წმინდა ეკატერინე

07 დეკემბერი. წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ღუაწლი და წამება

ხს.  ძვ. სტ. 24 ნოემბერი, ახ. სტ. –  7 დეკემბერი

 

 

საეკლესიო სწავლების მიხედვით, წმიდა ეკატერინე დაიბადა ეგვიპტეში, ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ოჯახში და მისი მხოლოდშობილი ასული იყო. მშობლებმა მას იმ დროისათვის ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერება შეასწავლეს და ჯერ კიდევ თვრამეტი წლისამ სრულყოფილად იცოდა ყველა წარმართი მწერლის შემოქმედება, ძველ პოეტთა და ფოლოსოფოსთაჰომეროსის, ვირგილიუსის, არისტოტელეს, პლატონისა და სხვათა თხზულებანი. მას შესწავლილი ჰქონდა გამოჩენილ ექიმთა ნაშრომებიც, მაგალითად: ასკლეპიადესი, ჰიპოკრატესი და გალენიოსისა. გარდა ამისა, იცოდა ყოველგვარი ორატორული და დიალექტიკური ხელოვნება, ასევე მრავალი უცხო ენა. ასე რომ, ყველა გაოცებული იყო მისი ცოდნითა და განსწავლულობით. ქრისტეს სარწმუნოებაზე მოქცევამდე ქალწულს დოროთეა ერქვა. სახელი ეკატერინე `ბრძენს~ ნიშნავს. არაჩვეულებრივად ლამაზი, ჭკვიანი და განათლებული ქალწულის სახელი ალექსანდრიის საზღვრებს გასცდა. ყოველი მხრიდან ჩამოდიოდნენ მდიდარი, ჭკვიანი და ლამაზი ჭაბუკები მასზე დაქორწინების სურვილით, მაგრამ ეკატერინე მეტად ამაყი იყო და ამბობდა, რომ ცოლად მხოლოდ ისეთ კაცს გაყვებოდა, რომელიც კეთილშობილებით, სიმდიდრითა და გონებით მისი ტოლი იქნებოდა, თუმცა ასეთი ადამიანი არ ჩანდა.

ალექსანდრიასთან ახლოს ერთი მეუდაბნოე ბერი ცხოვრობდა, რომელიც მთელ დღეებს ლოცვასა და უფლის ჭვრეტაში ატარებდა. მასთან მრავალი ადამიანი დადიოდა რჩევის საკითხავად და წმინდანის დედასაც აზრად მოუვიდა, რომ შვილი ამ წმინდა და ღვთისმოსავ კაცთან მიეყვანა რჩევადარიგების მისაღებად, რადგან თვითონაც ფარული ქრისტიანი იყო. ამ მართალმა კაცმა ქალწულის სილამაზე რომ იხილა და მისი ბრძნული საუბარი მოისმინა, განიზრახა ესწავლებინა მისთვის ზეციური მეუფის, ქრისტეს შეცნობა და უთხრა: „შენ ნამდვილად მშვენიერი ხარ და გონებაც ნათელი და ღრმა გაქვს; შენი სიმდიდრის შესახებაც მსმენია, მაგრამ მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე: მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე მთელ სამყაროს მართავს, ისეთი მდიდარია, რომ თავის სიმდიდრეს ყოველთვის გასცემს და არ ღარიბდება; გამოუთქმელია მისი კეთილშობილება და მას ვერავინ შეედრება! ამის გარდა კიდევ ისეთი ღირსებები აქვს, რომელთა გამოხატვაც შეუძლებელია! ქალწულმა იფიქრა, რომ იგი რომელიმე მიწიერ თავადზე ელაპარაკებოდაშეცბა, სახე შეეცვალა და ბერს ჰკითხა: „მართალია ყველაფერი, რასაც ლაპარაკობ? მან მიუგო, რომ ყველაფერი მართალი იყო და თან დაამატა, რომ ის ახალგაზრდა ფლობს კიდევ სხვა უდიდეს სათნოებებს, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელია. ქალწულმა ჰკითხა: ვისი შვილია შენგან შექებული ჭაბუკი? ბერმა უპასუხა: „მას არ ჰყავს მამა მიწაზე, არამედ იშვა გამოუთქმელად და ზებუნებრივად პატიოსანი წარმოშობის ერთი წმინდა და უბიწო ქალწულისაგან. იგი ღირსი გახდა ეშვა ასეთი შვილი თავისი უდიდესი სიწმიდისა და უმანკოების გამო; იგი მყოფობს უკვდავად სულითაც და ხორცითაც და ამაღლებულია ცაზე მაღლა, სადაც თაყვანს სცემენ მას წმინდა ანგელოზნი, როგორც ყოველი ქმნილების დედოფალს. ეკატერინე მეუდაბნოეს ყურადღებით უსმენდა, და ჰკითხა: „ვინ არის ეს საოცარი ჭაბუკი და შემიძლია თუ არა მისი ნახვა? ბერმა მისცა ხატი, რომელზეც გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით და უთხრა: „აქ იმ ჭაბუკის დედაა გამოსახული, ვიზედაც მე გაუწყე. ეს ხატი სახლში წაიღე, მთელი ღამე ილოცე მის წინაშე, და ევედრე, რომ განახოს თავისი შვილი და თუკი რწმენით ილოცებ, შენი სურვილი ასრულდება“. ქალწულმა აიღო წმიდა ხატი, დაბრუნდა სახლში და ღამით განმარტოებულმა თავის ოთახში დაიწყო ლოცვა ისე, როგორც ასწავლა ბერმა. ხანგრძლივი ლოცვის დროს დაღლილობისაგან მიეძინა და ჩვენებაში იხილა ზეციური დედოფალი, წმიდა ყრმასთან ერთად იმ სახით, როგორითაც იყო გამოსახული იგი ხატზე, და გარემოცული იყო კაშკაშა სხივებით. წმინდა ეკატერინემ ვერ შეძლო შეეხედა მისი სახისთვის, რადგან მან პირი იბრუნა თავისი დედისკენეს განმეორდა სამჯერ, რის შემდეგაც ეკატერინემ გაიგონა, რომ ღვთისმშობელმა უთხრა თავის ძეს: შეხედე შვილო ჩემო, შენს მხევალს, ეკატერინეს, როგორი კეთილი და ლამაზია. ღმრთაებრივმა ყრმამ კი უპასუხა: „არა, ეს ახალგაზრდა ქალწული ძალზე მოღუშულია და ისეთი უშნოა, რომ მე მისი ცქერა არ შემიძლია“. განა ეს ქალწული ყველა ფილოსოფოსზე ბრძენი არ არის? განა ის არ აღემატება თავისი გვარიშვილობითა და სიმდიდრით ყველა ქალწულს? – ჰკითხა ყოვლადწმინდა დედამ მაცხოვარს, რაზეც იგი პასუხობდა, რომ მისი დანახვა არ სურს, სანამ ის არ შეაქცევს ზურგს თავის უწმინდურობასო. ამაზე უფლის ღმრთივკურთხეულმა დედამ მიუგო მას: „გევედრები შენ, ჩემო უტკბესო შვილო, ნუ მოიძაგებ შენს ქმნილებას, არამედ გულისხმაუყავ და ასწავლე რა გააკეთოს, რომ დატკბეს შენი დიდებით და უმზიროს შენს ნათელსა და ნანატრ სახეს, რომლის ხილვაც ყველა ანგელოზს სწადია“.

მაშინ ქრისტემ უპასუხა: „წავიდეს იმ ბერთან, და შეასრულოს, რასაც უბრძანებს იგი, რომ მიხილოს და ჰპოვოს მადლი ჩემს წინაშე“. ეკატერინეს ცრემლიანს გამოეღვიძა და რამდენიმე მხევალთან ერთად წმიდა ბერის სენაკისკენ გაემართა. მასთან მისული, ფეხებში ჩაუვარდა და ტირილით მოუყვა თავისი ხილვის შესახებ, სთხოვა, ეთქვა, რა უნდა გაეკეთებინა, რათა ეხილა თავის სასურველი სასიძო ქრისტე. ღირსმა ბერმა დაწვრილებით ასწავლა ყველა საიდუმლო ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოებისა, დაწყებული ქვეყნისა და მამამთავარ ადამის შექმნით, დამთავრებული უფალ იესუ ქრისტეს დედამიწაზე მეორედ მოსვლით; ასევე აუწყა მართალთა ენითაუწერელი დიდების შესახებ სამოთხეში და ცოდვილთა დაუსრულებელი ტანჯვის შესახებ გეენიაში. როგორც ჭეშმარიტებასა და ხსნას მოწყურებული ბრძენი ქალწული, იგი დაეწაფა ქრისტიანულ სწავლებას, გულით იწამა იესო ქრისტე და იმავე მოძღვრის მიერ მოინათლა, ანუ განიძარცვა ძველი კაცი (კოლს. 3,9) და შეიმოსა ახალი სამოსი სულიწმიდით. ამის შემდეგ ბერმა ამცნო, კვლავ ელოცა დიდი მონდომებით ღვთისმშობლის წინაშე, რათა კიდევ ერთხელ გამოცხადებოდა მას, როგორც პირველ ღამეს.

წმინდა ნათლობით განათლებული ქალწული სახლში დაბრუნდა და მხურვალე ლოცვა დაიწყო. დაღლილს ჩაეძინა. და აი, ისევ  იხილა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თუმცა ახლა ყრმა მოწყალედ უყურებდა ქალწულს. გაბრწყინებული და გახარებული ქრისტე მისკენ მიბრუნდა და თქვა: ახლა ის მშვენიერი, მდიდარი და ბრძენია. მე მიყვარს იგი და ისეთი სასურველია ჩემთვის, რომ მე მინდა, დავწინდო ჩემს უხრწნელ და მარადიულ სასძლოდ. მაშინ  ღვთისმშობელმა ეკატერინეს მარჯვენა ხელი აიღო, ყრმამ კი თითზე ძვირფასი ბეჭედი შეაცვა და უთხრა: `ნუ ეძებ მიწიერ სასიძოს~. ეკატერინე მიხვდა, რომ ამიერიდან იგი ქრისტეს სასძლო იყო. ქალწულს სულში უჩვეულო სიხარულით გაეღვიძა, და როდესაც ხელზე ბეჭედი დაინახა, მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი სიზმარი არ იყო. მას შემდეგ იგი სრულიად შეიცვალა, გახდა თავმდაბალი, თვინიერი და მოწყალე. ღვთაებრივი სიყვარულით აღვსილი მხოლოდ თავის საყვარელ სასიძოზე ფიქრობდა, და ცხადშიც და ძილშიც მხოლოდ ის ახსოვდა

მალე ალექსანდრიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე* კეისარი ჩავიდა, რომ წარმართული ღვთაებებისთვის თაყვანი ეცათ და ბრძანა, გარშემო ქალაქებიდან და მხარეებიდან შეკრებილიყვნენ მისი ქვეშევრდომნი მსხვერპლის შესაწირად, რათა სახალხოდ გამოეხატათ პატივისცემა კერპისადმი, ხოლო ვინც არ დაემორჩილებოდა მის ბრძანებას, მახვილით და ცეცხლით სიკვდილით დასჯიდა. მაქსიმიანე კეისარმა თავისთვის ოცდაათი მოზვერის მოყვანა უბრძანა. მსხვერპლის შესაწირად შეიკრიბა მრავალი ადამიანი, ზოგს ხარი მოჰყავდა, ზოგს ცხვარი, ვისაც ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდაფრინველები. როდესაც დადგა დღე საძაგელი დღესასწაულისა, მთელი ქალაქი მოიცვა დასაკლავად განწირული ცხოველების ყვირილმა და შეწირული ზვარაკების სიმყრალემ. ყველგან საშინელი სივიწროვე და არეულობა იყო, ჰაერი გაჟღენთილი იყო მყრალი კვამლის სუნით. მეფემ და დიდებულებმა დაკლეს და კერპებას შეწირეს ასი ცხოველი, თუმცა მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენდაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან

—————–

* მაქსიმიანე დაიბადა დაახლ. 250 . ქალაქ სირმიაში (დღევანდელი სრემსკამიტროვიცა, სერბეთი), ილირიელი მედუქნის ოჯახში. მას განათლება არ მიუღია, სამსახური დაიწყო არმიაში და მალე გაიკეთა ბრწყინვალე კარიერა, დაუახლოვდა რა თავის თანამემამულე დიოკლეტიანეს, რომელმაც ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ მაქსიმიანე თავის თანამმართველად გამოაცხადა და კეისრის ტიტულიც მიანიჭა. იმპერიის პროპაგანდა მაქსიმიანეს აცხადებდა დიოკლეტიანეს ძმად და მისი თანაბარი ავტორიტეტისა და ძალაუფლების მქონედ. თითოეულ იმპერატორს ჰქონდა საკუთარი რეზიდენცია, ჩინოვნიკთა აპარატი და არმია. მათ სახელზე იჭრებოდა მონეტები და ეწყობოდა დღესასწაულები. დიოკლეტიანე დროდადრო გამოსცემდა ბრძანებებს აფრიკის ტერიტორიაზე (აფრიკა მაქსიმიანეს პროვინცია იყო), იგივე შეეძლო გაეკეთებია მაქსიმიანესაც დიოკლეტიანეს ტერიტორიაზე. მაქსიმიანე იყო უხეში, სასტიკი, მრისხანე, მოუთმენელი და მზაკვარი ადამიანი. დიოკლეტიანეზე ბევრად ხარბი და ავხორცი არამარტო რომის საუკეთესო მოქალაქეთა ქალიშვილების ცდუნებით იყო გატაცებული, არამედ ვნებას განიცდიდა მამაკაცების მიმართაც. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქრისტიანთა დიდ დევნაში, რომელიც დიოკლეტიანეს ბრძანებით დაიწყო 303 . კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის ყველას სიკვდილით სჯიდნენ. მაქსიმიანე ამ ბრძანებას განსაკუთრებული სიმკაცრით ასრულებდა აფრიკაში, რომლის პოლიტიკური ელიტაც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა იმპერატორის ბრძანებას. 305 . მაქსიმიანე დიოკლეტიანესთან ერთად ტახტიდან გადადგა, თუმცა მალე კვლავ ჩაება ტახტისთვის ბრძოლაში, მაგრამ კონსტანტინე დიდმა მისი ლაშქარი დაამარცხა და მაქსიმიანემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ქალაქ მასალიაში (დღევანდელ მარსელში).

ღვთისმოსავ და მშვენიერ ეკატერინეს ადამიანთა ასეთმა მომაკვდინებელმა ცდუნებამ სასტიკად ატკინა გული. ქრისტეს მოწამეებისადმი ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ქალწულმა თან წაიყვანა რამდენიმე მხევალი, მივიდა კერპთა ტაძარში, სადაც კეისარი და ერი უზორვიდა კერპებს, და როდესაც კარებში შეჩერდა, ყველამ მისკენ მიმართა მზერა, რადგან იგი არაჩვეულებრივი სილამაზითა ბრწყინავდა. მან პირჯვარი გადაიწერა და კეისართან შეხვედრა ითხოვა. მანაც იხმო იგი. ეკატერინემ მეფეს შესაფერისი პატივი მიაგო და უთხრა: „რისთვის შემოჰკრიბე ხალხის ეს სიმრავლე და რატომ წარწყმედ და შეაგინებ მათ სულებს კერპთმსახურების ამაო საცთურით? აწ სასმენელნი შენნი გახსენ და მცირეოდენად მაინც დაბრძენდი, რომ ისმინო ჩემი სიტყვები და გულისხმაყო, რომელმან ყოველივე შექმნა სიტყვითა, იგი არს ღმერთი საუკუნითგან და უკუნისამდე, და რომელმანიგი მოავლინა მაღლით წმიდით ძე თვისი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რაჟამს იხილა სოფელი ესე წარწყმედასა შინა, იხსნა იგი პატიოსნითა ჯუარითა თვისითა, რამეთუ იგი არს შემოქმედი ყოვლისაი, დამბადებელი დაბადებულთაი, მაცხოვარი შეცთომილთაი, უფალი უფლებათაი და ღმერთი ღმერთთაი, რომელსა შუენის პატივი და დიდებაი უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

განრისახებული მაქსიმიანე კეისარი თავიდან მდუმარედ უსმენდა ულამაზეს ქალწულს, შემდეგ კი, პასუხი რომ ვერ გასცა, უთხრა: – „ახლა დაგვტოვე, რომ მსხვერპლშეწირვა აღვასრულოთ, ხოლო შემდეგ მოდი და მოვისმენთ შენს საუბარს“.

ღვთივსაწინააღმდეგო  დღესასწაულის დასრულებისთანავე მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ეკატერინე და როდესაც იგი დარბაზში შევიდა, განცვიფრებულმა მაქსიმიანემ, იხილა რა ბრწყინვალებაი პირისა მისისაი, ჰკითხა: „გვითხარი, ქალწულო, ვინ ხარ და გაიმეორე ის სიტყვები, რომელსაც ამბობდი ცოტა ხნის წინათ“. არ იცი ვინ ვარ? – უპასუხა წმინდანმამე ვარ ალექსანდრიის ყოფილი მმართველის, კონსტის ასული, განსწავლული ვარ სხვადასხვა მეცნიერებაში: შევისწავლე რიტორთა თხზულებები, ფილოსოფია, გეომეტრია, ახლა ამ ყველაფერს არაფრად ვაგდებ, როგორც ამაოსა და უსარგებლო საქმეს, გავხდი სძალი უფალ იესო ქრისტესი, რომელმაც წინასწარმეტყველ ესაიას პირით თქვა: `წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისხმისყოფა გულისხმიერთაი დავფარო~ (ეს. 29,14).

ქალწულის არაჩვეულებრივმა სილამაზით, საუბრით და გონიერებით გაოცებული მაქასიმიანე კეიასარი მიხვდა, რომ დამარცხდებოდა მასთან პაექრობაში და უთხრა: „არ ეკადრება მეფეს ქალთან კამათი. შევკრებ მე ფილოსოფოსებს შენთან სასაუბროდ და შენ მიხვდები შენი აზრების ამაოებას და ირწმუნებ ჩვენს სწავლებას“.

ამის შემდეგ მან მცველები დაუყენა წმიდა ქალწულს, თვითონ კი მისდამი დაქვემდებარებულ ყველა ქალაქში წერილები დააგზავნა ბრძენ ფილოსოფოსთა შესაკრებად, და როდესაც  ორმოცდაათამდე მჭევრმეტყველებით გამორჩეული ადამიანი მოკრიბა, ასეთი სიტყვებით მიმართა: „გულმოდგინებით მოემზადეთ ბრძენ ქალწულთან პაექრობისთვის, ისე, რომ შეძლოთ მისი დამარცხება. არ მოეკიდოთ აგდებულად იმას, რომ საუბარი მოგიწევთ ახალგაზრდა ქალწულთან, არამედ ყველაფერი იღონეთ თქვენი მხრიდან, გამოიჩინეთ დიდი სიბრძნე, თითქოს მამაც ბრძენ ორატორს ერკინებოდეთ, იმიტომ, რომ როგორც მე გამოვცადე, იგი თვით დიდ პლატონსაც აღემატება. თუ გაიმარჯვებთ, დიდ ჯილდოს მიიღებთ, თუ დამარცხდებით, ეს იქნება თქვენთვის სირცხვილი და მოგელით წამებით სიკვდილი. ამ სიტყვებზე მეფეს ერთმა სახელგანთქმულმა და განსწავლულმა მჭევრმეტყველმა უპასუხა: ნუ შიშობ, მეფეო, ჩვენი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არაჩვეულებრივად გონიერი, მაგრამ როგორც ქალი, ის არ შეიძლება ფლობდეს სიბრძნეს სრულყოფილი სისავსით და იყოს სრულიად დახელოვნებული მაღალფარდოვან საუბრებში; ბრძანე, მხოლოდ წარმოდგეს ჩვენს წინაშე და ნახავ, რომ ის როგორც კი დაინახავს ასეთ სიმრავლეს ფილოსოფოსებისას და ორატორებისას, მაშინვე გაწბილდება, ხოლო თუ ვერ ვაჯობებთ, სიკვდილით დაგვსაჯეო, უთხრა მეფეს თავის შესაძლებლობაში დარწმუნებულმა ფილოსოფოსმა. ამ საუბრის შემდეგ მეფე დაწყნარდა და გამხიარულდა. იგი იმედოვნებდა, რომ სახელგანთქმული სწავლულები გაიმარჯვებდნენ ბრძენ ქალწულზე. სწორედ ამ დროს წმინდანს ზეციდან გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი და უთხრა: ნუ გეშინია, ქალწულო უფლისაო! უფალი შენს სიბრძნეს კიდევ მეტ სიბრძნეს შემატებს და შენ გაიმარჯვებ ორმოცდაათ მჭევრმეტყველთან პაექრობაში. არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა მრავალნიც ირწმუნებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს შენი ძალით და მიიღებენ მოწამეობრივ გვირგვინს. ეს უთხრა და განშორდა.

როდესაც წმინდა ეკატერინე მეფესთან და ფილოსოფოსებთან, მიიყვანეს, ფილოსოფოსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტრაბახობდა, ქედმაღლურად ასე მიმართა წმიდანს: „ეს შენ ხარ, ასეთი კადნიერებით და უგუნურებით რომ ძრახავ ჩვენს ღმერთებს? – მე ვარ, – მშვიდად უპასუხა წმიდანმა, – მაგრამ არა კადნიერებით და უგუნურებით, არამედ თავმდაბლობითა და ჭეშმარიტების სიყვარულით ვამბობ, რომ თქვენი ღმერთები არარაობანი არიან“. ფილოსოფოსმა მიუგო: „უდიდესი პოეტები უწოდებენ მათ მაღალ ღმერთებს, რომელთაგანაც მიგიღია სიბრძნე და გიგემია სიტკბო ნიჭიერებისა, შენ კი როგორ ბედავ, წარმოთქვა მათზე გმობაი“. – მე არა თქვენი ღმერთებისგან, – უპასუხა ეკატერინემ, – არამედ ჩემი ერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან მივიღე სიბრძნე. ის თვით არის სიბრძნე და ცხოვრება. ვისაც ეშინია და იცავს მის ღმრთაებრივ ბრძანებებს, ის არის ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. თქვენი ღმერთების საქმენი კი ღირსია სიცილისა და გაკიცხვისა, სავსეა საცდურებით“. მითხარი, შენ დიდ პოეტთაგან ვინ უწოდებს მათ ღმერთებს? – ბრძენი ჰომეროსი, – სახელოვანი ზევსი, დიდებული ღმერთი და სხვა უკვდავი ღმერთები. არავინ ძველ ბერძენთაგან არა მარტო არ უწოდებდა და არ იცნობდა მას ღმერთად, არამედ არც კი იცოდნენ მის შესახებ –  უთხრა ფილოსოფოსმა, წმინდანმა კი უპასუხა: „განა თქვენივე ჰომეროსი სხვა ადგილას შენს დიდ ღმერთ ზევსზე არ ამბობს, რომ ის იყო ცბიერი, ცრუ და მატყუარა და რომ სხვა ღმერთებსჰერას, პოსეიდონს და ათინას სურდათ მისი შებოჭვა, მაგრამ მან მოასწრო, გაიქცა და დაიმალა? ამის მსავსი საქციელი, რომელიც აღძრავს სიძულვილს თქვენი ღმერთებისადმი, მრავლად არის აღწერილი თქვენსავე წიგნებში. რადგანაც შენ თქვი, რომ არც ერთი ძველი მასწავლებელთაგანი არ ცნობდა ჯვარცმულს ღმერთადთუმცა საჭირო არ არის ბევრი გამოკვლევა იმის დასადასტურებლად, რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, მიუწვდომელი, ენითგამოუთქმელი შემოქმედი ცისა და მიწის, მზისა და მთვარის და მთელი კაცობრიობისა, მაგრამ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მე მოვიტან მოწმობას თქვენივე წიგნებიდან. მოისმინე, რას ამბობს თქვენი ბრძენი სიბილა მის ღმრთაებრივ განხორციელებასა და ჯვარცმაზე: უკანასკნელ ჟამს, მოვა ვინმე ამ მიწაზე, მიიღებს სხეულს გარეშე ცოდვისა. უსაზღვრო ძლევამოსილი ღმრთაებრივობით შემუსრავს ხრწნად, უკურნებელ ვნებებს, შეშურდებათ მისი ურწმუნო ადამიანებს და დაკიდებენ მაღალ ადგილას, როგორც სიკვდილდამსახურებულს“. გაიხსენე ასევე თქვენი ბრძენო აპოლინიოსი, რომელმაც არა თავისი ნებით აღიარა ქრისტე ღმერთად, არამედ იძულებულმა მისი ღმრთაებრივი ძალით: „ერთხელ, – ამბობს ის, – მაიძულა ზეციერმა, მეღიარებინა იგი. ის არის ნათელი სამბრწყინვალე. წამებული ღმერთი, მაგრამ ეწამა არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც კაცი, რადგან მასში არის ერთიც და მეორეც: მოკვდა სხეულით, მაგრამ უცხო დარჩა ხრწნილებისათვის. და ეს ადამიანი, რომელმაც მტარვალთაგან ყველაფერი დაითმინაჯვარცმა, დამცირება, საფლავად დადებაარის ღმერთი. ეს თქვა აპოლონიუსმა ჭეშმარიტ ღმერთზე, რომელიც ერთარსი და თანადაუსაბამოა მამისა, ის არის საწყისი, საფუძველი და სათავე ყოველივე ქმნილი სიკეთისა; მან სამყარო არა არსიდან არსობაში მოიყვანა და მართავს მას. მამის ერთარსი ჩვენთვის განკაცდა, იცხოვრა მიწაზე, მოძღვრავდა, ასწავლიდა და კეთილს უყოფდა ადამიანებს. შემდეგ ჩვენ უღირსთათვის მოიკლა, რათა გავეთავისუფლებინეთ ძველი მსჯავრისაგან და მოენიჭებინა უწინდელი ნეტარება. ამგვარად, მან კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი, რომელიც ჩვენვე გადავკეტეთ ცოდვით დაცემით. სამი დღის შემდეგ აღდგა, ამაღლდა ზეცად, საიდანაც გარდამოხდა და სულიწმიდა მოუვლინა თავის მოწაფეებს. ისინი მოეფინენ მთელ ქვეყანაზე და იქადაგეს მისი ღმერთობა, რომლის რწმენაც შენც გმართებს, ფილოსოფოსო, რათა შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც მოწყალებითა და კაცთმოყვარებით მოუწოდებს ყველა ცოდვილს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11,28). ამრიგად, დაუჯერე თუნდაც შენს მასწავლებლებსპლატონს, სიბილას, აპოლონიუსს, რომლებიც სრულიად ცხადად და ნათლად, თუმცა თავისივე ნების წინააღმდეგ, ცნობდნენ ქრისტე ღმერთს~.  – ეს და კიდევ ბევრი რამ უთხრა ბრძენმა ეკატერინემ და ფილოსოფოსს ისღა დარჩენოდა, რომ გაჩუმებულიყო. რადგან არ შესწევდა ძალა, რომ რაიმე ეთქვა საპასუხოდ. კეისარი ხედავდა მის დამარცხებას და ბრძანა, სხვებს დაეწყოთ საუბარი წმიდა ქალწულთან, მაგრამ მათაც უარი თქვეს: ჩვენ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ჭეშმარიტებას, რადგან თუ ჩვენ შორის ყველაზე განსწავლული დუმს დამარცხებული, მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათო? კეისარი განრისხდა და ბრძანა, რომ გაეჩაღებინათ ცეცხლი შუა ქალაქში და იქ დაეწვათ ყველა ფილოსოფოსი და მჭევრმეტყველი. მოისმინეს რა მათ მეფის ასეთი განაჩენი, ფეხებში ჩაუცვივდნენ ეკატერინეს და სთხოვეს, ელოცა, ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე, რათა ეპატიებინა მათთვის უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები, ღირსი გაეხადა ნათლობისა, და მიენიჭებინა მადლი სულისა წმიდისა.

გახარებულმა წმიდანმა უთხრა მათ: „ჭეშმარიტად ნეტარ ხართ თქვენ, რადგან დაუტევეთ სიბნელე და შეიცანით ნათელი ჭეშმარიტი, მოიძაგეთ მოკვდავი მიწიერი მეფე და შეუდექით უკვდავ ზეციურ მეფეს. მტკიცე იმედი გქონდეთ მისი მოწყალებისა და გწამდეთ, რომ ცეცხლი, რომლითაც გაშინებენ უწმინდურნი, თქვენთვის იქნება ნათლობის წყალი და კიბე ზეცად აღმყვანებელი. ამ ცეცხლში თქვენ განიწმინდებით სულისა და სხეულის ყოველგვარი ბიწისაგან და დიდებული მეუფის წინაშე წარსდგებით ნათელნი და წმიდანი, როგორც ვარსკვლავები და შეუერთდებით მის ძვირფას მეგობართა წრეს“, და თითოეულ მათგანს ჯვარი გადასახა, ვითარცა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვისიმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს, წმინდანი კი საპყრობილეში გამოამწყვდიესსადაცმტერი იგი (ეშმაკი) ბოროტი წარმწყმედელი სულისაი საშინელად გეჩუენა შენ მსგავსად ვეშაპისა“, და ეწადა რა შთანთქმაი შენი, ნეტარო, განაქიქე ჯუარითა ქრისტესითა, რამეთუ მოგივლინა მაცხოვარმან შეწევნაი, ოდეს გამოგიჩნდა და განგაძლიერა.

დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმინდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. იახლა მხედართუფროსი პორფირი  და ფარულად ეწვია წმინდანს. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული ქალწულის სულის სიმტკიცემ, რომელმაც მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი

მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა.

ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს

მაქსიმინე კეისარი ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად მან მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძისქრისტეს ერთგული რჩებოდა. მაშინ მეფემ ბრძანა, რომ მისთვის თავი მოეკვეთათ. როცა იგი დასასჯელად მიჰყავდათ, ხალხი ტირილით მისდევდა. ის კი მათ ანუგეშებდა და ამბობდა: „ნუ სტირით! ჩემთვის სიხარულია ის, რომ ქრისტესთან მივდივარ და სამუდამოდ მასთან დავრჩები“. აღსასრულის წინ წმიდა ეკატერინემ ილოცა:  „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო! გმადლობ შენ, რომელმანცა განმიმტკიცე მოთმინებაი და მიჩვენე გზაი საუკუნო ცხორებისაი, აწ კვლავ აღმიპყარ უწმიდესნი ხელნი შენნი, ჯვარსა ზედა მიმსჭვალულნი და მიიღე სული ჩემი, მსხვერპლად მოძღვანებული სიყვარულისთვის შენისა. მოიხსენე, უფალო, რამეთუ ვარი მე ხორცი და შემეწიე, რაითა საშინელსა მას სამსჯავროსა არცაღა წარმოჩინდეს ცოდვანიჩემ მიერ ქმნილნი უმეცრებითა, არამედ განბანე ისინი სისხლითა, რომელსაცა დავათხევ შენთვის და ქმენ, რაითა ხორცი ესე, მოწყლული ტანჯვათაგან და შენთვის მახვილით მოწყვედილი, იყოს უჩინოი მტერთათვის და მდევნელთათვის ჩემთა. აწ მოიხილე, უფალო, ზეცით გარდამო, შეეწიე მხილველთა მარტვილობისა ჩემისათა და განაბრძვნე შეცნობისათვის შენისა, და მიუტევე მათ, ვინაიცა მეოხებითა ჩემითა მოუხმობენ სახელსა შენსა წმიდასა და აღავსე სიკეთითა, რაითა ყოველნი უგალობდენ დიდებასა შენსა უკუნითი უკუნისამდე. ამინ“. ლოცვის დამთავრებისას წმიდანმა ჯალათს მიმართა, აღესრულებინა განაჩენი და მანაც მოჰკვეთა პატიოსანი თავი ეკატერინეს და ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოსჩქეფა. წმინდა მოწამე ეკატერინე აღესრულა 304 წლის 25 ნოემბერს, შაბათ დღეს. მრავალი მათგანი, ვინც წმინდანის წამება ნახა, ქრისტიანობაზე მოექცა და თავადაც ეწამა

წმინდანის მარტვილობა კი კრძალულებით აღწერა ათანასემ, მისმა მსახურმამოსახსენებელად მისი დიდი ღვაწლისა“. ამის გარდა ჩვენამდე მოღწეულია წმინდანის კიდევ ორი ცხოვრება, ერთია ანონიმური წყარო და მეორე სვიმონ მეტაფრასისა.

წმინდა ეკატერინეს მარტვილობის შემდეგ მისი ნეშტი გაქრა. გადმოცემის მიხედვით ის ანგელოზთა მიერ გადატანილ იქნა სინას მთის* მაღალ მწვერვალზე და ამ მთას ახლა მისი სახელი ჰქვია.  

