წმ. საბა 

სავედრებელი პარაკლისი ღირსისა მამისა საბა განწმედილისა

სავედრებელო პარაკლისი

ღირსისა მამისა ჩუენისა

საბა განწმედილისა

მღდელმან: კურთხეულ არს

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.

მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი

მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სხუაი ტროპარი; ხმაი 8

ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულთქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8

ძლისპირი: სიღრმეი ზღვისა მეწამულისაი პირველვე განაპო ქრისტემან ღმერთმან და განიყვანა ისრაელი, ხოლო აწ, რაჟამს ხორცნი შეისხნა ქალწულისაგან, მოუწოდა სიმრავლესა ერისასა და აღუშენა ეკლესიაი მობაძავად წესთა ზეცისათა. ამისთვისცა უგალობდეთ დაუცხრომელად, რამეთუ დიდებულ არს.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრთოან იქმენ მადლითა სულისა წმიდისაითა, მარადის ხსენებულო მამაო, და გამობრწყინდი რაი სათნოებითა, მადლი მონიჭებული შენდა ღმრთისა მიერ განითქუა ყოველსა სოფელსა და ჩუენცა სიხარულითა აღვასრულებთ ბრწყინვალესა ხსენებასა შენსა და ვუგალობთ ღმერთსა, რამეთუ დიდებულ არს, წმიდაო.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიგლახაკითა მოიგე რაი სიმდიდრეი, ყოვლად ნეტარო მამაო, გამოსჩნდი  ვარსკულავად უდაბნოისა და იქმენ ჭურად რჩეულად, შემწყნარებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ, სანატრელო, რაითა გვიხსნნეს ყოვლისაგან ბოროტისა ოხითა შენითა და წმიდითა გულითა ღირს გვყოს გალობად მისა, რამეთუ დიდებულ არს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გამობრწყინდი ხორცთა მათ შინა ქუეყანისათა მსგავსად უხორცოთასა, და მარხვითა და ლოცვითა განსწმიდე რაი მწიკული ვნებათაი, სწინაისწარმეტყველებდი მოწევნადთა მათ საქმეთათვის, და გუნდნი ეშმაკთანი განასხენ ძალითა ღმრთისაითა, რამეთუ დიდებულ არს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირსად და ჭეშმარიტად შენ მხოლოი ქებულ ხარ ყოველთა ნათესავთაგან, ვითარცა სთქუ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მხოლომან გვიშევ ღმერთი ხორცითა და ქალწულად ეგე, ამისთვის გიგალობთ: ზეცისა ძალთა თანა დაუცხრომელად ევედრე ძესა შენსა ჩუენ, მოსავთა შენთათვის.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გამორჩეულ იყავ რაი ღმრთისა მიერ ვიდრე შობადმდე შენსა, აღმობრწყინდი კაბადუკიასა, ნეტარო, და სიყრმესავე შინა განიშორე ცხორებაი ამის სოფლისაი, და შეხვედ მონასტერსა.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიმდაბლეი გექმნა რაი წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, სული თვისი დაიმდაბლე მარხვითა, და ხორცნი შრომითა დააჭნვნე, ღირსო, და ყოველთა უმჯობესად გამოჩნდი მორჩილებითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აღიზარდე რაი ყრმაი საწადელი, სიყუარულითა ღმრთისაითა მიხუედ ქალაქად წმიდად და დამკვიდრდი რაი ათანასეა ლავრასა, მხურვალითა ლოცვითა განსწმედდი სულსა და ხორცსა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზღუდეი ხარი შენ, ღმრთისმშობელო, და შესავედრებელი და მეოხი ჩუენი ჭირთა შინა, ამისთვისცა აღგიარებთ ცხორებისა ჩუენისა წინამძღუარად, სძალო ღმრთისაო მარიამ.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის, ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

წარდგომაი

სიყრმითგან ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, მოიძულე ხორციელებრი განსუენებაი, და მაცხოვარსა შეუდეგ რაი უბიწოდ გონებითა, ვითარცა ცხოვარი მისდევდი კუალსა მწყემსთმთავრისასა, ყოვლად ნეტარო საბა, და ჰპოვე განსუენებაი მყუდროსა მას ბანაკსა წმიდათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტისა გარემოდგომილებისაგან გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა სასოებაი დაგვიძს შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოითა ვედრებითა შენითა.

