სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარესი
მღდელმან: კურთხეულ არს–ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა–მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის–ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად–იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე–მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 8
ქალწულებითა განშუენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულ–მოწამეო ბარბარე, მეოხ–გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სხუაი ტროპარი
ბარბარეს წმიდასა პატივს–ვჰსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრა, და ვითარცა სირი, განერა მათგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსანისა ჯუარისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე–მცა–მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ–ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხვუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად–დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, და ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოვლად უბიწოისა სძლისა ბრწყინვალისა – ბარბარეს დიდებულმან სახსენებელმან შემომკრიბნა ჩუენ, რაითა ღუაწლსა მისსა ვაქებდეთ და ვევედრებოდეთ ღმრთისა მიმართ შეწევნასა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჰბრწყინევდი ნათლითა პირისა შენისაითა, ხოლო სულისა სიკეთითა უფროის ახარებდ ქრისტესა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, ნეტარო, რაითა დაგვიფაროს სულთა და ხორცთა ვნებათაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სიძეი იგი უკუდავი ქრისტე შეიყუარე და ლამპარი შენი განაბრწყინვე რაი სათნოებითა, შეხუედ მის თანა ქორწილსა მას, ქალწულო შუენიერო, და თვით დაგადგა გვირგვინი ძლევისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭირთა შინა და განსაცდელთა შეყენებული, მოხედვასა შენსა და ზრუნვასა ღირს–მყავ, ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან და მოწყალემან.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უსჯულოისაგან მამისა წმიდაი შვილი გამობრწყინდი, და სხუათაგან განკრძალულად იზარდებოდი რაი მაღალსა შინა გოდოლსა, აღივსე ძალითა და მადლითა ქრისტეისითა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ბრწყინევდი რაი ნათლითა პირისა შენისაითა, ნეტარო, სულისა სიკეთითა უფროის ახარებდ ქრისტესა, და მის მიერ აღეგზნა საცნაური იგი ცეცხლი გულსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გულისხმა–ყავ რაი საწუთროისა ამაოებაი, მხნეო, მორბედ იქმენ გზასა მას მარჯვენეთასა ჭეშმარიტსა, რომელი მიგიძღვა შენ წინაშე ქრისტეისა და აღგავსო მან ღმრთისმეტყუელებისა მადლითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა ჟამთა შემოქმედი და ჟამთა უწინარესი შენგან, ქალწულო, აღსასრულსა ჟამთასა იშუა, ჩჩვილებრ ხორცითა, აწ მეოხ გვეყავ მისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ძვირისა.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 3
ღუაწლსა შინა შენსა ყოველნი განაკვირვენ, რამეთუ ახოვნად დაითმინენ მძლავრთა წყლულებანი, ტანჯვანი, საკრველნი და დილეგნი, ყოვლად ქებულო ბარბარე, და უფალმან მოგანიჭა რაი გვირგვინი ზეცისაი, მანვე მოგმადლა შენ, მოწამეო, მადლი კურნებათაი, რაითა აღხოცდე უძლურებათა კაცთასა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოველივე სრბაი შენი დასდევ რაი ღმრთისა მიმართ, ყოვლად ქებულო, ქორწილი განხრწნადი შეურაცხ–ჰყავ, და დაეწინდე ქალწულად წმიდად ქრისტეისა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიბრძნითა და გულისხმისყოფითა საიდუმლოი სამებისა წმიდისაი გამოსახე სამთა სარკუმელთა გამოკვეთითა აბანოსა, ყოვლად სანატრელო, და მოასწავე ნათელი ნათლისღებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ჭეშმარიტად აღეგზებოდი რაი შურითა საღმრთოითა, ვერა თავს იდევ უსჯულოებაი მამისა შენისაი, წმიდაო, და ცთომილებაი მისი ამხილე კადნიერებითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ქალწულმან მხოლომან გვიშევ თვინიერ სჯულთა მათ ბუნებისათა შემოქმედი დაბადებულთაი, ამისთვის ღმრთისმშობელად აღგიარებთ შენ და გევედრებით: გვიხსენ ჩუენ ურვათაგან, დედოფალო.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რაისათვის განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქალწულისაგან შობილმან მოგანიჭა რაი დათრგუნვად ზუაობაი და სილაღეი მძლავრისა მამისაი, სიმაღლესა მდგომარენი კერპნი გარდამოსთხიენ, ღუაწლითშემოსილო ბარბარე, და ვითარცა მტვერი განაბნიენ ძალითა ღმრთისაითა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საღმრთოი მოშურნეობაი შენი იხილა უწყალომან მშობელმან შენმან, ქალწულო შუენიერო, და განძვინდა რაი მოკლვად შენდა მახვილითა, ოტებულ იქმენ და კლდემან შეგიწყნარა, ვითარცა თეკლა პირველმოწამე, ქრისტეის მიერ ღმრთისა ჩუენისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გეძიებდა რაი უშჯულოი და უწყალოი მამაი, მოწამეო, მწყემსმან მან მზაკუვარმან საყოფელი შენი აჩუენა ბილწსა მას, და გპოა რაი მჯდომარეი მღვიმესა შინა, თმითა წარგათრია, და ძოწეულ–ყო გზაი იგი სისხლითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცხორებისა ნათელი საღმრთოი გამობრწყინდა უთესლოდ ქალწულისაგან აღსასრულსა ჟამთასა, და განაქარვა რაი მწუხარებაი ცოდვისაი, განანათლა სული და გონებაი ჩუენი მაღალმან ხორცთშესხმითა თვისითა.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
პირველ დილეგსა შინა გტანჯა მამამან შენმან სიყმილითა, და მერმე წარგადგინა რაი წინაშე მთავრისა, ილოცევდი, წმიდაო, და ითხოვდი უფლის მიერ წინა–აღმდგომთა მისთა მიმართ განძლიერებასა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეწადა რაი კერპთა მიმართ მიქცევაი შენი მარკიანეს, მტკიცედ მიუგებდი: „დაღათუ ტანჯვითა აღმასრულოთ, არა უვარ–ვყო ძალი სამებისა“, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, რაითა გვიხსნნეს საცთურისგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მაცთურთა უღმრთოებაი ამხილე რაი სიტყვითა სიბრძნისაითა ღმრთისა მიერითა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ მისა მიმართ, რაითა ერი ჩუენი შეიწყალოს და განაბნიოს სიმრავლეი მწვალებელთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბუნებაი კაცობრივი, ცოდვისა ბრალთა დამონებული, შენ მიერ, დედოფალო, კუალად განთავისუფლდა, რაჟამს მისთვის დაიკლა მსხუერპლად მამისა, ძეი შენი ჯუარსა ზედა ხორცითა.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 4
სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყუანის–ეც და შეუდეგ რაი ბრძანებისაებრ მისისა, პატიოსანო მოწამეო, კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე, წმიდაო ბარბარე, და მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ–ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: „სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთღმრთეებით ვადიდებ“.
სხუაი კონდაკი, ხმაი 6
მადლი კურნებათაი მიიღე, ნეტარო, და მისცემ რაი ლხინებასა ჭირვეულთა და იხსნი ყოველთა კაცთა განმხრწნელისა მისგან სენისა და ბუგრისა, აწ ჩუენცა ვაქებთ ყოვლად პატიოსანსა ხსენებასა შენსა და ვღაღადებთ: გიხაროდენ, სძალო ქრისტეისო შუენიერო, დიდო მოწამეო ბარბარე!
იკოსი
რომელსა გუაქუს ტაძარი შენი, მოწამეო, მას შინა შემოვკრბებით დღესასწაულსა შენსა, რაითა კურნებაი და მადლი მოვიღოთ და განვთავისუფლდეთ ყოვლისაგანვე განმხრწნელისაგან სენისა და ჭირისა, რაითა სიხარულითა გმადლობდეთ და ვღაღადებდეთ: გიხაროდენ, სძალო ქრისტეისო შუენიერო, დიდო მოწამეო ბარბარე!
