელი ღვთისამე მყავს გვერდით ჯარი ჩემი და ჯარი რუსეთისა. მანამ ერევნიდამ აქ მოვა ჯარი ყაენისა, ჯარი რუსეთისა უფრო ადრე შემოვა თფილისს“.

სპარსელებს, ერეკლეს გარდა ყარაბაღის, განჯისა და ერევნის ხანებიც არ ემორჩილებოდნენ. ამიტომ აღამაჰმად ხანმა 1795 წლის ზაფხულის დასაწყისში ჯარების მობილიზაცია დაიწყო. ამის გამო, ქართლკახეთის სამეფოშიც დაწყებულა შესაბამისი მზადება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია მკვლევართათვის აქამდე უცნობი ორი დოკუმენტი, რომლებიც ერეკლე II-ის მიერ აღამაჰმად ხანის აგრესიის მოსაგერიებლად გატარებული თავდაცვითი ღონისძიებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ. ერეკლე II აზნაურ ქაიხოსრო მურვანიშვილისადმი გაგზავნილი წერილის დასაწყისში ეხება ყარაბაღის სახანოში გაგზავნილი ალექსანდრე ბატონიშვილის რაზმის ჯარისკაცებითა და სურსათით მომარაგებას, ჯაშუშების სათანადო ადგილებზე განწესებასა და სხვა საკითხებს. მეფის გეგმის მიხედვით 1795 წლის ივნისში უნდა შეკრებილიყო ქართლკახეთის ბარისა და მთის მოსახლეობიდან, დაახლოებით, 15-20-ათასკაციანი არმია. იმერეთის და დაღესტნელთა ჯარის ჩათვლით 1795 წლის ივნისის ბოლოსათვის სამეფო კარი უკვე შეკრებილ და დაბარებულ ჯართან ერთად სულ, დაახლოებით, 25000 კაცის მობილიზებას აპირებდა. დარჩია ბებუთაშვილის კერძო წერილიდან ვინმე ისაიასადმი ჩანს, რომ ერეკლე II-ის 14 ივნისის წერილში აღნიშნული გეგმა ხორციელდებოდა. . ბებუთაშვილი ადასტურებს, რომ 1795 წლის ივნისის ბოლოსათვის ყარაბაღის სახანოს დასახმარებლად ერეკლე II- ორ ეტაპად, მინიმუმ, 7000 კაცი გაგზავნა ალექსანდრე და იულონ ბატონიშვილების, ოთარ ამილახვრისა და იოანე მუხრანბატონის სარდლობით. იბრეიმ ხანისა და ქართლკახეთის გაერთიანებულმა ჯარმა, ბუტკოვის ცნობით, 1795 წლის ივნისში გაანადგურა აღამაჰმად ხანის მიერ ყარაბაღის დასამორჩილებლად გაგზავნილი 10 000 კაციანი ჯარი. წერილის ბოლოს აღნიშნულია, რომ, ყარაბაღის სახანოში გაგზავნილი ჯარის გარდა, თბილისში `დიდრონი ჯარები~ გროვდებოდა. წერილის კონტექსტიდან კარგად ჩანს, რომ `დიდრონ ჯარებში~ ბებუთოვი დაღესტნისა და იმერეთის ჯერ კიდევ მოუსვლელ ჯარებს არ გულისხმობდა. ბებუთოვის განმარტებით, დაღესტნის ჯარებს სრულად უახლოეს დღეებში მოელოდნენ და იმერლებიც 30 ივნისისათვის უკვე ქართლში უნდა ყოფილიყვნენ მისულნი. ცხადი ხდება, რომ 1795 წლის ივნისის ბოლოსათვის ერეკლე II- მხოლოდ ქართლკახეთიდან, დაახლოებით, 14-15 000 კაცის მობილიზება მოუხდენია. ყარაბაღიდან ახლად დაბრუნებული ალექსანდრე ბატონიშვილი უკვე 8 ივლისს მობილიზებას უკეთებს მის მიერვე ყარაბაღიდან ჩამოყვანილ მომთაბარე ელებს, ყაზახსა და შამშადილუში[როსსეტ, 1857: 550].

ჯარების სრული მობილიზების ფაქტზე მეტყველებს, აგრეთვე, ერეკლე II-ის ბრძანებას გლახა ჭავჭავაძისადმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავის საგამგებლო ტერიტორიაზე მოსახლე თითოეული ოჯახიდან ერთი კაცი უნდა გამოიყვანოს და 30 ივნისს მეფესთან გამოცხადდნენ. ცხადია, ანალოგიური ბრძანებები ეძლეოდა ქართლკახეთის სამეფოს ყველა მოურავსა და სამხედროსამობილიზაციო რგოლს. ერეკლეს წერილში აღნიშნული იყო, რომ ჯარებს მოელოდნენ იმერეთიდან და დაღესტნიდან. დადასტურებული ფაქტია, რომ იმერეთის ჯარები ივლისის თვეში მართლაც ჩამოვიდნენ თბილისში და კრწანისის ბრძოლაში 2000 კაციც მონაწილეობდა. ეს წყაროები ადასტურებენ დაღესტნელ მთიელთა დაქირავების ფაქტსაც.ფრანგი ორიენტალისტისა და ქართველოლოგის, მარი ბროსეს გამოქვეყნებულ ერთ დოკუმენტში 1795 . ივლისში ფიქსირდება დაქირავებული ჯარი. როგორც ჩანს, 1795 წლის ივნისივლისში ერეკლე II-, დაახლოებით, 20 000 კაციანი არმიის მობილიზება მოუხერხებია. ამავე დროს ერეკლემ ყარაბაღის ხანს სამხედრო დახმარებასთან ერთად 120 000 მანეთი გაუგზავნა. იბრეიმ ხანმაც რამდენიმეათასკაციანი ჯარის მობილიზება შეძლო. საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი ერევნის სახანოც.

აღამაჰმად ხანმა 70 ათასიანი არმია შეკრიბა და მათ დასასჯელად გამოემართა. განჯის ხანი უმალვე მიემხრო სპარსელებს. ჩანს, აღამაჰმად ხანი მოერიდა ერეკლეს, იბრეიმ ხანისა და ერევნის ხანის გაერთიანებული ძალების წინააღმდე ბრძოლას. თბილისზე ლაშქრობის ნაცვლად, რისი შესაძლებლობაც მას ივლისში ჰქონდა, განჯის ხანის უკვე გარკვეული პოზიციის გამო, მან ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ჩრდილოეთით, ყუბისკენ გაუშვა, მეორეერევნის ხანის დასასჯელად გაგზავნა, მესამე ნაწილს, დაახლ. 20-25 ათას მებრძოლს, თავად უსარდლა და ყარაბაღისკენ დაიძრა. ერევნის ხანიც შეშინდა და მორჩილება აღუთქვა მტერს.

ივანე ჯავახიშვილი (საქართველოს საზღვრები გვ-38) აღნიშნავს, რომ `სომეხმა კათალიკოსმა ლუკამ საქართველოს ასაოხრებლად 1795 წელს მომავალ სპარსეთის შაჰს აღამაჰმად ხანს, ალბათ შიშით, „სამხედრო ხარჯების დასაფარავად 100 ათასი მანეთი მისცა“, და სთხოვა ერევანი არ დაერბია. თავის მხრივ, რუსეთის ჯარების დახმარების გარეშე ვერც ერეკლე მეფემ გაბედა იბრეიმ ხანთან გაერთიანება და მტერთან გენერალური ბრძოლის ყარაბაღშივე გამართვა. აღამაჰმადხანი ბრძოლით შევიდა ყარაბაღში და 8 ივნისს  მიუვალ, კლდოვან მთაზე აგებულ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა. ყარაბაღის ხანი იბრაჰიმი თავისი ჯარით ციხეში შეიკეტა. რამოდენიმე თვის წინ ყარაბაღისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა სპარსელთა ჯარის ნაწილები დაამარცხეს, ამიტომ მას სპარსელთაგან დანდობის არავითარი იმედი არ ჰქონდა. ალყა თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა. ირანის მმართველი თბილისზე ლაშქრობას განზრახ აჭიანურებდა. არც შუშის ციხეზე მიჰქონდა გადამწყვეტი იერიში და ერევანში მყოფ სარდლობასაც უბრძანებდა, რომ, შესაძლებლობის მიუხედავად, არ აეღოთ ერევნის ციხე  და არც ხანი დაეპატიმრებიათ.

ტაქტიკური თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად სწორი პოზიცია. აღამაჰმად ხანმა კარგად იცოდა, რომ დროის გაჭიანურებით საბრძოლო უპირატესობას დაეუფლებოდა, რადგან ერეკლე დიდი ხნით ჯარებს ვერ შეინახავდა. იგი ამავე დროს მოადუნებდა ქართველთა ყურადღებას და მათ წარმატების ილუზიას შეუქმნიდა. ამასობაში ერეკლემ მოღალატე განჯის ხანის წინააღმდეგ ალექსანდრე და იულონ ბატონიშვილები გაგზავნა. აგვისტოს დასაწყისში მათ განჯა დაარბიეს. ამ ლაშქრობაში დაქირავებული დაღესტნელი მთიელებიც მონაწილეობდნენ [როსსეტ, 1857: 550].

კავკასიაში რუსების სარდალ გუდოვიჩთან ფარული მოლაპარაკებების შემდეგ აღამაჰმად ხანი დარწმუნდა, რომ რუსები ქართველებს აღარ მიეხმარებოდნენ, 8 აგვისტოს შუშის ციხეს ალყა მოხსნა და უკან დაიხია, რითაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, მისი არმია სუსტი იყო. ამ ამბავს თბილისში სიხარულით შეხვდნენ. ერთერთი დოკუმენტის ფრანგულ თარგმანში აღნიშნულია, რომ `აღამაჰმად ხანმა უკან დაიხია, როგორც ლტოლვილმა (დეზერტირმა), დატოვა ორი ზარბაზანი, კარვები, დროშები, სამხედრო აღჭურვილობა, ყუმბარები, ტყვია და დენთი და გაემართა ხუდაფრენის ხიდისაკენ (მდინ. არაქსის მიმართულებით)[როსსეტ,1857: 550].