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაემოწაფე რაი ეფთვიმის, დიდსა მნათობსა ეკლესიისასა, წინაისწარმეტყველა შენთვის, ღმერთშემოსილო, და ცხად ყო ბრწყინვალებაი შენი საკვირველად.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გიხილა რაი მოძღუარმან შენმან შემკობილი სათნოებითა, წარგგზავნიდა სხუასა მას სავანესა, სადაცა იყავ მორჩილებასა შინა დიდსა, და აღიწიე თავსა სრულებათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჟამითი ჟამად იღუწიდი რაი მღვიმესა შინა იწროებითა და შრომითა, ახოვანითა სულითა განაქიქენ საფრხენი ბოროტისანი, ღირსო, და გამოსჩნდი ვარსკულავად უდაბნოისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველი სასოებაი ჩუენი შენზედა დაგვიძს, დედოფალო, რამეთუ არარაი შეუძლებელ-არს მეოხებისა შენისათვის ხსნად სამწყსოისა შენისა ყოველთა ძვირთაგან და განრინებად საფრხისაგან მტერისა.

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის გამიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ღმრთისმსახურებითა მიემსგავსე რაი დიდსა დანიელსა, უვნებელად განერე პირისაგან მხეცთაისა ძალითა ღმრთისაითა, ხოლო ესმათ რაი უდაბნოისმოყურეთა საქმენი შენნი, მოისწრაფდენ ხილვად სიწმიდისა შენისა, და გიხილეს, ვითარცა ანგელოზი ზეცისაი.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უდაბნოი უქმი, ცრემლითა შენითა მოირწყო და იქმნა რაი ვითარცა სამოთხეი, მრავალნი შეუდგენ კუალსა შენსა, და იქმნებოდენ რაი მონაზონ, ქუაბთა და სენაკთა გამოკუეთდენ კლდეთა შინა, და ფრიად იღუწიდენ მუნ სადიდებელად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიბრძნითა სულისა წმიდისაითა განანათლებდი სამწყსოსა შენსა, და ასწავებდი რაი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა, აწ ჩუენცა მოგუეც მამობრივისა შენისა გულმოწყალებისა კურთხევანი, რაითა წინა-აღუდგეთ ეშმაკისა საცთურთა და კაცთა ბოროტებასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ყოვლადუბიწოო ქალწულო, და ნუ დააცადებ მისა მიმართ შეწევნასა ჩუენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ ღმრთისმშობელად, დედოფალო, და გვიხსნეს ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რომელი მოსეს პირველად სუეტითა ღრუბლისაითა ეტყოდა, სუეტი ბრწყინვალეი ქუეყანით ცად აღწევნული გიჩვენა, ღირსო, და მუნ ჰპოე ქუაბი და ჰყავ იგი ტაძარ სალოცველ ღმრთისა. მას ევედრე, რაითა ცხორებაი ჩუენი წარჰმართოს სათნოდ თვისად.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დღეთა მათ გვალვისათა, რომელი მოწევნულ იყო რისხვისაგან ღმრთისა, კაცნი მოწყდებოდეს გუემითა მით ფიცხელითა, გარნა ლოცვითა შენითა წყაროი აღმოაცენე, და საკვირველად წვიმაი ზეცით გარდამოიყვანე ურწყულთა მათ ადგილთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა, ღირსო, მსგავსად მზისა განბრწყინდა ურიცხუნი სასწაულნი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, და სახელი შენი განსდიდნა არაი ხოლოი პალესტინეს, არამედ ყოველსა სოფელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთვის, ყოვლადწმიდაო დედაო, რამეთუ სიმტკიცეი ხარი შენ ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებითა ვადიდებთ და თაყუანის-ვჰცემთ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.               

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.                        

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                                

გუნდი: ამინ.

კონდაკი, ხმაი 8

სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო!

იკოსი

სიყრმითგან სურვიელ იქმენ რაი სიბრძნესა მას გვამოვანსა, ღირსო, განგაშორა ქუეყანისაგან და აღგიყვანა რაი სიმაღლედ, უნივთოთაგან ყვავილთა შეითხზ გვირგვინი და დაიდგ თავსა შენსა, ღმერთშემოსილო საბა, რომლითა განშუენებულმან მოწყალე ჰყავ ღმერთი, მოცემად ჩუენდა სიბრძნეი შემსგავსებული სიტყვისა, რაითა ქებით შევამკობდეთ ღუაწლსა შენსა და ღაღადვჰყოთ: გიხაროდენ, საბა, ღმერთშემოსილო!