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომაი, ხმაი 4. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
მას ჟამსა შინა წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისაითა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაი. და მოუხდეს მოწაფენი იესუს და რქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე–მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისაითა. ხოლო იგი მოუხდა და თაყუანის–სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა, ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდმოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა. მაშინ მიუგო იესო და რქუა მას: „ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს“ და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა დიდ–მოწამისა ბარბარეისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: სისხლთა შენთა მდინარითა, ყოვლად ქებულო ბარბარე, სულისა იგი ლამპარი განაბრწყინვე და სძალ იქმენ რაი ქრისტეს ღმრთისა, აწ მარტვილებრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა მოჰმადლოს მშვიდობაი სოფელსა და ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიისაი, და დიდი წყალობაი მორწმუნეთა.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა; წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათაისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ღირსისა დედისა ჩუენისა, ქალწულისა ნინოისა, და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა და საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა: წმიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისა; აბო ტფილელისა და შალვა ახალციხელისაითა; არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა; წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა ქალწულ–მოწამეთა: თეკლა, მარინე და ეკატერინეისითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე–თორნიკ–ყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და წმიდათა აღმსარებელთა მამათა: ექვთიმე, იოვანე, გიორგი–იოვანე და გაბრიელ სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა, და წმიდისა დიდ–მოწამისა ბარბარეისა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: საღმრთოისა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი ვითარცა სამოთხესა შინა ვიდოდეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გულისწყრომითა აღივსო მსაჯული იგი სიცრუისაი, და ბრძანა რაი გუემაი შენი ღუედებითა, მჭურეტელნი შენნი ტიროდენ მწარედ და გეტყოდენ სისხლ–დალტობილსა: აღიარენ უკუე „ღმერთნი“, და განერე საშინელთა სატანჯველთა და სიკუდილსა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოუძლურებული შთაგაგდეს რაი დილეგსა, გამოგიჩნდა ქრისტე ნათლითა მიუწდომელითა და განგკურნა რაი წყლულებათაგან, მადლობდი და აქებდი ღმერთსა, მას ევედრე, აწ ჩუენცა შეგვვიწყალოს და დაგვიცვას გარე–მოდგომილთა სენთა და ვნებათაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვერა გულისხმაყო სასწაული ეგე უსჯულომან, და კუალად მოგიწოდა რაი თაყუანისცემად კერპთა, უშიშად ამხილებდი და უქადაგებდი რაი ჯუარცმულსა, ღმრთად აღიარეს იგი მტანჯველთა შენთა, და მოჰკვეთნეს რაი თავნი, აღიწიენ სასუფეველსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენგან განკაცებისა საიდუმლოსა იგავითა მოასწავებდა იაკობისა რკინობაი, რომლისა მიერ კაცთა შეერთო ღმერთი, ყოვლად უბიწოო, და ღმერთ ყო კაცებაი, მარადის კურთხეულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომითა, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღადყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ბრძანა რაი დაკიდებაი შენი ძელსა ზედა მთავარმან, ფოცხითა ხუეტდენ გვერდთა შენთა, და ცეცხლითა მოწვეს რაი ხორცნი შენნი, წმიდაო, მრავალნი განაკვირვნე დათმენითა შენითა, ხოლო კეთილ–მორწმუნემან იულიანა ქრისტე აღიარა, და ამხილებდა რაი მთავარსა, მყის ბრძანა მან წამებაი მისი შენთანა.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ერთობითა იგუემებოდით რაი სტადიონსა შინა, განამხნობდით ურთიერთას, და იხილა რაი მძლავრმან ახოვანებაი თქუენი, არა შეიკდიმა შუენიერებისაგან თქუენისა, ხოლო იულიანა შთააგდო რაი დილეგსა, ბრძანა განშიშვლებაი შენი და მიმო–ტარებაი ქალაქსა შინა, რაითა შეიმუსრვოდე ქალწულებრითა კდემითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ანგელოზმან ნათლითა მობლარდნილმან, რაჟამს განგაშიშვლეს შენ ქრისტეისთვის, სანატრელო ბარბარე, ბრწყინვალითა სამოსლითა შეგმოსა საკვირველად, და ურცხვთა თუალთაგან დაგიცვა რაი უხილავად, ვითარცა სძალი შემკული სამკაულითა, განახლდი მარჯვენისაგან მაღლისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ და თაყუანისგცემთ, ყოვლადწმიდაო ღმრთისა დედაო, უბიწოო, რამეთუ ჰშევ ერთი ყოვლად წმიდისა სამებისაი, რომელსა მამისა თანა და სულისა უგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ გადიდებენ შენ.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეძრწუნდა მძლავრი იგი, ნუუკუე ყოველნი იქმნნეს აღმსარებელ ქრისტეისა, და იულიანას მახვილითა მოკლვაი უბრძანა რაი მხედართა, თავისა შენისა მოკუეთაი თავს ადვა მამასა შენსა, რომელმან დაივიწყა ბუნებითი სჯული შვილთა სიყუარულისაი, და განგიყვანა რაი გარე–ქალაქისა, ევედრე უწყალოსა ჟამი ლოცვისაი.
