წმიდა მთავარეპისკოპოსი საბა ერობაში – როსტისლავი (რასტკო), სერბეთის თვითმპყრობელის, სტეფანე ნემანის და ბერძენი იმპერატორის ასულის, ანას მესამე ვაჟი იყო. მშობლები ხედავდნენ შვილის საოცარ ნიჭიერებას და ფიქრობდნენ, თხუთმეტი წლის ასაკში ჰერცოგოვის მმართველად დაედგინათ იგი, მაგრამ ღმერთი სხვა სარბიელისთვის ამზადებდა თავის რჩეულს: როსტოსლავს ბავშვობიდანვე ძლიერ იზიდავდა მარხვა, ლოცვა, ღვთისმსახურება და თავს არიდებდა უქმსიტყვაობას, სიცილსა და გართობას.
ერთხელ სასახლეში მდიდრული ქეიფი იყო გაჩაღებული, სადაც მეფის ძე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მას მხიარული ახალგაზრდობის გარემოცვაში ხშირად შემოაწვებოდა ხოლმე გულზე სევდა, მისი სული რაღაც სხვას თხოულობდა, სხვაგან ისწრაფოდა. ამ დროს ყმაწვილმა გაიგო, რომ მათთან სტუმრად რუსი ბერი მოსულიყო, უჩუმრად განერიდა მოქეიფეებს, თავის ოთახში გაიყვანა სტუმარი და დიდხანს ხარბად უსმენდა მის მონათხრობს ბერ-მონაზონთა ცხოვრებაზე. ამ დღეს, აქ მან ჰპოვა, რასაც ეძებდა, სიხარულმა მოიცვა მთელი მისი არსება და გადაწყვიტა, მთლიანად უფლისთვის მიეძღვნა თავი. მან მამას დაუბარა, სანადიროდ მივდივარო დიდი ხნით, შემდეგ მსახურები სხვადასხვა მხარეს დაგზავნა, თვითონ კი ათონზე გაემგზავრა, პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. ამ დროს მომავალი წმიდანი 19 წლისა იყო. როცა მამამ შვილის ადგილსამყოფელი გაიგო, სასწრაფოდ შეჰყარა ლაშქარი ერთგული მხედარმთავრის სარდლობით და იმ ოლქის გამგებელს, რომელშიც ათონი შედიოდა, შეუთვალა, ან შვილი დამიბრუნეთ, ან საომრად გაემზადეთო. მონასტერში ჩასულმა სარდალმა მეომრებს უბრძანა, ფხიზლად ედევნებინათ თვალყური როსტისლავისთვის, მაგრამ მათ ბევრი ღვინო დალიეს, დათვრნენ და ჩაეძინათ. მეფისწულმა ისარგებლა შემთხვევით, ფარულად დადო მონაზვნობის აღთქმა და ბერადაც აღიკვეცა საბას სახელით (1186წ). ახალნაკურთხმა ბერმა მშობლებს თავისი საერო ტანსაცმელი, მოკვეცილი თმები და წერილი გაუგზავნა. მეფე სტეფანემ ათონზე დიდძალი ოქრო გაგზავნა სავანეთა შესამკობლად და გლახაკთათვის, მაგრამ მის ღვთისმოყვარე ძეს მეტი სურდა: იგი ნატრობდა, მამაც თავის გვერდით ეხილა, სულის საცხოვნებლად მოღვაწე ბერებს შორის. უფალმა ყურად-იღო თავისი რჩეულის ვედრება და მალე საბას კეთილმსახური მშობლებიც მონაზვნად შედგნენ: მამას სიმეონი დაერქვა, დედას კი – ანასტასია. თავიდან მამა-შვილი ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი. წმიდა სვიმეონი მალე მიიცვალა. ერთხელ იგი შვილს ძილში გამოეცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ მღვდელმთავრის ხარისხში მყოფი გაანათლებდა თავის ქვეყანას. ამ წინასწართქმის აღსრულებამდე საბა განაგრძობდა ჩვეულ მოღვაწეობას: ნუგეშს სცემდა განდეგილ ბერებს, ზრუნავდა გლახაკებზე; მან შესძლო ტყვედ წასხმული კარაკალის მონასტრის იღუმენისა და ძმებისთვის სავანე დაებრუნებინა. წმიდა საბას გულმოწყალებასა და სიუხვეს გრძნობდნენ ქსეროპოტამისა და ფილოთეოსის ბერებიც.
ხილენდარის სავანეში საბა ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი – მღდვლად. თესალონიკში წმიდანს არქიმანდრიტად დაასხეს ხელი, 1219 წელს კი, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პატრიარქმა გერმანემ სერბეთის პირველ მთავარეპისკოპოსად აკურთხა ნეტარი მამა. საბას ძალისხმევით საბერძნეთის იმპერატორმა სერბეთის ეკლესიას მთავარეპისკოპოსის არჩევის უფლება მიანიჭა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაშინდელი გაცხარებული ომების დროს. ნიკეიდან ათონზე ჩასულმა მამამ უკანასკნელად მოიარა წმიდა მთის სავანეები, მოილოცა ყველა ტაძარი და გამოემშვიდობა ნეტარ მეუდაბნოე მამებსაც. მას ძალიან უჭირდა აქაურობის დატოვება, ისე იყო გულდამძიმებული, რომ ძლივს მოადგამდა ფეხს. სასოწარკვეთილ მამას ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რად მწუხარებ, როცა მე გეგულვები მეოხად წინაშე უფლისა ყოველთასა, მეუფისა და ძისა ჩემისა?!” მადლიერმა წმიდანმა ამ ხილვის მოსაგონებლად თესალონიკში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ორი დიდი ხატი შეუკვეთა.
სერბეთში წმიდა მამის მოღვაწეობას მრავალი ნიში და სასწაული ახლდა თან. ღამისთევის ლოცვებისა და ლიტურღიის დროს, საბა თავისი მამის უხრწნელ ცხედარს უკმევდა. მისი ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოედინებოდა.
ერთხელ უნგრეთის მეფე ვლადისლავმა სერბეთს ომი გამოუცხადა. მასთან მოლაპარაკება მიანდეს წმიდა საბას, რომელმაც არა მარტო სასურველი მშვიდობა მოუპოვა თავის ერს, არამედ უნგრელი მონარქი მართლმადიდებლობაზეც კი მოაქცია. წმიდა მთავარეპისკოპოსი, რომელმაც სათავე დაუდო სერბეთს ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას, იღვწოდა სერბეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისაც. ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ განემტკიცებინა, მან მეფედ აკურთხა თავისი ძმა – სტეფანე, მისი მიცვალების შემდეგ კი – რადოსლავი, სტეფანეს ძე. ამის შემდეგ საბამ მოილოცა იერუსალიმის სიწმიდეები. სამშობლოში დაბრუნებულმა კი უკვე ვლადისლავს დაასხა ხელი მეფედ და სერბეთის ტახტის განსამტკიცებლად ბულგარეთის მთავრის, ასანის ასულზე დააქორწინა იგი. მღდელმთავარმა მოიარა მთელი სერბეთი, მონასტრების წეს-განგებანი ათონისა და პალესტინის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეასწორა, მრავალი ტაძარი ააგო და აკურთხა, განამტკიცა მრევლი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ამის შემდეგ კი მღვდელმონაზონ არსენს დაასხა ხელი ეპისკოპოსად, დალოცა ყველა და დატოვა მშობლიური ქვეყანა, რადგან სურდა, მყუდროებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. მან იმოგზაურა პალესტინაში, სირიასა და სპარსეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ანატოლიაში, მოილოცა წმიდა ადგილები, მოინახულა იქ მოსაგრე დიდი მამები, თან წმიდანთა უხრწნელ ნაწილებსაც აგროვებდა.
სერბეთის ეკლესიის პირველმა მთავარეპისკოპოსმა თავისი ცხოვრება ბულგარეთში, ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასანის სასახლეში დაასრულა (+1237). მალე საბას წმიდა ნაწილები სერბეთში გადაასვენეს. გადასვენებისას იმდენი სასწაული აღესრულა, რომ ბულგარელები განაწყენდნენ თავიანთ მეფეზე, როგორ თმობსო ასეთ საუნჯეს. წმიდანის ცხედარი მილეშევოს ტაძარში დაასვენეს. აქაც მრავალი კურნება მოხდა. სასწაულები აღესრულებოდა ტირნივში დარჩენილ საბას კუბოს ნაწილებთანაც.
დიდია წმიდა მღვდელმთავრის, საბა სერბელის მემკვიდრეობის მნიშვნელობა სლავებისთვის. მის სახელთანაა დაკავშირებული იერუსალიმის წესდების შემოღება სლავურ სავანეში; ათონის ხილენდარის მონასტერი დღემდე მისი დადგენილი ტიპიკონით ცხოვრობს; მეტად გავრცელდა სჯულისკანონის საბასეული რედაქცია ალექსი არისტანის განმარტებებით. საბასეული რედაქცია უდევს საფუძვლად ბეჭდურ სჯულის კანონსაც, რომელიც 1653 წელს გამოიცა და რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს რუსეთის ეკლესია.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
წმიდა საბა, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1237)
Saint Savva I, first Archbishop of Serbia
https://iveron.ca/saints