როგორც ჩანს, აღამაჰმად ხანის მოჩვენებითმა წარუმატებლობამ თავისი შედეგი გამოიღო და ქართველებმა სიფხიზლე მოადუნეს. ამავე დროს, ერეკლეს რუსეთიდან დამაიმედებელი ცნობები მოსდიოდა. კავკასიის ხაზის გენერალი გუდოვიჩი გამორიცხავდა ირანელთა თბილისზე ლაშქრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ერეკლეს დახმარებას ჰპირდებოდა. თანაც ზამთარი ახლოვდებოდა. ქართველთა სარდლობა დარწმუნდა, რომ სპარსელები ამჯერად თბილისზე სალაშქროდ აღარ მოდიოდნენ და ჯარების დიდი ნაწილი დაითხოვა. ამ დროს უნდა დაეთხოვათ იმერელთა ის დაჯგუფება, რომელსაც ქაიხოსრო წერეთლი ხელმძღვანელობდა, დაღესტნელები (რომლებიც კრწანისის ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ) და ქართლკახეთის ჯარების ნაწილები. ამას ადასტურებს კრწანისის ბრძოლის მომსწრის, თბილისელი სომხის, სერობ რგიჩის, ნაშრომი „აღამაჰმად ხანის მიერ 1795 წლის 11 სექტემბერს დედაქალაქ თბილისის (ფაიტაკარანის) გადაწვის მოკლე ისტორია“, რომელიც კრწანისის ბრძოლიდან რამდენიმე თვეში დაიწერა. წყაროში პირდაპირაა აღნიშნული, რომ ერეკლე II- 1795 წლის ზაფხულში თავისი ჯარები დაშალა [სერობ რგიჩი, 1991: 119].

მეფე ერეკლემ მხოლოდ 2000-კაციანი იმერეთის სამეფოს ჯარი და 2500 კაცამდე საკუთარი ჯარის ნაწილები დაიტოვა ერევნის სახანოში მყოფი სპარსული ნაწილების გასადევნად. აგვისტოს ბოლოს ერეკლე სოლომონ II-სთან ერთად ერევნისაკენ გაემართა. ყარაბაღის ხანმა იბრაჰიმმა ყაზახში მისულ მეფეს შეატყობინა, რომ თბილისისაკენ ყაჯარი საჭურისი მიიჩქაროდა. და ისიც სასწრაფოდ უკან დაბრუნებული 6 სექტემბერს თბილისში შევიდა, თუმცა მისი დაცვის გასაძლიერებლად ძალზე ცოტა დრო რჩებოდა.

აღამაჰმადხანი განჯაში შეჩერდა და თავის ჯარს განჯისა და შაქის ჯარიც შემოუერთა, მერე კი 35 ათასიანი ლაშქრით, იმ დროისათვის წარმოუდგენელი სიჩქარით, თბილისისაკენ წამოვიდა და 7 სექტემბერს მდინარე ხრამის ნაპირთან წითელ (გატეხილ) ხიდს მოუახლოვდა. თვითმხილველები სპარსელთა ჯარის რაოდენობას ზღვის ნაპირზე მოფენილ ქვიშას ადარებდნენ. წითელ ხიდთან ერეკლეს ორასი მეომარი ჰყავდა დატოვებული. მტრის მეწინავე, მრავალრიცხოვან რაზმებთან თავდაუზოგავი შეტაკების შემდეგ, ორმოცდაათამდე დაღუპული და დაჭრილი მებრძოლი დატოვეს ქართველებმა და უკან დაიხიეს. სპარსელები ჯერ მდინარე ხრამის პირას დაბანაკდნენ, მოწინავე რაზმები კი თბილისისაკენ წამოვიდნენ და 8 სექტემბერს იაღლუჯას მთის მიდამოებში გამოჩდნენ. მეფე ერეკლეს მიერ გაგზავნილი, დაზვერვაზე წამოსული ქართველთა 12 კაციანი რაზმი სწორედ აქ შეეფეთა მათ. ქართველებმა მიუხედავად მტრის სიმრავლისა, უკან არ დაიხიეს და 11 მათგანი გმირულად შეაკვდა მტერს. ცოცხლად გადარჩენილი რაზმის უფროსი გორჯასპი ნათალიშვილი თავისივე მოკლული სპარსელის თურქმანულ ცხენს მოახტა, თბილისისაკენ გამოიქცა და ერეკლეს მტრის მოახლოვების ამბავი აუწყა. თბილისის მცხოვრებნი შეშფოთდნენ, მათმა ნაწილმა ქალაქიდან გახიზვნა დაიწყო. დარეჯან დედოფალიც თბილისელ დიდგვაროვნებთან ერთად მთიულეთში გაიხიზნა, რამაც პანიკა გამოიწვია ქალაქში. ქართველებთან ერთად, თავის გადასარჩენად მთიულეთისაკენ გარბოდა ყაზახის, შამშადილუსა და ბორჩალოს მაჰმადიანი მოსახლეობის ნაწილი, სომეხთა დიდი რაოდენობა.

აღამაჰმადხანი მტკვრის მარჯვენა ნაპირთან, თბილისიდან დაახლოებით 7 კილომეტრის მანძილზე, სოღანლუღის ველის განაპირას, როგორც მაშინ ეძახდნენსარვანის მინდორზე დაბანაკდა და ეს ადგილი ძლიერი სანგრებით გაამაგრა.

9 სექტემბერს სპარსელთა ჯარის ნაწილები სოღანლუღს მიუახლოვდნენ, მათი მოძრაობა ალბათ უფრო დაზვერვით ხასიათს ატარებდა. სოღანლუღის ბაღებში ქართველები იყვნენ გამაგრებულნი, მათ ჯერ ახლოს მიუშვეს მტერი, მერე კი ზარბაზნის და თოფების ცეცხლი დაუშინეს, ჯერ კიდევ გონზე მოუსვლელ მტერს ხმალდახმალაც დაერივნენ, დაედევნენ და დიდად დაზარალებული მათი რაზმი თავიანთი ბანაკისაკენ გარეკეს. სპარსელებმა სამარცხვინო გაქცევის მიზეზად ქართველთა ჯარის სიმრავლე დაასახელეს და ხმა დაყარეს, რომ სოღანლუღის მხრიდან თბილისში შესვლა შეუძლებელი იყო. მართლაც ძნელი და საშიში იყო თბილისაკენ მიმავალი, ვიწრო საქარავნო გზის გადალახვა. ამიტომ, 10 სექტემბრს, თბილისზე თავდასხმა აღამაჰმადხანმა შინდისტაბახმელას მხრიდან გადაწყვიტა, სადაც კუმისის ტბის გვერდის აქცევით, წალასყურთელეთის მიდამოდანთელეთის ქედის გადავლით უნდა მოხვედრილიყვნენ. აქედან პირდაპირ კრწანისის ველზე შეიძლებოდა დაშვება და მერე სეიდაბადის გავლით აბანოთუბანს მიადგებოდნენ. გადმოცემის მიხედვით, თელეთშინდისტაბახმელას გზით თბილისზე მისვლის მოხერხებულობა, სპარსელთა მხარეს მყოფმა, ყარაბაღელმა სომეხმა მელიქებმა აბომ და მეჯნუნმა აცნობეს აღამაჰმადხანს, რადგან ისინი ერეკლეზე და მის მოკავშირე ყარაბაღის ხანიბრაჰიმზე ყოფილან განაწყენებულნი, და ამიტომ მათ წინაამღდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ შაჰს. მათ გვერდით იდგა ადრე ქართველთა ერთგული და სანახევროდ თბილისში, ერეკლესთან გაზრდილი განჯის ხანიჯავადიც.

სპარსელთა ჯარმა, მელიქ მეჯნუნის სარდლობით, კუმისის ტბას გვერდი აუარა და წალასყურთელეთის გავლით თელეთის ქედის ფერდობებს აუყვა, ტაბახმელაში ავიდა და შინდისტაბახმელას მიდამოებიდან კრწანისის ველისაკენ დააპირა დაშვება. მათი ლაშქარი 4-5 000 მებრძოლისაგან შედგებოდა. კრწანისის ველი ანუ კრწანისის ვაკე, თბილისში, თელეთისა და თაბორის ქედებს შორის არსებულ სამკუთხედის ფორმის ტერიტორიას მოიცავს. მისი ფუძე მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიჰყვება, წვერი კი შინდისტაბახმელასკენაა მიმართული, წვერის მიდამო მთიანი და კლდოვანია. ამჟამად ამ ტერიტორიაზე განლაგებულია: სამთავრობო აგარაკები, ოფთალმოლოგიური ცენტრი, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, . გულიას მოედანი და სხვ. შინდისტაბახმელადან დაშვებული, ასევე სოღანლუღის მხრიდან ვიწრო საქარავნე გზით შემოსული მტრის ლაშქარი ამ ვაკის გავლის გარეშე თბილისისაკენ ვერ წამოვიდოდა. თუ აქამდე მოაღწევდნენ, მერე უკვე იოლი იყო თბილისის ციხესთან მისვლა.

როდესაც ქართველებმა მტრის ასეთი გადაადგილება შეამჩნიეს, სოღანლუღის გზის დაცვას თავი დაანებეს და შინდისტაბახმელას მიდამოებს მიაშურეს. სოღანლუღთან იოანე ბატონიშვილი დარჩა მცირე რაზმით. ქართველთა ჯარის მეთაური დავით ბატონიშვილი არტილერიით შინდისტაბახმელას მიდამოებში იყო გამაგრებული. დავითმა თელეთის ქედის ჩრდილო ფერდობებიდან კრწანისის ველისაკენ დაშვებულ მტერს ცოტა დააცადა წინ წამოსვლა, მერე კი ერთბაშად დააყარა თოფზარბაზნების ცეცხლი. ქვემოთ, კრწანისის ველის ვაკიან ადგილებში, მტერს თავიანთი რაზმებით ელოდნენ ოთარ ამილახვარი, იოანე მუხრანბატონი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, იმერლები ზურაბ წერეთლის მეთაურობით. მათი რაზმები, სავარაუდოდ 3 000 კაცის შემადგენლობით ისე განლაგდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთი შეეცვალათ და გაემაგრებინათ.

