ხარლამპი

23 თებერვალი. წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსი

23 თებერვალი.

ცხოვრება და ღვაწლი

წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპისა

მაგნეზიის ეპოსკოპოსისა

წმინდა მღვდელმოწამე ხარალამპი მოღვაწეობდა II საუკუნეში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წ.წ.) ზეობისას. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის ეპისკოპოსი გახლდათ. როცა იმპერატორმა წამოიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ქრისტეს სიტყვის უზადო მქადაგებელი უშიშრად ქადაგებდა სახარებას და მრავალ შეცდომილ სულს აყენებდა ჭეშმარიტების გზაზე, ხოლო ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ ეღალატათ უფლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ გარეგნობაც კი ამ ხანდაზმული მღვდელმთავრისა (იგი მაშინ 113 წლისა გახლდათ) განამტკიცებდა მორწმუნეებს.

 

როდესაც ამ „იმპერიისათვის სახიფათო პერსონის“ შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს ამცნეს, მღვდელმთავრის ასაკს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ შეეპყროთ იგი. სამსჯავროზე წარდგომილმა წმინდა მღვდელმთავარმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა, და მტკიცედ აღიარა ქრისტე, ხოლო როდესაც მისი წამება ბრძანეს, ღაღადყო: „არა უწყი, თუ რა არს ჩემდა სარგო და საცხოვნებელი, ამიტომ გამცნობ, რომ ამქვეყნად არარა მიჩნს ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბეს, ასე რომ, აჰა, ჩემი მხცოვანი სხეული და ყველაზე უარეს სატანჯველთ მიეც!“

მაშინ კი დაელია მოთმინება ოლქის უსჯულო მმართველს, და მხცოვანების მიუხედავად, ნეტარი მამა სასტიკად აწამებინა: მას ჯერ სამღვდელო სამოსელი შემოაგლიჯეს, შემდეგ ტანი რკინის ფოცხით მანამ უჯიჯგნეს, სანამ არ გაატყავეს. წამების დროს წმინდანი მტარვალებს მიმართავდა: – „გმადლობთ, ძმანო, რადგან თქვენ განაახლეთ ჩემი სული, რომელიც ისწრაფვის ახალი საუკუნო სიცოცხლისკენ!“. ამის გამგონე ორმა მხედარმა, რომლებიც აწამებდნენ წმინდანს, პორფირიმ და ბაპტოსმა, ხედავდნენ რა წმინდა მოხუცის მოთმინებას და უფლისადმი სასოებას, აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი – იესო ქრისტე და ისინიც მოწამეთა დასს შეურთდნენ – თავები მოჰკვეთეს მათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა – საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.

წმინდანის ტანჯვის ადგილზე მისულმა გამხეცებულმა მხედართმთავარმა ლუკიუსმა თავად გადაწყვიტა ეწამებინა მოხუცი მღვდელმთავარი, მაგრამ მკლავებში ძალა წაერთვა, თითქოს მახვილით მოჰკვეთესო, და ჯადოქრად შერაცხა იგი.

განრისხებული მმართველი წმინდა ხარლამპისთან მიიჭრა და როგორც კი სახეში შეანერწყვა, იმავე წამს თავი უკან შეუტრიალდა, თუმცა მაშინვე მუხლებში ჩაუვარდა და შეწყალება სთხოვა წმინდა ხარლამპის, თუ განმკურნავ, იესოს ვიწამებო. წმინდანმა ილოცა მათთვის, ღმერთს შესთხოვა მათი განკურნება და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა წმინდანს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება და ნათლისღება, მმართველმა კი დროებით ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა „სანამ ყველაფერს იმპერატორს არ მოვახსენებო“, და სევერუსთან გაემგზავრა, რომელიც პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. „ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი „გალილეველთა“ საზოგადოებიდან, – უთხრა იმპერატორს, – მან მრავალნი ჩამოაშორა ღმერთებს, განკურნა სნეულნი. მათ შორის სარდალი ლუციუსი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა. თითქმის მთელი მაგნეზია მოაქცია თავის რწმენაზე. მეც განმკურნა და ამის საუწყებლად მოვედი შენს მეფურ დიდებულებასთან”. გაბრაზებულმა სევერუსმა ჯარისკაცები გაგზავნა წმინდა ხარალამპისთან – ჯერ სტანჯეთ და მერე მომიყვანეთო. ჯარისკაცებმა გრძელ წვერზე კი თოკი მოაბეს, შემდეგ ყელზე შემოახვიეს და ისე მიათრიეს სამსჯავროზე.

იმპერატორმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც წმინდანს სხეულში რკინის ლურსმნები ჩააჭედეს. შემდეგ კი ცეცხლზე ტანჯეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა. გაოცებულმა იმპერატორმა ჰკითხა, – რამდენი წლის ხარ, ვისი ოჯახიდან და რომის ღმერთებს რატომ არ სცემ თაყვანსო. მოწამემ უპასუხა, რომ მას სწამს ქრისტე, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. სევერუსი დააფიქრა მისმა პასუხმა, მოისურვა, დარწმუნებულიყო მართლა ახდენდა თუ არა ხარალამპი სასწაულებს და მოაყვანინა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული და წმინდანის ფეხებთან დააწვინეს. შეპყრობილი კაცის პირით მასში შესული ეშმაკი მოჰყვა, თუ როგორ ჰპოვა ამ კაცში ბინა. მას თურმე სიხარბით მეზობელი მოუკლავს. წმინდა ხარალამპის ლოცვით ეშმაკმა დასტოვა მისი სხეული. ამის შემდეგ იმპერატორმა სამი დღის წინ გარდაცვლილი მისი ამალის წევრი ჭაბუკის გვამი მოატანინა და წმინდანს ჰკითხა: – მკვდარს თუ აღადგენო. „კაცთაგან შეუძლებელი ღვთისგან შესაძლებელიაო”, – ბრძანა წმინდა ხარალამპიმ, ილოცა და ჭაბუკი აღდგა. იმპერატორი თითქოს დარწმუნდა წმინდა ხარალამპის უბრალოებაში, მაგრამ მერე ერთი დიდებულის, კრისპის მიერ წაქეზებულმა, ჯადოქარი უძახა ღრმად მოხუც ეპისკოპოსს და ბრძანა, ბაგეებში ქვები ერტყათ და ცეცხლი წაეკიდებიათ წვერზე, მაგრამ როგორც კი წმინდა მამას სახესთან მიუტანეს ჩირაღდნები, იქიდან ცეცხლი გამოვარდა და თავად ჯალათები დაწვა. სანამ კრისპი გაცხარებული ედავებოდა ქრისტეს ბუნებაზე ქრისტიან არისტარხს, იმპერატორმა საშინელი სიძულვილით ღვთისგმობა დაიწყო, მშვილდში ისარი ჩასდო, ზეცაში გაისროლა და უფალი გამოიწვია, – შენ წინააღმდეგ დიდ არმიას ვაგზავნი, ჩამოდი, თორემ ზეციდან მიწაზე ჩამოგათრევ, მზეს ჩავაქრობ და ამ ხელებით შეგიპყრობო. იმ წამსვე იძრა მიწა, ცაში საშინელი ჭექა-ქუხილი და ელვა ატყდა. იქ მყოფთ თავზარი დაეცათ. მეფე და კრიპსი კი ჰაერში ჩამოეკიდნენ, თითქოს უხილავ ხელს ეპყრა. იმპერატორმა ვედრება დაუწყო წმინდა ხარლამპის, – გადამარჩინე და ჭეშმარიტ ღმერთს განვადიდებო.

სევერუსს მისმა ქალიშვილმა გალინამაც შესთხოვა, ეწამა ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, მერე კი წმინდანს ჩაუვარდა მუხლებში და მამის გამოხსნა სთხოვა. მანაც ილოცა და მეფე და კრისპი მიწაზე დაეშვნენ. სევერუსი და დიდებულები სასახლეში დაბრუნდნენ და სამი დღე არ გამოჩენილან, თავს დატეხილ ღვთის რისხვაზე ფიქრობდნენ. ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში კერპები შემუსრა.

სამწუხაროდ, იმპერატორი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარების მერე ისევ თავის კერპებს დაუბრუნდა და წმინდა ხარალამპისაც უბრძანა მათთვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდანმა „უგუნური“ უწოდა მის სურვილს. გაბრაზებულმა იმპერატორმა ბრძანა ტუჩებზე ნემსკავი წამოაცვით და მთელი ქალაქი შემოატარეთო. გალინამ უსაყვედურა მამას, გაახსენა თავს დატეხილი ღვთის რისხვა და მოუწოდა ღვთის კაცი გაეთავისუფლებინა. იმპერატორმა შვილსაც უბრძანა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა. ორმოცდაათ მოქანდაკეს ახალი კერპები ერთ ღამეში გააკეთებინა და გალინას უთხრა: – ხედავ, ჩვენი ღმერთებიც მკვდრეთით აღდგნენო. შვილი დაიმუქრა, – ახალ კერპებსაც ისევე დავამსხვრევ, როგორც ძველები მოვსრეო. მერე კი მიუბრუნდა ზევსის ქანდაკებას და უთხრა: ჰოი, მკვდრეთით აღმდგარო ზევსო, გიბრძანებ, კვლავ მკვდართა სამეფოში დაბრუნდეო და კვლავ კერპების მსხვრევას შეუდგა. გაცხარდა მეფე და ჯავრი წმინდა ხარლამპიზე იყარა, – ის ერთ უწესო ქვრივ დედაკაცს გადასცა შესაგინებლად. მაგრამ ამ ქალმაც როცა იხილა წმინდანის სასწაულები, იწამა ქრისტე და გახდა მისი აღმსარებელი. კრისპმა იმპერატორს ურჩია, ხარალამპისთვის თავი მოეკვეთა, რადგან თუ ასე არ მოიქცოდა, პროვინციაში ყველანი გაქრისტიანდებოდნენ. როცა დასასჯელი ადგილისკენ მიჰყავდათ, გახარებულმა წმინდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, ამ დროს ცაში ქუხილი გაისმა და ზეციურ ანგელოსებთან ერთად თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა, რომ ყველა თხოვნას შეუსრულებდა, ნეტარმა მამამ, რომელიც მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა, უპასუხა, რომ მისი ნახვა უკვე დიდი წყალობა იყო, მაგრამ „თუ ეს ღვთისთვისაც სათნო იქნებოდა“, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, განსაკუთრებული მადლი გარდამოევლინებია: „დაე იმ ადგილს, სადაც ჩემი სხეული განისვენებს და სადაც პატივისცემით მომიხსენებენ, არასოდეს შეემთხვას შიმშილი, და ჭირი (ეპიდემიები), არც განმხრწნელი ქარი, დამღუპველი ნაყოფისა, დაე იმ ადგილას გამეფდეს მშვიდობა, კეთილდღეობა, პურისა და ღვინის უხვება. და მის მკვიდრთ მიუტევე ცოდვები, მიეცი მიწიერ ნაყოფთა უხვება, რათა განძღენ და განსცხრენ ხელთა თვისთა ნამუშაკევით, განმადიდებელი შენნი, თავის ღმერთისა, ყოველთათვის სიკეთის მიმნიჭებლისა ზემოდან მოპკურებული ცვარი დაე, ექცეთ განმაკურნებლად. უფალო ღმერთო ჩემო! მიჰფინე ყველას მადლი შენი!“ მაშინ მოესმა ხმა უფლისა: „დაე, მოხდეს თხოვისაებრ შენისა, მხნეო მხედარო ჩემო“, და მას შემდეგ, რაც ის ზეცად ამაღლდა, თან წაიყვანა წმინდანის სულიც, ანუ ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა.

