✝ მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი და სამნი მოწაფენი მისნი — მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი (+დაახლ. 273)
30 ივლისი – ძველი სტილით / 12 აგვისტო – ახალი სტილით
საკვირველ მოძღვარს მალე გაუვარდა სახელი, და მის მიერ ბევრი ჭაბუკი და ყრმა შეუდგა ქრისტეს. მათ შორის იყო ქალაქის თავის ძე, აბუნდიც, რომელმაც ნათლისღების შემდეგ ყველას წინაშე აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. იმ დროს, როცა მთელ სამყაროში წარმართული მრავალღმერთიანობა ბატონობდა, ქრისტიანობა კი იდევნებოდა, ეს საოცრად გაბედული საქციელი იყო. ხელისუფალთა რისხვა სულიერ მამას, ვალენტინეს დაატყდა თავს. იგი შეიპყრეს, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მოწაფეები არ დაერიდნენ საფრთხეს და აქაც აკითხავდნენ მოძღვარს. მალე წმიდა მღვდელმთავარს თავი მოკვეთეს. პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმა სულიერი მამის წმიდა ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. ჭაბუკები მთელი დღეების მანძილზე დაუდუმებლად ლოცულობდნენ ძვირფას საფლავთან. როცა ყოველივე ეს ქალაქის ხელისუფალთათვის გახდა ცნობილი, ყმაწვილები შეიპყრეს და ღამით, ფარულად, თავები მოკვეთეს.
როცა ქალაქის თავის ძემ, აბუნდიმ შეიტყო, რომ მისი მეგობრები დატუსაღებულნი იყვნენ, მათ მოსანახულებლად გაეშურა, მაგრამ უფლის რჩეულთა გაციებული ცხედრებიღა იხილა. ძლიერ დამწუხრებულმა ჭაბუკმა უკანასკნელი პატივი მიაგო წმიდა მოწამეებს: მათი პატიოსანი ნეშტი მოძღვრის, მღვდელმთავარ ვალენტინეს საფლავის გვერდით დაკრძალა.
წმიდანო მოწამენო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის!
