თამარ მეფის პარაკლისი
მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი
წმიდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეის მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხუენ სპანი აგარეანთანი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
დიდებაი… ტროპარი (იგივე) აწდა…
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოიღე რაი ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისაი, ნეტარო, ქუელისმოქმედისა ცხორებისა შენისა მიერ აღივსე სულითა საღმრთოითა და ვიდრე აქამომდე მოიგე სახელი უკუდავებისაი.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სამწყსოსა მას, რომელი გერწმუნა, ჰოი, მეფეო, ყოვლად ტკბილო, დამწყსიდი მშვიდითა და მდაბალითა სულითა, და შეზღუდვიდი უზაკუველითა სარწმუნოებითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ქრისტეის მხსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე, ბრძენო, და განადიდენ რაი სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, აწ სულიერი ძილი წარმწყმედელი განგვიფრთხე და განგვიბრწყინვე გონებითნი საცნობელნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოისაო, განმიხუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისაითა, მიხსენ შუამდგომელობითა შენითა, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არაი ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აბრაჰამისა უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდ, დიდებულო, და უხუებითა ზრდიდი რაი უპოვართა და ღატაკთა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად შენდა, რაითა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებისა ბოროტსა მას ვნებასა.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეიმოსე რაი მოწყალებაი, სიმშვიდეი და კრძალულებაი, ლოცვითა და მღვიძარებითა სახე ექმენ მორწმუნეთა, აწ მეცა წარმწყმედელთა გზათაგან განმარინნე და წარმიძეღუ გზასა მას ქრისტეის მცნებათასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იქმენ რი შემწეი ობოლთაი და უღონოთაი, მეფეო, და საზარელ მტერთა და მრისხანე ბოროტისმოქმედთა ზედა, აწ მწუხარებაიცა ჩუენი შესცვალე სიხარულად და დახსენ ზახებაი ურიცხვთა მტერთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუენ პირუტყვთა და ყოვლითურთ დასჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დასჯისა მიხსენ და მაცხოვნე მე, დედოფალო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი
შეგემოსა შენ მოწყალებაი, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშვიდეი, ვითარცა ძოწეული, ხოლო გვირგვინად დაგედგა მწყობრნი ყოველთა სათნოებათაი, რამეთუ გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა, და ჰბაძევდ ქცევასა ღირსთა მათ მენელსაცხებლეთა დედათასა და დათა ლაზარესთასა, აწცა მათ თანა ევედრე ღმერთსა, ყოვლად ღირსო, მეფეო თამარ, განჰკურნოს უძლურებანი სულთა ჩუენთა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა შემუსრენ საკერპონი ტაძარნი და წარმართნი მოაქციენ, ეგრეთვე დააყუდენ ჩუენ ზედა დასხმაი მწვალებელთაი, მეფეო ყოვლად ბრძენო, და განზრახვანი მათნი უქმად გამოაჩინენ.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იხარებს ივერთა ეკლესიაი და ადიდებს ღმერთსა, რამეთუ მოენიჭე სიმტკიცედ მართლმადიდებლობისა ერსა ჩუენსა და ძალგიძს შეწევნაი ყოველთაი, რომელნი მოივლტიან მეოხებასა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მსხუერპლი ლოცვისა ჩუენისაი შეწირე ქრისტესა, რომლისა მიერ დიდებულ-ხარ, ნეტარო თამარ, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან და შეჰკრიბნეს განბნეული ერი ქართველთაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზეი სიმართლისაი, მარადის ქალწულო.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარე.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეციერი სიბრძნეი მოიგე და ღუაწლთა მიერ განჰბრწყინდი უნათლეს მზისა, აწ სული ჩემი განანათლენ ბრწყინვალებითა მადლისა შენისაითა და გული ჩემი აღავსენ სიყუარულითა საღმრთოითა.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იყავ რაი სარწმუნოი მსახური ყოვლადწმიდისა სამებისა, თავსა თვისსა შეჰვედრებდი საღმრთოსა საფარველსა მისსა და ევედრებოდი დაცვასა სამეფოისა შენისასა და განძლიერებასა ეკლესიისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა სანთელი ჰბრწყინავდი მაღალსა ზედა სასანთლესა, და განაბრწყინვე საქართველოი მშვიდობითა და დიდებითა, რაისთვისცა აღიძრნენ ყოველნი ენანი ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხ-გუეყავ, ღმრთისმშობელო, ძისა შენისა და ღმრთისა, რაითა გარდამოგვივლინოს სიმრავლეი მოწყალებათაი, ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაუცხრომელად ლოცვაი, ვითარცა ლახუარი ხელთ-იდევ, და შეჰმუსრე რაი კადნიერებაი უღმრთოთაი და წარმართთაი, აწ ჩუენცა მეოხ-გუეყვენ ღმრთისა მიმართ, რაითა დაგვიფარნეს მზაკუვარებისაგან ორგულთასა და ზედა-დასხმისაგან მტერთაისა.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა დააცხრვე ხდომანი უსჯულოთა აგარიანთანი ერსა შენსა ზედა, დიდებულო მეფეო თამარ, ეგრეთვე აწ ჩუენცა მოგვანიჭე სიმხნეი, სიბრძნეი და ძალი დაცვად მამულისა ჩუენისა და სარწმუნოებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
რომელი ეგე მფლობელ იყავ მრავალთა ნათესავთა, ყოვლად სანატრელო მეფეო, და დაიმორჩილებდი მძლავრთა მათ ხელმწიფეთა, ელვითა სულისაითა განათლებული ჰსუფევ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაითა დაიცვას ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნე უკურნებელი, უძლური, და მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ქალწულო და დედაო ღმრთისა ჩუენისაო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი
უძლურებაი დედობრივი განაგდე ახოვნებითა სულისაითა, და უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაგებდი რაი სამეფოსა თვისსა, გამოსჩნდი სუეტად კეთილმსახურებისად და მფარველად ეკლესიისად, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ, და აწ ზეცისა ძალთა თანა იხარებ წინაშე ღმრთისა და მეოხ ხარ პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
მუხლი: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი იოანესი
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ვითარცა კეთილმსახურმან მეფემან ქართველთამან, ერსა შენსა მოჰმადლე ძლევაი მტერთა მიმართ და მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი დაიცევ შეუძრველად, ეგრეთვე აწ ითხოვე ქრისტეის მიერ, რაითა უვნებელად დაგვიცვას ჩუენ უხილავთა და ხილულთა მტერთაგან, და მოსცეს მშვიდობაი სოფელსა და ერსა თვისსა, დაამტკიცოს წმიდაი ეკლესიაი შეუძრველად, და მოგვანიჭოს დიდი წყალობაი მოსავთა შენთა.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა; წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა და საკვირველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათთორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი) და წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს და ცეცხლსა ზედა კადნიერებითა შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გული შენი განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო რაი ხელთა შინა უფლისათა, აწ ჩუენცა მეოხ გუეყავ მისა მიმართ, მოგვცეს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელსა მოგიღიეს მადლი ზეგარდამოი ღმრთისა მიერ, მოგვიხსენე წინაშე მისა, რაითა მართლ-აღმსარებელთა აღამაღლოს გვირგვინი და მშვიდობაი მოჰმადლოს საზეპუროსა ერსა ქართველთასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
წინაშე ღმრთისა კადნიერებით მდგომარემან, ვითარცა ერისა შენისა ანგელოზმან, მფარველმან, გვითხოვე მწყემსი სარწმუნოი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩუეულებათაგან უჯეროთა, მოწყალებისა შენისა მომართ მოვივლტი, ღმრთისმშობელო, მიხსენ სულიერთა და ხორციელთა სენთა და სალმობათაგან.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მარჯუენეი მაღლისაი შემწე გექმნებოდა და განცხადებულად ყოფდა ძლევათა საკვირველთა უშჯულოთა მათ მტერთა ზედა, აწ ჩუენცა მეოხ-გვეყავ უფლისა მიმართ, რაითა ძალითა თვისითა ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და დაიფაროს ქუეყანაი ჩუენი წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა მამაკაცებრ იღუაწე და შენდამი რწმუნებულნი ერნი და სამეფონი გარე-მოცულთა მათ განსაცდელთაგან უშიშად დაიცევ, აწ ჩუენცა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, ხსნად ჩუენდა ჭირთა და ვნებათაგან ზედა-დასხმულთა, და გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
რომელმან დაამხუენ უსჯულოთა ამპარტავნებაი შამქორსა და ბასიანსა, და შეიმოსე სამ-ძალითა ძლევისაითა, აწ ოხითა შენითა გარე წარაქციენ აღძრვანი მტერთანი, რომელნი მოვლენან ჩუენ ზედა, რაითა არა ჰსთქუან მოძულეთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი და სცნან ღმრთისმშობლისა მიერი საფარუელი ჩუენსა ზედა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი განანათლენ, ღმრთისმშობელო, გონებაი და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშვიდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეის ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ანგელოზნი თანა-მდგომ ყოველსა შინა მოიგე საქმეთა მიერ კეთილთა და ზეცისა ძალთა თანა ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ რაი ქრისტესა, გვითხოვე აწ მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაი, რაითა ღირს-ვიქმნეთ დიდებასა მისსა.
წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იხარებდ, ბრწყინვალეო, სულითა ღირსო, რამეთუ მიცუალებულ ხარ სუფევასა ზეცისასა, და მადლისა მქონებელი ღმრთისა მიერ, კეთილკრძალულთა დედაკაცთა უშურველად მოანიჭებ მადლსა, კურთხევასა და დიდსა წყალობასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაღათუ ენაი მეტყველი კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მითხრობად მადლთა შენთა, არამედ შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა დიდებული ვარძიაი და იქადის მეტეხი და ბეთანიაი ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, მხნეო შორის მეფეთა, ღუაწლისა მძლეო თამარ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ ვითარცა დედოფალი, მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ამისთვისცა გევედრებით შენ, წმიდაო, ნაწილისაგან მარცხენისა მიხსენ მე დღესა მას შინა სასჯელისასა და აღმრაცხე მარჯვენითთა ცხოვართა თანა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელი აკმევს;
მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
მხიარულითა გულითა მოვისწრაფოთ, ჰოი, მორწმუნენო, და უგალობდეთ ჩუენ ქართველთა მზესა, კეთილმორწმუნესა მეფესა თამარს, სიმაღლესა ზედა ივერთა ეკლესიისასა მდებარესა, და ვადიდებდეთ ხსენებასა მისსა, სახელოვანსა და ყოვლად ბრწყინვალესა.
აღვიტყველნეთ აწ ხელნი, ქართველნო, და მადლსა და დიდებასა შევსწირვიდეთ მხსნელსა, რომელმანცა მოსცა ეგე ვითარი ხელმწიფეი და მზრუნველი დედისა მისისა წილ-ხვდომილსა ერსა ჩუენსა, ქრისტეის მტერთაგან კუეთებულსა და შეჭირვებულსა, და ვითხოვდეთ მის მიერ გამოხსნასა ყოველთა განსაცდელთა და საფრხეთაგან.
რომელი ეგე პირად-პირადად შემკულ იყავ გვირგვინითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოითა, და პორფირითა და ბისონითა, ყოვლად ქებულო მეფეო თამარ, ცათა შინა მოიღე გვირგვინი დიდებისაი და მადლი სენთა კურნებისაი და ეშმაკთა ოტებისაი. აწ ჩუენცა დაგვიფარე ოხითა შენითა მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთასა და მზაკუვარებათაგან კაცთაისა.
სიყუარულითა მოვივლტით შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩუენთა და გულსმოდგინედ მოვისწრაფვით რაი ტაძარსა შენსა შუენიერსა, ოხად ნუ დასცხრები ჩუენთვის წინაშე ღმრთისა, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათვის და მოჰმადლოს სულმოკლებასა ჩუენსა სულგრძელებაი.
აწ განათლდების ივერთა ეკლესიაი დიდებითა შენითა, და ვიხარებთ კრებული მორწმუნეთაი მომხსენებელი ღუაწლისა შენისაი, და გევედრებით: მოგვანიჭე მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ვემსახუროთ მამულსა და ერსა, და დღითი დღე ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა.
ჰოი, ზეგარდამო ძლევისა მომღებელო, მეფედ ცხებულო და კურთხეულო დედოფალო, ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა, დაიცვას ივერთა ერი ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, და მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობაი შევსწიროთ ღმერთსა – დამბადებელსა და შემოქმედსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ. დიდებაი…
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აწდა…
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღმრთივსათნოითა მეფობითა და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინვებულო წმიდაო თამარ! ზესთამბრძოლო ქართველთაო და სიქადულო დედათაო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ხელის-აღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლ-შემწეო, ოხითა შენითა განმამხიარულებელო მჭმუნვარეთაო და სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთაო!
ჰოი, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ყოვლად სანატრელო მეფეო თამარ! დედობრივითა გულმოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, ღმერთსა ჩუენსა, რაითა უსაზღვროითა მოწყალებითა თვისითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ძმათა შორის მტერობისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი მისსა მიმართ კუალად განაახლოს და აღგვიდგინოს ცხებული ძირისაგან დავითისა, რომელი ძალითა ჯუარისაითა მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, ჭეშმარიტად ახოვანო მოღუაწეო, ღმრთივგანბრძნობილო მეფეო თამარ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა მეოხ-გვეყავ ღმრთისა მიმართ, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:
ყოველთა მორწმუნეთა გუაქუს მეოხებაი შენი ქრისტეის მიმართ, ჰოი, კეთილმსახურო მეფეო, წმიდაო თამარ, და გევედრებით: გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაი, და ხსნაი ყოველთა უძლურებათაგან სულიერთა და ხორციელთაისა.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სასოებითა ამბორის-მყოფელთა პატიოსნისა ხატისა მეფისა ამის ჩუენისა ყოვლად ბრძნისა, წმიდისა თამარისა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა