სულთმოფენობა

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ. თავები 8-14

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ

აღწერილი ლუკა მახარებელისაჲ

 

 

თავი 8

1. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა. იყო მას დღესა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა. 2. და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა. 3. ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ.

4. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა. 5. ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა მათ ქრისტესა. 6. და ერჩდა ერი იგი სიტყუათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა და ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა. 7. რამეთუ მრავალთა რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები, ღაღადებედ ჴმითა მაღლითა და განვიდიან. და მრავალნი განრღვეულნი და მკელობელნი განიკურნებოდეს. 8. და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა. 9. კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სიმონ, წინაჲთვე იყო ქალაქსა მას შინა, ჰგრძნებდა და განაკჳრვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა. 10. რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი. 11. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი. 12. და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი, სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელს-იღებდეს მამანი და დედანი. 13. და სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე ნათელს-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა. და ჰხედჳდა სასწაულებსა და ძალთა დიდთა, რომელნი-იგი იქმნებოდეს, და დაუკჳრდებოდა. 14. ესმა რაჲ უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე, 15. რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა ყვეს მათთჳს, რაჲთა მიიღონ სული წმიდაჲ. 16. რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაჲ, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. 17. მაშინ დაასხმიდეს ჴელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაჲ. 18. ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მით მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი 19. და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე: 20. ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. 21. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა. 22. შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ, 23. რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ. 24. მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ ზედა, რომელი-იგი თქუენ სთქუთ. 25. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა, და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.

26. ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ. 27. და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ, 28. და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა. 29. ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ. 30. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყუელსა; და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ? 31. ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა. 32. ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. 33. სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი. 34. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი ამას, თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე? 35. აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს. 36. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად? 37. ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე. 38. და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას. 39. და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით. 40. და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად.

 

თავი 9

1. ხოლო სავლე უფროჲსად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუჴდა მღდელთ მოძღუარსა მას 2. და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ. 3. და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო. 4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ. 5. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. 6. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ. 7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. 8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ. 9. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა.

10. ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია. და ჰრქუა მას უფალმან ჩუენებით: ანანია! და მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო. 11. ჰრქუა მას უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქჳან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა-ეგერა ილოცავს მუნ. 12. და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ჴელნი მას ზედა, რაჲთა აღიხილნეს. 13. მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა, 14. და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა. 15. ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა. 16. და მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს. 17. აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და ჰრქუა: საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას, რომელსა მოხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა. 18. და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო. 19. და მოიღო საზრდელი და განძლიერდა. და იყო მუნ მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე რაოდენმე; 20. და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე ღმრთისაჲ. 21. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი-იგი ტყუენვიდა იერუსალჱმს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა თანა? 22. ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკეს შინა და გულისჴმა-უყოფდამ ვითარმედ: ესე არს ქრისტე. 23. ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაჲ მისი. 24. და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფჳრიდითა. 26. და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე. 27. ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესუჲსითა. 28. და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალჱმს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა იესუჲსითა. 29. ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა, ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლვასა მისსა. 30. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ.

31. ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს.

32. და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლჳდიას. 33. და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღვეულ. 34. და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა. 35. და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონოსათა, რომელთა-იგი მოაქციეს უფლისა. 36. ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა. 37. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა. 38. რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე. 39. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა აღიყვანეს ქორსა მას ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა. 40. ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. 41. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი. 42. აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და ჰრწმენა მრავალთა უფალი. 43. და იყო იგი მრავალ დღე დადგრომილ იოპეს შინა სიმონ ვისმე მეპრატაკისა თანა.

 

თავი 10

1. კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, 2. კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის. 3. იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე! 4. და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა და ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა. 5. და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე. 6. ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა. 7. და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა, 8. და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ. 9. და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, 10. რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ, 11. და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, 12. რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი. 13. და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. 14. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. 15. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. 16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად. 17. და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა-ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელეოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა. 18. და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი არს აქა? 19. ხოლო პეტრე, ვიდრეღა იგი გულის ზრახვად დგა ჩუენებისა მისთჳს, ჰრქუა მას სულმან წმიდამან: აჰა-ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ; 20. არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი. 21. გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა: აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ? 22. ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა. 23. ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა. 24. და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი. 25. და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას. 26. ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ. 27. და იტყოდეს თანად, და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი. 28. და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად. 29. ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე. 30. ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა-ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა 31. და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქველის საქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა. 32. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღჳს კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ. 33. და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა უფლისა მიერ. 34. აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, 35. არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს. 36. სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ. 37. თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე: 38. იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა. 39. და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალჱმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. 40. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, 41. არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა. 42. და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ. 43. ამას ყოველნი წინასწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ. 44. და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი, 45. და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს, 46. რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: 47. წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ? 48. და უბრძანა მათ ნათლის-ღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა დღე რაოდენმე.

 

თავი 11

1. ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. 2. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი, 3. და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა სჭამე. 4. ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი შემდგომად და ჰრქუა: 5. მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე, 6. რომელსა მივხედენ და გავიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი, 7. და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. 8. და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲვე გინა არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა. 9. მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნ. 10. ესე იყო სამ გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად. 11. და აჰა მუნთქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა-იგი შინა ვიყავ, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაჲთ. 12. და მრქუა მე სულმან წმიდამან მისლვად მათ თანა და არარას ორგულებად. მოვიდეს ჩემ თანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა. 13. და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ სახლსა შინა თჳსსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე, 14. რომელმან იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი. 15. და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველად. 16. და მომეჴსენა მე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა. 17. აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა? 18. ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდჳლვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ.

19. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო. 20. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს. 21. და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა. 22. ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე, 23. რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ. 24. რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა. 25. და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად. 26. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად.

27. ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალჱმით წინაწარმეტყუელნი ანტიოქიად. 28. და აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აღაბოს, რომელი-იგი აუწყებდა სულითა წმიდითა, ვითარმედ: სიყმილი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი-იგი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა. 29. ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს, 30. რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა.

 

თავი 12

1. მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა 2. და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა. 3. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. 4. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას. 5. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს. 6. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას. 7. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. 8. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე. 9. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. 10. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. 11. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა. 12. გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს. 13. და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი. 14. და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას. 15. ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს. 16. და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲს-ზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს. 17. მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა. 18. და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაჲ იყო ერის კაცთაჲ მათ, ვითარმე: რაიმე იქმნა პეტრე? 19. და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მოკლვაჲ მათი. და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა.

20. ხოლო იყო ჰეროდე გულ-მწყრალ ტჳრელთა და სიდონელთათჳს. და იგინი მოსრულ იყვნეს ერბამად მისა და ქველის მეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა მეფისასა, და ითხოვდეს მშჳდობასა, რამეთუ ქუეყანაჲ იგი მათი იზარდებოდა სამეუფოჲსაგან მისისა. 21. და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოჲ და დაჯდა საყდარსა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. 22. და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ჴმაჲ არს და არა კაცისაჲ. 23. და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან ამისთჳს, რამეთუ არა მისცა დიდებაჲ ღმერთსა, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს. 24. რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა. 25. ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი; თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ.

 

თავი 13

1. იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე. 2. და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. 3. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს. 4. ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად , და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ. 5. და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად. 6. და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარიისუ, 7. რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა. 8. ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან. 9. ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას 10. და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა? 11. და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა. 12. მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.

13. წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ. 14. და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს. 15. და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ. 16. აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ! 17. ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ. 18. და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა, 19. და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი. 20. და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაწარმეტყუელისა. 21. მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ. 22. და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი. 23. მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ, 24. რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა. 25. ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა. 26. კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა. 27. რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს. 28. და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი. 29. და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა. 30. ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, 31. რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ. 32. და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ. 33. ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ. 34. ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ. 35. რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი. 36. რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი. 37. ხოლო რომელი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი. 38. უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების; 39. და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების. 40. იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: 41. იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.

42. და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ. 43. და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა. 44. და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას უფლისასა. 45. ხოლო იხილეს რაჲ ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ. 46. განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა-ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ. 47. რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა. 48. ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა. 49. და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა. 50. ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით. 51. ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად. 52. და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა.

 

თავი 14

1. იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა. 2. ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა. 3. მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყჳთა მით მადლისა მისისაჲთა და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა. 4. მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაჲ, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა. 5. და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა მისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა, 6. განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა – ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა, 7. და მუნ ახარებდეს.

8. და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა, უძლური ორითავე ფერჴთა, და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო. 9. ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისა, 10. ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ. და აღიხილნა და იწყო სლვად. 11. ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა. 12. და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს – ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის. 13. ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა და ეგულებოდა ზორვად. 14. ესმა რაჲ ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს: 15. კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, 16. რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისასა, 17. და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა. 18. და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს.

19. მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულადმ არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიან. და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი. 20. და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა დერბედ. 21. და ახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად, 22. და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა. 23. და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა. 24. და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფილიად; 25. და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა და შთავიდეს ატალიად; 26. და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს. 27. და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. 28. და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირეთა მოწაფეთა მათ თანა.