წმინდა იოანე ახლის, სოჩაველის ცხოვრება და ღვაწლი
(+დაახლ. 1330-1340); ხს. 2(15) ივნისი
წმინდა დიდმოწამე იოანე სოჩაველი (ტრაპეზონელი) დაიბადა დაახლოებით 1300 წელს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქ. ტრაპიზონში, მდიდარი მართლმადიდებელი ვაჭრების ოჯახში. იგი სიყრმიდანვე შემკული იყო მრავალი სათნოებით. კეთილსა და კაცთმოყვარეს ყველაზე დიდ სიხარულს მარხვა, ლოცვა და გაჭირვებულთა შეწევნა ანიჭებდა. იოანეს ხშირად უწევდა გემით მგზავრობა სხვადასხვა ქალაქებში. ერთხელ საქონელი დატვირთა გემზე და ჩრდილოეთისკენ (ევროპისკენ) გაემგზავრა. გემის იტალიელი კაპიტანი (სავარაუდოდ გენუელი ან ვენეციელი) თავგამოდებული კათოლიკე იყო. ხედავდა რა ახალგაზრდა ვაჭრის ღვთისმოსაობას, განსწავლულობასა და გულისხმიერებას სხვა მგზავრების მიმართ, ხშირად ესაუბრებოდა სარწმუნოებაზე და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სწორედ კათოლიციზმი იყო ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება და არა მართლმადიდებლობა. ეს სიტყვიერი პაექრობები მუდამ იოანეს გამარჯვებით მთავრდებოდა. მან მრავალგზის დაუმტკიცა ლათინ მწვალებელს, რომ არასწორად აზროვნებდა და ასევე არასწორად მსჯელობდა. ამის გამო ამ ამპარტავანმა და კაცთმოძულე ფანატიკოსმა შეიძულა იოანე და მისი დაღუპვა განიზრახა. მალე გემმა შავი ზღვიდან მდინარე დნეპრში შეცურა და და მის მარჯვენა ნაპირზე გაშენებულ ქალაქ აკ-ლიბას მიადგა (დღევანდელი ბელგოროდ-დნესტროვსკი – ქალაქი ოდესის ოლქში, რომელიც მდებარეობს დნესტრის ლიმანზე, შავი ზღვიდან 18 კმ-ის დაშორებით, და ოდესიდან 100 კმ-ში. ქალაქი შეტანილია იუნესკოს 10 უძველესი ქალაქის სიაში, რომლებმაც შეინარჩუნეს უწყვეტი არსებობა – რომთან, ათენთან და იერუსალიმთან ერთად. 680 წ. ააშენეს ტივერიელებმა, აღმოსავლეთის სლავთა ერთ-ერთმა ტომმა. ანტიკური ქალაქის ტირასის ნანგრევებზე, 915 წ. ბიზანტიელებმა გადაწვეს და მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჟლიტეს. 1241 წლიდან ქალაქი ჯერ თურქების, შემდეგ კი მონღოლთა ხელში გადავიდა). აკ-ლიბა XIII საუკუნის ბოლოდან XIV საუკუნის 70-იან წლებამდე მონღოლ-თათართა ანუ „ოქროს ურდოს“ მფლობელობაში იყო. ეს იყო ერთგვარი „სავაჭრო ჭიშკარი“ იმ სამხრეთელი ვაჭრებისათვის, რომლებსაც თავისი საქონელი ევროპაში მიჰქონდათ გასაყიდად. „ოქროს ურდო“ იმ პერიოდში ორრელიგიური სახელმწიფო იყო. ახლადმიღებული მაჰმადიანობის პარალელურად ჯერ კიდევ მყარად იყო ფესვგადგმული წარმართული წეს-ჩვეულებები: გარდაცვლილი ხანების გამოსახულებებისა და ციურ მნათობთა თაყვანისცემა და განსაწმენდად ცეცხლში გატარება. მონღოლები ხშირად უცხოელებისგანაც მოითხოვდნენ ამ რიტუალების შესრულებას და სასტიკად სჯიდნენ მათ, ვინც არ დაემორჩილებოდა. სწორედ ამ წეს-ჩვეულებათა უარყოფის გამო დაიღუპნენ რუსი მთავრები: წმინდა მიხეილ ჩერნიგოველი, რომან რიაზანელი და ბოიარი თევდორე.