ერეკლე სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა  სოლომონ მეორესთან ერთად. ეს სარეზერვო რაზმი ათასხუთასამდე მეომარს ითვლიდა. მათ შორის იყო ხუთასი იმერელი. ერეკლეს გვერდიდან არ შორდებოდა მისი ერთგული თათრების 200 კაციანი ჯგუფი. მათი მიზანი იყო, რომ თუ კი მტერი მოაღწევდა კრწანისის ველის ვაკე ადგილებამდე, მერე სეიდაბადისაკენ არ გაეშვათ და დაეცვათ თბილისში შემავალი გზა. თითქმის 4 საათს იგერიებდა დავით გიორგის ძის არტილერია შინდისტაბახმელას და თაბორის ქედს შორის არსებულ მიდამოებში თელეთის მხრიდან გადმოსულ მტერს და დიდ ზიანს აყენებდა მის მოწინავე რაზმებს, მაგრამ აღამაჰმადხანი ახალახალ, დასვენებულ მეომრებს უშვებდა წინ და მიუხედავად დიდი დანაკარგისა, შეძლო ქართული არტილერიის წინაამღდეგობის გადალახვა და თანდათან მიუახლოვდა კრწანისის ველის ქვედა მიდამოს.

ერეკლე მეფე არ ჩქარობდა, მაგრამ როცა სპარსელები მის რაზმებს მოუახლოვდნენ, 75 წლის ერეკლე ცხენს შეაფრინდა და თავის მედროშეს შესძახა: „აზატ ხანის დამმარცხებელი ბაირაღი აქ მაიტა“, ბაირაღი აიღო და თავის მეომრებს მიმართა: უკან მომყევითო. ბაირაღზე ერთ მხარეს წმ, გიორგი იყო გამოსახული რომელსაც ვეშაპი გაეგმირა შუბით, მეორეზე კი ღვთისმშობელი თავისი ძით. ამ ბაირაღით შევარდა ერეკლე შუა ბრძოლაში და მომხვდურებს დაერია. მას მეფე სოლომონიც მიჰყვა. გამხნევებული ქართველები ლომებად იქცნენ და მტერს თავგამოდებით შეუტიეს. „აოტნეს მრავალნი და მრავალი სპარსი მოსრეს მას დღესა შინა“.

10 სექტემბრის ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. „შეიქმნა ომი ფიცხელი და მოსცა ღმერთმან ძლევაY მეფეს ირაკლის მრავალგზის გამარჯვებულსა და მრავალგზის ღვთისგან დაცულსა ბრძოლასა შინა და იმ დღეს მრავალი მტერი დახოცეს და მრავალი ყიზილბაშის თავიც მოართვეს. ვიდრე მწუხრამდე იყო ბრძოლა და სიღამემან განყარა” (თეიმურაზ ბატონიშვილი). მტრის ცოცხლად გადარჩენილმა მეომრებმა დღის ბოლოს უკან დაიხიეს, მთის გადაღმა, თელეთისაკენ გადავიდნენ და თავიანთ ბანაკს მიაშურეს. მეფე ერეკლე და სოლომონ მეორე გამარჯვებულნი დაბრუნდნენ ქალაქში, ბრძოლის ველზე მორიგე რაზმები დატოვეს. მტრის დამარცხების ამბის გაგებამ იმედი ჩაუსახა თბილისელებს, მაგრამ ნაადრევი იყო ეს სიხარული, მოღალატე სომხებმა თბილისში პატიმრად მყოფი სპარსეთის ელჩი გააპარეს და წასასვლელად გამზადებული აღამახმად ხანი უკან შემოაბრუნეს. დაწვრილებით მოახსენეს საჭურისს ქართველ მეომართა რაოდენობა, არტილერიის განლაგება და თავდაცვითი ნაგებობების პოზიციები. სიხარულისგან აღარ სძინებია იმ ღამეს უსჯულოს.

გათენდა ავბედითი 11 სექტემბერი. ძალები რაოდენობრივად მეტად უთანასწორო იყო. ორდღიანი ბრძოლის შემდეგ სპარსელთა ჯარი სულ ცოტა, ხუთექვსჯერ მეტი იყო ქართველთა ჯარზე, ზარბაზნებიც საკმაოდ ჰქონდათ. აღამაჰმადხანმა თავისი ლაშქარი 14 ნაწილად დაყო, უკან 6 ათასი თურქმენი ჩაუყენა და უბრძანა უკანდახეული სპარსელი მებრძოლები ადგილზე გაენადგურებიათ. მან გადაწყვიტა, რომ შეტევა თბილისზე სარვანის მინდორზე თავმოყრილი სრული ძალებით ორივე მხრიდან განეხორციელებინა. ამისათვის 5 ათასამდე კაცი, ისე, როგორც წინა დღეს, თბილისთან ზურგიდან მისავლელად თელეთის მიმართულებით გაგზავნეს. შაჰმა კი, ძირითადი ძალებით სოღანლუღის ვიწრო, კლდოვან ფერდობებზე განლაგებულ საქარავნე გზით გადაწყვიტა თბილისისაკენ წამოსვლა და თავად ჩაუდგა სათავეში ამ ლაშქარს. ჯარის სხვა ნაწილებს მისი ერთგული სარდლები მეთაურობდნენ. სოღანლუღის ვიწროებიდან შესული და შინდისტაბახმელადან დაშვებული სპარსელთა ჯარი კრწანისის ველზე უნდა გაერთიანებულიყო და ძირითადი შეტევაც აქედან დაიწყებოდა, მტრის ჯარის ნაწილი კი სოლოლაკის მხრიდან და თაბორის ქედის ფერდობებიდანაც დაეშვებოდა თბილისისაკენ.

თბილისზე შეტევა 7 საათზე დაიწყო. სპარსელები რიცხობრივად ბევრად მეტნი იყვნენ ქართველებზე, რომელნიც 6 000 არ აღემატებოდენ. იმ ათას მთიელ მეომარს შორის, რომლებიც ტფილისში არაგვის განმგის, ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის მეთაურობით 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ, არაგველებიც იყვნენ. [არაგვი ოთხია (ზოგი წყაროთი ექვსი): მთიულეთისა (თეთრი), გუდამაყრის (შავი), სოფელ ქისტაურთან ფშავის არაგვი და ხევსურეთის არაგვი ერთდებიან. მთიულეთის, ანუ ძირითად მდინარეს ფშავის არაგვი ჟინვალთან უერთდებოდა. ყველა ამ მდინარეთა ხეობებში მცხოვრებთ, რა თქმა უნდა, უფლება ჰქონდათ არაგველებად წოდებულიყვნენ, მაგრამ 1795 წლისათვის ისტორიული წყაროების მიხედვით, არაგველებად მხოლოდ მთიულეთისა და გუდამაყრის არაგვის ხეობის მცხოვრებნი სახელდებიან. ესე იგი, ვახტანგ ბატონიშვილის რაზმი შედგებოდა თუშფშავხევსურთა და არაგველთაგან. თავად არაგველები კი იყვნენ: მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოელები, ჭართლის თემის მცხოვრებნი და მცირედი მოხევეები (. ითონიშვილი), რიცხვით სამასნი. იაკობ გოგებაშვილი მათსამას გლეხს“ უწოდებს. მთიულეთს ბატონი არ ჰყოლია, ის მეფეს (ან მის დანიშნულ განმგეს) ემორჩილებოდა. საერთოდ, მთიელნი ლომისის ტაძრის ყმებად იწოდებიან. როცა მათ მეფე შიკრიკის პირით იხმობდა, არაგვის ხეობის მებრძოლები იკრიბებოდნენ ნაღვარევის ეკლესიაში (დუშეთის რაიონში ერთი პატარა სოფელია, არაგვს გაღმაგამოღმა მთებს შუა ხეობას შეფენილი, სოფლის ბოლოს, XII საუკუნის პატარა ტაძარი დგას. ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ნაღვარევი არის არა მოსახლეობით სავსე სოფელი, არამედ „მეფეთა მოსასვენებელი ალაგი“. ნაღვარევის ეკლესია მხოლოდ ამ ფაქტით არ არის უნიკალური. უცნობია, რომელ საუკუნეში, თუმცა დადასტურებულია, რომ ტაძარი 2 კმით მაღლა იდგა. შემდეგ მეწყერმა ეკლესია მოწყვიტა და იქ ჩამოიტანა, სადაც ახლა დგას. სოფლის სახელინაღვარევი, ნიაღვრებსა და მეწყერს უკავშირდება. ამიტომაც უწოდებენ მთიულები ამ წმინდა ადგილს „ნიაღვრით მობრძანებულ ეკლესიას“.) და აქ დებდნენ სამშობლოს ერთგულების ფიცს, რადგან დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებდნენ ლომისის მთის წვერზე ასვლას. ამ ჯერზეც ნაღვარევის ეკლესიაში შეუფიციათ ერთმანეთისთვის არაგველებს: „თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილ იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო: ან გამარჯვება მტერზე, ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო“. გადმოცემის თანახმად, კრწანისის ველისკენ წასვლამდე არაგველმა მებრძოლებმა ხატს ბარძიმი შესწირეს. ეს ცნობა დასტურდება ჯანაშიას მუზეუმში დაცული ექსპონატით, რომელიც კრწანისის ომის წლისთავზე ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს, არაგველების შთამომავლებთან ერთად, მათი სულების საოხად, ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეუწირავს]

11 სექტემბერს თავად ერეკლე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს. მას ერთგულნი ურჩევდნენ არ მიეღო მონაწილება ხელჩართულ ომში, მაგრამ იგი ბოლომდე შუაგულ ბრძლაში დარჩა და თავგანწირულობის და გმირობის მაგალითს აძლევდა ახალგაზრდებს.

წინა დღის მსგავსად, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, შინდისტაბახმელადან გადმოსასვლელ გზებზე მდგარ ჯარს ერეკლეს შვილიშვილი დავით ბატონიშვილი მეთაურობდა. მას უნდა დაეცვა ის ადგილი `სადაც შეეყრებიან გზანი სოლოლაკისა და ტაბახმელისანი~. იგი ოთხასი მებრძოლით და 6 ზარბაზნით თაბორის ქედის ფერდობებთან გამაგრდა (ზარბაზნები ჩამოსხეს ქარხანაში, რომელიც 1749 წელს თბილისში აშენდა.) მეწინავე რაზმს, რომელსაც კრწანისის ველზე სოღანლუღიდან შემომავალი ვიწრო საქარავნე გზა უნდა დაეცვა და ამ მიდამოში პირველი უნდა შეგებებოდა მტერს, ერეკლეს მეორე შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში. იგი პირველი გავიდა ბრძოლის ველზე და სოღანლუღიდან შემომავალი ვიწრო გზისაკენ დაიძრა. ამ რაზმში ერეკლემ „განაწესა მხედრობანი რჩეული“. დაცვის მარცხენა ფრთა (იგულისხმება დაცვის მარცხენა პოზიციის მარცხენა ფრთა) იოანე მუხრანბატონს ჩააბარეს, ამ რაზმს, სავარაუდოდ მტკვრის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ, ორთაჭალის და კრწანისის ველის მიდამოების მიმდებარე ადგილები უნდა დაეცვა. თვით ერეკლე ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობის გარდა, იცავდა სეიდაბადისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას, რომელიც, სავარაუდოდ იმ ადგილზე გადიოდა, სადაც ახლა, თაბორის ქედის მთის ფერდობის ბოლოსნადიკვრის ქუჩის აღმართსა და ორთაჭალჰესის შორის მდებარე ტერიტორიაა. ამ ადგილზე მტრის შეკავება თბილისის დამცველთა ბოლო იმედი იყო. მეფე ერეკლე, შემდგომ თაბორის ქედის შემაღლებულ ფერდობებზე ავიდა თავისი რაზმით და აქედან აკონტროლებდა ბრძოლის ველს.

ოთარ ამილახვრისა და მისი ვაჟის, ვახტანგის რაზმები, როგორც სარეზერვო, თავისთან ახლოს იახლა მეფემ. იმერელთა ათასკაციანი რაზმი ერეკლესაგან მარჯვნივ განლაგდა, ხოლო 500 იმერელი მებრძოლი აბანოს კარის მიდამოებში დარჩა, რომ საჭიროების შემთხვევაში მეზარბაზნეებს დახმარებოდნენ. ამინდი ღრუბლიანი და წვიმიანი იყო. ათასი იმერელი ზურაბ წერეთლის მეთაურობით იცავდა თბილისის დაცვის მარცხენა პოზიციის მარჯვენა ფრთას. სოლომონ მეორე, იმერელთა 500 კაციან რაზმთან ერთად თბილისის გალავანთან ახლოს დააყენა ერეკლემ, რათა საჭიროების შემთხვევაში თაბორის ქედის ფერდობებზე განლაგებულ მეზარბაზნეებს მიხმარებოდნენ. თბილისის დამცველებს 35 ზარბაზანი ჰქონიათ. მათი ნაწილი კრწანისის ველის შემაღლებულ ადგილებზე, ხევის პირას იყო განლაგებული, ნაწილი კი თაბორის ქედის მიდამოებში და ნარიყალას საზარბაზნე ბურჯებზე. ქართველთა მეზარბაზნეები საკმაო რაოდენობით და ამავე დროს გამოცდილნიც იყვნენ, რადგან მეფე ერეკლე, არტილერიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ხშირად ამბობდა – `ომი ზარბაზნებს დააცადეთო~.

სოღანლუღიდან დაძრული სპარსელების ჯარის ის ნაწილი, რომელიც მარჯვენა ფრთიდან აწარმოებდა შეტევას, თელეთის ქედის ბოლოს, ვიწრო, კლდოვანი გზის მიდამოს მოადგა. ამ რაზმს, როგორც აღვნიშნეთ, თავად აღამაჰმადხანი მეთაურობდა. (ეს ის ადგილია სადაც დღეს რუსთავისა და მარნეულის საავტომობილო გზები იყოფა). მარჯვნივ ადიდებული მტკვარი იყო, მეორე მხარეს, კლდოვანი მთის ფერდობებზე, სანგარში, ქართველთა მეწინავე რაზმი იყო გამაგრებული. ქართველებმა თოფები  დაუშინეს მტერს და წინსვლის საშუალება არ მისცეს. სპარსელებმაც განახორციელეს შეტევარამოდენიმე ზარბაზანი წინ წამოსწიეს და ქართველთა სანგარს ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ ფეხი ვერ მოაცვლევინეს, თუმცა შემდეგ გაერიდნენ ზარბაზნის ცეცხლს, გამაგრებული ადგილიდან გამოვიდნენ და მთების ფერდობებს მაღლა აჰყვნენ. ახლა მეორე სანგრიდან მიიტანეს იერიში მომხდურებზე. თითქმის ერთი საათი იგერიებდნენ მტერს და შეაჩერეს მათი წინსვლა. რამოდენიმე ასეული სპარსელი დაიხოცა ამ ადგილებში. შეშფოთდა აღამაჰმადხანი, რადგან მიხვდა, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო, უკან დახევაც არ უნდოდა და ომებში გამოცდილმა მებრძოლმა მოულოდნელად თავისი თურქმენული ცხენი მტკვრისკენ შეაბრუნა და მებრძოლებს შესძახა„ვისაც შაჰი უყვარს და ვაჟკაცია მომყევითო. თუ მტკვარმა წამიღო, ჩემი გვამი წყლიდან გამოიტანეთ და მიწაში დამფალითო“. ცხენს მათრახი გადაუჭირა და მტკვარში შეაგდო. სამი ათასი სპარსელი ცხენოსანი მიჰყვა მას, მაგრამ, ყველამ ვერ შესძლო ადიდებული მდინარის გადალახვა და მოპირდაპირე ნაპირზე გასვლა, სამასამდე სპარსელი დაიხრჩო მტკვარში.

ნავთლუღისკენ გასული შაჰი, რამდენიმე ათასი კაცით მტკვრის მარცხენა ნაპირს აღმა აჰყვა და გაღმიდან თელეთის ქედის ფერდობები დაათვალიერა. ნახა, რომ ქართველებს ძალზე მცირე რაოდენობის მებრძოლები ჰყავდათ. ქართველთა მეწინავე რაზმის მებრძოლებმა, რომლებიც საქარავნე გზას იცავდნენ ჩათვალეს, რომ ალყაში ექცეოდნენ და უკან, თბილისისკენ დაიხიეს. გზა განთავისუფლდა და მტკვრის მარჯვენა მხარეს დარჩენილი სპარსელთა ჯარის ნაწილიც ამ გზით დაიძრა. შაჰმა კი თავისი ჯარი, უკან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოღალატეების მიერ ნაჩვენები ფონით გადმოიყვანა ორთაჭალის მიდამოებში და აქ გაერთიანებული სპარსელები ბრძოლით წამოვიდნენ სეიდაბადისკენ.

ბრძოლა კრწანისის ველზე, მესამე სანგრის მიდამოებში იწყებოდა. მრავალრიცხოვანმა სპარსელებმა თოფები დაუშინეს აქ გამაგრებულ ქართველებს და უკან დაახევინეს. მოულოდნელად ერეკლე თაბორის მთის ფერდობიდან დაეშვა თავის რაზმით და სპარსელთა იმ ნაწილებს შეუტია, სადაც თავად შაჰი იმყოფებოდა. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმებმაც დაიწყეს გადაადგილება.

მესამე სანგართან მედგრად შეუტიეს მტერს ქართველებმა. ზარბაზნების გრიალი აყრუებდა არემარეს. შაჰის ცხენს ზარბაზნის ტყვია მოხვდა, ატალახებულ მიწაზე გაგორებული ჯალათი შეშინებული ფეხზე წამოხტა და მთელი ძალებით შეტევაზე გადასვლა ბრძანა. ამ დროს წვიმაც განახლდა. სპარსელები თოფის სროლით მიიწევდნენ წინ. მძიმე ბრძოლებში ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელნელა უკან დახევით ჯერ პირველ პოზიციას, მესამე სანგრის მიდამოს დაუბრუნდნენ და იქ სცადეს გამაგრება, რათა გზა გადაეკეტათ მტრისთვის. ეს ადგილები დაახლოებით, დღევანდელი ორთაჭალჰესის მიმდებარე, მოპირდაპირე ტერიტორიაზეა.

ამავე დროს, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, თელეთის მიდამოდან შინდისტაბახმელასთან ამოსულმა სპარსელებმა უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე. უნდოდათ კრწანისის ველზე დაშვებულიყვნენ და იქედან კი, სოღანლუღიდან შემოსულ ნაწილებთან გაერთიანებულნი წამოსულიყვნენ თბილისის ციხისაკენ, ნაწილი კი თაბორის ქედის ფერდობებიდანპირდაპირ აბანოთუბანში აპირებდა დაშვებას, რათა ალყაში მოექციათ თბილისის დამცველები. დავითი გმირულად შეებრძოლა მტერს, წინა დღის მსგავსად, ჯერ ახლოს მოუშვა, მერე ზარბაზნის ცეცხლი დაუშინა, ბოლოს ხმლით შუტიეს სპარსელებს და დიდი ზიანი მიაყენეს, რამოდენიმეჯერ უკუაგდეს, თუმცა ვეღარ გაუძლეს მტრის შემოტევას, რადგან მათ ქართველთა მიერ შემუსრულ რაზმებს, ახალი, დასვენებული ჯარი ცვლიდა და ამ მიდამოს 400 კაცით დაცვა შეუძლებელი იყო. თითქმის განადგურებულმა დავითის რაზმმა უკან დაიხია, ზარბაზნები მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, წავკისისწყალის ხევში გადაყარეს. ბოღმისაგან აკანკალებული დავითი, რომელსაც ეგონა რომ ბრძოლა საბოლოოდ წააგეს, წყნეთისკენ წავიდა და იქედან მთიულეთს მიაშურა.

სპარსელებმა შეტევის მარცხენა მიმართულებითაც იოლად დაიწყეს გადაადგილება. როდესაც შინდისის მხრიდან ზარბაზნის ხმა გაიგონეს, შეშფოთდნენ მებრძოლებიც და თბილისის მოსახლეობაც. ზარბაზნის გასროლა სასიგნალო ნიშანიც იყო ერეკლესა და დავითს შორის, მაუწყებელი იმისა, რომ უკვე შინდისტაბახმელადანაც იწყებოდა მტრის ძლიერი შეტევა და თბილისის დამცველები შეიძლება ალყაში აღმოჩენილიყვნენ. კრწანისის ველზე მყოფი ყაენიც მიხვდა, რომ მისი ჯარის ნაწილები, უკვე შეტევის მარცხენა ფლანგზე, მთებიდან იწყებდნენ გადაადგილებას და ალყას არტყამდნენ ქართველებს. მდგომარეობა დაიძაბა, მეტი გახელებით შეუტიეს ერთმანეთს მოწინაამღდეგეებმა.

ერეკლემ როცა გაიგო, რომ მტერი შინდისტაბახმელას გარდა, უკვე თაბორის ქედზედაც შემოდიოდა. არტილერისტების დასაცავად შიკრიკი აფრინა სოლომონ მეფესთან (რომელიც თადარიგში იდგა, რადგან წინადღეს იმერლებმა დიდი ზარალი ნახეს, 200 მარტო თავადაზნაური დაეღუპათ), რათა მარჯვენა ფრთაზე საშველად გამოსულიყო, მაგრამ იგი გზაში მოკლეს მტრის მზვერავებმა და სოლომონსაც ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. ამ დროს წვიმამ გადაიღო, ძლიერი ნისლიც გაიფანტა და მთებიდან მომდგარ სპარსელებს ხელის გულზე გადაეშალათ თბილისის დამცველთა მდებარეობის სურათი. ამან შეტევა გააიოლათაბორის ქედის ძირში, აბანოთუბანთან (იქ, სადაც ახლა ბალნეოლოგიურია) მდგარი იმერლები დაიბნენ, ისინი ამ ადგილებს არ იცნობდნენ და სპარსელები მთებზე რომ დაინახეს, საიდანაც მათ არ ელოდნენ, იფიქრეს განადგურდა კრწანისის ველზე ქართველთა ჯარიო. მერე როცა თავიანთი ერთერთი სარდლის, ივანე აბაშიძის დაღუპვაც შეიტყვეს, მიიჩნიეს, რომ წინაამღდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, უკან დაიხიეს და სოლომონთან ერთად, აბანოსთკარით თბილისში შემოვიდნენ, რათა ბრძოლის ველი დაეტოვებინათ.

ცუდ დღეში ჩავარდა არტილერისტების უფროსი თავადი გიორგი გურამიშვილი, (მეტსახელად ქუმელაქართველი არტილერისტი, ერეკლე II- არმიის მაიორი. დედის მხრიდან მეფის ნათესავი და მისი ნათლული) მისი მეზარბაზნეთა რაზმი თაბორის ქედის ფერდობებზე იყო განლაგებული, და სპარსელებს თბილისისკენ წინსვლის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ სპარსელთა ჯარის ნაწილი მათ გასანადგურებლად დაიძრა. ქართველთა არტილერისტებს მებრძოლთა სიმცირის გამო, არ ჰყავდათ მეზარბაზნეთა დამცველი ჯარი, რათა მათ დროულად გადაეტენათ ზარბაზნები. და თავად უხდებოდათ ხმალდახმალ ბრძოლით თავის დაცვა. გურამიშვილმა მარტომ, მცირე რაზმით გადაწყვიტა ეომა და მეზარბაზნეებს მიმართა„ქართველებო! ძმებო! მამულისათვის და კარგი მეფისათვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა ზიარების საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვდგეთ, რადგან აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედაო“. ამაზე ყველამ ერთხმად უპასუხა: „ჩვენ მამა პაპასა უნამუსობა არ უქნიათ და ჩვენც სიკვდილი გვირჩევნია უნამუსო სიცოცხლესო“. „ღმერთო შეგვიწყალეო“ – შესძახეს მეზარბაზნეებმა, და როდესაც სპარსელები გარს შემოერტყნენ მათ რაზმს, დანებება შესთავაზეს, რადგან აღა მაჰმად ხანი ცდილობდა არტილერისტები არ დაეხოცა და დატყვევებულები სპარსეთში წაეყვანა, სადაც მათ თავისი არტილერიის გასაძლიერებლად გამოიყენებდა. თუმცა ქართველებმა ჯერ ზარბაზნის ცეცხლი დაუშინეს, და მერე კი ხმლები იშიშვლეს და ისე შეებრძოლენ რიცხობრივად ბევრად აღმატებულ მტერს. მაიორმა გურამიშვილმა სამი სპარსელი აჩეხა ხმლით, და როდესაც მეოთხესთან შებრძოლებისას ხმალი გადაუტყდა, ზარბაზანს გადახვევია სიტყვებით: „ღმერთო! ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებიდან და მე მამულის ჭირის სანაცვლო ვიყოო. სპარსელები მიცვივდნენ და „ზედ ზარბაზანზე დაკაფეს, სიკვდილს შეუშინები, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმსრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი!წერს გიორგი გურამიშვილის შესახებ, ერეკლეს შვილიშვილი, ალექსანდრე ორბელიანი (ჯამბაკურორბელიანი).

დადუმდნენ ქართველთა ზარბაზნები, კრწანისის ველის მიდამოებში, მთის ფერდობებზე განლაგებულ არტილერიასაც არ დაადგა კარგი დღე. ამ დროს ხელჩართული ომი იყო კრწანისის ველზე. სოღანლუღიდან შემოსული და შინდისტაბახმელადან დაშვებული სპარსელთა რაზმები თავიანთი გეგმის მიხედვით აქ ერთიანდებოდნენ და სეიდაბადის გავლით ცდილობდნენ თბილისის ციხისკენ წამოსვლას. მათ ზარბაზნები უკვე მთების ფერდობებზე შეეფინათ და აქედან უშენდნენ ცეცხლს ქართველთა პოზიციებს. მრავალრიცხოვანი მტრის შემოტევის შეჩერება დაღლილი და რაოდენობრივად შეთხელებული ქართველებისათვის თანდათან ძნელდებოდა. ერეკლეს შვილიშვილი იოანე ბატონიშვილი სიმამაცის სასწაულებრივ მაგალითებს აჩვენებდა. თავს არ იზოგავდნენ ოთარ ამილახვარი, თამაზ ჯორჯაძე, სვიმონ ჯანდიერი, ივანე მუხრანბატონი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე აბაშიძე, საქობოს ქევხა (მამასახლისი) ქიზიყელი სინჯიამათ ირგვლივ დახოცილთა გორები და სისხლის გუბეები დგებოდა.

ფიცხელ ომში იყო ჩაბმული ერეკლეს ვაჟი ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი. ამ რაზმში უმამაცესი, რჩეული მეომრები იყვნენ, მათ შორის 300 არაგველი, ფშავხევსურნი და ქიზიყელნი“რომლებმაც ერთგულების ფიცი დაუდეს ერეკლეს. მათ შეუერთდა თბილისელ მებრძოლთა რაზმი. მათი წინამძღოლი იყო მაჩაბელა, ეროვნებით და სარწმუნოებით ქართველი, რომლის სახელი და გვარი ცნობილი არ არის. ის „იყო ერთი წარჩინებული მესაკრავეთაგან მეფისათა, მუსიკოსი და კომედიანტი“, თბილისის სახიობის თეატრის ხელმძღვანელი. მსახიობთა მთელი დასიც გვერდით ახლდა. მაჩაბელას ხელთ დაირა ეპყრა და მხიარული სიმღერით „შადიანით“ მიუძღოდა თბილისელთა რაზმს.

არაგველებმაც, თავდაცვის მაგივრად იქეთ შეუტიეს მტერს და თაბორის ქედის „კლდიერთა გორათა და მთათა ზედა“ მიაშურეს, იქეთ მიიწევდნენ, სადაც აღამაჰმადხანი ეგულებოდათ. უამრავი მებრძოლი დაუხოცეს თვალწინ შაჰს. შეიძლება, მათ მართლაც მისი მოკვლა ჰქონდათ ერეკლესაგან დავალებული (როგორც ამას ისტორიკოსი ვახტანგ გურული მიიჩნევს), რადგან, მხოლოდ ეს თუ შეცვლიდა უთანასწორო ომის ბედს. შვიდი ერთმანეთს ძმად გაფიცული ფშავხევსური, რომლებმაც თითქმის მიაღწიეს შაჰის კარავს, შიშველი ხელებით ეცნენ მტრის დროშებს, ტარები მუხლებზე გადაიმტვრიეს და კბილებით დაიწყეს დროშების ფხრეწა. უშიშრად ცნობილ საჭურისს აღმოხდა: „სიყრმიდან ჩემითა ვიდრე აქამომდე სულ ბრძოლაში ვარ და არსადა მიხილავს მე წინააღმდეგნი, ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფდნენ ბრძოლასა. თითქმის ერთი საათი აკავებდნენ და ხოცავდნენ მტერს მესამე სანგართან ქართველები, მაგრამ მათი რაზმები თანდათან თხელდებოდა. იმ დროისათვის თბილისის დამცველთა რიგებში 2000 ათასი მეომარიც აღარ იქნებოდა ცოცხლად დარჩენილი და მათაც ტყვიების განუწყვეტელი წვიმა ატყდებოდა თავს. ტყვიით დაცხრილულნი და ერთი ათის ხმლით აჩეხილი მეომრები გმირულად ეცემოდენ. სიმღერით შეეგება სიკვდილს მაჩაბელას რაზმიც.

კრწანისის ველზე, სოღანლუღის მხრიდან ოციათასზე მეტი სპარსელი მოიწევდა თბილისის გალავნისაკენ. დანარჩენები კი მთებიდან არტყამდნენ ალყას ქართველთ. აქვე იყო აღამაჰმადხანიც. ბრძოლის ველს მაინც არ ტოვებდა და გმირულად იბრძოდა ერეკლე„თუმცაღა იყო ფრიად მოხუცებული, გარნა ბრძოლისა მას შინა, ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ“. და თითქმის ერთი საათი აკავებდა მტერს III სანგართან, მერე თანდათან უკან დახევა დაიწყო, ის ბრძოლით უახლოვდებოდა IV სანგრის მიდამოებს. ბრძოლამ თბილისის ახლოს გადაინაცვლა (დაახლოებით იქ სადაც ახლა სამასი არაგველის ბაღი, მემორიალი, ძველი კედელი და არქეოლოგიური ძეგლია).

ერეკლე მეფე ალყაში ექცეოდა, მას დატყვევება ან სიკვდილი ემუქრებოდა, რადგან მისი რაზმები თითქმის განადგურდა, სწორედ ამ დროს განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს სპარსელებმა ერეკლეს ერთგული 200 თათარი, რომლებიც გვერდიდან არ შორდებოდნენ მეფეს. მაშინ შეერთდნენ იოანეს მოწინავე და ვახტანგის სარეზერვო რაზმები, რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ არაგველები, ალყა გაარღვიეს და ხმლით გაიკაფეს გზა იმ ადგილისკენსადაც ერეკლესა და მის მცირე რაზმს მგლის ხროვასავით მისეოდა მტერი. ერთგული მებრძოლები წრედ შემოერტყნენ მეფეს და თანდათან უკან დახევა დაიწყეს. სპარსელებსა და ერეკლეს შორის ფარივით აღიმართა არაგველების შეთხელებული გუნდიც. ისინი იმდენ ხანს აკავებდნენ გააფთრებულ მტერს, სანამ იოანე ბატონიშვილმა მხლებლებითურთ თითქმის ძალით არ გაიყვანეს მეფე სამშვიდობოს. ერეკლე იძულებით წაიყვანეს ქალაქში შემოსასვლელი გალავნის კარისაკენ, აბანოსკარისკენ, სწორედ აქედან აპირებდა მტერი კალაში შემოსვლას. ბრძოლები სეიდაბადის ბაღებში გრძელდებოდა. სპარსელები დაქვეითდნენ, ხეებს ამოეფარნენ და თოფები დაუშინეს ქართველებს. საღამოს ბინდი ედებოდა თბილისს.

არაგველებმა ქალაქში გააგრძელეს ბრძოლა, თვითომ ათისა და ოცის წინააღმდეგ. ასე თანდათან შეთხელდა მათი რიგები, იაკობ გოგებაშვილის თხრობით: „ყველამ მტკიცედ, სავსებით და ვაჟკაცურად დაიცვა ფიცი. ყველამ ბრძოლის ველზე დალია თავისი გმირული სული, ყველამ თავის სამშობლოს შესწირა სიცოცხლე“.

გადმოცემის მიხედვით, მთიულეთში, ხადის ხეობაში, კრწანისის ველიდან დაბრუნდა ერთერთი მებრძოლის დაჭრილი, შუბგაყრილი ცხენივაჟკაცს შინ ახალშერთული ცოლი და მამა ელოდნენამ გადმოცემას ლეგენდის სახე აქვს, თუმცა იმ ოჯახის შთამომავლები ინახავენ შუბს, რაც ამ თქმულებას ფაქტით ამტკიცებს.

თბილისში შესულ მეფეს სამასამდე დასისხლიანებული მებრძოლი შეჰყვა ქალაქში, ხოლო დანარჩენ მეომართა დიდი უმრავლესობა ცოცხალი აღარ იყო. მტერს სეიდაბადის ბაღებში სწრაფი გადაადგილების შეეშინდა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ წაიწიეს წინ და აბანოთუბანში, წავკისისწყალზე გადებულ ხიდზე გადასვლით მიადგნენ კალას გალავანს, რათა აბანოს კარით შესულიყვნენ ქალაქში. ახლა ისევ ზარბაზნების გვრგვინვამ გადაფარა მიდამო. ეს ქალაქის ციხის არტილერია იყო, სომეხ აღალუას მეთაურობით, რომლებიც ნარიყალას საზარბაზნე ბურჯებზე განლაგებული ზარბაზნებიდან აყრიდნენ ყუმბარებს თბილისის კართან მოსულ მტერს და ქალაქში მათ შესვლას აფერხებდნენ. სოლოლაკის ქედზე გადმოსულმა და ნარიყალას შესეულმა მტერმა გაანადგურა არტილერისტებიც.

ერეკლე მეფე და სოლომონ მეორე ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს, დამწუხრებული ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს დაემშვიდობენ, და ორმა ქართველმა მეფემ დატოვა დედაქალაქი. მეფე სოლომონი დიღმის კარით გავიდა და ცოცხლად გადარჩენილ იმერლებთან ერთად თავის სამეფოს, იმერეთს მიაშურა.

მეფე ერეკლეს, ასორმოცდაათამდე ცოცხლად სასწაულებრივ გადარჩენილი, მათ შორის ბევრი დაჭრილი და სისხლში ამოსვრილი საუკეთესო მეომარი გვერდიდან არ შორდებოდა. მეფეს მახათას მთის მიდამოებიდან, იალნოს ქედის გადავლით უნდოდა კახეთში გადასვლა, მაგრამ ერთმა ერთგულმა, აზერბაიჯანელმა ხანმა ამ გზით წასვლის საშიშროება აუწყა და თან გააფრთხილასპარსელები დიდი ჯარით აპირებენ შენს დადევნებას, უფრო საიმედო ადგილზე წადიო. თბილისელი მაჰმადიანი ალავერდიბეგი, რომელიც მტრებს სპარსელი მეომარი ეგონათ, ერეკლეს დადევნებულ მტრის მეომრებს სუფთა სპარსულით გაესაუბრა, გზა აუბნია მათ და მეფის შესაპყრობად სხვა მიმართულებით გაუშვა, თავად კი ერეკლეს წამოეწია და თან გაჰყვა მეფეს, რომელმაც მთიულეთისაკენ გადაწყვიტა წასვლა. სასოწარკვეთილი თბილისელები, ვინც ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო, ერეკლეს ევედრებოდნენ, რომ რაიმე ეღონა და გადაერჩინა ისინი. დაჭრილთა გმინვაც ისმოდა, აქა, იქ ცეცხლის ალიც ავარდა. მოხუცი მეფე და მისი რაზმი ავლაბრის ხიდთან მივიდნენ. იქ კლდოვან ნაპრალზე გამოსახული ჯვრის წინ ჩამოხტა მეფე, დაიჩოქა და ქრისტეანობისათვის წამებულ აბოს ნეშტს შეავედრა თავისი ქრისტეს სჯულისთვის ჯვარცმული ერი” (ილია). და როდესაც ლოცვა დაამთავრა, ცხენზე შეჯდა და ნელი სვლით დაიწყო ხიდის გადავლა. მას თითქოს სიზმარში ესმოდა თავის ხალხის მოთქმა და ტირილი, ხოლო როდესაც აბანოს კარით თბილისში შემომავალი მტრის რაზმები დაინახა ცეცხლის კვამლის ფონზე, რაღაც არადამიანური ხმა აღმოხდა, ცხენს აღვირი მოქაჩა, ყალყზე შეაყენა და ქალაქისაკენ შემოაბრუნა. სისხლიანი ხმალი ქარქაშიდან ამოაძრო, ხმალამოღბულმა ცხენს დეზი ჰკრა და თბილისისაკენ დააპირა გაჭენება, თუმცა იოანე მუხრანბატონმა ცხენის აღვირს უტაცა ხელი, წინ თავისი ვაჟი ვახტანგი და რამოდენიმე მებრძოლი გადაუდგა. იოანე ბატონიშვილმაც დროულად მიაგდო ცხენი და გაქცევის საშუალება არ მისცა მეფეს, როგორც იქნა ძალით შეაბრუნეს ერეკლეს ტაიჭი, ზაქარია ანდრონიკაშვილმა კი გავაზე ძლიერად გადაუჭირა მათრახი და წინ გაიგდო მეფის ბედაური. ლუარსაბ ვაჩნაძე და შიოშ თუმანიშვილი უკან მიჰყვნენ მათ. ძალით, საჩქაროდ გაარბენინეს გულმოკლული ერეკლე. მახათას მთის ძირში შეჩერდნენ. ერეკლემ თვისიანებს მიმართა – `მე თქვენთვის უნდა მოვმკვდარიყავი და თქვენ ჩემთვის იხოცებით. აბა რაღას მეფე ვარ, რით დაგიფარეთ? რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა. რა კარგი ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვისო! – ყველა იქ მყოფ, სამშობლოსათვის ბრძოლებში გამოწრთობილ და წარბშეუხრელ ვაჟკაცს ცრემლები მოადგა თვალზე. საგურამოსკენ დაიძრა მეფე ერეკლე და მისი რაზმი, ღამე იქ შეისვენეს, მეორე ღამე დუშეთში გაათიეს და მესამე დღეს ანანურში ავიდნენ. „უამრავი ხალხი იყო დუმილით და სწრაფად მიმავალი, ანანურიდან მუხრანამდე ვერსად იხილავდი გზას ცარიელსა“, იგონებდა თვითმხილველი იოანე ქართველიშვილი.

 მეფემ მაშინვე დაიბარა ერთგული თავადაზნაურნი და საომარი თუ საზავო მოქმედებების განხორციელებას შეუდგა. 14 სექტემბერს კი, კავკასიაში რუსების ჯარის სარდალს, გუდოვიჩს საყვედურით მისწერა„ჩვენ რომ დედოფლისაგან დაიმედებული და დარწმუნებული არ ვყოფილიყავით თქვენს დახმარებაში, მაშინ სხვა მხრიდან მოწვეული ჯარით, ან სხვა ხერხით დავიცავდით ჩვენ სამეფოსო“. რაც შეეხება მემკვიდრე გიორგის (შემდგომში გიორგი XII) მოღალატედ გამოცხადებას, საქმის ნამდვილ არსს მოგვითხრობს  პლატონ იოსელიანი: უფლისწული ამ დროს კახეთში იმყოფებოდა, ერეკლეს წარუგზავნია სიღნაღს„დედოფალსა დარეჯანს არა ენება, რათა მეფის ძისა გიორგის დროშა პირველობდეს სამეფოში“. და იქ შეიტყო იმერეთიდან ჯარის დაბარება, თბილისის აღება და მეფის გაქცევა კაიშაურს. გიორგი მთელი ცხოვრება წუხდა, მოღალატობას რომ სწამებდენ „ვითამც მამისა მტერობით, და ესრეთ სუსტად მოქცევასა გაჭირვებისა დღეებში“, და ვერც ამბობდა სიმართლეს მამის რიდით, რომ არა ჰქონდა უფლება ჯარის შეყრისა მისი ბრძანების გარეშე. როგორც ჩანს, მეფეს ეგონა, რომ იმერეთისა და ქართლის ჯარი ეყოფოდა სპარსთა დასამარცხებლად. ერეკლე მეფესაც არასდროს უთქვამს საყვედური მისთვის, და ბრძანებდა ხოლმე: „შვილი ჩემი გიორგი დიდი მეფე იქმნებაო“.

თბილისში შესულ მტერს მოსახლეობამ ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. 1795 . 12/IX სპარსელებმა ქალაქი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი დაარბიეს და ცეცხლს მისცეს. ეს იყო მისი რიცხვით 29- აოხრება. ქალაქი ძირფესვიანად დაანგრიეს. მეფის ბრწყინვალე სასახლე, პავილიონი, სამეფო აბანოები, არსენალი, დივანხანა, სტამბა, ზარაფხანა და საერთოდ, ყველა სახელგანთქმული ნაგებობა. „მე ვიდრე ორმოცდაათამდის გამიმარჯვია, მაგრამ ყველაზე დიდ ეს არისო“, – უთქვამს აღამაჰმადხანს და თბილისის და თბილისელების სასტიკად დასჯა ბრძანა.

1850 . მწიგნობარი დავით ამირეჯიბი და მსახიობი ელიაზარაშვილი (ელიზაროვი) მოგვითხრობდნენ: 1795 . ომის შემდეგ თბილისი დაცარიელდა. მტერმა დასწვა 3 ხიდი და მასთან მთელი ქალაქი, დააქცია და დასწვა ისეთი საყდრებიც კი, რომლებიც თლილი ქვით იყო აშენებული. ამ დროს, ქართველთა 20-ზე მეტი საყდარი დაუნგრევიათ. გადარჩა მხოლოდ მეტეხი, ჯვრის მამა, სიონი, ანჩისხატი და ქვაშეთი. სომეხთა საყდრები უვნებლად გადარჩა, მხოლოდ შიგ დამალულნი კი ამოწყვიტეს. ასე გაგრძელდა საათნახევარს. სიკვდილის შიშით ბევრი ქართველიც ამბობდა სომეხი ვარო. მტრის წასვლის შემდეგ ქართველთა ეკლესიები უპატრონოდ იყო. ხუცებიც არსად ჩანდნენ, ყველანი შიშით ქალაქს გასცლოდენ. თბილისში დარჩენილთაგან ზოგნი ტყვედ წაიყვანეს და ზოგნიც ომში დაიხოცნენ. ქართველთაგან კი ვინც კი გადარჩა, სომხურ ეკლესიაში იწყო სიარული. დოსითეოს ფიცხელაურის გადმოცემით, ჩუგურეთში, კუკიაში, შავ სოფელში, ვერაზე და ავლაბარში ბევრმა ქართველმა მიიღო სომეხთა რჯული, ამბობდენ: ,,ოღონდ ქრისტიანები ვიყოთ და რჯული, რომელიც უნდა იყოსო.

14 სექტემბერი ყველაზე შემზარავი დღე იყო თბილისის მკვიდრთათვის; შაჰამდე მიაღწია ხმამ, თითქოს მეფე ერეკლე უმთავრესად სამღვდელოებამ წააქეზა, რათა სპარსეთის ხელისუფლება არ ეცნო. ეს იყო მიზეზი ბრძანებისა, ყველა სასულიერო პირისთვის თავი მოეყარათ და ეწამებიათ. ჯალათები მათ ხელებს უკრავდნენ და მაღლობიდან ყრიდნენ მტკვარში, რომლის ტალღებში მღვდელმსახურებმა სამუდამო განსასვენებელი ჰპოვეს, ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილ მიტროპოლიტ დოსითეოზ თბილელს [მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 25 სექტემბერი (12 სექტემბერი).] ხელი სტაცეს და საკუთარი სახლის ბანიდან გადააგდეს. გაძარცული ეკლესიები დახოცილთა გვამებით იყო გადავსებული; სიონის ტაძრის საუცხოო კანკელი ცეცხლს მისცეს. შიიტების მეჩეთმაც კი ვერ შეძლო, გადაერჩინა შიგ თავშეფარებულები. 12-13 წლის ბავშვები ტყვეებად მიჰყავდათ. სპარსელები ამით როდი დაკმაყოფილდნენ, მეფის სასახლიდან გამოტაცებულ და ავლაბრის ხიდზე დასვენებულ ევსტათიპლაკიდას წმინდა ნაწილთან მიჰყავდათ ქართველები და უბრძანებდნენ, ფეხით გაექელათ, მაგრამ დედაქალაქის ქრისტიანთაგან არც ერთმა მათი მოთხოვნის შესრულება არ ინება. ყველანი აწამეს და სიწმინდესთან ერთად მდინარეში ჩაყარეს. აღამაჰმადხანის სპარსი ისტორიოგრაფი აღიარებს, რომ საქართველოს დედაქალაქის გაჩანაგების დროს სპარსულმა ჯარმა „ურწმუნო“ ქართველებს იმის მაგალითი უჩვენა, რასაც განკითხვის დღეს უნდა ელოდნენ.

აღამაჰმადხანმა მეფე ერეკლეს შეპყრობა ნახჭევანის ხანსქანქარლუქალბალი ხანს დაავალა და რვა ათასკაციან დამსჯელ ჯარსაც ჩაუყენა სათავეში. 14 სექტემბერს ეს ლაშქარი მცხეთას მიადგა, მაგრამ, სპარსელებს შორისაც იყვნენ რაინდული სულის ადამიანები, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ქალბალიხანი, ის წინ გადაუდგა თავის მეომრებს და მიმართა, რომ არ დაუშვებდა სალოცავთა და მეფეთა საფლავების შეურაცხყოფას და სვეტიცხოვლის ტაძრიდან გაყარა ისინი. დამსჯელი ჯარის ნაწილი გორისაკენ წავიდა, მათ ცხინვალამდე მიაღწიეს, ქართლის მოსახლეობა გახიზნული იყო, თუმცა უსჯულოები გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. უკან დაძრულ სპარსელებს, ლამისყანასთან იოანე ბატონიშვილი გადაუდგა წინ და სასტიკი წინაამღდეგობით გაფანტა ისინი. მეორე ნაწილი, ანანურისაკენ წავიდა, იქ სადაც ერეკლე ეგულებოდათ. ოთხიათასი სპარსელი მებრძოლი ჟინვალს მიადგა. სწორედ ამ დროს თბილისისაკენ მოიჩქაროდა ფშავხევსურთა რაზმი, მათ დაგვიანებით გაიგეს სპარსელთა თავდასხმის ამბავი და დასახმარებლად მოისწრაფოდნენ.

ამავე მიდამოში, ერეკლეს ნებართვით, აქეთ გადმორეკილი საქონლით, მომთაბარეობდნენ შამშადილუს მცხოვრები მაჰმადიანები, რომელთაც ერეკლეს ერთგული ალისულთანი მეთაურობდა, მას ორასი შეიარაღებული ცხენოსანი ახლდა. ორასმა შამშადილუელმა მაჰმადიანმა და სამასიოდე ქრისტიანმა ფშავხევსურმა, მათთვის ნაცნობ და საბრძოლველად ხელსაყრელ არაგვის ვიწრო ხეობებში ოთხიათასი სპარსელი დაამარცხეს, მათი განახევრებული რაზმი უკან გაჰყარეს, ბევრიც დაატყვევეს და ანანურში მიჰგვარეს ერეკლეს. (ჟინვალში ერეკლეს შესაპყრობად 4000 მადევარი ლაშქრის დამმარცხებელი სამასი მთიელის სულების უკვდავსაყოფად აიგო მემორიალი და სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირის ინიციატივით მათ ხსენებას 27 სექტემბერს, კრწანისის მთავარი ბრძოლიდან სამი დღის შემდეგ ზეიმობენ).  დამსჯელი რაზმის დამარცხებამ საგონებელში ჩააგდო აღამაჰმადხანი, ფიქრობდაერეკლე ნადირშაჰის გაზრდილია „რამე ხრიკი არ ამიტეხოსო“, არც სპარსეთიდან მოსდიოდა სასიამოვნო ამბები, გაიგო, რომ ხორასანში მის წინააღმღდეგ აჯანყება იწყებოდა, ამიტომ გადაწყვიტა დროზე წასულიყო სპარსეთისაკენ და საქართველო გამარჯვებულის სახელით დაეტოვებინა. ათასობით ტყვე წაიყვანეს სპარსელებმა, ნაძარცვით დატვირთული მტრის ჯარი 20/XI დაიძრა სოღანლუღიდან და განჯის გავლით სპარსეთისაკენ გაუდგა გზას.

„ტყვეების ღაღადი ესოდენ სასტიკი იყო, რომ იტყოდი, მეორედ მოსვლა არისო“. „საჭმლის ნაკლებულობისათვის გავედით თბილისიდამ, არა თუ ვითარცა მძლეველნი მხედრობანი, არამედ ვითარცა დედაკაცნი… და არა მარტო თბილისი, არამედ მისი გარემო უბედური გახადეს. იგონებდა სპარსელთა ქცევით უკმაყოფილო, ქრისტიანი იაკობ ბებუთოვი, რომელიც თუმცა მტრის რაზმში იყო, მაგრამ მაინც შეაწუხა ქრისტიანთა ტანჯვამ.

ამ ხნის მანძილზე კრწანისის ველი მოფენილი იყო მოკლული მეომრებით. მტრის მძვინვარების გამო მათი დასაფლავება ვერავინ შეძლო, თუმცა კრწანისის ველის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის გადაღმა მეტეხის კლდოვან ქიმზე გაშენებული დასახლებიდან ხელისგულივით ჩანდა ბრძოლის ველი და სწორედ იქ მაცხოვრებელნი დედები (კაცები ომში იყვნენ) გახდნენ მათი გმირული სიკვდილის მოწმენი, ძაძამოსილებმა ჯერ შორიდან დაიტირეს ქართველი ვაჟკაცები, ხოლო მტრის წასვლის შემდეგ კი ჩავიდნენ და თავდადებულ მებრძოლებს პატივი მიაგეს. საჭურველი აჰყარეს მეომრებს და დაასაფლავეს. ისტორიული წყაროების მიხედვით მრავალი საფლავი გაითხარა, მაგრამ ზოგი ცხედარი ისე იყო გახრწნილი, რომ საფლავში მოთავსება ვერ მოხერხდა და პირდაპირ მიწა მიაყარეს. მას შემდეგ გაჩნდა მეტეხის კლდოვან ქიმზე „შავი სოფელი“ რომლის ადგილზე დღეს, შავსოფლისა და სამასი არაგველის ქუჩები მდებარეობს. აქვეა 300 არაგველების მეტროს სადგური. ერთი პერიოდი შავსოფლელები და არაგველები ერთად აღნიშნავდნენ კრწანისის ბრძოლის დღეს.

