Site icon Iveron Icon Georgian Orthodox Church

07 ივლისი. შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (I)

 როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები – მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს. წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძრწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.

ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.

როცა „ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი. ესმა გარემოთა და ნათესავთა. და მის თანა იხარებდეს“. მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, – ეს სახელი ხომ მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკჳრდა ესე ყოველთა“. ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაÅლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა“; ჩვილს კი მიმართა: „და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.

მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

Exit mobile version