მოხედენ.მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსანარს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარებაი ლუკასი

მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა და ერი იგი მოწაფეთა მისთაი და სხვისა ერისა სიმრავლეი ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალიმით და ზღვის კიდით, ტვიროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისა და განკურნებად სნეულებათაგან მათთა. და ურვილნი იგინი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თვალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა საბა განწმედილისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: მოიძულე საწუთროი – საუკუნეთა მათთვის საშუებელთა და წმიდათა თანა იშუებ წინაშე ღმრთისა, ღირსო მამაო საბა განწმედილო, აწ კეთილმსახურებრითა კადნიერებითა გვიოხე წინაშე მისსა, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებელობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისამძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულმოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა – ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანეოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისამძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთაბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკისაითა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, დემეტრედამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა საბა განწმედილისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ბრძენმან და სარწმუნომან მოძღუარმან, ქრისტე შეიყვარე – ჭეშმარიტი სიმართლეი, და მობაძავ იქმენ რაი საღმრთოისა მოქალაქობისა მისისა, სნეულთა ჰკურნებდი შეხებითა ხელისაითა მსგავსად მისა, და სიტყვითა იოტებდი სულთა უკეთურთა.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიად განმრავლდენ რაი მოღვაწენი გარემო შენსა, დააფუძნე ლავრაი, ნეტარო, და მას შინა იღუწიდენ რაი ქართველნიცა შორის სხუათა მათ ნათესავთა, აქუნდათ ეკლესიაი თვისი, და სახარებასა იკითხვიდენ ენასა ჩუენსა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღმრთისაგან განეწესე რაი უდაბნოსა მოძღურად სიბრძნისა, სწავლითა შენითა განანათლენ მოწაფენი შენნი მონებად სამებისა, და აწცა გაქუს კადნიერებაი წინაშე მისსა, რაითა განგვარინოს ყოველთა ღელვათა და წარმწყმედელთა მათ ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადმოწყალისა ღმრთისა მოწყალეო დედაო, ყოველთა ჭირთა და სასტიკთა სნეულებათაგან განარინნე ერნი შენნი, ქალწულო, რომელნი მოვუწოდთ გულმოწყალებასა შენსა, და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ქებით აკურთხევდით, სამებისა რიცხუნო ყრმანო, დამბადებელსა ღმერთსა და მამასა აქებდით და ძესა მხოლოდ-შობილსა, რომელმან დაშრიტა სახუმილი ცეცხლისაი და ამაღლებდით ცხორების მომნიჭებელსა სულსა წმიდასა უკუნისამდე.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა მწყემსმან მღვიძარემან სასოებითა მტკიცითა წარწყმიდე სიბოროტეი მწვალებელთა და წინა-აღმდგომთაი, და დააფუძნე რაი ექუსი სავანეი თვინიერ ლავრისა, გუნდნი მოღუაწეთანი მათ შინა დაამკვიდრე და განამრავლე მადლი სიბრძნითა საღმრთოითა.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიწმიდითა განვლე რაი საწუთოი ესე, ნეტარო, დასნეულდი და წინაითვე გემცნო რაი ჟამი აღსრულებისა შენისაი, დაადგინე მამასახლისად ღირსი მოღუაწეი, და ყოველთა ამცნე უქცეველად დაცვაი წესთა მონასტრისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაყავ რაი ოთხი დღეი სარეცელსა ზედა, მწუხრსა შაბათისასა ეზიარე, ყოვლად ნეტარო მამაო, და შეჰვედრე რაი წმიდაი სული თვისი უფალსა, ანგელოზნი მისნი წინამძღუარ ექმნნეს და წარიყვანეს იგი ადგილსა განსასვენებელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მტკიცეო მეოხო და ყოვლადქებულო შუამდგომელო ჩუენო, ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა უსასოთაო, აწ ისწრაფე და განგუარინენ ჩუენ ცოდვასა, და გვიხსენ მოწევნადთა სენთა და ურვათაგან.

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზეშთაეს ბუნებისა ჰშევ დაუსაბამოი, რომელ არს შემოქმედი, ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წმიდასა გუამსა შენსა, ფრიად დამაშურალსა, გარე-მოადგენ მოწაფენი შენნი, გრაცხიდენ რაი შუა-მდგომელად წინაშე ღმრთისა და სიქადულად და ზღუდედ სჯულისა, აწ ჩუენცა გვასხურე ცუარი მადლისა შენისაი, და დაგვიფარე ყოვლისაგან ბოროტისა.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მსწრაფლ განითქუა რაი სიკუდილი შენი გარემოთა მათ ქუეყანათა, შეკრბა სიმრავლეი მონაზონთაი და ერისკაცთაი, ღირსო, და მოვიდნენ მთავარებისკოპოსი და ებისკოპოსნი წმიდისა ქალაქისა წარჩინებულთა თანა, რაითა მიაგონ პატივი სიწმიდესა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

წმიდაი ნეშტი შენი დაკრძალეს რაი ეკლესიასა მას დიდისა ლავრისასა, სადა იგი წინაით იხილე სუეტი ცეცხლისაი, ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაი, ღმერთშემოსილო მამაო საბა, და საუკუნესა სუფევასა ღირს-იქმენ დამკვიდრებად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უქორწინებელო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოე მისგან, რომელი ჰშევ შენ, რაითა მოსცეს ძლევაი და ხსნაი ერსა თვისსა უღლისაგან მტერთაისა, რომელნი დაუცხრომელად გადიდებენ.

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე რაი, ღმრთივგანბრძნობილო მამაო საბა, ვითარცა ქუეყანისა ანგელოზმან და ზეცისა კაცმან, დიდებულად შეამკევ ეკლესიაი ცხორებისა ბრწყინვალებითა, რაისთვისცა `განწმედილი~ გიწოდეს და შეგრაცხეს რაი წმიდანად ეკლესიისა,   აწ ყოველთა მოყუარეთა შენთა შეეწევი, და მადლსა და ლხინებასა მიანიჭებ მხურვალედ მვედრებელთა შენთა.

საქმენი შენნი, უცხოი და საკვირველ არს, ყოვლად ქებულო მამაო საბა, რამეთუ საცხოვრებელად მრავალთა მოღვაწეთა უდაბნოთა შინა ქალაქნი აღაშენენ – ღმრთივშუენიერნი და სულთა სარგებელნი, სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა მოგვიხსენენ წინაშე მისსა, რაითა განაშოროს ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და მოგვანიჭოს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

მსგავსად მზისა განბრწყინდეს ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, საღმრთოისა მიერ მადლისა, რომლისა მიერ განსდიდდი, ღმრთისმოყუარეო მამაო საბა, არა ხოლო თუ პალესტინეს, არამედ ყოველსა ქუეყანასა, და აჰა, აწ ჩუენცა ვიხარებთ სულითა და ვევედრებით განმადიდებელსა შენსა ქრისტესა, რაითა გარე წარგვხადოს ეშმაკთა კვეთებანი და განგვარინოს ღელვათაგან ცოდვისათა.

განსცხრების უდაბნოი იორდანისაი წმიდასა ხსენებასა შენსა, მამაო საბა, ნაყოფიერ ჰქმენ რაი რწყვითა მათ ცრემლთა შენთაითა, და ლავრაი შენი იქადის და მოგიგებს რაი აღმაშენებელად და ყოვლად ძლიერად მფარველად თვისად, მკვიდრნი მისნი მარადის ითხოვენ შენ მიერ შეწევნასა, და აწ ჩუენცა მათ თანა გიგალობთ და აღგძრავთ მეოხებად უფლისა მიმართ, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და სიმხნეი და ერთსულობაი მოჰმადლოს ერსა ჩუენ ქართველთასა.

ჰოი, საჩინოთა მამათა შორის განბრწყინვებულო საბა განწმედილო, მამობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე მფარველსა ჩუენსა – ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, შეგვეწიოს ჭირთა და საცთურთა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და მადლსა და დიდებასა შევსწირვიდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.                           

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუხლთმოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ღმრთისა სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო მამაო ჩუენო საბა განწმედილო, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებლობისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო; დიდებაო კაბადუკიისაო და ქალაქ-მყოფელო უდაბნოისაო; მონაზონთა კანონო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო; ღმრთისა მიმართ მეოხო და შესავედრებელო ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, მამათა თავო და ღირსთა შუენიერებაო, ყოვლად ნეტარო საბა, დიდითა მოღუაწებითა შენითა ღირს იქმენ რაი მოღებად პატივსა მთავართა თანა ზეცისათა, ჭეშმარიტად იხარებ ნათლითა გამოუთქუმელითა, და გაქუს რაი კადნიერებაი დიდი, შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არაი გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და წარვწყმდებით რაი ურიცხუთა ცოდვათაგან, მოგუმადლოს სინანული მსგავსი ნინეველთაისა, რაითა თანა-წარგვხდეს განსაცდელი იგი დაქცევისაი, და მოგვანიჭოს სიბრძნეი, სიმხნეი და ძალი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რაითა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი. მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, მოღუაწეთა სიქადულო და მონაზონთა დიდებაო საბა განწმედილო, არა ხოლო თუ მკვიდრ ხარ შენ ზეცისა, არამედ მლოცველი და მსწრაფლშემწეი და მეოხი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა აღგძრავთ ვედრებად მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნას სიყმილისაგან, სვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა საბა განწმედილისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

მთხვევასა ზედა ხატისასა ვჰგალობთ:

ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლად სანატრელო მამაო საბა, და ზეცით მოიღე რაი მადლი სათნოებისაი, ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოთა მოქალაქეობითა, და სათნო-ეყავ რაი ზეცათა მეუფესა, ღირსო, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაითა გვიხსნნეს სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისა და ვნებულებისაგან.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა საბა განწმედილისაითა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

წმინდა წერილი