ნაღვარევის ეკლესიის რესტავრატორის, თამარ გოჩიაშვილის ოჯახში ინახება კრწანისის ველიდან წამოღებული ხანჯალიც, რომელსაც სისხლის კვალი ახლაც ამჩნევიაიგი მშრალ ხიდზე, ეძებდა მელქიორის მასალას, და მისწავლებით კრწანისის ზემოთ მდებარე შავსოფელში მცხოვრები ქალბატონისაგან იყიდა მისი მამაპაპისეული რელიკვიაკრწანისის ბრძოლის ველიდან წამოღებული ვერცხლის ქარქაშიანი ხანჯალი. „ექსპერტიების“ დასკვნით მისი ასაკი, ჭედურობა და და ფორმა მთიულეთში ნაპოვნ საბრძოლო იარაღებს ეთანადება და ზუსტად ემთხვევა XVII საუკუნის ხანჯლებს. ეს დაღესტნური იარაღი თავიდან ბოლომდე მოჭედილია, ბუდეებში, როგორც ჩანს, ძვირფასი თვლები იყო ჩასმული. თვლები დაკარგულია და მის ადგილას სპილენძის ბურთულებია ჩასმული.

სასტიკი მარცხის მიუხედავად აღმ. საქართველო ბოლომდე არ იყო წელში გატეხილი, არსებობის უნარი კიდევ შერჩენილი ჰქონდა. 1797 წელს, თბილისში კრწანისის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში შემოსულმა რუსეთის ჯარმა ისევ დატოვა საქართველო. მარტო დარჩენნილი ქართველები, ერეკლეს თაოსნობით, მედგარ წინაამღდეგობას უწევდნენ გარს შემოსეულ დაღესტნელთა თავდასხმებს. დაიწყეს თბილისის აღდგენა.

1797 წლის ივნისიდან ქართლი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. თბილისში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. მოსახლეობა ქართლსა და კახეთში გაიხიზნა და „განთესეს მომსვრელი სენი“. ერაკლე ოჯახით კახეთში გავიდა; მემკვიდრე გიორგი კი ავჭალას და „შეჰკრეს იგი ყოვლის მხრით. სექტემბერი იყო და მოსახლეობამ თავშესაფარი ქალაქის ახლო ტყეებში, მთებსა და ხეობებში ნახეს, ხოლო ქალაქში დარჩენილ ქვრივობლებსა და სნეულთ ბერებთან ერთად პატრონობდა ბატონიშვილ გიორგის მოძღვარი გარეჯის ნათლისმსცემლის მონატრის წინამძღვარი და წმინდა ნინოს დაუჯდომლის შემქმნელი ექვთიმე გარეჯელი (მჭედლიშვილიგამოცემული მაქვს მისი ღვაწლი და დაუჯდომელი – თ..)

1797 წელს აღამაჰმადხანმა შუშის ციხე დაიპყრო და ქართლკახეთის ერთიანად განადგურება განიზრახა. მაშინ შეძრწუნდნენ კახნი და მიუვალ ადგილებში იწყეს გახიზვნა.

ალავერდობას (15/28 სექტემბერი) ანტონ კათოლიკოსიც, მეფე ერეკლეს ძე, ალავერდში ბრძანდებოდა, როცა ჩამოასვენეს წმინდა გიორგის დიდი ხატიგადამალვას უპირებდნენ, მაგრამ ხატი ფარჩის ბუდეში არა და არ ჩასვენდა. განკვირდნენ სამღვდელონიცა და ერისკაცნიცამ დროს მოვიდა მახარობლად დიმიტრი გურამიშვილი და მეფეს აღამაჰმადხანის სიკვდილი აუწყამრისხანე მბრძანებელი ღამით მოკლა რჩეულმა ნუქერმა, წარმოშობით ქართველმა, მცხეთელმა საფარალიბეგმა (მან სიცოცხლე ერთერთი ქართული მონასტრის მორჩილად დაასრულა). ასე გადარჩა კახეთი აოხრებას, ხოლო კათოლიკოსმა ანტონმა ხატის ზურგი მოაჭედინა და ზედ წააწერინა ეს სასწაულიგადარჩენა სრულიად საქართველოსი.

მხცოვანი მეფე 1797 წლიდან ავადმყოფობდა, თუმცა თელავიდან ქვეყნის მართვას და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო. მეფეს, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უნაგირზე ჰქონდა გატარებული, ახლა, ცხენზე ამხედრებას, საწოლში წოლა ერჩივნა. ავადმყოფს ქათმის ბულიონი მიართვეს, მაგრამ არ დალია„მარხვაა და მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის და თავად როგორ მოიქცევაო“. არა იმდენად წლებით, არამედ ქვეყნის უბედურებებითა და ღალატით გულდამძიმებული და განადგურებული ერეკლე 1798 . 11/I გარდაიცვალა. „მოხუცებულობის მიუხედავად, მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო აფორიაქებული ქვეყნისთვის“, ასე ახასიათებდნენ ერეკლეს ქართველი ისტორიკოსები.

მისი მემკვიდრე მეფე გიორგი XII კი ორ წლამდე მეფობდა და მისი გარდაცვალებისთანავე (1800 წლის 22/XII დეკემბერი) ქართული სამეფო რუსეთის სამფლობელოებს მიუერთეს, რის შესახებაც 1801 . იმპერატორ ალექსანდრე I მანიფესტი გამოიცა.

სამასი არაგველის თავდადება პირველად თეიმურაზ ბატონიშვილმა მოიხსენია თავის თხზულებაში. შემდეგ გრიგოლ ორბელიანმა, ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, იაკობ გოგებაშვილმა, გალაკტიონმა და ლადო ასათიანმა მოიხადეს მათ წინაშე ვალი. ბრძოლიდან 100 წელი იყო გასული, რომ ახლა უკვე წმინდანად შერაცხულმა კათოლიკოსპატრიარქმა კირიონმა აღნიშნა გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნა და იქ მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძარში საგანგებო წირვა აღავლინა, ხოლო შემდეგ თბილისის სამღვდელოებამ ფართო საზოგადოებასთან ერთად კრწანისის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სულის საოხად დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ქართველმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ეს დღე უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად გადააქციეს.

გასული საუკუნის 30-იან წლებში კრწანისის ყოფილ ველზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 300 არაგველის“ სახელობის სკვერი გაშენდა. იგი 50-იან წლებში განახლდა. `ამ წმინდა ადგილზე ჩვენ უნდა დავდგათ მუდმივად ანთებული კანდელები, რათა ყოველმა გამვლელმა გაიხსენოს 300 არაგველი და ის გმირები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ“, – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა წარმოთქვა უკვე 2008 წლის 17 ივნისს, როდესაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა 1795 წელს კრწანისის ომში მომწყდარნისამასი არაგველი და სასულიერო და საერო პირები. მათი ხსენების დღედ კი 11 (24) სექტემბერი დააწესა და რწმენისა და სამშობლოსთვის თავგანწირული მართლმადიდებელი მეომრების პანაშვიდი გადაიხადა.

სინოდმა ასევე განაჩინა: დაიწეროს მათი ხატი, ტროპარკონდაკი, ცხოვრება და საგალობლებიეთხოვოს . თბილისის მერიას საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე“…

2010 წლის 24 სექტემბერს კი სრულიად საგვარეულო კავშირმა „კრწანისობის“ დღე დააწესა. მას შემდეგ ჩვენი მხედრული, საგმირო ისტორიის დღესასწაული ტრადიციად დამკვიდრდა.

კრწანისის ველზე ერთერთი „შპს“ მიერ  გასართობი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარება მოჰყვა. და სწორედ ამ დაძაბულობის ფონზე კრწანისის ველზე მიწიდან „ამოვიდა“ ანუ „გამოჩნდა“ კრწანისის ბრძოლაში დაღუპული გმირებისა ძვლები (დაბრძანებულია 1846-1854 წლებში აშენებულ ხარფუხის ანუ კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში (წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე). დავის მესამე წელს მშენებლობის მწარმოებელმა აღიარა, რომ 300 არაგველის ბაღი არის ქართველი ხალხისთვის წმინდა ადგილი, და სანაცვლოდ სხვა ადგილი მოითხოვა. ეს ადგილი კი ოფიციალურად გამოცხადდა წმინდად და 2017 წელს კრწანისის რაიონის გამგეობამ მისი რეაბილიტაცია დაიწყო.

ამ დროისთვის 300 არაგველის სახელობის სკვერში აღდგა სარწყავი სისტემა, მოეწყო ქვაფენილი და ჩატარდა აგროტექნიკური ღონისძიებები. სკვერის შესასვლელებში დასრულდა ხის პერგოლებისა და კიბის მშენებლობა, მოეწყო ახალი ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, რომელიც ქართული აგურით მოპირკეთდა, შეიცვალა განათების ქსელი. კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, განხორციელდა ბაღის ისტორიული გალავნის ბურჯების კონსერვაცია. დაიდგა ერეკლე მეორის დროინდელი ზარბაზნების ასლები. ზარბაზნების ორიგინალები კრწანისში, 1795 წელს მომხდარი ბრძოლის ადგილას გათხრებისას აღმოაჩინეს. ამჟამად ზარბაზნები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ყოველ 24 სექტემბერს, საქართველოში, წმინდანად შერაცხული 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნება. მათი ღვაწლის აღსანიშნავად კრწანისში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დააბრძანებენ 300 არაგველის სახელობის ხატს (ხატმწერი შოთა ცინცაძე), სადაც დილის 9 საათიდან იწყება წირვა. წირვის შემდეგ, 12 საათიდან 16 საათამდე კრწნისის ველზე, 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით, იმართება 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ლექსად და სიმღერად ცოცხლდება 300 არაგველის გმირობა. ქართული წესის შესაბამისად, სამასი დანთებული სანთლით და წითელი ღვინით სავსე ფიალით პატივს მიაგებენ წმინდანებს.

ყოველი ქართველის ვალია, რომ პატივი სცეს სამშობლოსათვის თავდადებული სამასი არაგველის ხსოვნას და სთხოვოს უფლის წინაშე მეოხება და შეწევნა.

 

ტექსტი მოიძია და გადაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

სავედრებელი პარაკლისი მამულისა და სჯულისათვის თავდადებულთა წმიდათა სამასთა არაგველთა