გემის ვერაგმა კაპიტანმა გადაწყვიტა მართლმადიდებლობის ერთგული იოანე მონღოლთა ხელით `დაესაჯა~. ეახლა ქალაქის მმართველს, რომელიც წარმოშობით სპარსელი და თავისი წინაპრების სარწმუნოების (მაზდეანობის ანუ ცეცხლთაყუანისმცემლობის) მხურვალე მიმდევარი იყო, და უთხრა: „ჩემს გემზე ერთი ქრისტიანი ჭაბუკი იმყოფება, რომელსაც თქვენი სარწმუნოების მიღება სურს, მგზავრობის დროს არაერთხელ დაამოწმა ფიცით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. ის ტრაპიზონის ერთ-ერთი ცნობილი და წარჩინებული ოჯახის შთამომავალია, ფრიად განათლებული და სახელგანთქმული თავისი განსწავლულობით ღვთისმეტყველებაში. თუ მას მართლაც მოაქცევ თქვენს სარწმუნოებაზე, ამით შენს სახელს ამჟამინდელზე მეტი დიდებით შემოსავ.“ ამ სიტყვებმა დიდებისმოყვარე ქალაქისთავი სიხარულით აღავსო. მან სასწრაფოდ გაგზავნა ხალხი იოანეს მოსაწვევად. შემდეგ იმ მოედანზე, სადაც სასამართლოები იმართებოდა, ქალაქის მოსახლეობა შეკრიბა, რათა ყველას ეხილა, თუ როგორ მოაქცევდა უცხოელს მათ რწმენაზე, როდესაც იოანე მოვიდა, მოჩვენებითი სიყვარულით შეხვდა და უთხრა: „ბევრი მსმენია შენს შესახებ, ღირსეულო ჭაბუკო, გავიგე, რომ შენ ჩვენი სარწმუნოება შეგყვარებია და მის მიღებას აპირებ, ვაფასებ შენს სიბრძნეს, რამეთუ ჩვენი სარწმუნოება კეთილდღეობას და დღეგრძელობას ანიჭებს მათ, ვინც სიყვარულით იღებს მას, ქრისტიანული რწმენა კი დაცინვის ღირსია ოდენ, მაშ დაგმე იგი ამ კრებულის წინაშე, აღუვლინე დიდება მზესა და მნათობებს, და მრავალი პატივი მოგენიჭება ჩვენი მეფისგან, ჩვენ კი ქალაქის ღირსეულ მოქალაქეთა რიცხვში შეგრაცხავთ და მათთან ერთად დატკბები ყოველი კაცისთვის სანატრელი და შესაშური ცხოვრებით.“
იოანე მიხვდა რომ ეს განსაცდელი გემის ვერაგმა კაპიტანმა გაუმზადა და უშიშრად მიუგო წარმართს: „ვხვდები მთავარო, რომ შეცდომაში შეგიყვანეს, მე ქრისტიანი ვარ და არასოდეს მიფიქრია შემოქმედის ნაცვლად ქმნილებისათვის მეცა თაყვანი და არც ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფა განმიზრახავს, ვერავინ მაიძულებს სიმართლის მზეს განვუდგე და უმეცრების წყვდიადში დავინთქა.“ იოანეს შემართებამ და მისმა სიტყვებმა მრისხანების ცეცხლი აღაგზნეს ტირანის გულში. მან ბრძანა გაეშიშვლებიათ ჭაბუკი და ჯოხებით ეცემათ. იოანე მიწაზე დააგდეს და დიდხანს და უმოწყალოდ სცემდნენ კოჟრიანი ჯოხებით. ხის კოჟრები ხორცებს უფლეთდნენ და ნაკუწ-ნაკუწ აგლეჯდნენ, მიწა სისხლით ირწყვებოდა, იოანე კი ამბობდა: „გმადლობ შენ უფალო, რომ ღირს მყავ სისხლით განვიბანო ის ცოდვები, რომლებიც ნათლობიდან დღემდე ჩავიდინე“. წარმართებს იოანეს ლოცვამ გონება დაუბნელა, ისინი გააფთრებით ურტყამდნენ ჯოხებს მანამ, ვიდრე ჭაბუკს ხმა არ ჩაუწყდა. შემდეგ რკინის ჯაჭვებით შეკრეს და რადგან ცემისგან ძალმიხდილს სიარული აღარ შეეძლო, თრევით წაიყანეს საპატიმროსკენ.
მეორე დილით ქალაქისთავმა კვლავ ბრძანა იოანეს მოყვანა. ქრისტეს ახოვანი მხედარი მხიარული სახით წარსდგა მის წინაშე, რამაც დიდად გააოცა ტირანი. იგი კვლავ მოჩვენებითი მზრუნველობით შეეგება იოანეს და აღუქვა, რომ თუ ცეცხლთაყვანისმცემელი გახდებოდა, საუკეთესო ექიმებს დაახვევდა და განკურნავდა, შემდეგ კი მრავალ წყალობასა და პატივს მიაგებდა, რაზეც იოანემ მიუგო: „ჩემს ხორცზე ნუ ზრუნავ, მთავარო, რადგან ჩვენმა მოციქულმა პავლემ გვასწავლა, რომ როდესავ გარეგანი კაცი იხრწნება, ამ დროს შინაგანი განახლდება,“, ხოლო უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ ბრძანა: „ვინაცა ყოველივე დაითმინოს, ცხონდეს.“ სჯობს თავად შეებრძოლო შენს გონებაში გამეფებულ წყვდიადს და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცე.“ ქალაქისთავი გააფთრდა და ბრძანა კიდევ უფრო სასტიკად ეტანჯათ ჭაბუკი. მეომრები ერთმანეთს ცვლიდნენ, ძალ-ღონის გამოცლამდე სცემდნენ ტყვეს და ისეთ ღრმა ჭრილობებს აყენებდნენ, რომ მთელი სხეული დაუფლითეს და ნაწლავები გარეთ გადმოიყარა, მაგრამ ღვთის მადლით განმტკიცებული მარტვილი კვლავ უდრტვინველად ითმენდა ტკივილებს. იმდენად საზარელი სანახავი იყო იოანეს წყლულები და იმდენად კეთილშობილურად დაითმენდა იგი წამებას, რომ ამ სანახაობამ ველური მონღოლების გულებიც კი მოალბო. ისინი ხმამაღლა გამოთქვამდნენ აღშფოთებას და ბრალს სდებდნენ მმართველს, რომ საკუთარი ახირების გამო უდანაშაულო ადამიანს ასე სასტიკად აწამებდა, მაგრამ ტირანი ამ მხილებამაც ვერ მოიყვანა გონს, პირიქით, უფრო მეტი მძინვარებით აღავსო და ბრძანა გაუხედნავი ცხენისთვის გამოებათ იოანე და მთელ ქალაქში ეთრიათ. ფიცხმა ცხენმა ჭენებით გაიტაცა მარტვილი და ქუჩა-ქუჩა დაათრევდა, ქვები ხორცს უფლეთდნენ ჭაბუკს, მისი სისხლით ირწყვებოდა ქალაქის ქუჩები, ქალაქის მკვიდრნი აბუჩად იგდებდნენ და რაც ხელში მოხვდებოდათ ესროდნენ, მაგრამ იოანემ გულისხმა-ყო, რომ უფალს სურდა მისი შერაცხვა იმ მოწამეთა რიცხვში, რომლებიც კაცთა მოდგმის შემწედ და ბოროტ ძალთა დამთრგუნველად გამოირჩია, ამიტომ მადლიერებით დაითმენდა ამ სატანჯველსაც და ღმერთს ადიდებდა. ბოლოს ცხენი ებრაელთა უბანს მიუახლოვდა. ერთ-ერთმა ებრაელმა გაშიშვლებული ხმალი გამოიტანა სახლიდან და თავი წარკვეთა მარტვილს. ქალაქისთავის ბრძანებით თავმოკვეთილი გვამი ქალაქის გარეთ დააგდეს, მაგრამ ღამით მოწამის ნეშტს ზეციური ნათელი დაადგა, რომელშიც ცამდე აღმწვერვალებული კიბე იხილვებოდა, ნეშტის გარშემო კი ანთებული ლამპრები კაშკაშებდნენ. სამი ნათლითმოსილი ანგელოზი გარდმოხდა ზეცით, ისინი გალობდნენ და კეთილსურნელებას აკმევდნენ იოანეს მრავალტანჯული ნეშტის გარშემო. გალობამ მახლობლად მცხოვრები ებრაელების ყურადღებაც მიიპყრო. ერთ ებრაელს ეგონა, რომ ქრისტიანები მოვიდნენ მიცვალებულის დასამარხადო. მშვილდი აიღო და მათ დასახოცად გაიქცა, მაგრამ მშვილდი და ისარი მოზიდვისთანავე ხელებზე მიეწება, თავად კი გაშეშდა და ასე დარჩა დილამდე. გათენებისთანავე უამრავი ხალხი შეიკრიბა იოანეს ნეშტის სანახავად. ებრაელმა უამბო მათ, რაც იმ ღამეს მოხდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა მის სხეულს მოძრაობის უნარი და ხელებზე მიკრული მშვილდისა და ისრის მოცილებაც მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ შეძლო. ღამით მომხდარი სასწაულის შესახებ ქალაქის მმართველსაც ეუწყა და შეშინებულმა ნება დართო ქრისტიანებს ტაძრის ეზოში დაეკრძალათ წმინდა მოწამის ცხედარი.
წმ. იოანეს ნეშტთან აღსრულებული სასწაულების შესახებ შეიტყო იტალიელმა კაპიტანმაც, რომელმაც იოანე ჯალათების ხელში ჩააგდო. იგი უკვე ნანობდა ამ კეთილშობილი ადამიანის დაღუპვას და გადაწყვიტა მოეპარა წმინდანის ცხედარი და თავის ქალაქში წაეღო, მაგრამ ამ განზრახვის აღსრულებას წინ აღუდგა თავად მოწამე. ის ხილვაში გამოეცხადა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს და ტაძარში წასვლა და ბოროტმოქმედთა შეჩერება უბრძანა. მღვდელი მაშინვე გაიქცა ბრძანების შესასრულებლად და წმინდა ნეშტი ხელიდან გამოსტაცა კაპიტანსა და მის მეზღვაურებს, რომლებსაც ღამით გაეთხარათ საფლავი და წმინდა ნაწილებს წასაღებად ამზადებდნენ. ქრისტიანებმა წმინდა იოანეს ნეშტი ლუსკუმაში ჩაასვენეს და საკურთხეველში დააბრძანეს. ეს სიწმინდე მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ზოგჯერ ლუსკუმა არამიწიერი ნათლით ბრწყინდებოდა ან კეთილსურნელებას გამოსცემდა. წმინდა იოანეს ნეშტი ბელგოროდის ტაძარში დაახლოებით 70 წელი იმყოფებოდა და მრავალ კურნებას ახდენდა. ამ წლების მანძილზე ქალაქმა რამდენიმე პატრონი და სახელი გამოიცვალა. 1362-63 წ.წ. შავიზღვისპირეთი მონღოლებისგან განთავისუფლდა და ამ მნიშვნელოვან საზღვაო პორტს ჯერ ვენეციელები, შემდეგ კი გენუელები დაეპატრონენ. XIV საუკუნის ბოლოდან ის უკვე მოლდავეთის შემადგენლობაშია. 1402 წლის 2 ივნისს მოლდო-ვლახეთის ახალგაზრდა მთავარმა ალექსანდრე ქველმა, რომელსაც ბევრი რამ სმენოდა წმ. იოანეს წმინდა ნაწილთა მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ, დიდი პატივით გადაასვენა იგი იმჟამინდელ მოლდოვოს დედაქალაქში – სოჩავში, რომელიც ამჟამად რუმინეთის შემადგენლობაშია. მთელი ქალაქი ზეიმით შეხვდა დიდმოწამის ნეშტს და ლიტონიობით დააბრძანეს მირუეცის ტაძარში, ხოლო 1589 წელს სოჩავის ახლადაგებულ საეპისკოპოსო ტაძარში გადაასვენეს. 1686 წელს ტაძარი პოლონელმა დამპყრობლებმა გაძარცვეს, ეკლესიის განძეულობასთან ერთად წმინდანის ნეშტიც გაიტაცეს და ქ. ჟოლკვოში გადაასვენეს. წმინდა ნაწილები იქაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ, ამიტომ მას დახმარების სათხოვნელად არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ კათოლიკებიც მიმართავდნენ. 1783 წ. 13 სექტემბერს რადოვეცკის ეპისკოპოსის, დოსითეს დიდი ძალისხმევის შედეგად მოლდოველი ხალხის ეს დიდი სიწმინდე კვლავ მათ ეკლესიას დაუბრუნდა. წმ იოანე სოჩაველის წმინდა ნაწილების დაბრუნება დიდ სახალხო ზეიმად იქცა, თითქმის სამი თვე დააბრძანებდნენ მათ ჩრდილოეთ მოლდოვაში და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნეს ქ. სოჩავის საეპისკოპოსო ტაძარში, სადაც დღემდე აღასრულებს კურნებებსა და სასწაულებს. 1898 წ. ერთმა დიდგვაროვანმა მომლოცველმა ქალმა წმინდანის თითის ნაწილი მოიპარა და თან წაღებას აპირებდა, მაგრამ მოხდა საოცრება, ცხენებმა მისი ფორანი ადგილიდან ვერ დაძრეს, შეძრწუნებულმა ქალმა მაშინვე აღიარა თავისი დანაშაული, მოპარული სიწმინდე კი ტაძარს დაუბრუნა. არქიმანდრიტ იოანიკეს (ბელანი) პატერიკებში მოთხრობილია წმ. იოანეს მიერ ბრმების, მუნჯებისა და პარალიზებულების განკურნვის შესახებ XX ს-ის 60-იან წლებში.
წმინდა იოანე სოჩაველი მოლდავეთის ერთ-ერთი უდიდესი მფარველია, სწორედ მას მიმართა შეწევნისათვის სოჩავის მოსახლეობამ თათართა თავდასხმის დროს (1622 წ), ღამისთევის ლოცვის შემდეგ წმინდა იოანეს ნაწილები სამ-გზის შემოატარეს ტაძარს ლიტანიობით და უნდოდათ ციხე-სიმაგრეში წაესვენებიათ ურმით, მაგრამ ურემი ისე დამძიმდა, რომ ხარებმა ადგილიდან ვერ დაძრეს. იმ ღამით კოკისპირული წვიმა მოვიდა, დილისთვის მდ. სოჩავა ისე ადიდდა, რომ გაღმა ნაპირზე დაბანაკებულმა თათრებმა მისი გადალახვა ვერ შეძლეს და უკან გაბრუნდნენ. წმინდა იოანეს მიერ აღსრულებულ ამ სასაწაულს ყოველ წელს მოიხსენებენ რუსეთის, მოლდოვის, რუმინეთისა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიები.
წმინდა იოანე სოჩაველს უდიდეს პატივს მიაგებენ და თავიანთი ქალაქის მფარველად თვლიან ბელგოროდის მკვიდრნიც. მისი ნეშტი 1402 წელს გადაასვენეს ბელგოროდიდან, მაგრამ წმინდა მოწამემ სამუდამოდ არ დატოვა ქალაქი, სადაც ქრისტესთვის ივნო, და 1884 წ. 1 სექტემბერს ბელგოროდის მცხოვრებთა თხოვნით იოანეს უხრწნელი ნეშტიდან აღებული წმინდა ნაწილები დიდი პატივით ჩამოაბრძანეს და წმ, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს. ეს სწორედ ის ტაძარია, რომლის საკურთხეველშიც 70 წელი განისვენებდა მისი მრავალვნებული ნეშტი. ამჟამად ეს ტაძარი წმ. იოანეს ღვაწლის პატივისმცემელთა თაყვანისცემითაა მოსილი. ტაძრის კედელზე გამოსახულია წმ. იოანე ბელგრადის ტაძრების ფონზე, მის წინ არასოდეს ქრება სანთლები. საუკუნოვან ციცაბო კიბეებს მიწისქვეშა ეკვდერში ჩავყავართ, სადაც ნაკადული ამოჩქეფს. ეს ნაკადული განთქმულია მის მიერ აღსრულებული კურნებებით. 2005 წლიდან ტაძრის მიწისქვეშა ეკვდერში ყოველ პარასკევს ტარდება წმ. მოწამის მოსახსენებელი ლოცვები, ხოლო წყაროს წყალი ტუმბოთი ამოჰყავთ ტაძრის ეზოში მოწყობილ საბანელში, რომელთანაც მუდამ ხალხმრავლობაა. წმ. იოანე სოჩაველის სახელთან კიდევ ერთი წყაროა დაკავშირებული, ის დნეპრის პირას მოედინება და ასევე სასწაულთმოქმედად ითვლება, გადმოცემის თანახმად მან მაშინ ამოხეთქა, როცა წმინდან იოანემ პირველად დაადგა ფეხი ბელგოროდის მიწაზე.
წმინდა იოანე სოჩაველის ხსენების დღეა 2 (15) ივნისი. ამ დღეს ბელგოროდსა და სოჩავს მრავალი მომლოცველი სტუმრობს, მათ შორის მრავლად არიან ბიზნესენები. ისინი ვაჭრობაში შეწევნას სთხოვენ წმინდანს, რომელიც ვაჭრებისა და სიდუხჭირეში მყოფთა დიდ მფარველად ითვლება. წმინდა იოანეს ხსენებას რუმინეთის ეკლესია დღესასწაულობს 24 ივნისსაც (ახ. სტ. 7/VII).
სხვადასხვა წყაროებიდან გამოკრიბა, თარგმნა და დაამუშავა თინათინ მჭედლიშვილმა