განცვიფრებულმა მეომრებმა მოახსენეს იმპერატორს, რაც იხილეს და დასძინეს, – მახვილით თავის წარკვეთის გარეშე თავისით აღესრულაო. გალინამ კი, მეფის ნეტარმა ქალიშვილმა, წმინდა ხარალამპის სხეული ახალთახალ თეთრ სუდარაში გაახვია, სცხო მირონი და ნელსაცხებელი და ოქროს ლუსკუმაში ჩაასვენა. წმინდა ხარალამპი 202 წლის თებერვალს აღესრულა და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული მოახდინა.

წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპის პატიოსანი თავი საბერძნეთში, მეტეორაზე, წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერშია დასვენებული, ხოლო მის წმინდა ნაწილთაგან, რომლებიც მთელ საბერძნეთში და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია გაბნეული, დღემდე უამრავი კურნება და სასწაული აღესრულება. მას საბერძნეთში პატივს სცემენ, როგორც ძლიერ და მსწრაფლ შემწე წმინდანს, რომლის შუამავლობამ არაერთხელ შეაჩერა ტიფის, ქოლერის, ჭირისა და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიები. ამიტომაც იგი ითვლება გადამდები დაავადებებით დასნეულებულთა მფარველად, რის გამოც ძალიან ბევრი სთხოვს მას დახმარებასა და ლოცვით შუამდგომლობას.

1897 წელს, საბერძნეთ-თურქთის ომის დროს, თურქები შეიჭრნენ მეტეორაში და სცადეს წმინდა ხარალამპის ნაწილთა წაღება. მაგრამ მათ ვერ გახსნეს ლუსკუმა, რომელიც მანამდე ჩვეულებისაებრ არ იკეტებოდა. მალე საშინელი ტიფის ეპიდემია გავრცელდა და ეს თვით თურქეთის ჯარის სარდლობამაც, ჯარისკაცების უკრძალველი მოქმედების გამო, ღვთის რისხვად ჩათვალა, ხოლო როდესაც 1908 წელს საშინელი ეპიდემია გავრცელდა ათონის მთაზე, იქ მეტეორის წმინდა სტეფანეს მონასტრიდან წმინდა ხარალამპის პატიოსანი თავი ჩააბრძანეს და წმინდა ხარალამპის პატივსაცემად ღამისთევის ლოცვა გადაიხადეს. ეპიდემია შეწყდა. ამის მერე ათონზე ყოველთვის ღამისთევით აღნიშნავენ წმინდა ხარალამპის ხსენებას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ მთაწმინდაზე ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია.

1935 წლის დიდი შაბათია. მძიმე ავადმყოფი პატარა იაკობის დედა სასოწარკვეთილი წმინდანებს სთხოვდა შეწევნას. მას მოუტანეს წმინდა ხარალამპის გულსაკიდი ხატიც. მოსაღამოვდა, ამ დროს იაკობს გამოეცხადა წმინდა ხარალამპი, რომელმაც მკერდზე ჯვარი გადასახა პატარას და მანაც იმ წამსვე შვება იგრძნო. როცა ბიჭმა დედას ეს უამბო, ქალი ატირდა: „დღეს, შვილო, შენი მეორედ დაბადების დღეა, დაიმახსოვრე ეს!“ მართლაც, სიცოხლის ბოლომდე არ დავიწყებია ეს ამბავი მამა იაკობს (ცელიკისი, 1991წ.).

დიდად მოღვაწე იყო არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი, 1943). და სხვებისგან სამსახურს არ იყო მიჩვეული. მაგრამ ღრმა სიბერეს (85წ.) სნეულებაც დაემატა და ღირსი მამა მალე იღლებოდა და იოლი საქმის გაკეთებასაც ვერ ახერხებდა. ერთხელ სნეულმა საშველად წმინდა ხარალამპის მოუხმო. წმინდა მოწამე გამოეცხადა და ღიმილით უთხრა: „მამაო იოაკიმე, 113 წლისა ვიყავი, როცა მაწამებდნენ, მაგრამ გავუძელი და შენ მცირე სიცხე ვერ დაგითმენია?“ ყოვლადუბრალო მამამ მიუგო: „ეს კი ასეა, მაგრამ შენ დიდი გვირგვინიც მიიღე“. „ღმერთი მოწყალე იქნება შენდამიც“ – უთხრა წმინდა ხარალამპიმ და უჩინო შეიქმნა, თუმცა მამა იოაკიმე განკურნებული დატოვა.

აი კიდევ ერთი საოცარი სასწაული: მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარებმა აიღეს პელოპონესის სოფელი ფილიატრა. სარდლობაში ეჭვობდნენ, რომ იქაურები საბერძნეთის წინააღმდეგობის არმიის მებრძოლებს მალავდნენ. ფილიატრაში დაბანაკებული გერმანული  ჯარის მეთაურს კუნსტერს უბრძანეს, რომ გაენადგურებია ადგილობრივი ლიდერები და სოფლის ყველა მამაკაცი, სულ 1500 კაცი, საკონცენტრაციო ბანაკებში გაეგზავნა, სოფელი კი გადაეწვა. მოსახლეობამ გაიგო ეს ამბავი. მათ ღამე უთიეს წმინდა ხარალამპის და ილოცეს. იმავე ღამეს წმინდა ხარალამპი გამოეცხადა  კუნსტერს და უთხრა, – ბრძანება არ შეასრულო და შენ და შენი ჯარისკაცები შინ ცოცხლები დაბრუნდებით და არც თქვენი ოჯახები გაიტანჯებაო. კუნსტერმა ეს სიზმარი იმ ღამეს ზედიზედ ოთხჯერ ნახა. დილით მან გენერალს დაურეკა, თავისი სიზმარი უამბო და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა გენერალმა უთხრა, – ამნაირად მეც გამაფრთხილეს სიზმარში და შეგიძლია ეს ბრძანება არ შეასრულოო. კუნსტერი მიხვდა, რომ მას წმინდა კაცი გამოეცხადა, და მისი ვინაობის დასადგენად იმ მხარის ტაძრები შემოიარა. ბოლოს, წმინდა ხარალამპის ხატიც დაინახა: „ეს წმინდა კაცი ვნახე სიზმარში!“ სოფელი გადარჩა. კუნსტერს ოჯახი უვნებელი დახვდა. ომის დასრულების შემდეგ ის ყოველწლიურად ჩადიოდა ფილიატრაში, აქაურებმა იცოდნენ, რომ წმინდა ხარალამპისადმი მისი მორჩილების გამო გადარჩნენ და გულთბილად ხვდებოდნენ. ეს გერმანელი სიკვდილის წინ მართლმადიდებლობაში მოიქცა.

1950 წელს, ნაირში, ოთხი წლის მარიამს დამბლა დაეცა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს და შინ გაუშვეს. სასიკვდილოდ განწირული ბავშვი მთელი ღამეები ლოცულობდა. ერთხელ სიზმარში წმინდა ხარალამპი იხილა და მშობლებს ეკლესიიდან მისი ხატი მოატანინა. ორმოცი დღის მანძილზე ხატის წინ კანდელი ენთო. პეტრე-პავლობის საღამოს გოგონას წმინდა ხარალამპი გამოეცხადა და განკურნა. ოთახი, სადაც გოგონა იწვა, კეთილსურნელებით აივსო, წმინდანის ხატიდან კი მირონი წარმოდინდა.

საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე დგას წმინდა ხარალამპის ტაძარი, რომელიც ქალაქელებმა ტიფისაგან მათი დახსნის სამადლობელოდ აუშენეს მას. ერთხელაც, დიდმარხვის წინა კვირაში, დადგა წმინდანის ხსენების დღე. საბერძნეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ამ კვირას საზეიმო კარნავალები იმართება. ხსენების დღის წინა საღამოს ტაძარს ერთმა ცოლ-ქმარმა ჩაუარა. გალობის გაგონებაზე ქალს ტაძარში შესვლა და ლოცვაზე დასწრება მოუნდა. მაგრამ ქმარმა წმინდა ხარალამპის გმობა დაიწყო, – მირჩევნია, კარნავალზე წავიდეო. იმავე წამს დამუნჯდა. ცოლმა კაცი ეკლესიაში შეიყვანა. იგი მუხლებზე დაეცა და ღმერთს შენდობას სთხოვდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, წმინდა ხარალამპის ხსენების დღეს მას მეტყველების უნარი დაუბრუნდა.

1966 წელს ერთი კაცი, გვარად ნიკოლაუ, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც თავს დღეთა დალევას აპირებდა. სოფლამდე როცა მიაღწია, ნახა, რომ მთელი ნაგროვები ფული დაეკარგა. მეორე დღეს უკან, პირეაში გამოემგზავრა – იქნებ ფული ვიპოვოთო. სოფელ პალიგირგოსში წმინდა ხარალამპის სახელობის პატარა ეკვდერში შეიარა და წმინდანს შეწევნა შესთხოვა. ამ დროს მოესმა ხმა, – ფული იმ მანქანის სავარძლის ქვეშ ეძებე, რომლითაც გუშინ სოფელში ჩახვედიო. კაცმა მოძებნა მანქანა. ფული მართლაც სკამის ქვეშ ჩავარდნილიყო.

ერთი კაცი უკურნებელი სნეულებით იტაჯებოდა. ის ხშირად და მხურვალედ შესთხოვდა წმინდა მამას განკურნვას. ერთხელ მას წმინდანი გამოეცხადა და გაამხნევა, – შენი ტანჯვა ცოტათი მსუბუქია იმაზე, რაც ქრისტემ დაითმინა, ამიტომაც სჯობს დაითმინო სნეულება, ვიდრე განიკურნო, ვინაიდან ეს ავადმყოფობა ცხონებისკენ მიმავალი გზის შესამსუბუქებლად მოგევლინაო.

მეტეორას წმინდა სტეფანეს მონასტრის დედებიც ყვებიან წმინდა ხარალამპის მიერ მოხდენილ საწაულებს.

1978 წელს ამ სავანეში ახალგაზრდა ქალი მოვიდა მონასტერში დასარჩენად. დასტოვეს. მას მორჩილის სამოსი ეცვა, მაგრამ პირველ თვეებში მძიმედ ავადმყოფობდა, რადგან ოჯახთან განშორებას დარდობდა. ერთხელ ის უფროსმა დამ მოინახულა და სცადა, რომ მონასტრის დატოვებაზე დაეყოლიებია. იმ ღამეს უფროსი და სავანეში დარჩა ღამის გათევად. განთიადისას წმინდა ხარალამპი გამოეცხადა. მკაცრად ამხილა – მონასტრისთვის ჩამოშორება გოგონას დაღუპავსო და სილა გააწნა. გამოღვიძებული ქალი წმინდანის ხელის შეხებას გრძნობდა. რა თქმა უნდა, დაემორჩილა წმინდა ხარალამპის. მისი ნაცნობი მონაზონი ყვება, რომ ეს ქალი დღემდე გრძნობს წმინდანის ხელის სიმწარეს.

1995 წელს სავანეში ქალაქ ტრიკალადან ქალბატონი მოვიდა და დებს უთხრა, 19 წელია, გათხოვილი ვარ, ექიმებმა მითხრეს, უშვილო ხარო. 1994 წლის დასაწყისიდან ვევედრები წმინდა ხარალამპის. ერთხელ ძილში გამომეცხადა და მითხრა: – ბავშვები გეყოლებაო. ორი თვის მერე დავფეხმძიმდი და ტყუპი ვაჟი მეყოლაო. ახლა ის ხშირად ჩამოდის მონასტერში ვაჟებთან ერთად.

1990 წლის დასაწყისში მონასტერში ახალგაზრდა კაცი მივიდა მეზობელი სოფლიდან. მას თავის მოკვლა სურდა და ხიდიდან გადახტომას აპირებდა, ამ დროს მასთან მოხუცი მღვდელი მივიდა. უთხრა, ამ სავანის მოძღვარი ვარო. თუმცა აქამდე არ ენახა, ახალგაზრდას მის ცხოვრებასა და განსაცდელებზე მოუყვა. სასო არ წარიკვეთო, ღმერთი შეგეწევაო. ახალგაზრდამ სულში სიხარული იგრძნო, შინ დაბრუნდა და  ტაძარში წირვაზე სიარული დაიწყო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი წმ. სტეფანეს მონასტერში ავიდა იმ მოძღვრის სანახავად. დედებმა უთხრეს, ჩვენთან მღვდლები არ ცხოვრობენო. როცა ვაჟმა აღწერა, როგორი იყო ის მოხუცი მოძღვარი, დებმა წმინდა ხარალამპი შეიცნეს.

წმ. მღვდელმოწამე ხარლამპის ძვლის ნაწილი სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად ინახებოდა პირი ღვთისას იმ ხატის ზურგის ნაწილში, მოძრავი ფირფიტა-ფიცარის ქვეშ, რომელიც XVIII ს-ში დაცული ყოფილა ანჩისხატის ტაძარში. ხატი რუსეთში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დომენტი IV-ს საჩუქრად მიუღია მოსკოვში მცხოვრები მეფე არჩილის ქალიშვილის, დარეჯანისგან. წმინდა ხარლამპის წმინდა ნაწილის გარდა ამ ხატში ინახებოდა: ღვთისმშობლის თმა, ძელი ჭეშმარიტის ნაწილი, წმინდა თეოდორე ტირონის ძვალი, წმინდა აბიბოსის ძვალი და ქრისტეს საფლავის ქვა, წმ. ნიკოლოზის ძვალი, წმ. იოანე მანგლელის ძვალი, ქრისტეს პინაკის ნატეხი და სხვა).

მღვდელმოწამე ხარლამპის წმინდა ნაწილი დაცულია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაბრძანებულ წმ. ნინოს ხატშიც, რომლის წარწერითაც ირკვევა, რომ ეს ხატი, წმინდა ნაწილებთან ერთად, 1870 წ. მონასტრისთვის შეუწირავს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის პეტერბურგში მცხოვრებ შვილიშვილის შვილს იოანე გრიგოლის ძეს. ხატის ქვემო კუთხეში, სანაწილეებში მოთავსებულია წმ. ფილიმონის, წმ. სტეფანეს, წმ. გიორგის, წმ. სვიმეონის, წმ. შუშანიკის, წმ. ტრიფონის, წმიდათა კოზმასა და დამიანეს, წმ. ხარიტონის, წმ. ბარბარეს, წმ. ესტატეს, წმ. ნიკოლოზის, წმ. გრიგოლის, წმ. ქეთევანის, წმ. ანტონის, წმ. ხარლამპის, წმ. თეოდორიტეს და წმ. ფოტის ნაწილები.

წმინდა ხარლამპი მოწამეთაგან ყველაზე მხცოვანია. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა!

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა; რედაქტორი ნონა ნამგალაძე

 

სავედრებელო პარაკლისი წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპი მაგნეზიის ეპოსკოპოსისა