წმიდა ნექტარიოს ეგინელის ხატი

წმიდა ნექტარიოს ეგინელი, პენტაპოლისის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი (†1920) — 9 ნოემბერი (ძვ. სტ.) / 22 ნოემბერი (ახ. სტ.)

ხსენება: 9 ნოემბერი (ძვ. სტ.) / 22 ნოემბერი (ახ. სტ.)

წმიდა ნექტარიოს ეგინელი, პენტაპოლისის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი (1846–1920) — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პატივცემული წმიდანია მართლმადიდებელ სამყაროში. მისი ცხოვრება სიღარიბის, ცილისწამების, დევნისა და დაუცხრომელი მოთმინების ისტორიაა, რომელიც ღმერთმა სასწაულთმოქმედების მადლით დააგვირგვინა.

1. ბავშვობა სილივრიაში

წმიდა ნექტარიოსი 1846 წელს დაიბადა თრაკიაში, ქალაქ სილივრიაში, ღარიბ, მაგრამ ღვთისმოსავ ოჯახში. ნათლობისას ანასტასი დაარქვეს; იგი დიმოს და ვასილიკი კეფალასების მეხუთე შვილი იყო. მშობლები ცდილობდნენ, შვილები ჭეშმარიტ ქრისტიანებად აღეზარდათ, და პატარა ანასტასიში ღვთისადმი სიყვარული ადრევე გამოჩნდა.

ხუთი წლისა იყო, როდესაც ბებია 50-ე ფსალმუნს უკითხავდა. სიტყვებთან — „ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ” — ბავშვი ბებიას პირზე ხელს აფარებდა და ეუბნებოდა: „ამ სიტყვებს ნუ წაიკითხავ, ამას მე ვიტყვი; მეც ასე უნდა ვასწავლო ხალხს”. შვიდი წლისამ ქაღალდის ფურცლები ერთმანეთს მიაკერა და დედის კითხვაზე, რა უნდოდა, უპასუხა: „წიგნი უნდა გავაკეთო და შიგ უფლის სიტყვები ჩავწერო”. ყველაფერს, რაც ეკლესიაში ქადაგებაზე ესმოდა, იმახსოვრებდა და სხვებს უყვებოდა; ხშირად საკუთარი ხელით პატარა ამბიონს აკეთებდა, მასზე ადიოდა და მღვდლის მსგავსად „ქადაგებდა”.

სილივრიელი მოხუცი მღვდელი, მისი მეზობელი, იგონებდა: „ძალიან თავმდაბალი ბიჭი იყო, უწყინარ ბავშვურ ცელქობასაც კი თავს არიდებდა. საღამოობით მარტო გამოდიოდა, ნაპირზე ჯდებოდა და ზღვას გაჰყურებდა. წირვა-ლოცვას არასოდეს აკლდებოდა, საკურთხეველში მღვდელს ემსახურებოდა და ყველაფერს დიდი ყურადღებით ისმენდა”.

მშობლები და ახლობლები ხედავდნენ ბავშვის გულმოდგინებას და ფიქრობდნენ: „ვინ გამოვა ამ ბიჭისგან?” მაგრამ ოჯახი ღარიბი იყო და სწავლის გასაგრძელებლად სახსრები არ ჰქონდა.

↑ სარჩევი

2. კონსტანტინოპოლში — შრომა და სწავლა

დაახლოებით თოთხმეტი წლის ასაკში ანასტასიმ დედის კურთხევა მიიღო და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. ნავსადგურში გემის კაპიტანს წაყვანა სთხოვა, მაგრამ მან დაცინვით უპასუხა: „წადი, პატარავ, გაისეირნე; როცა დაბრუნდები, წაგიყვან”. ბიჭი ადგილიდან არ დაძრულა და გემს ნაღვლიანად გაჰყურებდა. კაპიტანმა გასვლის ბრძანება გასცა, ძრავი ამუშავდა, მაგრამ გემი ადგილიდან არ დაიძრა — ვერც მეორე ცდამ გამოიღო ნაყოფი. შეშფოთებულმა კაპიტანმა ნაპირზე მდგომ ბავშვს თვალი მოჰკრა და ხელით ანიშნა, ამოსულიყო. როგორც კი ანასტასიმ გემბანზე ფეხი დადგა, გემი მაშინვე დაიძრა.

ბილეთების შემოწმებისას ბიჭმა ძალა მოიკრიბა და კონტროლიორს უთხრა: „ღარიბი ვარ, ბილეთის ფული არა მაქვს; სამუშაოს საძებნელად მივდივარ, რომ მშობლებს დავეხმარო”. კონტროლიორს შეებრალა.

კონსტანტინოპოლში ანასტასიმ ნათესავის თამბაქოს ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ჯამაგირი იმდენად მცირე იყო, რომ ნახევრად მშიერი და ნახევრად შიშველი დადიოდა; ნუგეშს მხოლოდ ტაძარში პოულობდა. ერთხელ გადაწყვიტა, თავად იესო ქრისტესთვის მიეწერა წერილი: „იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, გევედრები, შემეწიე”. კონვერტზე დააწერა — „უფალ იესო ქრისტეს, ზეცაში” — და ფოსტისკენ გაემართა. გზად მეზობელი ვაჭარი შეხვდა, რომელმაც წერილის გაგზავნა იკისრა. უცნაური მისამართით გაკვირვებულმა კონვერტი გახსნა, წაიკითხა და გულაჩუყებულმა მასში დიდი თანხა ჩადო და ბიჭს „პასუხად” გაუგზავნა.

მაგრამ ამან განსაცდელიც მოიტანა: როდესაც ქარხნის პატრონმა ანასტასი ახალ ტანსაცმელში დაინახა, იფიქრა, მომპარაო, გალანძღა და სამსახურიდან გააგდო. საბედნიეროდ, ამბავი კეთილისმყოფელმა ვაჭარმა შეიტყო, პატრონს ყველაფერი აუხსნა და ყმაწვილი ბრალდებისგან გაათავისუფლა.

ანასტასი ღამ-ღამობით დამოუკიდებლად სწავლობდა — სახელმძღვანელოებსა და წმიდანთა ცხოვრებას კითხულობდა. ქაღალდის საყიდელი ფული არ ჰქონდა და წმიდა მამათა გამონათქვამებს თამბაქოს შესაფუთ ქაღალდზე იწერდა; ამ ჩანაწერებს შემდეგ მყიდველები კითხულობდნენ. წლების შემდეგ სწორედ ამ ჩანაწერებიდან შეიქმნა მისი წიგნი „წმინდა აზრების საუნჯე”.

მისი სანუკვარი ოცნება წმინდა მიწის მოლოცვა იყო. როდესაც ეს სურვილი ასრულდა და პალესტინისკენ მიმავალი გემი საშინელ ქარიშხალში მოჰყვა, კაპიტანმა სამაშველო ნავების გამზადება ბრძანა. ყმაწვილმა ლოცვა დაიწყო: „უფალო, ნუ დაუშვებ ამას — სიკვდილი არა, ქადაგება მინდა!” მკერდიდან მოიხსნა ჯვარი, რომლითაც ბებიამ აკურთხა, ქამარზე მიაბა და სამჯერ ზღვაში ჩაუშვა. ქარი ჩადგა და ზღვა დაწყნარდა. ყველა ზეიმობდა, ანასტასი კი ნაღვლობდა — ჯვარი ტალღებმა წაიღო. მთელი გზა მგზავრებს გემის ბორტიდან უცნაური ხმა ესმოდათ, და ნავსადგურში შესვლისას, როდესაც მეზღვაურებმა გემი გარედან დაათვალიერეს, სწორედ იმ ადგილას ანასტასის ჯვარი იპოვეს. ამ ჯვარს წმიდანი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა — ის კარგად ჩანს მის ფოტოებსა და ხატებზე.

↑ სარჩევი

3. მასწავლებელი კუნძულ ქიოსზე

მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ანასტასიმ ქარხანა მიატოვა და კონსტანტინოპოლში, სამონასტრო სკოლაში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა: უმცროსებს ასწავლიდა, თავად კი უფროს კლასში სწავლობდა. ოცი წლისა კუნძულ ქიოსზე, სოფელ ლითიში სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. შვიდი წლის განმავლობაში ბავშვებს წერა-კითხვასა და ქრისტეს სარწმუნოებას ასწავლიდა, სოფლის ეკლესიაში ქადაგებდა და მშობლებსაც ღვთისმოსაობისკენ მოუწოდებდა. გაკვეთილების შემდეგ განმარტოებას, ლოცვასა და სწავლას ანდომებდა დროს; მკაცრად მარხულობდა, დღეში ერთხელ ჭამდა.

↑ სარჩევი

4. მონაზვნად აღკვეცა

ბავშვობიდან ნატვრილი მონაზვნობის სურვილი წლებთან ერთად მტკიცდებოდა. ანასტასი ხშირად ადიოდა მონასტერში, სადაც ბერი პახომი ასწავლიდა, რომ ღმერთთან ერთობის უმოკლესი გზა მონაზვნური ცხოვრებაა. 1876 წელს იგი ქიოსის სახელგანთქმულ „ნეა მონის” მონასტერში მორჩილად შევიდა და მალე მონაზვნად აღიკვეცა. აქ, ბიზანტიური მოზაიკებით შემკულ უძველეს სავანეში, სამი წელი ასკეტურად ცხოვრობდა და წმიდა წერილსა და წმიდა მამათა თხზულებებს სწავლობდა. ძმებმა გულმოდგინებისა და მკაცრი ცხოვრების გამო ძალიან შეიყვარეს, იგი კი მუდამ იმაზე ფიქრობდა, როგორ ეღვაწა მოყვასის სასიკეთოდ.

↑ სარჩევი

5. დიაკვანი და მღვდელი

1877 წელს ქიოსის ეპისკოპოსმა გრიგოლმა იგი წმიდა მინას სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა და ნექტარიოსი უწოდა.

ქიოსელმა მდიდარმა და ღვთისმოსავმა კაცმა, იოანე ქორემისმა, ახალგაზრდა დიაკვნის შესახებ ბევრი რამ სმენოდა და გადაწყვიტა, განათლების მიღებაში დახმარებოდა — თავისი სულის საცხონებლად რა დიდი საქმე გააკეთა ამ კაცმა! მან ნექტარიოსი საკუთარი ხარჯით ათენში გიმნაზიის დასამთავრებლად გაგზავნა, შემდეგ კი ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონისთან სარეკომენდაციო წერილი გაატანა. პატრიარქმა, დარწმუნდა რა მის ღვთისმოსაობაში, ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე გაგზავნა. ნექტარიოსი ბრწყინვალედ სწავლობდა; მეორე კურსიდან სტიპენდია დაენიშნა, 1885 წელს კი დიპლომი მიიღო, რომელიც დღესაც ეგინაზე, მის მემორიალურ ოთახშია დაცული.

ალექსანდრიაში დაბრუნებულ სულიერ შვილს პატრიარქმა მღვდლად დაასხა ხელი. ნექტარიოსი ქადაგებდა, საპატრიარქოს მდივნობდა და კაიროში პატრიარქის წარმომადგენელი იყო. მის ქადაგებებს სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი ესწრებოდა; ის ტაძრებისა და ხატების აღდგენაზე ზრუნავდა და შემოწირულობებს სწორედ ამას ახმარდა. მისი ცხოვრება ფსალმუნის სიტყვებს შეესაბამებოდა: „რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე” (ფს. 68, 10).

↑ სარჩევი

6. პენტაპოლისის მიტროპოლიტი

სამი წლის შემდეგ ნექტარიოსი პენტაპოლისის მიტროპოლიტად აკურთხეს. ახალ ხარისხშიც იმავე გულმოდგინებით ემსახურებოდა ეკლესიას; მრევლს უყვარდა და ამბობდა: „აი, ჭეშმარიტი მსახური ღმრთისა, ალექსანდრიის პატრიარქობის ღირსეული კანდიდატი”. მაგრამ თავმდაბალ ნექტარიოსს ეპისკოპოსობას არ შეუცვლია. ერთ ბერს ასე სწერდა:

„შენ ჩვენს შორის არსებულ განსხვავებაზე მიმითითებ. ეპისკოპოსის ხარისხი მართლაც მაღალი და პატივსაცემია, მაგრამ ის ვერ შეცვლის იმ ურთიერთობას, რომელიც ამ წოდების მატარებელსა და მის ქრისტესმიერ ძმებს შორის არსებობს. მღვდელმთავარი უპირველეს ყოვლისა თავმდაბალი უნდა იყოს — იგი პირველიცაა და უკანასკნელიც. ქრისტეში ძმათა შორის, წოდების მიუხედავად, მხოლოდ ის ამაღლდება, ვინც ქრისტეს მისდევს და მას ბაძავს. გარწმუნებ, ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც თავი უფალს მიუძღვნა. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, ძმაო, რომ ასკეტი მღვდელმთავარს აღემატება”.

ერთ-ერთ წერილში იგი ღმერთს მიმართავდა: „ღმერთო, რატომ ამომიყვანე ასეთ სიმაღლეზე? მე გევედრებოდი, ღვთისმეტყველი გავმხდარიყავი და არა მიტროპოლიტი. მაგრამ შენს ნებას ვემორჩილები და გევედრები — აღმოაცენე ჩემში თავმდაბლობა და ღირს მყავ, ყოველი დღე მოციქულის სიტყვებისამებრ გავატარო: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე” (გალ. 2, 20)”.

↑ სარჩევი

7. ცილისწამება და ეგვიპტიდან განდევნა

სამწუხაროდ, შურმა ზოგიერთს უბიძგა, პატრიარქთან მისულიყო და ეთქვა, რომ ნექტარიოსი ასე აქტიურად იმიტომ მოღვაწეობს, რომ თავად სურს პატრიარქობა. ახალგაზრდა მიტროპოლიტს მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ პატრიარქმა ცილისწამება დაიჯერა, კათედრა ჩამოართვა და ეგვიპტიდან განდევნა. ნეტავ რა პასუხი ექნებათ ცილისმწამებლებს საშინელი სამსჯავროს დღეს?

მეუფემ ეს ყველაფერი ღვთის გამოცდად მიიღო და 1889 წელს ათენში ჩავიდა. ათონზე დასახლება სურდა, მაგრამ ეპისკოპოსმა დამასკინოსმა ათენში დარჩენა ურჩია, რომ ქადაგებით ხალხისთვის სარგებელი მოეტანა. საარსებო სახსრები არ ჰქონდა — ყველაფერს, რასაც ეგვიპტეში იღებდა, ღარიბებს ურიგებდა ან სულიერი წიგნების გამოსაცემად ხარჯავდა, ისე რომ ხალხში ანდაზაც კი გავრცელდა: „ფული და პენტაპოლელი მიტროპოლიტი ერთად ვერ იქნებიან”.

ცილისწამება ათენშიც მიჰყვა. მხოლოდ ერთხელ გაბედა, პატრიარქისთვის შეეპასუხებინა — როდესაც საბერძნეთის განათლების სამინისტროს კითხვაზე საპატრიარქოდან პასუხი მოვიდა, თითქოს მან ეგვიპტე „უპასუხისმგებლო და უზნეო საქციელის” გამო დატოვა. მაშინ მან პატრიარქს მისწერა: „უნეტარესო, ეგვიპტიდან ჩემი უსამართლოდ გამოდევნიდან ოთხი წლის შემდეგ ულუკმაპუროდ ვარ და მაინც ვდუმვარ. მაგრამ რომელმა საეკლესიო სასამართლომ განმსაჯა? სად არიან ჩემი ბრალმდებლები და მოწმეები? თქვენს წინაშე რა ცოდვა მიმიძღვის? ღმერთია მოწამე — სიკეთეს ვემსახურებოდი და მხოლოდ სიკეთის კეთებას ვცდილობდი. ჩემი დევნა უსამართლოა; ღმერთია ჩემი მოწმე და განმსჯელი”.

↑ სარჩევი

8. მქადაგებელი ქალკიდაში

ათენში მთელი წელი უსახსროდ იყო, მაგრამ არავის სთხოვდა — მხოლოდ ღმერთისგან ელოდა დახმარებას. ბოლოს განათლების მინისტრს სთხოვა, რომელიმე შორეულ მხარეში მქადაგებლად დაენიშნა, მაგრამ უარი მიიღო — საბერძნეთის მოქალაქეობა ჯერ არ ჰქონდა. სამინისტროს კიბეზე აცრემლებულს მოხუცი მღვდელი, მამა მელასი შეხვდა. მიზეზი რომ გაიგო, ხელი ჩაჰკიდა, მინისტრთან დააბრუნა და აღშფოთებით უთხრა: „თუ ასეთ ადამიანს არ აძლევ სამსახურს, ვიღას მისცემ?!” მინისტრმა უკან დაიხია. ასე დადგა ეკლესიის ისტორიაში იშვიათი შემთხვევა — მღვდელმთავარმა პროვინციაში რიგითი მქადაგებლის ადგილი დაიკავა. ნექტარიოსმა ღმერთს მადლობა შესწირა და ევბეაზე, ქალკიდაში გაემგზავრა.

ცილისწამებამ იქაც ჩაასწრო: პირველსავე ქადაგებაზე მრევლმა აშკარა მტრობა გამოხატა, მეორე კვირას — კვლავ. ლოცვითა და მოთმინებით შეიარაღებული მეუფე დარჩა და ლოდინში უფლის ნებას ეძიებდა. და ჭეშმარიტებამ იზეიმა: ათენში კაიროდან ასამდე ქრისტიანის ხელმოწერილი წერილი მოვიდა. ისინი თავიანთი მეუფის დაკარგვას გლოვობდნენ და წერდნენ, რომ მისმა ოთხწლიანმა თავგანწირულმა მსახურებამ საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მეუფე ამ წერილს თან ატარებდა და არავის აჩვენებდა — „უფალი თავად მოაგვარებს ყველაფერს”. მართლაც, ათენიდან ქალკიდაში წარმომადგენელი ჩავიდა და მრევლს განუცხადა, რომ მეუფე ცილისწამების მსხვერპლია. შემდეგ კვირას ტაძარი ხალხით გაივსო. ორნახევარი წელი დაუღალავად შრომობდა ქალკიდაში, და როდესაც სხვა ეპარქიაში გადაჰყავდათ, მორწმუნეები მის წასვლას ხელს უშლიდნენ.

↑ სარჩევი

9. ფთიოტიდის ეპარქიაში

ფთიოტიდის ეპარქიაშიც იმავე გულმოდგინებით ქადაგებდა და მრავალი სული ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. ქალაქ ლამიაში კოსტას სიკოპოლოსის სახლში ცხოვრობდა; მეუფის წმინდა ცხოვრებამ ეს კაცი ქრისტესთან მიიყვანა და მან თავი მის მსახურებას მიუძღვნა. ერთხელ კოსტასის დედამ წიგნებში ჩაფლულ მეუფეს ჰკითხა, სადილად რა მოემზადებინა. „რაც გინდა — მაგრამ ახლა აზრი გამაწყვეტინე და გთხოვ, ასე ნუღარ მოიქცევი”, — უპასუხა მან.

ერთ დღეს კოსტასს ყანაში დედა ატირებული მიადგა: „შვილო, მეუფე ჩვენგან მიჰყავთ — დეპეშა მოვიდა, ათენში რიზარიოსის სასულიერო სემინარიის დირექტორად ნიშნავენ”. საღამოს კოსტასმა მეუფეს ჰკითხა, მართალი იყო თუ არა. „მისმინე, კოსტას, აქ ხომ ჩემით არ მოვსულვარ — ყველაფერი უფლის ნებაა”. მეუფის გამგზავრების დღეს ზარები სევდიანად რეკდნენ, სადგურზე კი ქალები ბავშვებთან ერთად აცრემლებულები კურთხევას ითხოვდნენ.

↑ სარჩევი

10. რიზარიოსის სემინარიის რექტორი

1894 წელს მეუფე ნექტარიოსი ათენის რიზარიოსის სასულიერო სემინარიის დირექტორად დაინიშნა. ეს სამსახური მისთვის ნამდვილი სიხარული იყო — მთელი საბერძნეთისთვის ღირსეული სასულიერო პირების აღზრდის შესაძლებლობა. მის მოსვლამდე სემინარია დაცემული იყო; ახალმა დირექტორმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის სიყვარული და მშვიდობა შეიტანა. ქრიზოსტომოსი, რომელმაც შემდეგ მისი ადგილი დაიკავა და მოგვიანებით ათენის მთავარეპისკოპოსი გახდა, წერდა: „რიზარიოსის სემინარიამ მიტროპოლიტ ნექტარიოსის წყალობით მშვიდობა დაიბრუნა და ჭეშმარიტ სასულიერო დაწესებულებად იქცა. იგი სემინარიის ცხოვრების ყოველ წვრილმანს ადევნებდა თვალს — ბაღზეც კი ზრუნავდა”.

მიტროპოლიტი სპეტაკი სულის ადამიანი იყო, ცუდს არავისზე გაიფიქრებდა და ბავშვივით მიმნდობი იყო. სემინარიის კურსდამთავრებული ღვთისმეტყველი კონსტოდორაკისი იგონებდა, როგორ იგონებდნენ სემინარისტები საბაბებს ქალაქში კაფეში წასასვლელად — ერთი ამბობდა, ბიძა ავად მყავსო, მეორე — ამანათი მოვიდაო, მესამე — კბილი მტკივაო. დირექტორი ყველას ნებართვას აძლევდა და ავადმყოფისთვის გამოჯანმრთელებას უსურვებდა. ბოლოს თავად კონსტოდორაკისი მივიდა და სიმართლე უთხრა: „ღვეზელების საჭმელად მივდივარ”. — „გაძლევ კურთხევას, — უთხრა მეუფემ, — მაგრამ როცა დაბრუნდები, მომახსენე, დანარჩენებმა მართალი მითხრეს თუ არა”. დაბრუნებულმა სემინარისტმა მეგობრების გულწრფელობაში ეჭვის შეტანისთვის პატიება ითხოვა, მეუფეს კი სახე უბრწყინავდა — უხაროდა, რომ არ მოატყუეს.

თუ რომელიმე მოსწავლე რამეს დააშავებდა, მეუფე საკუთარ თავს ისჯიდა და მარხვას იწესებდა. რაგინდ უსაქციელო ყოფილიყო სემინარისტი, როდესაც ხედავდა, რომ დირექტორი მისი შეცოდების გამო საერთო ტრაპეზზე საჭმელს არ ეკარებოდა, რცხვენოდა და გამოსწორებას ცდილობდა. განა არსებობს ამაზე მაღალი პედაგოგიკა?

1899 წელს ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა და ბევრმა მეუფეს კანდიდატურის წამოყენება შესთავაზა. როდესაც დაინახა, რომ კლერიკოსები ფოტიოსს უჭერდნენ მხარს, ხალხის მხარდაჭერის მიუხედავად კანდიდატურა მოხსნა — მშვიდობისმოყვარე იყო და ბრძოლას არ ერთვებოდა.

↑ სარჩევი

11. ქადაგება ათენსა და პირეაში

სემინარიის ტაძარში, ათენისა და პირეის სხვა ეკლესიებშიც მეუფე ხშირად წირავდა და ქადაგებდა; მისი მხურვალე სიტყვის მოსასმენად ზღვა ხალხი იკრიბებოდა. ადამიანები ხედავდნენ, რომ წმიდა კაცი იყო, და მისი სიტყვა მათ ქრისტესთან აერთებდა. ახალგაზრდა მღვდელს ერთხელ უთხრა: „როდესაც ადამიანი იგრძნობს, რომ ზეციური მამის შვილია, წუთისოფლის ყველა სიკეთეს გულგრილად შეხედავს. ცდუნებები მასაც სტანჯავს, მაგრამ გულში სიხარული და სიმშვიდე აქვს”. საქველმოქმედო საზოგადოებები მას საპატიო თავმჯდომარედ ირჩევდნენ, განათლების საკითხებში კი ექსპერტად იწვევდნენ.

↑ სარჩევი

12. მწერალი და ღვთისმეტყველი

ღამით მეუფე ლოცულობდა და წერდა. იმ დროს უნივერსიტეტებში პოზიტივიზმი იყო მოდაში, ჰეგელსა და ბიუხნერზე საუბრობდნენ და ადამიანები რწმენას კარგავდნენ. ამის საპასუხოდ დაიწერა მისი წიგნი „ღვთის გამოცხადების შესახებ”: ღმერთს სამყარო არ მიუტოვებია, სასწაულები კი მისი ზებუნებრივი გამოცხადებაა ადამიანთათვის. „ქრისტოლოგიაში” წერდა: „ჩვენი მთავარი მიზანი მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენის განმტკიცებაა — მათი, ვინც სახარებაზეა აღზრდილი და იესო ქრისტეს სასოება აქვს”. მისი კალამი ეკლესიის ციხე-სიმაგრე იყო, რომლის აღებაც მტრებმა ვერ შეძლეს.

↑ სარჩევი

13. მოწყალება და მოყვასის სიყვარული

სემინარიის დამლაგებელი ავად გახდა და ექიმებმა რამდენიმე თვე მუშაობა აუკრძალეს. მეუფემ უთხრა: „ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, დანარჩენი როგორმე მოგვარდება”. ყოველ დილას კლასები, ეზო და ტუალეტები სისუფთავით ბრწყინავდა, ახალი დამლაგებელი კი არავინ აუყვანიათ. ცნობისმოყვარე კაცი ერთ საღამოს სემინარიაში მივიდა და დაინახა — თავად მიტროპოლიტი ალაგებდა ყველაფერს. „თქვენო უწმინდესობავ, ამას ვერ ავიტან!” — „შვილო, შენს ჯანმრთელობას მიხედე. სხვა რომ ავიყვანო, ადგილს დაკარგავ. მხოლოდ ამის შესახებ ნურავის ეტყვი”.

ერთხელ გაჭირვებულმა კაცმა უთხრა, 25 დრაჰმის ვალი მაქვს და ვადა იწურებაო. მეუფემ ხაზინადარ კოსტასს დაუძახა: ფული გვჭირდება. კოსტასს სულ 25 დრაჰმა ჰქონდა — თვე ახალი დაწყებული იყო. „უნდა მივცეთ, უფალი შეგვეწევა!” ზუსტად ერთ საათში მთავარეპისკოპოსის კანცელარიიდან დარეკეს: მეუფეს სემინარიის გუნდთან ერთად მდიდარი წყვილის ჯვრისწერაზე ეპატიჟებოდნენ. ბოლოს ყველას კონვერტი დაურიგეს — ეპისკოპოსს ასი დრაჰმა, მგალობლებს ოც-ოცი. „ხედავ, კოსტას, 25 გავეცით და 180 მივიღეთ. ეს მომავლისთვის კარგად დაიმახსოვრე”.

სხვა დროს ავადმყოფმა კაცმა რეცეპტი მიუტანა — წამალიც საყიდელი ჰქონდა და ორი კვირა უმუშევრადაც უნდა დარჩენილიყო. ხაზინაში ამჯერად მართლაც არაფერი იყო. მაშინ მეუფემ ეგვიპტიდან გამოგზავნილი თეთრეულის ამანათი მოითხოვა. „თუ ამას გასცემთ, გამოსაცვლელი აღარ დაგრჩებათ!” მეუფემ უხმოდ მიაწოდა ამანათი მთხოვნელს: „წაიღე, ბაზარში გაყიდე — წამლისთვისაც გეყოფა და ორი კვირის საცხოვრებლადაც”.

↑ სარჩევი

14. სავანის დაარსება ეგინაზე

მეუფე საკუთარი სავანის დაარსებასა და იქ განმარტოებაზე ოცნებობდა — ჭეშმარიტი მონასტერი ხომ საუკეთესო ქადაგებაა. წლების განმავლობაში ეკონომიურად ცხოვრობდა და ჯერ კიდევ დირექტორობისას კუნძულ ეგინაზე მიტოვებული ძველი მონასტერი „ცხოველმყოფელი წყარო” შეიძინა, სადაც ოდესღაც წმიდა ათანასია ეგინელი მოღვაწეობდა. თანდათან აღადგინა და გააფართოვა იგი.

ათენში მის სულიერ შვილთა შორის რვა ქალწული იყო. ერთხელ ისინი აღსარებაზე ცნობილ ბერთან, მამა ევსები მათოპულოსთან მოხვდნენ. როგორც კი გაიგო, რომ გოგონები მეუფე ნექტარიოსის სულიერი შვილები იყვნენ, აღტაცებით უთხრა: „მასთან სიარული არ შეწყვიტოთ — მასზე სულიწმიდის მადლია გადმოსული”. მეუფემაც, ეს რომ შეიტყო, სახეგაბრწყინებულმა თქვა: „ეცადეთ, ხშირად იაროთ ამ ღვთის კაცთან”. კურთხეული იყო ის დრო, როდესაც საბერძნეთში ასეთი მამები ცხოვრობდნენ — ისინი მხოლოდ ღვთის სადიდებლად იღვწოდნენ და არა მომხრეთა შესაძენად.

რვავე ქალწულმა მონაზვნობა არჩია; აღკვეცა ეგინაზე, წმიდა სამების სავანეში შედგა. პირველი იღუმენია სათნოებით სავსე ბრმა ქსენია გახდა. თავდაპირველად სამი და სავანეში ღირსი ფილოთეას მკაცრ ხელმძღვანელობაში მოხვდა: დიდი მარხვა იყო, ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, დღეში ფინჯანი ყავა და ნაჭერი პური ეძლეოდათ. „მონასტერში მოხვედით თუ სადმე სხვაგან? — პასუხობდა ფილოთეა მათ ჩივილზე. — როგორი მონაზვნები გამოხვალთ, თუ უდარდელი ცხოვრება გექნებათ?” ერთ ღვთისმოსავ ათენელ ქალს სიზმრად გალია ესიზმრა, სადაც სამი ჩიტი იტანჯებოდა; მიხვდა, რომ დებს უჭირდათ, პური, ხალვა და ზეთისხილი ჩაუტანა და მეუფეს ყველაფერი უამბო. მალე იღუმენიად კასიანა დაინიშნა.

მეუფე სემინარიის დირექტორად რჩებოდა და შორიდან მართავდა სავანეს, ცდილობდა, იქ ცხოვრება წმიდა მამათა წესით მოეწყო. ზოგჯერ მკაცრიც იყო — მოსიყვარულე მამის სიმკაცრით: „წმიდა მამათა წესდების დასაცავად და თქვენი მოთმინების გამოსაცდელად ყველა ღონეს ვიხმარ. დრო მოვიდა, მონაზვნური ცხოვრების სიმძიმე ვიტვირთოთ”. მორჩილის მიღებაზე წერდა: „უნდა გავარკვიოთ, შეძლებს თუ არა თავნებობაზე უარის თქმას, დაემორჩილება თუ არა სხვათა ნებას, მიუტევებს თუ არა დებს მაშინვე, გულში წყენას ხომ არ ჩაიდებს. თუ ეს ყველაფერი აქვს — დაიტოვეთ”.

↑ სარჩევი

15. სასწაულები ეგინაზე ჩასვლისას

ეგინაზე მეუფის პირველი ჩასვლისას უცნაური რამ მოხდა. კუნძულზე ერთი შეპყრობილი ბიჭი, სპიროსი, ცხოვრობდა, რომელიც თვალდახუჭული რაღაცებს „წინასწარმეტყველებდა”. იმ დღეს ბაზრის მოედანზე გაჰყვიროდა: „ჩვენთან პენტაპოლელი მიტროპოლიტი მოდის! წმიდანი მოდის, ის გადაარჩენს კუნძულს — მოემზადეთ მის შესახვედრად!” პროტოპრესვიტერი მიქაელი ნავსადგურში ჩავიდა და მართლაც — გემზე მიტროპოლიტი ნექტარიოსი აღმოჩნდა. მეუფე მოედანზე წაიყვანეს; ბიჭს კვერთხით ჯვარი გადასახა, ბაგეებზე შეეხო და ეშმაკს გამოსვლა უბრძანა. სპიროსი მაშინვე წამოდგა, ეპისკოპოსს ხელზე ეამბორა და მას შემდეგ ჯანმრთელი იყო — სკოლაში დაბრუნდა, მოგვიანებით დაოჯახდა და ღვთისმოსავი ქრისტიანის ცხოვრებით ცხოვრობდა.

ამბავი სწრაფად გავრცელდა. ქალი, რომელიც მრავალი წელი სისხლდენით იტანჯებოდა, სახარების სისხლმდინარე დედაკაცის მსგავსად მეუფის კაბის კალთას ეამბორა და მაშინვე განიკურნა. კუნძულის მერი და დეპუტატები მივიდნენ და გვალვის შესაწყვეტად პარაკლისის გადახდა სთხოვეს. „პარაკლისს შემდეგ კვირას საკათედრო ტაძარში გადავიხდით, მანამდე კი ყველამ ვიმარხულოთ და ზიარებისთვის მოვემზადოთ”. კვირას პარაკლისი გადაიხადეს, საღამოს კი წვიმა წამოვიდა — და ორი თვე წვიმდა. გლეხები ახლა წვიმის შესაწყვეტად სთხოვდნენ ლოცვას. „შვილებო, უფალმა უკეთ იცის, რა გააკეთოს”, — უპასუხა მეუფემ. დროულად გამოიდარა, თესვაც მოესწრო და იმ წელს უხვი მოსავალი მოვიდა.

↑ სარჩევი

16. მონასტრის აღორძინება და წმიდა მინა

მონასტრისკენ მიმავალ მეუფეს გზად წმიდა დიონისე ეგინელი, კუნძულის ძველი ეპისკოპოსი შეხვდა: „ნექტარიოს, გელოდები”. მის უკან სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი იდგა. „ეს ძმა ვინ არის?” — „მინასეა, ისიც აქ ცხოვრობს”. მეუფემ ადგილობრივებს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა წმიდა მინას ტაძარი. „მხოლოდ ერთი პატარა მიტოვებული სამლოცველოა, მთაში, ფიჭვის ტყეში — გზაც აღარ არის”. ორი წლის შემდეგ მეუფემ ორ მონაზონთან ერთად ეს ადგილი მოძებნა. მიტოვებული პაწაწინა ეკლესია იყო, სადაც მწყემსები წვიმას აფარებდნენ თავს. იატაკი გამოხვეტეს, სანთლები აანთეს, მეუფე საკურთხეველში დიდხანს ლოცულობდა. გამოსულმა ცას ახედა და ხელით მიუთითა: „ერთ მშვენიერ დღეს აქ ქალთა მონასტერი იქნება”. — „მეუფევ, ამ უდაბურ, უწყლო ადგილას?” ორმოცი წლის შემდეგ სწორედ იქ წმიდა მინას მონასტერი აშენდა.

წმიდა მინა მეუფეს, როგორც ჩანს, ხშირად ეცხადებოდა. ერთ საღამოს მონაზონმა, ტრაპეზზე რომ მიეწვია, დაინახა — მეუფე ვიღაც სამხედრო პირს ესაუბრებოდა. მოგვიანებით ჰკითხა: „ვინ იყო ის ოფიცერი ბრწყინვალე მუნდირში?” — „შენც დაინახე? — თითი ტუჩებთან მიიტანა მეუფემ. — წმიდა მინა იყო, მაგრამ ნურავის ეტყვი”. წმიდა მინას განსაკუთრებულ პატივს იმიტომაც მიაგებდა, რომ ქიოსზე, მისი სახელობის ტაძარში აკურთხეს.

ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის გარდა მეუფე შესანიშნავი ჰიმნოგრაფიც იყო: შობის, ნათლისღებისა და აღდგომის ოცდაათამდე საგალობელი და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი 154 პოეტური ტექსტი ეკუთვნის. სავანის მონაზვნები დღესაც მის საგალობლებს გალობენ.

წმიდა სამების ტაძრის მშენებლობისას წყალი მეზობელი გლეხის ჭიდან მოჰქონდათ; წყალი ცოტა იყო და პატრონმა აკრძალა. მეუფე ჭასთან მივიდა, ილოცა და ჭა წყლით გაივსო — გაოცებულმა გლეხმა ჭა სავანეს გადასცა. ერთხელ მუშებს ხელფასის გადასახდელი არ ჰქონდა. მონაზონმა დაინახა, როგორ მივიდა შეწუხებული მეუფე ღვთისმშობლის ხატთან და ცარიელი ჯიბეები აჩვენა. „უკვე ხუთშაბათია, შაბათს ფული უნდა მივცე, მე კი გროშიც არა მაქვს”. შაბათს ტაძარს ფქვილით დატვირთული ურემი მოადგა და მეურმემ მეუფეს კონვერტი გაუწოდა: „ეს ძმები პონორიოსების საჩუქარია — ორასი დრაჰმა”. მეუფემ მონაზვნები შეკრიბა და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

1917 წელს, როდესაც საბერძნეთში პროდუქტების შეტანა აიკრძალა, მონაზვნებმა მარაგის შექმნა მოინდომეს. „თუ ამას გააკეთებთ, მართლაც მოგვიწევს შიმშილი”, — უთხრა მეუფემ. მათ დაუჯერეს, და ემბარგოს მიუხედავად მონასტერს არაფერი მოჰკლებია — სხვებსაც ეხმარებოდა.

↑ სარჩევი

17. ცხოვრება წმიდა მამათა წესით

ამფილოქე მაკრისმა, მეუფის ახალგაზრდა მეგობარმა, პატმოსზე მონასტერი ააგო და ჰკითხა, როგორი წესდება შეერჩია. „სახარება”, — უპასუხა მეუფემ: სამონასტრო წესდების არსი სახარებისეული მცნებების ცხოვრებაში გატარებაა.

წმიდა ნექტარიოსი ასკეტურად ცხოვრობდა — თავმდაბალი, გულკეთილი, სულით წმიდა. არავის განიკითხავდა, არავისზე იძიებდა შურს, ყველას აკურთხევდა. სავანეში სიმშვიდე სუფევდა; დრტვინვა და უკმაყოფილება იქ გამორიცხული იყო. სხვა მღვდელი მონასტერს არ ჰყავდა და წირვას თავად, დიდი მოწიწებით ატარებდა. ერთმა მონაზონმა ლიტურგიის დროს დაინახა დიდებული ქალბატონი — ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი — ყრმით ხელში, აღსავლის კარით საკურთხეველში რომ შედიოდა.

მიტროპოლიტი ყველაზე მძიმე მორჩილებას საკუთარ თავზე იღებდა: ბაღს უვლიდა, მიწას თოხნიდა, წყალი შორიდან მოჰქონდა, კელიების მშენებლობისას ქვებს თავად ეზიდებოდა, და როცა მონაზვნებს ეძინათ, ეზოსა და ტუალეტებს ალაგებდა. მამა ფილოთეოსი იგონებდა: „აგვისტოს პაპანაქებაში მონასტერში მინდორში მომუშავე ბერი დავინახე, ანაფორის კალთები ქამარში ჰქონდა ჩატანებული. — მამაო, მეუფეს ვეძებ! — მონასტერში წადი, იქ ნახავ! — ცოტა ხანში იგივე ბერი დაბანილი, გამოცვლილი შემოვიდა და გამეცნო: — მეუფე ნექტარიოსი ვარ!”

↑ სარჩევი

18. მართლმადიდებლობის დამცველი

ზამთრის გრძელ საღამოებს მეუფე წერას ანდომებდა. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომია ორტომეული „განხეთქილების მიზეზთა შესახებ”, რომელშიც ეკლესიის დიდ განხეთქილებასა და პაპიზმს განიხილავს. იგი ხედავდა საფრთხეს, რომელსაც პაპის „უცდომელობის” დოგმატი მართლმადიდებლობას უქმნიდა: „უცოდველობის პოსტულატი მსოფლიო კრებების მნიშვნელობასა და ავტორიტეტს აუქმებს და ამით ქრისტიანთა რწმენას არყევს… ღვთისადმი თაყვანისცემა ადამიანის — რომის პაპის — თაყვანისცემით შეიცვალა”. მის კალამს ეკუთვნის „საეკლესიო ქადაგებანი”, „შვიდი მსოფლიო კრების შესახებ”, „სულისთვის ზრუნვა”, „ქრისტიანული ეთიკა”, „სამოძღვრო ღვთისმეტყველება”, „ქრისტოლოგია”, „სულის უკვდავების შესახებ”, „სინანულისა და აღსარების შესახებ”, „ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ”, „შეიცან თავი შენი”, „მარხვების შესახებ” და მრავალი სხვა. ხშირად დილამდე წერდა, შემდეგ სანათურს აქრობდა და ღვთისმსახურებაზე მიდიოდა.

↑ სარჩევი

19. წინასწარმეტყველების ნიჭი

ათენიდან და პირეიდან მასთან აღსარებაზე სასულიერო პირებიც მოდიოდნენ და საეროებიც. მკაცრი იყო, მაგრამ ყოველი ადამიანის თავისებურებას ითვალისწინებდა; ბევრი სული გადაარჩინა და ბევრს ცხოვრების გზა უჩვენა. ღმერთმა წინასწარმეტყველების ნიჭიც მიანიჭა.

მამა ფილოთეოსს, რომელიც ათონზე წასვლას აპირებდა, უთხრა: „კარგი, წადი, მაინც პაროსზე დაბრუნდები”. გზად, თურქების ხელში მყოფ თესალონიკში, მას და მის მეგობარს ჯაშუშობა დასწამეს და სასიკვდილო განაჩენი მოითხოვეს; წმიდა დიმიტრის მეოხებით მოულოდნელად გათავისუფლდნენ, და მაშინ გაახსენდა მამა ფილოთეოსს მეუფის სიტყვები. სამი წლის შემდეგ ხრისოლეონდისის მონასტერში წასვლა მოინდომა — „ნუ წახვალ, იქ იმედგაცრუება გელოდება”. არ დაუჯერა, და იქ ორი მონაზვნის ჩხუბმა ისე შეაძრწუნა, რომ ღამითვე ფეხით წამოვიდა. ერთ გოგონაზე, რომელიც გათხოვდა, მეუფემ თქვა: „მონაზვნის სამოსში ვხედავ — აღიკვეცება”. წლების შემდეგ ქმარი დაეღუპა, მონაზვნად აღიკვეცა და წმიდა მინას მონასტრის იღუმენია გახდა.

↑ სარჩევი

20. ლოცვის კაცი

მეუფე ღამეებს უფალთან საუბარში ატარებდა; სენაკში ღვთისმშობლის ხატის წინ ხმამაღლა ლოცულობდა, ზოგჯერ ტყეში განმარტოვდებოდა. ერთხელ მონაზვნებმა პატარა გოგონას სკამი გაატანეს — ეგონათ, მეუფეს ქვებზე ჯდომა უჭირდა. გოგონამ იპოვა იგი და დაინახა, რომ მიწიდან აწეული, ჰაერში იდგა. წმიდანმა სთხოვა, არავისთვის ეთქვა.

მისი ლოცვით ადამიანთა ცხოვრება წესრიგდებოდა, ავადმყოფები და შეპყრობილები იკურნებოდნენ. ერთმა გლეხმა მონასტერს ჩაუარა და მონაზონს დაუძახა: „მეუფეს უთხარი, წვიმისთვის ილოცოს, თორემ ყველაფერი გადაგვიხმა!” მთელი ღამე განუწყვეტლივ წვიმდა. მასთან ურწმუნოებიც და მებრძოლი ათეისტებიც მოდიოდნენ და მასთან საუბრის შემდეგ ქრისტეს სარწმუნოების მგზნებარე მქადაგებლები ხდებოდნენ.

↑ სარჩევი

21. უკანასკნელი ცილისწამება

ათენში მეუფესა და მის სავანეს მტრებიც ჰყავდა, რომლებიც სინოდში ცრუ ბრალდებებს გზავნიდნენ. სინოდის თავმჯდომარე, ათენის მთავარეპისკოპოსი თეოკლიტე, 1908 წელს თავად ჩავიდა ეგინაზე და დარწმუნდა, რომ იქ ღვთის საქმეს ემსახურებოდნენ. მონაზვნობის მოძულე მთავარეპისკოპოსი მელეტი (მეტაქსაკისი) კი მეუფეს აკრიტიკებდა: „მონასტრებს აგებ, როცა გარშემო ამდენი ტაძარი დაცარიელებულია? თანამედროვე ეპოქა მონასტრებისთვის არ არის!” მეუფემ საქმე არ შეწყვიტა. ის ამბობდა: „ეგინა ქალთა მონაზვნობის ათონი იქნება” — და დღეს კუნძულზე დედათა ცხრა სავანეა, საბერძნეთში ყველაზე მეტი.

ყველაზე საშინელი ცილისწამება მოგვიანებით მოვიდა. ეგინაზე მცხოვრები ერთი ქალი, რომელსაც მესანთლეს ეძახდნენ, თექვსმეტი წლის ქალიშვილს ცუდად ეპყრობოდა; გოგონამ მონასტერში შეაფარა თავი და მეუფემ, მიტროპოლიტ თეოკლიტეს რჩევით, დაიცვა იგი. დედამ სასამართლოს მიმართა და მონასტერს უზნეობაში დასდო ბრალი — თითქოს იქ ახალშობილებს ახრჩობდნენ. პროკურატურის წარმომადგენელმა ორი პოლიციელით ჭიშკარი შეამტვრია, სამოცდაათი წლის ბერს ყვირილი დაუწყო, მხარში სწვდა, შეაჯანჯღარა: „ყველას ციხეში გაგამწესებთ!” წმიდა ნექტარიოსმა თითით ზეცისკენ მიუთითა: „უფალი ყველაფერს ხედავს”. ერთ კვირაში გამომძიებელი ავად გახდა — ხელი, მეუფეზე რომ ასწია, გაუშეშდა. ცოლთან ერთად ეგინაზე ჩავიდა და პატიება სთხოვა; მეუფემ მთელი გულით მიუტევა. სავანე კი იზრდებოდა და სულიერ ცენტრად იქცა, სადაც ყოველი მოსული სიმშვიდეს პოულობდა.

↑ სარჩევი

22. წმიდა აღსასრული

მონასტერში მეუფემ თორმეტი წელი დაჰყო. 1920 წელს მძიმედ დაავადდა; საშინელ ტკივილებს არავის უმხელდა — ის, ვინც სხვებს ლოცვით კურნავდა, საკუთარ თავს არ უშველა, რამეთუ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა” (საქმე 14, 22). ხრისოლეონდისის სავანეში ღვთისმშობლის ხატის წინ თხუთმეტი დღე ლოცულობდა. უკან მიმავალმა სახედარი გააჩერა და თვალცრემლიანმა თქვა: „უკანასკნელად ვლოცავ ჩემს მონასტერსა და მის ყველა ბინადარს. მალე თქვენგან წავალ”. — „სად, მეუფევ?” — „ზეცაში”. — „ჩვენ რაღა გვეშველება?” — „თქვენ ღვთისმოსავი მონაზვნები იქნებით; მეგობრები მოვლენ, იზრუნებენ და დაგიცავენ — ერისკაცებიც, მღვდლებიც, მღვდელმთავრებიც”.

ათენის საავადმყოფოს მიმღებში ჰკითხეს: „ეს ვინ არის, ბერია?” — „არა, პენტაპოლისის მიტროპოლიტი ნექტარიოსია”. — „მაშ, სად არის მისი ოქროს პანაღია, სად არის მისი ფული?” ფული მართლაც არ ჰქონდა, და უმწეოთა პალატაში მოათავსეს. ორი თვის შემდეგ, 1920 წლის 8 ნოემბერს (ძვ. სტ.), ზიარების შემდეგ, უფალს სული მშვიდად მიაბარა.

მონაზვნებმა მიცვალებულს ახალი პერანგი ჩააცვეს, ძველი კი გვერდით საწოლზე დადეს, სადაც პარალიზებული ავადმყოფი იწვა — იგი მაშინვე განიკურნა და სიარული დაიწყო. პალატა კეთილსურნელებით აივსო და სურნელი თვეების განმავლობაში არ გამქრალა. წმიდანის სხეული პირეაში, წმიდა სამების ტაძარში დაასვენეს; ყველა გრძნობდა უჩვეულო სურნელს და ხედავდა, რომ მეუფის თმა და წვერი კეთილსურნელოვანი ცვრით იფარებოდა — ხალხი ამ წვეთებს ბამბით აგროვებდა. ეგინაზე ყველა ტაძრის ზარი სამგლოვიაროდ რეკდა, კუბო ნავსადგურიდან მონასტრამდე ხელით მიჰქონდათ. „კეთილისმყოფელი და მფარველი დავკარგეთ, ჩვენი კუნძული დაობლდა”, — ამბობდნენ. ორმოცდარვა საათის შემდეგ ხრწნის კვალის გარეშე დარჩენილი სხეული სავანის ეზოში დაკრძალეს — სწორედ იმ ადგილას, სადაც წლების წინ ერთ მოხუც მონაზონს იდუმალმა ხმამ ფიჭვის დარგვა აუკრძალა: „აქ არ დარგო”.

↑ სარჩევი

23. უხრწნელი ნაწილები

მარმარილოს აკლდამა ხუთ თვეში უნდა დასრულებულიყო და იღუმენია ქსენია ღელავდა, როგორ გადაასვენებდნენ მეუფეს. ერთ მონაზონს სიზმრად მეუფე ეჩვენა: „მითხარი, ცუდი სუნი მცემს? კარგად დამყნოსე! იღუმენია ქსენია ასე ფიქრობს. შემხედე — სრულიად საღი ვარ”. გადასვენებისას სხეული მართლაც უხრწნელი, რბილი და კეთილსურნელოვანი აღმოჩნდა. ათენის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა, პოლიციის თანხლებით რომ ჩავიდა, თოვლივით თეთრი სახე და ხელები ნახა: „ეს სიწმინდისა და განსაკუთრებული მადლის ნიშანია”. ეგინელი ექიმი გიორგი ქსიდეასი დაკრძალვიდან თორმეტი წლის შემდეგ, 1932 წელს, წერდა: „როგორც მეცნიერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აუხსნელი მოვლენის მოწმე გავხდი. წმიდა ნექტარიოსი მძინარეს ჰგავდა, წვერიც ისეთივე ჰქონდა, როგორც სიცოცხლეში. რელიგიური ფანატიკოსი არ ვარ — მხოლოდ იმას ვყვები, რაც ჩემი თვალით დავინახე”. მოგვიანებით, სხვა წმიდანთა მსგავსად, მისი სხეული ძვლებად იქცა, რათა მისი წმიდა ნაწილები მთელ საბერძნეთსა და მსოფლიოში გავრცელებულიყო.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სულიერ შვილს ეუბნებოდა: „ღმერთთან სიხარულით მივდივარ — აქ ჩემი ვალი უკვე მოვიხადე”. პირეაში, აღსრულების დღეს, ერთ ნაცნობს დაესიზმრა, რომ ოქროს ღრუბლებზე მტრედი მიფრინავდა და ხმა ისმოდა: „ეგინიდან კუნძულის სული მიფრინავს”.

↑ სარჩევი

24. წმიდანად შერაცხვა

მეუფის გარდაცვალების შემდეგ სასწაულები დაიწყო და ხალხმა იგი თითქმის მაშინვე, ერთხმად წმიდანად აღიარა — რაც ეკლესიის ისტორიაში იშვიათია. 1961 წელს მსოფლიო საპატრიარქომ წმიდა ნექტარიოსი ოფიციალურად წმიდანთა დასს მიაკუთვნა. ეგინაზე ოთხდღიანი ზეიმი გაიმართა: 3 ნოემბერს დიდი ცისკარი იდრისა და ეგინის მიტროპოლიტმა პროკოპიმ ათ მღვდელმთავართან ერთად აღასრულა, 5 ნოემბერს კი წმიდა ნაწილები ლიტანიით კუნძულზე გაატარეს და ხალხს საპატრიარქოს გადაწყვეტილება წაუკითხეს.

დღესაც მის საფლავზე ათასობით მომლოცველი ჩადის. იქ მომსახურე ერთმა პოლიციელმა თქვა: „საკუთარი თვალით რომ არ მენახა, არასდროს დავიჯერებდი, რომ წმიდანი ასე ეხმარება ხალხს”.

↑ სარჩევი

25. სასწაულები გარდაცვალების შემდეგ

წმიდა ნექტარიოსის ლოცვით განკურნებულ სნეულებათა ჩამოთვლა ძნელია: სიმსივნე, პოლიომიელიტი, პნევმონია, ასთმა, უშვილობა, გულის დაავადებები, ფსიქიკური სნეულებები… მხოლოდ ერთმა ჟურნალმა ორი ათასზე მეტი სასწაულის აღწერა გამოაქვეყნა სახელებისა და მისამართების მითითებით. აი, რამდენიმე მათგანი.

მღვდელი დიმიტრი პანაგოპულოსი ათი წელი უშვილო იყო. წმიდანის მეოხებით ცოლი დაფეხმძიმდა, თუმცა ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დედა ან ბავშვი ვერ გადარჩებოდა. ოპერაციის დღეს მამა დიმიტრი წმიდა ნექტარიოსის ტაძარში ლოცულობდა და იმავე კეთილსურნელებას იგრძნო, რასაც ოდესღაც ეგინაზე, საფლავთან. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და ეგინაზე ნექტარიოსის სახელით მონათლეს.

ეგინელი პოლიციელი, რომელსაც მეუფე ხშირად ეუბნებოდა, ეკლესიაში იარე და ეზიარეო, თორმეტი წლის შემდეგ კუნძულზე დაბრუნდა და ნავსადგურში ბერი შეხვდა: „ეკლესიაში იარე, ზიარება არ დაგავიწყდეს”. კაფეში მეგობრებს უამბო: „ახლახან მოძღვარი შემხვდა — რა დიდხანს ცოცხლობს!” — „ნექტარიოსი ხომ სამი წლის წინ გარდაიცვალა!” გაოგნებული პოლიციელი მაშინვე წმიდა ნაწილების თაყვანისსაცემლად წავიდა.

გერმანული ოკუპაციის წლებში (1941–1945) არც ყავა იყო და არც შაქარი, და იღუმენიამ დედებს ყავა მხოლოდ დილით დაუწესა. იმავე საღამოს მეუფე გამოეცხადა: „დედებს ყავას დღისით რატომ არ აძლევ? ყავის შოვნა ჩემზე იყოს — თქვენ ჩემი წესები დაიცავით”. იმავე ღამეს ეგინას ყავითა და შაქრით დატვირთული გემი მოადგა: კაპიტანს სიზმრად ბერი ეჩვენა და უთხრა, „დილას ჩემს სახლში ყავა და შაქარი გააგზავნე”. ეგინელმა მეზღვაურებმა ხატზე წმიდა ნექტარიოსი ამოიცნეს.

ათენში, წმიდა საბას საავადმყოფოში მწოლიარე ქალს, რომელსაც ექიმებმა სისხლდენის შემთხვევაში სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, ნათესავმა წმიდანის საფლავის კანდელის ზეთი მოუტანა. ზეთის ცხებისთანავე ტკივილი და სისხლდენა გაქრა და ავადმყოფი გამოჯანმრთელდა.

1925 წელს პირეაში ერთი ახალგაზრდა შეპყრობილი ქალი — წმიდა ნექტარიოსის ხსენებაზე კრუნჩხვები ეწყებოდა — ნათესავებმა ეგინაზე წაიყვანეს. საფლავს ვერ მიუახლოვდა, ფიჭვის ხეს მიაბეს და პარაკლისი ისე გადაუხადეს. ქალი სრულიად განიკურნა, მონასტერში დარჩა, მიტროდორას სახელით აღიკვეცა და სავანეს დიდი ვერცხლის კანდელი შესწირა. ასევე განიკურნა პირეელი ეკატერინე კრაკარი, რომელსაც 1926 წელს სიზმრად მეუფე გამოეცხადა: „შვილო ჩემო, იცი, რას ნიშნავს მონაზონი? რწმენასა და მოთმინებას. ახლა ჩემს კურთხევას მიიღებ და გამოჯანმრთელდები”.

წმიდაო მღვდელმთავარო ნექტარიოს, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის!

↑ სარჩევი


Discover more from Iveron Icon Georgian Orthodox Church

Subscribe to get the latest posts sent to your email.