თამარ მეფის დაუჯდომელი საგალობელი
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მიწყალე მე ღმერთო…
კონდაკი 1
დიდებულებაი შენი ვინ მიუთხრნეს, ჰოი, საკვირველ-მაღალო ხელმწიფეო, რამეთუ უფროის გონებისა ჩუენისა აღმაღლდა ქებაი სათნოებათა შენთაი, და ურიცხვთა განსაცდელთა მიერ შეიწრებულნი მოვივლტით რაი წმიდისა ხატისა მომართ შენისა, აღგძრავთ შენ ღმრთისა მიმართ მწედ და შუამდგომელად, რაითა მოგუმადლოს ძლევაი ყოველთა საცთურთა ზედა და ღირს გვყოს გალობად შენდა: გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
იკოსი 1
ეჰა, ვითარი დიდებულებაი შეგძინა შენ სიმხნემან, სანატრელო, რამეთუ მაუწყებელ-არს მოღუაწებათა შენთა დიდებული ვარძია და ხმა მაღლად ჰქადაგებს მეტეხი და ბეთანია ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, ხოლო ჩუენ უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და სიქუელისა შენისა გულსმოდგინედ მომთხრობელნი აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:
გიხაროდენ, იესეს ნერგო, მორჩო დავითისაო;
გიხაროდენ, ხატო დედათა კდემამოსილებისაო;
გიხაროდენ, აღმოყუავილებულო რტოო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დიდებაო ქუეყანისაო და სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, გამოუკვლეველო უფსკრულო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო საყვირო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, წინამძღოლო და ჯუარისმტვირთველო ერისა შენისაო და შემწეო მესიისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და სიმტკიცეო ქრისტეს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, საცნაურო მზეო, მნათობო ივერიისაო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 2
სამარადისოდ დაჰნერგე რაი გულსა შინა შენსა შიში და სიყუარული ღმრთისაი, შეიმოსე მოწყალებაი, სიმშვიდეი და კრძალულებაი, და ჰბაძევდ ქცევასა ღირსთა მათ მენელსაცხებლეთა დედათასა და დათა ლაზარესთასა, აწცა მათ თანა ევედრე ღმერთსა, სათნო იჩინოს აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა ურთიერთასისა სიყუარულითა და სიბრძნითა საღმრთოითა, რაითა კნინისა ამის ცხორებისა ჩუენისა გზაი კეთილად განვვლოთ, და მარადის ვაქებდეთ ქრისტესა, მაცხოვარსა და მხსნელსა ჩუენსა: ალილუია.
იკოსი 2
სიწმიდეი შენი საღმრთოი და გონებისა სიწრფოებაი იხილა რაი დაფარულთა მეცნიერმან, გცხო შენ საცხებელი სიხარულისაი და თვით-მპყრობელად ივერიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დაგადგინა, ხოლო შენ ძლევანი ყოვლად-დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ და სამწყსოი იგი, რომელი გერწმუნა, კეთილ-მორწმუნებასა ზედა დაამყარე, ეგრეთვე აწ ერი ჩუენი სიმხნით განაძლიერე და გზაი იგი ჩუენი სამეუფოი კეთილად წარგვიმართე, რაითა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა და დაუცხრომელად გაქებდეთ:
გიხაროდენ, ძირთაგან ღმრთისმსახურთა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და სიტურფითა და შუენიერებითა აღმატებულო;
გიხაროდენ, სამშობლოისა ქუეყანისა სიყურულითა აღგზებულო;
გიხაროდენ, სიყრმით შენითგან სამეუფოითა ზეთითა ცხებულო;
გიხაროდენ, მოწყალებითა განწმედილო და გულის სიტყვითა განათლებულო;
გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ცხორებითა სათნოითა და სიბრძნითა საღმრთოითა განსრულებულო;
გიხაროდენ, ღმრთისმშობლის წილხვედრი ერისა მწყსად და მფლობელად მოვლინებულო;
გიხაროდენ, დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკულო;
გიხაროდენ, მამულისა ვენახისა კურთხეულისა მუშაკო დაუცხრომელო და უფლისა მიერ სუე-ამაღლებულო;
გიხაროდენ, თარგამოსიანთა მეფედ და წინამძღურად წოდებულო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 3
ანგელოზებრ შუენიერ იყავ ხატითა და სავსეი სიბრძნითა, ჰოი, მეფეო, ქრისტესა შედგომილო, და გონებაი შენი განსწმიდე რაი წვრთითა საღმრთოთა წერილთაითა და ლოცვითა მხურვალითა, ხორცი განკაფე მარხვითა, მღვიძარებითა და ხმელთა ზედა წოლითა, და განჰბრწყინდი სათნოებათა ელვარებითა, აწ აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა და აღგვძრას დიდებად მისა: ალილუია.