__________________

* ეს მთა მდებარეობს სინას ნახევარკუნძულზე, რომელსაც სამი მხრიდან საზღვრავს მეწამული ზღვის ჩრდილო ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს გაჭრილია სუეცის არხი, შემაერთებელი აზიისა და აფრიკისა).

წმინდანის პატიოსანი ნაწილების პოვნის ადგილას, 532 წელს აგებული საყდრის ნანგრევებზე, 1934 წელს ახალი, მოზრდილი სამლოცველო დაუფუძნებიათ.

სამი საუკუნის შემდეგ, VI ის შუა წლებში იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 27/XI) მიერ აშენებული ფერისცვალების მონასტრის ბერები ზეციური გამოცხადების შემდეგ ავიდნენ სინას მთაზე და მითითებულ ადგილზე მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს*; პატივით გადააბრძანეს მონასტრის ტაძარში, რის შემდეგაც წმ. ეკატერინეს სახელი ფრიად განდიდდა ქვეყანაზე

_____________________

* წმ. ეკატერინეს პატიოსანი ნაწილების პოვნის ადგილას, 532 წ. აგებული საყდრის ნანგრევებზე, 1934 წ. ახალი, მოზრდილი სამლოცველო დაუფუძნებიათ.

 

რუსეთის მეფეს ალექსი მიხალის ძეს  (იმპერატორის პეტრე პირველის მამა), ქალიშვილის დაბადების წინ გამოეცხადა წმ დიდმოწამე ეკარტერინე  და  ამით შთაგონებულმა ჩვილს რომანოვების საგვარეულოსათვის მეტად უჩვეულო სახელი ეკატერინე დაარქვა. დიდმოწამე ეკატერინეს წმინდა ნაწილების უკეთ დასაცავად პეტრე I [რუსეთის მეფე 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში.)- . 1672, მოსკოვი. 8 თებერვალი, 1725, სანქტპეტერბურგიწარგზავნა მოოქროვილი ვერცხლის კუბო. შემონახულია წმინდანის ერთი ნაწილი (თითი), რომელიც მოთავსებულია ხატში – `წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელი~ და მუდამ მისაწვდომია მომლოცველთათვის.   

მონასტრის განსაკუთრებული აღმავლობის პერიოდი VI-VII საუკუნეებზე მოდიოდა. ამ დროს სავანეში მოსაგრეობდნენ ბერძენი, სირიელი, არაბი, სომეხი და ქართველი* ბერები. იმავე პერიოდში იყო მონასტრის იღუმენად სახელგანთქმული `კლემაქსის~ ავტორიიოანე კიბისაღმწერელიც. წორედ ამ ხანებში მონასტერს უკვე წმინდა ეკატერინეს სახელი ეწოდა. წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბინადართა რიცხვი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. ასე მაგალითად, თუკი IX საუკუნისთვის აქ სულ 30 ბერი მოსაგრეობდა, XIV ში მათი რიცხვი 300- აღწევდა.

როდესაც სინაის ნახევარკუნძული არაბებმა დაიპყრეს, მონასტერმა ხელშეუხებლობის გარანტია უშუალოდ მუჰამედისგან მიიღო, რომელსაც, როგორც ვაჭარს მონასტრის ძმობამ გულითადად უმასპინძლა. მისივე განკარგულებით, მონასტერი გადასახადებისგანაც გათავისუფლდა. ქურციკის ტყავზე კუფიური კალიგრაფიით დაწერილი ფირმანის ორიგინალი 1517 წელს ოსმალეთის სულთანმა, სელიმ I-მა გამოითხოვა და დღესაც სტამბოლში ინახება, მონასტერს კი მისი ასლი აქვს. ფირმანი მუჰამედის ხელის მტევნის გამოსახულებითაა დამოწმებული. ამ საბუთის მიზეზით, მონასტერი არც ერთხელ არ დარბეულა მუსლიმთაგან. მის მიმართ, როგორც წესი, ყურადღებას მუდმივად იჩენდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბინადართა რიცხვი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. ასე მაგალითად, თუკი IX საუკუნისთვის აქ სულ 30 ბერი მოსაგრეობდა, XIV საუკუნეში მათი რიცხვი 300- აღწევდა.

____________________

* მიუხედავად იმისა, რომ ქართველები სინას მთაზე VI დან ჩანან, ქართული სათვისტომო იქ მხოლოდ IX ში დაარსდა, როცა არაბების შემოსევის გამო დატოვეს პალესტინა. განსაკუთრებით მომრავლდნენ X საუკუნეში და დაიწყეს საგანმანათლებლო საქმიანობა. ითარგმნა და შედგა სასულიეროსაეკლესიო შინაარსის მრავალი კრებული სხვადასხვა ხასიათისა. იქაურმა მწიგნობრებმაკალიგრაფებმა, ხელნაწერთა დამზადების ინიციატორებმა, წიგნების მმოსველებმა (იოანეზოსიმემ, მიქაელ კათამონელმა, იოანე კუმურდოელმა, კვირიკე მიძნაძორელმა, ეზრა ქობულეანისძემ და სხვა). შექმნეს უაღრესად მდიდარი წიგნთსაცავი, რომელიც გაოცებას იწვევს თავისი მრავალფეროვნებით. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში შემონახულია მრავალი ორიგინალური ძეგლი (ფილიპეს, იოანე მინჩხის, იოანეზოსიმეს, იოანე ბოლნელისა და სხვათა თხზულებანი), სასულიეროსაეკლესიო ხასაითის კრებული და სხვა. სინას მთის ქართველ მოღვაწეთა მაღალ წიგნიერ კულტურაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ X საუკუნეში მათ არა მხოლოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, არამედ სპეციალური სამკითხველო დარბაზი და კატალოგიც. წმინდა ეკატერინეს ტაძარში ბოლნური ჯვრებიც არის, რაც ასევე საქართველოსთან  კავშირზე მიუთითებს. ერთერთი ქართული ეკლესიის აგებას სინას მთაზე მიაწერენ წმ. დავით აღმაშენებელს. სწორედ ამ მონასტერშია ფრესკა, სადაც ერთად არიან გამოსახულნი წმ. გიორგი და წმ. დავით აღმაშენებელი. XV მდე სინას მთაზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა, შემდეგ საუკუნეებში კი მხოლოდ თითოოროლა ქართველი მოღვაწეღა დარჩა ამ წმინდა მთაზე.

 მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე მოგვიანებითაც აშენდა ზოგიერთი ნაგებობა, შეიძლება ითქვას, რომ მან მაინც პირვანდელი სახით მოაღწია დღემდე. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მონასტერი არსებობის 1400 წლის განმავლობაში არასოდეს დარბეულა გარეშე მტერთაგან. გალავანი კი ძლიერ მდგრადი აღმოჩნდა, მხოლოდ მის ჩრდილოეთ ნაწილს დასჭირდა რამდენიმეჯერ შეკეთება. მონასტრის გალავნის შიგნით, გარდა მთავარი ტაძრისა, კიდევ 12 სამლოცველოა. მონასტრის სამრეკლო 1871 წელსაა აგებული ბერი გრიგოლის მიერ. მონასტრის ძველი და მთავარი შესასვლელი დასავლეთით ამჟამად დახშულია. სარგებლობენ მის მარცხნივ მდებარე მცირე შესასვლელით, რომელსაც ლითონით შეჭედილი ორმაგი მძიმე კარი აქვს შებმული. გალავნის მიღმა ჩრდილოდასავლეთით ბაღია, რომელიც მონასტერს ძველი მიწისქვეშა შესასვლელით უკავშირდება. 1951 წელს სამხრეთ კედელს მიაშენეს ნაგებობა, სადაც ახლა განთავსებულია ბიბლიოთეკა, სატრაპეზო, ხატების გალერეა და არქიეპისკოპოსის რეზიდენცია. მისგან დასავლეთით დგას სასტუმროს შენობა. მონასტრის ეზოში არის წყარო, საიდანაც დაალევინა წყალი მოსემ მადიამის მღვდლის, იოთორის ცხვარს. მონასტრის საძვალეში, სელზე მჯდომარე, უხრწნელად განისვენებს VI საუკუნის დროინდელი სავანის მცველი წმ. სტეფანე

ქრისტიანობისთვის თავდადებული ქალწულმოწამე წმინდა ეკატერინე შემწეა მწუხარების, უბედურების, სნეულების, და სწავლაში შეფერხებების ჟამს. მას მიმართავენ გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გამოცდებისა წინ, ასევე ევედრებიან რწმენაში განმტკიცებისთვის. იგი ორსულთა, მშობიარეთა, ქალთა, ბავშვთა, და უშვილოთა მფარველია, შეეწევა მეორე ნახევრის მოძებნაში, და ეხმარება წარუმატებელი სიყვარულის დროსაც

სასურველია, რომ ყველა ოჯახში იყოს მისი ხატი, რადგან იგი იცავს ოჯახებს ჩხუბისა და უთანხმოებებისგან, ეხმარება სიყვარულის ხანგრძლივად შენარჩუნებაში. მას ქორწინების ქომაგსაც უწოდებენ, განამტკიცებს ურთიერთობებს და იცავს განქორწინებისგან. ამიტომ მის ხატს ჩუქნიან მათ, ვისაც ბედნიერი ოჯახის შექმნა და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურს. ქორწინების მსურველმა კი წმინდა ეკატერინეს დაუჯდომელი უნდა იკითხოს 40 დღის განმავლობაში (სასურველია  მოძღვრის კურთხევით). 

წმინდა ეკატერინეს ბეჭედი იმ ბეჭდის ზუსტი ასლია, რომელიც წმინდანს მაცხოვარმა აჩუქა, და დიდი ძალა აქვს. ცხოვრების განსაკუთრებულ და მძიმე მომენტებში შეიძლება გაიკეთოთ იგი და წმინდანს დახმარება სთხოვოთ

წინა საუკუნეებში საქართველოში ეკატერინეს სახელობის არაერთი ტაძარი არსებობდა. თბილისში, მეიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე ყოფილა წმინდა ეკატერინეს მონასტერი, რომელსაც მეფე ერეკლემ გარშემო მდებარე დუქნები შესწირა; არსებობს გურიელების, დადიანების დოკუმენტაცია, სადაც დაცულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სწირავდნენ ტაძარს შესაწირსროდესაც ვორონცოვის ბრძანებით, ორთაჭალის ბაღები გაიჩეხა და გზა გაიყვანეს, მას ეკატერინეს მონასტერი შეეწირა… 

1984 წლის 26 მაისს სინას მთაზე ალექსანდრიისა და აფრიკის პატრიარქმა და პაპმა მიიწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია II. მან სინას მთაზე აღმოაჩინა ძველი ქართული ხელნაწერებით სავსე რვა ყუთი, რომლებიც ელოდებიან ქართველი მეცნიერების მიერ შესწავლას.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

07 დეკემბერი. დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდისა მოწამისა ეკატერინე ალექსანდრიელისა

 

07 დეკემბერი. სავედრებელი პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა ქალწულისა ეკატერინესი