სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მოწამისა თევდორე მღდლისა რწმენისა, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებულისა
მღდელი: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მღდელი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. (2-გზის)
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 6
აღვსებული მადლითა მით დიდებულისა მღდლობისაითა არა შეშინდი ზარისაგან წინაშე თუალთა შენთა მდგომარისა მის სიკუდილისა, არამედ გულსმოდგინებითა აღასრულე წესი ღმრთივსულიერი და დასდევ რაი თავი თვისი ერისათვის შენისა და ცხებულისათვის ღმრთისა, დაიმკვიდრე საუკუნო დიდებაი, და აწ იღუწი ჩუენ ყოველთათვის წინაშე მისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სხუაი ტროპარი
გზათა წრფელთა უფლისათა მავალმან გზაი უსჯულოთა მათ დრკუდ წარუმართენ ხსნისათვის ერისა შენისა, და შეიმკევ რაი წამებისა სისხლითა, წმიდაო თევდორე მღდელო, აწ ჩუენცა გვითხოვე უფლისაგან მოტევებაი ცოდვათაი და ხსნაი მძლავრებისაგან მტერისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 5
ძლისპირი: ეტლთა სიმრავლეი მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოვედით, ჰოი, მწყობრნო ქართველთანო, და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან გამოაჩინა ნეტარი ესე და ახოვანი მღდელი თევდორე მხსნელად მეფისა ჩუენისა და მამულისა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სახელი შენი შემკობილ არს თავდადებითა, ჰოი, მწყემსო კეთილო თევდორე, და ღუაწლი შენი ზეშთა კაცთა ბუნებისა, აღგუძრავს რაი ყოველთა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ქებით შევამკობთ ღუაწლსა შენსა და გევედრებით, ქრისტეს მსახურო თევდორე, რაითა ოხითა შენითა გვიხსნას უფალმა უსჯულოებათა ჩუენთაგან, და განგვამტკიცოს მართალ-სარწმუნოებასა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვის გევედრებით: განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო. საღმრთონი კარნი სინანულისანი.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოვლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ–მოყუარე.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რაჟამს მოიწიეს თურქთა ქართლს ურიცხვითა ლაშქრითა, სწადდათ მოკუდინებაი მეფისაი და აღხოცვაი ერისა ჩუენისაი, და შეგიპყრეს რაი კველთას, მამაო, გიბრძანეს მიძღოლაი მეფესა ზედა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გაიძულებდენ რაი ჩუენებასა ცხირეთისა გზისასა, მხნედ იტყოდი შენ, წმიდაო, გულსა შინა თვისსა: „საწუთოისა ცხორებისათვის არა ვიქმ განწირვასა მეფისა ჩემისასა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაგიწყეს რაი გუემაი კიცხევითა, ბუნებასა კაცობრივსა ზეშთა ექმენ და ხმა–ყავ: „აწ მეცა მოვკუდე ნაცვლად ცხებულისა, ესრეთ სთნავს რაი ღმერთსა, ხსნისათვის ერისა ჩემისა“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 4
უსისხლოისა მსხუერპლისა შემწირველი და მესაიდუმლოე წმიდისა სამებისაი ძღუნად პატიოსნად მისა შეიწირე და ებაძვე ამხუმელსა ცოდუათა სოფლისათა, რომელი–ეგე ვითარცა კრავი შორის მგელთა გამოსჩნდი და დასდევ რაი სული ცხოვართათვის ქრისტეისთა, გაქუს აწ კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გულისხმა-ყავ რაი ზრახვაი მტერისაი, წმიდაო თევდორე, მღდელობაი მარტვილობისა მიმართ განცვლად მოისიბრძნე, და განიზრახე თავისა შენისა და სულისა დადებაი ხსნად მეფისა შენისა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მინდობილი ღმერთსა ჭეშმარიტსა, ვითარცა უშიში, ახოვანი და უძლეველი წინა წარუძეღ ლაშქარსა მტერისასა და გარდაუქციე გზაი იგი მიმყვანებელი ცხირეთისა ციხესა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არა შეძრწუნდი, ახოვანო, შინებისაგან მძლავრთაისა, და აღიყვანე რაი ლაშქარი იგი მთასა მას ზედა უგზოსა და კლდოვანსა, ცხენნი და კაცნი მოსწყდეს და შთაცვივნეს ხევსა და უფსკრულსა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი მრავალმოწყალე.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდენ რაი თავსა თვისსა შეცთომილსა და შეიწრებულსა, განრისხდენ უსჯულონი და დაგგმერდენ ხრმლითა, ხოლო შენ დაითმენდი სასტიკსა სატანჯველსა და უფალსა შეჰვედრებდი სულსა შენსა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წარგკვეთეს რაი წმიდაი თავი შენი, მამაო სანატრელო, შეერთე სიმრავლესა მას მარტვილთასა, და პატივცემული მღდელმოწამეთა თანა უფროის იდიდე წინაშე ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მიეც რაი ცხორებაი შენი მოკუდავი ერისათვის შენისა, გვირგვინი ძლევისაი მიიღე ჯილდოდ უკუდავისაგან მეუფისა, აწ გვიოხე წინაშე მისა, რაითა მოგვანიჭოს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: გარე–მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთ–მოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალეო უფალო.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განაშორე რაი თურქნი ცხირეთსა, მოსლვაი მათი აუწყეს მეფესა და სააკაძეს – ერთგულსა მოურავსა მისსა, და შეჰკრიბა სპაი და განმზადა ლაშქარი შემუსრვად ურიცხვისა მის მხდომისა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შემდგომად მცირეთა მათ ძლევათა, დაიბანაკეს ქართველთა ტაშისკარსა და ფიცხლად ეკუეთნეს რაი ურიცხუსა მას სპასა თათართასა, აღხოცეს და აღსპეს ძალითა ღმრთისაითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა განაქარვე მანქანებაი მძვინვარისა მის მხდომისაი, ეგრეთცა ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურებითა იღუწიან სავნებელად ერისა ჩუენისა და მამულისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე–რაი ჯუარსა ზედა ძეი შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 2
ქრისტეს სიყუარულითა აღვსილმან დასდევ თავი თვისი ცხოვართათვის მისთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, წმიდაო თევდორე მღდელო, და თანა–ზიარ და მემკვიდრე იქმენ საღმრთოისა დიდებისა მისისა.
იკოსი
იყავ რაი მღდელი კეთილი და პატიოსანი და მოშიში ღმრთისაი, აღირჩიე სიკუდილი, ვიდრე–ღა განცემაი მეფისაი და განწირვაი მამულისაი, რომლითა მიხვედ უკუდავებად, მამაო თევდორე, და ქართველთა ეკლესიაი ბრწყინვალედ შეამკვე მარტვილებრივითა ღუაწლითა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომა სახარებისა, ხმაი 4: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
რქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა–იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა–დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა წმიდისა მღდელმოწამისა თევდორე კველთელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ერისა შენისათვის თავისა განწირვითა წარწყმიდე რაი სიბოროტეი მტერისაი, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილმან მოიგე გვირგვინი მოწამეობისაი, და გაქუს რაი კადნიერებაი მისა მიმართ, გვითხოვე შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცეი მორწმუნეთაი და დიდი წყალობაი მგალობელთა შენთა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ საკვირველთმოქმედისაითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, ექვთიმესი, იოვანეისი, გიორგი–იოვანე ბეთანიელთა და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); წმიდისა მღდელმოწამისა თევდორე კველთელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დიდ–არს ძლევაი ბრწყინვალეი, რომელი აჩუენე ხორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უხორცომან, რამეთუ განწირვითა თავისა შენისაითა, ცხებული ღმრთისაი იხსენ ტანჯვისაგან და სიკუდილისა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა კეთილმან მწყემსმან იხსენ ერი შენი და სამწყსოი ტყვეობისაგან და აღსპობისა, ეგრეთცა წმიდაი ეკლესიაი ჩუენი და ერი დაიცევ უვნებელად, რაითა ვერცაღა გვავნოს ორგულმან და მტერმან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა რჩეულმან ღმრთისამან, საწუთოი ცხორებაი განსცვალე ბრწყინვალებად დაუვალად და შერთუად სიმრავლესა მოწამეთასა, აწ წარმართენ სლვანი ჩუენნი წრფელსა მას გზასა სათნოებათასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეი იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყავ რაი საქმეი განსათქუმელი და ღირსი ყოვლისა შესხმისაი, განაკვირვენ მეფეი და ერი სიქუელითა შენითა, რომლითა ასწავე შემდგომთა შენთა, რაითა დასდონ თავი თვისი მოყუასისათვის და მამულისა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საქმენი შენნი, თევდორე მღდელო, არცაღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, რამეთუ წინა–გვიძს ჩუენ სიმხნენი ღუაწლთა მათ შენთანი და ჭეშმარიტი თავდადებაი შენი წამეს ქართველთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დღესასწაულობს ივერთა ეკლესიაი პატიოსანსა ხსენებასა შენსა, ყოვლად ნეტარო მამაო, და შემოჰკრებს შვილთა თვისთა, რომელნი ადიდებენ ღმრთივ–სათნოსა განზრახვასა შენსა და აქებენ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაი და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმა–მაღლად გიგალობთ შენ.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ესაია, მხიარულ–იყავ, ქალწულმან მუცლად–იღო, და შვა ძეი დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ახოვანებითა ღუაწლისა შენისაითა გვიჩუენე რაი უძლეველი სიმხნეი წამებისა შენისაი, აწ ისწრაფე და მოგუმადლე ჩუენ სინანული, და განგუარინენ ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა და საცთურისა.
წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა ვარსკულავი მნათობი აღმობრწყინდი და ეკლესიაი განანათლე რაი სიმხნითა შენითა, აწ ჰნათობ ქუეყანასა ჩუენსა და დაჰხსნი ბნელთა მათ ღრუბელთა სულისა ჩუენისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
რომელი ცათა შინა მხედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, გვითხოვე მისგან, ყოვლად ნეტარო თევდორე მღდელო, რაითა გვიხსნას ზედა მოსლვათაგან მტერთაისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს
ღუაწლი კეთილი სიმხნითა მოიღუაწე, ჰოი, წმიდაო მღდელმოწამეო თევდორე, და ტანჯვაი და სიკუდილი მწარეი დაითმინე რაი მარტოდ–მყოფებითა, საუკუნოი ცხორებაი დაიმკვიდრე, და ქრისტეისგან მოიღე რაი მადლი მეოხებისა და შეწევნისაი, აწ ჩუენცა მოგუანიჭე სიბრძნეი და ძალი დაცვად ერისა ჩუენისა და მამულისა.
სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმასრულებელი მცნებისაი: უფროის ამისსა სიყუარული არა არს, რაითა დადვას კაცმან სული თვისი მოყუსისათვის თვისისა, და ურიცხუნი სცხოვნდებოდეს საქმეთა მიერ შენთა, აწ ვედრებაი ჩუენი შეიწირე, წმიდაო თევდორე, და იყავნ მადლი შენი შემწე და მეოხ ჩუენდა.
შემოკრებულნი ესე მორწმუნენი ვაქებთ წმიდასა და პატიოსანსა ხსენებასა შენსა, ჰოი, საღმრთოო მოძღუარო თევდორე, რამეთუ შენ მიერ დაემტკიცა მშვიდობაი საქართველოსა შინა, და გევედრებით ლმობიერად: აწცა მოწყალე ჰყავ ჩუენზედა ღმერთი, რაითა მოგუცნეს მწყემსნი მართალნი წინამძღურად სამწყსოთა თვისთა.
მტერთა მიერ ძლეულნი და ბოროტად ვნებულნი და მრავალთა განსაცდელთაგან გარე–შეცულნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, წმიდაო თევდორე მღდელო, რაითა ერსა ჩუენსა ზედა მოიხილოს და მოგუმადლოს ძლევაი უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა.
ეგზებოდი რაი ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტესითა, შეიყუარე დედაი მისი საყუარელი ყოვლითა გულითა შენითა, და შეწევნითა მისითა სძლე რაი მძლავრთა მათ წინა-აღმდგომთა ღმრთისათა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღუაწლისა–მძლეო მოწამეო თევდორე, მამათა სამკაულო, მღდელთა სიქადულო და მნათობო ქართველთა ერისაო; მორწმუნეთა სიმტკიცეო და ყოვლად-ბრწყინვალეო ვარსკულავო ეკლესიისა ჩუენისაო; ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, და ურცხვენელო შესავედრებელო ჩუენო წინაშე მაცხოვრისაო!
ჰოი, საჩინოო, მხნეო, და ჭეშმარიტად ახოვანო მღდელმოწამეო თევდორე კველთელო, რომელმან აღირჩიე სიკვდილი, ვიდრე განცემაი მეფისაი და განწირვაი ერის შენისაი, აწ ყურად-იღე ლოცვანი ჩუენნი და მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, რაითა აღამაღლოს რქაი მართლმადიდებელთა ქრისტეანეთაი და წმიდანი ეკლესიანი დაიცვას შეუძრველად, ხოლო ერსა ჩუენსა მოჰმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და დაგვიფაროს ქრისტეის წინააღმდგომისა მზაკუვარებისაგან და მძლავრებისა. მსახურებასა შინა განაძლიერე და დაიფარე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღმერთშემოსილო, წმიდაო მოწამეო თევდორე მღდელო, სახედ მსხუერპლისა შესწირენ რაი სული და ხორცი ქრისტესა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, გვიხსნას ყოვლისაგან სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედა–მოსლვისა, ძმათა შორის ბრძოლისა და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირსებითა და სიწმიდითა განვვლოთ ჟამი ესე საწუთოისა ჩუენისაი, და ვიდრე სიკუდიდმდე ღირს გვყოს ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს–მყოფელთა საიდუმლოთა მისთა, რაითა ზეცისა მოქალაქობასა ღირს–ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მას თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა თევდორე კველთელისა, რწმენის, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებულისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატის მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ხმაი 4
ყოვლისა კეთილისა შემწეო და მოსავთა შენთა მწყალობელო, წმიდაო თევდორე მღდელო, ვიდრე სისხლთა დათხევადმდე იღუაწე რაი ხსნისათვის მეფისა შენისა და მამულისა, გაქუს აწ მარტვილებრივი კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილნი დაგვიფაროს ყოველთა ჭირთა, სენთა და ვნებათაგან.
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა მღდელმოწამისა თევდორე კველთელისაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