წმიდაო, დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მაშინ აღაპყარ ხელნი ზეცად და მხურვალედ ევედრე ღმერთსა, რაითა მადლი კურნებათაი მოანიჭოს ნეშტსა შენსა, და მომხსენებელნი ღუაწლისა შენისანი განარინოს უმსჯავროსა მას სასჯელსა, ხოლო ზეგარდამო ისმა რაი ხმაი, შემწირველი თხოვათა შენთაი, იხარებდი და მადლობდი ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განასრულე რაი ლოცვაი, მოუდრიკე ქედი მახვილსა და მოგკუეთა რაი წმიდაი თავი მამამან შენმან, შეჰვედრე სული თვისი უფალსა, და იულიანას თანა დაგამკვიდრა მარჯუენით თეკლაისა და მარტვილთა თანა, ბრწყინვალედ შუენიერთა და გვირგვინოსანთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი სათნო იყავ, მეუფეო მრავალმოწყალეო, დედად შენდა, შეიწირე სიტკბოებით მეოხებაი მისი ჩუენთვის და მოწყალებითა შენითა აღგუავსენ დაბადებულნი შენნი, რაითა გადიდებდეთ შენ, ქუელისმოქმედსა ღმერთსა, და თაყუანის–ვჰსცემდეთ მშობელსა შენსა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
ეჰა, რაბამ დიდებულ არს სახსენებელი შენი, ყოვლად ქებულო მარტვილო, რამეთუ ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა შინა მოხსენებული იქმ საკვირველთა, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნები რაი ყოველთა შენდა შევედრებულთა, აწ დაამშვიდე გულნი ჩუენნი, სოფლისა ღელვათაგან შერყეულნი და შეგინებულნი, და აღმოგვიტაცე ყოველთა ურვათაგან.
პირველ ილიოპოლისსა, და მერმე კონსტანტინეპოლესა განასულნელებდი რაი წმიდითა მით ნეშტითა შენითა, სიხარულითა აღივსების და იქადის კიევი, მქონებელი დიდისა მის საუნჯისა შენისა, და ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისა, მიემთხვევიან სათხოვართა კეთილად აღსრულებასა. აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა გვიხსნნეს კაცთა ბოროტებისა და მზაკუვარებისაგან ეშმაკისა.
ვითარცა ითხოვე შენ ლოცვითა ქრისტეის ღმრთისაგან, წმიდაო ქალწულ–მოწამეო ბარბარე, სენსა მას მძლავრსა ბუგრისა და ყუავილისასა დახსნის და განაქარვებს რაი მომხსენებელთა შენთაგან, აწ ჩუენცა შეგვავედრე ძალსა მისსა, რაითა დახსნას ყოველნი მომსრველნი სენნი და მძვინვარე სალმობანი და ცუდ ყოს ბოროტნი ზრახვანი ურიცხუთა მტერთა ჩუენთა.
ვითარცა ვარსკულავნი ყოვლადბრწყინვალენი, ესრეით განაშუენებთ ზეცისა სამყაროსა, წმიდაო დიდ–მოწამეო ბარბარე ილიოპოლელო და მოწამეო იულიანა, და ნიშ–სასწაულთა ცისკროვანებითა განანათლებთ რაი მორწმუნეთა, აწ ჩუენცა ნუ დაგვივიწყებთ სიმრავლისათვის ცოდვათასა, არამედ მრავალსახეთა სენთაგან განკაფულნი განგვკურნეთ და განგვაშორეთ ყოველთა საქმეთა უსჯულოებისათა.
ყოველი მორწმუნე და ყოველი მართლმადიდებელი ერი პატივს–ჰსცემს უხრწნელთა ნაწილთა შენთა, ჰოი, სძალო ქრისტეისო შუენიერო, და აჰა, აწ ჩუენცა მივისწრაფით ტაძარსა, სახელსა ზედა შენსა აღშენებულსა ტფილისსა, რაითა მივემთხვიოთ ლუსკუმასა წმიდათა ნაწილთა შენთათა და შეუვრდეთ წმიდასა და პატიოსანსა ხატსა შენსა, რაითა განაქარვო წყუდიადი ცოდვათა ჩუენთაი ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა და მიგვიძღუე გზასა მართალსა და ჭეშმარიტსა.
ჰოი, ქალწულთა თუალო, დიდო მოწამეო ბარბარე, ჩუენთვისცა ევედრე ქალწულსა ზეციერსა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა თვისსა მისდა წილხდომილსა ერსა ამას, მართლმადიდებელსა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა მისა მიმართ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვადიდებთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო–თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე–წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო, დიდებულო და ყოვლად–ქებულო მოწამეო ბარბარე, ზესთამბრძოლო ქრისტეანეთაო და ბრწყინვალეო ლამპარო ეკლესიისაო; ანგელოზთა მოდასეო და გვირგვინო ქალწულებისაო; გლახაკთა ხელისაღმპყრობელო და საკვირველებათა უხუებითა მომნიჭებელო; სნეულთა მკურნალო და ყოველთა სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა შესავედრებელო და საფარველო!
ჰოი, წმიდაო დიდო მოწამეო ბარბარე, სძალო ქრისტეს ღმრთისაო, სანატრელო, ვითარცა ზეცისა სიძისა დაწინდებული, სავანეთა მისთა დამკვიდრებულ ხარ ხუთთა მათ ბრძენთა ქალწულთა და იულიანაისა თანა, და გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, რაითა გარე–მოგვზღუდოს მომსრველთა სენთა და სალმობათაგან, და დაგვიცვას სულთა განმხრწნელთა საცთურთაგან, ხოლო მამული ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისაგან და ძმათა შორის ბრძოლათაგან, და ყოველნი მკვიდრნი საქართველოისანი განგვამტკიცოს მართლმადიდებლობასა შინა, რაითა ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვადიდებდეთ ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი, ადიდე. ევედრე, ყოვლად–ბრწყინვალეო მარტვილო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა–შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა კლვანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჰოი, წმიდაო ქალწულო და დიდო მოწამეო ბარბარე, ევედრე განმადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგვმადლოს ნაყოფიერებაი ქუეყანისაი და კეთილშეზავებულობაი ჰაერისაი და დაგვიფაროს ყოვლისაგან სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედამოსლვისა, ძმათამკულელ ომთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ყოველთა ღმრთის–სათნოდ განვვლოთ ასპარეზი საწუთოისა ცხორებისაი, და ვიდრე სიკუდიდმდე ღირს გვყოს ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს–მყოფელთა საიდუმლოთა მისთა, რაითა ზეცისა მოქალაქობასა ღირს–ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარეისითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
სიხარულითა გაქებთ შენ, წმიდაო დიდო მოწამეო ბარბარე, ვითარცა ქრისტეანობისა ქადაგსა და მკურნალსა საკვირველსა, და წმიდასა ხატსა შენსა კრძალვითა შევრდომილნი გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნოს, და შენ თანა ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.
დედოფალო ყოვლად–ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა მოწამისა ბარბარეს ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებლად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ!
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა