დავით წინასწარმეტყველი მეფსალმუნნე

ცხოვრება და ღვაწლი წმინდისა მეფისა და წინასწარმეტყველისა დავით მეფსალმუნისა

ცხოვრება და ღვაწლი წმინდისა მეფისა და წინასწარმეტყველისა დავით მეფსალმუნისა

ქრისტეშობის შემდგომი კვირა დღე

დავით წინასწარმეტყველი და მეფსალმუნე – ისრაელის სამეფოს მეორე მეფე, იუდას ტომელი იესე ბეთლემელის უმცროსი ვაჟი იყო მის რვა შვილს შორის და ძმებს შორის გამოირჩეოდა არა იმდენად ფიზიკური ნიშნებით, რამდენადაც თავისი სულიერებითა და შინაგანი სამყაროთი. იგი მეფობდა ქრისტეს შობამდე XI საუკუნეში 40 წელიწადი (დაახლ. ძვ.წ. 1005-965), აქედან შვიდი წელი და ექვსი თვე იუდეის მეფე იყო (დედაქალაქი ხებრონით), შემდეგი 33 წელი კი ისრაელისა და იუდეის გაერთიანებული სამეფოსი. ბიბლიის მიხედვით დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო მესია, ისრაელის მხსნელი. თვითონ დავითი მოაბელი რუთისა და ბოოსის შთამომავალი იყო იუდას ტომიდან. 

წმინდა წერილში დავითს პირველად ვხვდებით მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველი სამოელი უფლის მითითებით იესეს სახლში მივა, რათა აქ მის ძეთაგან ერთ ერთს სცხოს ისრაელის მეფედ. ამ პერიოდში ისრაელის მეფე გახლდათ საული, რომელსაც უღირსი მეფობის გამო წინასწარმეტყველ სამუელმა უთხრა: „გამოგგლიჯა . . . უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს“ (1 მფ. XV. 28). ღვთის მიერ საულისათვის მეფობაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ყური დაეგდო და შეესრულებინა უფლის წინასწარმეტყველის სიტყვები. ამაოდ ცდილობდა საული თავისი შეცდომა დაეფარა მრავალი შესაწირავით. სამუელმა ის ასეთი სიტყვებით ამხილა: „განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება _ ცხვრების ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას“ (1 მფ. XV, 22 23). საულის წილ ღმერთი ირჩევს ჭაბუკ დავითს. უფალი ირჩევს არა იდეალურსა და უცოდველს, არამედ ისეთს, რომლის გულიც უფალთან იქნება და რომელიც ღვთის ბრძანებათა შესრულებას შეეცდება; რომლისათვისაც უფლის სიტყვის მორჩილება ცხოვრებისეული არჩევანი იქნება. წმინდა წერილიდან აშკარად ჩანს, რომ როდესაც სამოელი მივა იესესთან, რათა მისი ერთ-ერთი ძე აკურთხოს. სამოელს თავდაპირველად ჰგონია, რომ იესეს ყველაზე უფროსი ძე იქნება ღვთისაგან რჩეული, რადგან ის საკმაოდ წარმოსადეგი და კარგი ფიზიკური მონაცემებისა გახლდათ. ამაზე უფალი თავის წინასწარმეტყველს მიუგებს: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მფ. XVI, 7). სამოელმა იესეს შვიდივე ვაჟზე შეაჩერა არჩევანი, მაგრამ უფლისათვის არცერთი არ აღმოჩნდა მოსაწონი. იესე ვერაფერს მიხვდა მანამ, სანამ სამოელმა იქით არ შეეკითხა, კიდევ ხომ არა გყავსო ვაჟი. აი, ახლა ახსენდება იესეს, რომ ჰყავს კიდევ ერთი შვილი, დავითი, რომელიც ცხვარშია გაგზავნილი და იქ ცხოვრობს მწყემსის ცხოვრებით. გაგზავნე და ახლავე მოაყვანინე, – უთხრა სამოელმა. შესდგა თუ არა დავითმა ფეხი სახლში, უფალმა უთხრა სამოელს: სცხე მას მირონი, ეგ იქნება მეფე. სამოელმა დაუძახა დავითს თავისთან და როგორც კი თავზედ დაასხა მირონი, მაშინვე სული წმინდა დაადგა მას და ამ დროიდან იმფოფებოდა დავითთან. იგი არ გამოირჩეოდა ისეთი ფიზიკური ახოვანებითა და გარეგნული მოხდენილობით, როგორც მისი ძმები, ბიბლიის მიხედვით მას თეთრი კანი და წითური თმები ჰქონდა, და იყო „კაცი. გულისხმის-მყოფელი, მხნე ბრძოლასა, სრულ ძალითა და ბრძენ სიტყUთა და კეთილ საქმითა“ (I მეფ. 16, 18). მის გამბედაობაზე და მედგარ ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ მას არაერთხელ, მარტოდ-მარტოს მოუკლავს ისეთი დიდი ნადირები, როგორიცაა დათვი და ლომი. 

 სამოელ წინასწარმეტყველმა არავის უთხრა, თუ რისთვის სცხო მირონი დავითს. ვინც მირონცხება ნახა, იმათ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ სამოელმა დანიშნა დავითი წინასწარმეტყველად, რადგან ზოგჯერ წინასწარმეტყველება მირონცხებით ეძლეოდათ ღვთისმოყვარე პირებს ისრაელთა შორის. გარეგნულად მშვენიერი დავითი სულითაც მშვენიერი იყო: მომთმენი, თავმდაბალი, უწყინარი, ყველასათვის სიკეთის მოსურნე და მოძულე ბოროტისა, მაგრამ განსაკუთრებით ერთგული იყო ლოცვისა. ვედრება ღმრთისა ყველაზედ საყვარელი და სასიხარულო საქმე იყო დავითისათვის. ღმერთმა ამიტომ განსაკუთრებით შეიყვარა იგი. მწყემსობის დროს დავითმა მოიგონა შვიდსიმიანი საკრავის, ქნარის გაკეთება, ღვთის შთაგონებით თხზავდა უფლის სადიდებელს და ქნარზე გალობდა. მისი ხმა იმდენად შთამბეჭდავი და დამატკბობელი იყო, რომ როცა ღვთის ურჩობაში ჩავარდნილ საულ მეფეს ბოროტი სული შემოაწვებოდა, მოუსმენდა დავითის გალობას და უკეთ ხდებოდა, – ბოროტი სული განეშორებოდა (1 მეფ. 16, 23). სწორედ ამ საქმისთვის წამოიყვანეს მეფის სასახლეში ჭაბუკი დავითი და ისიც ქნარზე გალობით ამშვიდებდა ავი სულით შეპყრობილ მეფეს და თანაც მის საჭურველს ატარებდა.

იმ პერიოდში ისრაელი ფილისტიმელებს ებრძოდა, მეფე საულთან ერთად მოლაშქრე დავითი არ შეუშინდა მტრის მეომრის ფიზიკურ ძალასა და გოლიათურ აღნაგობას. კბილებამდე შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ იგი შურდულით გადის ბრძოლის ველზე და ღმერთზე მინდობილი სასტიკად ამარცხებს აბჯარასხმულ გოლიათს, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა ჭაბუკი. საულის ვაჟიშვილმა იონათანმაც ძმასავით მიიღო მამაცი ჭაბუკი, ხოლო ქალიშვილს, მელქოლს კი თავდავიწყებით შეუყვარდა და ცოლადაც გაჰყვა, თუმცა დავითის პოპულარობისა შეეშინდა და შეშურდა საულს და მან ორჯერ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ მომავალი მეფე სიკვდილს გადარჩა თავისი ცოლის, საულის ქალიშვილის, მელქოლას დახმარებით, რომელმაც ფანჯრიდან გადააპარა მეუღლე და შეძლო გაქცევა სამუელთან. საულმა დავითს დაადევნა თავის ქვეშავრდომები და მის მოკვლას ცდილობდა. 

იესეს ვაჟმა ხელში ჩაიგდო გოლიათის ხმალი მღვდელი ახიმელექისგან და ამის შემდეგ გათს შეაფარა თავ, სადაც თავი მოიგიჟიანა, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ ვინ იყო და საულისათვის არ გადაეცათ. დავითმა თავისი ოჯახი მოაბის მეფეს შეაფარა და თვითონ იუდას ტომის მიწისკენ გაეშურა. ორჯერ მოხდა ისე, რომ დავითს შეეძლო საულის მოკვლა, მაგრამ მან ხელი არ აღმართა მასზე: „არა მივყო ხელი ჩემი უფალსა ჩემსა ზედა, რამეთუ ცხებული უფლისაი არს ესე“ (I მეფ. 24,11). 

დავითი 600 მეომრითა და თავისი ორი ცოლით ფილისტიმელი მეფის, ანხუსუს სამსახურში ჩადგა. ამ პერიოდში მან მოახერხა ამალეკების დამარცხება და დიდძალი ნადავლის ხელში ჩაგდება.

ამის შემდეგ მეფე საულს დიდი ხანი აღარ უმეფია. უბედური სიკვდილი მალე ეწვია მას. ფილისტიმელები კიდევ შემოესივნენ ისრაელს. საული გრძნობდა, რომ ღმერთი მას აღარ შველოდა და ამიტომ შიშით გაიყვანა თავისი ჯარი ბრძოლის ველზე, სადაც სასტიკად დამარცხდა გილბოას (გილბოაყის) მთაზე (გილბოას ბრძოლა). ნახევარი ჯარი გაწყდა ომში, ნახევარი გაიქცა და დაიქსაქსა. საული თავის შვილებით მეტად მხნედ იბრძოდა, მაგრამ ვერა გააწყეს რა. სამი შვილი, რომელთა შორის იყო იონათანიც, მოუკლეს თვალწინ და თვითონ საულიც დასჭრეს. საული ხედავდა, რომ მტერს ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა და უთხრა თავის მეაბჯრეს: დამეცი გულში მახვილი, რომ მტრებმა ტყვედ არ წამიყვანონ და არ შევიქმნე სამასხარაო წარმართებისა. მეაბჯრემ ეს ვერ გაბედა და მაშინ საული თვითონ დაეცვა თავის მახვილს წვერზედ და მოკვდა. საულის სიკვდილის ამბავი დავითს ერთმა სულმოკლე ფილისტიმელმა მიუტანა. დავითმა დიდად ინაღვლა ისრაელის პირველი მეფისა და თავისი კეთილი მეგობრის, საულის ვაჟის, იონათანის სიკვდილი. და მათ სიმღერა მიუძღვნა.

საულის სიკვდილმა დავითს თავიდან ააცილა ის საშიშროება, რომელმაც დევნილად აქცია. თავის მიწაზე დასაბრუნებელი გზა ხსნილი იყო დავითისათვის. როცა საულზე და იონათანზე გლოვის დღეები გასრულდა, დაეკითხა უფალს დავითი: შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში? მიუგო უფალმა: შედი. თქვა დავითმა: სად შევიდე? მიუგო: ხებრონში. ხებრონი ბერშებადან ოცი მილის მანძილზე, მის ჩრდილოეთით მდებარეობდა, დაახლოებით შუა გზაზე ამ ქალაქსა და მომავალ იერუსალიმის შორის. თავდაპირველად კირიათარბაყი ერქვა მას - ყანაკის მამის, არბაყის ქალაქი. მოგვიანებით კი მამრე უწოდეს. იქ, მახფელას გამოქვაბულში, პატრიარქთა სამარხი იყო. ხებრონი, ქალებ იეფუნეს ძის ყოფილი ქალაქი, იუდეველთა მთავარ ქალაქად იქცა. ნაყოფიერი მიწები და მდელოები ერტყა გარს ხეობას, სადაც იგი იყო გაშენებული. პალესტინის უმშვენიერესი ვენახები, ზეთისხილის ბაღები და სხვა მსხმოიარე ხეები ამშვენებდა. დაუყოვნებლივ შეუდგნენ უფლის ბრძანების შესრულებას დავითი და მისი ხალხი. ექვსასი შეიარაღებული მეომარი, თავისი ცოლშვილითა და ხარ-ძროხით მყისვე ხებრონს გაემართა. შევიდნენ ქალაქში, სადაც უკვე ელოდნენ იუდეველნი, რათა მისალმებოდნენ დავითს, როგორც თავის მეფეს. ყოველივე, აუცილებელი და საჭირო, მომზადდა დავითის გამეფებისათვის.და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე~. არავის უცდია, დავითის ხელმწიფება ისრაელიანთა სხვა შტოებზე ძალის გამოყენებით დაემყარებინა. 

მისი გამეფების დღიდან იწყება შეთქმულებათა და ამბოხებათა შავბნელი მატიანე. ვერაგობით არ ასულა დავითი სამეფო ტახტზე. ღმერთმა აირჩია იგი ისრაელის მეფედ და აქ ადგილი არ უნდა ჰქონოდა რაიმე ეჭვს ან წინააღმდეგობას. მაგრამ, ისრაელის ერთერთმა ყველაზე დიდებულმა სარდალმა და საულის ერთგულმა აბნერმა გადაწყვიტა შური ეძია დავითზე საულის სახლის წარმომადგენლის მეშვეობით, რადგან ძველი წყენა ახსოვდა, როცა დავითმა მწარედ უსაყვედურა იმის გამო, რომ ღრმად ეძინა ბანაკში, როცა საულს წყლის ჭურჭელი და მახვილი მოსტაცა. კარგად ახსოვდა აბნერს, როგორ ყვიროდა დავითი ხმამაღლა, მეფისა და მთელი ხალხის გასაგონად: `ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი. მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს?.. ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს~ /1 მეფ. 26:15-16/. 

აბნერმა კარგად იცოდა, რომ უფალმა სცხო დავითი ისრაელის მეფედ, მაგრამ ხანგრძლივი მტრობის გამო არ მოიდრიკა თავი და ვერ შეურიგდა იმ აზრს, რომ იესეს ძე საულის ტახტის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო. აბნერის წყალობით ისრაელზე საულის ვაჟი, იშბოშეთი გამეფდა. მას იორდანეს მეორე ნაპირზე, მახანაიმში ცხეს მეფედ. ახალი მონარქის უფლებამოსილება თავდაპირველად იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრებმა ყველა შტომ აღიარა, მოგვიანებით კი – მთელმა ისრაელმა, იუდას გარდა. ორ წელიწადს ტკბებოდა საულის ვაჟი მეფური პატივით თავის განმარტოებულ დედაქალაქში, თუმცა მეტად სუსტი ნებისყოფისა და სახელმწიფო საქმეებში გაუთვითცნობიერებელი აღმოჩნდა საულის სახლის ეს წარმომადგენელი. დავითს კი ამ საპასუხისმგებლო საქმის გაძღოლის უდიდესი ნიჭი მიეცა. აბნერმა, იშბოშეთის ხელმწიფების მთელ ისრაელზე გავრცელების მიზნით, დამპყრობლური ომისათვის იწყო მზადება. `გაიმართა ხანგრძლივი ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის~. 

ხებრონში მეფობის დროს დავითს ექვსი ვაჟი შეეძინა. დავით მეფე საულის მემკვიდრეების მიმართ სიძულვილით არ იყო განწყობილი. ბიბლიის მიხედვით მან საულის ხეიბარი შვილიშვილის, მეფიბოშეთის მიმართ სითბო და სიყვარული გამოიჩინა და თავის სასახლეში მიიწვია საცხოვრებლად.

ისრაელში აბნერი შეედავა მეფე იშბოშეთის და დავითთან დაიწყო მოლაპარაკება, თუმცა აბნერთან მოლაპარაკებას უსისხლოდ არ ჩაუვლია და ეს უკანასკნელი მოკლული იქნა დავითის სარდლის იოაბის მიერ, თუმცა დავითი არ იყო გარეული ამ მკვლელობაში.  ამ ამბიდან არ გასულა დიდი დრო, რომ იშბოშეთი თავისივე ჯარისკაცებმა მოკლეს ბენიამინის ტომიდან და მისი თავი დავითს მიართვეს ხებრონში. მეფემ მკვლელები შეაპყრობინა და დაასჯევინა. მეფის მოჭრილი თავი კი აბნერის საფლავში დაამარხინა. იშბოშეთის სიკვდილის შემდეგ ისრაელის ყველა მთავარს და უხუცესს სურდა, რომ დავითი ისრაელის ყველა შტოზე გამეფებულიყო.

აარონისა და ლევიანთა რვა ათასზე მეტი შთამომავალი ახლდა თან დავითს. შესამჩნევად შეეცვალა ხალხს გუნებაგანწყობა; უდიდესი გარდაქმნა მოხდა მათში. მხოლოდ სასიკეთო იყო ეს გარდაქმნა; ყველა მზად იყო იმ დიდი საქმეებისათვის, მომავალში რომ იყო გასაკეთებელი. საულის თითქმის ნახევარ მილიონამდე ყოფილი ქვეშევრდომი შეიკრიბა ხებრონსა და მის შემოგარენში. მთელი ფერდობები და გორაკები ხალხით იყო მოფენილი. დაინიშნა დრო მეფედ ცხებისათვის; კაცი, რომელიც საულის სახლიდან განდევნეს და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მთასა, ხეობებსა და გამოქვაბულებში იმალებოდა, ახლა უდიდესი პატივით და ღირსებით უნდა აღზევებულიყო თავისი ხალხის წინაშე. მღვდელმსახურნი და უხუცესნი, სამღვდელო შესამოსელში გამოწყობილნი, მთავრები და მეომრები ელვარე ხმლებითა და მუზარადებით, შორეული კუთხეებიდან მოსული უამრავი ადამიანი – ყველა აქ შეიკრიბა, რათა მეფედ ცხების ცერემონიას დასწრებოდა. მეფური სამოსელი ემოსა დავითს. წმიდა ზეთი სცხო მღვდელმთავარმა მის შუბლს, ვინაიდან სამუელის მიერ დავითის ცხება წინასწარმეტყველება იყო იმისა, რასაც დავითის მეფედ ცხების დროს ექნებოდა ადგილი. დადგა დრო და იუდეაში შვიდწლიანი მეფობის შემდეგ ის საზეიმოდ აკურთხეს ღმერთის რჩეულ მსახურად. სამეფო კვერთხი მისცეს ხელთ. განსაკუთრებულმა დოკუმენტმა დაადასტურა მისი უზენაესი ხელმწიფება და ხალხმაც ერთგულება შეჰფიცა მას. თავზე მონარქის გვირგვინი დაადგეს და ცხების ცერემონიაც დასრულდა. ამიერიდან ისრაელს უფლის მიერ განწესებული მეფე ჰყავდა. მოთმინებით ელოდა დავითი მის მიმართ უფლის სიტყვით აღთქმულის აღსრულებას. „სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და უფალი, ცაბაოთ ღმერთი მასთან იყო“ /2 მეფ. 5:10/. 

ასე გაუხსნა უზენაესის სიბრძნემ დავითს გზა ტახტისაკენ. პატივმოყვარეობის გამო არ ასულა დავითი ისრაელის სამეფო ტახტზე, ვინაიდან არ კლავდა მას დიდების მოპოვების სურვილი.  იგი ღვთისმოსავი კაცი იყო და მტკიცედ იცავდა საღვთო სჯულს, ამიტომაც შეეწეოდა უფალი მტერთან ბრძოლისას და მომადლებდა გამარჯვებას.

ფილისტიმელებმა მალევე განაახლეს ისრაელის საწინააღმდეგო აქტივობა, მაგრამ ღმერთმა დავით მეფეს ყოვლითურთ ხელი მოუმართა და იერუსალიმის მახლობლად ორ ბრძოლაში დავითმა ისინი დაამარცხა და განდევნა. ღვთის შეწევნით მან მარტო დამპყრობლებისგან კი არ გაათავისუფლა ისრაელის სამეფო, არამედ მეზობლად მცხოვრები ხალხებიც დაუმორჩილა. დავითის მეფობის ეპოქაში ებრაელთა სამეფო ისე გაძლიერდა, რომ მასთან ომს ვერავინ ბედავდა. მან საბოლოოდ დაიპყრო მოაბელები, ამონიტელები და ამალეკები, დაამარცხა დამასკოელი სირიელები და ისრაელი მძლავრ მონარქიულ სახელმწიფოდ აქცია.  

ფილისტიმელები ამის შემდეგ რეგულარულად მსახურობდნენ ისრაელის არმიაში როგორც მძიმე ქვეითი ჯარი. ასევე მათგან წამოიღეს ებრაელებმა საბრძოლო ეტლები.

დავითის არმიას მთავარი მხედართმთავარი მეთაურობდა, ხოლო ისრაელის სხვადასხვა ტომის ჯარს იქაური სარდალი. არმია 12 ნაწილად იყოფოდა, რომელთაგან თითოეულში მხოლოდ ერთი ტომის მეომრები მსახურობდნენ, მაგ. ერთ ნაწილში რეუბენელები, მეორეში გადელები და ა.შ. ამას გარდა მეფის გვარდიაში მსახურობდნენ კრეტელი და ფილისტიმელი დაქირავებული მეომრები.

ყველაზე მაღალ მდგომარეობას სახელმწიფოში დავითის ის მეგობრები იკავებდნენ, რომლებიც მას საულის მიერ დევნის დროს ეხმარებოდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა იოაბი, დავითის მხედართმთავარი. 

როგორც კი მოძლიერდა, დავით მეფემ მაშინვე იებუსეველების დიდი და ძლიერი ქალაქის, იერუსალიმის აღებისათვის დაიწყო მზადება. მან ჯერ იერუსალიმის მახლობლად მდებარე სიონის მთა აიღო, მერე კი იერუსალიმი, რომელიც მთლიანად ქანანელებით იყო დასახლებული. იგი მთაზე იყო გამაგრებული და საკმაოდ ძლიერი ქალაქიც გახლდათ. იებუსევლებს არ სჯეროდათ, რომ დავითი მათი ძლიერი ქალაქის აღებას მოახერხებდა და ებრაელებს დასცინოდნენ ჩვენი ხეიბრებიც კი დაგამარცხებენ თქვენო. 

დავითი მეფობის ბოლომდე სიონის მთაზე ცხოვრობდა, ამიტომაც იწოდება სიონი დავითის ქალაქად. მან ბეთლემიდან იქ გადააბრძანა აღთქმის კიდობანი. მეფის ბრძანებით, სიონის მთაზე ააგეს მოსეს მოძრავ კარავზე უფრო დიდი და მშვენიერი მოძრავი კარავი, რომელიც სადღესასწაულოდ გადააბრძანეს იერუსალიმში. აღთქმის კიდობანიც ამ ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ გახდა იერუსლიმი სატახტო ქალაქი, თუმცა, როგორც ვთქვით, დავით მეფეს თვით იერუსალიმში არასოდეს უცხოვრია – სიცოცხლის ბოლომდე მისი გალავნის გარეთ, სიონის მთაზე ცხოვრობდა.

ებრაელებმა იერუსალიმის აღებისთანავე დაიწყეს ამ დიდებული ქალაქის აყვავება. მათ გაამგრეს გალავნები, ერთიორად გაზარდეს ქალაქის მოსახლეობა, ააშენეს ახალი შენობები და მეფის სასახლე. ამ დიდებულ მშენებლობაში დავითს ტიროსის მდიდარი ფინიკიელი მეფე ეხმარებოდა ისრაელის მეფემ დედაქალაქი კულტურულ-რელიგიურ ცენტრად აქცია. მან გადაწყვიტა კირიათ იეყარიმში დასვენებული აღთქმის კიდობანი გადაესვენებინა იერუსალიმში. მართლაც ლევიტელი მღვდლების თანხლებით კიდობანი და ღვთის მოძრავი ტაძარი იერუსალიმში გადაიტანეს, რის შემდეგაც მღვდლები ყოველდღიურ ლოცვა-კურთხევას ატარებდნენ.

მეფე დავითს ძალიან უყვარდა მუსიკა და ჰყავდა, მუსიკოსთა ჯგუფი. ის თვითონაც თხზავდა ფსალმუნებს და სიმღერებს და იყო ძალიან კარგი დამკვრელი არფაზე. ეს საკრავი მან გამოიგონა.

წმინდა დავითის ყველა ბრძოლა გარეშე მტრების წინააღმდეგ გამარჯვებით სრულდებოდა. ისრაელის სამეფო არაბეთის უდაბნომდე გადაიჭიმა. დიდი სამეფოს მართვა ადვილი საქმე არ იყო, ამიტომ დავითმა დანიშნა მოხელეები და მწერლები, რომელთაც ევალებოდათ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილის მართვა-გამგეობა და ყველა ცნობის მეფისთვის მიწოდება. დავითმა დაიწყო მოსახლეობის აღწერაც, მაგრამ ბიბლიის მიხედვით ეს უფლის სურვილის წინააღმდეგ გააკეთა, და ამიტომ აღარ დაასრულა.

თითქოსდა სადარდებელიც აღარაფერი იყო, მაგრამ დავით მეფე სულ სხვაგვარად ფიქრობდა. ერთხელ ის დააფიქრა იმან, რომ მას ჰქონდა სასახლე, უფლისათვის კი ტაძარი არ აეშენებინათ. 

დავითმა გადაწყვიტა უფლისათვის აეგო ტაძარი და  თავისი სურვილი უფლის წინასწარმეტყველ ნათანს გაუზიარა, რომელმაც მოუწონა მეფეს გადაწყვეტილება, თუმცა ღმერთმა დავითს უარით უპასუხა, რადგანაც ის მეომარი იყო და ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი, და ნათან წინასწარმეტყველის პირით აუწყა, რომ ეს მის მემკვიდრეს – სოლომონს უნდა გაეკეთებინა, რადგან თვითონ ბევრის სისხლში ჰქონდა გასვრილი ხელი (დავითმა ხომ მთელი მეფობა ბრძოლაში გაატარა), მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო უსამართლოდ დაღვრილი სისხლი, გარდა ურია ხეთელისა. 

 ღვთის განგებულებით სწორედ იერუსალიმში უნდა აგებულიყო ძველი აღთქმის ტაძარი (სოლომონის ტაძრად წოდებული), რადგან იქ იყო დაფლული ადამის თავის ქალა. იქვე იყო მიწიერი სამოთხის – ედემის ტერიტორიაც. ძველი აღთქმის კაცობრიობას იქიდან უნდა შეეწირა მსხვერპლი უფლისთვის, სადაც კაცობრიობის ცოდვით დაცემა მოხდა. შემდგომში სწორედ აქ გაიმართა უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, როდესაც მაცხოვარმა თავისი თავი მიიტანა მსხვერპლად – თავად იყო შეწირულიც, შემწირველიც და ისიც, ვისაც სწირავდნენ. კაცობრიობის გამოხსნაც იქ უნდა მომხდარიყო, სადაც მისი ცოდვით დაცემა მოხდა…

მიუხედავად ამისა, დავითს არ მიუტოვებია ზრუნვა სამომავლო ტაძარზე. დაპყრობილი მიწებიდან წამოღებულ ნადავლს იგი უფლის ტაძრის ასაშენებლად ინახავდა და თავის ძეს ტაძრის ასაგებად ყველაფერი მოუმზადა. მან ასევე უფლისგან მიიღო აღთქმა, რომ მისი ტომიდან იშვებოდა მაცხოვარი, მესია, ქრისტე – მსხნელი კაცობრიობისა. დავითი ღირსი გახდა იმისა, რომ მაცხოვრის გენეალოგიაში შესულიყო და აქ თავისი ღირსეული ადგილი დაეკავებინა. მას ჰქონდა ისეთი გული, როგორიც ღვთისათვის იყო სათნო. სწორედ ასეთი გულისათვის შეიყვარა ის ღმერთმა და გამოარჩია სხვათაგან. წმინდა პავლე მოციქული ანტიოქიის სინაგოგაში დავით მეფეზე ასეთ სიტყვებს ამბობს: უფალმა დავითზე თქვა: „..და ვითარცა გარდაცვალა იგი (საული), აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნება? ჩემი.“ (საქმ. XIII).

მიუხედავად იმისა, რომ მეფე დავითი ასე ახლოს იყო უფალთან, ვერც ის გაექცა ცოდვით დაცემას. მისი ღვთივსათნო ცხოვრებაც დააბნელა მძიმე შეცოდებამ ამონიტელებთან ომის დროს. მეფეს მოეწონა თავისი მამაცი მეომრის, ურია ხეთელის მშვენიერი ცოლი ბერსაბე. მან ბრძანა მისი ქმარი ბრძოლაში სახიფათო ადგილას დაეყენებინათ და მტრისათვის მოეკვლევინებინათ. იოაბმა მისი ბრძანება უსიტყვოდ შეასრულა. ურია ხეთელი ბრძოლაში დაიღუპა, მის ცოლზე კი დავითმა იქორწინა და შვილიც ეყოლა. ღმერთმა დავითს სამხილებლად წინასწარმეტყველი ნათანი გაუგზავნა, რომელმაც მეფეს იგავ-არაკი მოუყვა, რითაც მოახვედრა რა საშინელი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. მეფე სინანულში ჩავარდა და ამით გამოისყიდა დანაშაული. სწორედ ამ სინანულის გამოძახილია ყველსათვის კარგად ცნობილი 50-ე ფსალმუნი („მიწყალე მე ღმერთო…“), რომელსაც მონანული წმინდანის უმშვენიერესი საგალობელი შეგვიძლია ვუწოდოთ. 

მოსეს რჯულით დავითის ცოდვა სიკვდილით ისჯებოდა. მან დაარღვია სამი მცნება: 1) მე 7 – არა იმრუშო; 2) მე 6 – არა კაც ჰკლა; 3) მე 10 – არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა. ამას ემატებოდა სიცრუე და დავითი ხვდებოდა, არანაირ მსხვერპლს არ შეეძლო მისი ცოდვის გადაფარვა. დავითი მიხვდა, რომ ერთადერთი სინანული იქნებოდა, რომელსაც ღმერთი მოხედავდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ არ სმენია კაცობრიობას. დავითის 50-ე ფსალმუნი ღვთის სიყვარულის, რწმენისა და სასოების ლოცვაა, რომლითაც ყოველი იმ დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი, რომელიც შეიძლება უფლისაკენ სავალ გზაზე დაგიგოს ადამის მოდგმის მტერმა. ამ სინანულის გამო უფალმა შეუნდო დავითს ცოდვა, თუმცა ცოდვის გამოსასყიდად დავითის სახლს არ მოკლებია შეჭირვებები. თავდაპირველად მოკვდა ბერსაბესაგან ახალშობილი ყრმა, თუმცა მან ტახტის მომავალი მემკვიდრე, მეორე ვაჟი სოლომონიც გაუჩინა. შენდეგ კი მისმა ერთმა ძემ, აბესალომმა მოკლა თავისი ნახევარძმა ამნონი, რომელმაც თავის ნახევრდაზე (აბესალომის ღვიძლ დაზე) ძალა იხმარა; რის შემდეგაც მას იერუსალიმის დატოვება მოუწია. იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ აბესალომი აღსდგა მამის წინააღმდეგ და მისი ტახტიდან ჩამოგდება მოიწადინა. დავითი იერუსალიმიდან გაიქცა, ხოლო ვინმე ბენიამინელი მას ქვებს ესროდა და წყევლიდა. დავითის მხედარმთავარმა გადაწყვიტა დაესაჯა თავხედი ბენიამინელი, მაგრამ დავითმა კატეგორიულად აუკრძალა მას ამის გაკეთება. მიზეზი ერთადერთი იყო: იქნებ უფალი აწყევლინებსო ჩემს თავს, განმარტა თავისი გადაწყვეტილება დავითმა. დავითმა არ ისურვა შვილის წინააღმდეგ ბრძოლა და სარდლობა სხვას გადააბარა, ერთი კი ითხოვა – არ მოეკლათ, დაენდოთ აბესალომი. დავითის მხედრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მეფის სათხოვარი ვერ შეასრულეს – აბესალომი მოკლეს. დამწუხრებულმა მამამ ცრემლებით გამოიტირა შემცოდე შვილი.

დავით მეფემ ორმოცი წელი იმეფა. კეთილმსახური და მართალი ცხოვრების, სიმდაბლის, მოთმინებისა და ურყევი სასოებისთვის წმიდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ მან აბრაამისთვის მიცემული ყველა აღთქმა დაუმტკიცა ნეტარს, საყდრის ურყევობა, კურთხევა, თესლის გამრავლება აღუთქვა და ამცნო, რომ მისი შტოდან აღმოცენდებოდა მხსნელი სოფლისა: „როცა დრო მოგივა და შენს მამა პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ. ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ. მე მამა ვიქნები მისთვის ის კი ძე იქნება ჩემთვის.“ (2 მფ. VII, 12 13).

როდესაც მოხუცმა მეფე დავითმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, სოლომონი დაიბარა და სთხოვა უფლის სადიდებლად იერუსალიმში ტაძარი აეგო და ღმერთისადმი ურყევი რწმენა შეენახა.

დავით მეფე 40 წლიანი მეფობის შემდეგ მშვიდობით მიიცვალა 70 წლის ასაკში. ის იერუსალიმში დაკრძალეს.

წმიდა წინასწარმეტყველმა დავითმა დაგვიტოვა 150 ღვთივსულიერი ფსალმუნი. იგი ფსალმუნებს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, სიყრმიდან აღსასრულამდე წერდა. ფსალმუნთა ნაწილი იმ პერიოდშივეა დაწერილი, როდესაც დავითი მეფედ იქნა გამორჩეული უფლისა და სამოელ წინასწარმეტყველის მიერ. იმ დროს დავითი ჯერ სრულიად ახალგაზრდა იყო, მაგრამ შესანიშნავად უკრავდა ფსალმუნზე – ქნარზე – თავის მიერ შეთხზულ საგალობლებს.

ახალ აღთქმაში ძველაღთქმისეული ყველაფერი შემორჩა, გარდა მსახურებისა, რომელიც აღესრულებოდა ძველი აღთქმის – სოლომონის ტაძარში; არა მარტო დავითის საგალობლები, არამედ წინასწარმეტყველ იერემიას გალობა, მოსეს გალობა თანამედროვე მსახურებაშიც არის ჩართული, განსაკუთრებით – ცისკარში. რაც შეხება დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნებს, რაოდენობრივად ისინი ყველაზე მეტი გახლდათ. ამასთანავე, მარტო მსახურება კი არ იყო აგებული ძირითადად დავითის ფსალმუნებზე, ხალხიც უმეტესწილად ფსალმუნებით ლოცულობდა. იუდეველები ლოცვის დროს დღესაც უმეტესად დავითის ფსალმუნებს კითხულობენ.

ახალ აღთქმაში „დავითნი“ არა მარტო ქრისტიანის პირად ლოცვებში, არამედ საზოგადო ღმრთისმსახურების დროსაც გამოიყენება. ისინი წმინდა დავითის სიცოცხლეშივე იკითხებოდა ძველი აღთქმის ტაძრებში, მერე კი – პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიებში. მსახურების ძირითად ნაწილს მათი გალობა შეადგენდა. IV ს-ში 150 ფსალმუნი 20 კანონად დაიყო, რომლებიც, თავის მხრივ, სამ დიდებას ქმნის. მათი კითხვა შეიძლება ნებისმიერი მიზეზით – მიცვალებულთათვის, სნეულთათვის, ჯანმრთელობისათვის, მშვიდობისთვის (შესაბამის ლოცვებთან ერთად). ხშირად მორწმუნენი გუნდად იკრიბებიან ტაძრებში და ფსალმუნებს კითხულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საგალობლები ნებისმიერ ჟამს შეგვიძლია წარმოვთქვათ, მაინც არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი ფსალმუნები. მაგალითად, მიცვალებულთათვის სასურველია XVII კანონის კითხვა, სინანული ჟამს – 50-ე ფსალმუნისა, ხილულ და უხილავ მტერთა დასაძლევად – 90-ისა, ღვთისადმი მადლიერებისა და ქების აღსავლენად – 134-ისა და 135-ისა (საზოგადოდ, იმ ფსალმუნებისა, რომელთაც სათაურად `ალილუია~ აქვთ). 

დავით წინასწარმეტყველი იყო წინასწარმეტყველთა შორის უდიდესი; მის ფსალმუნთაგან ფაქტობრივად ერთიც არ არის ისეთი, მასში მაცხოვრის მოსვლა და კაცობრიობის გადარჩენა რომ არ იყოს ნაწინასწარმეტყველები.

ფსალმუნები არ არის ძველი თუ ახალიაღთქმისეული – ისინი ზოგადსაკაცობრიოა და ძველი აღთქმის დროებაზე მაღლა დგას. წმინდა მამები დავით წინასწარმეტყველს უწოდებენ ახალი აღთქმის კაცს ძველი აღთქმის პერიოდში. თავად პირველი ქრისტიანებიც იუდეველები იყვნენ, რომლებიც ფსალმუნებით ლოცულობდნენ და ხშირად იყენებდნენ მათ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, უწინარესად კი იმისა, რომ ამქვეყნად მესია უნდა მოსულიყო.

დავით მეფე წმინდა წერილში წარმოდგენილია როგორც ერთგვარი ეტალონი მორწმუნე მეფისა, ღვთივრჩეული ერის წინამძღოლისა. როდესაც დავითის ძე სოლომონი გამეფდება, ღმერთი მას ეტყვის: თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა წმინდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესსა და სამართალს, განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში სამარადიოსოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის მითქვამს...~ (3 მფ. IX, 4 5). სოლომონის ძეს, დავითის შვილიშვილს უფალი სამეფოს ერთ ნაწილს ხელიდან გამოგლეჯს, თუმცა ბოლომდე არ წაართმევს და ამის ერთადერთ მიზეზად წმინდა წერილი ასახელებს იმას, რომ დავითი ღვთის რჩეული იყო, რომელიც იცავდა უფლის მცნებებს და აღასრულებდა მის ნებას (3 მფ. XI, 34). სწორედ იმის გამო, რომ სოლომონის ძე დავითის შთამომავალი იყო, ღმერთი მას სამეფო ტახტს შეუნარჩუნებს. როდესაც ისრაელის ერთიანი სამეფო ორად გაიყო, ჩრდილო ისრაელის პირველ მეფეს, იერობოამს უფალი ეუბნება:არ გავხარ ჩემს მორჩილს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა უკან და მხოლოდ სიმართლეს სჩადიოდა ჩემს თვალში~ (3 მფ. XIV, 8). შესაბამისად, უფალი ეუბნება იერობოამს, რომ მხოლოდ იმ პირობით შეეწეოდა, თუ ის ისე იცხოვრებდა და იმგვარად მართავდა ქვეყანას, როგორც ამას დავითი აკეთებდა. სწორედ დავითის მეფობაა უფლისათვის სათნო და ყველა მეფეს, რომელიც ღვთის ერის სამართავად ჰყავდა მოვლენილი უფალს, ევალებოდა დავითს მიმსგავსებოდა,

წმინდა წერილი დავითს უდიდესი მორწმუნის, აბრაამის გვერდით აყენებს. როგორც აბრაამი ქრისტეს შობამდე 2000 წლით ადრე სათავეში ედგა ღვთივრჩეულ ერს (რამეთუ მისი მოდგმიდან წამოვიდა ისრაელი და სწორედ მან მიიღო პირველად აღთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წიაღიდან გამოსულით იკურთხეოდა ქვეყნის ყველა ერი), ასევე დავითი ქრისტეს შობამდე 1000 წლით ადრე მეფობს ღვთივრჩეულ ერზე და სწორედ ამ ორი წინამძღოლისა და მორწმუნის დასახელებით იწყებს მათე მახარებელი თავის სახარებას: „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა~ (მთ. I, 1). ერთ ერთი ებრაელი ფილოსოფოსი და ფილოლოგი წერს: `აბრაამი, ისააკი, იაკობი და დავითი ისრაელის ეტლად იწოდებიან, რამეთუ მათი ნება ყველაფერში თანაშეწყობილი იყო ღვთის ნებასთან, რის გამოც მათი ცხოვრება მართლაც ეტლს ჰგავდა, რომელსაც უფალი მართავდა.“

ბაგრატიონთა საგვარეულო გერბს „კვართიან-დავითიანთი“ ეწოდება. კვართი უფლისა, რომელიც სვეტიცხოველშია დავანებული, სიმბოლოა ქრისტეს ეკლესიის ერთიანობისა, ხოლო დავითის ქნარი და შურდული ბაგრატიონთა სახელოვანი წინაპრის, ბიბლიური დავითის ფსალმუნთგალობასა და გოლიათის დამარცხებას მოგვაგონებს. ღმრთის საიდუმლო განგებულებით დავითის შთამომავლები, რომლებიც ამავე დროს ღმრთისმშობლის ხორციელნი ნათესავები იყვნენ, საქართველოში დამკვიდრდნენ და ქვეყნის ხელმწიფებაც მათ ჩაბარდათ. ალბათ ამაშიც გამოვლინდა საქართველოს წილხვედრობა ღმრთისმშობლისადმი, რადგან დავითის შტოდან გამოვიდა მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრიტე და დავითის შტოდან მიეცათ ქართველებს ხელმწიფე.

სასწაულებრივი ძალა ჰქონდა გრიგოლ ხანძთელის ლოცვას. რომელმაც აშოტ კურაპალატი, მეფე საქართველოსი, ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი ასე დალოცა: „დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე!.“ და მართლაც ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს ტახტი მონარქიის გაუქმებამდე ბაგრატიონებს ეპყრათ თითქმის უწყვეტად ათი საუკუნის განმავლობაში. კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ დინასტიას არ უმეფია იმდენ ხანს რაც ბაგრატიონებმა იმეფეს. ისინი პირნათლად აღასრულებდნენ სამეფო მოვალეობის სახარების მიერ დადგინებულ წესს: „რამეთუ არა ცუდად ხრმალ აბს: რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათვის შურის მაძიებელ ბოროტისმოქმედთათვს“.

ქრისტიანულ სამყაროში წმინდა დავით წინასწარმეტყველის უდიდესი სიყვარულისა და აღიარების მიუხედავად, წმინდა მეფის სახელზე, თვით მის სამშობლოშიც, არ აგებულა ტაძარი. საქართველოში კი 2001- 11/X მის სახელზე იკურთხა ქ. თბილისში, ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩის 1 ში, მეტეხის აღმართზე, დანგრეული ტაძრის ადგილას აშენებული ახალი ეკლესია. საპატრიარქოს თაოსნობით, ტაძრის მიმდებარე ქუჩებს დავით მეფსალმუნისა და სოლომონ ბრძენის სახელები უწოდეს. რუსთავშიც დაფუძნდა წმ.მეფე დავით მეფსალმუნის სამლოცველო.

შეადგინა და გადაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა

 

სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მეფისა და წინაისწარმეტყველისა დავით მეფსალმუნისა

 

 

წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავალი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავალი იყო, ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე – სიჭაბუკეში მამამისის ფარას მწყემსავდა. როცა მეფე საულმა ხელი აიღო ღვთის მცნებათა აღსრულებაზე, გულთამხილავმა უფალმა დავითი გამოარჩია სამეფოდ და წინასწარმეტყველი სამოელის ხელით სცხო მას „ზეთითა ცხებულისა მისისაჲთა“.

წმიდა დავითი იყო „კაცი… გულისხმის-მყოფელი, მჴნე ბრძოლასა, სრულ ძალითა და ბრძენ სიტყჳთა და კეთილ საქმითა“ (I მეფ. 16, 18). ფილისტიმელთა თავდასხმის დროსაც უფალი შეეწია ნეტარს და შურდულით ადვილად დაამარცხა აბჯარასხმული გოლიათი, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა წმიდანი. ამან საული შურით აღავსო, მან დავითისადმი მტრობა ჩაიდო გულში და იმ დროიდან მოყოლებული მრავალი განსაცდელი დაატეხა თავს ნეტარს. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა ყოველივეს – მას ორჯერ შეეძლო მოეკლა დაუძინებელი მტერი, მაგრამ ხელი არ აღემართა მასზე: „არა მივყო ჴელი ჩემი უფალსა ჩემსა ზედა, რამეთუ ცხებული უფლისაჲ არს ესე“ (I მეფ. 24, 11). საულისა და მისი ძის დაღუპვის შემდეგ დავითი ისრაელის სამხრეთ ნაწილის მეფედ დაადგინეს. მას შემდეგ კი, რაც საულის მეორე ვაჟი მოკლეს, იგი მთელი სამეფოს მმართველი გახდა. წმიდანმა ააშენა ახალი დედაქალაქი – იერუსალიმი („სახლი მშვიდობისა“), აქ ახალი სკინია მოაწყო და მოსეს ძველი კარვიდან დიდი ზეიმით გადაიტანა მასში სჯულის კიდობანი. თავად სურდა, მოძრავი კარვის ნაცვლად ტაძარი აეგო და უფლისათვის, მაგრამ ზეგარდამო ეუწყა, რომ ამ სურვილის აღსრულება მას არ ეწერა – იგი მის ძეს უნდა განეხორციელებინა.

ბოლოს წმიდა დავითის ღვთივსათნო ცხოვრებაც დააბნელა მძიმე შეცოდებამ: მან ერთი ჰურიის პირმშვენიერი მეუღლე შეირთო ცოლად, თავად ურია კი ბრძოლაში მოაკვლევინა. ამ დაცემისათვის იგი მწარედ დაისაჯა: სამოელ წინასწარმეტყველმა ამცნო, რომ ბერსაბისგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდებოდა. ღრმა სინანულით შეპყრობილმა წმიდანმა სწორედ ამ დროს შექმნა თავისი 50-ე ფსალმუნი: „მიწყალე მე ღმერთო…“

ერთი შვილის სიკვდილით არ დამთავრებულა წმიდა მეფის უბედურება: ამის შემდეგ მეორე ძე – აბესალომი აღსდგა მამის წინააღმდეგ და მისი ტახტიდან ჩამოგდება მოიწადინა. დავითმა არ ისურვა შვილის წინააღმდეგ ბრძოლა და სარდლობა სხვას გადააბარა, ერთი კი ითხოვა – არ მოეკლათ, დაენდოთ აბესალომი. დავითის მხედრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მეფის სათხოვარი ვერ შეასრულეს. დამწუხრებულმა მამამ ცრემლებით გამოიტირა შემცოდე შვილი.

დავით მეფემ ორმოცი წელი იმეფა. კეთილმსახური და მართალი ცხოვრების, სიმდაბლის, მოთმინებისა და ურყევი სასოებისთვის წმიდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ მან აბრაამისთვის მიცემული ყველა აღთქმა დაუმტკიცა ნეტარს, საყდრის ურყევობა, კურთხევა, თესლის გამრავლება აღუთქვა და ამცნო, რომ მისი შტოდან აღმოცენდებოდა მხსნელი სოფლისა.

წმიდა წინასწარმეტყველმა დავითმა დაგვიტოვა 150 ღვთივსულიერი ფსალმუნი. ცნობილია, რომ როცა იგი ამ საგალობლებს ქნარზე ამღერებდა, ეშმაკისგან ქეჯნილ საულს ბოროტო განეშორებოდა (მეფეთა 16, 23). ბასილი დიდი ფსალმუნთა წიგნზე წერდა: იგი „წინასწარმეტყველებს მომავალზე და შეგვახსენებს ისტორიასაც, იძლევა ცხოვრების კანონებს და რჩევას საქმეთა კეთებისას. კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, უვნებელს კი იფარავს. საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ანადგურებს ვნებებს, რომელნიც კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ“.

დავით მეფე მშვიდობით მიიცვალა. სიკვდილის წინ მან ტახტი თავის ძეს, სოლომონს უანდერძა და უკანასკნელად დამოძღვრა იგი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.