იკოსი 3
მღვიძარე მწყემსად გამოუჩნდი ერსა შენსა, ჰოი, მეფეთა შორის საკვირველო, და მსწრაფლ შეჰკრიბნე რაი ყოველნი კაცნი სამღდელონი და შჯულისა მეცნიერნი გამოძიებად კეთილისა და განგდებად დრკუისა, წმიდაი კრებაი იგი, ვითარცა დედაკაცმან, დაუტევე კრძალვითა, ხოლო ესმნეს რაი სიტყუანი შენნი ყოვლად სანატრელსა კრებულსა მას მამათასა, განიხარეს ღმრთისმოყუარებითა სულისა შენისაითა, და ქებაი საცნაური შეგასხეს, ვითარცა თანა-შემწესა კრებისასა:
გიხაროდენ, ქართველთა მზეო მრავალ-მნათობო, ცისკრითა კეთილმსახურებისათა ყოველთა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა ლამპარო, უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;
გიხაროდენ, ცრუ სარწმუნოებისა მხნედ განმბასრველო;
გიხაროდენ, ტყვეობისაგან მრავალთა სულთა გამომხსნელო;
გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და გლახაკთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაითა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დამამხობელო და განმთხეველო;
გიხაროდენ, შეცდომილთა გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა მომაქცეველო;
გიხაროდენ, განძვინებულთა მხეცთა გულებისა მომალბობელო;
გიხაროდენ, კაცთმოძულეთა მთავართა და უსამართლოთა მსაჯულთა მამხილებელო და მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;
გიხაროდენ, განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა მსწრაფლ შემწეო და ხელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 4
ხვიდოდი რაი მცნებათა ღმრთისათა და სამართალთა მისთა, მოგანიჭა შენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და შენცა სირცხვილითა აღავსენ ორგულნი ერისანი და ყოვლითა უპატიოებითა, ეგრეთცა კადნიერებაი მათი შეჰმუსრე, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და გვიხენ ყოვლისაგან ვნებისა ბოროტთა კაცთაითა, რაითა ყოველთა მართლმორწმუნეთა კეთილად განგუემარჯვოს და ლოცვაი ჩუენი შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 4
ეჰა, ვითარ ჭეშმარიტ საღმრთოი და საკვირველ არიან საქმენი შენნი, ყოვლად ქებულო მეფეო თამარ, რამეთუ ღმრთისმსახურებასა და კრძალულებასა შინა საწუთოი სამეფოი არა დაუტევე განუგებელად, არამედ უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაგე და განაჩინე, და წარემატე რაი დიდებითა და განმარჯუებითა, ერი შენი, მადლიერი ღმრთისა მიმართ ყოვლად მოწყალისა, დაუცხრომელად გაქებდა:
გიხაროდენ, ყუავილო შუენიერო, დავითისა ბრწყინვალისა მტილისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;
გიხაროდენ, ზეციერითა მადლითა განბრწყინვებულო, თაყუანისმცემელო მესიისაო;
გიხაროდენ, მოუწყვლელად დამცველო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ჭეშმარიტისა მსჯავრისაო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოისა უღლისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო მუშაკო ქრისტეის ვენახისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახვილო, განმკვეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, მიურულებელო მცველო და განმაძლიერებელო ივერიისაო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 5
სიყუარული და სიქველეი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, და განხსენ რაი საუნჯენი მამა-პაპათა შენთანი, ხელ-ჰყავ წყალობაი და შეწყნარებაი, რომელ არა სადა ვის ეხილა, ხოლო განიცადა-რაი ერმან შენმან დედობრივი გულმოწყალებაი შენი, სიცოცხლეშივე განგადიდა და არცაღა დასცხრებოდა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა: ალილუია.
იკოსი 5
მოხედნა რაი იესუმ წყალობითა დედისა თვისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, გარდამოგივლინა ძალი, სიმხნეი და მძლეველობაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, ვითარცა დავითს, ღმრთისმოყუარესა პაპასა შენსა, და შენცა ერთგულებისათვის მამულისა და მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა მისებრვე განაქარვე სივერაგეი ორგულთაი და მტერთაი, აწცა ნუ დასცხრები ერისა შენისათვის წინაშე ქრისტეის მხსნელისა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა სიყუარულითა და მშვიდობითა ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:
გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, ერისა შენისა ღირსებისა დამცველო;
გიხაროდენ, მრავალთა ჭირთა ახოვნად დამთმენელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებითა სიცრუვისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა გონებათა დამატკბობელო;
გიხაროდენ, ეშმაკის საცთურისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთვის ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მანქანებათა მტერისაითა დამხსნელო;
გიხაროდენ, უშჯულოთათვის შიშის ზარისა დამცემელო;
გიხაროდენ, რისხვისა საღმრთოისა დამაყენებელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 6
ვერ შეგიტყუა შენ საშუებელმან ამის საწუთოისამან, და ვერცა გვირგვინმან და სკიპტრამან დიდებულმან, ვითარ იგი მეფენი მრავალნი, არამედ ზენაისა დიდებისა მოსურნემან, ქუენაიცა ესე დიდებაი უხუებით მიიღე აღთქუმისაებრ უფლისა, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად მისსა მიმართ, კუალად მოგუანიჭოს მწყემსი სარწმუნოი და მხნეი, რაითა ჰსწავლიდეს და წარუმართებდეს სჯულდებულსა ერსა, შვილად ღმრთისა გამორჩეულსა, და მსხუერპლსა ქებისასა მარადის შესწირვიდეს ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 6
იურვოდეს რაი შობისათვის მემკვიდრისა, არა მიგიშუეს ნებად შენდა, ყოვლად უწადინელი ქორწინებისაი, და გამოირჩიეს რაი მხნეი დავით, მეფეთა გვარისაი, ვითარ იყო ხუედრი და რიგი შარავანდედობისა შენისაი, ღმრთივბრწყინვალესა თავსა შენსა დაგადგეს გვირგვინი პატიოსანი მეუღლეობისაი, ხოლო ერი შენი სიხარულითა განსცხრებოდა, და ვითარცა ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა, ერთ-ხმობით გიგალობდა:
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო საღმრთოთა სამწყსოთაო;
გიხაროდენ, მსგავსად სოლომონისა აღსავსეო სიბრძნითაო;
გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო;
გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სათნოებათაო;
გიხაროდენ, სავანეო კეთილთა საქმეთაო;
გიხაროდენ, შემწირველო ეკლესიათაო და კეთილისმყოფელო სამღდელოთაო;
გიხაროდენ, აღმაშენებელო ქსენონთაო და მკურნალო სნეულთაო;
გიხაროდენ, მოწყალეო გლახაკთაო და განმკითხველო ქურივთა და ობოლთაო;
გიხაროდენ, მართლმსაჯულო უღონოთაო და შემწეო უძლურთა ქუე-მდებარეთაო;
გიხაროდენ, ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის-აღმპყრობელო და მეოხო მომწოდებელთა შენთაო;
გიხაროდენ, გვირგვინო და დიდებაო ღმრთისმსახურთა მეფეთაო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 7
ოდეს ჰრულსა შინა იხილე სამოთხისა შუებაი, და ტახტი ბრწყინვალეი, შემკული თუალთაგან მრავალსასყიდლისაითა, მიისწრაფდი დაბრძანებად მას ზედა, გარნა არა მიგიშუა კაცმან ვინმე, ნათელ-მოსილმან და გრქუა: მხევალისა შენისა არს, დედოფალო, რამეთუ სამოსელნი ათორმეტისა მღდლისანი ხელითა თვისითა შესთულა, და გეწადა რაი სულისა ცხონებაი, ესრეთვე აღასრულე შენცა, და მოიხუენ რაი ზეცისა იგი უხრწნელნი სამოსელნი, კრებულსა თანა წმიდათასა მარადის უღაღადებდ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 7
დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა მამაკაცებრ იღუაწე, ჰოი, მეფედ ცხებულო დედოფალო, და შენდამი რწმუნებულნი ერნი და სამეფონი გარემოცულთა საფრხეთაგან უშიშად დაიცევ, ხოლო საზღუარნი საქართველოისანი, სპერითგან დარუბანდამდის უფროის განავრცენ, და ტაძარნი და მონასტერნი, არა ხოლოი თუ მამულსა შენსა, არამედ ყოველთა წმიდათა ადგილთა აღაშენე და წყალობითა დიდითა აღავსნე, ამისთვის ნუ განგვაშორებ შეწევნასა შენსა და ერი ჩუენი, ქრისტეის მოსახელეი, ძალითა მისითა დაიფარე, რაითა უვნებელად დაცულნი დაუცხრომელად გაქებდეთ:
გიხაროდენ, ხუცესთა და უპოვართა გამომზრდელო;
გიხაროდენ, დიდებულისა ანჩისხატისა განმაშუენებელო;
გიხაროდენ, ბნელთა შინა დაშთომილთა სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოითა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა საცთურისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ქედფიცხელთა და გონებაურჩთა განმსწავლელო;
გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, მრავალთა წყლულებათა განმკურვნელო;
გიხაროდენ, მტერთა ძვირის-ზრახვისა განმდევნელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 8
ღმრთივკურთხეული მეფობაი შენი შეამკევ კეთილითა საქმითა, და ცხორებაი შენი განაშუენენ რაი მოთმინებითა და სიმდაბლითა, დაადგა ღმერთმან თავსა შენსა გვირგვინი დიდებისაი და განამტკიცა კეთილდღეობაი ერისა შენისაი, ეგრეთვე აწ მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისაი და მოგუანიჭე შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა დღითი დღე ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა და ვაქებდეთ ძალსა მისსა: ალილუია.
იკოსი 8
დაცემულებაი უპოვარებისაი და შიმშილითა მოყმობაი მსწრაფლ ეწია ალექსი კეისარსა, დაივიწყა რაი შიში ღმრთისაი და შენ მიერ ნაბოძები დიდძალი საფასეი წარსტაცნა მონაზონთა შავისა მთისასა, მაშინ სამართლად აღიძარ გულისწრომითა წყალობისმოყუარეი და წარუგზავნე რაი უმეტესი განძი მოწესეთა, წარუღე ტრაპიზუნტი და ლაზია ანგარსა კეისარსა, და მიანიჭე ალექსი კომნენოსსა, ვინაიცა მადლი შესწირა ღმერთსა, მოსცა რაი ეგევითარი შემწეი, და გნატრიდა, ვითარცა მეფესა სამართლისმოყუარესა:
გიხაროდენ, აბრაჰამის უცხოთმოყუარებისა მიმბაძველო;
გიხაროდენ, ცოდვის მოყუარეთა კაცთათვის თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა საჭურველო და ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, მხდომთა და განლაღებულთა დამცემელო;
გიხაროდენ, გრძნეულთა უგულისხმოებისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა შემრისხველო;
გიხაროდენ, სიწმიდისა შემბილწველთა და ქრისტეანობის განმრყვნელთა ზარდამცემო;
გიხაროდენ, ტრაპიზუნტის იმპერიისა დაარსებითა საზღუართა ქუეყანისა შენისაითა დამფარველო;
გიხაროდენ, სამეფოისა შენისა მტერთაგან დამცველო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 9
ვითარცა ღმრთისა მიერ მიენიჭა დავითს ძლევაი საკვირველი დიდგორსა, და შესწირნა ყელსაბამი ოქროისა გელათს, ხახულისა ღმრთისმშობელსა, ეგრეთვე შენ, ზეგარდამო ძლევისა მომღებელმან შამქორსა, წარგზავნე მუნცა დროშაი ხალიფასი და სამკაული ოქროისა, ხელითა შალვა ახალციხელისა, და ღმრთისმშობლისა მიმართ ლოცვისა მიმძღუნელმან, სამადლობელი გალობაი შესწირე ზეცათა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 9
არად შერაცხენ შენ ქადებანი უსჯულოისა მის რუქარდინ სულტნისაი და არცა შეშინდი მძლავრთა სიქადულსა, არამედ ლოცვითა მხურვალითა შეჰვედრე სოსლან დავით და სპაი მისი ვარძიის ღმრთისმშობელსა, და წარიხადენ რაი სამოსელი ფერხთანი, ცრემლთა დინებითა წარუძეღ ლაშქარსა ბასიანსა, ხოლო ვიდრემდის მიიწივნეთ, აღხვედ გორაკსა უმაღლესსა და აკურთხევდი დროშასა სვიანსა და ლაშქარსა უებროსა, აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა არა მოაკლდეს ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაი ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, და არცაღა დავსცხრებოდეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, უტკბილესითა ბაგითა ცხოველსმყოფელისა წყლისა აღმომადინებელო;
გიხაროდენ, დაცემულთა მეყსეულად აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ბომონთა და კერპთა ძირითურთ აღმომფხურელო;
გიხაროდენ, ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა აღმხოცველო;
გიხაროდენ, ქრისტეისმოყუარისა მხედრობისა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, ერთგულთა შემყუარებელო და ორგულთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა ეკლესიათა და მონასტერთა აღმგებელო;
გიხაროდენ, მტერთაგან შეუვალთა და უბრძოლველთა გოდოლთა და ციხე-ქალაქთა აღმმართველო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, ცრემლთა შენთა ნაკადულითა ურიცხუთა მტერთა დამნთქმელო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ბრძოლათა უბრძოლველად დამარღვეველო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 10
ჰოი, ძლიერებაი კაცთმოყუარისა ღმრთისაი, რომელმან წყალობითა მოხედნა მხურვალესა ლოცვასა შენსა და უღმრთონი ბარბაროსნი და ურწმუნონი აგარიანნი დაამდაბლა რაი ქუეშე ფერხთა ქრისტეანეთასა, სამეფოი შენი შეუხებელად დაიცვა მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, და ცრემლითა დალტობილი მადლობასა შესწირვიდი და უგალობდი ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 10
