18 მაისი
ატიკის სანაპიროზე, ბაკინის პორტის ჩრდილოეთით ქ. ნეა–მაკრისთან*, ამომონის (უბიწოების) მთის ძირში დგას ხარების სახელობის მონასტერი, რომელსაც ბერძნები წმინდა ეფრემის მონასტერს ეძახიან. ადრე სრულიად უცნობი წმინდანის სახელი ბოლო 50 წელია, რაც გახდა ცნობილი და დიდად შეიყვარეს არა მარტო ბერძენმა, არამედ სხვა ეროვნების ქრისტიანებმაც.

1950 წელს ბერძენი მონაზონი, დედა მაკრინე ხვდებოდა, რომ უფალს სურდა, მას აღედგინა მეკობრეთა მიერ XV საუკუნეში დანგრეული ხარების მონასტერი. ეპისკოპოსისგან გამოითხოვა კურთხევა და საქმეს შეუდგა. გრძნობდა, რომ ეს წმინდა ადგილი იყო, თანაც ღმერთს ევედრებოდა, გაემხილა მისთვის, ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ აქ ძველი დროის მონაზვნები.
ერთხელ, მონასტრის ეზოში მუშაობისას, იღუმენიას ფიქრი აეკვიატა: – ამ ადგილას გათხარე მიწა და იპოვი იმას, რასაც ეძებო. ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა იგივე ფიქრი კვლავ ეწვია, დამხმარე ყმაწვილს სთხოვა იმ ადგილის გათხრა, მოიმიზეზა – ძველი ჭის მოძებნა მინდაო. ყმაწვილმა – აქ წყალი არ იქნებაო და რამდენიმე საათი სხვაგან თხარა. ბოლოს, დაბრუნდა და მაკრინეს შეთვალიერებულ ადგილზე დაიწყო მუშაობა. მალე გამოჩნდა კელია, ნახევრად დანგრეული კედელი სამი პატარა სარკმლით. ჩანდა, აქ ოდესღაც მონაზვნის სადგომი იყო. მუშა ისე ენერგიულად იქნევდა ძალაყინს, მაკრინემ სთხოვა: – იფრთხილე, შეიძლება აქ ვინმეს საფლავი იყოსო. მან კი გაოცებულმა შეხედა. დედა მაკრინე იგონებს: `თითქმის დარწმუნებული ვიყავი, და ვხედავდი ამ მონაზონს შინაგანი ჭვრეტით. 170 სანტიმეტრის სიღრმეზე ვნახეთ თავი ამ ღვთის კაცისა. როცა მთლიანად გამოვთხარეთ, გარშემო საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა. მუშა მღელვარებისგან გაფითრდა და დამუნჯდა. მე მას ვთხოვე, მარტო დავეტოვებინე. არ წავიდა. წმინდანის სხეულს დიდი პატივით ვემთხვიე. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ მას ტანჯვის დათმენა მოუწია. დიდი სიხარულით ავივსე, თითქოს ზეციური საუნჯე მეპოვოს. ვგრძნობდი, რომ ის მონაზონი იყო. ფრთხილად გადავაცალე მიწა და მისი ანაფორის კარგად შემონახული არშია ვიხილე. ძველებურად იყო შეკერილი მსხვილი ძაფით. მის ხელ–ფეხთან, მყარ მიწაზე ანაბეჭდი იყო შემონახული. მიწის გაწმენდა ვცადე, მაგრამ ხელებში მეფხვნებოდა. მერე გაწვიმდა, საფლავი სწრაფად დასველდა. გადავწყვიტე, წმინდა ნაწილები წვიმის ქვეშ დამეტოვებინა. წვიმა რბილ ვერცხლის წვეთებად აწვიმდა, წმენდდა საფლავს და წმინდანის სხეულს.
საღამოს ამ წმინდა ადგილას მარტოდმარტო ვკითხულობდი ღამისთევის ლოცვებს. უეცრად ნაბიჯების ხმა შემომესმა, ვიღაც ტაძრისკენ მოდიოდა. უკვე ვიცოდი, რომ ის უცნობი წმინდანი იყო. მისი ნაბიჯები ექოდ ჩამესმოდა. შემეშინდა. სისხლი თავში ამივარდა, ერთ ადგილს მივეყინე. უკნიდან მშვიდი ხმა მომესმა: „როდემდე აპირებ ჩემს გარეთ დატოვებას?“ მოვბრუნდი და ის დავინახე. მაღალი, შავთმიანი, მრგვალი თვალებით, მძიმე ქუთუთოებით. შავი, ხუჭუჭა წვერი უფარავდა ყელს. მარცხენა ხელში ლამპარი ეპყრა, მარჯვენით კი მე მაკურთხებდა. მისი სიტყვების გაგონებისთანავე შიში უჩვეულო სიხარულით შემეცვალა. თითქოს დიდი ხნის კარგად ნაცნობს შევხვედროდი. ვუთხარი: – მაპატიე, ხვალ, განთიადზევე ვიზრუნებ შენი წმინდა ნაწილებისთვის–მეთქი. ის ჰაერს შეერთო, მე კი საღამოს მსახურების კითხვა განვაგრძე.
დილით მოკრძალებით გავწმინდე წმინდა ნაწილები, განვბანე და ტაძარში ჩაუქრობელი კანდელის გვერდით დავასვენე. იმავე ღამეს დამესიზმრა, ის მონაზონი კვლავ მოვიდა ჩემთან, ტაძრის გვერდით იდგა და ხელთ დიდი, ოსტატურად გაკეთებული ვერცხლის ხატი ეჭირა. ხატის გვერდით სასანთლე იდგა, მასზე ცვილის სანთელი ავანთე. შემდეგ მან წარმოთქვა: „დიდი მადლობა. მე ეფრემი ვარ“.
შემდგომი რამდენიმე წლის მანძილზე წმინდა ეფრემმა თავისი ცხოვრების და მოწამეობის დეტალები დედა მაკრინეს გაუმჟღავნა. იგი დაიბადა 1384 წლის 14 სექტემბერს მრავალშვილიან ოჯახში (7 შვილი) ტრიკალაში, თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე. (თესალიის რეგიონში). ერისკაცობაში იყო კონსტანტინე მორფი. მას მამა ადრე გარდაეცვალა და ოჯახის სიმძიმე დედას დააწვა. იგი მორწმუნე ყოფილა და შვილებსაც ასეთივე რწმენით ზრდიდა.
იმ წლებში საბერძნეთი დამონებული იყო თურქების მიერ. ისინი იტაცებდნენ ბერძენ პატარა ბავშვებს და შემდეგ აგზავნიდნენ სპეციალურ სამხედრო ნაწილებში, სადაც მათ უნერგავდნენ მუჰამედისა და სულთნის სიყვარულს. ზრდიდნენ მართლმადიდებლების მკვლელად. ასეთ პირობებში მცხოვრებმა ახალგაზრდა კონსტანტინეს დედამ, გადაწყვიტა, რომ 15 წლის ვაჟიშვილი გადაერჩინა სასტიკი მომავლისაგან და მონასტერში წასვლა ურჩია, რადგან დედა ხედავდა მის განსაკუთრებულ სიყვარულს ეკლესიისა და ეკლესიური ცხოვრების მიმართ. ღვთის დახმარებით, პატარა კონსტანტინემ დატოვა სახლი ერთი პატარა ხურჯინით, რომელშიც დედამ მწირი საგზალი ჩაუდო. დამშვიდობებისას ცრემლნარევმა დალოცა და ისე გაუშვა მონასტერში. კონსტანტინემ პირჯვარი გადაიწერა და ლოცვა თქვა – `უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო… და დაადგა გზას. მან მიაღწია, ნეა–მაკრის მხარეში, სადაც ამომონის (უბიწოების) მთაზე იყო X-XI ს–ში აგებული ქრისტიანული კელიები. იქვე იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების მამათა მონასტერი, სადაც მორჩილად შედგა, ხოლო, როცა სრულწლოვანი გახდა, ეფრემის სახელით ბერად აღკვეცეს. იგი იყო მაგალითი თავმდაბლობის და წმინდა ასკეტური ცხოვრების. თითქმის 25 წელი მკაცრად ებრძოდა დემონურ ძალებს. უფლის სიყვარულით გალია ორმოცი წელი.
1424 წელს თურქმა დამპყრობლებმა შეიტყვეს, რომ თითქოს მათ მონასტერში განძი ინახებოდა, მოადგნენ და მისი გადაცემა მოოითხოვეს. მონაზვნების უმრავლესობა ხარების ტაძარში ლოცულობდა და იღუმენმა უპასუხა, რომ განძი არ არსებობდა. მაშინ, გამხეცებულები თითოეულ მათგანს სასტიკად გაუსწორდნენ – ყელი გამოჭრეს. ურწმუნოებმა, მონასტრის ძვირფასეულობის ნაწილი თან წაიღეს, ნაწილი კი გაანადგურეს. წმინდა ეფრემი იმ დროს არ იყო მონასტერში. მეორე დღეს დაბრუნებულმა იხილა რა საზარელი ამბავი, მამები დაკრძალა, მონასტერი კი დახურა და მოშორებით, განმარტოებით ერთ–ერთ სენაკში დაიწო მოღვაწეობა. მხოლოდ დღესასწაულებზე ბრუნდებოდა მონასტერში და ატარებდა წირვა–ლოცვას, შემდეგ კი ისევ თავის სენაკში ბრუნდებოდა.
ერთი წლის შემდეგ, კვლავ გამოჩნდნენ მოძალა და კვლავ მიადგნენ ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას, იმ მიზნით, რომ საფუძვლიანად მოეძებნათ განძეულობა. 1425 წლის 14 სექტემბერს, წმინდა ეფრემი მონასტერში მივიდა წირვის ჩასატარებლად. 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს იყო იგი დაბადებული და სწორედ ჯვაღთამაღლებას დაიწყეს მისი მხეცურად წამება, რომ ეთქმევინებინათ, სად ჰქონდა მონასტრის განძი დამალული. არ ვიცი მონასტერში თუ არის განძი, მოძებნეთ თუ გინდათ, რადგან ერთადერთი განძი, რაც აქ არსებობს, არის სულიერება! უფალი და ღვთისმშობელი – მიუგო მათ წმინდა ეფრემმა. ამ პასუხის გაგონებაზე უფრო გაამკაცრეს მისი წამება და თან მონასტრის ყოველ კუთხე–კუნჭულში განძს ეძებდნენ. მიუხედავად სასტიკი წამებისა, წმინდანი ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა გონს მოეყვანა ისინი. გახდი თურქი და გადაურჩები წამებასო, – სთავაზობდნენ მას. არასდროს არ უარვყოფ ჭეშმარიტ ღმერთს და არც წამების და სიკვდილის მეშინიაო, – პასუხობდა იგი.
რვა თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, ზუსტად 233 დღე ტანჯავდნენ მტარვალები წმინდა ეფრემს და მისგან კვლავ რწმენის შეცვლას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ. – ვამჯობინებ მოვკვდე, ვიდრე რწმენა შევიცვალო, არ უარვყოფ ქრისტეს, რაც გინდათ მტანჯოთო – მიუგო წმინდანმა გაბედულად. წყლულები შეუხორცდებოდა თუ არა, ხელახლა ტანჯავდნენ. ბოლოს როდესაც მიხვდნენ რომ მის სიმტკიცეს ვერ გატეხდნენ, მონასტრის ეზოში ხეზე ფეხებით ჩამოკიდეს (ეს ხე დღემდეა შემორჩენილი სამლოცველოსთან) და უწყალოდ აწამეს. დიდი მუგუზალით წვავდენ, ხელ–ფეხში ლურსმნებს უყრიდნენ და გავარვარებული, წვერმახვილი რკინის წნელით (შანთით) დაღავდნენ და მუცელს უხვრეტდენ. ასე მიაბარა წმინდა ეფრემმა სული უფალს 1426 წ. 5 მაისს, 42 წლის ასაკში.
წლების მანძილზე წმინდა ეფრემი ეცხადებოდა არა მარტო დედა მაკრინეს, არამედ მრავალ სხვა მონაზონსა და საერო პირსაც, არიგებდა და განსაცდელთაგან იხსნიდა. მან მრავალი სასწაული აღასრულა, რამაც ხელი შეუწყო მისი თაყვანისცემის ზრდას საბერძნეთში. მონასტრის არქივში დაცულია წერილები, რომლებიც მოგვითხრობენ წმინდანის სასწაულებრივი შემწეობის შესახებ. 1999 წლისთვის 124 ასეთი ჩვენება იყო შეგროვებული. წმინდა ეფრემის ნამოღვაწარი მონასტერი კი ახლა არამარტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობისაა, არამედ ღირსმოწამე ეფრემ ახალი საკვირველმოქმედის მონასტერად და მრავალი მორწმუნის მომლოცველობის ადგილია.
საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაერთხელ მიმართა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ღირსი დიდ მოწამის წმინდანად შერაცხვის ინიციატივით.
2011 წლის 2 მარტს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მღვდელმონაზონი დიდმოწამე ეფრემ ახალი წმინდანთა შორის შერაცხა. მისი ღვთისმსახურება შეადგინა მონაზონმა გერასიმე მიკრაიანანიტმა. ხსენება წელიწადში 2-ჯერ აღინიშნება: წამების დღეს (5 მაისი) და სიწმინდეების პოვნის დღეს (3-18 იანვარი).
2011 წლის 28 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდმა გადაწყვიტა წმინდანის სახელი შეეტანა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თვენში, მისი ხსოვნის აღნიშვნის დაწესებით 5/18 მაისს, მისი მოწამეობის დღეს.
წმინდა ეფრემის მიერ აღსრულებული სასწაულები
შვედი პატიმარი. ჩემი სახელია ტ.მ–ი. ვცხოვრობ შვედეთში, თუმცა წარმოშობით ბერძენი ვარ. 12 წლის წინ დამაბრალეს ის, რაც არ ჩამიდენია და სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს. ჩამკეტეს ბნელ საკანში. ხუთი თვე ველოდი ჩემი აპელაციის განხილვას, რომელიც 1981 წლის 18 დეკემბერს იყო დანიშნული. ხუთშაბათს, ღამის სამ საათზე უეცრად გამეღვიძა. წამოვხტი. ჩემს წინ თეთრ სამოსში გამოწყობილი მაღალი, გამხდარი, თავშიშველი კაცი იდგა და მიღიმოდა. ფეხშიშველი იყო, სქელი წვერი და ნათელი, კეთილი ცისფერი თვალები ჰქონდა. შვედურად ვკითხე: „ვინა ხარ?“ მან კი ბერძნულად მიპასუხა: „ხვალ სასამართლოდან გაგათავისუფლებენ“. გავუმეორე: – ვინ ხარ, ეს საიდან იცი–მეთქი. კვლავ ღიმილით მითხრა, – ხვალ თავისუფალი იქნებიო. გაოცებულმა მოვიხედე. კარი დაკეტილი იყო. მივუბრუნდი უცნაურ სტუმარს. და ამ დროს მოხდა ის, რაც არასოდეს დამავიწყდება. ამ კაცის ფიგურა ჩემი საკნის კუთხეში მივიდა და დაიშალა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაულის მოწმე გავხდი. ჯვარი გამოვისახე და დავიძინე. მეორე დღეს სასამართლოზე წამიყვანეს. რამდენიმესაათიანი განსჯის მერე მოსამართლემ მითხრა, თავისუფალი ხარო. მუხლი მოვიყარე, პირჯვარი გამოვისახე და სასამართლოს შენობიდან გამოვედი. მშობლებს დავურეკე, – გამათავისუფლეს–მეთქი. ჩემდა გასაოცრად, მათ ეს ამბავი უკვე იცოდნენ. ვისგან გაიგეთ–მეთქი. შენმა დამ გვითხრა. მან გუშინ ნეა–მაკრიში, ღირსმოწამე ეფრემის საფლავთან ილოცაო. აღსანიშნავია ისიც, რომ აპელაციის განხილვის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. რამდენიმე დღის მერე დამ წმინდა ეფრემის ხატი და მასზე დაწერილი წიგნი გამომიგზავნა. მაშინვე ვიცანი ის იდუმალი სტუმარი.
ბერძენი მონაზვნის მოწმობა. ძალზე ვავადმყოფობდი. საშინლად მტკიოდა თირკმელები და ღვიძლი. წოლა არ შემეძლო, მთელი ღამე სავარძელში გავატარე. დილის ოთხ საათზე, არ ვიცი, მეძინა თუ უბრალოდ ტკივილისგან ვიყავი მიბნედილი, უეცრად ვიხილე, რომ წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე ვდგავარ. ჩემთან მაღალი, გამხდარი, ფერმკრთალი შავწვერა ბერი მოვიდა. დამ მკითხა, – ვინ არისო. მამა გრიგოლი–მეთქი. ბერი მხარზე ფრთხილად შემეხო და წარმოთქვა: `შვილო, მე ეფრემი ვარ, შემომხედე, ხომ არ დაგავიწყდი“? – გული ამიჩქროლდა, ენით აუწერელი სიხარული ვიგრძენი. თავი დავხარე და ხელზე ვეამბორე, მან კი მაკურთხა, თავი ავწიე და დავინახე, რომ მაღალი იყო. მისმა ღიმილმა მაგრძნობინა, თუ რაოდენ ავსებულია ღვთაებრივი ნათლით ჩვენი სამყარო. მასთან გასაუბრება მინდოდა, მაგრამ იგი გაქრა, თითქოს ღრუბლებში გაიფანტა. გამოვიღვიძე, თავი ჯანმრთელად და გაძლიერებულად ვიგრძენი. კარგა ხნის მერე, როცა ფილტვების ანთება მქონდა, წმ. ეფრემმა კვლავ რამდენიმეჯერ მინახულა, ნუგეშინისმცა, და როცა მიხვდა რომ სწორად არ მმკურნალობდნენ, მითხრა ექიმისთვის წამლის დოზის დამატება მეთხოვა, რის შემდეგ კვლავ მეწვია, გამამხნევა, ჯვრით მაკურთხა და სრულიად გამომაჯანმრთელა.
ჩემი ქალიშვილი მარიამი. ერთ კვირა დილით ვერანდაზე მამა ეფრემის სასწაულებზე დაწერილ წიგნს ვკითხულობდი. ძალზე ავღელდი, რომ არა მისი შუამდგომლობა, ჩემი ორი წლის ქალიშვილი ამ ქვეყანას არ მოევლინებოდა. წიგნი გადავდე, შინ შევედი, ქმარი გავაღვიძე და ვთხოვე, პარნასის მთაზე წამიყვანე, ბავშვს სუფთა ჰაერი სჭირდება–მეთქი. იუარა – იქ შუადღემდე ვერ მივალთ, საიმდროოდ კი ძალზე ეცხელებაო. გავბრაზდი და უკმეხად შევეპასუხე. ამ დროს ვიღაცამ ყურში ალერსიანად მიჩურჩულა: „არ შეგეშინდეს, შვილო, მე ეფრემი ვარ, გავიდეთ გარეთ, სადაც ახლა იჯექი“. სულში სიმშვიდე ვიგრძენი და გარეთ გამოვედი. მის სიახლოვეს ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. „დაბრძანდით, მამაო წმინდაო“, – მივმართე და ვწუხდი, რომ არ მქონდა ოქროს მაგიდა, მისთვის რომ გამეშალა. „ნუ სწუხარ, შვილო. მე შენს დასახმარებლად მოვედი. ვიცი, რომ გუნებაწამხდარი ხარ, მაგრამ მოთმინება იქონიე“. </span><span style="font-weight: 400;">მითხარით</span><span style="font-weight: 400;">, </span><span style="font-weight: 400;">მართლა</span> <span style="font-weight: 400;">თქვენ</span> <span style="font-weight: 400;">ხართ</span><span style="font-weight: 400;">?~ - </span><span style="font-weight: 400;">ვკითხე</span><span style="font-weight: 400;">.მე ეფრემი ვარ, შვილო. გადაშალე წიგნი, სადაც შეჩერდი და დარწმუნდები~. მართლაც ასეც მოხდა. ავღელდი. წმინდა ეფრემმა მადლობა მითხრა მისი ტაძრისთვის შეწირული მცირე ძღვენისთვის, რომელიც ფასდაუდებელი გახლდათ წმ. ეფრემის თვალში. მან კვლავ მიჩურჩულა: „მე ახლა ისევე გეხმარები, როგორც შენ დამეხმარე“. ლაპარაკი ვეღარ შევძელი, ავტირდი. „შენს ბავშვს კვირაობით მთის წმინდა ჰაერის ჩაყლაპვა კი არა, საღმრთო ლიტურგიაზე დასწრება უნდა“. ამის შემდეგ ის გაქრა. შემძრა მისმა სიტყვებმა, გავაღვიძე ქმარი, დავავლე ხელი ბავშვს და ტაძარში წავედი, თუმცა მაინც ვერ ვიჯერებდი ნანახსა და მოსმენილს, ვტიროდი და წმინდანს ცოდვების მიტევებას ვთხოვდი; ჩემს სიცოცხლეში მასზე მეტად ხომ არავინ დამხმარებია.
ურწმუნო. ერთხელ ნაცნობმა ვიღაც წმინდანის, სახელად ეფრემის, ხატი მაჩუქა. ღმერთი არ მწამდა და საჩუქრის მოშორება გადავწყვიტე. რამდენიმე დღის მერე, შუაღამისას წმინდანის ხატის წინ მკრთალი მოწითალო სინათლე შევნიშნე. თავიდან შემეშინდა, მერე კი რაღაც შინაგანი სიხარული ვიგრძენი. ეს ნათელი, სანთელივით, მთელი ღამე ანათებდა. მეორე დღეს ეს ამბავი მეზობლებს მოვუყევი. ყველას გაუკვირდა, რადგან იცოდნენ, რომ ურწმუნო ვიყავი. გავიდა რამდენიმე დღე. ეს სინათლე აღარ გამოჩენილა. მე კი ხატისთვის ხელის შეხებაც არ მინდოდა, ისე მეშინოდა მისი, გადავწყვიტე, სხვისთვის მეჩუქებინა. იმავე ღამეს დამესიზმრა წმინდა ეფრემი, სახემკაცრი, გრძელსამოსიანი, განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი ბიზანტიური სანდლები. ვიგრძენი საკუთარი ცოდვილობა, სახეში ცქერას ვერ ვუბედავდი. მითხრა: „ამ სინათლეს მეტად ვეღარ ნახავ, რადგანაც თქვი, რომ ეს არ გსურს. თუმცა იცოდე, შეგიძლია მოიშორო ჩემი ხატი, მაგრამ მე ყოველთვის აქ ვიქნები“. წმინდა ეფრემის წყალობით, მე ახლა მწამს ღმერთი.
ნარკომანის განკურნება: ეს ამბავი ნეა–მაკრის მონასტერში 1990 წელს პირველად მისულმა ამბის გმირმა მოუთხრო ტაქსისტს. მან კი სიტყვასიტყვით ჩაიწერა და დაბეჭდა გაზეთ „ორთოდოქს ტიპოსში“. – „ორი თვეა უკვე, რაც არ ვიღებ იმ საშინელ საწამლავს (ნარკოტიკს). თავს მშვენივრად ვგრძნობ. მცირეოდენი სურვილიც არა მაქვს ამ ნაგვის სისხლში შეშვებისა, მაგრამ ეს ჩემი დამსახურება არ არის. ყველაფერი მოხდა ღვთისა და მისი წმინდანის სასწაულებრივი ძალით.
რვა წლამდე ათენში ვიზრდებოდი. მშობლები ერთადერთ შვილს მანებივრებდნენ. მერე ამერიკაში გადავედით საცხოვრებლად. ვიზრდებოდი და უცნაური ბიწიერების სურვილი მიჩნდებოდა. ისეთი ხასიათი მაქვს, ადვილად ვხვდები ცუდ წრეში. მალევე გავსინჯე მარიხუანა და ჰაშიში. მერე ძლიერ ნარკოტიკებს მივეძალე, რომელიც ადვილი საშოვნელი იყო, მაგრამ ძვირი ღირდა, მე კი სამუშაო არ მქონდა. თავიდან მშობლებს ვპარავდი ფულს, მაგრამ თანდათან დიდი დოზა დამჭირდა. მშობლებმა ქურდობაზე წამასწრეს. მათ ვცემდი და ფულს ვართმევდი. ვხვდებოდი, მოლიპულ გზაზე ვიდექი, მაგრამ შეჩერება აღარ შემეძლო. მშობლებს ფსიქოლოგებთან დავყავდი. ექიმები ამბობდნენ, თუ იმავე წრეში დარჩება, დიდხანს ვერ იცოცხლებსო.
ერთხელ შინ მარტოდმარტო სასოწარკვეთილი ვიჯექი, რომ ვიღაც უცნაური სტუმარი მეწვია – შუატანისა იყო, შავ–შავი, მრგვალი, ერთთავად მოტრიალე თვალები, რქები და კუდი ჰქონდა. სხეულზე ბალანი ბუჩქ–ბუჩქად მოსდებოდა. ლაპარაკობდა ხმამაღლა, ძლიერი ხმით, რაღაც საშიში დამაჯერებლობით. მან დაწვრილებით მომიყვა მთელი ჩემი ცხოვრება. `შენ ყველაფერი გამოსცადე, სხვა არაფერი დაგრჩენია, იმის გარდა, რომ მე გამომყვეო“. მერე კი მითხრა, მანქანა წაიყვანე ერთ ადგილას, სადაც შეგხვდებიო. იმ მონაკვეთში ხშირად ხდებოდა ავარია. მეც ავარიაში მოვხვდი, მანქანიდან ძლივს გამომათრიეს, უმნიშვნელო დაჟეჟილობა მქონდა. პირველი დახმარების შემდეგ შინ წავედი. იგივე არსება ათი დღის შემდეგ კვლავ გამომეცხადა და უკმაყოფილოდ მითხრა: „შენ არ გააკეთე ის, რაც გითხარი. ახლავე მიიღე სამმაგი დოზა და გამომყევი“. ნარკოტიკი მოვამზადე და ჩემს დაჩხვლეტილ სხეულზე ადგილს ვეძებდი ნემსის გასაჩხერად… დოზა დიდი იყო და გონება დავკარგე. ჯერ კიდევ უგონომ დავინახე მაღალი, ანაფორიანი კაცი, ჯვრიანი შავი ქუდი ეხურა. დამამშვიდა – „ნუ გეშინია, გამოჯანმრთელდები. როცა საბერძნეთში წახვალ, ჩემს სახლში მოდი. მე ეფრემი ვარ“. გამოვფხიზლდი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ის დაწყევლილი ნარკოტიკი არც გამეკეთებინოს. საბერძნეთში წასვლის სურვილი გამიჩნდა. ვუთხარი მშობლებს. დავბრუნდით ათენში, ჩვენს ძველ სახლში. მივედით ადგილობრივ ეკლესიაში. აღსარება ვთქვი, დავიწყე მარხვა, მღვდელმა ორი კვირის შემდეგ მაზიარა. როცა წმინდა ეფრემის ხატი ვიხილე, მაშინვე ვიცანი ის კაცი, ვინც ნარკოტიკებისგან დამიხსნა…“ (სტატიის ავტორი კახა კენკიშვილი)
როგორ გადაარჩინა წმინდა ეფრემმა კიბოსგან მარია გალანოპულო. (სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი) ეს სასწაული რამდენიმე წლის წინ მომივლინა წმინდა ეფრემმა, – იხსენებს მარია გალანოპულო. მას შემდეგ ერთი დღეც არ გაივლის ისე, რომ არ გავიხსენო. ვისაც ასეთი რამ არ გამოუცდია ვერ მიხვდება მის ცხოვრებას როგორ ცვლიან ასეთი სასწაულები. არასდროს არ ვყოფილვარ მორწმუნე და ეკლესიაში მოსიარულე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა წმინდა ეფრემი, სულ შევიცვალე, რეგულარულად დავდივარ ეკლესიაში და ყველას ვუყვები ჩემს ამბავს. ბოლო წლებში ვმუშაობ ბუღალტრად ერთ დიდ საგამომცემლო სახლში. ჯანმრთელობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ ერთხელ ხელის თითებმა შემაწუხა, კალამსაც ვერ ვიკავებდი, თითქოს პარალიზებული მქონდა. არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან ძალიან არ მტკიოდა და თუ წამომტკივდებოდა, დიდხანს არ გრძელდებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მოუხშირა უსიამოვნო შეგრძნებებმა თითებში და ექიმს მივაკითხე. გამოკვლევებმა არაფერი მიჩვენა. ხუთი თვე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. აღარ შემეძლო მუშაობა და შვებულება ავიღე. ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო, ჩემი ცხოვრება საშინელი გახდა. ერთ საღამოს აივანზე ვიჯექი და ჩემს ბედს დავტიროდი. უცებ მოპირდაპირე შენობის კედელზე შევნიშნე ტრაფარეტი მკურნალი ექიმის სახელით. კაბინეტი ახალი გახსნილი იყო და გადავწყვიტე, წავსულიყავი. ექიმი მაინცდამაინც არ მომეწონა, მაგრამ მალევე შევიცვალე აზრი. გამსინჯა და კისერზე სიმსივნე აღმომიჩინა. თვითონაც მოვისინჯე ხელით და უცნაური რაღაც ვიგრძენი. მანამდე არ შემინიშნავს. შოკში ჩავვარდი. დიდი ფიქრი აღარ უნდოდა, სიმსივნე მქონდა. შინ დაბრუნებული ხმამაღლა ავტირდი.
მამა მყავდა მძიმე ავადმყოფობით ახალი გარდაცვლილი და სამკურნალო ფულიც აღარ მქონდა. უნუგეშო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე. ზღურბლზე მონაზონი იდგა. მსმენოდა, რომ სამეზობლოში მონაზონი ცხოვრობდა, მაგრამ მანამდე თვალით არ მენახა. მითხრა, გვერდით ვცხოვრობ, ტირილის ხმა შემომესმა და დასახმარებლად მოვედიო. შინ შევიპატიჟე. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, საკმარისი რწმენაც არ მქონდა, მაგრამ ისე ტკბილი იყო ის მონაზონი, რომ ყველაფერი გულღიად ვუამბე. გაიღიმა და მითხრა, – ვიცი წამალი შენს განსაკურნებლადო. შემპირდა, რომ წმინდა ეფრემთან წამიყვანდა სალოცავად. მასთან საუბარმა ჩემზე დადებითად იმოქმედა, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან არ მჯეროდა, რომ ლოცვა მიშველიდა.
მონაზონმა მეორე დღესვე წამიყვანა მონასტერში. წმინდა ეფრემის შესახებ უამრავი ამბავი მქონდა მოსმენილი, მაგრამ არც ერთი არ დამიჯერებია. როდესაც მონასტერში შევედი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა. მუხლები მომეკვეთა, დაჩოქება ვერ შევძელი და ავტირდი. ცრემლები ისე ჩამომდიოდა, არ შემეძლო გაჩერება. მონაზონმა კისერზე რაღაც დამადო და ლოცვა დაიწყო. თითქოს რაღაც სასიამოვნო აურა შემომეხვია და რაღაც სითხე შემეხო კისერზე. ვკანკალებდი. ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა. მონაზონმა მითხრა, ადექი და წმინდანის ხატს ემთხვიეო. შემდეგ შევეხე სიმსივნეს. დაპატარავებულიყო. შოკში ჩავარდი, ამჯერად სიხარულისგან. ათ დღეში სიმსივნე გამიქრა და სპეციალური ფიზიოლიოთერაპიის დახმარებით თითებიც ამიმოქმედდა. გავიდა ერთი წელი. ისევ ჩვეულებრივად ვმუშაობ, აღარ დამვიწყებია წმინდა ეფრემი, რომელმაც განმკურნა მძიმე სენისგან.
ნეა–მაკრის მონასტერი, სადაც დაბრძანებულია წმინდა ეფრემის სასწაულთმოქმედი წმინდა ნაწილები, იზიდავს ათასობით მომლოცველს, განსაკუთრებით იმ მომლოცველებს, რომლებიც სნეულებათა განკურნებისთვის ევედრებიან წმინდანს და ხშირად იკურნებიან კიდეც.
______________________
* ნეა–მაკრი მდებარეობს პეტალიოის ყურის სანაპიროზე, ეგეოსის ზღვის ყურეში, ატიკას ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. 1922 წლის ბერძნული სამხედრო კატასტროფის შემდეგ მცირე აზიის, მაშინ უკვე თურქეთის მაკრის მკვიდრი ბერძნების განდევნის შემდეგ, იქ დასახლებულმა ლტოლვილებმა მას დაარქვეს ნეა–მაკრი ანუ ახალი მაკრი.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
სავედრებელი პარაკლისი წმიდისა მღდელმოწამისა ეფრემ ახლისა საკვირველთმოქმედისა