მარჯუენეი მაღლისაი შემწე გექმნებოდა, მხნეო ხელმწიფეო, და განცხადებულად ყოფდა ძლევათა საკვირველთა შენზედ აღძრულთა მტერთა ზედა, რამეთუ თვით უსჯულოიცა მსახური სულტნისაი ძრწოლითა ღაღადებდა, თუ ვითარ-ყო მთავარანგელოზმან ძლევაი მათ ზედა, და შიში და ზარი სიწმიდეთა შენთაი მიეფინა მეფეთა და მრავალთა ერთა, ვითარცა მძლავრებაი წინააღუდგომელისა ხელმწიფისაი, რომელთა თანა ჩუენცა ლმობიერად შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა მიქაელ მთავარანგელოზისასა, და მოგიძღუნით „გიხაროდენსა“:
გიხაროდენ, ქურივობისა შენისა ანა წინასწარმეტყუელისამებრ კრძალულებითა დამცველო;
გიხაროდენ, მამულისა ტრფიალებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა საქმეთა კეთილად წარმმართებელო;
გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა სპათა ახოვან-მყოფელო და მწყალობელო;
გიხაროდენ, კეთილკრძალულთა დედაკაცთა მაკურთხეველო და ბილწთა და უგუნურთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა სიბოროტისა წარწყმედელო;
გიხაროდენ, ქრისტეისმოძულეთა აგარიანთა თავ-ზარ-დამცემო და მძლეველო;
გიხაროდენ, დავითისა ძლევისა ბრწყინვალეო აღმადგინებელო;
გიხაროდენ, გორგასლიანურ-დავითიანურისა დროშის უფროის აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, ყოველთა ერთა და ტომთა, შენდამი რწმუნებულთა აღმაორძინებელო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახურელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 11
ესმათ რაი ქართველთა სენთაგან განლეულობაი შენი, ყოვლად ნეტარო, მარადღე ლოცულობდენ ცრემლთა დინებითა, გარნა ფუჭ-იქმნა ყოველთა მკურნალთა ხელოვანებაი, რამეთუ არა ღირს იყო, არა ხოლო თუ საქართველოი ოდენ, არამედ ყოველნი ქუეყანანი მეფობასა შენსა, ამისთვისცა შენ მიერ მადლმოსილსა ნუგეშინისცემასა და შეწევნასა ვსასოებთ და საღმრთოსა ამას გალობასა შევსწირავთ ღმერთსა: ალილუია.
იკოსი 11
წყლულებათა მიერ უკურნებელთა, ვითარცა იობ განიცადე, და მწთოლვარითა ხმითა შემოუწოდე რაი წარჩინებულთა, წინაშე ხატსა უფლისასა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა აკურთხე და ევედრე ყოველთა, რაითა მარადის კეთილთა შინა იყვნენ მახსენებელად შენდა, ხოლო მადლობდი რაი ქრისტესა, შეჰვედრე სამეფოი და სული შენი უბიწოი, და შეერთე რაი ანგელოზთა კრებულსა, ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათს ცრემლთა დინებითა, და ვითარცა კურთხეულსა დედასა ქართველთასა, მოგართვეს სამადლობელი ესე ქებისაი:
გიხაროდენ, თარგამოსიანთა ნათესავისა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო და ღმრთისმბრძოლთა სირცხვილეულმყოფელო;
გიხაროდენ, ისმაიტელთა ქედმაღლობისა დამამცრობელო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ღუაწლითა შენითა უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, წარმავალისა დედოფლობისა წილ, წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, წმიდათა თანა სავანე ქმნილო და გვირგვინითა ძლევისაითა შემკობილო;
გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათვის დამშურალთა მეფეთასა შეერთებულო;
გიხაროდენ, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;
გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და ცხონებისათვის ჩუენისა მზრუნველო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 12
ვითარცა იხსენ ქუეყანაი შენი და ყოველი მართლმადიდებელი ერი გარემოცულთა განსაცდელთაგან, ეგრეთვე აწ დაამხუნე მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელნიცა მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა შენსა, ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებულ-დაწუნებულსა, და ოხითა შენითა გვიხსენ ყოველთა უძლურებათაგან სულიერთა და ხორციელთაისა, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ვმსახურებდეთ მამულსა და ერსა, და ვადიდებდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა: ალილუია.
იკოსი 12
უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და გევედრებით: გარდამოიხილე ზეცით სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა მართლმადიდებელსა, რამეთუ ურიცხუნი მტერნი, მოყუარენი შფოთისანი ჩუენ ზედა აღჰსძრუენ ბრძოლასა დაუმშვიდებელსა, და ვერცაღა ძალ-გვიძს რაი წინა-აღდგომად მათთა, გვიხსენ ყოველთა საფრხეთაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და აღცაღა დავსცხრეთ გალობად შენდა:
გიხაროდენ, ასულო ბაგრატოვანთა სახლისაო, რომელსა გერწმუნა საყდარი დავითისი და ბეჭედი სოლომონისი;
გიხაროდენ, ბუნებითა ტკბილო და მრავალმოწყალეო, რომელმან აღხოცე სიკუდილითა დაშჯაი და ასოთა მოკუეთაი;
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა წინამბრძოლო, რომელმან ასწავე ერსა შენსა წესი მეუღლეობისაი და საზომი სიკეთისაი;
გიხაროდენ, სამეფოისა შენისა ანგელოზო, მფარველო, რომელმან შემუსრე მბრძოლნი ერისა ჩუენისანი;
გიხაროდენ, უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, რამეთუ განკვირვებულნი ანგელოზნი იტყოდენ: დაეცა, დაეცა მტერი დედაკაცისაგან და გვირგვინოსან გამოჩნდა მოღუაწეი ქრისტეისი;
გიხაროდენ, სჯულისა შეუგინებლობისათვის დამაშურალო, რომელსა პატიოსანისა მის გვირგვინისა წილ დაგედგა შვიდ-გზის უპატიოსნესი გვირგვინი ზეცისაი;
გიხაროდენ, სძალო ქრისტეისო უძლეველო, რამეთუ შუებასა სამოთხისასა შეერთებული ჰსუფევ ქრისტეის თანა უკუნისამდე;
გიხაროდენ, მეფეთა ბრწყინვალისა დასისა შუენებაო, რამეთუ შემდგომად სიკუდილისაცა ჰნათობ უმცხინვარეს მზისთუალისა;
გიხაროდენ, ღმრთივსულიერო მოღუწეო, რამეთუ სამარხოი შენი საწადელი უჩინო-ყო უფალმან, ვითარცა მოსე წინაისწარმეტყელისა;
გიხაროდენ, სიქადულო ერისა შენისაო, რომელმან ყოველსა ქუეყანასა განსთქვი ხმაი ქართველთა მძლეობისაი;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მიერ მარადჟამს ხსენებულო, რამეთუ არა თუმცა ერი შენი, არამედ ქუანიცა ღაღადებენ დიდებასა შენსა;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!
კონდაკი 13
ჰოი, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო და დედათა შორის უსათნოესო, მეფეო თამარ, მიითუალენ აწ გალობანი ესე ჩუენნი, და კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, ყოველთა განსაცდელთაგან განაგვარინოს, და დაგვიცვას ცოდვათა და უძლურებათაგან, რაითა საწუთოისა ცხორებისა გზაი კეთილად განვვლოთ და ზეცათა სასუფეველსა შინა მარადის ღირს ვიქმნეთ დიდებად ღმრთისა: ალილუია.
ეს კონდაკი 3-გზის, შემდგომ იკოსი 1 და კონდაკი 1
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღმრთივსათნოითა მეფობითა და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინვებულო წმიდაო თამარ! ზესთამბრძოლო ქართველთაო და სიქადულო დედათაო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ხელის-აღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლ-შემწეო, ოხითა შენითა განმამხიარულებელო მჭმუნვარეთაო და სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთაო!
ჰოი, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ყოვლად სანატრელო მეფეო თამარ! დედობრივისა შენისა გულმოწყალებითა შეგვაწყნარენ შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, ღმერთსა ჩუენსა, რაითა უსაზღვროითა მოწყალებითა თვისითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ძმათა შორის მტერობისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი მისსა მიმართ კუალად განაახლოს და აღგვიდგინოს ცხებული ძირისაგან დავითისა, რომელი ძალითა ჯუარისაითა მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, ჭეშმარიტად ახოვანო მოღუაწეო, ღმრთივგანბრძნობილო მეფეო თამარ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა მეოხ-გვეყავ ღმრთისა მიმართ, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა